Home Blog Page 26

ჩვენი ქვეყნის ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა – მაკა ბოჭორიშვილი

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ელჩების კონფერენციის დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დიდია დიპლომატების როლი პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

„გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენ ბევრი ვიმსჯელეთ საგარეო პოლიტიკის იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც ასახულია საქართველოს მთავრობის დღის წესრიგში.

ვისაუბრეთ გამოწვევებზე, რაც ხშირად ხელოვნურად იქმნება ჩვენი გულწრფელი კონსტიტუციური მიზნებისკენ მიმავალ გზაზე.

ჩვენს მთავარ საზრუნავად ისევ და ისევ რჩება ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლა და ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმის გამოყენება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის გამთლიანებისთვის, მშვიდობიანი ბრძოლის ყველა შესძლებლობა სათანადოდ გამოვიყენოთ.

საქართველოს მიმართ მიზანმიმართული, ხშირად უსაფუძვლო კრიტიკა და უსამართლო ნაბიჯები მხოლოდ ჩრდილს აყენებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას, იმ ქვეყნებთან ურთიერთობას, საითკენაც მივისწრაფვით.

დიდია ჩვენი, დიპლომატების როლი ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების წარმართვაში და საქართველოს შესახებ დეზინფორმაციული კამპანიების სათანადოდ გამკლავებაში.

ჩვენი ქვეყნის უმნიშნველოვანესი ფუნქციის რეალიზება და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დამაკავშირებელი როლის მორგება, ასე აქტუალური არასდროს ყოფილა. ამ ხიდის შენებას სჭირდება გეოპოლიტიკური მოცემულობის სწორი შეფასება და ბევრი მუშაობა, იმისათვის, რომ მაქსიმალური სარგებელი ნახოს ჩვენმა ქვეყანამ.

საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები და პროგრესი, არ უნდა რჩებოდეს შეუმჩნეველი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის და ამისთვის კიდევ უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ორგანიზაციების წევრობით მონიჭებული შესაძლებლობები.

ჩვენი თანამემამულეების ინტერესების დაცვა, მათთვის სამშობლოსთან კავშირის ხელშეწყობა უნდა იყოს ქართველი დიპლომატების ყოველდღიური საზრუნავი.

საქართველოს დიპლომატიური სამსახური ბოლო პერიოდში ღია და დაუფარავი შეტევის ობიექტი გახდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი სამსახურის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

მხოლოდ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით და თავდაუზოგავი შრომით შევძლებთ საქართველოს სიტყვის იმგვარად თქმას მსოფლიოში, როგორც ეს ჩვენს სამშობლოს ეკადრება.

კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ელჩების 2024 წლის კონფერენციის მუშაობაში აქტიური მონაწილეობისთვის და გისურვებთ ბევრ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვასა და სათანადოდ წარმოჩენაში”,-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: პუტინი იძულებული გახდა ალიევისათვის ბოდიში მოეხადა – The Daily Telegraph

„რუსეთმა აზერბაიჯანის თვითმფრინავის ჩამოგდება სიცრუისა და დეზინფორმაციის ქსელით შეფუთა. თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში ვლადიმერ პუტინმა თავი აარიდა დანაშაულის პირდაპირ აღიარებას და მიკიბ-მოკიბულად დაიწყო ლაპარაკი „ტრაგიკულ ინციდენტზე, რომელიც რუსეთის საჰარეო სივრცეში მოხდა“, მაგრამ, როგორც მისი ნათქვამიდან ჩანს, რუსული მხარე მკაფიო პასუხისმგებლობას არ იღებს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში სათაურით „რუსული დეზინფორმაციული პოლიტიკის წარუმატებლობა: ვლადიმერ პუტინი იძულებული გახდა ილჰამ ალიევისათვის ბოდიში მოეხადა“ (ავტორი – დემიუელ რამანი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

რუსეთი ძველებურად იქცევა – სინამდვილის აღიარება არ სურს და რეალურ ფაქტს ტყუილების ქსელით ნიღბავს. რუსულმა მასმედიამ რარაც გაურკვეველ შეთქმულების თეორიაზე დაიწყო ლაპარაკი, რომ კრემლისთვის უხერხული ფაქტი დაემალა და მის ნაცვლად თვითმრინავის ავარიის ნამდვილ მიზეზები გამოექვეყნებინა. დაწყებული ჩიტების ძრავაში მოხვედრით და დამთავრებული უკრაინული დრონის შეტევასა და სალონში ჟანგბადის ბალონის აფეთქებით – აი ვერსიები, რასაც რუსული წყაროები აჟღერებდნენ, თანაც სრული დარწმუნებით.

რუსეთის ასეთი პროპაგანდისტული „სახანძრო“ სტრატეგია დიდი ხანია ცნობილია – ამის ნათელი მაგალითია კრემლის რეაქცია 2014 წლის ივლისში უკრაინის საჰაერო სივრცეში „მალაიზიიის ავიაკომპანიის“ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე. მართალია, დასავლეთისათვის ყველაფერი გარკვეული იყო რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულზე, მაგრამ იმ დროს კრემლმა სეძლო და სხვადასხვა პროპაგანდისტული მაქინაციებით მსოფლიოს რიგი ქვეყნები თავის უდანაშაულობაში დააჯერა – მაგალითად, „გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოები.

შემდეგ იყო უკრაინაში შეჭრის მიზეზების რუსული ინტერპრეტაცია, ბუჩაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვის უარყოფა და ტრაგედიის კრემლისეული ახსნა-განმარტება – „პროვოკაციაა და ნუ ენდობითო…“. მოკლედ, დეზინფორმაციის ნაკადს გარკვეულწილად ეფექტური სახე ჰქონდა, მაგრამ ის რაც ასე თუ ისე გაუვიდა მოსკოვს დასავლეთთან, არ გაუვიდა თავის დსთ-ელ პოსტსაბჭოელ პარტნიორთან – აზერბაიჯანთან. არის აშკარა ნიშნები იმისა, რომ აზერბაიჯანი რუსეთის ტყუილებს მედგრად დაუხვდა და მოსკოვს ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, პლუს კომპენსაციის გადახდა დაღუპულთა ოჯახებისათვის.

თავდაპირველად კრემლმა უარი განაცხადა, რის შედეგადაც მისი ავტორიტეტი აზერბაიჯანში შეირყა.  ვლადიმერ პუტინი მიხვდა, რომ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდა: მან უკვე წააგო სირია, ვერ შეინარჩუნა ბაშარ ასადის რეჟიმი და ახლა კიდევ აზერბაიჯანის უნდობლობა, რაც „გლობალური სამხრეთისთვისაც“ უკვე აშკარა გახდა. კრემლს რაღაც უნდა გაეკეთებინა და ის იძულებული გახდა სიმართლე არასრულად, არაპირდაპირ მაინც ეღიარებინა და ბოდიში მოეხადა.

რუსეთი ბოლო დროს ერთგვარ ცაიტნოტშია მოქცეული: უკრაინამ უარი განაცხადა რუსული გაზის გატარებაზე, რითაც ზარალი მიადგება არამარტო მოლდოვას (თუმცა კიშინიოვს რუმინეთი მაინც დაეხმარება ნაწილობრივ), არამედ მთლიანად დნესტრისპირეთსაც. მოლდოვა, როგორც ცნობილია, კრემლის დეზინფორმაციული პროპაგანდის კრიტიკულად მნიშვნელოვან  ფრონტს წარმოადგენს – ისევე როგორც სამხრეთი კავკასია, სადაც რუსეთი მხარს უჭერს საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ავტოკრატულ რეჟიმს და ხელს უშლის სომხეთს ევროპასთან ინტეგრაციაში, [რასაც ახლა აზერბაიჯანთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესება ემატება]. მოკლედ, რუსეთის დეზინფორმაციის მანქანის კონსტრუქციაში ბზარები გაჩნდა. დადგა დრო დასავლეთისთვის, რომ ბზარები გააფართოვოს და რუსული პროპაგანდის შენობა ჩამოშალოს.

წყარო

პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა – Financial Times

„ვლადიმერ პუტინმა ბოდიში მოუხადა აზერბაიჯანს და მომხდარ ავიაკატასტროფას „ტრაგიკული ინციდენტი“ უწოდა“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსში“ (Financial Times) გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი – ანასტასია სტოგნეი), რომელშიც გადმოცემულია როგორც ავიაკატასტროფის გარემოებები, ასევე ექსპერტ-პოლიტოლოგთა შეფასებები.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

რიჩარდ კირაკოსიანი, რეგიონული კვლევების ერევნის ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ასეთი „სისუსტეების გამოვლენა“ კრემლს არ ახასიათებს.

ანალიტიკოსის თქმით, ვლადიმერ პუტინის მიერ გადადგმული ნაბიჯი აჩვენებს, რომ რუსეთის პოზიციები ბოლო დროს სუსტდება და ამაზე განსაკუთრებულ გავლენას უკრაინის ომი ახდენს. „ვლადიმერ პუტინი აცნობიერებს, რომ აზერბიჯანის უკან თურქეთი დგას, იგი ცდილობს  ანკარასთან ურთიერთობა არ გაიფუჭოს, ბაქოს მფარველთან, რაც მისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, კრემლი იძულებული გახდა ბოდიშის მოხდაზე წასულიყო – ქარაგმულად, მაგრამ მაინც“.

ანდრეი კოლესნიკოვი, მოსკოველი პოლიტოლოგი, შედარებით უფრო კრიტიკულად აფასებს სიტუაციას და ამბობს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფა ყაზახეთში რუსეთის საჰაერო სივრცეში მიღებულმა დაზიანებამ განაპირობა, რის შედეგად „აზერბაიჯანული საზოგადოება მყისიერად ანტირუსული გახდა“.

ვლადიმერ პუტინთან მძიმე სატელეფონო საუბრიდან (ბოდიშის მოხდიდან) მეორე დღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ვრცელი ინტერვიუ მისცა ქვეყნის ტელევიზიას, რომლის დროსაც ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის მიერ რუსეთის მიმართ წაყენებული მოთხოვნები ჩამოთვალა:

„პირველ რიგში – აუცილებელია ბოდიშის მოხდა; მეორე – რუსეთმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე უნდა აღიაროს თავისი ბრალი; მესამე – დამნაშავეები უნდა დაისაჯნონ, მათ უნდა დაეკისროთ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; მეოთხე – რუსეთმა დაღუპულ და ცოცხლად გადარჩენილ მგზავრებს, აგრეთვე თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. პირველი ჩვენი მოთხოვნა – ბოდიშის მოხდა – უკვე შესრულებულია. იმედი მაქვს, რომ დანარჩენი ჩვენი პირობებიც შესრულდება… სამწუხარო ისაა, რომ სამი დღის განმავლობაში რუსული მხარისაგან ჩვენ მხოლოდ რაღაც ბოდვებს ვისმენდით“.

წყარო

სალომე ზურაბიშვილის გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა – ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა – ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი

დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში, – ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტის წევრი, ტიერი მარიანი სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის სასახლის დატოვებას.

„3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის დარბაზის წინ მან [სალომე ზურაბიშვილმა] დაიფიცა, რომ არასდროს დატოვებდა თანამდებობას, რომლის ვადაც 29 დეკემბერს ამოიწურა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – აღნიშნა ტიერი მარიანიმ.

აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია – გია ვოლსკი

აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია – საქართველო და მისი პარტიული და ადმინისტრაციული ხელმძღვანელობა ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებს! საქართველოს საკუთარი პირობებისთვის და საგარეო კურსისთვის არასდროს უღალატია! – ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, აშშ-ს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ფინანსური სანქციების დაკისრების თაობაზე დასმულ კითხვას.

აქვე ვოლსკიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო პოლიტიკური კონიუნქტურა იცვლება და იმედი აქვს, რომ აშშ-სთან ურთიერთობები უკეთესობისაკენ წავა.

ვოლსკის შეფასებით, სანქციების მიზანი პოლიტიკური გავლენის მოხდენაა.

„აშშ-ს კავკასია-აზიის რეგიონში ისეთი მყარი და ერთგული პარტნიორი, როგორიც საქართველოა, არასდროს ჰყოლია – ჩვენი მოვალეობა არც ერთხელ არ “ჩაგვიგდია“, პარტნიორებთან არასდროს თავი არ შეგვირცხვენია, როდესაც საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში ერთად ვიყავით.

ახლახან გამოქვეყნდა უშველებელი მოხსენება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად წარმატებულია ქართული სამართალდამცავი ორგანოები ტერორიზმთან და საერთაშორისო დანაშაულებთან ბრძოლაში და მეორე დღეს აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის განცხადება გაკეთდა. აი ეს არის რეალობა!

მეორე რეალობაა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ამით აღფრთოვანებულია, გახარებულია და კიდევ მეტს ითხოვს – გახარებულია არიან იმით, რომ ის პროექტები ვერ შედგება, რომელიც ეხება ეკოლოგიას, კულტურულ მემკვიდრეობას, ჯანდაცვას, განათლებას, ადრონული თერაპიის ცენტრის შექმნას. ამის არგაკეთება უხარიათ, რათა იქნებ როგორმე ალეკო ელისაშვილი მოვიდეს ხელისუფლებაში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა, ჩვენი მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა-ირაკლი კობახიძე

ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის რეგიონული თანამშრომლობა. საქართველო ავითარებს ურთიერთობებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს მიზანია რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობა, რისთვისაც გასულ წლებში ბევრი რამ გაკეთდა და მომავალშიც ბევრი გაკეთდება.

კობახიძის თქმით, ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი.

„რეგიონული ინტეგრაციის მნიშვნელოვანი მექანიზმია „შუა დერეფანი“, მეზობელ ქვეყნებთან ერთად სტრატეგიული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს მშვიდობას სამხრეთ კავკასიაში. მოხარული ვართ, რომ ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან უკვე გვაკავშირებს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტები, რაც არის მშვიდობის ხელშეწყობისთვისაც უკიდურესად მნიშვნელოვანი. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება აქტიური მუშაობა. „შუა დერეფნის“ როლის ზრდაზე დადებითად აისახება თანამშრომლობა აზიის რეგიონთან, როგორც მოგეხსენებათ, ვაძლიერებთ ჩვენს პარტნიორობას ჩინეთთან, შარშან ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულ პარტნიორობას და ამ შეთანხმების საფუძველზე წელს უკვე გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, რაც, მათ შორის აისახა ეკონომიკური პარტნიორობის გაძლიერებაზე, ორმხრივად უვიზო რეჟიმის შემოღებასა და პირდაპირი ფრენების სიხშირის ზრდაზე. სხვა მიმართულებებითაც მნიშვნელოვანია ჩინეთთან პარტნიორობის უფრო მეტად გაძლიერება. ინდოეთთან ღრმავდება ურთიერთობები, საელჩო გახსნა ინდოეთმა საქართველოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ორმხრივი პარტნიორობის გაძლიერებისთვის. გრძელდება ურთიერთობები იაპონიასთან. კორეამ საქართველოში საელჩო გახსნა და დაასრულა მოლაპარაკებები „ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე“. ესეც მნიშვნელოვანი საფუძველია თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კავშირების განვითარების თვალსაზრისით, ასევე ვაფართოებთ კავშირებს ლათინურ ამერიკასა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან. ყველა მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის“, – აღნიშნა პრემიერმა.

ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და ხელი მოეწერა, ემსახურება ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას -ირაკლი კობახიძე

ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე, პრემიერის თქმით, ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, შესაბამისად, აღნიშნული კანონი არის პრევენციული ხასიათის.

„არც ერთი კანონი არ არის რეპრესიული, თითოეული კანონი ემსახურება სისტემის გაჯანსაღებას. რაც შეეხება პირბადეების აკრძალვას შეკრებებზე. სწორედ პირბადეები და სახის შენიღბვის საშუალებები გამოიყენებოდა ყველაზე აქტიურად დანაშაულების ჩასადენად. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, თავისთავად ჩანს, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ამასთან დაკავშირებით. არაფერი რეპრესიული ამაში არ არის. ჩვენი მიზანია დანაშაულის პრევენცია. მათ შორის შეკრების მონაწილეთა და კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან. ამას რომ რეპრესიულს უწოდებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გაქვთ სუბიექტური ინტერესი ადამიანებმა ჩაიდინონ მეტი დანაშაული. ჩვენი სუბიექტური ინტერესია, ადამიანებმა არ ჩაიდინონ დანაშაული. სწორედ ნიღბის ტარების პირობებში ადამიანებს ჰქონდათ ცდუნება, ჩაედინათ დანაშაული, თქვენ იცით, რომ რადიკალური ოპოზიციის მოქმედებების შედეგად დღეს პატიმრობაშია 30 კაცი. ეს არის ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობა. რომ ყოფილიყო წინასწარ ასეთი კანონი, ძალიან ბევრი ადამიანი თავს შეიკავებდა დანაშაულის ჩადენისგან. აქედან გამომდინარე, ეს კანონი არის არა რეპრესიული, არამედ პრევენციული. ყველა კანონი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტთან და რომელსაც ხელი მოეწერა, ემსახურება ერთადერთ რამეს – ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო სისტემის გაძლიერებას და გაჯანსაღებას”, – განაცხადა პრემიერმა.

2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად-პრემიერი

ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამწუხაროდ, ეს თემა ხშირად გამოიყენება სპეკულაციებისთვის კონკრეტული საერთაშორისო სუბიექტების მხრიდან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობების მიუხედავად, ქვეყანა განაგრძობს წინსვლას ევროინტეგრაციის მიმართულებით.

„ამის გამოხატულება იყო შარშან, დეკემბერში საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება. რა თქმა უნდა, ამ წარმატებაშიც ჩვენი დიპლომატების როლი არის განსაკუთრებული. ჩვენ განვაგრძობთ, რა თქმა უნდა, ყველა ვალდებულების შესრულებას. როგორც უკვე აღინიშნა, დღესაც ვაგრძელებთ ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90-%-ზე მეტი გვექნება შესრულებული. რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას (DCFTA), აქაც ვგეგმავთ, ოთხ წელიწადში შევასრულოთ ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც არის ბუნებრივია მნიშვნელოვანი ფაქტორი ევროინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად.

ჩვენ, ფართო რეგიონში, ვართ ლიდერი დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების თვალსაზრისით და ამ დამსახურებასაც სჭირდება შესაბამისი დაფასება. ამ ყველაფრის ერთ-ერთი გამოხატულებაა ის, რომ საქართველო გამოირჩევა ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპით. საქართველო არამხოლოდ ფართო რეგიონში, არამედ ევროპაში არის ნომერ პირველი ქვეყანა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების თვალსაზრისით და ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად დაჩქარება, ესეც ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. დღეისათვის ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უმეტესობა შესრულებულია და აქტიურად გაგრძელდება მუშაობა ამ მიმართულებით.  2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უკეთ მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მისაღწევად“,- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას -ირაკლი კობახიძე

საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ელჩების კონფერენცია 2024-ის დახურვის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად.

„თითოეული თქვენგანის როლი საქართველოს ინტერესების წარმოჩენასა და დაცვაში განსაკუთრებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმართება ამბასადორიალი წლევანდელ წელს, გრძელდება ეს მნიშვნელოვანი ტრადიცია, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, შევაჯამოთ ქართული დიპლომატიის მიერ გაწეული საქმიანობა, მიღწევები, განვიხილოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები. ჩვენი ქვეყანა თანამედროვე განვითარებულ სამყაროში ღირსეული ადგილის დამკვიდრებისკენ ისწრაფვის. ცხადია, ამ პროცესში საქართველოს სჭირდება საერთაშორისო პოზიციების განმტკიცება, საერთაშორისო მხარდაჭერა და ამ გზაზე თითოეული დიპლომატის როლი არის განსაკუთრებული. საქართველოს მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტის შესაბამისად, ვაგრძელებთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი აღდგენისა და დეოკუპაციის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგების და ჩართულობის პოლიტიკას. დიპლომატიური სამსახური აქტიურად მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებში ქვეყნის ინტერესების დასაცავად. წელს აქტიურად წარიმართა არაღიარების პოლიტიკა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით ჩვენს საელჩოებს. მთელი ამ 12 წლის განმავლობაში, არაღიარების პოლიტიკა ხორციელდება პრინციპულად, წარმატებით და თითოეულ შესაბამის ელჩს ამისათვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაგიხადოთ“, – განაცხადა პრემიერმა.

დევნილთა სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, იძულებით გადაადგილებულ 600-მდე ოჯახს, სოფლად სახლს შეუსყიდის.

აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.

„სოფლად სახლის“ შესყიდვის პროექტი 2014 წლიდან დაიწყო და ბოლო წლებში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. ამ პერიოდის განმავლობაში, სახელმწიფომ სახლი 11 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს შეუსყიდა, მათ შორის, 1400-მდე ოჯახი მიმდინარე წელს განსახლდა. ჯამში, პროექტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 266 მილიონ ლარამდე გაიხარჯა, მხოლოდ 2024 წელს კი – 35 მილიონ ლარზე მეტი. პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება. 2025 წლის ბიუჯეტში, სოფლად სახლების შესყიდვისთვის, 65 მილიონი ლარი გამოიყოფა.

ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, თავისუფალი არჩევნები არ იქნება -მიხეილ სააკაშვილი

თქვენ რა მართლა სერიოზულად გგონიათ, რომ ესენი რამე მოლაპარაკებაზე წამოვლენ? დაიმახსოვრეთ კარგად საქართველოში ჩატარდება თავისუფალი არჩევნები ძალიან მალე, მაგრამ ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ქართველი ხალხი სელფს გადაიღებს ივანიშვილის ზვიგენის აკვარიუმის ფონზე, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

როგორც მან აღნიშნა, სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება.

„სანამ ქართველი ხალხი არ შევა და არ დაათვალიერებს ივანიშვილის აკვარიუმს ისე, როგორც სირიელმა ხალხმა არ დაათვალიერა ასადის სასახლე, არანაირი თავისუფალი არჩევნები საქართველოში არ იქნება, მაგრამ ეს დროც ძალიან მალე მოვა, რადგან ივანიშვილი ვერ ხვდება, რომ მას კიდევ აქვს რაღაც შანსი, რომ არ მოხდეს მისი აკვარიუმის დათვალიერება. მას ჰგონია, არაფერი, რა მოხდა, ივლიან, ირბენენ და დაიღლებიან, მოისყიდის, დაქანცავს, გამოფიტავს, გადაკიდებს და მერე მაინც დარჩება. მთავარი, რაშიც იგი აგებს, მათ მხარეს არ არის ინტელექტი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

უკრაინას საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა მოუწევს-სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი

უკრაინას საკუთარი ტერიტორიების ნაწილზე უარის თქმა მოუწევს, – ამის შესახებ სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, რობერტ კალინიაკმა განაცხადა.

კალინიაკის აზრით, სლოვაკეთის ინტერესებშია, რომ ომი დაუყოვნებლივ დასრულდეს და ორ მეომარ მხარეს შორის დამყარდეს შეთანხმება, რასაც სამშვიდობო მოლაპარაკებები მოჰყვება.

მინისტრის აზრით, მომავალ საზღვრებზე უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რა ფორმას მიიღებს ომისშემდგომი უკრაინა.

„სავარაუდოდ უკრაინა ვერ აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ის ვერასდროს განთავსდება გერმანიასა და შვეიცარიას შორის, მაგრამ ყოველთვის გაიყოფს თავის უდიდეს საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან.
არ შეიძლება იმაზე დავა, ვინ არის აქ აგრესორი, რადგან რუსეთმა გადაკვეთა ყველა საზღვარი და დაარღვია საერთაშორისო სამართალი, მაგრამ აუცილებელია იმავე ყურადღების მიქცევა იმაზეც, რაც მსოფლიოს სხვა ნაწილებში ხდება და იმავე სტანდარტების გამოყენება ყველა სხვა დავისთვის“, – განაცხადა კალინიაკმა.