Home Blog Page 26

 ,,ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, რასაც ვერავითარი ეფექტი ექნება”- პრემიერი 

გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, რასაც ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. 

„ეს არის იმის გაგრძელება, რაც ჩვენ ვიხილეთ ევროპარლამენტის რეზოლუციის სახით. ჩვენთვის ყველა უსამართლო რეზოლუციას, განცხადებას აქვს ჩალის ფასი, ეს ძალიან მკაფიოდ უნდა ითქვას. ეს არის საარჩევნო პროცესებში გარე ჩარევის მცდელობა, თუმცა ამ გარე ჩარევას ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თავისთავად, სამწუხაროა ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია, დღეს ჩართეს საარჩევნო პროცესში საქართველოში. ეს არ არის უბრალოდ სწორი, თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ასეთ აქტებს ვერ ექნება ვერავითარი გავლენა საქართველოში არჩევნების შედეგებზე. ქართული საზოგადოება არის საკმარისად გამოცდილი იმისათვის, რომ თავად, დამოუკიდებლად მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება”, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო

ევროკავშირმა არაწევრი ქვეყნების მოქალაქეთა ბიომეტრიული კონტროლის ახალი სისტემის დანერგვა გადადო.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გერმანიამ, საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა განაცხადეს, რომ სასაზღვრო კომპიუტერული სისტემები ჯერ მზად არ არის.

ევროკავშირის შინაგან საქმეთა კომისარმა, ილვა იოჰანსონმა განაცხადა, რომ სისტემა 10 ნოემბერს ვერ ამოქმედდება, როგორც დაგეგმილი იყო. მან აღნიშნა, რომ სისტემის ამოქმედების ახალი გრაფიკი ჯერ არ არის შემუშავებული, თუმცა განიხილება მისი ეტაპობრივი დანერგვა.

ევროკავშირში შესვლა-გასვლის სისტემა (EES) მიზნად ისახავს ციფრული ჩანაწერის შექმნას, რომელიც სამგზავრო დოკუმენტს დააკავშირებს პიროვნების ბიომეტრიულ მონაცემებთან, რაც ევროკავშირის საზღვარზე პასპორტებში ხელით ბეჭდის დასმის საჭიროებას აღმოფხვრის.

ეს სისტემა ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისგან, რომლებიც შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში შედიან, მოითხოვს თითის ანაბეჭდების რეგისტრაციას, სახის სკანირებას და მათი ევროკავშირში მოგზაურობის მიზნების დასახელებას.

სისტემის დანერგვა უკვე მესამედ გადაიდო. ის გასული წლის ზაფხულში უნდა დანერგილიყო. მანამდე ევროკომისიის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ 2025 წლის გაზაფხულისთვის ევროკავშირში ასევე გეგმავენ ევროპაში მოგზაურობის ავტორიზაციის სისტემის (ETIAS) ამოქმედებას. ამ სისტემის ფარგლებში ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის მქონე ქვეყნების მოქალაქეებს შენგენის ზონაში შესვლამდე მოუწევთ ავტორიზაციის გავლა და 7 ევროს ოდენობის მოსაკრებლის გადახადა, თუმცა, EES-ის სისტემის დანერგვის გადადების გამო, ETIAS-ის ამოქმედებაც გაურკვეველი ვადით გადაიდო.

,,ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს” – პრემიერი

ბათუმის შემოვლითი გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილია და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი გზის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს.

“მინდა, ყველას მოგილოცოთ ბათუმის შემოვლითი მაგისტრალური გზის გახსნა. ეს გზა სტრატეგიული ევროპული საგზაო მარშრუტის ნაწილი და მას ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბათუმის, როგორც საკურორტო ქალაქის განვითარებისთვის.

ბათუმი არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ აღიარებულია ევროპის მზარდ ტურისტულ მიმართულებად და ინვესტიციების საუკეთესო ადგილად ევროპაში; ეს არის ოთხი სეზონის ქალაქი და მიღებული აქვს ტურიზმის „ოსკარიც“. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქი მუდმივად ვითარდება და ამას ხელს უწყობს სახელმწიფო სწორი გეგმით და ეს ხელშეწყობა მომავალშიც გაგრძელდება. ამ ყველაფრის მორიგი მაგალითია ბათუმის შემოვლითი 14 კმ-იანი მაგისტრალური გზა, რომელიც დღეს გაიუხსნება.

ეს გზა გვერდს უვლის ბათუმს და ტრანზიტული მოძრაობისგან ქალაქს სრულად განტვირთავს. ახალი გზა იწყება მახინჯაურთან და სრულდება ხელვაჩაურში, თუმცა სატრანსპორტო კვანძებით უკავშირდება როგორც მიმდებარე დასახლებებს, ისე ბათუმის სხვადასხვა უბანს. ძველ გზაზე მოძრავი ტრანსპორტის 43% ბათუმის შემოვლითი გზით იმოძრავებს, რითაც ქალაქი მნიშვნელოვნად განიტვირთება, გაუმჯობესდება ბათუმში ცხოვრებისა და დასვენების პირობები,  გაიზრდება გზის გამტარობა და სატრანზიტო ტვირთბრუნვა. ყველა თვალსაზრისით ამ შემოვლით მაგისტრალს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ქვეყნის, რეგიონის და ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის”, – განაცხადა პრემიერმა.

არასწორი ინფორმაციის უარყოფა და მორალური ზიანის ანაზღაურება – სასამართლომ ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი დააკმაყოფილა

სასამართლომ საქმეზე – “ალექსანდრე ჭიკაიძე “ტელეკომპანია პირველისა” და სოფო ნიაურის წინააღმდეგ”, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი დააკმაყოფილა.

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატების, მარი ცუცქირიძისა და ქეთევან უტიაშვილის განცხადებით, სასამართლომ ტელეკომპანიასა და ჟურნალისტს, ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა დაავალა და ასევე
მორალური ზიანის ასანაზღაურებლად თანხის გადახდაც დააკისრა.

“ალექსანდრე ჭიკაიძის სარჩელი “ტელეკომპანია პირველისა” და ჟურნალისტ სოფო ნიაურის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა. სასამართლომ ტელეკომპანიას და ჟურნალიტს, დაავალა ალექსანდრე ჭიკაიძეზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციის უარყოფა.

ტელეკომპანია პირველსა და ჟურნალისტს, ასევე მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 10000 ლარის გადახდა დაეკსირა,”-აცხადებენ ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები.

შეგახსენებთ, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე, სასამართლოში წარდგენილი სარჩელით, მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ცილისწამებად ცნობას და ტელევიზიისა და ჟურნალისტისგან  მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.

ალექსანდრე ჭიკაიძის დაცვის მხარის განმარტებით, საქმე ეხება “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში” გასულ რეპორტაჟს, სადაც ჭიკაიძე ქოლცენტრებთან კავშირში დაადანაშაულეს.

დაცვის მხარე “ტვ პირველისგან” ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ზარალის ანაზღაურებასა და ცნობების საჯაროდ უარყოფას მოითხოვდა.

კობა კობალაძემ, რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა რუსთავში გამართა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს. 

 🔴დღეს, კობა კობალაძემ, მორიგი შეხვედრა, რუსთავში გამართა და ქვემო ქართლში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს, სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად, სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. ვრცელი პრეზენტაციის შემდეგ, ვეტერანებმა აღნიშნეს, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს; მადლიერება გამოხატეს სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტების გამო, ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც სამსახურისა და სახელმწიფოს ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, მათ წინაშე ჯერ კიდევ არსებობს და იმედი გამოთქვეს, რომ ვეტერანთა მიმართ თანადგომა კიდევ უფრო გაიზრდება. ვეტერანებმა გამოთქვეს სურვილი, ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით,საჯარო სკოლებში გამართონ შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ. 

 🔴შეხვედრას, ასევე,ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენელი ქვემო ქართლის რეგიონში, ლევან გოგოლაური ,სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის რეგიონში, გიორგი დოხტურიშვილი,ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი,ნინო ლაცაბიძე.

 🔴კობა კობალაძე რეგიონებში ვიზიტს განაგრძობს და მომდევნო შეხვედრებს შემდეგ ქალაქებში გამართავს: 

 🔻11 ოქტომბერს, ქ. თელავში, 16:00 საათზე, ჭავჭავაძის მოედანი N 5, (მუსიკალური სკოლა); 🔻12 ოქტომბერს, ქ. მცხეთაში, 16:00 საათზე, სამხედროს ქუჩა N 9 (კულტურის სახლის შენობა).

 🔴ადგილობრივ ვეტერანებს შესაძლებლობა აქვთ, დაესწრონ აღნიშნულ შეხვედრებს და სამსახურის დირექტორისგან, მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ.

ევროკავშირი არ უნდა იკავებდეს ამა თუ იმ პოლიტიკური მოძრაობის მხარეს უცხო ქვეყანაში – ბუნდესტაგის წევრი სტეფენ კოტრე

მნიშვნელობა არ აქვს, ევროკავშირს რა მიაჩნია საქართველოსთვის მართებულად; ევროკავშირის წარმომადგენლები არ უნდა იკავებდნენ ამა თუ იმ კონკრეტული პოლიტიკური მოძრაობის მხარეს უცხო ქვეყანაში, – ამის შესახებ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრმა, სტეფენ კოტრემ ბუნდესტაგში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა.

კოტრე საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედების საკითხს შეეხო და აღნიშნა, რომ კანონი სრულად ლეგალური და ლეგიტიმურია და სახელმწიფოს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მოქმედებს მის ტერიტორიაზე.

„საქართველო თავად გადაწყვეტს არჩევნებზე, გაწევრიანდება თუ არა ევროკავშირში. მთავრობა და პარლამენტი დემოკრატიული გზით აირჩევა. თუმცა, ევროკავშირის პროპაგანდისტები დისკრიმინაციას უწევენ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. თუმცა, ეს კანონი სრულად ლეგალური და ლეგიტიმურია და არ რეგულირება მაგალითად, იაპონიის, აშშ-ის, ისრაელისგან განსხვავებულად. სახელმწიფოს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ მოქმედებს მის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ბუნდესტაგის წევრმა.

სტეფან კოტრემ მიხაელ როთს და თბილისში აქციაზე მისულ ევროკავშირის სხვა წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ აქციაზე მისვლითა და საქართველოს არჩეული ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებით მათ არადემოკრატიული და ინტერვენციული სახე აჩვენეს.

„ყოფილი სპიკერი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი როთი და ევროკავშირის სხვა აგენტები საქართველოს დედაქალაქში დემონსტრაციაზე გამონჩდნენ და როგორც უცხოელებმა, იქ ხმამაღალი პროპაგანდა აწარმოეთ არჩეული მთავრობისა და არჩეული პარლამენტის წინააღმდეგ. ამით აჩვენებთ თქვენს არადემოკრატიულ და ინტერვენციულ სახეს ბატონებო. აგიტატორობით თქვენ წვლილი შეგაქვთ უთანხმოებასა და შიდა კონფლიქტში. მნიშვნელობა არ აქვს მიზანს, ჩარევა ჩარევაა. ჩვენ უკრაინის მაგალითზე ვნახეთ, თუ სად მივყავართ ასეთ ჩარევას. გარედან გავლენის, მაიდანის და 2014 წლის რევოლუციის უცხოური დაფინანსების გარეშე უკრაინა ვერასდროს მისცემდა თავს რუსეთის წინააღმდეგ ასეთი პოზიციონირების უფლებას“, – განაცხადა კოტრემ.

,,იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე ”- კახა კალაძე

იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე, სადაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ საქალაქო პარკის მოწყობის სამუშაოებს ახორციელებს, არანაირი საცხოვრებელი კორპუსის აშენება არ იგეგმება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კორპუსების მშენებლობის პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება და მას აღნიშნულ ტერიტორიასთან შეხება არ აქვს.

„იპოდრომთან არანაირი კავშირი არ აქვს ამ ტერიტორიას, რადგან აღნიშნული პროექტი თამარაშვილის გამზირზე ხორციელდება. იპოდრომის ყოფილი ტერიტორია იქნება ერთ-ერთი საუკეთესო რეკრეაციული სივრცე, რომელსაც პროექტის სახით, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ახორციელებს. ის იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მწვანე სივრცე დასვენებისთვის, განტვირთვისთვის, გართობისთვის. მივესალმებით აღნიშნული პროექტის განხორციელებას. მუნიციპალიტეტი ამ სივრცის ყველანაირად მოწესრიგებას ყოველთვის შეუწყობს ხელს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოების დასრულების ვადას, დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ პროექტში, მოსახლეობის თხოვნით, გარკვეული ცვლილებები განხორციელდა.

„პროექტში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა. ამაზე საზოგადოებასაც მივაწოდეთ ინფორმაცია. მოსახლეობის მხრიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ტერიტორიაზე, მაგალითად, იაპონური, ფრანგული ბაღები არ მოწყობილიყო და უფრო მეტი სივრცე მდელოებს დათმობოდა. ეს გადაწყვეტილება მიღებულია და პროექტში გარკვეული ჩასწორება მოხდა. შეიძლება ისეთი მასშტაბური ტემპით არ მიმდინარეობდეს სამუშაოები, მაგრამ პროცესი მიდის. ვადებთან დაკავშირებით ინფორმაცია ფონდთან დააზუსტეთ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

,,გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა მიუღებელია”- შარლ მიშელი 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციებზე მიუღებელია.

„გაერო-ს სამშვიდობო მისიაზე თავდასხმა არის უპასუხისმგებლო, მიუღებელი ქმედება და ამიტომ მოვუწოდებთ ისრაელს და ყველა მხარეს, სრულად სცენ პატივი საერთაშორისო ჰუმანიტარულ კანონს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

მანამდე, გაერო-ს სამშვიდობოებმა განაცხადეს, რომ ისრაელის ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს მათ შტაბ-ბინას სამხრეთ ლიბანში, რის შედეგადაც ორი ინდონეზიელი ცისფერჩაფხუტიანი დაიჭრა.

მომხდარს გაერო-ში ინდონეზიის ელჩი, ჰარი პრაბოვო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ინციდენტი „ნათლად აჩვენებს, თუ როგორ აყენებს ისრაელი თავის თავს საერთაშორისო კანონზე, დაუსჯელობასა და მშვიდობის საერთო ღირებულებებზე მაღლა“.

,,თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“-  ამირან გულუაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ამირან გულუაშვილმა აღნიშნა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 19 სექტემბერს დააკავეს 2016 წლის 4 ოქტომბერს დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი დარჩო ხეჩუაშვილი.

აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამოკითხა მსჯავრდებული დარჩო ხეჩუაშვილი, რომელმაც გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც მსჯავრდებულის ჩვენებიდან ირკვევა, 2016 წლის აგვისტოს ბოლოს დარჩო ხეჩუაშვილი შეხვდა მისთვის უცნობ პირს ვინმე „დიმას“ (დიმიტრი), რომელმაც მას შოთა (მევლუდ) ჭიჭიაშვილის დანაბარები გადასცა ჭიჭიაშვილთან შეხვედრის თაობაზე. მსჯავრდებულის თქმით, მას შოთა ჭიჭიაშვილთან წარსულში ნაცნობობა აკავშირებდა და შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრას დათანხმდა.

შოთა ჭიჭიაშვილმა შეხვედრისას მსჯავრდებულს განუცხადა, რომ იგი ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან გია ლორთქიფანიძის ერთად, უკრაინაში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ჭიჭიაშვილის თქმით, სააკაშვილმა შეხვედრაზე საუბრისას თქვა, რომ არ ენდობოდა მისი პარტიის წევრს გივი თარგამაძეს, რადგან მისი ინფორმაციით, თარგამაძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, იმჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და აქედან გამომდინარე, სააკაშვილმა ჭიჭიაშვილს გივი თარგამაძის კონტროლი და თვალთვალი დაავალა.

თავის მხრივ შოთა ჭიჭიაშვილმა გივი თარგამაძის თვალთვალში და მისი გადაადგილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებაში დარჩო ხეჩუაშვილს დახმარება სთხოვა ოდესაში კარგ თანამდებობაზე დანიშვნის სანაცვლოდ, რაზეც მსჯავრდებული დათანხმდა და მათ საერთო ნაცნობ „დიმასთან“ ერთად, გივი თარგამაძის თვალთვალი და გადაადგილების კონტროლი დაიწყო.

დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებით, ისინი გივი თარგამაძეს თავდაპირველად მისი კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით უთვალთვალებდნენ, ხოლო შემდეგ „დიმამ“ ხეჩუაშვილის კუთვნილი ავტომანქანის იდენტური, ტრანზიტული სანომრე ნიშნების მქონე სხვა ავტომანქანა მიიყვანა და ხეჩუაშვილს განუცხადა, რომ გივი თარგამაძის სათვალთვალოდ ეს კონკრეტული მანქანა გადასცეს, რომელსაც თვალთვალის დროს ძირითადად ხეჩუაშვილი მართავდა.

მსჯავრდებულის განცხადებით, ერთ-ერთი მორიგი თვალთვალის დღეს, კერძოდ 2016 წლის 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან მყოფმა დარჩო ხეჩუაშვილმა ტელეფონის საშუალებით აცნობა შოთა ჭიჭიაშვილს, რომ გივი თარგამაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შევიდა. მას შემდგომ, რაც გივი თარგამაძემ დატოვა პარტიის ოფისი და ჩაჯდა ავტომანქანაში, აღნიშნულის შესახებ მსჯავრდებულმა კვლავ მიაწოდა ინფორმაცია შოთა ჭიჭიაშვილს, რის შემდეგაც გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. ავტომანქანის აფეთქების შემდგომ ხეჩუაშვილმა შოთა ჭიჭიაშვილს შეატყობინა გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების თაობაზე, რის შემდგომაც შოთა ჭიჭიაშვილის მითითებით, საქართველოს ტერიტორია დატოვა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გვერდის ავლით თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ გადავიდა.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი,დამამძიმებელ გარემოებებში გივი თარგამაძის და სხვა პირების მკვლელობის მცდელობის, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა შენახვა ტარების ფაქტებზეა მსჯავრდებული და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების და გარემოებების დადგენის მიზნით“, – განაცხადა გულუაშვილმა.

თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს

ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად თიბისიმ არაერთი ტექნოლოგიური პროდუქტი დანერგა, რომელთა გამოყენებაც ადვილია, ზოგავს დროს და რესურსებს და ბიზნესების ეფექტურ საქმიანობას უწყობს ხელს.

www.tbcpayments.ge სწორედ ასეთი პლატფორმაა, რომელიც უკვე ორ წელზე მეტია რაც ბაზარზე ჩაეშვა. ეს არის გადახდების მართვის ციფრული პლატფორმა, სადაც ერთ სივრცეშია თავმოყრილი მრავალი ისეთი სერვისი თუ მომსახურება, რომლებსაც მომხმარებლები ადრე სხვადასხვა ადგილას გაფანტულად იღებდნენ.

რაც მთავარია, tbcpayments.ge-ზე შენი ბიზნესის გადახდების მართვას და დინამიკაზე დაკვირვებას, დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლებ, ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაში.

პლატფორმაზე შეგიძლია თვალი ადევნო გადახდების ისტორიას, მოითხოვო გადახდის რეპორტი სასურველ ფორმატში, გაეცნო მიღებული ტრანზაქციების დეტალურ ანალიტიკას და შეუკვეთო ან გააუქმო გადახდის მეთოდები.  

საძიებო პარამეტრებსა თუ ფილტრზე დაყრდნობით შესაძლებელია სასურველი ტიპის ტრანზაქციული ამონაწერის ამოღება Excel, XML, CSV ფორმატში ქართულ და ინგლისურ ენებზე.

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს უკვე 3000-ზე მეტი ბიზნესი იყენებს, ეს უმარტივებს მათ ყოველდღიურ საქმიანობას, ზოგავს კომპანიის თანამშრომლების დროსა და რესურსს, გაცილებით ამარტივებს პროცესებს და კომპანიის ფინანსურ საქმიანობაზე დაკვირვებას.

„ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“ სავარჯიშო დარბაზების ქსელია, რომელმაც მომსახურების ხარისხითა და მრავალფეროვნებით მალე მოახერხა თავის დამკვიდრება ქართულ ბაზარზე. „ოქტოპუსში“  tbcpayments.ge-ს შექმნის დღიდანვე წარმატებით იყენებენ.

„დროის ნებისმიერ მონაკვეთში შემიძლია tbcpayments.ge-ს გამოყენება, რაც ძალიან პრაქტიკულია. თუ მაინტერესებს რომელიმე ტრანზაქცია, ან მერჩანტის კოდი თუ ქვითარია მოსაძებნი, ჩვენ ბევრი ტერმინალი გვაქვს კომპანიაში და პირველ რიგში თიბისი გადახდების პლატფორმას ვიყენებთ“, – მარიამ პაპიაშვილი, „ოქტოპუს ფიტნეს კლუბი“.

tbcpayments.ge-ს მომხმარებელია „სკა ჯუს ბარიც“, რომელიც მომხმარებელს ჯანსაღი კვების რაციონს სთავაზობს და თბილისში რამდენიმე ბარით არით წარმოდგენილი.

„სკა ჯუს ბარში“  tbcpayments.ge-ს უფრო მეტად პოს ტერმინალების ამონაწერების აღრიცხვისთვის იყენებენ.

„შემიძლია ნებისმიერ დროს შევიდე სისტემაში და ვნახო ჩვენი პოსტ ტერმინალების დეტალური ამონაწერი. tbcpayments.ge-ი ძალიან ბევრ ინფორმაციას იძლევა, რომლის გაფილტვრა და დახარისხებაც შესაძლებელია. კარგი იქნება თუ ტერმინალის ტიპსაც მივუთითებთ ინტეგრირებულია თუ არა ინტეგრირებული, ეს კიდევ უფრო გაამარტივებს საქმეს“, –  ნათია ბეგიაშვილი, „სკა ჯუს ბარი“.

პლატფორმას უკვე დიდი ხანია ტრანზაქციების სამართავად იყენებენ რესტორნებში „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“ .

„tbcpayments.ge-მ საბუღალტრო საქმიანობა ძალიან გაამარტივა, ტერმინალებიდან მთლიანი შემოსავლები როცა მაინტერესებს ამ პლატფორმას ვიყენებ. საკმაოდ ამომწურავ ინფორმაციას იძლევა და ძალიან მოსახერხებელია“, – თეა ხარაზიშვილი „ნინიას ბაღი“ და „შავი ლომი“.

დღეს ბიზნესი ძალიან დინამიური, სწრაფი და ცვალებადია, კომპანიები ყოველდღიურად ათასობით ტრანზაქციას იღებენ ონლაინ გადახდის მეთოდებითა და ტერმინალებით, გადახდების მართვის პროცესი ციფრულად კი თიბისისთან ერთად გაცილებით მარტივია.

,,1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა”- სოზარ სუბარი

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებიც ათობით წლის განმავლობაში მოდიოდნენ ევროპაში სამუშაოს საპოვნელად და უკეთესი ცხოვრებისთვის, იცოდნენ თუ რა ხდება დღეს საქართველოში. ყველას ჰყავს ოჯახი საქართველოში და მათზე უკეთ არავინ იცის, რა არის გაჭირვება და რას ნიშნავს ის უბედურება, რაც ომს მოაქვს”, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იტალიაში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი კლუბის გახსნის შესახებ კომენტირებისას.

მისი თქმით, 1990-იანი და 2008 წლის ომების შედეგია ის, რომ ამდენი ემიგრანტი წავიდა საქართველოდან, შესაბამისად, მშვიდობა და ეკონომიკის განვითარებაა მათი დაბრუნების წინაპირობა.

“იმ ომების შედეგია, რომლებიც ვერ ავიცილეთ თავიდან ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ კი 2008 წელს, რომ ამდენი ქართველი წამოვიდა ევროპაში; ომის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში ასეთი პირობები და ეკონომიკური პრობლემები არსებობს და სწორედ მშვიდობის შედეგია ის, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება. ეს განვითარება უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობა საბოლოოდ უნდა დაბრუნდეს საქართველოში.

სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ემიგრანტმა, იმიტომ, რომ ბევრი წელია აქეთ არის, ბოლომდე არ იცის რა ხდება დღეს საქართველოში. როცა ვესაუბრეთ მოქალაქეებს, აქაც და საბერძნეთშიც, აღმოჩნდა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში არ იციან რა ხდება საქართველოში; რა სახელმწიფო პროგრამები არსებობს, მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით; რომ არასრულწლოვანებისთვის სიმსივნურ დაავადებებთან დაკავშირებით 100%-იანი დაფინანსება არსებობს, მათ შორის, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მკურნალობის ჩათვლით და ა.შ. მსგავსი ძალიან ბევრი პროგრამის შესახებ მათ არ იციან და უხარიათ, როცა იგებენ”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

რუსეთმა ოდესის ოლქი ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა – არის მსხვერპლი

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გვიან ღამით ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

მისი თქმით, სარაკეტო იერიშის შედეგად ოდესის რაიონში ორსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოყვა. მაშველებმა რამდენიმეს გადარჩენა შეძლეს.

კიპერის განცხადებით, გარდაცვლილია 43 წლის ქალბატონი, 22 წლის ახალგაზრდა მამაკაცი და 16 წლის გოგონა. კიდევ ერთი ქალი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაშავებულთა საერთო რაოდენობა 10 ადამიანს აღწევს. 9 ადამიანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, ოთხი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.