Home Blog Page 25

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9786 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

ქვეყანაში სამართალი რომ იყოს, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს თავის წიგნებს -პეტრე ცისკარიშვილი

ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის გორის ოფისში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, „სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად ამ რეჟიმს მიშასი ეშინია“.

„იციან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც რვა წლის განმავლობაში გაატარა, იმ ხედვით, რომელიც სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ ალბათ უკვე შეკრებილი იქნებოდა ათასობით ადამიანი. მათ შორის ის ხალხი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ. არავის სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა -ცესკო

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა.

„ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა გაიარეს ხმის მიცემისთვის საჭირო პროცედურები – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩოკონვერტში ბიულეტენის მოთავსება და ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება. პროცესის მიმდინარეობისას საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს თითოეულ პროცედურას განუმარტავდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობდნენ.

აღსანიშნავია, რომ იმიტირებული კენჭისყრის პროცესმა ძირითადად ხარვეზების გარეშე ჩაიარა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაინტერესების, აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის შედეგად ინფორმირებულია 600 000-ზე მეტი ამომრჩეველი“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

x

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, სოფ. წინუბანში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარე მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან დადასტურდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გვინდა შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგი თანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ შესაბამისი პასუხები. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

გვინდა მოვუწოდოთ „ტვ პირველის“ წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება, გააშუქოს საარჩევნო პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაც მივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას”,- აცხადებს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი

მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა-მამუკა მდინარაძე

მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები! – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს…
14 მილიარდი
სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციების დაწესებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამოქცევაზე. ტყუილია 14 მილიარდიც!
მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები! მოლაპარაკებები არა თოთხმეტ მილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ესაა რეალობა!
პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკებების გახსნაც და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებაც!
ასევე, მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ურთულეს გზაზე ყველა ეტაპის გავლა, დღეს კი ქვეყანას მშვიდობა, დამოუკიდებლობის შეუდარებლად მაღალი ხარისხი და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად აქვს.
გაგრძელება იქნება!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

უმჯობესი იქნება, კონგრესში გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში -შალვა პაპუაშვილი

ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა ეკა გიგაური აპირებს, კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

„ჩემი მოლოდინი არის, რომ მოვა მომენტი და კონგრესი, საბოლოო ჯამში, გამოიძიებს, 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს რა როლი ჰქონდათ  პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემულ აშშ-ისგან. ამ შედეგების გავრცელებამ მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა, იყო საბაბი არეულობისა და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. დღეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას გვიმალავდნენ პირად შეხვედრებზეც. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიცია კარს უმტვრევდა ხან ცესკო-ს და ხან რომელ დაწესებულებას. ჩვენ ასეთი პროცესი უკვე ვიხილეთ, როცა „სოროსის ფონდის“ ერთი წარმომადგენელი იქ ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ქალბატონი ეკა გიგაური აპირებს, ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.

არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა, გაყალბების შემთხვევაში ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა -რომან გოცირიძე

არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა, გაყალბების შემთხვევაში ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ღალატი არავის შერჩება და მმართველი ძალა დაუსჯელი არ დარჩება.

„კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაბედონ. არჩევნების გაყალბება ქვეყნისთვის კატასტროფულად დამთავრდება, ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. მათი განცხადება, რომ გზებს ეძებენ, ფაქტობრივად ხელისუფლების დასჯის გზებს ეძებენ და ეს იქნება უმკაცრესად შესრულებული. სამწუხაროდ, ფინანსური დახმარების შეჩერება მძიმედ დაარტყამს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი, მმართველი ძალა დაუსჯელი არ დარჩება და ასე მოხდა მოლდოვაში. ქვეყნის ღალატი არავის შერჩება. სანქციებს წამყვანი პოლიტიკური ფიგურები დაექვემდებარებიან“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ასევე გამოეხმაურა დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე გასამართ მოსმენასა და მასზე  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მოხსენებას.

„სენატში გიგაური გამოდის მათიკაშვილი კი არა. სენატში იმ ადამიანებს იწვევენ, ვისაც რეპუტაცია აქვს, ნდობა აქვს და დასავლელი პარტნიორები უჯერებენ. მისასალმებელია, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც ამერიკის კონგრესში მოხსენებისას ექსპერტად იყენებენ. ამერიკამ ან ევროპამ საქართველოში რა ხდება გიგაურის გარეშე არ იცის? საერთაშორისო დამკვირვებლები, საერთაშორისო დაზვერვა ან საელჩოები არ არსებობს, რომლებიც ხედავენ, პოლიტიკურ ლიდერებს როგორ სცემენ? ამას გიგაურის მიერ სენატში მისვლა და მოხსენება სჭირდება? რომელი საუკუნეა? – კარგია, რომ ისეთ ადამიანებს უსმენენ, ვინც ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სწორ ინფორმაციას მიიტანენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას – ლევან დავითაშვილი

„მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ბაზრის შესაძლებლობები,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესი პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი მომსახურების სექტორებში.

„ეს დარგები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციების ხერხემალია, ავითარებენ რა გლობალურ ვაჭრობას მომავლის ფორმირებისთვის. სერვისების შესაძლებლობები უზარმაზარია, დაწყებული ციფრული ვაჭრობიდან ტურიზმამდე და ეს ხაზს უსვამს სერვისების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იყო ჩინეთსა და ჩვენი რეგიონის ქვეყანას შორის.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები ორ ქვეყანას შორის, ხელი შეუწყო თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება, ტურიზმი და სხვ.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც ვგეგმავთ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (UAE). მისი თქმით, ამ შეთანხმებებმა გააფართოვა საქართველოს წვდომა მომსახურებით ბაზრებზე და ხელი შეუწყო სერვისებით ვაჭრობის ზრდას გლობალურ პარტნიორებთან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვას, გახდეს რეგიონში ვაჭრობის ძირითადი ჰაბი, განსაკუთრებით იმ სერვისებით, რომლებიც გადამწყვეტია დღევანდელი ციფრული და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და განათლებაში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მზაობა მომავლის გლობალურ ბაზრებზე წარმატებული მონაწილეობისთვის.

გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს. „მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ უფრო მოკლე მოგზაურობის დროს და ფართო წვდომას სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და რკინიგზის მოდერნიზაციაში. როგორც არსებული, ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„საერთაშორისო თანამშრომლობა მომსახურებით ვაჭრობაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს ერთად ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ცოდნა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს. CIFTIS გვთავაზობს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის და საქართველო ამაყობს, რომ არის ამ დინამიკური მიმოცვლის ნაწილი,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან

26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება – “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, დასვა შეკითხვები და მიხვდე რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში.

ღონისძიებაზე, ასევე, გექნება შესაძლებლობა, გაეცნო შენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე თიბისის გუნდის წევრი.

თიბისის სპიკერები გაგაცნობენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

• ტექნოლოგიების განვითარება, მონაცემთა როლი თანამედროვე ბიზნესში და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ეხება.
• მნიშვნელოვანი მიგნებები, თუ როგორ ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ვზრუნავთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ განვითარებაზე და როგორ ვაშენებთ სანდო ბრენდს.

თიბისი გაგაცნობთ როგორ განავითარო კარიერა შენთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა პროფესიები და გაგიზიარებთ რჩევებს თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სამსახურის ძიებისას.


ღონისძიების დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე
დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და  გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.

იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა  სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.

ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით.

ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად.  საარჩევნო ადმინისტრაცია კი, ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე  ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა.

საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ჩვენს მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით – ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთან

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანია Voice of America („ამერიკის ხმა“) აქვეყნებს ინტერვიუს ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორთან მაიკლ კარპენტერთან სათაურით „საქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ჩვენს მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით“, რომელშიც იგი საქართველო-აშშ-ის პერსპექტიულ უსაქართველოში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანია და ჩვენს მას ძალიან ახლოდან დავაკვირდებით – ინტერვიუ მაიკლ კარპენტერთანრთიერთობაზე, თბილის-მოსკოვის დამოკიდებულებაზე და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე საუბრობს.


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

Სსაქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. წინასაარჩევნოდ, სექტემბერში, “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი აამოქმედა. რას ფიქრობენ თეთრ სახლში საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და რა ნაბიჯებს უნდა ელოდოს საქართველო ამერიკისგან. ამ თემებზე, პრეზიდენტ ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს, “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ესაუბრა.

  • დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენი დროისთვის. როგორც იცით, საქართველოში, ე.წ “უცხოეთის აგენტების კანონი” ძალაში შევიდა. მთავრობა მათაც, ვისაც არ სურს რეგისტრაცია, აიძულებს, რომ დარეგისტრირდნენ უცხოეთის აგენტებად. რა არის ის მთავარი პრობლემები, რასაც ახლა თეთრი სახლი ხედავს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით?
  • საქართველოს ტრაექტორია ძალიან გვაწუხებს. ბოლო დროს განხორციელებული ანტიდემოკრატიული ქმედებები, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროება და გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების სივრცის შემცირება ჩვენთვის შემაშფოთებელია.

  • ამ ტრაექტორიას უკვე საკმაო ხანია ვხედავთ და “უცხოეთის აგენტების კანონი” ამის ერთ-ერთი გამოვლინებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, მმართველი პარტიისგან მომავალი განცხადებებიც შეშფოთების საგანია. ასე რომ ჩვენ მოქმედება დავიწყეთ. შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება, რომელსაც ჩვეულებრივ ვუწევთ ხოლმე საქართველოს მთავრობას; გავატარეთ შეზღუდვის პოლიტიკა „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკების, სამართალდამცავების, კერძო მოქალაქეების, პარლამენტის წევრების მიმართ, რომლებიც თანამონაწილენი არიან იმ ქმედებებისა, რომლებიც არღვევენ დემოკრატიულ ნორმებს საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ გზების ძიებას, რათა შესაბამის პირებს პასუხი ვაგებინოთ იმაზე, რაც მოხდა.

  • იმის თქმა, რომ ეს [მოვლენები] შემაშფოთებელია, საკმარისი არაა. საქართველოს კურსში ძალიან ბევრი რამ გვაშფოთებს.
  • რადგან ამერიკის მხრიდან განხორციელებულ შემაკავებელ ზომებზე ვსაუბრობთ- უნდა ველოდოთ თუ არა დამატებით ნაბიჯებს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები ახლოვდება?
  • სანქციების შესახებ წინასწარ არ ვაცხადებთ, მაგრამ ვეცდებით ადამიანებზე პასუხისმგებლობის დაკისრებას კორუფციისთვის, ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის, სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისთვის და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის.
    ჩვენ გვაქვს საჭირო ინსტრუმენტები, რათა შესაბამისად მოვიქცეთ, როგორც საქართველოს კონტექსტში, ისე გლობალურადაც. გავაგრძელებთ შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას, როდესაც ეს აუცილებელი იქნება.
  • საქართველოში არჩევნებამდე დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. მოდით ვისაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, რამდენად ახლოს დააკვირდება ამერიკა, თეთრი სახლი, არჩევნებს და რამდენად გაშფოთებთ მომავალი არჩევნები?
  • შეერთებული შტატები მრავალი, მრავალი წლის განმავლობაში მტკიცედ უჭერდა მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, მის დამოუკიდებლობას, მის დემოკრატიას, ამ დემოკრატიული სისტემის საფუძველი კი არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ წარსულში, საქართველომ შეძლო ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემა ერთი ადმინისტრაციისგან მეორისთვის.

  • ვიმედოვნებთ, რომ ეს არჩევნები იქნება თავისუფალი და სამართლიანი. მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვათ, ზოგიერთი ქმედება, რომელიც უკვე ვნახეთ, შემაშფოთებელია ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების თვალსაზრისით, როგორც უკვე ვახსენე, სამოქალაქო საზოგადოების აქტორების შევიწროების კუთხით… ასევე, ვნახეთ [საქართველოს] პრემიერის განცხადება, სავარაუდოდ, არჩევნების შემდეგ, ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზაციასა, თუ უკანონოდ გამოცხადების შესახებ, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება დემოკრატიის ნორმებს. ეს შეშფოთებას იწვევს. ჩვენ გავაგრძელებთ ძალზე ახლოდან დაკვირვებას და რა თქმა უნდა, ადგილზეც იქნებიან დამკვირვებლები.

  • თუმცა, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენს მაყურებელს ვუთხრათ, რომ საქმე არ ეხება მხოლოდ იმას, რა მოხდება არჩევნების დღეს. ეს არ ეხება მხოლოდ იმ ხმებზე დაკვირვებას, რომელიც საარჩევნო ყუთში მოხვდება. ეს ეხება მთლიანად ატმოსფეროს, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, დაშინებას, შევიწროებას და ასევე, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს არჩევნების წინა პერიოდში.
  • ბატონო ელჩო, სენატორმა შაჰინმა, რომელიც ცოტა ხნის წინ საქართველოში იმყოფებოდა და რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა, თქვა, რომ პრემიერმა მას სამოქალაქო საზოგადოების იმ ნაწილის, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტა სთხოვა, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ. პრემიერ-მინისტრი უარყოფს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და სენატორს შორის შედგა. რა ფიქრობთ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ოპოზიციის გაჩუმების მცდელობაზე და აპირებს თუ არა ამერიკა რაიმე ნაბიჯების გადადგმას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისთვის?
  • ჩვენ წლების განმავლობაში მტკიცედ ვუჭერდით მხარს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას. საქართველო რეგიონში ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, და ფაქტობრივად, სამხრეთ კავკასიის უშუალო რეგიონის მიღმაც, რომელსაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს. ეს წლების განმავლობაში მისი დემოკრატიის სიძლიერის ელემენტი იყო.

  • ასე რომ, მთავრობის მხრიდან სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის, შევიწროების, დაშინების და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ამ “აგენტების კანონის” მიხედვით დარეგისტრირების იძულება, შემაშფოთებელია. კანონი კი ძალიან ჰგავს იმას, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მიიღეს. სამოქალაქო საზოგადოებას აქვს უფლება შეიკრიბოს მშვიდობიანად, რათა საკუთარი აზრი გამოხატოს. ამ გზით მათი საქმიანობის აკრძალვა ანტიდემოკრატიულია.

  • მე ვიცი, რომ სენატორი შაჰინი ძალიან დიდი ხანია საქართველოს დემოკრატიას გულშემატკივრობს. მახსოვს მისი ვიზიტი [საქართველოში] 2012 წელს, როდესაც ის [არჩევნების] დამკვირვებელი იყო. კონგრესის ორივე მხარეს გვყავს წევრები, რომლებსაც დიდი დრო და ენერგია აქვთ საქართველოს დახმარებაში ჩადებული. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი მოსმენაც, რადგან მათ კარგად ესმით, რა დევს ახლა სასწორზე.
  • თქვენ ახლახან რუსეთი ახსენეთ. უკვე ბევრჯერ მოვისმინეთ, რომ ე.წ. “უცხოეთის აგენტების კანონი” რუსეთის სახელმძღვანელოდანაა, რომ რუსეთითაა შთაგონებული. რამდენადაა თეთრი სახლი შეშფოთებული რუსეთის გავლენით საქართველოზე და რუსეთის მხრიდან არჩევნებში სავარაუდო ჩარევაზე?
  • რუსეთის მავნე გავლენის კამპანია გვხვდება ევროპის მასშტაბით, რა თქმა უნდა, რეგიონში და ნამდვილად საქართველოშიც. საჭიროა ამაზე დაკვირვება. მაგრამ ძალიან ნათლად მინდა ვთქვა, რომ ვხედავთ ქმედებებს, რომელსაც [საქართველოს] მთავრობა ახორციელებს. არ ვიცი რამდენად სარგებლობს რუსეთი იმით, რაც საქართველოში ხდება, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ქმედებებს ქართველი ოფიციალური პირებისგან და არა რუსი ოფიციალური პირებისგან. ის, რასაც ისინი ჩადიან, შემაშფოთებელია. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ძალიან ნათლად გამოვხატავთ იმას, რომ ასეთ ქმედებებს საქართველო არასწორი მიმართულებით მიჰყავს.

  • ევროკავშირმა ყველა თავისი მცდელობა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით შეაჩერა. ეს მინიშნება უნდა იყოს, ის, რასაც ჩვენ ვამბობთ, მინიშნება უნდა იყოს, რომ [ქვეყნის] ტრაექტორია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან შეუთავსებელია.
  • საქართველოსთან ერთად, საკმაოდ მოახლოებულია ამერიკის არჩევნებიც. იქნება ეს ჰარისის, თუ ტრამპის ადმინისტრაცია, ელოდებით თუ არა პოლიტიკის ცვლილებას საქართველოსთან მიმართებაში?
  • არ შემიძლია ჩემი ქვეყნის პოლიტიკაზე საუბარი. ეს ჩემს უფლებამოსილებაში არ შედის, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც აქამდე ვთქვი – ძალიან, ძალიან ბევრი წლის განმავლობაში, უკვე ათეულობით წელია, საქართველოს ჰქონდა ფართო, ორპარტიული მხარდაჭერა [ამერიკის მხრიდან]. 2008 წელს, [რუსეთ-საქართველოს] ომის შემდეგ, მაშინ სენატორი ბაიდენი საქართველოში, საქართველოს აღორძინებაზე სასაუბროდ ჩავიდა.

  • სიგნალი, რომელიც მაშინ სენატორმა ბაიდენმა გააგზავნა, შემდეგ უკვე სწორად აღიქვეს ბუშის ადმინისტრაციაში და მალევე, საქართველომ მილიარდი დოლარის აღმშენებლობის პაკეტი მიიღო. ასე რომ [საქართველოს მხარდაჭერა] ბევრი წლის განმავლობაში ორპარტიული იყო და მექნებოდა მოლოდინი, რომ ეს ასეც გაგრძელდება.
  • როგორ ფიქრობთ, რა ეტაპზეა საქართველო-ამერიკის ურთიერთობები ამ მომენტისთვის და რა ნაბიჯების გადადგმას ელოდება ამერიკა საქართველოსგან იმისთვის, რომ ქვეყნები ძველ ურთიერთობას დაუბრუნდნენ?
  • მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ჩვენ არ ვართ სხვა ქვეყნებისთვის ლექციების კითხვის პოზიციაში იმაზე, რა უნდა გააკეთონ, ან რა არ უნდა გააკეთონ. მსოფლიოს უამრავი ქვეყანა იმ ტრაექტორიით მიდის, რაც მას სურს. თუმცა, თუ ქვეყანას სურს, რომ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იყოს, რაც ნატოსა და ევროკავშირის წევრობას ნიშნავს, მაშინ არსებობს წინაპირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს და ორივე ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად, დემოკრატიული სტანდარტების [დაკმაყოფილებაა საჭირო].

  • რამდენადაც თავად ქართველ ხალხს სურს, რომ მათი ქვეყანა საბოლოოდ ევროატლანტიკურ საზოგადოებაში იხილონ, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკრიტიკოთ ის ნაბიჯები, რომლებიც ბოლო დროს ვნახეთ, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, ისინი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ტრაექტორიას.

  • თუმცა, საბოლოო ჯამში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, რა გეოპოლიტიკური ორიენტაცია სურს. მათ აქვთ შესაძლებლობა ოქტომბერში მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და საკუთარი აზრი გამოთქვან.
  • რომ შევაჯამოთ – რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები და რა ნაბიჯებს უნდა ველოდოთ ამერიკისგან სამომავლოდ?
  • ყველა არჩევნები გადამწყვეტია, რადგან თითოეულს დემოკრატიული სულისკვეთებით დემოკრატიული ინსტიტუტების განახლების შესაძლებლობა აქვს.

  • ამავე პრინციპით, თუ არჩევნები არ არის თავისუფალი და სამართლიანი, ნებისმიერი დემოკრატიული სისტემა შეიძლება დაიშალოს, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. თუ ის, რასაც ოქტომბერში ვნახავთ, თავისუფალი და სამართლიანი არ იქნება, მაშინ, სამწუხაროდ, ეს შემაფერხებელი იქნება საქართველოს დემოკრატიული ზრდისთვის.

  • არჩევნები ჯერ არ ჩატარებულა, ასე რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს. თუმცა, ეს უნდა მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების მიზანში ამოღების შეწყვეტით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების შევიწროების დასრულებით და ადმინისტრაციული ძალის გამოუყენებლობით იმ დონეზე, რომ ამან აიძულოს ხალხს ხმა მისცეს [კონკრეტულ კანდიდატს].

  • თუ ეს ქმედებები შეწყდება, მაშინ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ არჩევნები, შესაძლოა, იყოს თავისუფალი და სამართლიანი. თუ ეს ქმედებები გაგრძელდება, მაშინ პირიქით მოხდება.

  • წყარო