Home Blog Page 26

“ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანელები შეშფოთებულები არიან დონალდ ტრამპის არჩევით, მაგრამ ზოგიერთებს უხარიათ“ (ავტორი – ფარისა ჰაფეზი, დუბაიდან).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონალდ ტრამპის გამარჯვება უბრალო რიგით ირანელებში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია – ზოგიერთებს ეშინიათ, რომ ომის დაწყების რისკი გაიზრდება, ხოლო სხვებს იმედი აქვთ, რომ აშშ-ის მკაცრი პოზიცია ირანში პოლიტიკურ ცვლილებებს გამოიწვევს – უკეთესობისაკენ.

„ძალიან მიხარია, რომ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ვიმედოვნებ, რომ იგი გააგრძელებს ისლამურ რესპუბლიკაზე ზეწოლას და ეს რეჯიმის კრახს გამოიწვევს“, – უთხრა „როიტერს ტელეფონით 42 წლის დიასახლისმა ზოჰრემ, რომელიც თეირანში ცხოვრობს.
ზოგიერთი ირანელი – მაგალითად, პენსიაზე მყოფი მასწავლებელი ჰამიდრეზა, შიშობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ მოსალოდნელი ეკონომიკური ზეწოლა, თუ იგი ისევ გააგრძელებს თავისი პირველი ვადის – 2017-2020 წლების პოლიტიკას, ირანზე ცუდად აისახება.

მე იმედგაცრუებული ვარ დონალდ ტრამპის არჩევით. გამოდის, რომ ჩვენზე კვლავ ეკონომიკური ზეწოლა განხორციელდება, მატულობს ისრაელთან ომის რისკიც. მოკლედ, მე შეშფოთებული ვარ“, – თქვა 66 წლის ჰამიდრეზამ, რომელიც ირანის ჩრდილოეთ ნაწილში, კასპიის ზღვის ნაპირზე მდებარე ქალაქ რეშტში ცხოვრობს.

„ჩემთვის სულერთია, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი. ჩემი მთავარი საზრუნავი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობაა. მთავარია, რომ სანქციები მოგვიხსნან და თუ ეს ასე მოხდება, მაშინ შედარებით კარგად ვიცხოვრებთ“, – ამბობს 34 წლის სახელმწიფო მოსამსახურე, სახელად ნადერი, ირანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ახვაზიდან, ორი შვილის მამა.
„მე კმაყოფილი ვარ. დონალდ ტრამპი სერიოზული ლიდერია, რომელიც გავლენას მოახდენს ირანის სულიერ მმართველებზე. ეს კარგი იქნება ირანისათვის, რომელიც დემოკრატიულ მმართველობას საჭიროებს“, – განაცხადა თეირანის უნივერსიტეტის სტუდენტმა, 21 წლის პარასტმა.
ირანელმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთ საჯარო განცხადებებში განგებ შეამცირეს დონალდ ტრამპის გამარჯვების მნიშვნელობა თეირანის პოლიტიკისათვის, თუმცა შეშფოთებაც შეიმჩნევა – ვაითუ დონალდ ტრამპმა ისრაელის აგრესიულ პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს სრულ უფლებას მისცემს საჰაერო დარტყმა მიაყენოს ირანის ბირთვულ ობიექტებს, განახორციელოს მკვლელობები და ირანის ნავთობმრეწველობის მიმართ სანქციები გაამკაცროს.

ზოგიერთებს აზრით, დონალდ ტრამპი სიფრთხილეს გამოიჩენს ომთან დაკავშირებით: „დონალდ ტრამპი ბიზნესმენია და მან კარგად იცის, რომ იარანი ძლიერია. ირანს შეუძლია ახლო აღმოსავლეთი ჯოჯოხეთად გადააქციოს, თუ მას თავს დაესხმებიან. მან ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ცვენს რეგიონში ომი არ გაჩაღდეს“, – ამბობს რეზა მოჰამედი, ირანის ნებაყოფლობითი მოლაშქრეების ორგანიზაციის „ბასიჯის“ წევრი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ ისპაანში ცხოვრობს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის გახსნით სესიას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე შეხვედრის გახსნით სესიას დაესწრო, რომელიც ბუდაპეშტში იმართება.

სამიტი მასპინძელი ქვეყნის, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გახსნა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა.
ასევე დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე

საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება – ეს დეზინფორმაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობამ” თავად უარყოს ან მისმა დონორმა – შვედეთის საელჩომ -შალვა პაპუაშვილი

დეზინფორმაცია ვრცელდებოდა, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების პირით, რომლებიც დამკვირვებლების სახით იყვნენ წარმოდგენილი. ამ დღეებში სხვადასხვა უცხოელ პარტნიორთან ურთიერთობაში გვიწევს ახსნა, რომ ტექნიკურად რაღაც არის შეუძლებელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, რიგ ინფორმაციებზე პასუხისმგებლობა სწორედ ამა თუ იმ „ენჯეოს“ დამფინასებელს ეკისრება.

„პასუხისმგებლობა ეკისრებათ არა ამ „ენჯეოებს“, არა „ისფედს“,  „გამჭვირალობას“, „საიას“, არამედ პასუხისმგებლები არიან მათი დონორები, რომლებიც ამ დეზინფორმაციულ ნარატივებს საქართველოს წინააღმდეგ აფინანსებენ. გასულ დღეებში „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება. ან „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ თავად უარყოს ეს დეზინფორმაცია, ან მისი დონორი შვედეთის საელჩო გამოვიდეს და უარყოს. ზუსტად ასეთი დეზინფორმაციები ჯდება საზღვარგარეთ მათსავე სამინისტროებში და აქეთ გვეკითხებიან შემდეგ, რა არის სიმართლე და რა არის ტყუილი. ახლა შეუძლია შვედეთის საელჩოს, მოიქცეს პასუხისმგებლიანი დონორის სახით და არა ისე უპასუხისმგებლოდ, როგორც აქამდე იქცეოდა, მოუწოდოს „საერთაშორისო გამჭვირვალობას“, რომ ან თავად „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ უარყოს ეს დეზინფორმაცია, თითქოს პარლამენტი პრეზიდენტის მოწვევის გარეშე ვერ შეიკრიბება, ან თავად გამოვიდეს შვედეთის საელჩოს წარმომადგენელი, ვინაიდან მათმა ფულმა და დაფინანსებამ გახადა შესაძლებელი, რომ ეს ტყუილი ვრცელდება საქართველოში თუ მის საზღვრებს გარეთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Pro V&V-ის განცხადებით, პარლამენტის არჩევნებზე დაკვირვება წარმატებით დასრულდა და კომპანიას პრობლემები არ გამოუვლენია -ცესკო

ამერიკულმა კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნებზე ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის მესამე, ბოლო ეტაპის საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩატარებული დაკვირვება წარმატებით დასრულდა და Pro V&V-ს პრობლემები არ გამოუვლენია, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, კომპანია Pro V&V-მ პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა და აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ დასკვნა  ცესკო-ს ვებგვერდზეა განთავსებული.

დასკვნაში ნათქვამია – „ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წარმატებით განახორციელა პროცედურები, რომლებიც ადრე ჩატარებული რვა პილოტის ფარგლებში გამოიყენებოდა და მოახდინა მათი ქვეყნის მასშტაბით გამოყენება, პირველ ელექტრონულ არჩევნებში. Pro V&V-მ დაადგინა, რომ არჩევნების ჩატარების პროცესები და პროცედურები იყო შესაფერისი და პერსონალი კარგად იყო მომზადებული. ქვეყნის მასშტაბით ხმის მიცემის ახალი ელექტრონული სისტემის პირველად დანერგვისთვის, პერსონალი კარგად იყო მომზადებული და სწორად წარმართა პროცესები, რომლებსაც Pro V&V დააკვირდა. ამომრჩევლებს მიეცათ შესაძლებლობა წარმატებით დაეფიქსირებინათ თავიანთი არჩევანი.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ აუდიტის მიმდინარეობისას შემოწმდა ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატები (VIU Desktop 818-100), ხმების დათვლის სპეციალური ელექტრონული მოწყობილობები (PCOS SAES- 1800Plus) და ტაბლეტ-კომპიუტერები (Lenovo Tab K11). Pro V&V დააკვირდა არჩევნების ჩატარების პროცესს, კერძოდ უბნების კომისიის წევრებს, უბნის ტექნიკურ პერსონალს (რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ აპარატების ტექნიკურ მხარდაჭერაზე), ასევე თავად ამომრჩევლებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის პერსონალთან დაკავშირებით, აუდიტი ფოკუსირებული იყო არჩევნების დღისთვის მათი მზადყოფნის შეფასებაზე, ხოლო ამომრჩევლების შემთხვევაში ყურადღება გამახვილდა ხმის მიცემის აპარატებით სარგებლობაზე. ამასთან, შეფასდა შედეგების გადაცემა, სიზუსტისა და ეფექტურობის დასადგენად.

კომპანია Pro V&V-მ  პარლამენტის არჩევნების შესაბამისობის აუდიტი სამ ეტაპად განახორციელა. Pro V&V-მ პროექტის პირველი ეტაპის (პროგრამული განახლებები) ფარგლებში ჩაატარა საწყისი კოდის შემოწმება (ფუნქციური რეგრესიული ტესტირება), მეორე ეტაპზე კი (არჩევნების კონფიგურაცია) Pro V&V-მ ჩაატარა კონფიგურაციის აუდიტი და შეამოწმა ყველა საჭირო ფაილი პროცესის სერტიფიცირების მიზნით.

საწყისი კოდის რევიზიისა და კონფიგურაციის აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ:

ცესკო-ს სერვერებზე არსებული ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაშია აპარატში ჩატვირთულ სიებთან; ამომრჩეველთა სიაში ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი და ერთი ამომრჩეველი მხოლოდ ერთხელაა სიაში შეყვანილი; ვერიფიკაციის აპარატიდან ამობეჭდილი ამომრჩეველთა სია არის ზუსტად ის სია, რომელიც ჩაწერილია ვერიფიკაციის აპარატში; ერთი ამომრჩევლის ხმა არის ერთი ხმა და ტექნოლოგიურად შეუძლებელია მისი არჩევანის მოდიფიცირება ან შეცვლა; აპარატიდან ამობეჭდილი წინასწარი შედეგების ამონაწერი (ქვითარი) შეიცავს მხოლოდ იმ მონაცემებს, რომლის გენერირებასაც ახდენს ტექნოლოგია.

ჩატარებული აუდიტის სამივე ეტაპის შესახებ მომზადებული დასკვნა საჯაროა და განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. ყველა დაინტერსებულ პირს საშუალება აქვს, გაეცნოს მას და მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე, რომელიც პროცესთან მიმართებაში დაისვა“, – აღნიშნა ნათია იოსელიანმა.

ამერიკულმა აუდიტორულმა კომპანიამ Pro V&V საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში მოამზადა. კომპანიამ დამოუკიდებელი აუდიტორული მომსახურება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) ჩაატარა. ამერიკული კომპანიის ანგარიშის თანახმად, „პირველმა და მეორე შემოწმებამ დაადასტურა ამომრჩეველთა ერთი და იგივე რაოდენობა, მესამე შემოწმებამ აჩვენა „ნული“, რაც ნიშნავს, რომ დუბლირების შემთხვევები არ გამოვლენილა“.

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან-შალვა პაპუაშვილი

უცხოელი მფარველები დღემდე ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, ამ ხალხს გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერი ახსენებს ხალხს, სინამდვილეში, ვისთან აქვთ საქმე.

„თავის დროზე, როდესაც 2012 წელს ქართველმა ხალხმა განაჩენი გამოუტანა „ნაციონალურ მოძრაობას“ და მთლიანად ამ იდეოლოგიას, რასაც „ნაცობა“ ჰქვია, მაშინ და დღემდე ხელს აფარებენ უცხოელი მფარველები, რომ მათ მართლმსაჯულების ხელი არ შეეხოთ. ჩვენ ვნახეთ, რომ რამდენიმე ათეული მაღალჩინოსანი, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები გასამართლებული იქნენ, თუმცა ხედავთ, დღემდე როგორ ცდილობენ, გაათეთრონ ყვავივით შავი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკოსები, რათა რაღაცნაირად ლეგიტიმაცია მისცენ, მაგრამ ზუსტად ასეთი დღეები გვახსენებს, სინამდვილეში, ვისთან გვაქვს საქმე.

ეს ისეთივე იდეოლოგიაა, ვინაიდან არ არის დაკავშირებული დროსთან და პარტიასთან, ეს არის იდეოლოგია, „ნაცობა“, როგორც იდეოლოგია და ვინც ამ იდეოლოგიის ქვეშაა, ყველა არის ისეთი ჯგუფი, რომელიც ყველანაირ ძალადობაზეა წამსვლელი. ამ ხალხს ერთი გრამი ძალაუფლება რომ მისცე, ყველას სათითაოდ მიგვაყენებენ კედელთან. ვინც მათ არ ეთანხმება, ყველას მიაყენებენ კედელთან, როგორც 7 ნოემბერს მოუწყვეს ეგზეკუცია ქართველ ხალხს. ეს ხალხი ახლა გაფანტულია, ზოგი პოლიტიკაშია, ზოგი არასამთავრობო სექტორში, მაგრამ სოცქსელებში ვხედავთ ხოლმე მათი ბოღმის ამოხეთქვას, ერთი სული აქვთ, ხელში ჰქონდეთ ცოტა ძალაუფლება და მთლიან საქართველოს გადაუვლიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო  ორგანიზაციათა საარჩევნო სარჩელები არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არ დაკმაყოფილდა არასამთავრობო  ორგანიზაციათა სარჩელები. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. საია-ს და კოალიცია „ჩემი ხმის“ 20 სარჩელს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილავდნენ.

„ხმის მიცემის ფარულობა არ იყო გარანტირებული ამომრჩევლებისთვის, რომლებმაც ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღეს მონაწილეობა ამ პროცესში და, შესაბამისად, ჩვენ არ ვეთანხმებით აღნიშნულ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა საია-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, დარინა სალდაძემ.

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით კი, სასამართლომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან, მისივე შეფასებით, საჩივრები ეფუძნებოდა მხოლოდ მოსაზრებებს და საჩივრის ავტორთა პირად შეხედულებებს.

„საქმეში არ იყო წარმოდგენილი არავითარი მტკიცებულება, რომელიც ამ საჩივრების საფუძვლიანობას დაადასტურებდა“, – აღნიშნა ზვიად სურმანიძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და სხვა ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც ეხებოდა 150-მდე საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას.

საქმე ეხება უბნებს, სადაც არჩევნები ელექტრონული წესით ჩატარდა.

საია, სადამკვირვებლო მისია „ჩემს ხმასთან“ ერთად, ითხოვდა, გაბათილებულიყო ყველა ის უბანი, რომლებზეც ელექტრონულად ხდებოდა ხმის მიცემა. ამის მთავარ მიზეზად კი კენჭისყრის ფარულობის პრინციპის დარღვევას ასახელებდა. ერთ-ერთ საფუძვლად სახელდებოდა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ცესკო-ს შუამდგომლობა და ბათილად იქნა ცნობილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში დაახლოებით 24 საათის განმავლობაში, ჯამში, 26 საჩივარზე მიმდინარეობდა მსჯელობა. სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ასევე ჩატარდა ხმის მიცემის პროცედურის სადემონსტრაციო ექსპერიმენტი.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეროვნულ დონეზე საბოლოოა და უფრო მაღალ ინსტანციაში, უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას არ ექვემდებარება, თუმცა საია-ს წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თუ მათი საჩივრები არ დაკმაყოფილდებოდა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავდნენ.

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, კეთილი ინებონ, მტკიცებულებები წარადგინონ ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიცია გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ. კეთილი ინებონ და მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციას მტკიცებულებები თუ არ აქვს, „მაშინ საზოგადოება შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს“.

„ოპოზიცია შეჩვეულია, რომ გამოუშვებს რაღაც ზეპირ ბრალდებებს, ცდილობენ, ძირი გამოუთხარონ არჩევნებს, ქვეყანას მიაყენებენ რეპუტაციულ ზიანს და შემდეგ ფეხს ფეხზე გადაიდებენ, ხარობენ, ხალისობენ იმით, როგორ ვისმენთ სხვადასხვა განცხადებას ერთი თუ მეორე ქვეყნიდან. კეთილი ინებონ და რაიმე საფუძველი თუ აქვთ ბრალდების, რომელსაც უყენებენ საკუთარ ქვეყანას, მტკიცებულებები წარადგინონ შესაბამის ორგანოებში. ხომ უნდოდათ გამოძიება? აი, ბატონო, მიიღეს გამოძიება და წარადგინონ რაიმე მტკიცებულება. თუ არ აქვთ, მაშინ საზოგადოება კიდევ ერთხელ შეაფასებს მათ, როგორც ჭორიკანა პოლიტიკოსებს. მათი უფლებაა, აირჩიონ, რა ფორმით იქნებიან გამოკითხული, მაგრამ გამოკითხვის დროს ან წარადგინონ მტკიცებულებები, ან თქვან, რომ ჩვეულებრივი ჭორიკნები არიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღეს 7 ნოემბერია, ჩვენი თაობისთვის და თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე – გოგა ხაინდრავა

x

დღეს 7 ნოემბერია, მე ვფიქრობ, ჩვენი თაობისთვის და საერთოდ თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დღე, როდესაც ხელისუფლებაში მყოფმა ყაჩაღებმა საკუთარი საზოგადოება, ხალხი სისხლში ჩაახრჩვეს, – ამგვარად იხსენებს კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებს.

„ამ ლაქას ძალიან ძნელად მოიშორებს ჩვენი ქვეყანა. აი, ამ გარეწრებს 700 000 კაცი აძლევს ხმას საქართველოში. ჩვენ ყველას გვახსოვს 7 ნოემბერი, ვისაც არ უნახავს, ნახოს, რა ჩაიდინეს ამ გარეწრებმა, რა უქნეს საკუთარ ხალხს. აი, ამის მნახველი ადამიანი რომ მერე გვარამიას, თინა ბოკუჩავას, ხაზარაძე ხმას მისცემს, ეს რა თქმა უნდა, დიდი პრობლემაა საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის იმიტომ, რომ მორალი მორღვეულია აბსოლუტურად და სადაც მორალი მორღვეულია, ძალიან ძნელია ლაპარაკი განვითარებაზე. მადლობა, ღმერთს ეს მორალი მორღვეულია დიდ უმცირესობაში და არა უმრავლესობაში“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 17 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – გამთენიისას, სამართალდამცველებმა თავისუფლების მოედანზე მცირერიცხოვანი აქციის დარბევა დაიწყეს.

თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს, საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მხარს ვერ დავუჭერთ – ემანუელ მაკრონი, ოლაფ შოლცი, დონალდ ტუსკი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების გამო შეშფოთება გამოხატეს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა, შოლცმა და ტუსკმა, რომლებმაც ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, როგორც ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის წევრებმა, განაცხადეს, რომ ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, თუ ქვეყანა რეფორმებს არ გაატარებს.

„თუ საქართველო არ შეცვლის თავის ამჟამინდელ კურსს და არ გამოავლენს ხელშესახებ მცდელობებს რეფორმებთან დაკავშირებით, კერძოდ, ბოლოდროინდელი კანონმდებლობის გაუქმებით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ ვერ ვიქნებით საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მხარდამჭერები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება.

სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა სამიტის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღონისძიების ფარგლებში, როგორც სიტყვით გამოსვლისას, ისე ევროპელ ლიდერებთან, საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრებს.

„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება. მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა, ასევე სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობს დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ევროპელ ლიდერებთან ვისაუბრებთ ყველა თემაზე, რაც საინტერესოა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით – პრემიერი

მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უნგრეთში განუცხადა, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, საუბარი იქნება ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ამ ღონისძიებაზე იკრიბება ყველა ევროპული ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით. მე მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც ბუნებრივია, გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, რომ ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის გვექნება საუბარი საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. გვექნება საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე”, – განაცხადა პრემიერმა.