Home Blog Page 25

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტშიVisa-ს და თიბისი კონცეპტის ერთობლივი ლაუნჯ სივრცე მოეწყობა

ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი Visa, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან თანამშრომლობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბიზნესლაუნჯ სივრცეს ხსნის, რომელშიც თიბისი კონცეპტის ლაუნჯიც მოეწყობა.

საქართველოში ეს იქნება რიგით მეორე ლაუნჯი, რომელშიც თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს კომფორტული მგზავრობისთვის საჭირო ყველა შესაძლებლობა დახვდებათ: სასიამოვნო გარემო, საკვებისა და სასმლის მრავალფეროვანი არჩევანი, მცირე ბიბლიოთეკა, ჟურნალ-გაზეთები, სწრაფი ინტერნეტი, ფრენების შესახებ ინფორმაციაზე წვდომა და სხვა.

„თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი აქტივობა მოგზაურობაა, ამიტომ მუდმივად ვცდილობთ ეს პროცესი მათთვის უფრო მარტივი და სასიამოვნო გავხადოთ. პირველი კონცეპტ ლაუნჯი 3 წლის წინ, თბილისის აეროპორტში გავხსენით, სადაც ამ დროისათვის, 100 000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო გამორჩეული გამოცდილება. გვიხარია, რომ თიბისი კონცეპტის მომხმარებლები იგივე შესაძლებლობებით სარგებლობას  მალე ქუთაისის აეროპორტშიც შეძლებენ“,- ნატა ხურციძე, თიბისის პერსონალური საბანკო მომსახურების ხელმძღვანელი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრებს, რომლებიც Visa-ს პრემიული კატეგორიის ბარათების მფლობელები არიან, ლაუნჯით სარგებლობა წინასწარ განსაზღვრული რაოდენობით უფასოდ შეეძლებათ.

ქვეყნის ტერიტორიაზე ახალი სამოგზაურო სივრცის გახსნა თიბისის კიდევ ერთი ნაბიჯით დააახლოებს საკუთარ მისიასთან — გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება; უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას მაღალი ხარისხის გამოცდილება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამ ეტაპზე, თბილისის გარდა, თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს სამოგზაურო ლაუნჯებით სარგებლობის შესაძლებლობა, მსოფლიო მასშტაბით, 1200-ზე მეტ აეროპორტში აქვთ.

(R)

ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინთან ერთად არ უნდა დადგეს: თუ ომი კრემლის პირობებით დასრულდება, ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას არავინ მისცემს – The Daily Telegraph

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „ტრამპმა გააცნობიერა, რომ პუტინთან ერთად არ უნდა დადგეს: თუ ომი კრემლის პირობებით დასრულდება, ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას არავინ მისცემს“. მასში განხილულია და კომენტირებულია აშშ-ის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი არცთუსასიამოვნო განცხადებები ვლადიმერ პუტინის მიმართ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ნუთუ რუსული დრონების მასირებულმა შეტევამ დონალდ ტრამპს თვალი აუხილა ვლადიმერ პუტინის ჭეშმარიტ ზრახვებზე? ამერიკელმა თავისი რუსი კოლეგის მოქმედება „ჭკუიდან შეშლად“ შეაფასა. თუმცა…

პუტინი დიახაც ანგარიშიან და სასტიკ ავტოკრატ პიროვნებას წარმოადგენს, მაგრამ ჭკუიდან შეშლილი ნამდვილად არ არის. მან იცის, რასაც აკეთებს და კარგად სარგებლობს ამერიკელი ლიდერის მდგომარეობით, რომელსაც არჩევნების დროინდელი დაპირების შესრულება უნდა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების თაობაზე. ვლადიმერ პუტინს სურს საკუთარი ჯარის მონაპოვრის შენარჩუნება სამშვიდობო ხელშეკრულების დადების გზით. დონალდ ტრამპს კი უკვირს, რომ რატომ არ თანხმდება კრემლი თეთრი სახლის მიერ მიწოდებულ თაფლაკვერს.

დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს ფაქტიურად ცივილიზებული ქვეყნების თანამეგობრობაში დაბრუნება, სანქციების გაუქმება და სავაჭრო კავშირების აღდგენა შესთავაზა. დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ეს რუსეთისათვის მომგებიანი გარიგებაა და მისთვის ძნელად წარმოსადგენია, თუ რატომ უარყოფს პუტინი ამერიკელი ლიდერის კეთილ ჟესტს და არ სურს დათანხმდეს. „პუტინთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა და ახლა ვერ გავიგე, რა მოუვიდაო“, – ამბობს გაოცებული მისტერ ტრამპი.

იმიტომ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთს და უკრაინას რატომღაც ერთნაირად უყურებს და ფიქრობს, რომ ორივე თანაბრად არიან დამნაშავე ომის საკითხში. იგი უკრაინის ლიდერს ვოლოდიმირ ზელენსკისაც მკვეთრად აკრიტიკებს, რომელიც თავისი ლაპარაკით მშვიდობის მიღწევას ხელს უშლის და „საკუთარ ქვეყნისთვის სარგებლობა არ მოაქვს“. მისტერ ტრამპი, როცა ვოლოდიმირ ზელენსკის აკრიტიკებს, ყურადღებას არ აქცევს და მხედველობაში არ იღებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის პრეზიდენტი, კრემლისაგან განსხვავებით, დაეთანხმა ვაშინგტონის მოწოდებას ცეცხლის 30-დღიან შეწყვეტაზე.

ობიექტურობის პრინციპი რომ დავიცვათ, ისიც უნდა ითქვას, რომ დონალდ ტრამპის საკმაოდ უხეშ გამოხტომაზე – „პუტინი ჭკუიდან შეიშალაო“, კრემლმა არატრადიციული და მისთვის უჩვეულო თავშეკავებული კომენტარი გააკეთა – ალბათ, იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს არ სურს  ამერიკელ კოლეგასთან დაპირისპირება. კრემლის წარმომადგენელმა ამერიკას მადლობა გადაუხადა მშვიდობის მიღწევის მცდელობა-ძალისხმევისთვის და დონალდ ტრამპის მრისხანება „ემოციური გადატვირთვით“ ახსნა.

თუმცა მთავარი მაინც სხვაა: დონალდ ტრამპს დღემდე ვერ გაუცნობიერება ის, რომ რუსი ლიდერი მას სულელად თვლის – რამდენიც გინდა იმდენი ილაპარაკე, მე ჩემი ინტერესები მაქვს და იმათ არ გადავუხვევო. ანუ რუსეთი თანახმაა მხოლოდ იმ პირობებზე, რომელიც მას აწყობს და რომლებიც მისთვის მომგებიანია.

შეიძლება ითქვას, რომ ომის ასე დამთავრების შემთხვევაში დონალდ ტრამპს ნობელის მშვიდობის პრემიას ნამდვილად არ მიანიჭებენ.

ამასობაში კი ვაშინგტონში „ორპარტიული უმრავლესობა“ 81 ხმით სენატში მხარს უჭერს კანონპროექტს, რომელიც გზას უხსნის დონალდ ტრამპს რუსეთის წინააღმდეგ ახალი დრაკონული სანქციები დააწესოს, თუ კრემლი თეთრი სახლის თაფლაკვერზე უარის თქმას გააგრძელებს.

სენატის გადაწყვეტილებით, თეთრ სახლს შეუძლია 500%-იანი ტარიფები დაუწესოს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ეკონომიკურ თანამშრომლობას აგრძელებენ – იაფი ნავთობის შესყიდვით და იარაღის მიწოდების სახით. იმდენად, რამდენადაც ასეთი ქვეყნების რიცხვში ინდოეთიც და ჩინეთიხ შედიან, ამგვარი ტარიფების შემოღება მსოფლიო ვაჭრობაზე უდიდეს გავლენას მოახდენს.

სენატორებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, განაცხადეს, რომ მათთვის ვლადიმერ პუტინის თამაში სულ უფრო აშკარა ხდება. მთავარი კითხვა მაინც პასუხგაუცემელი რჩება: მიხვდა თუ არა ამას საბოლოოდ ტრამპი?

წყარო

მოამზადა – სიმონ კილაძემ

აშშ-ის საელჩოს განცხადება არის დასტური, რომ სრულიად ფუჭია „ქართული ოცნების“ მცდელობა, თეთრი სახლის პროტოკოლური მილოცვა თეთრი სახლის განცხადებად გაასაღოს -თინა ბოკუჩავა

ამერიკის საელჩოს განცხადება არის დასტური, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა, თეთრი სახლის პროტოკოლური მილოცვა თეთრი სახლის განცხადებად გაასაღოს, სრულიად ფუჭია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული განცხადება აშშ-ის საელჩოს არ გაუზიარებია, განსხვავებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებისგან, რომელიც ნამდვილად პილიტიკურ გზავნილებს შეიცავდა.

„რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამერიკის საელჩოს ეს განცხადება არის კიდევ ერთი დასტური, რომ არანაირი გადატვირთვა ივანიშვილის რეჟიმთან ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან არ იქნება, ვიდრე ივანიშვილის რეჟიმი არ შეასრულებს იმ პირობებს, რომლებსაც მას უსახავს ცივილიზებული სამყარო, ამ ცივილიზებული სამყაროს ლიდერი აშშ და, რაც მთავარია, ქართველი ხალხი. ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი, თავისუფალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს წერილი გაუგზავნა, რომლითაც დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა, ტრამპი აღნიშნავს, რომ მისი ადმინისტრაცია ერთგულია, განამტკიცოს საქართველოს მთავრობასთან მშვიდობიანი და ნაყოფიერი ურთიერთობები.

ამასთან, დღეს, 28 მაისს საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: „სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა შეხვედრაზე უარი თქვა“.

ვახტანგ გომელაური ღირსეული მინისტრი იყო, მისი ხელმძღვანელობით სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარის არიდება მოხერხდა – კახა კალაძე

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვახტანგ გომელაურს მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე გაწეული საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ ის ღირსეული მინისტრი იყო.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვახტანგ გომელაურის ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე მცდელობის არიდება მოხერხდა.

„ვახტანგ გომელაური ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი იყო, რომელმაც, უშუალო ჩართულობითა და მისი ხელმძღვანელობით, სახელმწიფო გადატრიალებისა და ხელისუფლების დამხობის რამდენიმე სცენარი თავიდან აარიდა ქვეყანას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ვახტანგ გომელაურს, გაწეული შრომისთვის და წარმატება ვუსურვო შემდგომ საქმიანობაში. ის, მართლაც, ღირსეული ადამიანია, ღირსეული მინისტრი იყო, გადაწყვეტილება თავად მიიღო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთანავე, დედაქალაქის მერმა შს-ს ახალ მინისტრს საპასუხისმგებლო თანამდებობაზე წარმატება უსურვა.

მნიშვნელოვანია, ტრამპის წერილი აშშ-ის ახალ პოლიტიკაში გადაითარგმნოს, იმედია, ის უაზრო პროპაგანდა დასრულდება, რაც მთავრობის აღიარება-არაღიარებას ეხება-ლევან მახაშვილი

აშშ-ის პრეზიდენტის წერილი კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს.

„წერილს არც გავაზვიადებდი და არც დავაკნინებდი. არ დავაკნინებდი, რადგან ეს ცალსახად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, როდესაც ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. იმედი გვაქვს, ამით ის უაზრო პოლიტიკური პროპაგანდა დასრულდება, რაც მთავრობის ვითომ აღიარება-არაღიარებას ეხება. მეორეს მხრივ, წერილის მნიშვნელობას არც ზედმეტად გავაზვიადებდი იქიდან გამომდინარე, რომ ეს კარგი პირველი ნაბიჯია, თუმცა მნიშვნელოვანია, ეს ნაბიჯი გადაითარგმნოს ამერიკის ახალ პოლიტიკაში. იმედია, ეს არის პირველი ნაბიჯი ორმხრივი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესში. საქართველოს პრემიერმა წერილშიც განაცხადა, რომ გადატვირთვა რაღაც ნაბიჯებში უნდა გამოიხატოს. სტრატეგიული პარტნიორობა კონკრეტული გზამკვლევით უნდა გამოიხატოს და კონკრეტულ აქტივობებზე უნდა შევთანხმდეთ“, – გაანაცახდა ლევან მახაშვილმა.

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს -გიორგი ვაშაძე

ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს, – ასე ეხმაურება “სტრატეგია  აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი განუცხადა.

„ამერიკის ელჩთან შეხვედრაზე უარის თქმა, ეს უარია ამერიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობაზე და მეგობრობაზე და იმ ყველა სიკეთეზე, რასაც საქართველო დასავლელი პარტნიორებისგან 34 წლის განმავლობაში იღებს.

ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან, რომ ივანიშვილს უარი ეთქვა ძალადობაზე, გაყალბებულ არჩევნებზე, ძალაუფლების მიტაცებაზე და რომ ახალი, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნებით ქვეყანა დაბრუნებულიყო დასავლური ცივილიზაციის ოჯახში.

ივანიშვილმა ამ შანსზე უარი თქვა.

ეს ნიშნავს მხოლოდ ერთს – საქართველო რჩება მარტო, კიდევ უფრო დაუცველი და ეს გამოიწვევს: მეტ სანქციებს, მეტ იზოლაციას, მეტ სიღარიბეს, უფრო მეტი ქართველის იძულებას, რომ ქვეყანა დატოვოს.

ეს არ არის პოლიტიკა. ეს არის მიზანმიმართული მტრული ნაბიჯი და ღალატი. როცა რეჟიმმა სული ეშმაკს მიჰყიდა, გვჭირდება მეტი ერთიანობა და მეტი გამბედაობა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

აშშ-ს საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა აშშ-ს ელჩს, რობინ დანიგანს შეხვედრაზე უარი უთხრა. საელჩოს ინფორმაციით, ელჩს, ბიძინა ივანიშვილისთვის ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა.

პუტინი ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის მიმართ სანქციების ნაწილი გაუქმდება -Reuters

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად დასავლელი ლიდერებისგან ითხოვს წერილობით პირობას, რომ ნატო-ს აღმოსავლეთით გაფართოება შეჩერდება და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილი გაუქმდება, – ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულ სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

ნატო-ს გაფართოების შეჩერებისა და სანქციების შემსუბუქების გარდა, რუსეთის მოთხოვნებს შორის არის დასავლეთში რუსული გაყინული აქტივების საკითხის გადაჭრა და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვა.

„პუტინი მზად არის მშვიდობის დასამყარებლად, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – თქვა ერთ-ერთმა წყარომ, რომელიც „როიტერს“ ანონიმურობის პირობით ესაუბრა. ამასთან, როგორც მედიასაშუალების წყარო აღნიშნავს, თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ მშვიდობის მიღწევა მისი პირობებით შეუძლებელია, ის ეცდება, უკრაინელებსა და ევროპელებს სამხედრო წარმატებებით აჩვენოს, რომ „მშვიდობა ხვალ კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“.

რუსულ მხარეს „როიტერთან“ აღნიშნულ ინფორმაციაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ჩვეულებრივ აცხადებს, რომ უკრაინაში კონფლიქტის დასასრულებლად საჭიროა მისი საწყისი მიზეზების აღმოფხვრა.

„როიტერთან“ საუბარში ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, რომ პუტინი თუ დაინახავს ტაქტიკურ შესაძლებლობას ბრძოლის ველზე, ის უკრაინის შიგნით შეტევას გააგრძელებს. ამასთან, კრემლში სჯერათ, რომ რუსეთს შეუძლია, წლების განმავლობაში გააგრძელოს ბრძოლა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების მიუხედავად.

კიდევ ერთი წყარო კი აღნიშნავს, რომ ამჟამად პუტინი ნაკლებად არის განწყობილი ტერიტორიულ კომპრომისზე წასასვლელად. „პუტინმა გაამკაცრა თავისი პოზიცია“, – აღნიშნა მან.

“კარგი მთავრობის ინდექსით” საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-დან 61%-იანი შეფასება მიიღო -ლევან ჟორჟოლიანი

„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მე-12 ადგილზე გავიდა გამჭვირვალობის კუთხით, 27-ე ადგილი დაიკავა სასამართლო სისტემის ხარისხით, 25-ე ადგილზე გავიდა ბიუროკრატიის ხარისხით, ხოლო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მეოთხე ადგილი დაიკავა.

ლევან ჟორჟოლიანის განცხადებით, აღნიშნული კვლევა გამოაქვეყნა ევროკომისიამ, რომელიც, თავის მხრივ, ეყრდნობა მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს.

„კარგი მთავრობის ინდექსით“ საქართველოს მთავრობამ ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა. 100%-იდან 61%-იანი შეფასება მიიღო და ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიც არის გამჭვირვალობა, მე-12 ადგილზე გავიდა, 27-ე ადგილზე გავიდა სასამართლო სისტემის ხარისხით, ბიუროკრატიის ხარისხით 25-ე ადგილზე, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, მეოთხე ადგილი დავიკავეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლევას აწარმოებდა ჩანდლერის ინსტიტუტი და ევროკომისიამ გამოაქვეყნა აღნიშნული დასკვნები, რომელიც, ასევე, თავის მხრივ, ეფუძნება მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების პროფილურ კვლევებს და ანგარიშგებებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

„კარგი მთავრობის ინდექსი“ მთავრობებს აფასებს 35 ინდიკატორით, რომელიც ერთიანდება შვიდ ფაქტორში – ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა, ძლიერი კანონები და პოლიტიკა, ძლიერი ინსტიტუტები, ფინანსური მეურვეობა, მიმზიდველი ბაზარი, გლობალური გავლენა და რეპუტაცია, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესებაში დახმარება.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებულად მაღალი რეიტინგი მოიპოვა შემდეგ ინდიკატორებში – გამჭვირვალობა მე-12 ადგილი, ლიდერობა და შორსმჭვრეტელობა 32-ე ადგილი, გრძელვადიანი ხედვა მე-16 ადგილი, ადაპტაციის უნარი მე-11 ადგილი, კოორდინაცია 24-ე ადგილი, სასამართლო სისტემის ხარისხი 27-ე ადგილი, ბიუროკრატიის ხარისხი 25-ე ადგილი, სტაბილური ბიზნეს რეგულაციები მე-15 ადგილი, ინვესტიციების მოზიდვა მე-4 ადგილი. კარგი მთავრობის ინდექსს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ცენტრი, ჩანდლერის ინსტიტუტი აწარმოებს და მას ყოველწლიურად ევროკომისია აქვეყნებს.

თიბისი საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის მხარდამჭერია

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისისა მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული AI ოლიმპიადის ფინალური ჩატარდა. სწორედ ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულებისგან დაკომპლექტდება მოსწავლეთა ეროვნული ნაკრები, რომელიც 2025 წელს საქართველოს პირველად წარადგენს ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო ოლიმპიადაზე (IOAI).

ეროვნული AI ოლიმპიადის ფინალური ტური 25 მაისს გაიმართა და მასში მონაწილეობა იმ 20-მდე მოსწავლემ მიიღო, რომლებმაც ოლიმპიადის პირველ ტურში საუკეთესო შედეგები აჩვენეს. ოლიმპიადის ფინალს GAIA-ს პარტნიორმა საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა (სეუ) უმასპინძლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 2-9 აგვისტოს პეკინში გამართულ ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადა (IOAI) საერთაშორისო საგანმანათლებლო კონკურსია, რომელიც 2024 წლიდან ტარდება და უკვე აერთიანებს ხელოვნური ინტელექტით და მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებულ სკოლის მოსწავლეებს მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნიდან. IOAI უკვე გახდა მოსწავლეთა მსოფლიო ოლიმპიადების სისტემის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ნაწილი.

ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადა მნიშვნელოვანი ინიციატივაა როგორც საქართველოს AI და ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარებისთვის, ისე ქვეყნის საერთაშორისო ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ინტეგრირებისთვის. ოლიმპიადაში მონაწილეობა ახალგაზრდების AI მიმართულებით პროფესიულ ზრდას, ცოდნის გაზიარებასა და პრაქტიკული უნარების გაღრმავებას უწყობს ხელს. ამასთან, მონაწილეებს აძლევს შანსს, დაამყარონ ახალი კავშირები დარგის წამყვან პროფესიონალებთან საოლიმპიადო კურსის ფარგლებში, რომელიც ოლიმპიადისთვის მოსამზადებლად GAIA-მ თიბისის მხარდაჭერით შექმნა. ოლიმპიადის მხარდამჭერია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო.  

თიბისი, როგორც ახალი თაობის განათლების ხელშეწყობის წამყვანი კომპანია, საოლიმპიადო კურსის, ეროვნული ოლიმპიადისა და IOAI-ზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მხარდამჭერია. GAIA-სთან პარტნიორობის ფარგლებში, თიბისის მონაცემთა მეცნიერების გუნდის პროფესიონალები კურსის მენტორები არიან და მოსწავლეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოლიმპიადისთვის მომზადებაში.

R

შსს ვაჟა სირაძისა და ზვიად ხარაზიშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად საპატრულო პოლიციის უფროსმა ვაჟა სირაძემ და შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ხარაზიშვილმა თანამდებობა დატოვეს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში განაცხაეს, სირაძეც და ხარაზიშვილიც საქმიანობას დაკავებულ თანამდებობებზე ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა. პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი შინაგან საქმეთა მინისტრად გელა გელაძე დანიშნა.

ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა -აშშ-ის საელჩო

სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა ივანიშვილმა ელჩთან შეხვედრაზე უარი თქვა, – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ დანიგანთან შეხვედრაზე, სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა. სახელმწიფო მდივან რუბიოს თხოვნით, 22 მაისს, ელჩმა დანიგანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრა ითხოვა, რათა შეეტყობინებინა ადმინისტრაციის გზავნილი და კიდევ ერთხელ გადაეცა კონკრეტული ნაბიჯების შესახებ, რომელთა გადადგმაც საქართველოს მთავრობას შეუძლია იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მიმართ. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობას გულწრფელად სურს ამერიკასთან და ამერიკელ ხალხთან 33 წლიან პარტნიორობასა და მეგობრობას დაუბრუნდეს, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არსებობს იმედი, რომ ომი 2026 წელს დასრულდება, რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის რუსეთზე ძლიერი ზეწოლაა საჭირო -ზელენსკი

არსებობს იმედი, რომ 2026 წელს ომი დასრულდება და რუსეთის ეკონომიკა მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცევა, თუმცა ამისთვის საჭიროა რუსეთის ფედერაციაზე ძლიერი ზეწოლისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლა შესაძლოა, კატასტროფული არ იყოს, რადგან ეს ძირითადად ჩრდილოვანი ეკონომიკაა.

ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რთულია ანალიზი, თუ რა არის ჩრდილში რუსეთში და რამდენი რეზერვი აქვს მას ომის წარმოებისთვის.

„არა მგონია ყველა დეტალი ვიცოდეთ. მაგრამ ეს მოხდება. ჩვენ გვჯერა, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მზარდი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსია. ვხედავთ, მომავალ წელს ზრდას ვერ შეძლებს, შემცირდება. და ის მუდმივად შემცირდება, ანუ ეკონომიკა მთლიანად შეიცვლება, ყველაფერს ომზე დახარჯავენ. ასევე დიდი პრობლემაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსთან დაკავშირებით, კომპონენტებით, რომლებიც ჩინეთიდან, ტაივანიდან, აშშ-დან და რამდენიმე ევროპული კომპანიისგან შედის. რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის დაახლოებით სამ ათეულ ძირითად საწარმოს მუდმივად აქვს შესაბამისი კონტრაქტები ამ ქვეყნების კომპანიებთან, რომლებიც მე ვახსენე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.