Home Blog Page 24

ფილმის – “ნულოვანი ტოლერანტობა” პრემიერა გაიმართა, რომელიც გიორგი ზერეკიძის ამბავს მოგვითხრობს

დღეს კინოსახლში ფილმის ,,ნულოვანი ტოლერანტობა“ პრემიერა გაიმართა.

დოკუმენტური ფილმი გიორგი ზერეკიძის ამბავს მოგვითხრობს. 2006 წელსა და შემდგომ პერიოდში საკუთარ თავზე გადახდენილ მოვლენებს მაყურებელს თავად გიორგი ზერეკიძე უამბობს. ის იხსენებს 14 წლის ასაკში დაკავებას, მიზეზებსა და ციხეში გატარებულ წლებს.

ფილმში გამოყენებულია ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალები არქივიდან.

ფილმის ავტორის, გიორგი ზერეკიძის განცხადებით, საზოგადოებას უნდა შეახსენონ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალმომრეობითი პოლიტიკა.

,,რა თქმა უნდა, არ იყო მარტივი, მაგრამ საზოგადოებას უნდა შევახსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ძალმომრეობითი პოლიტიკა, რას წარმოადგენდა, როგორ ვიჩაგრებოდით მაშინ ადამიანები. სწორედ ამიტომ დღეს მოხდა ჩვენება ამ ფილმის, უფრო ფილმად გაკეთებული ნამდვილი ამბის“, – ამბობს გიორგი ზერეკიძე.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისას“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა აღნიშნა, გიორგი ზერეკიძე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა.

„14 წლის ბავშვის წინააღმდეგ გაერთიანდა მთელი სისტემა გამომდინარე იქიდან, რომ ახალი გამოცხადებული იყო ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა და ერთ-ერთი პირველი იყო გიორგი, ვინც ამ პოლიტიკას ემსხვერპლა. ამიტომ გაჩნდა ეს იდეა გიორგის თანატოლებში, ჩვენს მეგობრებში, „რედ ლაინ ფროდაქშენის“ წარმომადგენლებში, რომ ეს საზოგადოებისთვის ამ ფორმით უნდა მიეწოდებინათ“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად-ემანუელ მაკრონი

ისრაელისთვის იარაღის ექსპორტის შეწყვეტა არის ერთადერთი გზა ღაზაში და ლიბანში ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ღაზაში და ლიბანში გამოყენებული იარაღის ექსპორტის შეჩერება არის ერთადერთი ბერკეტი კონფლიქტების დასასრულებლად.

მაკრონმა განაცხადა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ისრაელის განიარაღების მოწოდება იმ მუქარის წინააღმდეგ, რომელიც ამ ქვეყნის წინააღმდეგ არის მიმართული.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე დაადანაშაულა ისრაელი სამხრეთ ლიბანში გაერო-ს სამშვიდობოების მიზანმიმართულ სროლაში. მაკრონის თქმით, „აბსოლუტურად მიუღებელია“, რომ გაერო-ს სამშვიდობოები ლიბანში ისრაელის ძალების „განზრახ სამიზნე“ არიან.

ისრაელი კი ამბობს, რომ ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს საფრთხეს გაერო-ს პოსტთან ახლოს, რამაც გამოიწვია ორი მშვიდობისმყოფელის დაჭრა.

სითი მოლის დაბადების დღე

მხოლოდ 12 ოქტომბერს, სითი მოლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ეწვიეთ საბურთალოსა და გლდანის სითი მოლს და SOLO Mastercard World Elite ბარათით გადახდისას ისარგებლეთ 30%-იანი ქეშბექით, დაბრუნების ლიმიტის გარეშე

 შეთავაზება ვრცელდება სითი მოლის 100-ზე მეტ მაღაზიებში:

ტანსაცმელი & ფეხსაცმელი: SENSE ;Timberland; Hugo; Boss; Paul & Shark; Karl Lagerfeld; Marc O’Polo; Hackett; Lion Of Porches; Boggi Milano; Baggati; DAN JOHN; Sacoor brothers; The North Face; Diesel; Napapijri; Magellan; Hummel; Tommy Jeans; Replay; Top Sport; Adidas; Puma; Under Armour; Giordano; Go Sport; EA7; NEW BALANCE; Lee Coper; Mango; US.Polo;Charles&Keith; Ipekyol; Superdry; OVS; Matalan; Sisley; Cortefiel; Pedro del hierro; Greyder

Studio By Shoes Gallery; Shoes Loft; Bata; Aw Lab; Sketchers; scarpiera; Corso Italia; JB Martin; Aldo; Keddo; Wortmanნ; Salamander; Atrio

Yamamay; Etam ; Triumph; Intimissimi; La Vie En Rose; Tezenis; Calzedonia; Penti, Women’s secret

სათვალეები & აქსესუარები: Affelou Paris; Swarovski; Franco Fontana; Delfos; Crystal; Her Store; IZIPIZI; Tresor; Pendant; Parfois, GMT, Regalia, Ikani; Time; Tous

Pandora; ZAG; Casio

სუნამოები & თავის მოვლა: Lutecia; Voulez Vous; Mac Cosmetics; Yves Rocher; The Body Shop; Kiko Milano; Flormar

საბავშვო: Miniso; Biblusi; Pepela; XS Toys; Carter’s; Dressarium Kids; Petit Bateau; Jacadi; Okaidi; Bambino; Zippy

სახლი & ოჯახი: Ambiente; Atelier Rebul; Manamo home; TAC; Selleti; JYSK; Villeroy and Boch; Old Supra; Nami; White Studio

გართობა & ვარჯიში: 12 Rounds; Magic City; Illy; Be Yo; Ollivander’s

გასტრონომია: Brunch by gastronome; Bistro by gastronome

გაითვალისწინეთ, Lutecia-სა და Voulez Vous-ში შეთავაზება არ ვრცელდება შანელის პროდუქციაზე, ასევე შეთავაზება არ ვრცელდება ბრენდებში შეძენილ სასაჩუქრე ვაუჩერებზე

აქციის პერიოდში შეძენილი ნივთები უკან არ ბრუნდება. გადახდა უნდა შესრულდეს საქართველოს ბანკის ტერმინალზე, ქეშბექი დაირიცხება მეორე ან მესამე სამუშაო დღეს და შესაძლებელია სხვადასხვა მაღაზიიდან დაბრუნდეს ცალ-ცალკე.

 მისამართი: სითი მოლი საბურთალო, ვაჟა-ფშაველას N70;
სითი მოლი გლდანი, ი.ვეკუას N1

(R)

“გამარჯვების გეგმა” შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს -ზელენსკი

JPG edited with https://ezgif.com/resize

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას სურს, რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე ომი არაუგვიანეს 2025 წლისა დასრულდეს.

ბერლინში გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე უკრაინის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის არმიის დახმარების მოცულობა არ შემცირდება, ხოლო ბერლინი გააგრძელებს მშვიდობის ფორმულის მხარდაჭერას, ვიდრე რუსეთი ეწინააღმდეგება პატიოსან დიპლომატიასა და ომის სამართლიან დასასრულს.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „გამარჯვების გეგმა“ შეიცავს ნაბიჯებს, რომელიც რუსეთს ომის დასრულებას აიძულებს.

„მსურს, რომ ეს არაუგვიანეს 2025 წლისა მოხდეს. ასევე, უზრუნველყოფილი უნდა იყოს აგრესიის არგამეორება. ეს გეგმა [გამარჯვების გეგმა] მშვიდობის სამიტის ჩატარებისთვის საჭირო ხიდია. ეს გეგმა არ ანაცვლებს ჩვენს სამშვიდობო ინიციატივას, არამედ აძლიერებს უკრაინის პოზიციას“, – დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით -არჩილ გორდულაძე

მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება.

„გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის შუალედური ანგარიში 26 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

აღნიშნული შუალედური ანგარიში მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიც არის სამართლებრივი ჩარჩო და საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, საარჩევნო ტექნოლოგიები, ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებები და რეგისტრაცია, საარჩევნო გარემო და დაფინანსება, მედია გარემო, საარჩევნო დავების მოგვარება, არჩევნების მონიტორინგი და სხვა.

მისასალმებელია ეუთო/ოდირის შეფასება საქართველოში არსებულ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. საზოგადოებაც ხედავს, რომ წინასაარჩევნო კამპანია უპრეცედენტოდ მშვიდ და თავისუფალ, ყოველგვარი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, თუ არსებითი დარღვევების გარეშე, კონკურენტულ გარემოში ხორციელდება. დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტის სახე აქვს.

ის ფაქტი, რომ წინასაარჩევნო პროცესი თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის უკანონო გამოყენების და სხვა სისტემური ხასიათის მანიპულაციებისგან, უპირველესად ჩვენი ხელისუფლების მტკიცე ნების და ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგია.

ეუთო-ოდირი ხაზს უსვამს, რომ ცესკო ყოველგვარი ვადის დაცვით, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიების წარმოებით მართავს პროცესს. ოდირი მიესალმება ცესკოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ამომრჩევლების ინფორმირებას, ახალი ტექნოლოგიების გამოყენების გამარტივებას და მათ ეფექტიან გამოყენებას. ჩვენც სრულად ვიზიარებთ ცესკოს პროფესიონალიზმსა და ინსტიტუციურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით გამოთქმულ პოზიტიურ შეფასებებს.

მისასალმებელია ასევე, რომ შუალედური ანგარიში ასახავს იმ დადებით პროგრესს სამართლებრივი თუ პრაქტიკული განვითარებებისა, რაც ეხება საარჩევნო სიას, საარჩევნო დავების მოგვარებას, ამომრჩევლების და კანდიდატების უფლებებსა და რეგისტრაციას.

შუალედურ ანგარიშში აგრეთვე აღნიშნულია, რომ მედია გარემო საქართველოში არის მრავალფეროვანი, მაგრამ პოლარიზებული. მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის პარტიული არხები მიზანმიმართულად, ყოველგვარი სამართლებრივი არგუმენტების გარეშე ბლოკავენ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპებს, რითაც აღნიშნული არხები არღვევენ საქართველოს კანონმდებლობას და წინასაარჩევნო პერიოდში ქმნიან დისკრიმინაციულ და უთანასწორო მედია გარემოს, რის შედეგადაც „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში უკვე 5 საათზე მეტი სარეკლამო დრო დაკარგა და მოგვადგა გამოუსწორებელი ზიანი.

ჩვენ, ოდირის სადამკვირვებლო მისიას გადავეცით აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, რომელიც სამწუხაროდ, შუალედურ ანგარიშში არ შეფასებულა, მაგრამ იმედია, რომ შემდეგ ანგარიშში სათანადოდ იქნება აღნიშნულიც და შეფასებულიც.

მისასალმებელია, რომ ანგარიშში მოხვდა წყალტუბოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად “ქართული ოცნების” წევრის ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ კარგად დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე.

მისასალმებელია აგრეთვე, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკოს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, რომ ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში. მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომელიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, რომ შემდეგ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება.

მადლობას ვუხდით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს. ყველა იმ უწყებას, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება არჩევნების მშვიდად, თავისუფლად და პროფესიონალურად ჩატარების საკითხს.

მადლობას ვუხდით ასევე ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს ამ ეტაპზე გაწეული საქმიანობისთვის და ვაგრძელებთ მათთან მჭიდრო კომუნიკაციას, რათა საბოლოო ანგარიშში მოცემული შეფასებები ეფუძნებოდეს მხოლოდ ფაქტებს და არა დაინტერესებული მხარეების უსაფუძვლო ბრალდებებს.

და ბოლოს, დავამატებთ იმასაც, რომ ეს არჩევნები მიმდინარეობს უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე და ფაქტობრივად, ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია წარიმართება გარედან, რაც ყოვლად ანომალიური და მიუღებელია. აღნიშნულთან დაკავშირებით ოდირის წარმომადგენლებს გადავეცით კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები და იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ანგარიშში სათანადოდ აისახება ეს დარღვევები.

ნებისმიერ შემთხვევაში, დღეს საზოგადოება არჩევნებს ხვდება ბევრად მომზადებული და უკეთ ინფორმირებული, რომ 2020 წლის არჩევნებზე ნაცადი სცენარები აღარ განმეორდეს.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ხელისუფლების უმთავრესი მიზანია საქართველოში არჩევნების საერთაშორისო დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარება. მოვუწოდებთ არჩევნების ყველა მონაწილეს, დამკვირვებელს თუ სხვა დაინტერესებულ მხარეს შინ და გარეთ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ საარჩევნო პროცესის ხელოვნურად დისკრედიტაციისგან, ითანამშრომლონ პასუხისმგებელ უწყებებთან და ხელი შეუწყონ არჩევნების გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარებას“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ახალი ტექნოლოგიური ჰაბის პროექტით, პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული -ლევან დავითაშვილი

„ჩემთვის დიდი პატივი, მაგრამ, ამავე დროს, დიდი ბედნიერებაა, რომ დღეს ვისაუბროთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ, რომელიც განხორციელდება ქუთაისში – ქალაქში, რომელსაც ისტორიულად დიდი ტრადიციები აქვს განათლების, განსაკუთრებით, ტექნიკური განათლების კუთხით. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროექტის განხორციელების შედეგად, ის პოტენციალი, რომელიც ქუთაისის ახალგაზრდობას გააჩნია, მაქსიმალურად იქნება რეალიზებული, ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ნიჭის გამოვლენასა და კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ შესაბამის დასაქმებას და მომავალ წარმატებას,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ქუთაისში, ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას. ტექნოლოგიური ჰაბი ყოფილი პარლამენტის შენობაში ამოქმედდება.

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უშუალოდ ჰაბის კონცეფციაზე კი საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ ისაუბრა.  

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სიმბოლურია, რომ პროექტის პრეზენტაცია ხდება ქუთაისში, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საგანმანათლებლო კერაა. „ქუთაისში არის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომელიც ვფიქრობ, ბოლო წლებში, დამოუკიდებლობის პერიოდში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ქვეყანაში ვითარდება, ძალიან წარმატებით ხორციელდება და აქვს მნიშვნელოვანი ამბიციური გეგმები, რომ ეს ქალაქი არა მარტო საგანმანათლებლო, არამედ სამეცნიერო და ტექნოლოგიური ცენტრი იყოს. აქედან გამომდინარე, სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებას ისახავს მიზნად, სრულად თანხვედრაშია განვითარების ამ ხედვასთან,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.   

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, 10 წლის წინ მთავრობამ ტექნოლოგიების და ინოვაციების სფეროს ხელშეწყობა დაიწყო და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგა, მათ შორის, ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო დააფუძნა. „მისი ჩამოყალიბებით ჩვენ შევქმენით სტარტაპების და ინოვაციების განვითარების ეკოსისტემა, ჩვენმა სტარტაპერებმა უკვე წარმატებით მოიზიდეს დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია საერთაშორისო ინვესტორებისგან. ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი დაიბადა საქართველოში და იმედი მაქვს, რომ ეს წარმატებული პროექტები მომავალში გლობალურ წარმატებულ ბიზნესებად იქცევა. სახელმწიფოს როლი სტარტაპ და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაში ძალიან დიდია. გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ პროცესებში. აქედან  გამომდინარე, ჩვენ ვაგრძელებთ პროგრამებს, რომლებიც მიმართულია სტარტაპერების, ინოვაციური იდეების, პროექტების ხელშესაწყობად, ეს გულისხმობს როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ისე სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას, მათ შორის, აქსელერატორების შემოყვანას, აგრეთვე ყველა იმ პროექტს, რომელიც რეალურად ამ ახალ იდეებს საშუალებას მისცემს, წარმატებულ ბიზნესებად გადაიზარდოს,” – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, ინოვაციების ეკოსისტემა ბევრ აქტორს აერთიანებს. მისი თქმით, პროექტში წარმოდგენილია ძალიან ბევრი რგოლი, სხვადასხვა სამინისტროს, უწყების ხელმძღვანელები, რომლებიც ცალსახად მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ამ ტექნოლოგიური ცენტრის, ტექნოლოგიური ჰაბის განვითარებაში. „რა თქმა უნდა, აქ ასევე   წარმოდგენილი იქნებიან საერთაშორისო აქსელერატორები, ინკუბატორები, მაღალტექნოლოგიური კომპანიები, აკადემიური და სამეცნიერო ინსტიტუტები. ამ პროექტის წარმატება ყველას თანამშრომლობასა და კოორდინაციაზეა საბოლოოდ დამოკიდებული. მე მინდა, მადლობა გადავუხადო პროექტში ჩართულ ყველა ადამიანს, პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს ამ პროექტის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება მორიგი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ქუთაისს ახალ სიცოცხლეს შესძენს,” – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული – სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.

გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს უფრო მეტ განვითარებასა და ინვესტიციებს ყველა მიმართულებით-ირაკლი კობახიძე

ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელსაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობას აქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად.

„ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი, საქართველო ჩამოყალიბდეს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების რეგიონულ ლიდერად, რაც ნიშნავს კიდევ უფრო მეტ განვითარებას ყველა მიმართულებით და მეტ ინვესტიციებს მთელი მსოფლიოდან. ინოვაციური ეკოსისტემის ხელშეწყობა ჩვენთვის პრიორიტეტია და სწორედ ამას ემსახურება რეფორმები, რომელთაც ამ მიმართულებით ვახორციელებთ. მომზადებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს 0%-იან საგადასახადო რეჟიმს ყველა ქართული ინოვაციური სტარტაპ-კომპანიისთვის პირველი სამი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, მინდა, გაცნობოთ ერთი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ – უახლოეს მომავალში ქართული ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება ქალაქ სან-ფრანცისკოში, სილიკონის ველზე, რაც კიდევ უფრო დაეხმარება ქართულ სტარტაპებს განვითარებაში და იქნება ერთგვარი ხიდი ქართულ სტარტაპებს, წამყვან ვენჩურულ ფონდებსა და ტექნოლოგიურ გიგანტებს შორის. დარწმუნებული ვარ, საქართველო გახდება ლიდერი ფართო რეგიონში ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში – პირველ რიგში ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტროს და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, პირადად პირველ ვიცე-პრემიერს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ უმნიშვნელოვანესი პროექტის განხორციელებაში,“- განაცხადა პრემიერმა.

 ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების, კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას -ირაკლი კობახიძე

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ზოგადად, IT სფერო არის ძალიან სწრაფად მზარდი საქართველოში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და აღნიშნულ სფეროს დამატებითი წახალისება, სტიმულირება სჭირდება.

„მიხარია, რომ დღეს უკვე წარმოვადგენთ მეორე პროექტს, რომელიც დაიწყება ქუთაისში. პირველი პროექტი უკავშირდებოდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებას და ეს პროექტი არის არანაკლებ მნიშვნელოვანი ამ ქალაქისთვის, ამ რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ქუთაისზე ზრუნვა იქნება ჩვენი განსაკუთრებული პრიორიტეტი, მივიღეთ გადაწყვეტილება ქუთაისის ბიუჯეტის გაზრდასთან დაკავშირებით, საგანგებოდ 40 მლნ ლარით გაიზრდება მომავალი წლიდან ქუთაისის ბიუჯეტი. ასევე ჩვენ დავაანონსეთ, რომ მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქუთაისის საერთასორისო უნივერსიტეტი, სადაც სტუდენტების რაოდენობამ უნდა მიაღწიოს 20 000 სტუდენტს და უნდა გადააჭარბოს ამ მაჩვენებელს და, რა თქმა უნდა, უნივერსიტეტის პროექტის წარმატებით განხორციელება პირდაპირაა დაკავშირებული იმ პროექტთან, რომელზეც დღეს გვექნება საუბარი. დღეს წარმოგიდგენთ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტს – ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, რომელიც პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება და აქ წარმოდგენილი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეები. მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას. ზოგადად, IT სფერო არის ძალიან სწრაფად მზარდი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და დამატებით გვჭირდება ამ სფეროს წახალისება, სტიმულირება“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება მულტიფუნქციური ცენტრი, რომელიც გააერთიანებს  უმაღლესი დონის ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, საერთაშორისო IT-სკოლებს, მსოფლიო დონის სამეცნიერო მუზეუმს, საერთაშორისო აქსელერატორებს და ინკუბატორებს.

„აქ განთავსდება ხელოვნური ინტელექტის ე.წ. ექსელენს-ცენტრი და წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისები, რაც განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს შექმნის არა მხოლოდ ქუთაისის და იმერეთის რეგიონის მცხოვრებლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფცია ორიენტირებულია ახალგაზრდებზე, რათა მათ ჰქონდეთ შესაბამისი გარემო საკუთარი უნარების განსავითარებლად, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით არსებული ინტერესების გამოვლენისა და რეალიზებისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.

 მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა “ნაცმოძრაობის” აქტივისტის თავდასხმის შედეგად “ქართული ოცნების” წევრის გარდაცვალების ფაქტი -არჩილ გორდულაძე

მისასალმებელია, რომ ეუთო/ოდირის ანგარიშში მოხვდა „ნაცმოძრაობის“ აქტივისტის თავდასხმის შედეგად „ქართული ოცნების“ წევრის, ერმილე გიგიაძის გარდაცვალების ფაქტი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.

გორდულაძის თქმით, „მნიშვნელოვანია, საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს ცივილურობის ნიღაბს ამოფარებული ოპოზიციის რეალური სახე“.

„აგრეთვე მისასალმებელია, რომ ანგარიშში აისახა ის ფაქტი, რომ როგორც ოპოზიცია, ისე ე.წ. ადგილობრივი დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციები არ ესწრებიან უწყებათაშორის საკოორდინაციო კომისიის სხდომებს. ჩვენ ოდირის წარმომადგენლებს აგრეთვე მივაწოდეთ დამატებითი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების უმრავლესობამ ხელი არ მოაწერა ცესკო-ს მიერ შემუშავებულ ეთიკის კოდექსს. იმედია, ეს საკითხიც აისახება შემდგომ ანგარიშში. მისასალმებელია, რომ მისიამ თავის ანგარიშში ხაზი გაუსვა იმ წუხილებს, რომლებიც არსებობს ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით. ჩვენ მისიას მივაწოდეთ მტკიცებულებები სადამკვირვებლო ორგანიზაციების ნაწილის პარტიული კავშირების და პოლიტიკური მიზნების შესახებ. იმედი გვაქვს, შემდგომ ანგარიშში ეს დეტალებიც სათანადოდ აისახება“, – აღნიშნა გორდულაძემ.

ეუთო/ოდირი საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.

დოკუმენტის თანახმად, შუალედურ ანგარიშში 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბერს საქართველოში პირველი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება სრულად პროპორციული სისტემით.

„არჩევნები ტარდება ღრმად ფესვგადგმული პოლიტიკური პოლარიზაციის, განგრძობადი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი უნდობლობისა და გაერთიანების, გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებული შეშფოთების ფონზე. ეს ასევე პირველი არჩევნებია მას შემდეგ, რაც საქართველოს 2023 წელს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი,პროცესი, რომელიც ევროკავშირის საბჭოს 2024 წლის ივნისის დასკვნების თანახმად, დე ფაქტო შეჩერდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ. კანონის მიღების წინმსწრებმა პროცესმა და თავად მიღებამ ფართომასშტაბიანი საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საარჩევნო კოდექსში 20-ზე მეტი ცვლილება შევიდა, რომლითაც „ოდირის“ რამდენიმე წინა რეკომენდაციაა გათვალისწინებული, თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ „ოდირის“ რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება.

„2022 და 2023 წლების ცვლილებებს წინ უძღოდა საჯარო განხილვები, რომლებმაც ფართო მხარდაჭერა მოიპოვა და მიუხედავად იმისა, რომ არ უზრუნველყო რეკომენდებული ყოვლისმომცველი რეფორმა, გაითვალისწინა „ოდირის“ რამდენიმე წინა რეკომენდაცია. თუმცა, 2024 წლის ცვლილებები მიღებულ იქნა საკმარისი საჯარო კონსულტაციის ან კონსენსუსის გარეშე და გამოიწვია შეშფოთება მათი გავლენის შესახებ. გარდა ამისა, „ოდირის“ რამდენიმე რეკომენდაცია კვლავ შეუსრულებელი რჩება, მათ შორის ისინი, რომლებიც უკავშირდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, წინასაარჩევნო კამპანიისა და კამპანიის დაფინანსებას, მედიასთან დაკავშირებულ საარჩევნო რეგულაციებს და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

აქვე ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ დღემდე დაიცვა ყველა კანონიერი ვადა, ჩაატარა ტრენინგები სხვადასხვა დაინტერესებული მხარისთვის და წამოიწყო ამომრჩეველთა ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია.

„„ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის ბევრმა თანამოსაუბრემ გამოხატა ნდობა საარჩევნო ადმინისტრაციის ტექნიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების მიმართ, მაგრამ „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება, რომ ცესკო-ს გადაწყვეტილების მიღების გამარტივებულმა პროცესმა, ოპოზიციის მიერ დანიშნული თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებამ და მისი წევრების დანიშვნის ახალმა მეთოდმა შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობაზე“, – აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე საუბარია საარჩევნო პროცესში ელექტრონული სისტემების გამოყენების საკითხზეც.

„პირველად, ელექტრონული მოწყობილობები გამოყენებული იქნება უმეტეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა იდენტიფიკაციის, ხმების დათვლის, წინასწარი შედეგების დადგენისა და გადაცემისთვის. მაშინ, როცა ამ ტექნოლოგიების შემოღება მხარდაჭერილია უმეტესი დაინტერესებული მხარის მიერ, ზოგიერთმა გამოთქვა შეშფოთება საუბნო საარჩევნო კომისიების (სუბკო) შესაძლებლობებთან დაკავშირებით, გაუმკლავდნენ რეგისტრირებული ამომრჩევლების გაზრდილ რაოდენობას თითოეულ საარჩევნო უბანზე, რომელიც გაორმაგდა ბოლო არჩევნების შემდეგ და ხაზი გაუსვეს ტექნოლოგიის შემდგომი გამჭვირვალე აუდიტის და ამომრჩეველთა ინფორმირების საჭიროებას, რათა გაქარწყლდეს მცდარი შეხედულებები იმის შესახებ, რომ მოწყობილობები შეიძლება, გამოყენებულ იქნას ხმის მიცემის ფარულობის დარღვევისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

„ოდირის“ შუალედურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები.

„დაახლოებით 3.4 მილიონი რეგისტრირებული ამომრჩეველია. ცესკო-მ ამომრჩეველთა რეგისტრაციის ინფორმაციის შესამოწმებლად და შესწორებების მოთხოვნისთვის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, როგორც პირადად, ისე ონლაინ. „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის უმეტეს თანამოსაუბრეს არ გამოუთქვამს მნიშვნელოვანი შეშფოთება ამომრჩეველთა სიების ინკლუზიურობასთან დაკავშირებით, თუმცა ზოგიერთმა აღნიშნა უზუსტობები, რომლებიც ძირითადად გამოწვეულია სიაში გარდაცვლილი ამომრჩევლებისა და საზღვარგარეთ დე ფაქტო მცხოვრები მოქალაქეების პოტენციური არსებობით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შუალედური ანგარიშს თანახმადვე, „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის თანამოსაუბრეებს არ გამოუთქვამთ შეშფოთება საარჩევნო კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით.

„პარტიებისგან მიღებული 40 განაცხადიდან ცესკო-მ დაარეგისტრირა 27 საარჩევნო სუბიექტი, რომელთაგან 19-მა წარადგინა კანდიდატთა სიები, საბოლოოდ კი 18 დარეგისტრირდა მონაწილედ. პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ უფლება, კენჭი იყარონ წინასაარჩევნო ბლოკებში, რაც იწვევს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები დე ფაქტო კოალიციებში ერთიანდებიან და კოალიციის ფარგლებში თავის კანდიდატებს წამყვანი პარტიის სიებში არეგისტრირებენ. „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის თანამოსაუბრეებს არ გამოუთქვამთ შეშფოთება კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

აქვე აღნიშნულია, რომ ქალთა წარმომადგენლობა არჩევით თანამდებობებზე კვლავ დაბალია, კონსტიტუციური დებულებების მიუხედავად, რომლებიც სახელმწიფოსგან მოითხოვს სპეციალური ზომების მიღებას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად.

„2024 წლის ცვლილებებით გაუქმდა სავალდებულო გენდერული კვოტა, ისევე როგორც სხვა დროებითი სპეციალური ზომები კანდიდატთა სიებისთვის და სხვა საკანონმდებლო ზომები, რომლებიც მიზნად ისახავდა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას. ეს ნაბიჯი გააკრიტიკა „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ მისი პოტენციური უარყოფითი გავლენის გამო პოლიტიკაში გენდერულ წარმომადგენლობაზე. ცესკო-ს მონაცემებით, 11 ოქტომბრის მდგომარეობით, 1,185 კანდიდატი იყო. ქალებს სამ სიაში უკავიათ წამყვანი ადგილები და კანდიდატთა საერთო რაოდენობის 29%-ს შეადგენენ“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შუალედურ ანგარიშში საუბარია პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო კამპანიებთან დაკავშირებითაც.

„წინასაარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომელზეც აქამდე განხორციელდა დაკვირვება, იყენებს მეტად პოლარიზებულ რიტორიკას. მმართველმა პარტიამ არჩევნები წარმოადგინა როგორც არჩევანი მშვიდობასა და ომს შორის, ხოლო ოპოზიციური პარტიების უმეტესობა არჩევნებს წარმოაჩენს როგორც რეფერენდუმს ქვეყნის გეოპოლიტიკურ პოზიციაზე. „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთმა თანამოსაუბრემ გამოთქვა შეშფოთება დაშინების ტაქტიკასთან დაკავშირებით, მმართველი პარტიის მხარდამჭერებისა და სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, რომელიც სავარაუდოდ, მიმართული იყო მათი წინასაარჩევნო აქტივობებისა და ასევე ამომრჩევლების წინააღმდეგ. სიტყვიერი თავდასხმების, საარჩევნო მასალების განადგურებისა და ფიზიკური დაპირისპირების იზოლირებული შემთხვევები დაფიქსირდა როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არსებული რეგულაციების მიუხედავად, „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ ხაზი გაუსვა ხარვეზებს კანონმდებლობასა და მის განხორციელებაში ადმინისტრაციული რესურსების პოტენციურ ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

შუალედური ანგარიშის თანახმად, პოლიტიკური პარტიების შემოსავლებსა და ხარჯებს ზედამხედველობას უწევს ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიურო (ACB), რომელმაც საარჩევნო კამპანიის პერიოდში დაიწყო პარტიების ფინანსების შემოწმება და საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში დამატებითი ანგარიშგება მოითხოვა.

„ყველა კონკურენტმა წარადგინა პირველი შუალედური ანგარიში. ანტიკორუფციულმა ბიურომ ისინი გამოაქვეყნა ონლაინ, თუმცა კანონი არ ავალდებულებს მას, არჩევნების დღემდე შეამოწმოს და გამოაქვეყნოს დასკვნები ამ ანგარიშებზე. ანტიკორუფციულმა ბიურომ თავდაპირველად რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია (CSO), მათ შორის მოქალაქეთა სადამკვირვებლო ჯგუფი, მოიხსენია „დეკლარირებული საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტად“, რომელიც ვალდებულია, დაიცვას საარჩევნო კამპანიის დაფინანსების რეგულაციები, თუმცა მთავრობის მოთხოვნის შემდეგ, უკან წაიღო თავისი გადაწყვეტილებები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

შუალედური ანგარიშის თანახმად, დღემდე, საარჩევნო ადმინისტრაციამ და სასამართლოებმა მიიღეს დაახლოებით 120 საჩივარი, ძირითადად დაბალი დონის საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და კამპანიის წესების დარღვევის შესახებ.

„საჩივრების უმეტესობა უარყოფილ იქნა არსებითი განხილვის შემდეგ. „ოდირის“ სადამკვირვებლო მისიის რამდენიმე თანამოსაუბრემ აღნიშნა სამართალდამცავი ორგანოების, საარჩევნო ადმინისტრაციისა და სასამართლო სისტემის უნარის მიმართ დაბალი ნდობის დონე, ეფექტურად და მიუკერძოებლად განიხილონ და გადაწყვიტონ პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხები“, – ნათქვამია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 10 ოქტომბრის მდგომარეობით, ცესკო-მ აკრედიტაცია მისცა მოქალაქეთა 68 სადამკვირვებლო ორგანიზაციას 2,602 დამკვირვებლით და საერთაშორისო დამკვირვებელთა 51 ჯგუფს 512 დამკვირვებლით.

„რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ (CSO) დაიწყო გრძელვადიანი დაკვირვების აქტივობები და მრავალმა აღნიშნა უფრო რთული სამუშაო გარემო, რაც გამოწვეულია მათი საჯარო სტიგმატიზაციით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ“, – აღნიშნულია შუალედურ ანგარიშში.

 არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა – დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება -ლევან დავითაშვილი

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კომენტარი გააკეთა საზოგადოებრივი აზრის კვლევებზე, რომლებსაც, მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები წინასაარჩევნოდ აქვეყნებენ.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი ტიპის რეიტინგები საკმაოდ სუბიექტურია და არ არის გამყარებული ობიექტური კვლევებითა და მეთოდოლოგიით, რომლებიც საჭიროა, რომ ეს ინფორმაცია იყოს სარწმუნო. პირველი ვიცე-პრემიერის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ასეთ რეიტინგებში საერთაშორისო ბრენდები და ავტორიტეტული სახელები მონაწილეობენ, მათ საიმედოობა არ აქვთ.

„არჩევნებში გამოჩნდება, როგორია ხალხის განწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხის განწყობაა ის, რომ მას სურს ქვეყანაში სტაბილურობა და მშვიდობის შენარჩუნება. ასევე განვითარების მხარდაჭერა, რასაც ჩვენს მოსახლეობას „ქართული ოცნება” სთავაზობს,” – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

რა ეღირება დოლარი და ევრო 12 ოქტომბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7263 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7263 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7255 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9804 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9803 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.