Home Blog Page 26

სალომე ზურაბიშვილის მიერ პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება, რომ მას გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს-ირაკლი კობახიძე

პროკურატურისთვის ჩვენების არმიცემა უკვე არის ჩვენება იმასთან დაკავშირებით, რომ სალომე ზურაბიშვილს გამოძიებისთვის სათქმელი არაფერი აქვს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერის თქმით, სალომე ზურაბიშვილს არ აქვს ფაქტები და თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას.

„იყო ცარიელი ბრალდებები ყოველგვარი საფუძვლის გარეშე. პროკურატურაში როდესაც მიდიხარ, გიწევს ფაქტებით საუბარი. გამომდინარე იქიდან, რომ მას არაფერი აქვს სასაუბრო ფაქტებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, თავს არიდებს პროკურატურაში მისვლას. ეს ადამიანი და, ზოგადად, რადიკალური ოპოზიცია აცხადებდა, რომ რასაც იტყვის ვაშინგტონი ან ბრიუსელი, ყველაფერი არის ბიბლია და უნდა აღიარო, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება. მას მოუწოდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, მიეცა ჩვენება, თუმცა ამაზეც უარის თქმა მოუწია, რადგან შერცხვებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოუწევდა პროკურატურაში მისვლა სრული სიცარიელით, ყოველგვარი ფაქტის და მტკიცებულების გარეშე. ამიტომ მისთვის ეს იძულებაა, რომ ვერ თანამშრომლობს პროკურატურასთან. არ უნდა, შეიქმნას რეპუტაციული პრობლემა თანამშრომლობით“, – განაცხადა პრემიერმა.

 უკრაინაში ომი როგორც კი დასრულდება, ვფიქრობთ, თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება ამერიკის ადმინისტრაციაში -ირაკლი კობახიძე

ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „პოსტივისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკის ადმინისტრაციაში, ურთიერთობების გადატვირთვა უზრუნველყოფილი იქნება.

„ჩვენი საქმე ვერ იქნება სხვა ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევა, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, რომლებიც აქტიურად ერევიან ჩვენს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არ შეიძლება, იყოს ჩვენი ხელწერა. ბუნებრივია, ამერიკელი ხალხი თავად გააკეთებს არჩევანს. რა თქმა უნდა, გარკვეული განსხვავებებიც იქნება ორი სხვადასხვა სცენარის შემთხვევაში და ჩვენ პირდაპირ ვუკავშირებთ ამ საპრეზიდენტო არჩევნებს იმას, როდის დასრულდება ომი უკრაინაში, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა კუთხით – ერთი, რომ იღუპებიან ადამიანები და რაც მალე დასრულდება ომი, მით უკეთესი და მეორე, ჩვენზე ზეწოლაც შემცირდება, როგორც კი ეს ომი დასრულდება. ბევრად უკეთესი ვითარება გვქონდა ურთიერთობების კუთხით ომის დაწყებამდე. ყველაფერი არია ომის დაწყებამ, გაჩნდა განსხვავებული ინტერესები. როგორც კი უკრაინაში ომი დასრულდება, ვფიქრობთ, რომ მაშინვე თვისებრივად გადაიტვირთება ურთიერთობები როგორც აშშ-თან, ასევე ევროკავშირთან. რაც შეეხება ტრამპის და ჰარისის შესაძლო გამარჯვებას, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში უკრაინაში ომი დასრულდება უფრო ადრე, ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, დამატებით რამდენიმე თვეს კიდევ გასტანს. თუმცა ვფიქრობ, რომ ასეც და ისეც, ორივე შემთხვევაში, მომავალ წელს ომი აუცილებლად დასრულდება. ყველა შემთხვევაში, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში, უზრუნველყოფილი იქნება ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვა, რაც ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ არ მოგვწონს ურთიერთობების ის მოცემულობა, რაც დღეს გვაქვს შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მთავარია, ჩვენ შემხვედრი ნაბიჯები ვიხილოთ. როგორც კი დასრულდება უკრაინაში ომი, ვფიქრობთ, თვისებრივად, არსებითად გადაიტვირთება ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება ამერიკულ ადმინისტრაციაში. გადატვირთვის დაწყების ვადაზე და თარიღზე უფრო მეტად არჩევნების შედეგებს ექნება გავლენა, მაგრამ რაც შეეხება გადატვირთვას, ვფიქრობ, მომავალი წლიდან ურთიერთობების გადატვირთვა ასეც და ისეც დაიწყება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ -ირაკლი კობახიძე

არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, რეალურად რაიმე საბაბიც კი არ აქვთ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ აქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით ოპოზიციის პრეტენზიებს არანაირი საფუძველი არ აქვს.

„ხარვეზები ყოველთვის არის საარჩევნო პროცესში. გამოძიებაც დაიწყო. რაიმე თუ არის შესასწავლი, ყველაფერს გამოიძიებს პროკურატურა. ჩვენ ვაჩვენეთ სრული ღიაობა ასეთი პროცესების მიმართ. ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, პროკურატურამ მაშინვე გაიზიარა ცესკო-ს ეს მოწოდება, დაიწყო გამოძიება. ყველას შეუძლია, ჩაიხედოს ყველაფერში. ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი. არჩევნები ჩატარდა სამართლიან და კონკურენტულ გარემოში. რეალურად, რაიმე საბაბიც კი არ აქვთ მათ, რომ ისაუბრონ არჩევნების არალეგიტიმურობაზე, მაგრამ რასაც ველოდით, იმას აკეთებენ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, არაფერია სადავო წინასაარჩევნო პერიოდთან დაკავშირებითაც, რაც პირდაპირ იკითხება, მათ შორის, ცნობილი „ენჯეოების“ დასკვნებიდან.

„მათივე „ენჯეოების“ დასკვნებიდან პირდაპირ იკითხება, რომ, მაგალითად, წინასაარჩევნო გარემო იყო აბსოლუტურად კონკურენტული, ჯანსაღი. უპრეცედენტოდ მშვიდი იყო ეს წინასაარჩევნო პერიოდი წინა არჩევნებთან შედარებით. 2021, 2020, 2018, 2016 წლები რომ გავიხსენოთ, ეს გარემო იყო უპრეცედენტოდ მშვიდი. რაც შეეხება არჩევნების დღეს, აქ ისინი შეეჯახნენ პირდაპირ ელექტრონულ აპარატებს. მანამდე იყო გარკვეული ადამიანური შეცდომები, ხარვეზები, რაც დაკავშირებული იყო სწორედ ადამიანურ შეცდომებთან, იყო დაუბალანსებელი ოქმები და ასეთი ტიპის ხარვეზები. ახლა არჩევნები ჩატარდა ელექტრონული წესით, ამომრჩევლებმა რეგისტრაცია გაიარეს ელექტრონული წესით, ხმა მისცეს ელექტრონული წესით და ხმების დათვლა მოხდა წამებში, ღილაკზე თითის დაჭერით, ელექტრონული წესით. ასეთ პირობებში, რეალურად, საერთოდ არაფერი არ არის მოსადავებელი, საერთოდ ვერაფერს ამბობენ. კარდაკარი არის ამომრჩევლის მობილიზაციის ჩვეულებრივი მექანიზმი, რასაც ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები გვასწავლიდნენ. IRI-ს ტრენინგი ჩაუტარდათ საარჩევნო მიმართულების პარტიის თანამშრომლებს, კარდაკართან, ამომრჩევლის მობილიზებასთან დაკავშირებით პირდაპირ ასწავლიდნენ, რომ შვიდი კარდაკარი უნდა ჩაგვეტარებინა არჩევნების დღეს. ერთხელ, მეორედ, მესამედ დარეკვა, დარეკვით თუ ვერ მოდიოდა ამომრჩეველი, სახლში უნდა მიგეკითხა, საჭიროების შემთხვევაში შენ თვითონ უნდა უზრუნველგეყო, წაგეყვანა საარჩევნო უბნებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის შეფასებით, არჩევნების დღეს ამომრჩევლის მობილიზაციაზე აქცენტის გაკეთება და მისი წარმოჩენა არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევის საფუძვლად იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას სინამდვილეში სათქმელი არაფერი აქვს.

„ყველა ხედავს, რომ იყო უპრეცედენტო აქტივობა არჩევნებზე, თან ამას აღიარებენ და თან ამბობენ, რომ გაყალბდა. ჯერ დაიწყეს 300-ით, მერე 200-ზე ჩამოვიდნენ. მერე რომ ნახეს, 300 000 ხმაც არ ჰყოფნიდათ, ჩვენ 335 000 ხმით ნაკლებიც რომ აგვეღო, მაინც ვიგებდით ამ არჩევნებს, ეს რომ ნახეს, მერე თქვეს 400 000. საერთოდ საიდან მოაქვთ ასეთი ციფრები და რიცხვები? საერთოდ არ აქვთ არავითარი საფუძველი. ჩვენმა კოლეგებმა არაერთი ბრიფინგიც მიუძღვნეს ამ თემას, სადაც ბოლომდე გააბათილეს მათი აბსოლუტურად ყველა განცხადება, სიუჟეტი, შესაბამისად, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, რაც უნდათ ის ნახონ, გამოძიების ფარგლებში იქნება თუ რა ფორმატშიც იქნება, ყველაფერში შეუძლიათ, ჩაიხედონ, გამომდინარე იქიდან, რომ დასამალი არავის არაფერი აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მზად ვართ, დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის, 1 120 000 ადამიანის ხმა, არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, მშვიდ გარემოში, პოლიტიკურ ძალებს ვერ მივცემთ სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას-ირაკლი კობახიძე

ჩვენ არჩევნებამდე ვსაუბრობდით, რომ ოპოზიცია აუცილებლად გააპროტესტებდა არჩევნების შედეგებს, შეეცდებოდნენ აქციების ორგანიზებას, თუმცა იქვე ვამბობდით, რომ მათ არავითარი რესურსი არ ჰქონდათ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ოპოზიციას არ აქვს საზოგადოების მხარდაჭერა და ვერც ქუჩაში მიაღწევს წარმატებას.

„ქუჩას და არჩევნების მოგებას სჭირდება ერთი და იგივე რესურსი და ეს არის საზოგადოების მხარდაჭერა. ამ არჩევნებზე გამოჩნდა, რომ მათ არ აქვთ არავითარი სამოქალაქო მხარდაჭერა, პირიქით, მათი მხარდაჭერა შემცირდა ოთხი წლის წინანდელ არჩევნებთან შედარებით, აქედან გამომდინარე, მათი რესურსი, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქუჩაში, ნულის ტოლია. თუმცა მათ თავი აქვთ გასამართლებელი საკუთარ მხარდამჭერებთან, ისინი საკუთარ მხარდამჭერებსაც კი ატყუებდნენ, რომ იგებდნენ არჩევნებს. ახლა ცდილობენ, სხვას გადააბრალონ ეს ტყუილი. სინამდვილეში, მათ უწევთ ამ ტყუილისთვის თავის მართლება. 2020 წელს მათ გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, ეს იყო მოლაპარაკებები, რომელიც იძულების წესით წარიმართა ჩვენი მონაწილეობით და შემდეგ იყო აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ქვეყნის დროებით გასვლას, ეს იყო წნეხის ქვეშ ხელმოწერილი პოლიტიკური შეთანხმება. ახლა არც იმის რესურსი აქვთ, რომ ხელისუფლება აიძულონ, შევიდეს ასეთი ტიპის მოლაპარაკებებში და მით უმეტეს გაფორმდეს რაიმე ტიპის პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც ქვეყანას კიდევ ერთხელ გაიყვანს კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ამიტომ, წელს ოპოზიციას იმის რესურსიც არ აქვს, რაც ჰქონდა თუნდაც ოთხი წლის წინ. ჩვენ ვართ ყველანაირად მომზადებული იმისთვის, რომ დავიცვათ თითოეული ამომრჩევლის ხმა, 1 120 000 ადამიანის ხმა. არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, იყო სამართლიანი, კონკურენტული და, რა თქმა უნდა, ასეთ პირობებში ამ პოლიტიკურ ძალებს ჩვენ ვერ მივცემთ რაიმე სხვა პროცესების წარმართვის საშუალებას,“- განაცხადა პრემიერმა.

მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომ ძალიან მყარი ნდობა გამოგვიცხადა, 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც გამოხატულებაა, რომ ქართველმა ხალხმა ჩვენი გზავნილი ზუსტად მიიღო -ირაკლი კობახიძე

ეს არჩევნები თავისი მნიშვნელობით და დატვირთვით იყო რეფერენდუმის და 2012 წლის არჩევნების ტოლფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, ამ არჩევნებმა პრინციპულად განსაზღვრა ქვეყნის განვითარების ბედი.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ ქართულ საზოგადოებას, ქართველ ხალხს იმისათვის, რომ გამოგვიცხადა ძალიან მყარი ნდობა. ჩვენ მივიღეთ 1 120 000 ხმა ამ არჩევნებში, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე წინა არჩევნებზე, დაახლოებით 200 000 ხმით გავზარდეთ ჩვენი მაჩვენებელი, რაც არის იმის გამოხატულება, რომ ქართველმა ხალხმა ზუსტად მიიღო ის გზავნილი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით წინასაარჩევნო პერიოდში. ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები, სადაც წყდებოდა, მათ შორის, ომისა და მშვიდობის ბედი. რა თქმა უნდა, ყველას მადლობა, ვინც მხარს გვიჭერდა ამ ბრძოლაში. ეს იყო ნამდვილი ბრძოლა, მეტი, ვიდრე არჩევნები და თქვენს ტელევიზიას მინდა მადლობა გადავუხადო მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამო და სამოქალაქო პოზიციის გამო, რომელიც იგრძნობოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ძალიან თავდაჯერებულად ვარ, როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს – არჩევნები დაძაბულიც კი არ იქნება – დონალდ ტრამპი

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის “დარწმუნებულია” , რომ მოიგებს და საპრეზიდენტო არჩევნები “დაძაბულიც კი არ იქნება”. ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

ტრამპმა ხმა ფლორიდის შტატის ქალაქ პალმ ბიჩში მისცა ხმა. საარჩევნო უბანზე ის მეუღლესთან, მელანია ტრამპთან ერთად გამოჩნდა.

“ძალიან თავდაჯერებულად ვარ. როგორც მესმის, ყველგან კარგი შედეგები გვაქვს… ის [არჩევნები] დაძაბულიც კი არ იქნება, მაგრამ სერტიფიცირებას დიდი დრო დასჭირდება,” – განაცხადა ტრამპმა.

საპრეზიდენტო კანდიდატის თქმით, სამი წინასაარჩევნო კამპანიიდან (2016-ში, 2020-ში, 2024-ში) ეს “საუკეთესო” იყო.

მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, შეეშვით მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას. ესენი ისევ შემოვლენ პარლამენტში – ირაკლი ზარქუა

მცდელობა აქვთ რამენაირად მოხვდნენ პარლამენტში ისე, რომ თავისი ამომრჩევლებისგან მიიღონ ლეგიტიმაცია, – განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ

„მე მინდა ახალგაზრდებს მივმართო, შეეშვით მეგობრებო, დაუბრუნდით სასწავლებლებს, თქვენს საქმიანობას. ესენი ისევ შემოვლენ პარლამენტში, დასკუპდებიან და შემდეგ დაიწყებენ ხელფასი ჩაგვერიცხოსო და იმ მანქანებზეც დასხდებიან, რომელიც არ უნდოდათ.ეს კინო ნანახი გვაქვს ყველას, 2020-ში რომ ამბობდნენ ვინც პარლამენტში შევა პუფი იქნებაო და კი დასხდნენ პუფები.

2020 წელს არანაკლებ იყო მონდომება პატრონებისგან, რომ აქ რევოლუცია განეხორციელებინათ, მაშინაც ვერ შეძლეს იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ დადგა ქაოსის და რევოლუციის მხარეს. ახლაც იგივე სიტუაცია იყო. იგივე პატრონები, იგივე მცდელობა, რომ აქ აგენტურა დასვან ხელისუფლებაში. უბრალოდ ქართველი ხალხი არის ბრძენი. ერი, ბერი გავერთიანდით და უარი ვუთხარით ომს, უარი ვუთხარით ლგბტ პროპაგანდას, უარი ვუთხარით ამ აგენტურის ხელისუფლებაში დასმას. მცდელობა ახლაც და მაშინაც ერთი და იგივე იყო.

ტოპ ტვინები ამბობენ, რომ დასავლეთმა არ აღიარაო არჩევნები. ევროკავშირის ქვეყნები გვაღიარებენ, ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი გვაღიარებს. 21 ნოემბრის შემდეგ აღიარებებიც იქნება დასავლეთიდან და არა მხოლოდ მათგან და ამის შემდეგ ეს რადიკალები და უსამშობლოები მშვენივრად შემოვლენ რამდენიმე თვეში პარლამენტში“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ბუნდესტაგში 6 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენენ

6 ნოემბერს გერმანიის ფედერალური მთავრობა ბუნდესტაგში საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე ანგარიშს წარადგენს.

ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის ანგარიშშია ნათქვამი.

განრიგის თანახმად, საქართველოს შესახებ განხილვა ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 6 ნოემბრის შეკრების პირველად საკითხად არის დაგეგმილი. გერმანელი პარლამენტარები გერმანიის ფედერალური მთავრობისგან ანგარიშს მოისმენენ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების თაობაზე.

ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა – ანრი ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოციალურ ქსელში ცესკოს მიერ გავრცელებულ ვიდეოს აზიარებს, რომელიც “აჩვენებს, რომ ჩარჩო ფორმის გამოყენების და ბიულეტენის სწორად მოთავსების შემთხვევაში ხმის ფარულობა არის გარანტირებული”.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, “ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა”, მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით “ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია”.

„ახლა იტყვიან რადიკალები, რომ ფარულობა არჩევნების დღეს კი არა, თურმე არჩევნების დასრულების შემდეგ დარღვეულა.

მაშინ, როცა არჩევნების დღის ჩათვლით ისინი ყველას არწმუნებდნენ, რომ ხმის მიცემის ფარულობა აბსოლუტურად დაცულია.

ბევრს გახსოვთ, დღენიადაგ მათგან გვესმოდა, რომ ვერავინ გაიგებს, თუ ვინ ვის მისცა ხმა.

მსგავსი ჟანრის აბსურდი ხომ გახსოვთ, მსჯავრდებულმა სააკაშვილმა მინიმუმ ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ კი არ გადმოკვეთა, არამედ თავის დადგენილ საზღვრებში შემოვიდაო.

ამიტომ, “კუდი ძაღლისა არ განიმართების, არცა კირჩხიბი მართლად ვალს”!

იხილეთ ცესკოს მიერ გავრცელებული ვიდეო“, – წერს ანრი ოხანაშვილი.

აშშ-ის არჩევნები და ლარი – თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება  მთავარი ეკონომისტისგან

დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მეტი პროტექციონიზმი და, როგორც ჩანს, ფისკალური დეფიციტი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არხით ვალუტაზე მართლაც გამყარების მიმართულებით მოქმედებს. ამასთან, უკვე კონფლიქტების დეესკალაციის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია დოლარის, როგორც ჯერ კიდევ დომინანტი სარეზერვო და უსაფრთხო ვალუტის როლი, რაც მოვლენათა ასეთი განვითარებისას მის დასუსტებას იწვევს. ისევე, როგორც უფრო საშუალოვადიან პერსპექტივაში, დიდი ოდენობით სახელმწიფო ვალი ამავე მიმართულებით მოქმედებს.

სხვა ფაქტორებთან ერთად, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში დოლარის კურსზე წინასაარჩევნო გამოკითხვებს მნიშვნელოვანი ზეგავლენა ჰქონდა. სადღეისოდ კი, ბუნებრივია, ბაზრები მოლოდინის რეჟიმშია. ამ კუთხით, საინტერესო პარალელია, რომ, როგორც ცნობილია, საქართველოში კომპანიებისა და ფიზიკური პირების მიერ არჩევნებამდე განხორციელდა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შესყიდვა და ამ სენტიმენტების ცვლილება ლარზე უკვე გამყარების ზეწოლას შექმნის. თიბისი კაპიტალის დაკვირვებით, სადღეისოდ, ჯერჯერობით საპირისპირო ქცევა არ იკვეთება, თუმცა ვალუტის დამატებით შესყიდვასაც აღარ აქვს ადგილი. შესაბამისად, როგორც ჩანს, გაუფასურების მოლოდინები არსებითად შემცირებულია და სენტიმენტები შედარებით უფრო ნეიტრალურისკენაა გადახრილი.

რაოდენობრივ შეფასებას რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ეს ე.წ. უცხოური ვალუტის დაგროვილი ბუფერები მართალია სებ-ის საერთაშორისო რეზერვების თანაბარზომიერი არაა, თუმცა არც მხოლოდ რამდენიმე ასეულ მილიონ აშშ დოლარზე და ევროზეა საუბარი. ამდენად, მიმდინარე პერიოდში სწორედ ეს ფაქტორი არის ყველაზე მეტად მატერიალური.

თავად აშშ-ის არჩევნების კუთხით, თავისთავად, არაერთი გარემოებაა გასათვალისწინებელი. საკუთრივ, ბუნებრივია, აშშ დოლარის გამყარება ლარისთვის ნეგატივია.

ასევე, მართალია ნავთობის ფასების შესაძლო შემცირება საქართველოში იმპორტისა და ფასების კლებაში აისახება, თუმცა მნიშვნელოვანია ჩვენი ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკური პარტნიორების შემოსავლები საქართველოს ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და ინვესტიციების მხრივ. ეჭვგარეშეა, რომ კონფლიქტების დეესკალაცია პოზიტივია, თუმცა მაკროეკონომიკური კუთხით მიგრაციის ეფექტიც საყურადღებოა, ისევე, როგორც ასეთ შემთხვევაში ევროს სავარაუდო გამყარება, რაც ისტორიულად საქართველოსათვის უფრო პოზიტიურ დროს ხდება.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო – გიორგი კახიანი

26 ოქტომბრის არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა – ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, მას ამ მომენტში არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს , – ეს განმარტება მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა გააკეთა.

კახიანის აზრით, მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას, პირველ რიგში, ერთი ფაქტი მაინც უნდა დაედგინა, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაში იმყოფებოდა და რომელიმე პარტიას ხმას აძლევდა, მის გადაწყვეტილებას ვინმე აკვირდებოდა თუ არა.

კახიანის განცხადებით, მოსამართლეს ასეთი ფაქტების თაობაზე საერთოდ არ უმსჯელია.

“რა თქმა უნდა, ხმის ფარულობა საარჩევნო პროცესის უმნიშვნელოვანესი პრინციპია.

არჩევნებში 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და არც ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ვინმეს გაეპროტესტებინოს, რომ მისი ხმის ფარულობა დაცული არ იყო. ამის თაობაზე არჩევნების დღეს არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. მას შემდეგ, რაც ოპოზიცია დარწმუნდა, რომ მათ არჩევნები წააგეს, ბიულეტენების გადათვლის დროს აღმოაჩინეს, რომ თითქოს, ბიულეტენის მეორე მხარეს ფლომასტერი გამოჟონილი იყო. ხმის ფარულობის დარღვევაზე საუბარი სწორედ ამის შემდეგ დაიწყეს. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ არჩევნებში ხმის ფარულობა არ დარღვეულა.

ხმის ფარულობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმას გულისხმობს, რომ როცა ამომრჩეველი კაბინაშია და მისთვის სასურველ კანდიდატს აფერადებს, ამ მომენტში მას არავინ უნდა აკვირდებოდეს და ვერავინ უნდა ხედავდეს, თუ რა გადაწყვეტილებას იღებს. მე არც ერთი მსგავსი შემთხვევის შესახებ არ მსმენია. მხოლოდ ერთი ასეთი შემთხვევა იყო და როგორც გაირკვა, იქაც ამომრჩეველს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აკვირდებოდა.

ზოგადად, არ არსებობს არჩევნები, სადაც ხარვეზი არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ხარვეზებს არჩევნების შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

ვნახოთ, ხმის ფარულობის თაობაზე როგორ მტკიცებულებას წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო.

ამ მოსამართლის ოჯახის წევრი აქტიური ოპოზიციონერია. დასაფიქრებელია და შესაბამისს მიკვლევას საჭიროებს თუ დადასტურდა, რომ ალეკო ელისაშვილმა წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე. მძიმე დარღვევაა, თუ ვინმემ წინასწარ იცოდა, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა. მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საიას სარჩელი დააკმაყოფილა და წალკისა და თეთრიწყაროს ოლქებში შემავალი ელექტრონული უბნის შედეგები გააბათილა.

როგორც ხუჭუამ განმარტა, სასამართლოს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ ხმის დაცულობა და ხმის ფარულობა ამომრჩეველს არ ჰქონდა. მისი თქმით, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხერხდეს, საარჩევნო გარემოსა და ადმინისტრაციის იმგვარად წარმართვა, რომ ყოველგვარი მანიპულაცია და უკანონო ჩარევა იყოს გამორიცხული და არა ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ხაჯარატ ახვლედიანი და გიორგი რომელაშვილი გათავისუფლდნენ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ხაჯარატ ახვლედიანის და გიორგი რომელაშვილის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

„საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მწვავედ იქნა დაყენებული ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – წერია ინფორმაციაში.