Home Blog Page 25

“მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მოვუწოდებთ ცესკო-ს დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ხელი შეუწყოს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ნათია სულავას განცხადებაშია აღნიშნული.

ნათია სულავას განცხადებით, სტრასბურგში საარჩევნო უბანი უნდა გაიხსნას, რადგან სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით საქართველოს მოქალაქე და საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა.

„დღეს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საზღვარგარეთ 7 ახალი საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ცესკო-ს დღევანდელი გადაწყვეტილება არანაირად არ პასუხობს ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, გახსნილიყო საარჩევნო უბნები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიდ ქალაქებში.

ცესკო-ს დღევანდელ სხდომაზე ასევე, იქნა განხილული საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის საკითხი, თუმცა კომისიამ ეს საკითხი არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ ათასობით ემიგრანტის მოთხოვნას, რომელიც გაგზავნილ იქნა ცესკოში და საგარეო საქმეთა სამინისტროში, უარი ეთქვა და საგარეო საქმეთა სამინისტრო ასახელებდა იმ გარემოებას, რომ საზღვარგარეთ უბნის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში. უარის ერთ-ერთი მიზეზი ასევე, იყო უსაფრთხოების საკითხი.

საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ შეხვდა საქართველოში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს, მათ შორის, საფრანგეთის ელჩს და ელჩებისგან მიიღო სრული მხარდაჭერა დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებით.

იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგში ცხოვრობს ათასობით მოქალაქე და იქიდან გამომდინარე, რომ სტრასბურგიდან საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება საქართველოს მინიმუმ 400 მოქალაქე და რაც მთავარია, სტრასბურგში არსებობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მოვუწოდებთ ცესკო-ს, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნის შესახებ და ამ გადაწყვეტილებით ხელი შეუწყოს ჩვენს ემიგრანტებს შეუფერხებლად განახორციელონ კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

,,ქუთაისის აეროპორტის ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას ჩვენ დიდ ყურადღებას ვუთმობთ”- პრემიერი

ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებას, სატრანზიტო პოტენციალის განვითარებას, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებული კაფსულის ჩაგდების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

პრემიერის თქმით, ამ კუთხით აეროპორტების განვითარებას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა, ზოგადად, საუბარი ქუთაისის აეროპორტთან და ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით და დღეს უკვე გადავდივართ პრაქტიკულად საქმეზე. დღეს ვიწყებთ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღეს არა მხოლოდ ქუთაისის აეროპორტისთვის, არამედ ამ რეგიონისთვის და მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის.

ახალი ზოლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდება, აღჭურვილი იქნება მაღალი სიზუსტის თანამედროვე სანავიგაციო შუქ-ტექნიკით და ნებისმიერი ზომის სამგზავრო და სატვირთო საჰაერო ხომალდების შეუზღუდავი მომსახურების შესაძლებლობა ექნება.

პროექტში, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ფაზას წარმოადგენს, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება. ეს აღემატება ამ აეროპორტში აქამდე განხორციელებული ყველა ინვესტიციის ჯამს ერთად აღებულს, ჯამურად აქამდე 200 მილიონის ინვესტიცია იყო ჩადებული ამ აეროპორტში და ახლა, მხოლოდ ამ პროექტის ფარგლებში, 240 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

აეროპორტის განვითარების შემდეგ ეტაპზე, გაფართოვდება სამგზავრო ტერმინალი; შედეგად, მგზავრთნაკადი ამ აეროპორტში 1.7 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზრდება“, – განაცხადა პრემიერმა.

საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნოუბანი შეიქმნა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის დამატებით შვიდი საარჩევნო უბანი შეიქმნა. შესაბამისი განკარგულება ცესკომ დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო. დამატებით საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველი საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ განახლებული მონაცემები გახდა, რომელიც ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან და სხვა შესაბამისი უწყებებიდან მიიღო და დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე ამომრჩეველთა რაოდენობა შეადგენს  95 834-ს. ამომრჩეველთა გაზრდილი რაოდენობის შესაბამისად საარჩევნო უბნები დამატებით შეიქმნა ამერიკის შეერთებულ შტატებში – ნიუ-იორკში; გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში –  ბერლინში;  ესპანეთის სამეფოში – ბარსელონაში; იტალიის რესპუბლიკაში – რომში; საბერძნეთის რესპუბლიკაში – ათენსა და  სალონიკში; საფრანგეთის რესპუბლიკაში –  პარიზში.

საერთო ჯამში ამომრჩევლებს საზღვარგარეთ, 42 ქვეყანაში 67 საარჩევნო უბანი მოემსახურება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს.

 ,,ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს, თუ დავალების შესასრულებლად არ შემოდის?”-პრემიერი

ადამიანს [დარჩო ხეჩუაშვილს] 18-წლიანი ციხე ემუქრებოდა და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და საქართველოში უკანონოდ შემოსვლას ცდილობს. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გივი თარგამაძეზე თვალთვალი, თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულ დარჩო ხეჩუაშვილს მიხეილ სააკაშვილმა დაავალა.

მისი შეფასებით, არჩევნებამდე 2 კვირაა დარჩენილი და სახელმწიფოს მაქსიმალური სიფრთხილე სჭირდება, რადგან საარჩევნო პროცესი პროვოკაციების გარეშე წარიმართოს.

„დეტალები საინტერესოა, ეს უმძიმესი პროვოკაცია უშუალო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია. მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებულ პირებს, მათ შორის უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ადებს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დამატებით გამოძიება და დიდი სიფრთხილე, წარმოიდგინეთ ადამიანს პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს ის ე.წ. მწვანე საზღვარს კვეთს და ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად არ შემოდის? ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, თუმცა დანარჩენს გამოძიება დაადგენს.

მაგრამ ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილე გვჭირდება, საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, არჩევებამდე 2 კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ საარჩევნო პროცესი ასე მშვიდად მივიყვანოთ ბოლოში. ამისათვის გვჭირდება მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რომელზეც გრძელდება საუბარი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული, რათა არა მძიმე არამედ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, ამირან გულუაშვილმა აღნიშნა.

როგორც პროკურატურაში აღნიშნეს, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა.

ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

„ოცნებას“ ასეთი ვერსია შეუძლია მიყიდოს თავის ყველაზე გონებაშეზღუდულ მხარდამჭერებს”-გივი თარგამაძე

ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი დეპუტატი გივი თარგამაძე მისი მკვლელობის მცდელობის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა.

თარგამაძის განცხადებით, არ ეთანხმება პროკურატურის მიერ გახმაურებულ ვერსიას 2016 წელს თავისი ავტომანქანის აფეთქების შემკვეთთან დაკავშირებით. როგორც გივი თარგამაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, შოთა ჭიჭიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაპირისპირებული იყო და 2016 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან, გია ლორთქიფანიძესთან და მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში შეხვედრაზე ვერ იქნებოდა. თარგამაძეს არ სჯერა, რომ 2016 წელს მასზე თვალთვალის დავალება ლორთქიფანიძისგან და სააკაშვილისგან გაიცა.

ამასთან, თარგამაძეს ეჭვი არ ეპარება თავისი მანქანის აფეთქებაში ჭიჭიაშვილის, დარჩო ხეჩუაშვილისა და ვინმე დიმას კავშირზე, თუმცა ამბობს, რომ ისინი ბიძინა ივანიშვილის დავალებით მოქმედებდნენ. როგორც გივი თარგამაძემ განაცხადა, ჭიჭიაშვილი ღარიბაშვილის სიმამრთან, თამაზ თამაზაშვილთან იყო შეკრული და, თარგამაძის თქმით, დაკვეთა „ოცნებისგან“ მოდიოდა. თარგამაძე მიიჩნევს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ხუთი დღით ადრე „ოცნებას“ საზოგადოებაში შიშის დასათესად სჭირდებოდა ოპოზიციონერი დეპუტატის აფეთქება.

შეკითხვაზე, რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეუკვეთა მისი აფეთქება, თარგამაძე აცხადებს, რომ მტკიცებულებები პროკურატურას მიაწოდა.

„ოცნებას“ ასეთი ვერსია შეუძლია მიყიდოს თავის ყველაზე გონებაშეზღუდულ მხარდამჭერებს, თეთრი ძაფითაა ნაკერი ყველაფერი. ხეჩუაშვილი სამართალდამცველებს როდესაც ჩაბარდა, მე „ფეისბუქზე“ დავწერე, რომ გასაგებია, შეჰპირდნენ, მალე გამოუშვებენ, ფულს მისცემენ და იტყვის, სააკაშვილმა დაავალა. სასაცილოა, ადამიანი, რომელიც დამტკიცებულია, რომ ამაფეთქა, ახლა ჩამოაქვეითეს მეთვალთვალის სტატუსით, აბა, სხვანაირად როგორ გამოუშვან ციხიდან. სხვა ჯგუფმა ამაფეთქა თურმე. მოუწევთ თქვან, რომ სააკაშვილმა ასაფეთქებლად სხვა ჯგუფი დაიქირავა. ცინიკურია, თითქოს ჭიჭიაშვილს შეხვდნენ სააკაშვილი და ლორთქიფანიძე. ჭიჭიაშვილი ოდესაში ორჯერ იყო ჩასული ლორთქიფანიძის მოსაკლავად, არ გამოუვიდა, შემდეგ კიევში ჩავიდა იმავე მისიით და უკრაინელმა სამართალდამცველებმა ლიკვიდაცია მოახდინეს“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღეს საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა განაცხადა: „სააკაშვილი არ ენდობოდა გივი თარგამაძეს, ამიტომ 2016 წელს მისი კონტროლი და თვალთვალი დაავალა შოთა ჭიჭიაშვილს, რომელმაც საქმეში, თავის მხრივ, დარჩო ხეჩუაშვილი ჩართო“.

„ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები”- პრემიერი

ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის შესახებ „ქართულ ოცნებაში“ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში.

„რეალურად სათქმელი არაფერი არ აქვთ, მე აბსოლუტურად ვიზიარებ, რა თქმა უნდა, იმ განცხადებას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში „ლელო“ და გახარიას პარტია არის გამორჩეულად საშიში პოლიტიკური სუბიექტები. რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ახალს“, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახეებისგან შედგება, მათთან დაკავშირებით ყველამ ყველაფერი ძალიან მარტივად იცის. მათ პირდაპირი კავშირი წინა რეჟიმთან აქვთ. წარმოადგენდნენ, როგორც სახეები წინა რეჟიმს, მაშინდელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ხაზარაძეს, ის პირდაპირ მაშინდელ ხელისუფლებას არ წარმოადგენდა, ამიტომ შეიძლება საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შევიდეს, თუმცა ყველას მინდა შევახსენო, რომ ის პირდაპირ იყო ჩართული მაშინდელი რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებში, რაც განსაკუთრებით უკავშირდებოდა ბიზნესის რეკეტს. კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ ის საქმეები, რომელიც უკავშირდება კომპანია „მაგნატს“, „ელიტ ელექტრონიქსს“, „კონსტანტას“. ღამე კომპანიების წილების გადაფორმება, ამ ყველაფერში ჩართული იყო, სამწუხაროდ, ეს კონკრეტული ადამიანი. ბუნებრივია, ეს ყველაფერი საზოგადოებას უნდა შევახსენოთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როცა გიორგი გახარია შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები.

„რაც შეეხება გახარიას, მე მინდა მისი ქმედებები შეგახსენოთ, რაც მამუკა მდინარაძემ გაიხსენა. ის მიზანმიმართულად, როცა შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ერთმანეთთან დაეპირისპირებინა სახელმწიფო და მოქალაქეები, პოლიცია და ახალგაზრდები. ყველა შესაბამისი მოქმედება, რასაც ის ახორციელებდა, სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. ეს მისი დავალება იყო, ის როგორც უცხოელი აგენტი ისე მოქმედებდა, დავალებებს იღებდა და ეს დავალებები ემსახურებოდა ამ მიზანს – სახელმწიფო ინსტიტუტების, განსაკუთრებით სამართალდამცავი ორგანოების და მოქალაქეების ერთმანეთთან დაპირისპირებას. ამას უკავშირდებოდა ის რაც პანკისში, მესტიაში, ბასიანში, 20 ივნისს მოხდა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩორჩანას ამბავს და ასევე იმასაც შეგახსენებთ, რომ ამ ქმედებაზე არავითარი რეაქცია არ ჰქონდა, მაშინ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ არცერთ ტელევიზიას. რატომ? – მარტივად, გადაეფარნენ გახარიას, რომელიც ზუსტად იგივე ხალხისგან იმართება, რომლებისაგანაც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებული ტელევიზიები იმართება, ესენი არიან უცხოელი პატრონები“, – განაცხადა კობაძემ.

,,მომხდარიდან რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ეს ამ საქმით სპეკულაციაა”- გიგი უგულავა

პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი, – ასე აფასებს „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიგი უგულავა, პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც ყოფილი დეპუტატის, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით გამოკვეთილ ახალ გარემოებებს ეხება.

როგორც გიგი უგულავამ აღნიშნულ საკითხზე საუბრისას განმარტა, მომხდარიდან რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ეს ამ საქმით სპეკულაციაა. ამასთან, უგულავა პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „ბოდვას“ უწოდებს.

„ივანიშვილის ხელის პროკურატურისგან დღეს ჩვენ მოვისმინეთ მორიგი გაუგონარი ბოდვა. ბატონმა „ბულბულაშვილმა“, ეს კაცი შემჩნეულია, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც პოლიტიკური საქმეებია, ის გამოჰყავთ ხოლმე და იგავმიუწვდომელ ბოდვებს ახმოვანებს. მთავარი, რაც ჩვენ დღეს გავიგეთ, რაც ჩემთვის, როგორც გივი თარგამაძის მეგობრისთვის და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს პროკურატურამ აღიარა, რომ გივი თარგამაძეზე შეკვეთილი თავდასხმის, კერძოდ აფეთქების ბრძანება არის ივანიშვილის მიერ გაცემული. კერძოდ, მისი შემსრულებელი არის ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამზაშვილის კლანი იმიტომ, რომ დღეს, ამდენი ხნის შემდეგ პროკურატურა გვერდს უვლიდა და არ ასახელებდა იმ გვარებს, კერძოდ, ჭიჭიაშვილს და აბრამიშვილს, რომელიც საზოგადოებამ და ყველა ჩართულმა მხარემ ძალიან კარგად იცის, რომ სწორედ თამაზ თამაზაშვილის მიერ დაქირავებული მკვლელები იყვნენ. ეს ის ხალხია, რომლის საშუალებითაც თამაზ თამაზაშვილი, როდესაც შევარდნაძის ეპოქაში კახეთის პოლიციის უფროსი იყო, იტაცებდა და აორგანიზებდა გამოძალვას. ბატონი ხეჩუაშვილი ამათი დაქირავებული მოწმეა, იქიდანაც ჩანს, რომ დღეს პროკურატურამ თან შეფარვით გვამცნო, რომ თურმე ეს პიროვნება მხოლოდ თვალთვალით იყო შემოფარგლული. ეს იმას ნიშნავს, რომ მასთან გარიგება არის დადებული, ადვილად რომ გამოაძვრინონ.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ აფეთქებიდან ნახევარ საათში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბატონმა კვირიკაშვილმა ჩვეული სიმძიმით და ოხვრით, რადგანაც იცოდა სისულელეს და ზღაპარს ამბობდა, მაშინაც უკრაინისკენ გაიშვირა ხელი, მაშინაც ჩვენკენ გაიშვირა ხელი. ეს არის უკვე რვა წლის თავზე, მორიგ არჩევნებზე, ამ საქმით სპეკულაცია, მაგრამ მთავარი არის ის, რომ „ქურდს ქუდი ეწვის“ და დღეს პროკურატურამ გათქვა თავისი თავი. ჭიჭიაშვილის და აბრამიშვილის ხსენებით მათ დაადასტურეს, რომ დამკვეთი არის ივანიშვილი, შემსრულებელი არის თამაზ თამაზაშვილი და თამაზ თამაზაშვილის ხალხი, კერძოდ, ჭიჭიაშვილი, აბრამიშვილი და ხეჩუაშვილი“, – განაცხადა უგულავამ.

უგულავას თქმით, ჭიჭიაშვილს 2013 წელს მისჯილი ჰქონდა 22 წელი და ივანიშვილის ხელისუფლებამ ის გაათავისუფლა, როგორც პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, ამ ფაქტით უკვე თავისთავად ნათელია, ვინ იყო ჭიჭიაშვილის მფარველი, ვინ გაათავისუფლა ჭიჭიაშვილი, ვისით იმართებოდა ჭიჭიაშვილი და დღეს, როდესაც ჭიჭიაშვილი არის მკვდარი, ივანიშვილის პროკურატურა მას „ატენის“. ჭიჭიაშვილი მონაწილეა, მაგრამ ნებისმიერი რამის მკვდარზე „შეტენვა“ ადვილია. ამიტომ, ჩვენ დღეს ვიხილეთ და გავიგეთ ის, რომ 26 ოქტომბრის მერე ეს საქმე აუცილებლად გაიხსნება. პროკურორ „ბულბულაშვილს“ მინდა ვუთხრა, მას აუცილებლად მოუწევს ჩვენების მიცემა და მოჰყვება როგორ, ვისი დავალებით, რა მოცულობით და რატომ აყალბებენ ამ საქმეს“, – განაცხადა უგულავამ.

ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულის ჩვენების მიხედვით, თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა, რადგან „თარგამაძეს არ ენდობოდა“.

როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენების მიხედვით, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ამასთან, უწყების ცნობით, მოწმე მიხეილ სააკაშვილთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

,,სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე”- ირაკლი კობახიძე

მპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი.

„სალომე ზურაბიშვილს აქვს ორი პარასკევი დარჩენილი თავის თანამდებობაზე. იმპიჩმენტის წესით მოხდება მისი გადაყენება ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში, იმის მიხედვით, თუ როდის ჩაინიშნება პარლამენტის პირველი სხდომა. აქედან გამომდინარე, მის არც ერთ ნაბიჯს არ აქვს არანაირი პრაქტიკული დატვირთვა ჩვენთვის. მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება” მიიღებს ას მანდატზე მეტს საქართველოს პარლამენტში, მყისიერად, პირველი სხდომის გამართვის შემდეგ განხორციელდება პრეზიდენტის იმპიჩმენტი, რასაც აქვს სიმბოლური დატვირთვა. თქვენ იცით, რომ ისედაც ერთი თვით იკვეცება მხოლოდ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა. მას ისედაც გასდის ვადა დეკემბერში, აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტს აქვს არსებითად სიმბოლური დატვირთვა. პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ მოღალატემ არ დატოვოს სტანდარტულად პრეზიდენტის თანამდებობა. მან ეს თანამდებობა უნდა დატოვოს, როგორც კონსტიტუციის დამრღვევმა, როგორც მოღალატემ, ეს უნდა გაფორმდეს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი გადაწყვეტილებით, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”, – განაცხადა პრემიერმა.

“ზელენსკი რომში: “ომი უკრაინაში 2025 წელს დამთავრდება, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მტკიცე გარანტიებით”-უცხოური პრესა

“მართალია, აშშ-ში გრიგალ „მილტონის“ გამო ნატოს ლიდერების შეხვედრა რამშტაინში (გერმანია) გადაიდო, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაინც გადაწყვიტა, რომ თავისი ევროპული ვიზიტი გამოეყენებინა. უკრაინის ლიდერი თანახმაა, რომ ცეცხლი შეწყდეს ფრონტზე არსებული საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ, მაგრამ ამისათვის აუცილებელია აშშ-ისა და ევროკავშირის მტკიცე გარანტიები“, – ნათქვამია იტალიური გაზეთის „კორიერე დელა სერას“ (Corriere della Sera) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „ზელენსკი რომში: „ომი უკრაინაში 2025 წელს დამთავრდება, მაგრამ მხოლოდ აშშ-ის მტკიცე გარანტიებით“ (ავტორი – ფედერიკო ფუბინი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ამ თვეში მეორედ ჩამოვიდა და ასევე მეორედ ხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის. უკრაინელი ლიდერი რომში სამშაბათს საღამოს ჩამოვიდა, როცა ნათელი გახდა, რომ გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე დაგეგმილი სამიტი, გრიგალ „მილტონის“ გამო, არ შედგებოდა. ამ სამიტზე უკრაინის დახმარებისა და გარანტიების საკითხი უნდა განხილულიყო. ბოლო მომენტში უკრაინის ლიდერმა გადაწყვიტა, რომ მაინც გამოეყენებინა შესაძლებლობა და პირადად შეეხსენებინა ევროპელი ლიდერებისთვის კიევისადმი დახმარების აუცილებლობა.
ვიზიტი დაიწყო ხორვატეთში გამგზავრებით, სადაც პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო დუნროვნიკში გამართულ შეხვედრაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან, შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი ელისეის სასახლეში ემანუელ მაკრონის შეხვდა, 10 ოქტომბერს რომში ჩამოვიდა და შეხვდა როგორც ჯორჯა მელონის, ასევე რომის პაპს ფრანცისკეს.

ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამინდელი მოქმედება ასახავს მის რწმენას, რომ ახლა სწორედ ის დროა, როცა გამოსავალი უნდა მოიძებნოს: უკრაინა „სატირელ მდგომარეობაში“ არ უნდა დარჩეს და რომ ქვეყანა დაცული უნდა იყოს რუსეთის სამომავლო აგრესიისაგან. „ოქტომბერში, ნოემბერში და დეკემბერში ჩვენ გვაქვს რეალური სანსი იმისა, რომ სიტუაცია გრძელვადიანი მშვიდობისა და მყარი სტაბილურობისათვის მოვამზადოთ“, – წერს ზელენსკი „იქს-ქსელში“, – „სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ჩვენ შეგვიძლია ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დავასრულოთ“.

რა თქმა უნდა, უკრაინის პრეზიდენტის სიტყვები განმარტებას მოითხოვს – რატომ მაინცდამაინც ეს სამი თვე? როგორც ჟურნალი „გრანდ კონტინენტი“ აღნიშნავს, იმიტომ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან კარგად იცის – სწორედ მიმდინარე წლის სექტემბერში დაკარგა უკრაინამ ყველაზე მეტი ტერიტორია ბოლო ორი წლის განმავლობაში – მოსკოვმა ხელში ჩაიგდო უკრაინის კუთვნილი მიწის 468 კვადრატული კილომეტრი.
უკრაინის ძალები ამ ეტაპზე საკმაოდ მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან რუსეთის ჯარებს რიცხოვნული რაოდენობითა და შეიარაღებით, დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტის ხაზის გასწვრივ. რუსეთის კურსკის ოლქზე შეტევა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგვისტოში განახორციელა, არათანმიმდევრულობითა და არალოგიკურობით გამოირჩევა: ოპერაციის მიზანი ის იყო, რომ ეჩვენებინა როგორც ქვეყნის მოსახლეობისათვის, ისე მოკავშირეებისათვის აქტიურობა, აემაღლებინა მათი მორალური სული და განწყობა იმისათვის, რომ მეტი იარაღი მიეცათ კიევისათვის… მაგრამ ახლა სიტუაცია გაუარესებულია: უკრაინის ჯარების ელიტური ქვედანაყოფები კურსკის ოლქში გარკვეულად „ჩაკეტილ“ სიტუაციაში აღმოჩნდნენ – მიუხედავად იმისა, რომ დონბასში უკრაინის არმია უკან იხევს, კიევის აზრით, კურსკის ოლქიდან უკრაინული ნაწილების გამოყვანა არ შეიძლება, რადგან მათი ევაკუირება უფრო მეტი ზარალს გამოიწვევს. არადა, დონბასის დამცველებს ახლა სჭირდებათ ძალების შევსება და დახმარება.
ვოლოდიმირ ზელენსკის ამჟამად სურს დაარწმუნოს ევროპელები პოლიტიკურ დონეზე – მაგალითად, მან იცის, რომ ვერასოდეს ვერ იტყვის უარს რუსეთის ჯარების მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე (რაც ძალზე არაპოპულარულია ნებისმიერი უკრაინელი პოლიტიკოსისთვისაც), მაგრამ იგი მზად არის ცეცხლის შეწყვეტაზე საბრძოლო შეხების ხაზის გასწვრივ, მაგრამ ამ ხაზის სახელმწიფო საზღვრად აღიარების გარეშე. გარდა ამისა, ცეცხლის შეწყვეტის (დაზავების) აუცილებელი პირობაა დასავლეთის ვალდებულების არსებობა: პირველი – უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიები აშშ-ის მხრიდან, ანუ ისეთი გარანტიები, როგორებიც ვაშინგტონმა მისცა იაპონიას, სამხრეთ კორეას და ფილიპინებს; მეორე – რომისაგან, პარიზისაგან და ბერლინისაგან ვოლოდიმირ ზელენსკის სურს მიიღოს იმის დადასტურება, რომ უკრაინა სწრაფად გახდება ევროკავშირის წევრი, რაც ქვეყნის აღმშენებლობის საფუძველი გახდება.

რა თქმა უნდა, ეს იოლი არ იქნება, რადგან ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, არ შეწყვეტს ტერიტორიების მიტაცებას და დამპყრობლურ ომს გააგრძელებს. გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის თავდაცვის სფეროს ბიუჯეტი 2025 წელს დაახლოებით 130 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება წლევანდელ 108 მილიარდ დოლართან შედარებით. ყურადღება უნდა მივაქციოთ იმასაც, რომ 2024 წლის დამლევს რუსეთი ნავთობის ექსპორტისაგან 190 მილიარდ დოლარს მიიღებს – ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მოსკოვი ომამდე იღებდა. სანამ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციები საგრძნობ ზემოქმედებას არ მოახდენს რუსეთზე და კრემლის სამხედრო მანქანას ძირს არ გამოუთხრის, ვლადიმერ პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომისა და ზავის დასადებად მიზეზები არ ექნება.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

 ,,ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს”- პრემიერი

ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით,  გერმანიის ბუნდესტაგში მიღებულ იქნა აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია.

„მე უხერხულობას მიქმნის ის, რომ გერმანიის ბუნდესტაგში მიღებულ იქნა აბსოლუტურად უსამართლო რეზოლუცია. ეს არის ისეთი რეზოლუცია, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს სამართლიანობასთან, პრინციპებთან, რაც ძალიან სამწუხაროა. როდესაც ბუნდესტაგი იღებს ისეთ რეზოლუციას, სადაც ითხოვს კიდევ ერთხელ იმ ადამიანების დასჯას, რომლებსაც ამ ქვეყანაში დემოკრატიული გარდატეხა აქვთ განხორციელებული, როცა ბუნდესტაგის რეზოლუცია ეფარება კრიმინალებს, როცა ითხოვენ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის არმიღებას და ა.შ. ეს არის შემაშფოთებელი და  სწორედ ეს არის, რაც ქმნის უხერხულობას. ჩემთვისაც უხერხულობის შემცველია ეს ყველაფერი, გამომდინარე ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულებიდან გერმანიის ბუნდესტაგის, პარლამენტის ინსტიტუტის მიმართ, თუმცა ყველაზე მეტი უხერხულობა ამ რეზოლუციამ თავად შესაბამის ბუნდესტაგის წევრებს უნდა შეუქმნას. ვინც მიიღო რეზოლუცია, სწორედ ეს ადამიანები უნდა გრძნობდნენ უხერხულობას. ჩვენი საქმე არ არის, ვინ რა პოზიციით გამოვიდა გერმანიის ბუნდესტაგში, ჩვენთვის სამწუხარო მოვლენაა, რომ გერმანიის ბუნდესტაგმა მიიღო უკიდურესად უსამართლო რეზოლუცია, რაც არ შეშვენის გერმანიის პარლამეტს”, – განაცხადა პრემიერმა.

,,რუსულ კანონზე საუბარი იყო საუკუნის აფიორა”- ირაკლი კობახიძე

რუსული კანონი არის ტყუილი. რაც შეეხება რუსულ კურსს, ეს არის ანალოგიური ტყუილი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის თქმით, რუსულ კანონზე საუბარი იყო საუკუნის აფიორა.

„ევროკაშირმა თვითონ  დააინიცირა ანალოგიური კანონი და ვეღარ იღებს ამ კანონს იმის გამო, რომ მერე საქართველოს უნდა მოთხოვოს ზუსტად იდენტური კანონის გაუქმება, რასაც ევროკავშირში მიზანშეწონილად მიიჩნევდნენ. აქედან ჩანს, რამხელა ფარსზეა საუბარი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ვინც საუბრობს რუსულ კანონზე, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში. რუსულ კანონზე საუბარი არის, არც მეტი არც ნაკლები, ცრუპენტელობა. 

შენ რომ არ გინდა ქვეყანაში ომი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შენი კურსი არის რუსული. არ შეიძლება ქართულს უწოდო რუსული. არიან ადამიანები, რომლებიც ყველაფერ ქართულს, მათ შორის, ქართულ ეროვნულ ამოცანებს უწოდებენ რუსულს. ვინც არ უნდა იყოს, ვინც საუბრობს რუსულზე და ქართულს უწოდებს რუსულს, ის მონაწილეობს საუკუნის აფიორაში”, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

,,გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე”- პრემიერი

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა, ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნულს სჭირდება დამატებითი გამოძიება და ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პარტიულ ოფისებში გრძელდება საუბრები პროვოკაციებზე, რასაც სახელმწიფო არ დაუშვებს.

„ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა, უშუალოდ, არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე და რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია, ეს ადამიანი ბოლომდე თავის ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს „ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და ამას სჭირდება ასევე ძალიან დიდი სიფრთხილის გამოჩენა. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს, საქართველოში, პირდაპირ ემუქრებოდა 18-წლიანი ციხე და ასეთ დროს, ის კვეთს ე.წ. მწვანე საზღვარს, ცდილობს, საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. ამხელა რისკზე როგორ შეიძლება წავიდეს ადამიანი, თუ ის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად. ეს არის ვარაუდი, რომელიც შეიძლება გამოითქვას, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ. ეს ფაქტი, თავისთავად, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე, საარჩევნო პროცესი წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, თუმცა კიდევ ორი კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე ასე მივიყვანოთ, მშვიდ გარემოში. ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის, მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რაზეც გრძელდება საუბარი, სხვათაშორის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის” პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისათვის, რომ არა თუ მძიმე, ვერც ერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში,”- განაცხადა პრემიერმა.