Home Blog Page 259

რა ეღირება დოლარი და ევრო 11 მარტს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7766 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7766 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0162 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0181 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0019 ლარი შეადგინა.

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება

ნარკოტიკებთან, მათ შორის, მცენარე კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებულ ქმედებებზე პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება.

შესაბამისი ცვლილებების ინიცირება დღეს მოხდა. პარლამენტში წარდგენილია რვა კანონპროექტი, მათ შორისაა ცვლილებები „სისხლის სამართლის კოდექსში“, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონებში.

„სისხლის სამართლის კოდექსს“ ნორმები ემატება, რომლითაც დგინდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებისთვის, როგორებიცაა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა; ასევე ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღება; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოტროპული ნივთიერების გაყიდვა; ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, გადაზიდვა ან გადაგზავნა.

ასევე მკაცრდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებისთვის, შეძენისთვის, შენახვისთვის, გადაზიდვისთვის, გადაგზავნისთვის ან ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარებისთვის.

განისაზღვრება ნარკოვაჭრობისა და ნარკომოვაჭრის ცნება. ასევე განისაზღვრება, ვინ შეიძლება იყოს ნარკომოვაჭრის ოჯახის წევრი, ახლო ნათესავი და დაკავშირებული პირი. დგინდება, თუ რა ჩაითვლება ნარკომოვაჭრის ქონებად. ამავე პროექტით, ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის კონკრეტული მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს ხუთ წლამდე ვადით შეეზღუდება სატრანპორტო საშუალების მართვის, საჯარო სამსახურში საქმიანობისა და იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვისა და ტარების უფლება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიის ევროპის თასზე ცხრა მედალი მოიპოვა

თურქეთის ქალაქ ანტალიაში ძიუდოში ჭაბუკებს შორის ევროპის თასის გათამაშება გაიმართა. ქართველმა სპორტსმენებმა ასპარეზობა ერთი ოქროს, ხუთი ვერცხლისა და სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა ნანა გულბიანმა (-63 კგ), რომელმაც თურქი მოწინააღმდეგე ჰატიჯე რუმეისა დაამარცხა. ვიცე-ჩემპიონები ალექსი გულუა (-50 კგ), სოფიო თათრიშვილი (-57კგ), გიორგი ბაბუციძე (-66 კგ), ელენე კურდღელია (-70 კგ) და იოანე აბალაკი (+90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ვახტანგ ჭიაბერაშვილი (-60 კგ), ქეთი რობაქიძე (-70 კგ) და ნონა კვარაცხელია (+70 კგ) დასჯერდნენ.

ქართველი ძიუდოისტები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.

“რენიუ” — პლასტიკური ქირურგიისა და რეკონსტრუქციული პროცედურების ცენტრი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

„რენიუ“ – ეს არის პლასტიკური ქირურგიის ცენტრი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა დაფუძნდა და დიდი გეგმებით მიიწევს წინ. განსხვავებით სხვა მსგავსი კლინიკებისა, აქ პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად, რთულ რეკონსტრუქციულ პროცედურებსაც სთავაზობენ პაციენტებს. ამ ყველაფრისთვის კი, „რენიუში“ მოწინავე ტექნოლოგიების სრული სპექტრია წარმოდგენილი, პროფესიონალთა გუნდი კი, სხვადასხვა პროცედურას უმაღლესი სტანდარტების დაცვით ატარებს.

„ჩვენი გამორჩეული ხაზი სწორედ რეკონსტრუქციული ოპერაციებია. საქართველოში და ზოგადად, კავკასიის რეგიონში, არ არსებობს ისეთი ცენტრი, სადაც პლასტიკურ ქირურგიასთან ერთად რთული რეკონსტრუქციულიპროცედურები ტარდება. სწორედ ეს ხდის ჩვენს კლინიკას გამორჩეულს”, —ამბობს “რენიუს” დამფუძნებელი, ლაშა ოსეფაიშვილი.

იმისათვის, რომ „რენიუს” დამფუძნებლებს, ლაშა ოსეფაიშვილს და ეკა ბეროზაშვილს ინოვაციური იდეები რეალობად ექციათ, შესაბამისი კაპიტალის საჭიროება დადგა. „თიბისის ფინანსური მხარდაჭერა საწყისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ამ კაპიტალის გარეშე, ვერ შევძლებდით ამ ეტაპამდე მოსვლას”, — ამბობს ლაშა ოსეფაიშვილი.

“რენიუს” დამფუძნებლებს წინ დიდი გეგმები აქვთ. მოწინავე იდეებითა და ხედვებით, პლასტიკური ქირურგიის და რეკონსტრუქციის ცენტრის მუდმივ ზრდასა და განვითარებას აანონსებენ.

(R)

რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი არ იქნება, თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ თუ არა მონაწილეობას, როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ-ლევან მაჭავარიანი

რადიკალური ოპოზიციის გადასაწყვეტი არ იქნება, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ თუ არა. როგორ დავალებასაც მისცემენ უცხოეთიდან, იმის მიხედვით იმოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანის თქმით, საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ.

„რა თქმა უნდა, მათ, თავიანთი გადმოსახედიდან, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება არანაირად არ აწყობთ, რადგან კიდევ ერთხელ გამომჟღავნდება, რა რეიტინგი აქვთ. უფრო მკვეთრად არის შემცირებული მათი რეიტინგი, ვიდრე საპარლამენტო არჩევნების დროს ჰქონდათ, რადგან თავიანთ ამომრჩეველსაც გაუწბილეს იმედები. ქვეყანაში ქაოსის დათესვას გაორმაგებული ძალებით ცდილობენ და უსირცხვილოდ პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ დღის წესრიგს წარმოადგენს, რამენაირად საქართველოში ეკონომიკური დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. ისინი არიან განულებულები და ერიდებიან, რომ ეს ყველაფერი არჩევნებში არ გამოჩნდეს. რაღაც საბაბს ეძებენ, რომ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ. მათ არათუ გამარჯვების, არამედ მინიმალური წარმატების მიღწევის არანაირი შანსი არ აქვთ. არ უნდათ, ასე მოიჭრან თავი და ახლა გზებს ეძებენ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღონ, თუმცა მათზე დამოკიდებული არ არის. როგორი დავალებაც წამოვა უცხოელი მფარველებისგან, ვალდებულები იქნებიან, ეს დავალება შეასრულონ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული – თეატრალური უნივერსიტეტის განცხადება

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

ასევე, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული.

„ეთიკის კომისიის მიერ 7 მარტს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროდ ვთვლით, განვმარტოთ: რექტორის მიერ ბრძანება სტუდენტების სტატუსის შეწყვეტის შესახებ ჯერ არ არის გამოცემული; სტუდენტებს აქვთ უფლება, გაასაჩივრონ ეთიკის კომისიის გადაწყვეტილება და წერილობით მიმართონ რექტორს სამი სამუშაო დღის განმავლობაში; რექტორს აქვს ერთი თვის ვადა თითოეული სტუდენტის საქმის განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

11-13 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11-13 მარტს საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი იქნება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +27 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20,+25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +23 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +21 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 11-13 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

„თანავინსტერების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

თანხის მითვისების ნაწილში, ბაჩიაშვილს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილი აღკვეთის ღონისძიების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა ის საქართველოში არ იმყოფება და მართლმსაჯულებას თავი აარიდა, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი გახდა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბაჩიაშვილის ნებისმიერი ფორმით სხდომაზე მონაწილეობის მიღება აღკვეთის ღონისძიების მიზნებს დაარღვევს.

დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბრალდების მხარე. პროკურორის თქმით, ბაჩიაშვილი თავს არიდებს მართლმსაჯულების განხორციელებას.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით მას შემდეგ შეეცვალა, რაც მან ქვეყანა დატოვა. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8 986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 “დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი”-El Pais

ესპანურ გაზეთ „ელ პაისში“ (El Pais) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „დონალდ ტრამპი – ამერიკული ჰეგემონიის დიდი დამანგრეველი“ (ავტორი – მაკარენა ბიდალ ლი). ქვეყანა, რომელიც დემოკრატიისა და მრავალფეროვნების სიმბოლო გახდა, ახლა უკან იხევს ყველა თავისი ფასეულობისაგან, უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე და ხელს უშლის თავის მოკავშირეებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელშიც გაანალიზებულია აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

კაცობრიობის არსებობის ისტორიული პროცესი ათასობით წლების განმავლობაში უცვლელი რჩებოდა: იმპერიები და მსოფლიოს ძალთა ცენტრები შინაგანი პრობლემების, მტრების შემოსევებისა თუ სტიქიური უბედურებების გამო ინგრეოდნენ, მაგრამ დღემდე არცერთი იმპერია არ გამქრალა იმისგან, რომ მისი ლიდერი თვითონ ანგრევს ქვეყნის ავტორიტეტს სახელმწიფოს შიგნით. როგორც ჩანს, დონალდ ტრამპი სწორედ ამით არის დაკავებული – ძირს უთხრის უკვე ჩამოყალიბებულ მსოფლიო წესრიგს, პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

აშშ-ის პრეზიდენტი ლანძღავს და სჯის თავის მოკავშირეებს. იგი დასცინის აფრიკის ქვეყნებს, რომელთა შესახებ არასდროს არაფერი არ გაუგია. იგი სწრაფად უახლოვდება მეტოქე ქვეყანას, რუსეთს. იგი ტრაბახობს, რომ ვლადიმერ პუტინი ამერიკის ყველა პრეზიდენტს ატყუებდა, მაგრამ მისი მოტყუება ვერ შეძლო. „მას ჩემს წინაშე სიცრუე არასდროს არ უთქვამს“, – აცხადებს დონალდ ტრამპი. ამ ადამიანის თეთრ სახლში დაბრუნებამ მთელი მსოფლიო გადაატრიალა. ქვეყანა, რომლის დემოკრატიამ და მრავალფეროვნებამ მსოფლიოს წესებისა და კანონების სისტემა მისცა, ახლა რეანიმაციაში წევს.

ტრამპმა უკვე გამოაცხადა თავისი ქვეყნის გასვლა „უსამართლო და კორუმპირებული ინსტიტუტებიდან. ასეთებად აშშ-ის პრეზიდენტი თვლის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას, გაეროს ადამიანის უფლებების კომიტეტს და პარიზის შეთანხმებას, რომელიც გლობალური კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ არის მიმართული.

შეერთებული შტატები ის ქვეყანაა, რომელიც ყველაზე მეტად იყო ერთგული დემოკრატიისა და მრავალფეროვნებისა, ახლა კი აშშ უკან იხევს თავისი ფასეულობებიდან და უარს აცხადებს ვალდებულებების შესრულებაზე. დონალდ ტრამპი ბარიერებს უქმნის სავაჭრო პარტნიორებს, ზრდის საბაჟო გადასახადებს იმ ქვეყნებისთვისაც კი, რომლებიც მისი მოკავშირეები და მხარდამჭერები არიან. ტრამპის გუნდი ერევა ევროპულ არჩევნებში და ულტრამემარჯვენე პარტიების მხარეზე გამოდის. ტრამპი ნატოს დაფინანსებას შეწყვეტით ემუქრება და ეჭვის ქვეშ აყენებს კოლექტიური თავდაცვის პრინციპს. იგი იკვეხნის, რომ ჩინეთთან მშვენიერი ურთიერთობის აწყობას აპირებს და ვლადიმერ პუტინს „გენიოსს“ უწოდებს.

და ამ ყველაფერთან ერთად დონალდ ტრამპი ტელეკამერების წინაშე, პირდაპირ ეთერში ლანძღავს ვოლოდიმირ ზელენსკის – მოკავშირე ქვეყნის პრეზიდენტს… იმ ქვეყნის ლიდერს, რომლის ნაწილი რუსეთს აქვს ოკუპირებული.

ჩვენ გვახსოვს ბევრი ეპიზოდი ისტორიიდან, როცა აშშ საკუთარ ინტერესებს მსოფლიო საზოგადოების ინტერესებზე მაღლა აყენებდა. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ სწორედ ამერიკა გახდა მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ბირთვი: „თავისი უახლესი ისტორიის დიდი პერიოდის განმავლობაში აშშ აშენებდა ისეთ მსოფლიოს, რომელშიც ტერიტორიული სუვერენიტეტი ხელშეუხებელი იყო, ხოლო დანარჩენი დიდი სახელმწიფოები მასთან მხოლოდ გავლენის სფეროებსა და სიმდიდრის გადანაწილებაში კონკურირებდნენ“, – ამბობს ჯონ ოუენი, პოლიტოლოგიის პროფესორი ვირჯინიის უნივერსიტეტიდან, – „ამერიკა ქმნიდა მრავალმხრივი წესებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების მქონე მსოფლიოს, ერთმანეთზე დამოკიდებულ ეკონომიკებს, სადაც პრიორიტეტი ლიბერალურ  დემოკრატიას ენიჭებოდა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ აშშ თვლიდა, რომ სწორედ ასეთი მსოფლიო პასუხობს მის ინტერესებს. მაგრამ, როგორც ჩანს, თეთრი სახლის პოზიცია შეიცვალა“.

ასეთ თვალსაზრისი საქმით ადასტურებს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციაც. „მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიო წესრიგი არამარტო მოძველდა, არამედ ის გადაიქცა იმ იარაღად, რომელსაც ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ““, – განაცხადა მარკო რუბიომ, აშშ-ის კონგრესის სენატში გამართულ მოსმენებზე, მისი კანდიდატურის სახელმწიფო მდივნად დანიშვნის დროს.

ტრამპის ახალი ძველი ხედვა

თავისი არსით, დონალდ ტრამპის ხედვა მსოფლიოზე ისეთია, როგორებიც იყვნენ გაბატონებულები ასწლეულების განმავლობაში. იგივე შეხედულებებს იზიარებენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინიც. პროფესორი ჯონ ოუენი ასეთ რეზიუმეს აკეთებს: „მსხვილი სახელმწიფოები ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, საზღვრებზე და სხვა საკითხებზე ხელშეკრულებებს დებენ, პატარა სახელმწიფოებმა კი მათი გადაწყვეტილება, როგორც მოცემულობა, ისე უნდა მიიღონ“.

წარსულთან პარალელი რომ გავატაროთ, აშშ-ის პრეზიდენტის კონცეფციას ამ შემთხვევაში მხარს ადვილად დაუჭერდნენ მხარს მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწეები – ავსტრიის კანცლერი კლემენს მეტერნიხი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შარლ ტალეირანი. ტრამპის ხედვა ჰარმონიულად ერწყმის ნაციონალიზმის თანამედროვე ვერსიების უკიდურეს ფორმებს. საზოგადოებისათვის იოლი გამოსაცნობია, თუ რას ემსახურებიან ლოზუნგები „დავუბრუნოთ ამერიკას ძველი დიდება“ (MAGA) და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“.

დავამატოთ ამას საერთაშორისო ურთიერთობების მერკანტილური კონცეფცია და კიდევ მშენებელთა ოჯახის ბეგრაუნდი. სხვაგვარად ვერ აიხსნება ის, თუ რატომ აღიქვამს დონალდ ტრამპი ღაზას სექტორს როგორც მიწის ისეთ ნაკვეთს, სადაც „ახლო აღმოსავლეთის რივიერა“ შეიძლება გააშენო. ან მოთხოვნა  უკრაინისაგან იმისა, რომ ამერიკას პრიორიტეტული უფლება ჰქონდეს მისი ბუნებრივი რესურსების გამოყენების დროს, გაწეული დახმარების სანაცვლოდ – იმ დახმარებისა, რომელსაც მმართველი დემოკრატიული პარტიის ადმინისტრაცია კიევს რაიმე პირობების წაყენების გარეშე უწევდა.

მოცემულ შემთხვევაში რესპუბლიკელი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ახდენს იმ კონცეფციის დემონსტრირებას, რომლის თანახმად, პატარა და სუსტ ქვეყნებს პროტესტის გამოხატვის უფლებაც კი არ აქვთ. „თქვენ მომგებიანი კარტი არ აქვთ“, – იმეორებს დონალდ ტრამპი და უკრაინის ტრაგედიას პოკერის თამაშს ადარებს.

„თქვენ იმდენს მიიღებთ, რამდენსაც იმსახურებთ“. „არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ ვინ ხართ – თეორიული მოკავშირე და პოტენციური დაუძინებელი მტერი“. ყველაფერი უკვე შეუბრალებლობამდე და გულგრილობამდე მივიდა. გასულ კვირაში კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპმა პატარა აფრიკული ქვეყანა მასხარად აიგდო, რომელიც აშშ-საგან განვითარებისათვის დახმარებას იღებდა: „საერთოდ გსმენიათ ვინმეს ლესოტოს არსებობა?“.

„დონალდ ტრამპის პოლიტიკის თითქმის ყველა ასპექტში არის მერკანტილური და საქმიანი იმპულსი“, – განაცხადა თავის ამასწინანდელ ინტერვიუში ჩარლზ კუპჩანმა, საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსმა.

ტრამპის პირადი ჟინია  მუდმივად იყოს სიმაღლეზე და ყურადღების ცენტრში. მას სწყურია შოკისმომგვრელი გამარჯვებები კონკურენტებზე და რაც მალე მოხდება, მით უფრო სასურველია. იგი გამარჯვებისათვის უმოკლეს გზას ეძებს, რათა უსიტყვო გამარჯვებას მიაღწიოს და შემდეგ სხვა რაღაცაზე გადავიდეს, მაგრამ ეს ხდება გრძელვადიანი პერსპექტივის საზარალოდ. იგი არსად არ ჩერდება დიდხანს: თუ რაღაც არ მუშაობს, უბრალოდ თავის პოზიციას ცვლის და მაინც აცხადებს, რომ გაიმარჯვა. „ჩვენ ვხედავთ მრავალ ტაქტიკურ გადაწყვეტილებას, რომლებსაც სამომავლო მკაფიო სტრატეგია არ აქვს“, – ამბობს პროფესორი ჯეფ ლეგრო რიჩმონდის უნივერსიტეტიდან.

გასულ კვირაში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წერილი გაუგზავნა ირანის ლიდერებს დაიწყონ დიალოგი ბირთვული პროგრამის თაობაზე – 7 წლის შემდეგ იმ დროიდან, რაც ირანისა და უცხო სახელმწიფოებს შორის გარიგება ჩაიშალა. საუბარია იმ შეთანხმების პროექტზე, რომელზეც 6 სახელმწიფო მუშაობდა, რათა თეირანს საკუთარი ბირთვული იარაღი არ შეექმნა. მოგვიანებით რესპუბლიკელმა 25%-იანი ბაჟი დაუწესა აშშ-ში შეტანილ კანადურ და მექსიკურ პროდუქციას, თუმცა ერთ დღეში თავისი გადაწყვეტილება გააუქმა – ამერიკული კომპანიების აქციები სწრაფად დაეცა. დონალდ ტრამპი უკან არ იხევს და თავის საყვარელ ლიდერს – ვლადიმერ პუტინსაც აკრიტიკებს ხოლმე შექების შემდეგ. „თუ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება, მე მას სანქციებით მოვახრჩობ“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

ზეწოლა მსოფლიოს საფუძვლის დასანგრევად – მხოლოდ დიდი პოლიტიკის დასაწყისია. კონგრესის წინაშე გამოსვლისას დონალდ ტრამპი კიდევ შეეხო პანამის არხის თემას.  ხოლო როცა მან განაცხადა, რომ გრენლანდიას აქვს უფლება თვითგამორკვევის შესახებო (მიუხედავად იმისა, რომ კუნძული დე-ფაქტოდ დანიას ეკუთვნის) კოპენჰაგენში შვებით ამოისუნთქეს. მაგრამ რად გინდა – ტრამპმა იქვე დაიწყო თავისი ჩვეული რიტორიკა – „გრენლანდია ძალიან გვჭირდება და აშშ, ასე თუ ისე, კუნძულს მაინც შეიერთებსო“. როგორც ჩანს, დანიელებს ტრამპისაგან „მოსვენება არ ექნებათ“.

საკვანძო შეხვედრა

მიმდინარე კვირა სერიოზული გამოცდა იქნება დონალდ ტრამპის სტრატეგიისათვის. ხვალ, სამშაბათს, ამერიკული მომლაპარაკებელი მხარე მარკო რუბიოსა და მაიკლ უოტცის შემადგენლობით უკრაინელებს ხვდებიან ერ-რიადში. შეხვედრა ჩატარდება აშშ-ის სამხედრო დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. სამიტს ორი სავარაუდო სცენარი აქვს: პირველი – შეთანხმების პროექტის მიღწევა ცეცხლის შეწყვეტის და ორი ქვეყნის დიალოგის ნორმალიზების შესახებ და მეორე – დონალდ ტრამპის იმპულსური გადაწყვეტილებების შედეგები რუსეთთან დაახლოების საკითხში.

ევროპელი პარტნიორები შეხვედრას მოუთმენლად ელოდებიან. ამ შეხვედრაზე ასევე არის დამოკიდებული რესპუბლიკური ადმინისტრაციის სამომავლო ურთიერთობები მოკავშირეებთან, რომლებმაც გასულ კვირას სოლიდარობა გამოხატეს ტრამპისაგან გარიყული ზელენსკის მიმართ.

„ტრამპს შეუძლია ისარგებლოს დაშინების ტაქტიკით თავისი მიზნების მისაღწევად, მაგრამ მას არ შეუძლია საკუთარ თავს ნება მისცეს დესტრუქციული ნაბიჯების გადასადგმელად ან ცუდი გარიგება დადოს რუსეთთან უკრაინის საკითხში“, – წერს Atlantic Council-ის თანამშრომელი დენ ფრიდი. „გლობალური ხედვის არარსებობა, რომელიც ფასეულობებზე იქნება დამყარებული, ძალის ფაქტორზე დაყრდნობა და იმ პრინციპის გაზიარება, როცა ერთი იმარჯვებს, მეორე აუცილებლად უნდა დამარცხდეს“ იმას ნიშნავს, რომ ამერიკა მოკავშირეებს მტრობს, მტრებთან კი ზავს დებს“, – აღნიშნავს დენ ფრიდი.

80-წლიანი ქორწინების შემდეგ ჩრდილოატლანტიკურ იდილიაში აღარც აშკარად გატყდა. ამას ადასტურებს ევროპის გადაწყვეტილება გადაიარაღების დაწყების თაობაზე, რომლისთვისაც 800 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ან ემანუელ მაკრონის ამასწინანდელი გამოსვლა:  „მსურს დავიჯერო, რომ ამერიკა ჩვენს მხარეზე დარჩება. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ მზად, თუ ეს არ მოხდება“.

რესპუბლიკურ პარტიასაც მოუწევს ფრთხილად მოეკიდოს დონალდ ტრამპის იმპერიულ ამბიციებს. დიდ სახელმწიფოებს შეუძლიათ მსოფლიო გავლენის სფეროებად დაყონ, მაგრამ, როგორც პროფესორი ჯიმ ოუენი აღნიშნავს, „მთელი ისტორიის განმავლობაში, ისინი ერთმანეთს მაშინაც ეომებოდნენ, როცა მსოფლიო სისტემა უფრო მარტივად იყო მოწყობილი“.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს -გიორგი ვოლსკი

ვერ ვიტყვი, რომ ხაზარაძემ დანაშაული აღიარა, მაგრამ ის იძულებულია, ჯარიმა გადაიხადოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ხაზარაძე ვალდებული იყო, ეს გაეკეთებინა.

„სახელმწიფოს სერიოზული ზარალი მიაყენა იმით, რომ სახელმწიფომ მილიონი დოლარი დახარჯა იმ ვალდებულების შესასრულებლად, რასაც ანაკლიის პორტის და მისი შემოგარენის განვითარება ჰქვია. სახელმწიფო ბიუჯეტმა პროექტში უშველებელი რესურსი ჩადო, პროექტის შემსრულებელმა კი – არაფერი, გარდა იმისა, რომ სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური ზარალი მიაყენა იმით, რომ წლების განმავლობაში ეს თემა ვერ განვითარდა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სატრანზიტო რესურსი არ იყო ამოქმედებული. აქედან გამომდინარე, მის მიერ ჯარიმის გადახდა, მით უმეტეს, თუ ამას არბიტრაჟი ავალებს, ის ვალდებულება იყო, რასაც იძულებითი ნაბიჯი ჰქვია. აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ იგი გონს მოეგო, რამე აღიარა ან პოზიცია შეიცვალა ამ საკითხთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკურ ქოლგას შეფარებული ხაზარაძე დიდი ხნის წინ გააკეთებდა განცხადებას თავისი გეგმებისა და ამოცანების შესახებ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

USAID-ის პროგრამების 83% ოფიციალურად გაუქმებულია – მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ამერიკის მთავრობამ USAID-ის პროგრამების დაახლოებით 83% ოფიციალურად გააუქმა.

„ექვსკვირიანი დაკვირვების შემდეგ ჩვენ USAID-ის პროგრამების 83%-ს ოფიციალურად ვაჩერებთ. 5 200 კონტრაქტზე, რომელიც ჩვენ გავაუქმეთ, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი იმ საშუალებებით, რომელიც არ ემსახურებოდა (ხოლო რიგ შემთხვევაში ეწინააღმდეგებოდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, – დაწერა რუბიომ.

მისი თქმით, კონგრესთან შეთანხმების შედეგად ორგანიზაციის პროგრამების დარჩენილი ნაწილის ეფექტური ადმინისტრირება სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მოხდება.

რუბიომ მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს და სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს გაწეული სამუშაოსთვის.

ჩვენი უწყების 2-წლიანი ძალისხმევით მომხმარებლის უფლებები უფრო მეტად არის დაცული და გარანტირებული-ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, სემეკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, ეროვნული ბანკის, კომუნიკაციების კომისიის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მომხმარებელთა დაცვის III საერთაშორისო კვირეულის გახსნითი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ.

„საქართველოს მთავრობის მიერ მხარდაჭერილი მომხმარებლის უფლებების დაცვის პირველი ეროვნული სტრატეგია, 2024 წელს დაიწყო და 2027 წლის ჩათვლით, 6 მარეგულირებელი უწყების ერთობლივ აქტივობებს მოიცავს. სტრატეგიის მიზანია, ერთობლივ ფორმატში – ეროვნულ დონეზე, მომხმარებლის ჯგუფური და ინდივიდუალური ინტერესების თანაბრად და ეფექტიანად დაცვა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კიდევ უფრო მეტი გარანტიების შექმნა მოქალაქეებისთვის, როგორც მომხმარებლებისთვის, რადგან მათი უფლებები იყოს უფრო მეტად დაცული და გარანტირებული.

საერთაშორისო მიმართულებით მიღებული შედეგების მიხედვით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, 2024 წელს, World Bank Group-ის და ICPEN-ის ჯილდო, რომელიც სააგენტოს მომხმარებელთა უფლებების დაცვის და აღსრულების მაღალი სტანდარტისთვის გადმოეცა. საქართველო – მომხმარებლების განცხადებების ეფექტიანად განხილვისა და საკითხის მათი ინტერესების გადაწყვეტის ნომინაციაში მოწინავე ქვეყნების აღმასრულებელი უწყებების სამეულში გამარჯვებულად დასახელდა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ირაკლი ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, 2024 წელს, ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში წარმოდგენილი შეფასებების მიხედვით, მომხმარებლის დაცვის მიმართულებით საქართველოში ფიქსირდება წინსვლა და შესრულებულია ევროკომისიის რეკომენდაციების დიდი ნაწილი. მისი განცხადებით, დღეს ქვეყანაში არსებობს მომხმარებლის უფლებების დაცვის ინსტიტუციური ჩარჩო და საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრაშია.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული TWINNING-ის პროექტის ექსპერტების შეფასებით, მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობის თავსებადობა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით განსაზღვრულ დირექტივებთან მიმართებით 70%-დან 85%-მდე გაიზარდა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, 2024 წელს, “ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონი სრულად ამოქმედდა. ამავე წელს, ჩვენმა უწყებამ გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ელექტრონული კომერციის შესახებ ახალი პროექტი დაიწყო. სამუშაო შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

საზოგადოების ცნობიერების გაძლიერების მიმართულებით, მომხმარებლის უფლებების დეპარტამენტის მიერ გზამკვლევი დოკუმენტი მომზადდა, რომელიც სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისთვის რიგ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს და აქტივობებს მოიცავს. საგანმანათლებლო სექტორში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საინფორმაციო შეხვედრები აქტიურ ფორმატში მიმდინარეობს და უკვე ხელშესახები შედეგებიც გვაქვს. ასევე, ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობებში ფასების გამჭვირვალობის და ბაზრის გამართულად ფუნქციონირების მიზნით, შეიქმნა საქონელსა და მომსახურებაზე ფასის მითითების სახელმძღვანელო, რომელიც დღეს ჩვენს ღონისძიებაზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, არის წარმოდგენილი.

III საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი გზავნილი და ამოცანა მიმდინარე წლის განმავლობაში იქნება – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გაძლიერება, მათთვის ინფორმაციის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინკლუზიური გარემოს ფორმირება.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი უწყების წარმომდგენლებს გაწეული საქმიანობისთვის. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელმაც მოგვმართა, რადგანაც ჩვენ მიერ დადგენილი სტანდარტები, მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ თქვენი აქტიურობის შედეგია. მადლობა მხარდაჭერისთვის და ჩართულობისთვის ექვსივე მარეგულირებელი უწყების წარმომადგენელს. სამთავრობო და საპარლამენტო გუნდს, ჩვენს საერთაშორისო კოლეგებს, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორს. განსაკუთრებული მადლობა საქართველოს ყრუთა კავშირის და უსინათლოთა კავშირის წევრებს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად არიან“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ ღონისძიების გახსნაზე.

მისივე განცხადებით, 2024 წელს, მომხმარებლის სასარგებლოდ, დაახლოებით, 600 000 ლარზე მეტი ანაზღაურდა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, მომართვიანობის მაჩვენებელი გაორმაგებულია, ხოლო საქმეების 90%-ზე მეტი მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.

კვირეულის გახსნითი ღონისძიება 10 მარტს, თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ გაიმართა, სადაც მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე პასუხისმგებელმა მარეგულირებელი უწყებების წარმომადგენლებმა მიღებული შედეგები, გამოწვევები და აღსრულების მექანიზმები მიმოიხილეს. კვირეულის ფარგლებში, მომხმარებლებთან სამუშაო-საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება: 12 მარტს – ახალქალაქში, 14 მარტს – ზუგდიდში და 15 მარტს ბათუმში.

ინფორმაციას კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.