Home Blog Page 24

მარნეული-ბოლნისის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 პირი ემსხვერპლა – შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეული-ბოლნისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი 2003 წელს დაბადებული თ.ჩ. დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირი, საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად გადაადგილდებოდა , რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

ბოლნისის საავადმყოფოში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირებისას დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს, რომელთაგან ორი თბილისში გადაჰყავთ

ბოლნისის საავადმყოფოში მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მომხდარი დაპირისპირების შედეგად დაშავებული ცხრა პირი შეიყვანეს.

როგორც პირველ არხს ბოლნისის საავადმყოფოში განუცხადეს, დაშავებულთაგან ორის მდგომარეობა მძიმე იყო. ერთი დაშავებული თვალ-გუგის დაზიანებით თბილისში გადაიყვანეს, ხოლო მეორეს ყბა-სახის მძიმე დაზიანება აქვს და ასევე თბილისში ტრანსპორტირებისთვის ამზადებენ. ექიმების განცხადებით, მათ სიცოცხლეს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება.

რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, ექიმების ინფორმაციით, მათ ძირითადად ნეკნების მოტეხილობა და დაჟეჟილობები აღენიშნებათ.

ბოლნისის საავადმყოფოსთან ამ დროისთვის დაშავებულთა ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

მარნეული-ბოლნისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც ორი მოზარდი ემსხვერპლა, რამდენიმე საათის წინ მოხდა. მომხდარს ადგილზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

შსს-ს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება.

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად. გირჩევთ, ეს დღე წინასწარ დაგეგმოთ, რათა არაფერი დაგავიწყდეთ და მოგვიანებით არ ინერვიულოთ. დღის მეორე ნახევარში ემოციური იქნება, ამიტომ მოსალოდნელია ხმამაღალი საუბარი და ურთიერთობების გარკვევა. პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, მოულოდნელი ცვლილებისთვისაც უნდა მოემზადოთ.

კურო

მოზღვავებული ენერგიის წყალობით, ამ დღეს უამრავ საქმეს სრულიად მარტო გაუმკლავდებით. მომავალს ოპტიმიზმით უყურებთ და ოპტიმისტურ განწყობას გარშემო მყოფებზეც ავრცელებთ. ადამიანებს სიამოვნებთ თქვენს ენერგეტიკულ ველში ყოფნა. საღამოს მოახლოებასთან ერთად ემოციური ფონი იმატებს. ეცადეთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობაში მეტი მოთმინება გამოიჩინოთ. ამ დღეს თქვენი დევიზი სისწრაფე და მოქმედებაა და ამ გზას არ უნდა გადაუხვიოთ.

ტყუპები

თქვენი და თქვენი პარტნიორის ერთობლივი ძალისხმევა სასურველ შედეგს გამოიღებს. გამორიცხული არ არის, რომ გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ეცადეთ, რომ ურთიერთობის დროს ნაკლებად ემოციური და მეტად კონსტრუქციული იყოთ. მაღაზიების შემოვლა უმჯობესია დღის პირველი ნახევრისთვის დაგეგმოთ. შესაძლებელია ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით აგავსებთ.

კირჩხიბი

აუცილებელი არ არის, რომ ყველაფერი მარტომ აკეთოთ. შეგიძლიათ თქვენს საქმიანობაში ოჯახის წევრები და ახლობელი ადამიანები ჩართოთ. შეწყვიტეთ ნებისმიერ თემაზე კამათი – ადამიანებს უფლება აქვთ, რომ ყველაფერში არ გეთანხმებოდნენ და საკუთარი აზრი ჰქონდეთ. გეგმის მიხედვით მოქმედება დაგეხმარებათ, რომ დრო დაზოგოთ და საახალწლო ზეიმისთვის საგულდაგულოდ მოემზადოთ. გირჩევთმ ემოციები აკონტროლოთ და ვინმე უნებლიეთ არ გაანაწყენოთ.

ლომი

გირჩევთ, საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებს შორის გაანაწილოთ. საახალწლო ზეიმისთვის იმდენ პროდუქტს ნუ შეიძენთ, რომ ნახევარი გადასაყრელი გაგიხდეთ. თუ ეცდებით, შეიძლება თქვენს მრავალმხრივ ნიჭს უამრავი გამოყენება მოუძებნოთ, თუმცა სასურველია, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალურად იაზროვნოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ოჯახის წევრებთან საქმის გარჩევას და კამათს მაქსიმალურად მოერიდოთ.

ქალწული

ამ დღეს შემოქმედებითი აღმაფრენა გელით. უამრავი საქმე გაქვთ, თუმცა ენერგიის მოზღვავებას დღის მეორე ნახევარში იგრძნობთ და შეძლებთ ყველა საახალწლო ამოცანას გაუმკლავდეთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო მონდომებასა და სისწრაფეშია.

სასწორი

მთელ დღეს სახლში, საახალწლო სამზადისში გაატარებთ. ცდილობთ, თქვენს საქმიანობაში ოჯახის წევრებიც ჩართოთ, თუმცა ისინი თქვენს ინიციატივას ენთუზიაზმის გარეშე ხვდებიან. პასუხისმგებლობების განაწილება საშუალებას მოგცემთ, ყველაფერი დროულად დაასრულოთ. ელოდეთ დიდი ხნის უნახავი მეგობრის ზარს, რომელიც სასიამოვნო სიახლეს შეგატყობინებთ.

მორიელი

ამ დღეს მორიელი ადამიანებთან ურთიერთობებს დაუთმობს. მოლოცვები, საახალწლო კერძების რეცეპტების გაცვლა, უახლესი ჭორების გაგება და ა.შ. – საუბრის ბევრი მიზეზი გექნებათ. სავარაუდოდ, დილას უფროს ნათესავებს თქვენი ყურადღება დასჭირდებათ. გირჩევთ, სანამ მოინახულებთ, მათთვის ლამაზი საჩუქარი შეარჩიოთ.

მშვილდოსანი

რომ არაფერი დაგავიწყდეთ, დილიდან სამოქმედო გეგმა შეადგინეთ და საქმეს შეუდექით. სავარაუდოდ, შორიდან ახალი ამბები გელით – ვიღაცას თქვენთვის ახალი წლის განსაკუთრებულად მოლოცვა მოუნდება. ამ დღეს გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შეიძლება, მეგობრებმა ან ოჯახის წევრებმა საახალწლო სიურპრიზი მოგიმზადონ, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

ენერგიით სავსე ხართ, მაგრამ კარგი იქნება, რომ საოჯახო საქმეებში პარტნიორი ან ოჯახის სხვა წევრი დაიხმაროთ. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. დღის მეორე ნახევარში ზოგი მერწყულის გეგმები შეიძლება გარემოებების ან განწყობის გამო მკვეთრად შეიცვალოს. თქვენი სულიერი სიმშვიდისთვის ოჯახში ემოციურ გარემოს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

მერწყული

დღის პირველ ნახევარში ეცადეთ, მთელი ყურადღება საყოფაცხოვრებო საკითხებზე და ოჯახის უფროს წევრებზე გადაიტანოთ. დღის განმავლობაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ და კრიტიკულ შენიშვნებს ნაკლები ყურადღება მიაქციეთ. პირადი ურთიერთობები უკეთესობისკენ შეიცვლება; ეცადეთ, დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ.

თევზები

გირჩევთ, ახალი წლის საღამოს ალკოჰოლურ სასმელებს მოერიდოთ, რათა მეორე დღეს თავი შეუძლოდ არ იგრძნოთ. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი და მოულოდნელი სიახლე გელით, რომელიც თქვენს ცხოვრებაზე სასიკეთოდ აისახება.

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ -სალომე ზურაბიშვილი

მიზანს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ, – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ამერიკელი სენატორის ჯინ შაჰინის განცხადებას, რომლის თანახმადაც, იგი ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.

„სენატორო, მადლობა მუდმივი მხარდაჭერისთვის. ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ და მას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით მივაღწევთ“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. 

შეგახსენებთ, ამერიკელმა სენატორმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

„ქართველმა ხალხმა არაერთხელ უარყო ავტოკრატია, მართავენ რა საპროტესტო აქციებს საქართველოს ქუჩებში თავისუფალი და დემოკრატიული მომავლისთვის. გავაგრძელებ ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან ისინი მოითხოვენ, რომ მთავრობამ წარმოადგინოს მათი ნება და ევროატლანტიკური მისწრაფებები“, – დაწერა ამერიკელმა სენატორმა სოციალურ პლატფორმა X-ზე.

 ვადასტურებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ-ეუთო-ს სამეული

ეუთო-ს თავმჯდომარეობის სამეული 2024 წლის შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც სხვა თემებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ეუთო-ს ე.წ. სამეული, რომლის შემადგენლობაშიც ჩრდილოეთ მაკედონია, მალტა და ფინეთი შედიან, აცხადებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესია ევროპის უსაფრთხოებას, ნორმებისა და ღირებულებების საერთო სისტემას ძირს უთხრის.

განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა.

„ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ აღვნიშნავთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობას და მხარს ვუჭერთ კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის რეალური შედეგების მიღწევის მნიშვნელობას, რაც 2024 წელს ყურადღების ცენტრში იყო. ჩვენ ერთგული ვრჩებით დადგენილი ძალისხმევისა და ინიციატივების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე მუშაობის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 ჯერ კიდევ არის დრო თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა -ჯო უილსონი

როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით, არც ფული, არც მოგზაურობა, – ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.

„თუ თქვენ კორუმპირებული „ქართული კოშმარის“ ჩინეთისკენ, ირანისა და რუსეთისკენ მიმავალ მატარებელში იმყოფებით, ახლა ჩამოსვლის დროა. ივანიშვილი პირველი იყო, მაგრამ უკანასკნელი არ იქნება. ჯერ კიდევ არის დრო საკუთარი თავის გადასარჩენად, მაგრამ როგორც კი სიაში მოხვდებით, იქ სამუდამოდ დარჩებით! არც ფული, არც მოგზაურობა!“, – წერს ჯო უილსონი.

სალომე ზურაბიშვილმა 3/4-ით ცარიელ ევროპარლამენტში დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურ ხელისუფლებას დარჩა-ტიერი მარიანი

3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა, მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ტიერი მარიანი სოციალურ ქსელში წერს.

ევროპარლამენტარის თქმით, ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა.

„დემოკრატიის გამარჯვება ბრიუსელისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დიქტატის წინააღმდეგ საქართველოში. 3/4-ით ცარიელი ევროპარლამენტის წინ მან დაიფიცა, რომ არასოდეს დატოვებდა თანამდებობას, რომელიც 29 დეკემბერს დასრულდა. მისი გმირობა ხანმოკლე აღმოჩნდა. ბოლო სიტყვა ლეგიტიმურად არჩეულ ხელისუფლებას დარჩა“, – წერს ევროპარლამენტარი.

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

დონალდ ტრამპმა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის თანამდებობაზე მაიკ ჯონსონის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ ინფორმაციას The Hill-ი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე დაყრდნობით ავრცელებს.

„სპიკერი მაიკ ჯონსონი კარგი, შრომისმოყვარე, რელიგიური ადამიანია. ის სწორად იმოქმედებს და ჩვენ გამარჯვებას გავაგრძელებთ. მაიკს ჩემი სრული მხარდაჭერა აქვს! MAGA!“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.

მაიკ ჯონსონმა დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ახალ სპიკერს 3 იანვარს აირჩევს.

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბერში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი-რატი იონათამიშვილი

რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიცია, სხვა დაპირებებთან ერთად, საკუთარ მხარდამჭერებს ჰპირდებოდა, რომ არ დაუშვებდნენ XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას, არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას და მის ინაუგურაციას. იონათამიშვილის თქმით, საინტერესოა, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მსგავსად, მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ თუ მოსთხოვენ მათ პასუხს.

„რადიკალურმა ოპოზიციამ, მარტო დეკემბრის თვეში, მინიმუმ 7-ჯერ უსინდისოდ და უტიფრად მოატყუა საკუთარი ამომრჩეველი. კერძოდ, მათ გასცეს დაპირება, რომ:

არ დაუშვებდნენ

XI მოწვევის პარლამენტის შეკრებას;

არ დაუშვებდნენ პარლამენტის მხრიდან მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებას;

არ დაუშვებდნენ 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცებას;

არ დაუშვებდნენ საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევას;

არ დაუშვებდნენ მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაციას;

სალომე ზურაბიშვილი არ გამოვიდოდა პრეზიდენტის სასახლიდან;

არ ცნობდნენ საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციას და შესაბამისად, არ აიღებდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად მიღებულ დაფინანსებას.

როგორც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, თითოეული ეს დაპირება აღმოჩნდა მოკლევადიანი ტყუილი, რომელიც ყველაზე უპასუხისმგებლო და უშინაარსო პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეიძლება იკადრონ.

ცხადია, ამდენი ტყუილის შემდეგაც, ამ ე.წ. პოლიტიკოსებს არ გაუჭირდებათ საკუთარ მხარდამჭერებთან ისე დადგომა, თითქოს არაფერი მომხდარა და უკადრებელი არ უკადრიათ, მაგრამ მათი მხარდამჭერებიც არაფერს შეიმჩნევენ, თუ მოსთხოვენ პასუხს, ეს უფრო საინტერესოდ მიმაჩნია”, – წერს რატი იონათამიშვილი.

გერმანიის მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკი ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს

გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, კრისტიანა ჰოფმანმა განაცხადა, რომ ილონ მასკი თავისი განცხადებებით ცდილობს გავლენა მოახდინოს ფედერალურ არჩევნებზე. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის სპიკერმა ასევრ აღნიშნა, რომ ილონ მასკი თავისუფალია საკუთარი აზრის გამოხატვაში და დასძინა, რომ „ბოლოს და ბოლოს, აზრის თავისუფლება ასევე ვრცელდება ყველაზე დიდ სისულელეზე“.

გერმანულმა გაზეთმა Welt am Sonntag-მა გამოაქვეყნა ილონ მასკის სტატია, რომელშიც კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალმა თანახელმძღვანელმა პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) შეაფასა, როგორც „იმედის ბოლო ნაპერწკალი“ გერმანიისთვის.

ილონ მასკის თქმით, გერმანია ეკონომიკური და კულტურული კოლაფსის ზღვარზეა და მხოლოდ AfD-ს შეუძლია გერმანია გადაარჩინოს.

რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან ტყვეების გაცვლის შედეგად უკრაინამ 189 მოქალაქე დაიბრუნა.

ამის შესახებ ზელენსკიმ „ტელეგრამ-არხში“ დაწერა.

„ჩვენი ხალხის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან, ეს ყოველთვის კარგი სიახლეა ყველა ჩვენგანისთვის. დღეს ერთ-ერთი ასეთი დღეა. ჩვენმა გუნდმა შეძლო სახლში 189 უკრაინელის დაბრუნება. ისინი არიან დამცველები „აზოვსტალიდან“ და მარიუპოლიდან, ჩერნობილის ატომური სადგურიდან, კუნძულ ზმეინიდან, ფრონტის სხვადასხვა მიმართულებიდან. მათ შორის არიან ჯარისკაცები, სერჟანტები, ოფიცრები. არიან ეროვნული გვარდიის წევრები, მათ შორის აზოვიდან, მესაზღვრეები, ტერიტორიული თავდაცვის ძალების წევრები, სამხედრო-საზღვაო ძალების და შეიარაღებული ძალების მეომრები. ასევე, მარიუპოლში დაკავებული ორი სამოქალაქო პირი. თითოეულს სახლში ახლობლები და ნათესავები ელოდებიან. სასიხარულოა, რომ ჩვენ მათი დაბრუნება შევძელით. დღეს კიდევ 189 ოჯახია ბედნიერი“, – წერს ზელენსკი.

უკრაინის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, ეს ომის დაწყებიდან ტყვეების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაცვლაა.

2024 წელს რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეების გაცვლა 11-ჯერ შედგა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების პროცესის შედეგად გათავისუფლდა 150 რუსი სამხედრო.

უწყების ცნობით, ტყვეთა გაცვლა 150-150-ზე ფორმულით შედგა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ სამხედრო ტყვეების გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.

 ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს -პაატა მანჯგალაძე

შენობასთან არანაირად არაა დაკავშირებული ლეგიტიმაცია, ყაველაშვილი თუ შევა იმ შენობაში, საქართველოს პრეზიდენტი ვერ გახდება,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს.

„შენობასთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი რევოლუციური გეგმა არ გვქონია, შესაბამისად, არავინ იმედგაცრუებული არ არის. ხალხი ქუჩაშია, ხვალაც, ახალ წელს ძალიან ბევრი ადამიანი იქნება საქართველოსთვის ქუჩაში. ეს იმედს გვაძლევს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაძლებს. ასეთი გაგებით, თქვენ რომ ამბობთ, გეგმა არ არსებობს. გეგმა არის ხალხი ქუჩაში, რომ პროტესტი იყოს უწყვეტი, სანქციები დაედოს ყველა მავნებელს და ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე. რაც შეეხება იმას, რომ სალომე ამბობს, რომ იქნება ხალხთან, ჩვენ ვართ ხალხთან, ხალხი არის საქართველოსთან, ანუ, ყველა ერთად ვართ. საოცარი პროპაგანდაა. ბელარუსის გაკვეთილები კარგად შევისწავლეთ, თქვენ უნდა თქვათ, რომ ხალხი არ დადის, უნდა თქვათ, რომ იმედგაცრუებულია ოპოზიცია, ჩვენ არ ვართ იმედგაცრუებული, პირიქით, ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს. რატომ გინდათ, რომ ლეგიტიმაციის საკითხი, ან პრეზიდენტი ვინ იქნება, დაკავშირებული იყოს რაიმე შენობასთან? საერთოდ არ ვფიქრობ, რომ შენობაში ყოფნა-არ ყოფნით რაიმე იცვლება“, – განაცხადა მანჯგალაძემ.