Home Blog Page 2408

Politico – ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico სამ ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების თანახმად, ორბანი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვეტოს დადებით იმუქრება, რომლებიც 6 თვეში ერთხელ მოითხოვს განახლებას, ვინაიდან სურს, რომ სასანქციო სიიდან ოთხი ადამიანი ამოიღონ.

უნგრეთი ასევე სანქციების გახანგრძლივების პერიოდის 6 თვიდან 12 თვემდე გაზრდის წინადადების წინააღმდეგ გამოდის, რომელსაც ევროკავშირის ყველა დანარჩენი წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს.

გამოცემის თანახმად, სამშაბათს ევროკავშირის ელჩებმა უნგრეთთან კომპრომისის მიღწევა ვერ შეძლეს. ორმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის ორბანის მოთხოვნა დააკმაყოფილოს და სასანქციო სიიდან ის ოთხი ადამიანი ამოიღოს, რათა სხვა პირების წინააღმდეგ შეზღუდვები არ დააყენოს საფრთხის ქვეშ.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის შედეგად ევროკავშირმა 1 400-ზე მეტი ადამიანის წინააღმდეგ შემოიღო სანქციები, მათ შორის არიან ოლიგარქები, რუსეთის პარლამენტის წევრები, სამხედროები, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი რუსი ადმინისტრატორები.

სანქციების გახანგრძლივების 6 თვიანი პერიოდის გაზრდის შესახებ მოლაპარაკებები დღეს გაიმართება. წინასწარი კომპრომისით, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო, ევროკავშირის ელჩები სანქციების პერიოდის 12 თვის ნაცვლად 9 თვემდე გაზრდას განიხილავენ.

“პრეზიდენტობიდან ოპოზიციონერამდე: დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაშია” – Liberation

ფრანგულ გაზეთ „ლიბერასიონში“ (Liberation) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პრეზიდენტობიდან ოპოზიციონერამდე: დაპატიმრებული მიხეილ სააკაშვილი „მძიმე მდგომარეობაშია“ (ავტორი – სალომე ბურდული).

პუბლიკაცია რამდენიმე ნაწილისაგან შედგება. 

„ექს-პრეზიდენტის მძიმე მდგომარეობა“

გადმოცემულია ექს-პრეზიდენტის მკურნალი ექიმის“ თამარ დავარაშვილის განცხადება პაციენტის „მძიმე მდგომარეობის“ შესახებ, შემდეგ ავტორი ფრანგ მკითხველს აცნობს მსჯავრდადებულ მიხეილ სააკაშვილის საავადმყოფოებში ყოფნის ისტორიას – შიმშილობებს პატიმრობიდან გათავისუფლებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით, უცხოელ ექიმთა დასკვნებს „მისი მოწამვლის“ თაობაზე, წონაში მკვეთრად დაკლებას, დასუსტებას და „ოდესღაც შავთმიანი პრეზიდენტის ნაადრევად გაჭაღარავებას“. 

„55 წლის მიხეილ სააკაშვილს რთული წარსული აქვს, მაგრამ იგი დღემდე ცნობილია თავისი ავტორიტეტით კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელსაც 20004 წლიდან 2013 წლის ჩათვლით ხელმძღვანელობდა“.

 

„ვარდების რევოლუციის გმირი“

ავტორი აღწერს ქარიზმატული და პროდასავლური ლიდერის პოლიტიკურ ბიოგრაფიას – საზღვარგარეთ (საფრანგეთში და აშშ-ში) სწავლის პერიოდს და საქართველოში დაბრუნებას: იმდროინდელი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დახმარებით მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში ჩაება და კორუფციასთან ბრძოლა დაიწყო, გახდა ოპოზიციონერი, ჩამოაყალიბა პოლიტიკური პარტია, იყო თბილისის მერი, გამოვიდა პრეზიდენტის კორუმპირებული გარემოცვის წინააღმდეგ, მონაწილეობდა არჩევნებში, რომელიც ხელისუფლებამ გააყალბა და რომლის შედეგად მოსახლეობის ფართო ანტისამთავრობო მშვიდობიანი აქციები დაიწყო. „ეს მოვლენა საქართველოს ისტორიაში „ვარდების რევოლუციის“ სახელით შევიდა, მას მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობდა, იგი პრეზიდენტად აირჩიეს, ებრძოდა კორუფციას, ცდილობდა ქვეყნის რუსეთის ორბიტისაგან ჩამოშორებას და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. „შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოპულარულიც არის და იმავდროულად წინააღმდეგობრივი პიროვნებაც: იგი ცნობილია თავისი ავტორიტარული მართვის მეთოდებით, მასმედიაზე ზეწოლით და ოპოზიციური აზრის ჩახშობით“.

 

„განდევნილი და მოქალაქეობის არმქონე პირი“

2008 წელს რუსეთის წინააღმდეგ ომი მოხდა, რაც საქართველოსთვის მისის ორი პროვინციის დაკარგვით დასრულდა. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაცია, რომელიც ომის უმძიმესი შედეგებით დაიჩრდილა, მმართველობის ბოლო წლებში კიდევ უფრო შეილახა და მოსახლეობაში ნდობა დაკარგა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ცნობილი გახდა ქართულ საპყრობილეებში ადამიანთა წამების ფაქტები, რომელმაც საზოგადოებაში ფართო რეზონანსი გამოიწვია. ამ გარემოებამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პარტიის ავტორიტეტის საბოლოო დისკრედიტაცია მოახდინა: არჩევნებში ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო თავისი უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე დატოვა, 2013 წლის ოქტომბერში. 2014 წელს მას თავისი მეგობრის – უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს გვერდით ვხედავთ, რომელმაც ქართველი პოლიტიკოსი ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. ამით მიხეილ სააკაშვილმა „მეორე სუნთქვა“ მიიღო, გამოაცხადა, რომ კორუფციასთან ბრძოლას იწყებდა, თუმცა ადგილობრივმა  უკრაინულმა ელიტამ იგი არ მიიღო. მიხეილ სააკაშვილი [გადადგა] და თავის ყოფილ მეგობარ პეტრო პოროშენკოსაც შეუტია, რომელმაც მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამასობაში კი საქართველოში ექს-პრეზიდენტის დაუსწრებლად სასამართლო პროცესები გაიმართა, მიხეილ სააკაშვილს ბრალი წაუყენეს, რომ იგი პრეზიდენტობის პერიოდში კანონს არღვევდა და ბოროტად სარგებლობდა სახელისუფლო უფლებამოსილებით… სამშობლოში რვა წლის არყოფნის შემდეგ იგი საქართველოში ჩუმად დაბრუნდა, არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების იმედით, მაგრამ იგი დააკავეს და პარტიამაც არჩევნები წააგო. მართალია, ოპოზიციამ მისი გათავისუფლება მოითხოვა, მაგრამ უშედეგოდ.

„აშკარა პოლიტიკური შურისძიება“

გასული წლის ოქტომბერში თბილისში 50 ათასიანი მიტინგი გაიმართა ექს-პრეზიდენტის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. იმავე თვეში ევროპის საბჭომ მიხეილ სააკაშვილი „პოლიტიკურ პატიმრად“ ჩათვალა, იგივე განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ Amnesty International-მაც და მის დაპატიმრებას „აშკარა პოლიტიკური შურისძიება“ უწოდა.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დასავლელი პოლიტიკოსები და ევროპარლამენტის დეპუტატები პერმანენტულად მოითხოვენ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის წაყვანას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით. საქართველოს ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პაციენტს სამშობლოშიც ჯეროვნად მკურნალობენ. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კი აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის ბედის გადაწყვეტა – დარჩეს პატიმრად თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლდეს – მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს.

 

სამეცნიერო კვლევის კეთილსინდისიერების ხელშეწყობის გეგმის შემუშავების მიზნით შეხვედრა გაიმართა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის სივრცეში  ევროკავშირის TWINNING პროექტის – „ინტერსექტორული თანამშრომლობის შესაძლებლობის მხარდაჭერა კვლევასა და ინდუსტრიას შორის“  ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე: „სამეცნიერო კვლევის კეთილსინდისიერების  ხელშეწყობის გეგმის შემუშავება“. რუსთაველის სამეცნიერო ფონდი TWINNING პროექტის ბენეფიციარი ორგანიზაციაა.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა სამეცნიერო ეთიკის მიმართულებით ევროპული გამოცდილების გაზიარება და იმ საკითხების ირგვლივ მსჯელობა, რომლებიც კვლევებში ჩართულ პირთა უფლებებს,უსაფრთხოებას, ღირსებასა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას უკავშირდება. 

ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მეცნიერების მიმართ ნდობის გაძლიერება, კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული სტანდარტების დანერგვა, სამეცნიერო ეთიკის საკითხები საქართველოს გამოცდილების გათვალისწინებით, ინსტიტუციურ დონეზე კვლევის კეთილსინდიერების  მხარდაჭერი  გეგმის შემუშავება. 

სემინარების ძირითად საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ პროექტის ლიდერი ავსტრიის მხრიდან  ვოლფჰანგ  პოლტი,  პროექტის  მე –  3 კომპონენტის ლიდერი  რეინჰარდ ბელოცკი  (ავსტრიის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) და ავსტრიის კვლევების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი,  ექსპერტი თეოდორა კონაჩი.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური  დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ცენტრების  წარმომადგენლები.  

ჩაფიძის გულის ცენტრი 139 -ე საქველმოქმედო აქციას ჩაატარებს

მიმდინარე წლის 25 თებერვალს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 139-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ.

აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები ).

ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან;

მისამართი: ქ.თბილისი; ნ.ჯავახიშვილის ქ. N 1; აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან, დღეის ჩათვლით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმებმა 138 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარეს; უფასო სამედიცინო მომსახურება გაეწია 12 381 ბენეფიციარს.

მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.

 

ავტორ(ებ)ი :

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სასარგებლო იქნება, თუ მოახერხებთ სამსახურში პაუზის აღებას და პრობლემებისგან დასვენებას. თუ დღეს რამე მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ დაგეგმილი, შეგიძლიათ დაასრულოთ, მაგრამ დრო დაუთმეთ დასვენებასაც. შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, თუმცა ეს არ უნდა იქცეს მასთან ურთიერთობის გაწყვეტის მიზეზად.

 

კურო

დაგროვილი სტრესი მოხსნაში საღამოს ვარჯიში, სუფთა ჰაერზე სეირნობა ან მეგობრებთან დიდი ხნის ნანატრი შეხვედრა დაგეხმარებათ. მეგობრებთანაც კი მოერიდეთ ფინანსურ თემებზე საუბარს, ისაუბრეთ აბსტრაქტულ საკითხებზე.

 

ტყუპები

დღე საკმაოდ საინტერესო და დატვირთული იქნება. სასიამოვნო სიურპრიზები და შეხვედრები გელით. ბოლო დროს შესაძლოა, ზოგიერთ კოლეგას თქვენი არ ესმოდა, განსაკუთრებით ახალი იდეების კუთხით, თუმცა დაელოდეთ, თქვენი ნიჭი მალე დაფასდება.

 

კირჩხიბი

დღეს პატარა პრობლემებთან მარტოს მოგიწევთ გამკლავება, რადგან ვისი დახმარების იმედიც გქონდათ, ყველა საკუთარი საქმით იქნება დაკავებული. არ ჩამოუშვათ ხელები – თქვენ გაქვთ საკმარისი ძალა და უნარები გაქვთ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ყველაფერს.

 

ლომი

ბოლო დროს ძალიან გადაიღალეთ. მეტი დრო დაუთმეთ დრო ძილს, რათა აღიდგინოთ ენერგია და ძალა. ხმაურიანი წვეულებები დღეს თქვენთვის შეუფერებელი იქნება. წინ ახალი, რთული სამუშაო გელით, ამიტომ სიმშვიდეში ყოფნას გირჩევთ. დღეს არ ასესხოთ და არ გასესხოთ ფული: ეს კონფლიქტს გამოიწვევს.

 

ქალწული

დღე დაძაბული და კონფლიქტური იქნება. მოერიდეთ ნეგატიური ადამიანების პროვოკაციებს და ნებისმიერი დავა მშვიდად მოაგვარეთ. ქალწულის ინტუიცია დღეს უმაღლეს დონეზე იქნება, ამიტომ ენდეთ მას. საღამო სახლში, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

 

სასწორი

იზრუნეთ საკუთარ თავზე. ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია სტრესის მოხსნა და ემოციური წონასწორობის აღდგენა. ახლო ადამიანებს სჭირდებათ თქვენი ზრუნვა და ყურადღება: უთხარით მათ კეთილი სიტყვები, გაუკეთეთ მცირე საჩუქარი და ეს ყველაფერი ერთიორად დაგიფასდებათ.

 

მორიელი

თუ საკუთარ შესაძლებლობებში არ ხართ დარწმუნებული, ნუ იმოქმედებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. დღეს ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებს. საყვარელ ადამიანთან შესაძლებელია კონფლიქტი მოგივიდეთ – შეეცადეთ, უფრო რბილად მოექცეთ და უფრო ხშირად დათმოთ.

 

მშვილდოსანი

კარგი დღეა ძალიან მნიშვნელოვანი საქმის გასაკეთებლად. 23 თებერვალს მშვილდოსანს ყველაფერში გაუმართლებს. ოღონდ მთელი დღე არ გაატაროთ სამსახურში, დაიტოვეთ დრო დასვენებისა და სასიამოვნო აქტივობებისთვის. ახალი ბიზნესპროექტების წინ ძალების დაგროვება გჭირდებათ. კარგი იქნება, თუ საღამოს მეგობრების წრეში გაატარებთ.

 

თხის რქა

პრობლემების ან რთული საკითხების გადაჭრა დილის საათებში ჯობია, როცა თქვენი კომუნიკაბელურობა და პრობლემებისადმი კონსტრუქციული მიდგომა მაღალ დონეზე იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, დღის მეორე ნახევარი მშვიდად ატმოსფეროში გაატაროთ ან უბრალოდ დაისვენოთ.

 

მერწყული

ნებისმიერ რთულ ან საკამათო სიტუაციაში მოუსმინეთ საკუთარ ინტუიციას და თავად მიიღეთ გადაწყვეტილებები, სხვების რჩევების გარეშე. იაქტიურეთ, თავად ეძებეთ ახალი შესაძლებლობები, შედეგად თქვენს ცხოვრებაში დადებითი ცვლილებები უფრო სწრაფად მოხდება. თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანებს დაუთმეთ.

 

თევზები

ამ დღეს თევზებს ნებისმიერის ადამიანის მოხიბვლა შეუძლიათ: თქვენი ქარიზმით და ოპტიმიზმით ბევრ ახალ ნაცნობს მიიზიდავთ. მათ შორის აუცილებლად იქნება ის, ვისთან ურთიერთობაც თქვენთვის საინტერესო იქნება. თამამად ისაუბრეთ საკუთარ საქმიან იდეებზე – შესაძლოა, გულუხვი სპონსორი ან სანდო ბიზნესპარტნიორი იპოვოთ

23 თებერვალი ისტორიაში

“ჯორჯიან თაიმსი” გთავაზობთ დღის კალენდარს:

1874 წლის 23 თებერვალს, ინგლისელმა მაიორმა უოლტერ უინფილდმა დააპატენტა თამაში რომელიც დღეს ჩოგბურთის სახელითაა ცნობილი;

1904 წლის 23 თებერვალს, აშშ-მა 10 მილიონ დოლარად პანამის არხზე კონტროლი შეისყიდა;

1918 წლის 23 თებერვალს, ლევ ტროცკის ინიციატივით წითელი არმია შეიქმნა, რომელსაც რუსეთის მეფის მხარდამჭერი თეთრი გვარდიის წინააღმდეგ უნდა ებრძოლა. მისი რიგები ძირითადად მუშებისა და გლეხებისგან შეივსო;

1919 წლის 23 თებერვალს ბენიტო მუსოლინმა იტალიაში ფაშისტური პარტიის შექმნა გამოაცხადა;

სევრის შეთანხმების შეცვლის მიზნით, 1921 წლის 23 თებერვალს  ლონდონში საერთაშორისო კონფერენციამ დაიწყო მუშაობა, რომელიც 12 მარტს წარუმატებლად დასრულდა

1944 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რეჟიმმა ჩეჩნები და ინგუშები შუა აზიის და ციმბირის სტეპეპში გადაასახლა. მათ უკან დაბრუნების ნებართვა 13 წლის შემდეგ მიეცათ;

1945 წლის 23 თებერვალს თურქეთმა ომი გამოუცხადა გერმანიას და იაპონიას;

1994 წლის 23 თებერვალს თურქეთში პირველი მობილური სატელეფონო საუბარი გაიმართა

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

თიბისიმ ESG აკადემია დააარსა

თიბისიმ ESG (გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის) აკადემიის დაარსება დააანონსა. აკადემიის პრეზენტაცია თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში 22 თებერვალს გაიმართა. თიბისის ESG აკადემია Green for Growth Fund (GGF) -ისა და The European Fund for Southeast Europe (EFSE) მხარდაჭერით შეიქმნა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური განხილვა თემაზე – მწვანე ეკონომიკის მნიშვნელობა საქართველოსთვის. პანელურ განხილვაში მონაწილეობდნენ: საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა, ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი მაჩიე ჩურა, GGF-ის ტექნიკური მხარდაჭერის და EFSE-ს განვითარების პროგრამების უფროსი საინვესტიციო ოფიცერი ივანე ლექვთაძე, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის Global Shield Solutions პლატფორმის თანათავმჯდომარე კარსტენ ლოფლერი და თიბისის რისკების დირექტორი ნინო მასურაშვილი.

პანელური განხილვის მონაწილეებმა ისაუბრეს მწვანე დაფინანსების მნიშვნელობაზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მწვანე და სოციალურ ტაქსონომიებზე, თიბისის როლზე მწვანე დაფინანსების ხელშეწყობაში, ცოდნის ჩამოყალიბებასა და საქართველოში მდგრადი განვითარების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე.

ESG აკადემიის დაარსებით, თიბისი მიზნად ისახავს, აამაღლოს ცნობიერება და გააღრმავოს ცოდნა გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხებზე. მათ შორისაა ისეთი თემები, როგორებიცაა მრავალფეროვნება, ადამიანური რესურსების პოზიტიური პოლიტიკა, მდგრადი ბიზნეს მოდელები, კლიმატური რისკები და თიბისის მხრიდან მწვანე დაფინანსებების შესაძლებლობები.

ESG აკადემია არის პლატფორმა, რომელიც არა მხოლოდ თიბისის თანამშრომლებს, არამედ მის მომხმარებლებს აძლევს ცოდნის მიღებისა და გაღრმავების შესაძლებლობას. აღსანიშნავია, რომ ახლადდაარსებული ESG აკადემიის გარდა, თიბისიში უკვე ფუნქციონირებს IT აკადემიისა და რისკების აკადემიის კურსები.

თიბისის, როგორც წამყვან ფინანსურ ინსტიტუციას საქართველოში, გრძელვადიანი, მდგრადი წვლილი შეაქვს ქვეყნის განვითარებაში, ხელმძღვანელობს მდგრადობის საერთაშორისო სტანდარტებითა და პრინციპებით, რაც კომპანიის განვითარების სტრატეგიის, კულტურისა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილია.

„თიბისის აქვს ამბიცია, იყოს სამაგალითო კომპანია ქვეყანასა და რეგიონში გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობის საკითხების ხელშეწყობის მიმართულებით. ჩვენ გვყავს პროფესიონალთა მოტივირებული გუნდი, რომლებიც  სტანდარტების შესაბამისად მოქმედებენ და რომლებსაც პასუხისმგებლიანი და მდგრადი ურთიერთობები აკავშირებთ თანამშრომლებთან, მომხმარებლებსა და საზოგადოებასთან. TBC აფინანსებს მდგრად ბიზნესებს, რითაც ხელს უწყობს მათ პოპულარიზაციას და არ თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გარემოსა და სოციუმზე. ამ გზით, ჩვენ ხელს ვუწყობთ მდგრადობის იდეას ჩვენს ორგანიზაციაში და მის ფარგლებს გარეთ.“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

2021 წლიდან თიბისი გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის (ESG) მიზნებსა და ინიციატივებს იყენებს თავის ESG სტრატეგიაში. კომპანიისთვის ღირებულია ისეთი მიმართულებების განვითარება, როგორიცაა ESG მართვის სტრუქტურა დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი მენეჯმენტის დონეზე; აქცენტი მდგრად დაფინანსებაზე, სერვისებსა და პროდუქტებზე; თანამშრომლებს შორის მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობა, შედეგების გაზომვა, მონიტორინგი და რეპორტინგი.

კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2023 წლის 22 თებერვალს, ფრანკფურტის ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლის და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) წარმომადგენლებმა თიბისის გუნდისა და მენეჯმენტისთვის სემინარი ჩაატარეს. აღნიშნული სემინარი იმ დიდი პროექტის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერს ტექნიკური დახმარების სატრასტო ფონდი (EPTATF) და კლიმატური სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის დაწესებულება (CASF). პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ამ საკითხით დაინტერესება.

სემინარი ფოკუსირებული იყო კარგი მმართველობის, კლიმატთან დაკავშირებული რისკებისა და შესაძლებლობების ზედამხედველობისა და მართვის, კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) შესახებ ცოდნის გაღრმავებაზე. სემინარსა და სამუშაო სესიებზე აქცენტი გაკეთდა თიბისიში გარემოს დაცვითი სტრატეგიის განვითარების ერთწლიანი პროექტის ძირითად მიგნებებზე  და მენეჯმენტს წარედგინა სტრატეგიის განხორციელების მკაფიო პერსპექტივა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

 
 

 

 

” აშშ დაიცავს ნატო-ს თითოეულ სანტიმეტრს”-ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნატო-ს აღმოსავლეთ ნაწილის მეთაურებს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი ავრცელებს.

ბაიდენისა და “ბუქარესტის ცხრიანის” ლიდერების შეხვედრა ვარშავაში გაიმართა და მას პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა თავმჯდომარეობდა.

„წლების წინ, როდესაც ნატო-ს ვაფართოვებდით, მე ამერიკის სენატში ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად ემხრობოდა ნატო-ში ბევრი თქვენგანის გაწევრიანებას. როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია. მე არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები.

 

ავტორ(ებ)ი :

“ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად მტკიცდება”

„ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, თუმცა ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე ატრიალებენ ერთსა და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს, ჩვენი კანონპროექტი რუსულია, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„ხალხის ძალის“ წევრების შეფასებით, ისინი ისეთ ცნებებს, როგორიცაა თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან.

„თანამედროვე სამყაროში სიცრუე უკეთური პოლიტიკური ძალების ერთ-ერთი მთავარი ბრძოლის იარაღია. ამ იარაღს 2004-12 წლებში დიდი წარმატებით იყენებდა „ნაციონალური მოძრაობა“ ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ყველას გვახსოვს, როგორ ტირაჟირებდა მაშინ ერთ ხმაში სიცრუეს „ნაცმოძრაობის“ მიერ მიტაცებული სამი ტელევიზია. 2012 წლის შემდეგაც, „ნაცმოძრაობისთვის“ სიცრუე პოლიტიკაში თავის შენარჩუნების მთავარ იარაღად დარჩა. იმისათვის, რომ სიცრუე წარმატებული იყოს, „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიები აგრესიულად უპირისპირდებიან თავისუფალ სიტყვას და ნებისმიერ ლოგიკურ არგუმენტს, რომელმაც მათი სიყალბე შეიძლება ამხილოს.

ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ მკაფიოდ გამოჩნდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან მიმართებით. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ოპონენტების – „ნაციონალების“, მათი „ენჯეოების“, მედიასაშუალებებისა და უცხოელი პატრონების სიყალბე ძალიან მარტივად, ამერიკული, რუსული და ქართული კანონების ტექსტების ერთმანეთთან შედარებით მტკიცდება, ისინი ყოველგვარ არგუმენტაციაში შესვლის გარეშე ატრიალებენ ერთსა და იმავე ყალბ მესიჯს, თითქოს „ჩვენი კანონპროექტი რუსულია“.

ეს დამოკიდებულება იმის შედეგია, რომ ისინი ისეთ ცნებებს, როგორიც თავისუფალი მედია და თავისუფალი სიტყვაა, პრინციპულად არ ცნობენ და ვერ ეგუებიან.

ბიძინა ივანიშვილმა რამდენჯერმე მიგვანიშნა, რომ ევროპაში მედია სრულ ცენზურას ექვემდებარება, რაც ევროკავშირის უმწვავეს ფასეულობით კრიზისზე მეტყველებს. ვხედავთ, რომ დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, რაც ათწლეულების მანძილზე ევროპის მთავარი ხიბლი იყო, დღეს უკიდურესად არის დაკნინებული.

ეს შემაშფოთებელი მდგომარეობა კარგად ჩანს ევროპარლამენტის მაგალითზეც. გასული თვეების მანძილზე, ევროპარლამენტმა მიიღო სამი რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომლებიც ერთმანეთზე უარესი სიყალბით არის გაჯერებული. ითხოვენ კრიმინალების სასჯელისგან განთავისუფლებას და ბიძინა ივანიშვილის დასჯას, აცხადებენ, რომ კეზერაშვილი იდევნება, როგორც ე.წ. კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელი, ამბობენ, რომ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიების გამო არის დაჭერილი, გვიმტკიცებენ, რომ მსხვერპლი არა სანდრო გირგვლიანი, არამედ სააკაშვილია. როდესაც ევროპარლამენტი ამ მასშტაბის სიყალბეს ტირაჟირებს, ეს ევროკავშირში შექმნილ უმძიმეს მდგომარეობაზე მეტყველებს. ევროპარლამენტის საერთო რევიზორებად ჩვენ არ გამოვდგებით, მაგრამ გვაქვს საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ სადაც საქართველოზე ამ ხარისხის სიყალბე ვრცელდება, იქ მსგავსი სიცრუე სხვა ქვეყნებისკენაც ხშირად არის მიმართული.

ევროკავშირში შექმნილი ღირებულებითი, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისი საქართველოსთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია. მედიისა და სიტყვის თავისუფლება, სიმართლე და სამართლიანობა, აგენტურისგან თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოებრიობა არის ის ღირებულებები, რომელთათვისაც 2012 წელს ვიბრძოდით და რომელთა მოსაპოვებლად საქართველო სააკაშვილის აგენტოკრატიული ავტორიტარული რეჟიმისგან გავათავისუფლეთ. გამაოგნებელია, როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ართმევენ ევროპას ამ ღირებულებებს, რის გამოც მისი მომავალი ძალიან რთულად განჭვრეტადი ხდება. სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტებით მოქმედ ევროკავშირს არაფერი აქვს საერთო იმ ევროპულ ოჯახთან, რომლის წევრობაზეც ათწლეულების მანძილზე ვოცნებობდით“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

“ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, მრცხვენია ჩვენი ამომრჩევლის”

მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია საპარლამენტო განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზეც.

„ვაპირებ, რომ საპარლამენტო განხილვებში ჩავერთო. მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი არ არის იმ შედეგის მომტანი, რაც ალბათ, ყველას გვსურს, მაგრამ ვფიქრობ, ეს პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს. ქუჩის პროტესტი, რაც დემოკრატიის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი მექანიზმია, ხელს არ უშლის იმას, რომ პარლამენტში ის ინსტრუმენტები გამოვიყენოთ, რომელიც აუცილებელია და ამით შევასრულოთ უცხოელი მეგობრების თხოვნაც. ძალიან მნიშვნელოვანია განხილვებზე შესვლა, მათ შორის კომიტეტებზე. მგონი, ერთხელ და სამუდამოდ მანდატების დატოვებასა და ბოიკოტზე საუბარი უნდა დასრულდეს, რადგან საპარლამენტო არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა და ამაზე უკვე სამი წელი საუბარი, წარმოუდგენელია. ჩვენი ამომრჩევლის პირადად მრცხვენია, ვისაც ამაზე ვესაუბრებით. ალბათ, იმ კვირაში კონტურები გამოიკვეთება, პარტია როგორ აპირებს საქმიანობას. მას შემდეგ, რაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ და მიუხედავად იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტი უკან წაიღო, პარტია პარლამენტში შემოვიდა და საპროტესტო საქმიანობასთან ერთად საპარლამენტო მუშაობა უნდა გაგრძელდეს და თან ღირსეულად“, – განაცხადა დეკანოიძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

“საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას” – ირაკლი ღარიბაშვილი

მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა.

„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ საქართველოს თავისუფლებისთვის თავდადებულ გმირთა, იუნკერთა ნათელ ხსოვნას. მათ ყველაზე ძვირფასი – საკუთარი სიცოცხლე შესწირეს სამშობლოს და უკვდავი მაგალითი დაუტოვეს ყველა მომავალ თაობას. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მათ მიერ დაწყებული ბრძოლა არ დამთავრებულა. ყველა ჩვენგანის მთავარ საზრუნავად და ამოცანად რჩება ქვეყნის გამთლიანება, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის განმტკიცება, საქართველოს დაბრუნება საერთო ევროპულ ოჯახში. მთელ ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, პატივს მივაგებ იუნკერთა ნათელ ხსოვნას და მშვიდობას, ერთიანობას და განვითარებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს“, – აღნიშნავს პრემიერი.

 

ავტორ(ებ)ი : geotimesge

“ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, ბევრჯერ გვაქვს ნანახი” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე, ის კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობას სურს, ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა იყოს.

„მთელი აბსურდი ის არის, რომ უნდათ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრონ, როგორც დემოკრატზე, მათ შორის რეზოლუციაშიც. ხომ ამიტომ ვართ ჩვენ გულნაწყენი, რომ დეზინფორმაციის წყაროდ იქცა ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელიც პირველ წინადადებაში პირდაპირ დეზინფორმაციას წერს, საუბარია, თითქოს მიხეილ სააკაშვილი იყო დევნილი, არადა, ვიცით, რომ ის გაექცა მართლმსაჯულებას. თითქოს მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდა სამშობლოში, არადა, ვიცით, რომ ის შემოიპარა სწორედ რევოლუციის მოსაწყობად. რას ნიშნავდა არჩევნების წინა დღეს ქვეყანაში შემოსვლა და აქ გამოჩენა, მგონი, არც ბავშვი არავინაა და არც ქართული საზოგადოება არის გამოუცდელი ამ მხრივ. ჩვენი დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში ეს ყველაფერი ვნახეთ უკვე. ეს კინო, რა კინოს დადგმასაც სააკაშვილი ცდილობდა, უკვე ნანახი გვაქვს ბევრჯერ. ამიტომ არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ პასუხი გასცა ყველანაირ რადიკალიზმს, აღარ მიჰყვება არანაირ რადიკალიზმში, ვინაიდან ადამიანებს უნდათ ერთი რამ, ეს ქვეყანა განვითარდეს მშვიდობიანად, იყოს დამოუკიდებელი, იყოს თავისუფალი და აყვავებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge