Home Blog Page 25

მსახიობ ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული მსახიობის, ბაჩო ქაჯაიას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 23 იანვარს გამოაცხადებს.

საქმეს მოსამართლე ნინო ენუქიძე განიხილავდა.

დღეს, შსს-ს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ქაჯაიამ „შეკრებისა და მანიფესტაციის“ შესახებ კანონი დაარღვია და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ხალხის რაოდენობა საკმარისი არ იყო.

მსახიობის ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის განცხადებით კი, მსახიობის მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება უნდა შემწყდარიყო.

ადვოკატის თქმითვე, ბაჩო ქაჯაია რუსთაველის გამზირზე ქუჩის ხელოვნურად გადასაკეტად არ მისულა, ის აქციაზე სისტემატურად მისი პროტესტის გამოსახატად დადის.

ამასთან, მიგინეიშვილის განცხადებით, საქმეში ქაჯაიას წინააღმდეგ მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, წარმოდგენილ ვიდეომასალაში კი ქაჯაია უკვე გადაკეტილ გზაზე დგას. შესაბამისად, იქ არ ჩანს, ქაჯაიამ რა გაკეთა, რაც კანონდარღვევად ჩაითვლებოდა. ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ არც სამხრე კამერებია წარმოდგენილი, სადაც ჩანს, რომ ბაჩო ქაჯაია ვინმემ გააფრთხილა, რომ კანონდარღვევას სჩადიოდა.

ამასთან, სასამართლოში პოზიცია დააფიქსირა თავად მსახიობმაც და აღნიშნა, რომ ის აქციაზე მეგობრებთან ერთად როცა მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.

ბაჩო ქაჯაიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებიან.

კერძოდ კი იმას, რომ ის 9 იანვარს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფებოდა და გზა ხელოვნურად იმ დროს გადაკეტა, როცა ამისთვის ადამიანების საკმარისი რაოდენობა არ იყო.

ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებისას, მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ურთიერთობების განვითარების გეგმები განიხილეს

ტრამპის ინაუგურაციიდან მეორე დღეს, სი ძინ პინსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო ვიდეო-ზარის საუბარი გაიმართა. ორი ქვეყნის ლიდერმა გასული წლის თანამშრომლობის შედეგები და ბრიქსის განვითარების პრიორიტეტები განიხილეს. საკითხი შეეხებოდა ასევე ეკონომიკურ-პოლიტიკურ სამომავლო თანამშრომლობას. უცნობია, ისაუბრეს თუ არა ტრამპის მიერ გაჟღერებული წინადადებების ირგვლივ მსოფლიოს ორი ქვეყნის ლიდერმა.

კრემლის პრესსამსახურის ცნობით, ვლადიმერ პუტინმა და სი ძინპინმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში მოლაპარაკებებისას, მუშაობის შედეგები შეაჯამეს და ურთიერთობების განვითარების გეგმები განიხილეს

„ჩვენ ერთობლივად გამოვდივართ უფრო სამართლიანი მრავალპოლარული მსოფლიო წესრიგის შენებისთვის, ვაწარმოებთ სამუშაოს ევრაზიის სივრცეში და მთელ მსოფლიოში განუყოფელი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებში. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკური კავშირი, ერთობლივი სამუშაო ობიექტურად მნიშვნელოვან სტაბილიზაციურ როლს ასრულებს საერთაშორისო საქმეებში“, – განაცხადა პუტინმა სი ძინპინთან საუბრისას.

ამავდროულად, პუტინმა აღნიშნა: „არ შეიძლება, ფაშიზმის, ნაციზმისა და მილიტარიზმის იდეოლოგიამ კვლავ თავი ასწიოს. მნიშვნელოვანია, ჩვენს სხვა თანამოაზრეებთან ერთად, ერთობლივად შევინარჩუნოთ და დავიცვათ ისტორიული სიმართლე“.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ასევე განიხილეს სავაჭრო ურთიერთობები და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა. რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთი რუსეთის ენერგორესურსების უმსხვილესი მომხმარებელია. რუსული მხარის თარგმანის მიხედვით, თავის მხრივ, სი ძინპინმა გამოთქვა მზადყოფნა, ახალ წელს რუსეთ-ჩინეთის ურთიერთობები ახალ სიმაღლეზე აიყვანოს და წინააღმდეგობა გაუწიოს საგარეო გაურკვევლობას ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებში სტაბილურობის შენარჩუნების საფუძველზე, ყველა ქვეყნის განვითარებისთვის და საერთაშორისო სამართლიანობისა და თანასწორობისთვის.

ვიმედოვნებთ, შეერთებული შტატები გადახედავს გადაწყვეტილებას ორგანიზაციიდან გასვლის გეგმაზე და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას პარტნიორობის შესანარჩუნებლად – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) წუხს აშშ-ის მიერ ორგანიზაციის დატოვების გეგმაზე. ამის შესახებ განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზე ავრცელებს.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს განცხადებაზე, რომ შეერთებული შტატები ორგანიზაციიდან გასვლას გეგმავს…

შეერთებული შტატებისა და სხვა წევრი სახელმწიფოების მონაწილეობით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბოლო 7 წლის განმავლობაში რეფორმების უდიდესი კომპლექტი მიიღო ისტორიაში, რათა მოგვეხდინა ჩვენი ანგარიშვალდებულების, ხარჯების მხრივ ეფექტურობისა და ქვეყნებში გავლენის ტრანსფორმირება. ეს მუშაობა გრძელდება.

ვიმედოვნებთ, რომ შეერთებული შტატები გადახედავს [გადაწყვეტილებას] და ველით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად, მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ,” – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დატოვებს.

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ აღმასრულებელი ბრძანების ტექსტში დასახელებულია ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის მიზეზები, მათ შორის ორგანიზაციის მიერ COVID-19 პანდემიის არასწორი მართვა, სასწრაფოდ საჭირო რეფორმების გატარების კუთხით წარუმატებლობა და ჯანმო-ს წევრი ქვეყნების არასათანადო პოლიტიკური გავლენისგან დამოუკიდებლობის დემონსტრირების უუნარობა.

აღმასრულებელ ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჯანმო აგრძელებს უსამართლოდ მძიმე გადახდების მოთხოვნას აშშ-სგან.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შესახებ შესული საჩივარი დაუშვებლად ცნო.

სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, საქმის განხილვა არ მოხდება.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩება ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოში საქმეზე საჩივარი გუშინ შევიდა, გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო.

მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი, ბათუმში, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციის დროს თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს, დაახლოებით ორ საათში გამოუშვეს. გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი, ის სამმართველოსთან კვლავ დააკავეს.

რა ეღირება დოლარი და ევრო 22 იანვარს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8515 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8515 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8452 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0063 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9516 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 2.9360 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნად დანიშვნას ულოცავს.

„გულითადად ვულოცავ მარკო რუბიოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დანიშვნას. მოუთმენლად ველი ჩვენს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარებასა და კავშირების გაძლიერებას. ღრმად მწამს, რომ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებში საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის“, – დაწერა ბოჭორიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში.

აშშ-ის სენატმა დღეს ხმათა უმრავლესობით რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცა.

 რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს -რობერტ ფიცო 

სლოვაკეთის პარლამენტში დეპუტატებს სიტყვით მიმართა ქვეყნის-პრემიერ მინისტრმა, სადაც მიმდინარეობს დებატები ფიცოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე.

ფიცოს თქმით, ლიბერალები ყოველთვის ცდილობენ თავიანთი ოპონენტების დისკრედიტაციას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყოველდღიურად იღებს მუქარის შემცველ წერილებს, რაზეც „პროგრესული სლოვაკეთის“ ლიდერმა, მიხაილ შიმეჩკამ უპასუხა, რომ თავად იღებს მსგავს წერილებს.

ფიცომ სიტყვით გამოსვლისას ასევე ახსენა საქართველო. მისი თქმით, რუმინეთი და საქართველო უნდა იყვნენ შემაკავებელი მაგალითი იმისა, თუ როგორ იქცევა დემოკრატია, როდესაც მათთვის არასწორი ადამიანი იმარჯვებს.

„ნატო-ს გაფართოება უკრაინის გაწევრიანებით იქნება მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფუძველი“, – თქვა ფიცომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ აქვს უფლება, გააკრიტიკოს არა მხოლოდ ევროკავშირის პარტნიორები, არამედ ნატო-ც, რადგან ეს არის ინტეგრაციის ნაწილი. თუმცა, პრემიერ-მინისტრის თქმით, ევროკავშირი ამჟამად ცდილობს სახელმწიფო სუვერენიტეტის შეზღუდვას, მაგალითად ღირებულების საკითხების წინ წამოწევით, ასევე საგანმანათლებლო სისტემებში ჩარევით.

ფიცომ ასევე აღნიშნა, რომ ბავშვების შვილად აყვანა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ წყვილებს შეეძლებათ და სლოვაკეთში კაცი იქნება კაცი და ქალი იქნება ქალი.

ერთად დავძლიოთ აუტიზმი- უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი აუტისტური სპექტრის ბავშვთა მხარდასაჭერად 

უფლებადამცველი ეკა სეხნიაშვილი,   ბავშვთა ნეირობალანსირების ცენტრს, პროექტ ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“  ფარგლებში, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად,   ნათლისღების დღესასწაულის მისალოცად ეწვია და პატარა ბენეფიციარები საჩუქრებითა და

ტკილეულით გაახარა.

 ეკა სეხნიაშვილი- უფლებადამცველი, ჟურნალისტი,  ,,ერთად დავძლიოთ აუტიზმის“-ის  პროექტის მენეჯერი:  ,,საოცარი შეგრძნებაა, როცა ამ  ბავშვებთან მიდიხარ და ესაუბრები. საოცრად ნიჭიერები, აღქმის უმაღლესი უნარებით და გამოხატვის ყველაზე კეთილი ფორმებით. ჩვენ  ამ ბავშვებს უნდა დავეხმაროთ არა მხოლოდ  ტკბილეულით ან საჩუქრებით, არამედ უნდა გავზარდოთ მათი ჩართულობა  სოციუმში. განსაკუთრებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ინტეგრირება ყველა დონეებზე. მათ შორის, სახელმწიფოებრივი ჩართულობა მათი განვითარების ხელშეწყობისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ბიზნეს-სექტორის მხრიდან ხელშეწყობა და თანადგომა. სამწუხაროდ, ბიზნესის გარკვეულ ნაწილში სოციალური პასუხისმგებლობის შეგრძნება ჯერ კიდევ დაბალია, თუმცა ქართული ბიზნესის დიდი ნაწილი თანადგომას იჩენს და აუტისტური სპექტრის  მქონე ბავშვთა მხარდაჭერას გამოხატავს.

  აუტიზმი დაძლევადია და  თუ ჩვენ ყველა ერთად დავდგებით, ყველაფერს შევძლებთ. დიდი მადლობა მინდა გამოვხატო მხარდამჭერი კომპანიების მისამართით, რომელთაც გამოიჩინეს დიდი გულისხმიერება და ქართულ ბაზარზე წარმოადგენენ სოციალურად პასუხისმგებლიან კომპანიებს: მათ შორის, დიდი მადლობა ჩვენს მხარდამჭერ ორგანიზაციებს :,,ანაგი“,  ,,სანდომი“ ,  ,,ბებე“, ,,ბიბლუსი“  და ა.შ. რომლებიც მუდმივად ანებივრებენ ჩვენს შშმ პატარებს.

პ.ს. ყველა ბავშვი იმსახურებს იყოს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი. ერთად დავძლიოთ აუტიზმი- თანადგომით ეს შესაძლებელია!

ინაუგურაციას მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი – სალომე ზურაბიშვილი

მოხარული ვარ, რომ ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და თავადაც გეგმავს შეხვედრებს.

„მოხარული ვარ, რომ შევძელი და დღეს, ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას დავესწარი. უფრო სწორად, მე კი არ დავესწარი, არამედ ამ ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, საქართველოს, საქართველოს საზოგადოებას და მთლიანად მოსახლეობას წარმოვადგენდი. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ამერიკის დიდი ხნის პარტნიორი, სტრატეგიული პარტნიორი. ოცდაათი წელია, რაც ამერიკა საქართველოს ეხმარება თავის სახელმწიფოს მშენებლობაში და ჩვენ ნამდვილად ორი მეგობარი ვართ. ასეთი გამოხატულება საჭირო იყო, რომ ამ ღონისძიებას მე დავესწარი.

პირველი დღეები საზეიმო იყო. გუშინაც საინაუგურაციო ერთ-ერთი მეჯლისი იყო, ხვალიდან უფრო საქმიანი შეხვედრები დაიწყება. ინაუგურაციის შემდეგ ყველას აქვს საშუალება, გამართოს შეხვედრები და მეც ვაპირებ, ჩავატარო შეხვედრები, რომლებიც ჩვენი ურთიერთობების სწორ საფეხურზე დასაყენებლადაა საჭირო – იმ საფეხურზე, რაც საქართველოს და ამერიკას შეეფერება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ აშშ ორგანიზაციიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წუხს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების გამო, ქვეყანა ორგანიზაციიდან გავიდეს. ამის შესახებ ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კრიტიკულ როლს ასრულებს მსოფლიოს მოსახლეობის ჯანდაცვისა და უსაფრთხოების დაცვაში, მათ შორის ამერიკელების, დაავადებების ძირეული მიზეზების აღმოფხვრით, უფრო ძლიერი ჯანდაცვის სისტემების შექმნით, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების აღმოჩენით, პრევენციითა და მათზე რეაგირებით“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრია. ათწლეულების განმავლობაში აშშ-მა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უამრავი სიცოცხლე გადაარჩინეს და დაიცვეს ამერიკელები და სხვები ჯანმრთელობის საფრთხეებისგან.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აშშ გადახედავს გადაწყვეტილებას და მოუთმენლად ველოდებით კონსტრუქციულ დიალოგში ჩართვას აშშ-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შორის პარტნიორობის შესანარჩუნებლად მსოფლიო მასშტაბით მილიონობით ადამიანის ჯანმრთელობისთვის და კეთილდღეობისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ინაუგურაციის შემდეგ დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლის აღმასრულებელ განკარგულებას.

აზერბაიჯანი და საქართველო ერთობლივად იცავენ მშვიდობასა და უსაფრთხოებას რეგიონში – აზერბაიჯანელი დეპუტატი ირაკლი კობახიძის ბაქოში ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის [პარლამენტის] წევრი მაზაჰირ ეფენდიევი რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ ბაქოში განხორციელებულ ოფიციალურ ვიზიტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ორი ქვეყანა ერთად რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას იცავს.

„დღეს საქართველო არის ქვეყანა, რომელთანაც აზერბაიჯანი, როგორც რეგიონის ლოკომოტივი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, სხვადასხვა სფეროში კავშირებს ამყარებს. კერძოდ, საქართველოს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა რეგიონში გაიზარდა სომხეთთან თითქმის 30-წლიანი ომის შემდეგ. აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში საუკუნეების მანძილზე მშვიდობიანად ცხოვრობენ, მჭიდრო ისტორიული კავშირები, ურთიერთობები უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში ემყარება ურთიერთპატივისცემასა და თანასწორ მეგობრობას“, – წერს დეპუტატი.

ეფენდიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობამ დინამიკურად განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე დაიწყო. განსაკუთრებით, ეს მოხდა მაშინ, როცა აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო ჰეიდარ ალიევი, ხოლო საქართველოს ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა.

„როცა 1993 წელს დიდმა ლიდერმა ჰეიდარ ალიევმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გამოაცხადა, მან, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობითა და არსებული შესაძლებლობების ხეირიანად გამოყენებით, კიდევ უფრო გააღრმავა კეთილმეზობლური ურთიერთობები საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საქართველოს პრეზიდენტთან ედუარდ შევარდნაძესთან მეგობრობის წყალობით, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაიწყო“, – ამბობს აზერბაიჯანის პარლამენტის წევრი.

ავტორი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი საქართველოს განვითარების, აყვავებისა და სტაბილურობის მომხრე იყო ყოველთვის. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საქართველოს პრემიერ-მინისტრად დამტკიცების შემდეგ, 2025 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანში განხორციელებული პირველი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები მაღალ დონეზეა.

„მეგობრული ურთიერთობები, ტრადიციული შეხვედრები, რომელსაც თვალყურს ვადევნებთ დღეს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ახალ ჰორიზონტებს ხსნის და აგრეთვე ხელს უწყობს ხალხების საკეთილდღეოდ დიდი სამუშაოს გაგრძელებას”, – წერს დეპუტატი.

კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას აშშ-სთან ურთიერთობის ნორმალურ კალაპოტში დასაბრუნებლად, გუშინ ტრამპმა გადაწყვეტილებები მიიღო, ერთ-ერთში წერია “დიფ სთეითის” დემონტაჟი -ლევან მახაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატები არის ზესახელმწიფო და ამიტომ ლოგიკურია ძალიან დიდი ინტერესი, რა საშინაო და საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ პრეზიდენტს. ამ ეტაპზე ჯერ ყველა კონტური ნათელი არ არის, მაგრამ შეგვიძლია, რამდენიმე ძირითადი დასკვნა გამოვიტანოთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის საშინაო და საგარეო პოლიტიკა მთლიანად აგებული იქნება ამერიკის ინტერესებზე.

„ის მთლიანად მორგებული იქნება იმაზე, რომ ამერიკამ მაქსიმალურად მეტი სარგებელი მიიღოს ამ პოლიტიკისგან. ლოგიკურია, ამის გამო ჩვენ სერიოზული დასკვნები უნდა გამოვიტანოთ. მეორე დასკვნა რაც შეიძლება გავაკეთოთ ეს არის, რომ ტრამპი როგორც ჩანს, აპირებს ლიბერალური იდეოლოგიის დემონტაჟს ან გადაფასებას, მნიშვნელოვნად შეზღუდვას. ეს უკვე მისი არსებული გადაწყვეტილებებით რამდენიმე მიმართულებით გამოიხატა. პირველი გენდერის საკითხია. იგი მკაფიოდ აცხადებს, რომ ქალი და კაცი არის მხოლოდ ის ორი გენდერი, რომელიც არსებობს და ის არ აღიარებს სხვა გენდერს. მეორე, ეს არის ოჯახური, ტრადიციული და კონსერვატიული ღირებულებების პატივისცემა. მესამე, რაზეც გუშინ გადაწყვეტილება მიიღო ეს არის „დიფ სთეითის“ დემონტაჟი. ამერიკის ადმინისტრაციის და ბიუროკრატიის „დიფ სთეითისგან“ და არაფორმალური გავლენებისგან გაწმენდა. კიდევ რასაც ვხედავთ ეს არის ძალიან გამკაცრებული საემიგრაციო პოლიტიკა“, – განაცხადა მახაშვილმა.

ლევან მახაშვილის განცხადებით, მმართველი პარტია ადასტურებს მზაობას, რომ საქართველოს და აშშ-ის შორის ურთიერთობები ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

„ჩვენ რაც უნდა გავაკეთოთ და რა დასკვნებიც უნდა გამოვიტანოთ არის, რომ გვქონდეს საერთო ინტერესები, საერთო ხედვა და საერთო მიდგომა ბევრ საგარეო პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ დავიწყებთ მოქმედებას იმაზე, რომ ჩვენი ინტერესები გადაიკვეთოს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას ამ ურთიერთობების ნორმალურ და ცივილურ კალაპოტში დასაბრუნებლად. გუშინ დონალდ ტრამპმა 42 აღმასრულებელი გადაწყვეტილებები მიიღო. ერთ-ერთში პირდაპირ წერია „დიფ სთეითის“ დემონტაჟი. ეს არის ერთ-ერთი დიდი მიმართულება, სადაც ჩვენი ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. მეორე დიდი მიდგომა, რაშიც ჩვენს პოზიციებს შორის თანხვედრა არსებობს, ოჯახური ღირებულებებია. კიდევ ერთი – ეს არის საგარეო პოლიტიკური საკითხი. ჩვენი ხედვა არის ის, რომ ყველა ქვეყნის ეროვნულმა ხელისუფლებამ უპირველეს ყოვლისა საკუთარ საზოგადოებასა და საკუთარ სახელმწიფოზე უნდა იზრუნოს. ასეთია როგორც დონალდ ტრამპის, ასევე ჩვენი მიდგომაც. ფუნდამენტურ საკითხებზე თანხვედრა გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობები აღდგება. ჩვენგან ამის სრული მზადყოფნაა“,- განაცხადა მახაშვილმა.