Home Blog Page 25

როგორ შეიძლება, ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან მუქარის განცხადებებს ვისმენთ, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მმართველი გუნდი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც არსებული გამოწვევების ფონზე მარტივი არ არის. ამის შესახებ მან გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა და მშვიდობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

„მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება და რა პროცესები მიდის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება, რასაც ჩვენ, ჩვენი პოლიტიკით, ყოველდღიური ბრძოლით ვახერხებთ. ცხადია, ეს მარტივი არ არის, იმდენი გამოწვევა არსებობს – დიდი პოლიტიკური მოთამაშეებისგან სხვადასხვა ინტერესია, თუმცა ძალიან მტკიცედ ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესს, მის ხვალინდელ დღეს, ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, რომელიც ჩვენმა წინა თაობებმა სისხლითა და ბრძოლით მოიპოვეს. ამ ყველაფერს სჭირდება განმტკიცება და შენარჩუნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, საქართველო მზადაა მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ეს აუცილებლად ორმხრივი უნდა იყოს.

„როგორ შეიძლება, ვებრძოდეთ ევროპას ან ამერიკას, მაგრამ როდესაც კონკრეტული ბიუროკრატების მხრიდან ვისმენთ მუქარის განცხადებებს, რომლებიც დაფუძნებულია ტყუილზე, სიცრუესა და ცილისწამებაზე, რა თქმა უნდა, გვიწევს, დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები. მზად ვართ, მეგობრობისთვის, პარტნიორობისთვის, ურთიერთობებისთვისაც, მაგრამ ეს უნდა იყოს ორმხრივი და არა ისე, მე შეიძლება დიდი ქვეყანა ვარ, შენ პატარა და რასაც გეტყვი, ის უნდა გააკეთოო. ეს არ არის მეგობრობა და პარტნიორობა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ევროკავშირი მზადაა, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ ხელისუფლება ამჟამინდელ ქმედებებს შეცვლის -ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა

ევროსაბჭოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით შეშფოთებულია და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზას.

„ევროკავშირის განცხადება საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით: გვაქვს პატივი, ვისაუბროთ ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების სახელით. ჩვენ შეშფოთებულები ვართ ადამიანის უფლებების მდგომარეობით და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლით.

1-3 სექტემბერს, ოცდაერთ ადამიანს ბრალი წაუყენეს ჯგუფური ძალადობის „ორგანიზებაში“ ან „მონაწილეობაში“, ნარკოტიკების უკანონო შენახვაში ან განზრახ სხეულის დაზიანებაში, მაშინ, როცა სასამართლო პროცესები გრძელდება.

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ორი ლიდერი ცოტა ხნის წინ შეიწყალეს, სხვები დაკავებულები არიან და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობა განხორციელდა. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების და გამოხატვის უფლებას, გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების ყველა ბრალდება და პასუხისგებაში მისცეს პასუხისმგებელი პირები. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის დაცვისა და სამართლიანი სასამართლო პროცესის უფლების უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ვიხსენებთ, რომ ფუნქციონირებადი სამოქალაქო საზოგადოება ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის კრიტიკული კომპონენტია, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, უზრუნველყოს, რომ მისმა დინამიკურმა სამოქალაქო საზოგადოებამ შეძლოს შეზღუდვების გარეშე ფუნქციონირება და აქტიურად, ინკლუზიურად და მნიშვნელოვნად ჩაერთოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს გადაწყვეტილება შვიდი დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების გაყინვის შესახებ. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს ვენეციის კომისიის ყველა მიმდინარე რეკომენდაცია.

ვწუხვართ, რომ საქართველომ არ მოიწვია რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების კონგრესი მოახლოებული არჩევნების დასაკვირვებლად და დროულად არ გასცა ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) მოწვევა. ხაზგასმით აღვნიშნავთ ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება შეცვლის ამჟამინდელ ქმედებებს.

განცხადებას უერთდებიან ალბანეთი, ანდორა, ისლანდია, ლიხტენშტაინი, მოლდოვა, მონაკო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, სან-მარინო, უკრაინა, გაერთიანებული სამეფო“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ინიციატივა – „გაიცანი დილიჟანი” წარადგინეს

საქართველოში წარადგინეს ინიციატივა „გაიცანით დილიჟანი“,რომელიც დილიჟანს ტურისტული დანიშნულების საკვანძო ადგილად ასახელებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფონდი Green Rock Foundation-ი ავრცელებს.

“საქართველოს დედაქალაქში, თბილისში,მსოფლიო ტურიზმის დღის ფარგლებში,“ტურიზმის სტანდარტების“ მე-7-ე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.კოფერენცია 2020 წლიდან,ყოველ წელს იმართება.ეს მნიშვნელოვანი პლატფორმა სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის სპეციელისტებს აერთიანებს, რომლებიც თავიანთი ქვეყნების ტურისტულ სტანდარტებსა და რეგულაციებს წარმოადგენენ. გარდა ამისა,კონფერენცია ქსელური ურთიერთობებისა და მრავალფეროვანი თანამშრომლობის შექმნის შესანიშნავ შესაძლებლობას იძლევა.

სომხეთი პირველად მონაწილეობდა ამ კონფერენციაში და მას Green Rock Management Company და Green Rock Foundation წარმოადგენდა.

ინიციატივა „გაიცანი დილიჟანი“ცალკე ღონისძიების სახითაც იყო წარმოდგენილი საქართველოში.ღონისძიებას ესწრებოდნენ:სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში,სომხეთის ტურიზმის კომიტეტი,საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაცია(GNTA) და საქართველოს ტურიზმის ასოციაცია(GTA).

ღონისძიების ფარგლებში,ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს Green Rock Foundation-სა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციას (GTA) შორის.

„გაიცანი დილიჟანი“ ინიციატივის მიზანია, წარმოაჩინოს დილიჟანის, როგორც წამყვანი ტურისტული ადგილის, უნიკალური მიმზიდველობა როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. პლატფორმა უზრუნველყოფს სხვადასხვა ინსტრუმენტებსა და რესურსებს, რაც ვიზიტორებს საშუალებას მისცემს, სიღრმისეულად აღმოაჩინონ ქალაქი – მისი ბუნება, მდიდარი კულტურა, სამზარეულო და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებები.ძირითადი მიზანია,საქართველოს ბაზარზე დილიჟანის ცნობადობის გაზრდა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.

“ჩემთვის დიდი პატივია, თბილისის გულში, ვისაუბრო დილიჟანზე,ულამაზეს ქალაქზე. დილიჟანი სომხეთის ერთ ერთი ყველაზე საინტერესო და სწრაფად განვითარებადი ქალაქია,რომელიც მდებარეობს თბილისსა და ერევანს შორის.საბჭოთა პერიოდში,ის ცნობილი იყო თავისი სამკურნალო კურორტებით,შემდეგ კი მიმზიდველ ტურისტულ ცენტრად იქცა.ძალიან გვიხარია,რომ დილიჟანი საკმაოდ პოლულარულია ქართველ ტურისტებს შორის და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება“-თქვა სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში,აშოტ სმბატიანმა,ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

„სომხეთი ჩვენი კომბინირებული ტურების მთავარი დანიშნულების ადგილი ხდება და იმედი მაქვს,დღევანდელი პრეზენტაცია ახალ ბიზნეს შესაძლებლობებს წარმოშობს.ამ ერთობლივი პროდუქტის ჩაშვება ჩვენ მზარდ სიძლიერესა და რეგიონული თანამშრომლობისადმი ერთგულებაზე მიუთითებს.დარწმუნებული ვარ,რომ Green Rock-თან ჩვენი ახალი პარტნიორობა წარმატებული იქნება.ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია და მოუთმენლად ველი იმას,რასაც ერთად მივაღწევთ“-საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თამჯდომარე-ნატალია კვაჭანტირაძე.

„დილიჯანის ამ საერთაშორისო პლატფორმაზე წარდგენა უნიკალური შესაძლებლობაა არა მხოლოდ ქალაქის ტურისტული და კულტურული პოტენციალის წარმოსაჩენად, არამედ სომხეთის პოზიციის გასაძლიერებლადაც,რეგიონულ ტურისტულ რუკაზე. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ დილიჟანს შეუძლია გახდეს ხიდი სომხეთისა და საქართველოს ტურისტულ ბაზრებს შორის,თავისი ხელსაყრელი ლოჯისტიკის, ახლო გეოგრაფიული მდებარეობისა და მოკლევადიანი მოგზაურობების ხელმისაწვდომობის წყალობით. გარდა ამისა, დილიჟანს აქვს დიდი პოტენციალი კომბინირებული რეგიონული ტურებისთვის, რაც მიმზიდველია  საერთაშორისო ვიზიტორებისთვის, რომლებსაც სურთ ერთ მოგზაურობაში შეათავსონ სომხეთი და საქართველო. ამ კონფერენციაში მონაწილეობა ერთდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა და შესაძლებლობაც იმის საჩვენებლად, რომ სომხეთი მზადაა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე ახალ დონეზე წარსდგეს“, – აღნიშნა Green Rock Foundation-ის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ.

სომხეთის ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლუსინე გევორგიანმა, თავის გამოსვლაში,ხაზი გაუსვა, რომ დილიჟანში,ინფრასტრუქტურის განვითარებაში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდება. მისი თქმით, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ დილიჟანი რეგიონის მნიშვნელოვან ცენტრად იქცევა. გევორგიანმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი ტურისტები დილიჟანს სრულიად ახალი პერსპექტივიდან აღმოაჩენენ.

ღონისძიების მონაწილეები ასევე გაეცნენ დილიჟანის მდიდარ ისტორიას, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ პოტენციალს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო HoReCa სექტორს (სასტუმროები, რესტორნები, კაფეები), რადგან, სავარაუდოდ, სწორედ ეს სექტორი იქნება  საქართველოდან ტურისტული ნაკადის ზრდის მთავარი მიზეზი.

„Green Rock“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, კატერინა დანეკინამ, დილიჟანში მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე ისაუბრა. ეს იქნება სომხეთის უდიდესი დასასვენებელი და გასართობი ცენტრი, რომელიც ქალაქის გულში განთავსდება.ეს პროექტი ახალ ბიძგს მისცემს მთელი რეგიონის განვითარებას და გახდება ადგილობრივი მოსახლეობის საყვარელი ადგილი და ახალი,მიმზიდველი წერტილი სომხეთის რუკაზე,უცხოელი  ტურისტებისთვის. გარდა ამისა, მან წარადგინა „აგურის სახლი“-ახალი გასართობი ცენტრი ქალაქის მაცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის.

ფონდის საქმიანობაზე საუბრისას, „Green Rock“-ის ფონდის ხელმძღვანელმა, კატია ბრედიხინამ, აღნიშნა, რომ დილიჟანში სულ ახლახანს გაიხსნა სტუმართმასპინძლობის საერთაშორისო სკოლა „აპისიუს არმენია“. მან ასევე ისაუბრა ფონდის სხვა პროექტებზე, მათ შორის: „მწვანე ტაქსის“ ეკო-სერვისზე, რეგიონული ტურიზმის ფორუმზე და დილიჟანის სპორტული კომპლექსის რეკონსტრუქციის პროექტზე.

ღონისძიების ფარგლებში,ასევე გაიმართა პანელური დისკუსია, რომელიც ფოკუსირებული იყო რეგიონული განვითარების შესაძლებლობებზე,განსაკუთრებით,ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორებში.სესიამ,რომლის მოდერატორიც იყო გაიანე „გაიცანით დილიჟანიდან“,შეკრიბა ბიზნესისა და სტუმართმასპინძლობის წამყვანი წარმომადგენლები, მდგრადი განვითარებისთვის საჭირო ხედვებისა და სტრატეგიების გასაზიარებლად.

პანელის საპატიო მონაწილეებს შორის იყვნენ:გურამ ავალიანი-BTL Georgiaს ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი; სებასტიან ვინსენტი-Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალური მენეჯერი; დებორა სივერსტენი-Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ის გენერალური მენეჯერი; თამარ ახალბედაშვილი-Museum Hotel Tbilisi-ის გენერალური მენეჯერი და ირმა კოდუა-Grata Dmc-ის ხელმძღვანელი.

მათი ერთობლივი  შეფასებით განისაზღვრა რეგიონის,როგორც ინვესტიციებისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანი ლოკაციის პოზიციონირების პერსპექტივები,”-აღნიშნულია ფონდი Green Rock Foundation-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოვიდა

მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლა საქართველოს ისტორიაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წარმოადგენს სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია. მისივე განცხადებით, ის წარმოადგენს ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა.

„მე წარმოვადგენ სამი ათასწლოვანი ისტორიის მქონე ქვეყანას, მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის აკვანს და მამაც ქართველ ერს, რომელიც სიამაყით და ღირსებით აღსავსეა. ქვეყანას, რომელსაც მსოფლიოში უნიკალური დამწერლობა, უძველესი ენა და 17 საუკუნოვანი ქრისტიანობის ტრადიცია გააჩნია.

საქართველოს ისტორია, ეს არის დამპყრობლების წინააღმდეგ ჩვენი ხალხის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის უწყვეტი ქრონიკები, რის შედეგადაც, ჩვენ სასწაულებრივად შევძელით ჩვენი კულტურული თვითმყოფადობის, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნება. საუკუნეების მანძილზე, დამპყრობლებთან უწყვეტი ომიანობის მიუხედავად, საქართველოში არსებული კულტურული გარემო, ყოველთვის გამოირჩეოდა უცხოსადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობით, ჰუმანიზმითა და მოყვასის სიყვარულით. ტოლერანტობა, უცხოს მიმღებლობა, მათთან ერთად ჰარმონიული თანაარსებობა და მრავალფეროვნება, ჩვენი უძველესი კულტურის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც ბრწყინვალედაა აღბეჭდილი ქართულ პოლიფონიაში, ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და ყველასათვის კარგად ცნობილ ქართულ ეპოსში, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“. საქართველო ის ადგილია, სადაც ისტორიის მანძილზე ეთნიკური თუ რელიგიური ნიშნით, არასოდეს მომხდარა არცერთი ადამიანის ჩაგვრა ან დევნა. პირიქით, ჩვენ ყოველთვის გამოგვარჩევდა სამართლიანობის მძაფრი განცდა. მე წარმოვადგენ ქართველ ხალხს, რომელმაც იცის როგორც ომის ფასი, ასევე თავისუფლებისა და მშვიდობის მნიშვნელობა. ხალხს, რომელიც უფრთხილდება თავის მდიდარ ისტორიასა და ტრადიციებს, მაგრამ ამავდროულად თვალს უსწორებს და უმკლავდება იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება.

„სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ლანდშაფტისა და უპრეცედენტო გლობალური გამოწვევების პირობებში, როგორიცაა მიმდინარე კონფლიქტები, კლიმატის ცვლილება, იდეოლოგიური პოლარიზაცია, კულტურული გაუცხოება და ომით გამოწვეული ჰუმანიტარული კრიზისები, საქართველო მტკიცედ დგას დიალოგის, მშვიდობის, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების სადარაჯოზე. ჩვენს გარშემო არსებული მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩვენ შევძელით ჩვენი ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საქართველოს ხელისუფლების ძირეულ ფილოსოფიად რჩება შევინარჩუნოთ მშვიდობა და რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ჩვენს ხალხს თავიდან ავარიდოთ ომი. უკვე მეოთხე წელია, რაც უკრაინაში საშინელი, სისხლისმღვრელი ომი მიმდინარეობს, რომელსაც კატასტროფული შედეგები და უზარმაზარი ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. 2008 წლის ომის მწარე გამოცდილების გათვალისწინებით, რომლის იარები დღემდე არ მოუშუშებია ქართველ ხალხს, ჩვენ ბევრზე უკეთ გვესმის ის ტკივილი, რასაც დღეს უკრაინელი ერი განიცდის. დღესაც, როგორც უწინ, საქართველო უკრაინელი ხალხის მიმართ მტკიცე და ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად. მისივე განცხადებით, საქართველო მიესალმება პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.

„იქიდან გამომდინარე, რომ მშვიდობის მნიშვნელობას სიღრმისეულად ვაცნობიერებთ, საქართველოს თავისი წვლილი შეაქვს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტრანსფორმაციაში და ცდილობს ის კონფლიქტების რეგიონის ნაცვლად, ცივილიზაციათა დიალოგისა და ეკონომიკური კეთილდღეობის სივრცედ აქციოს.

მივესალმებით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ისევე როგორც მის ძალისხმევას, მალე დასრულდეს რუსეთ-უკრაინის სისხლისმღვრელი ომი. საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და აქტიურად იღვწოდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად, ისევე როგორც, მეზობლებს შორის ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად. საუკუნეების მანძილზე, ჩვენი ქვეყანა ცივილიზაციათა გზაჯვარედინსა და განსხვავებულ კულტურათა დიალოგის სივრცეს წარმოადგენდა. დღეს საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

როგორც გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით.

„სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობები, ევროკავშირთან არსებული შეთანხმებები და შუა დერეფანში საქართველოს საკვანძო პოზიცია, ჩვენი ქვეყნის როლს, როგორც რეგიონში, ასევე ევრაზიის კონტინენტზე, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ან

ანიჭებს. საქართველო, უმოკლესი დამაკავშირებელი გზა და ბუნებრივი ხიდია, ევროპასა და აზიას, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობისა და პრაგმატული საგარეო პოლიტიკის წყალობით, საქართველო მრავალგანზომილებიან და მულტიფუნქციურ რეგიონულ ჰაბად ყალიბდება, როგორც ვაჭრობის, ასევე ენერგოტრანზიტის მიმართულებით. საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შუა დერეფნის სტრატეგიული მარშრუტის განვითარებაში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე უსაფრთხო, სანდო და სტაბილურ დამაკავშირებელ მარშრუტად იქცეს. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო ინვესტორებთან, ვავითარებთ ინფრასტრუქტურას და ხელს ვუწყობთ ახალი ენერგო-სატრანზიტო გზების ჩამოყალიბებას, ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, აზიური და ევროპული ბაზრის დაკავშირებადობის ხარისხს ზრდის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველოს მიერ დაწყებულ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებზე გაამახვილა ყურადღება.

„შუა დერეფნის განვითარების ფარგლებში, საქართველომ სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები წამოიწყო, რომლებიც სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტირების მოცულობისა და ინტენსივობის გაზრდას ემსახურება. მათ შორის, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი უკვე დასრულებულია, ხოლო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტებზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. აღნიშნული პროექტები, ერთი მხრივ, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის, ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების დანარჩენ მსოფლიოსთან საზღვაო კავშირს უზრუნველყოფს, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები ხელს უწყობს ენერგომარშრუტების დივერსიფიკაციას, რითაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების ენერგოუსაფრთხოებას. შუა დერეფნის განვითარებისა და ორი უდიდესი ბაზრის, აზიისა და ევროპის დაკავშირებადობის გაუმჯობესების მიზნით, უკვე მერვე წელია, რაც საქართველო თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმს“ მასპინძლობს. ეს არის საერთაშორისო დიალოგისა და ახალი შესაძლებლობების პლატფორმა, რომელსაც 60-ზე მეტი ქვეყნიდან 2 ათასამდე დელეგატი ესწრება“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, საქართველო ღიაა ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ითხოვს პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას.

„ჩვენი ამოცანაა, კონსტრუქციული, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთსარგებლობაზე დაფუძნებული ურთიერთობები განვავითაროთ ისეთ ძლიერ ეკონომიკებთან, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები, ჩინეთი, ევროკავშირი თუ სხვა. ჩვენ, ღია ვართ ნებისმიერი დიალოგისა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ ამავდროულად ვითხოვთ პატივისცემას, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდებულებას. რასაც ქართველი ხალხი არ შეეგუება, ესაა ულტიმატუმების, შანტაჟისა და დაშინების ენით საუბარი“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სწორედ საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა.

„საქართველო გაეროს დეკლარაციის ფუნდამენტური პრინციპებისა და ღირებულებების ერთგული და საერთაშორისო საზოგადოების ღირსეული და პასუხისმგებლობით აღსავსე წევრია, რაც იმითაც დასტურდება, თუ რამხელა ძალისხმევა გაიღო, საქართველოს მოქმედმა ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესების კუთხით. სწორედ ხელისუფლების პრაგმატული და რაციონალური პოლიტიკის დამსახურებაა, რომ შევინარჩუნეთ მშვიდობა და ეკონომიკური ზრდა, რითაც ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ. გასულ წლებში, უამრავი გამოწვევის მიუხედავად, საქართველომ გარე შოკების მიმართ შთამბეჭდავი მედეგობა გამოავლინა. საქართველოს განვითარების პოზიტიური დინამიკა ასახულია და დასტურდება მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციების საერთაშორისო რეიტინგებითა და პარამეტრებით“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მიხეილ ყაველაშვილმა საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ აფხაზ და ოს ძმებსა და დებს მიმართა.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპაციის ქვეშ რჩება, ჩვენ დიდი ენერგიითა და შემართებით ვაგრძელებთ განვითარებასა და წინსვლას. ჩვენ გვაკისრია მისია, რომ ჩვენმა შვილებმა უფრო ძლიერ, ღირსეულ საქართველოში და მშვიდობიან მსოფლიოში იცხოვრონ. ახლა კი, მინდა მივმართო, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ვწერდით საქართველოს ისტორიას. ისტორიას, რომელიც სავსეა ჩვენი წინაპრების გმირობებით, საერთო ბრძოლით, ჩვენი ერის თვითგადარჩენისა და სამშობლოს სიყვარულისთვის. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ დიდი იმპერია, რომელიც სხვებს საკუთარ წესებს თავს მოახვევდა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით ქვეყანა, რომელიც ამაყობდა საკუთარი მრავალფეროვნებით. საქართველო არის ადგილი, სადაც ცივილიზაციები საუკუნეების მანძილზე ხვდებოდნენ, ერწყმოდნენ და აბალანსებდნენ ერთმანეთს. ჩვენი კულტურა კი ამ რთული და მუდმივი სინთეზის პირმშოა. ჩემო აფხაზო და ოსო ძმებო და დებო, ჩვენი კულტურული კოდი არ შეცვლილა. ჩვენთვის მრავალფეროვნება არა პრობლემა, არამედ კვლავ არსებობის აუცილებელი ფორმულაა, ამიტომ საოკუპაციო ხაზის მიღმა მყოფ თანამოძმეებს ყოველთვის ღია გულითა და გაშლილი ხელით შეგხვდებით. ჩვენი ვალია, რომ ერთობლივი ძალისხმევით გადავლახოთ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებები, აღვადგინოთ ჩატეხილი ხიდები, წარსული წყენები კი, როგორც გამორჩეულად სულგრძელმა ხალხმა, წარსულს მივაბაროთ. მე მწამს, რომ ერთ დღესაც ჩვენს შვილებთან ერთად, ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც ჩვენს ჰარმონიულ თანაცხოვრებას ხელს ვერაფერი შეუშლის. აქვე, მინდა მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“,- განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო მზადყოფნას გამოთქვამს და ღიაა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი აწარმოოს გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან.

„საქართველო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, თანამედროვე ისტორიის საკვანძო მომენტს გადის. ჩვენ ვცხოვრობთ გარდამავალ ეპოქაში, სადაც ჯერ კიდევ ბუნდოვანია, თუ როგორი იქნება მომავალი საერთაშორისო წესრიგი. გაერთიანებულმა ერების ორგანიზაციამ, უნდა უზრუნველყოს ჩვენი პლანეტის ტრანზიცია, მშვიდობიან, სტაბილურ და სამართლიან, მრავალპოლუსიან საერთაშორისო წესრიგზე. საქართველო, როგორც საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიანი წევრი, მზადაა ხელი შეუწყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გახდეს ომის გარდაუვალი ალტერნატივა და მშვიდობის მთავარი გარანტორი. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ მზადყოფნას გამოვთქვამთ და ღია ვართ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, დიალოგი ვაწარმოოთ გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე უკლებლივ ყველა მხარესთან. არსებული რეალობა ჩვენგან მოითხოვს, რომ რთულ საკითხებს თვალი გავუსწოროთ და დავიწყოთ ღია, პრაგმატული და შედეგებზე ორიენტირებული დიალოგი. ვფიქრობ, მხოლოდ ასე შევძლებთ საერთო გლობალური გამოწვევების დაძლევას და ახალი შესაძლებლობების გახსნას ჩვენი ქვეყნების, ხალხებისა და მომავალი თაობების სასარგებლოდ“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

საინფორმაციო შეხვედრა არჩევნებზე რეგისტრირებული პარტიების და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას მიმდინარე საარჩევნო საკითხების შესახებ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის (სწავლების ცენტრი) ორგანიზებით მორიგი საინფორმაციო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართა.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძესთან და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელთან ნათია ზაალიშვილთან ერთად გახსნა. მათ ყურადღება გაამახვილეს ჩართული მხარეების ინფორმირების მნიშვნელობაზე, ისაუბრეს მათ როლზე და საარჩევნო პროცესში პროფესიონალიზმზე დაფუძნებული ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცების აუცილებლობაზე, სადაც ყველა ჩართული მხარე არის ინფორმირებული და მზად არის საკუთარი პასუხისმგებლობის ობიექტურად შესასრულებლად, რაც დემოკრატიული პროცესის გამართულად განხორციელების წინაპირობაა.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართება, რომლის მთავარი მონაწილეები პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ინფორმაცია მივაწოდოთ იმ ძირითადი საარჩევნო საკითხების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათი უფლება-მოვალეობების განხორციელებას და სხვადასხვა საარჩევნო სიახლეს. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში ასევე გვაქვს შესაძლებლობა კითხვა-პასუხის ფორმატში გავიაროთ მათთვის საინტერესო ნებისმიერი საკითხი, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კენჭისყრის დღეს ფუნქციების ეფექტიანად განხორციელებას“,-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.

„ცესკო და სწავლების ცენტრი აგრძელებს საინფორმაციო შეხვედრებს ჩართულ მხარეებთან. დღეს განვიხილავთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის საკანონმდებლო სიახლეები, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესი, კენჭისყრის დღის პროცედურული ასპექტები, ფოტოვიდეოგადაღების რეგულაციები საარჩევნო უბანზე და ყველა ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც მიემართება კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას“, -განაცხადა ნათია ზაალიშვილმა

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა აქტიური დისკუსია, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია პერიოდულად მართავს, ქმნის სივრცეს დიალოგისთვის, სადაც შესაძლებელია აქტუალური საკითხების განხილვა. ადმინისტრაცია აწვდის გადამოწმებულ ინფორმაციას ჩართულ მხარეებს, რაც თავის მხრივ ქმნის ღია და ანგარიშვალდებულ გარემოს და ზრდის მათ ინფორმირებულობას, რაც ერთობლიობაში აძლიერებს პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ თანამშრომლობას და უზრუნველყოფს ინფორმაციის თანაბარ ხელმისაწვდომობას ყველა მონაწილისთვის. 

საინფორმაციო შეხვედრა 2025 წლის 25 სექტემბერს გაიმართა. მასში მონაწილეობა არჩევნებზე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებისა და ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 70-მდე წარმომადგენელმა მიიღო.

რა ეღირება დოლარი და ევრო 26 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7113 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7113 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7110 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1863 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1860 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

Euromoney-მ თიბისი ბიზნესისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა – Euromoney – თიბისი კორპორატიული კლიენტებისთვის სავალუტო სერვისების მიმწოდებელ საუკეთესო ბანკად  დაასახელა საქართველოში. ჯილდო ბანკმა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მიიღო: განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა, მომხმარებელთა რაოდენობა, პროდუქტების მრავალფეროვნება, კონკურენტუნარიანი ფასები და ინოვაციური ტექნოლოგიები.

თიბისი წლებია სავალუტო სერვისების მიწოდების კუთხით ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს და ბაზარზე 40%-ზე მეტი წილი უჭირავს. ბანკი 40 სხვადასხვა სექტორში 7000-მდე კორპორატიულ კლიენტს ემსახურება. გამოცდილი გუნდი კი კლიენტებს სექტორული სპეციფიკის გათვალისწინებით მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს. ინდივიდუალური მიდგომები მომხმარებლებს ბიზნესის წარმატებით მართვასა და სავალუტო რისკების დაზღვევაში ეხმარებათ.

თიბისის სავალუტო პროდუქტები სრულად ციფრულია, რაც კლიენტებს დროის დაზოგვაში ეხმარება. მომხმარებლების გამოცდილების გასაუმჯობესებლად კი ბანკმა 2025 წლიდან ახალი სერვისი – “კონვერტაციის კურსის შეთანხმება” – აამოქმედა. ფუნქციონალი კლიენტებს საშუალებას აძლევს, ტრანზაქციები მათთვის მისაღები პირობებით უმოკლეს დროში განახორციელონ.  

„თიბისი, როგორც ბიზნესის N1 მხარდამჭერი, მუდმივად ცდილობს სავალუტო პროდუქტების დახვეწას, რათა კიდევ უფრო გააუმჯობესოს მომხმარებლების გამოცდილება და მათ ინოვაციური გადაწყვეტილებები შესთავაზოს – Euromoney-ს ჯილდო კი ჩვენი ძალისხმევის საერთაშორისო აღიარებაა. ბაზარზე თიბისის ლიდერული პოზიცია ადასტურებს მომხმარებლების გრძელვადიან ნდობას ჩვენს მიმართ, რომლებიც კონვერტაციისა და სხვა გარიგებების წარმატებით დასახურად სწორედ ჩვენს არხებს ირჩევენ. ჩვენი გუნდი მუდმივად ცდილობს, მოერგოს კლიენტების საჭიროებებს და მისცეს მათ საშუალება, განახორციელონ ნებისმიერი სავალუტო წყვილის, ნებისმიერი ზომისა თუ სირთულის გარიგებები“, – ქეთევან კანდელაკი, თიბისის არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

R

ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა – პეტრე ცისკარიშვილი

ევროპელი ელჩების დაბარება საბჭოთა ანტიდიპლომატიის გაგრძელებაა. ფასეულობების მთავარი ფუნდამენტი, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას“, ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე, ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

ცისკარიშვილის განცხადებით, „ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია”.

„ევროპელი ელჩების დაბარების საკითხი ჩვენ უნდა აღვიქვათ როგორც „ოცნების” საბჭოთა კავშირის დროინდელი ყველაზე ბნელი ტრადიციების, ცივი ომის ტიპის პოლიტიკის ანტიდიპლომატიის გაგრძელება. ასე ხდებოდა ბნელ 70-80-იან წლებში. აბსოლუტურად შეზღუდული იყო დიპლომატიური კორპუსის თავისუფლება მოსკოვში, საბჭოთა კავშირში. სწორედ ამ სახელმძღვანელო წიგნს იყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელიც სამწუხაროდ, საქართველოს მართავს იმისათვის, რომ ეურთიერთოს დასავლურ ელჩებს.

სამი წლის წინ ჩვენ, როდესაც ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განაცხადი გავაკეთეთ, დასავლეთიდან მოითხოვეს იმ ტიპის რეფორმების გატარება და იმ ღირებულებების ერთგულებას, როგორიც თვითონ ევროპაში არიან. ეს ნიშნავს კანონის უზენაესობას, სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვას.

ეს მთავარი ფუნდამენტი ფასეულობებისა, რომელიც დასავლეთში და აშშ-შია, არ მოსწონს „ოცნებას”. ეს მისთვის უცხოა, მასში ხედავს საფრთხეს და აქედან გამომდინარე ვერ შედგა დიალოგი ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთში. აქედან მოდის სწორედ ის დაძაბულობა. ჩვენი პარტნიორებისთვის დაბარებები და საქმის გარჩევები საგარეო საქმეთა სამინისტროში გაუგებარია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს -პრემიერი

კონკრეტული ელჩები პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში, რაც არის დემოკრატიის პრინციპის უხეში ხელყოფა და ეს არის ვენის კონვენციის პრინციპების უხეში ხელყოფა, ამას სჭირდება რეაგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საგარეო სამინისტროში ელჩების დაბარებას შეეხებოდა.

 მისივე თქმით, ელჩების დაბარება არის ჩვეულებრივი დიპლომატიური ზომა და ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ რომ ისინი დაუბრუნდებიან დიპლომატიურ ჩარჩოებს.

 „მათ უნდა დაიცვან წესები, პრინციპები, ეს არის, მათ შორის, ევროპული მიდგომა. არ შეიძლება, საბჭოური მიდგომებით მოქმედებდნენ ელჩები და მათი დაბარება არის დიპლომატიური ზომა, რომლის ერთადერთი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ელჩები დაბრუნდნენ დიპლომატიურ ჩარჩოებში. თქვენ გახსოვთ, იგივე მაკრონის განცხადება ერთ-ერთ ელჩზე, მან ბევრად უფრო რბილი განცხადება გააკეთა, ფრანგულ პოლიტიკაში ჩარევას დიდად არც გულისხმობდა ეს განცხადება, მაგრამ მაშინვე ჰქონდა რეაგირება საფრანგეთის პრეზიდენტს. ჩვენთან პირდაპირ, უხეში ფორმით ხდება არამარტო პოლიტიკაში ჩარევა, არამედ რადიკალიზმისა და პოლარიზაციის წახალისება, რაც არის ვენის კონვენციის უხეში დარღვევა,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 მთავრობის მეთაურის თქმით, ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს საქართველოში.

 „ვენის კონვენცია კრძალავს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, რასაც ძალიან უხეში ფორმა აქვს, ძალიან ხშირად. მათ შორის, უშუალოდ საარჩევნო პროცესებში იყო ჩარევა – ევროკავშირის ელჩი გამოვიდა და პირდაპირ მოუწოდა ამომრჩეველს მობილიზაციისკენ მოქმედი ხელისუფლების წინააღმდეგ. ვენის კონვენციის ამაზე უხეში დარღვევა უბრალოდ არ არსებობს. ასეთი მაგალითები არის უამრავი. გახსოვთ, რომ ელჩები დადიოდნენ სასამართლო პრიოცესებზე, რათა განეხორიცლებინათ ზემოქმედება მოსამართლეების საქმიანობაზე, რაც ასევე ვენის კონვენციისა და მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის პრინციპის უხეში დარღვევებია. ასე არ უნდა იქცეოდნენ ელჩები, მითუმეტეს ის ელჩები, რომლებიც ევროპას წარმოადგენენ. ევროპა, ტრადიციულად, იყო წესებთან დაკავშირებული სიმბოლო, წესების პატივისცემის სიმბოლო და ახლა ვხედავთ, რომ ევროკავშირიდან ელჩები, სამწუხაროდ, ხშირად არღვევენ უხეშად პრინციპებსა და წესებს, რაც კატეგორიულად მიუღებელია. საქართველოში ელჩი უნდა იქცეოდეს ისე, როგორც შეეფერება ელჩს და არა როგორ პოლიტიკოსს,”- განაცხადა პრემიერმა. 

თიბისი ტექსკოლაში უფროსკლასელების რეგისტრაციების დასრულებამდე რამდენიმე დღე დარჩა

თუ უფროსკლასელი ხარ და თიბისი ტექსკოლის ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია ჯერ არ გაგივლია, ახლა ის დროა შესაძლებლობა რომ არ უნდა გაუშვა ხელიდან.

თიბისი ტექსკოლა ქმნის უნიკალურ შესაძლებლობას 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, დაეუფლონ ტექნოლოგიებს და ამ დარგში არსებული მრავალფეროვანი ინოვაციები, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან, სრულიად უფასოდ შეისწავლონ.

რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 28 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ორ ეტაპიანი კონკურსის  შემდეგ, შერჩეული მონაწილეები, 3 თვის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეისწავლიან:

ხუთი წარმატებული სემესტრის შემდეგ, რომელსაც ჯამში 3000-ზე მეტი მონაწილე ჰყავს, ახლა უკვე შემოდგომის სემესტრზე დაიწყო უფროსკლასელების მიღება და  წელს ტექსკოლაში სიახლეა, რომ აღნიშნულ კურსებში ინტეგრირდა AI მოდული.

მაღალი ხარისხის განათლების ხელმისაწვდომობის მიზნით თიბისი ტექსკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს, მონაწილეობა სრულიად უფასოა და ამასთანავე საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდანაა შესაძლებელი.

მთავარია გჯეროდეს შენი მიზნების, ტექსკოლაში გადადგმული პირველი ნაბიჯები კი ტექნოლოგიების სამყაროში დიდი სიახლეების დასაწყისი იქნება.

R

დაბა ბედიანში ცოცვის პირველი ფესტივალი თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

28 სექტემბერს, წალკის რაიონის დაბა ბედიანი ცოცვის პირველ ფესტივალს უმასპინძლებს. სპორტული ღონისძიება ბედიანის მეკლდეურთა კლუბის ორგანიზებითა და თიბისის მხარდაჭერით ჩატარდება.

ცოცვის ფესტივალზე შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში გაიმართება – 8-10 და 11-13 წლის მოზარდებს შორის. თუმცა, ღონისძიების ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული აქტივობა ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის. ფესტივალის ფარგლებში, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები.

ამასთან, ფესტივალმა საფუძველი ჩაუყარა სპორტული ცოცვის პირველი ბანაკის არსებობას, რაც სპორტსმენებს საშუალებას აძლევს ივარჯიშონ და იზრუნონ საკუთარ სპორტულ კარიერაზე.

ფესტივალში მონაწილეობით, თიბისი მხარს უჭერს ახალი თაობის სპორტით დაინტერესებას და სპორტის ამ სახეობის – ცოცვის პოპულარიზაციას. მითუმეტეს, რომ ცოცვა სპორტის ოლიმპიური სახეობაა და ხელს უწყობს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას.

გელოდებით – ფესტივალის კარი დაბა ბედიანში კვირას, 28 სექტემბერს, 12:00 საათიდან გაიღება.

R

რუსთავის თეატრი  „ბალაუსას“ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობს

რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიული დრამატული თეატრი სოსო ნემსაძის სპექტაკლით ფაბრიკის გოგოები“  ექსპერიმენტული სპექტაკლების მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალში „ბალაუსა“ მიიღებს მონაწილეობას. ფესტივალი მსოფლიოს სხვადასხვა თეატრალურ კოლექტივს აერთიანებს და თანამედროვე სცენური ხელოვნების ახალი ფორმების წარმოჩენას ისახავს მიზნად.

ფესტივალში რუსთავის თეატრის მონაწილეობა საშუალებას მისცემს ქართულ სცენას საერთაშორისო არენაზე წარმოაჩინოს როგორც სოსო ნემსაძის რეჟისორული ხედვა, ასევე თეატრის მრავალწლიანი გამოცდილება და შემოქმედებითი პოტენციალი.

სპექტაკლი „ფაბრიკის გოგოები“ რეჟისორ სოსო ნემსაძის თანამედროვე ინტერპრეტაციაა, რომელიც სოციალურ, პოლიტიკურ და ადამიანური ურთიერთობების თემებზე ამახვილებს ყურადღებას. რუსთავის თეატრის მრავალფეროვან რეპერტუარში „ფაბრიკის გოგოები“ გამორჩეულ ადგილს იკავებს და მისი ნახვა ქართველ მაყურებელს რუსთავის დრამატული თეატრის სცენაზე,  თეატრის 59-ე სეზონზეც შეეძლება.