Home Blog Page 24

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია -მამუკა ხაზარაძე

როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ, იმ წუთას პანიკაში ვარდებიან, ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია – თუ დავდგებით ერთად და კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ, ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს,- ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს მარჯანიშვილის მოედანზე განუცხადა, საიდანაც საპროტესტო მსვლელობა უნდა გაიმართოს.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წარმატება ახლა ხალხის ხელშია.

„როგორც კი ხალხის ძალას იგრძნობენ (ახლა კარგად გრძნობენ, რომ ეს პროტესტი არ გაჩერდება), იმ წუთას პანიკაში ვარდებიან. ბიძინა ივანიშვილი რეალურად პანიკაშია, რადგან დარჩა რის ამარა – მთავრობის, რომელიც ტერორისტების გვერდით მდგომია – „ჰამასის“, „ჰეზბოლას“; ეს არის ხელისუფლება, რომელიც პირდაპირ ილაშქრებს შეერთებული შტატების წინააღმდეგ (მინდა, მათ ანაკლიის ჩაგდებული პროექტი გავახსენო). შეერთებულ შტატებში ის პრეზიდენტი მოვიდა, რომლის სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო ანაკლიის პროექტის მშენებლობას უჭერდა მხარს და პირდაპირ ამბობდა, რომ ჩინეთი და რუსეთი საქართველოს მეგობრები არ არიან. უნდა გავიხსენოთ, სად ვდგავართ. ვდგავართ ისტორიის გასაყარზე. წარმატება მხოლოდ ჩვენს ხელშია. თუ დავდგებით ერთად (კიდევ უფრო მეტნი უნდა ვიყოთ), ეს პროტესტი შედეგს გამოიღებს. ამ ისტორიულ მომენტს ვერ გავუშვებთ ხელიდან, რომ საქართველო გავიყვანოთ სამშვიდობოს, სტაბილურ, მშვიდობიან გარემოში, რასაც ევროპა ჰქვია“,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია, ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს-გერმანიის საელჩო

მშვიდობიანი რევოლუცია შესაძლებელია. ბერლინის კედლის დაცემა ამის მაგალითს წარმოადგენს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს ფეისბუქ გვერდზე, ბერლინის კედლის დანგრევის 35 წლისთავთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საელჩოს განცხადებით, დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას, რომ თავისუფლება თავისთავადად არ მოდის.

„ათწლეულების განმავლობაში გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას ჩაკეტილი ჰყავდა მოქალაქეები ჩაგვრისა და ძალადობის სისტემაში. გდრ-ის მოქალაქეებმა, გამოიჩინეს რა გამბედაობა და სურვილი, თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი და ეცხოვრათ თავისუფლებაში, მიაღწიეს ბერლინის კედლის დანგრევას. ამით მათ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ადამიანებთან ერთად შექმნეს საფუძველი გერმანიის გაერთიანებისთვის და თავისუფალი, ერთიანი ევროპისთვის. დღესაც შეიძლება, იგივე ითქვას: თავისუფლება თავისთავადად არ მოდის, ჩვენ მისთვის უნდა ვიბრძოლოთ – ასე იყო მაშინაც და ასე არის დღესაც, აქაც და მთელს მსოფლიოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

რეკორდულ ვადებში მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე -ირაკლი კობახიძე

ოქტომბრის მდგომარეობით, რეკორდულ ვადებში, მოქალაქეებისთვის სრულიად უფასოდ აიზომა 1.5 მლნ-ზე მეტი მიწის ნაკვეთი, ჯამური ფართობით 880 000 ჰა-ზე მეტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რეფორმის მიზანია მიწის რესურსის ეკონომიკურ ბრუნვაში მოქცევა, ასევე საკუთრების უფლების მაქსიმალურად რეალიზება.

„ამ მიზნით, 2022 წლიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო რეფორმა. ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება მიწის სისტემური რეგისტრაცია. რეფორმა გულისხმობს მოქალაქეებისთვის მიწის უფასოდ აზომვას, ყველა საჭირო ინფორმაციის, დოკუმენტების, მონაცემების არქივში მოძიებას, უწყებათაშორის კოორდინაციას და საბოლოო ჯამში მიწაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაცია დასკვნით ფაზაშია და ოქტომბრის მდგომარეობით, საკუთრების უფლება მილიონზე მეტ მიწის ნაკვეთზე დარეგისტრირდა.

„შესაბამისად, მილიონზე მეტი ადამიანი გახდა მიწის რეგისტრირებული მესაკუთრე. რეგისტრირებული მიწის ჯამური ფართობი არის 784 000 ჰა, რაც ძალიან შთამბეჭდავი მონაცემია. ასევე, გასული წლის პირველი ოქტომბრიდან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის მერიასთან, რომლის ფარგლებშიც სისტემური რეგისტრაცია დედაქალაქშიც დაიწყო. რეგისტრირდება არა მხოლოდ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, არამედ სწორდება 15-20 წლის წინ არასწორად განხორციელებული რეგისტრაციებიც”,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერის თქმით, პროექტის მასშტაბების და შედეგების გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება მიწის სისტემური რეგისტრაციის გაგრძელების თაობაზე.

„ჯერ კიდევ არიან მოქალაქეები, რომლებსაც არ დაურეგისტრირებიათ მიწის ნაკვეთები. ასეთია ნახევარ მილიონამდე მიწის ნაკვეთი მთლიანობაში და 2025 წლის ბოლომდე ამ მოქალაქეებსაც ექნებათ საშუალება, სრულიად უფასოდ დაირეგისტრირონ კუთვნილი მიწის ნაკვეთები. რეფორმის დასრულების შედეგად, დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი აღარ იარსებებს ქვეყანაში, შეიქმნება ერთიანი, სრულყოფილი საკადასტრო მონაცემთა ბაზა, საბოლოოდ გაიმიჯნება ერთმანეთისგან კერძო, სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მდებარეობა და გაირკვევა მესაკუთრის ვინაობა. შესაბამისად, სახელმწიფოს მხრიდან სრულად იქნება უზრუნველყოფილი საკუთრების უფლების დაცვა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძეს, სამინისტროს თანამშრომლებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და ყველა ადამიანს, ვინც ჩართულია რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.

“ნაცმოძრაობა”უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის -სოზარ სუბარი

პირობას გაძლევთ, რომ „ნაცმოძრაობას” აუცილებლად გავასამართლებთ, – ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა” მრავალი მიზეზის გამო უნდა გასამართლდეს.

„მართალია, საკონსტიტუციო უმრავლესობა ვერ მივიღეთ, მაგრამ „ნაცმოძრაობის” გასამართლებას ეს დაბრკოლებას ვერ შეუქმნის. „ნაცმოძრაობა” უნდა გასამართლდეს მრავალი მიზეზის გამო და ნურავინ – ნურც შოლცები, ნურც მაკრონები და ნურც ნურავინ გვეტყვის, რომ ეს დემოკრატია არ არის, რადგან ეს არის ორმაგი სტანდარტი. თუნდაც, იმავე გერმანიაში, სამთავრობო კრიზისი რომ არ მომხდარიყო, ბუნდესტაგში უკვე ხელმოწერებს აგროვებდნენ, რათა საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიემართათ და პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის” აეკრძალათ. არადა, ამ პარტიის აკრძალვა უნდათ იმ საბაბით, თითქოს ის პრორუსული პარტიაა, რაც აბსოლუტურად მოგონილი ბრალდებაა. მეორე მიზეზი, რის გამოც ამ პარტიის აკრძალვას ითხოვენ, ისაა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის” ცდილობს, გერმანია დაიცვას უკონტროლო მიგრაციისგან. სხვა ბრალდება ამ პარტიის მიმართ არ არსებობს და რატომღაც ეს პროცესი დემოკრატიის ნაწილად მიაჩნიათ.

ამ ფონზე ჩვენთან არის ყოფილი სახელისუფლებო პარტია „ნაციონალური მოძრაობა”, რომელზეც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ამ პარტიამ სისტემატური და სისტემური დანაშაული დანერგა ქვეყანაში; „ნაცმოძრაობა” იყო ხელისუფლება, რომელმაც მართლა უღალატა სამშობლოს, როდესაც 2008 წელს საქართველო ჯერ ომში ჩართო, მერე კი რუსეთს ქვეყნის ტერიტორიები ჩააბარა; ეს არის პარტია, რომელმაც იმ ტერიტორიებზე, სადაც რუსეთის ჯარი შემოდიოდა, თავისი მოქალაქეები მიატოვა, ისე, რომ არც კი გააფრთხილა, თუ რა საფრთხე ელოდათ (ასე მოხდა კოდორის ხეობაშიც და ცხინვალის რეგიონშიც…) და ამ ყველაფრის მერე გვეუბნებიან რომ ამ პარტიის გასამართლება თურმე ანტიდემოკრატიული და ანტიევროპულია.

მეორე მხრივ, მთელი ევროკავშირი ტაშს უკრავს მოლდოვას პრეზიდენტს მაია სანდუს, რომელმაც ორი ოპოზიციური პარტია აკრძალა, მათ შორის, ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „შორი” და აკრძალა მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პარტია რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობებს უჭერს მხარს. და მაია სანდუს, რომელმაც ოპოზიციური პარტიები აკრძალა, ტაშს უკრავენ და ჩვენ თურმე, არ უნდა გავასამართლოთ პარტია, რომელმაც ქვეყნის 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ მხარი დაუჭირა სტრასბურგის რეზოლუციას, რომლითაც საქართველოს დაჰბრალდა ომის დაწყებაც და ადამიანის უფლებათა და საერთაშორისო სამართლის დარღვევაც”, – განაცხადა სოზარ სუბარმა, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

მჯერა, მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე, არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს -ნიკა მელია

მჯერა, რომ მთელი ოპოზიცია ერთსულოვანი იქნება ბოლო წუთამდე. არ შეიძლება, ლეგიტიმაცია მისცე პარლამენტს, რომელსაც მსოფლიო, ქართველი ხალხი არ აღიარებს, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება, რადგან „ეს არ არის პარლამენტი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს“.

„მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი წარმატება. ეს არის ყველას დამსახურება, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, წამყვანმა პროგრესულმა დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა გაყალბებული არჩევნები არ აღიარეს. ეს არაღიარების პოლიტიკა საერთაშორისო დონეზე იქნება მყარი და განგრძობადი. ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, ქართული საზოგადოება ქვეყნის შიგნით, ჩვენ პოლიტიკოსები მათთან ერთად, ვიქნებით იმდენად აქტიურები, რამდენადაც მოითხოვს შექმნილი უმძიმესი რეალობა. საქართველოს პარლამენტი არ არის საქართველოს პარლამენტი, ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ მას არ სურს ამ პარლამენტის ფუნქციონირება და ეს პარლამენტი საქმიანობას, როგორც საქართველოს პარლამენტი, ვერ დაიწყებს. ეს არ არის პარლამენტი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. ივანიშვილის ნებას, კი ბატონო, გამოხატავს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ევროკავშირმა, შესაძლოა, განიხილოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის ამერიკული ბუნებრივი აირით ჩანაცვლების საკითხი-ურსულა ფონ დერ ლაიენი 

ევროკავშირმა, შესაძლოა, განიხილოს რუსული გათხევადებული ბუნებრივი აირის იმპორტის ამერიკული ბუნებრივი აირით ჩანაცვლების საკითხი, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, შეერთებული შტატები ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკური და სავაჭრო პარტნიორია და მნიშვნელოვანია თავიდანვე კარგი ურთიერთობების დამყარება ახალ ადმინისტრაციასთან.

„ასე გავაგრძელებთ პოზიტიური ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფორმირებას. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც გუშინ დავიწყეთ; მეორეც, ვიმსჯელოთ საერთო ინტერესებზე – და არის საერთო ინტერესები, რაც გვაქვს – და შემდეგ გადავიდეთ მოლაპარაკებებზე. საერთო ინტერესებია, მაგალითად, ეს არის ერთი თემა, რომელსაც შევეხეთ, არ ვიტყოდი, რომ განვიხილეთ, მაგრამ გუშინ შევეხეთ, ეს გათხევადებული ბუნებრივი აირის თემაა. ჩვენ კვლავ ვიღებთ უამრავ გათხევადებულ ბუნებრივ აირს რუსეთიდან და რატომ არ შევცვალოთ იგი ამერიკული გათხევადებული ბუნებრივი აირით, რომელიც უფრო იაფია ჩვენთვის და ამცირებს ჩვენს ენერგეტიკულ ხარჯებს? ეს არის ის, სადაც ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ დისკუსიაში; ასევე, შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუ რა არის ჩვენი სავაჭრო დეფიციტი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში, ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის -შალვა პაპუაშვილი

საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ,  შალვა პაპუაშვილმა ბანკირის პროფესიული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე.

„ბანკირის პროფესიულ დღეს შევიკრიბეთ, რომ აღვნიშნოთ ბანკირებისა და ფინანსისტების მნიშვნელოვანი როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 187 წელი გავიდა ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან. მან, ქართული ეროვნული ღირებულებების აღორძინებასთან ერთად, ქართული ბანკის დაფუძნება და განვითარებაც ითავა. ეს ფაქტი მოწმობს, თუ რა მნიშვნელობა ენიჭება ერის, ხალხის, სახელმწიფოს განვითარებაში საბანკო საქმის სათანადოდ წარმართვას. საბანკო საქმე მხოლოდ ფულის მართვა როდია; საბანკო საქმე დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში ეკონომიკური ზრდის, ინვესტიციებისა და კეთილდღეობის საფუძველს ქმნის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საბანკო-საფინანსო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია და მცირე მეწარმიდან მსხვილ საწარმომდე, სოფლად მყოფი ფერმერიდან ქალაქში მყოფ სტუდენტამდე, ყველას ეძლევა შესაძლებლობა, განახორციელოს თავისი მიზნები და მიიღოს დახმარება არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

„ჯანსაღი საბანკო სისტემა უნდა განვიხილოთ, როგორც არა მარტო ეკონომიკის, არამედ ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი.

ამ მხრივ, მინდა ყურადღება გავამახვილო ეროვნული ბანკის განსაკუთრებულ როლზე ჩვენს ქვეყანაში სტაბილური საფინანსო გარემოს შენარჩუნებაში. ეროვნული ბანკი ბევრად მეტია, ვიდრე ფინანსური ინსტიტუტი. მას დიდი წვლილი შეაქვს ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღევანდელ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, პირდაპირი საინფორმაციო თავდასხმების პირობებში, რომლებიც, მათ შორის, ჩვენს ვალუტას ეხება, ეროვნულმა ბანკმა წარმატებით შეძლო ლარის სიმყარისა და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება. დიდი მადლობა ქალბატონ ნათია თურნავას პროფესიონალიზმისთვისა და ნაყოფიერი საქმიანობისთვის“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, წლების განმავლობაში საბანკო-საფინანსო სექტორის წარმატებული განვითარების შედეგად საქართველო რეგიონში მნიშვნელოვანი ფინანსური ცენტრი გახდა.

„ჩვენ ვართ თანამედროვე საბანკო ტექნოლოგიების დანერგვის, მომხმარებელთა მომსახურებისა და მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარების მხრივ დიდი პროგრესის მომსწრენი. ჩვენი ბანკირების დაუღალავი შრომის შედეგად, საქართველო რეგიონში დინამიკური და მედეგი ფინანსური ცენტრი გახდა.

დღესდღეობით, თანამედროვე სამყაროში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მათ შორის, ფინანსური მომსახურებების ციფრული ტრანსფორმაციის ფონზე, თქვენი მოქნილობა და ინოვაციური მიდგომები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

დარწმუნებული ვარ, წარმატებით გააგრძელებთ სიახლეების დანერგვას და მომავალშიც უზრუნველყოფთ ჩვენი ეკონომიკისა და საზოგადოების სტაბილურობასა და განვითარებას.

ბანკირის დღეს თითოეულ თქვენგანს დიდ მადლობას გიხდით თქვენი საქმიანობისთვის. პარლამენტი გააგრძელებს ისეთი პოლიტიკის ხელშეწყობას, რომელიც საბანკო-ფინანსური სექტორის შემდგომ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული და ფინანსური მომსახურებების ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი და საბანკო-საფინანსო წრეების წარმომადგენლები.

ბელგიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა

ბელგიაში ქართული კულტურის დღეები გაიმართა. ემიგრანტმა თეატრალებმა და თბილისიდან მოწვეულმა მსახიობებმა კულტურული ღონისძიებების პროგრამის ფარგლებში სპექტაკლები: „ოთარაანთ ქვრივი” და „დიდოსტატის მარჯვენა” წარუდგინეს მაყურებელს.

ქართული კულტურის დღეებზე, აჩვენეს რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ფილმი „მგზავრი წერილებით”.

გარდა ამისა, ბელგიაში მცხოვრებმა მოზარდებმა მაყურებლის წინაშე საკონცერტო პროგრამაც წარადგინეს.

ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს.

როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს რუსეთის ფართომასშტაბური ინტერვენციის დაწყებიდან უკრაინაში მისი მეხუთე ვიზიტია და ევროკავშირის უმაღლესი წარმოამდგენლის რანგში უკანასკნელი იქნება.

„უკრაინის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა ჩემი პირადი პრიორიტეტი იყო ჩემი მანდატის განმავლობაში და დარჩება ევროკავშირის დღის წესრიგის სატავეში“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

 სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული – ლევან სურგულაძე ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების ხარჯვაზე

ნამდვილად არ მესმის რას ემსახურება და რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის რეზერვების შესახებ კვლავ წამოწყებულ პოლემიკას: უნდა გამოეყენებინა თუ არა ეროვნულ ბანკს რეზერვები რათა შეემცირებინა და დაესტაბილურებინა ლარის აჟიოტაჟური ვოლატილობა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფინანსისტი, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე წერს.

მისი თქმით, სებ-ის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული.

“ხომ შევთანხმდით და ოპონენტებიც ცალსახად დაგვეთანხმნენ: ეროვნული ბანკის კონსტიტუციური ვალდებულებაა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი რათა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის და ფასების სტაბილურობა. ლარის აჟიოტაჟური გაუფასურება, მაშინ როდესაც ამის ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობენ, სწორედაც რომ ფასებს და ფინანსური სისტემის სტაბილურობას დააზიანებდნენ. დიახ, ეროვნული ბანკის ქმედებები იყო სრულიად კანონიერი, მართებული და დროული. ოპონენტები აპელირებენ გამოყენებული რეზერვის ოდენობაზე, მაშინ როდესაც არცერთი კანონი თუ კანონქვემდებარე რეგულაცია ეროვნულ ბანკს არ ზღუდავს გამოყენებული რეზერვის ოდენობაში. აქვე დავამატებდი, რომ რეზერვების დონე დინამიკური მაჩვენებელია და წლის განმავლობაში მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებით – სებ-ის სავალუტო ყიდვა-გაყიდვები; საგარეო ვალის მომსახურება; სახელმწიფო საწარმოების კონვერტაციები და სხვა ფაქტორებიც, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანი: ლარის გაცვლითი კურსის არასისტემური ვოლატილობისგან (რყევა) სავალუტო ბაზრის და საერთოდ ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც ეს რყევები გამოწვეულია არაეკონომიკური ერთჯერადი ფაქტორებით (როგორც ეს სექტემბერ – ოქტომბერში მოხდა). ეკონომიკა 2024-ში შთამბეჭდავად იზრდება და ეროვნულ ბანკს არ გაუჭირდება რეზერვების კვლავ შევსება. გავიხსენოთ 2023, როდესაც რეზერვებში დამატებით რეკორდული 1.3 მილიარდი დოლარის აკუმულირება მოხერხდა. სტაბილური მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში რეზერვების კვლავ შევსება შედარებით სწრაფად იქნება შესაძლებელი. 2007 წელს, მაგალითად, ეროვნული ბანკის რეზერვები 1 მილიარდ 159 მილიონი დოლარი იყო (პრეზიდენტი, ბატონი რომან გოცირიძე) და არ დავქცეულვართ ბოლოს და ბოლოს, ახლა “კუპონების ერაზე” აღარ ვისაუბრებ. რაც ყველაზე მთავარია, ეროვნულმა ბანკმა შეასრულა თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – დაიცვა ფინანსური სისტემის და ბაზარზე ფასების სტაბილურობა. ვფიქრობ, ამ საკითხზე არგუმენტები ორივე მხრიდან ამოწურულია და ეს პოლემიკაც აქ უნდა დავასრულოთ“, – წერს სოციალურ ქსელში ლევან სურგულაძე.

ხალხი, ვინც იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ამბობს, რომ სააკაშვილი არა იმდენად რუსეთიდან, არამედ უკრაინულის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით მოატყუეს, აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა-ალექსეი არესტოვიჩი

ხალხი, რომელთაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, მრავალი წელია, ვიცნობ და იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ნათლად ამბობს, რომ სააკაშვილი მოატყუეს, მისი პროვოცირება მოახდინეს და აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა რუს ჟურნალისტთან, იულია ლატინინასთან ინტერვიუში განაცხადა.

ჟურნალისტმა არესტოვიჩს ჰკითხა: „როგორ წამოეგო პუტინი აშშ-ის სატყუარას? როგორ იყო ეს საქართველოსთან დაკავშირებით? სააკაშვილი ხომ მზად იყო პუტინთან მოლაპარაკებისთვის, მას მშვენივრად ესმოდა, რომ საქართველო არ იყო რუსეთის ბუფერული სახელმწიფო, უზარმაზარ პრობლემებს განიცდიდა და მზად იყო ყველასთან მოლაპარაკებისთვის. თუმცა პუტინის რეალური დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, როგორც ჩანს, მას არ ესმოდა. Პუტინი რეალურად ფიქრობდა, რომ ეს უნდა იყოს პროვინცია, რომელიც მას ფეხებს უკოცნის. ვინ უნდა ყოფილიყავი, რომ უკრაინას პროვინციასავით მოქცეოდი, მიგეყვანა საქმე ომამდე და წამოგებულიყავი ამერიკულ ტყუილს?“

არესტოვიჩის თქმით, „მანიპულირებულმა მონაცემებმა და შეფასებებმა განაპირობა, რომ საქართველომ დაარტყა სამხრეთ ოსეთს“.

„ჩემი შეფასება პუტინსა და მის პოლიტიკაზე არ ემთხვევა თქვენს შეფასებას. რაც შეეხება საქართველოს, მე ვიცნობ ხალხს, ვინც პირდაპირ იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში 2008 წლის ომამდე. ეს ყველაფერი სააკაშვილთან დაკავშირებით ძალიან ჰგავს იმ სქემას, რაც გამოყენებული იყო უკრაინასთან მიმართებით. ხალხი, რომელთაც საკუთარ თავზე მეტად ვენდობი, მრავალი წელია, ვიცნობ და იყო გადაწყვეტილების მიღების ცენტრში, ნათლად ამბობს, რომ სააკაშვილი მოატყუეს, მისი პროვოცირება მოახდინეს და აიძულეს, ჯარები სამხრეთ ოსეთში შეეყვანა. შეკითხვაზე, ვინ მოატყუა, ზოგიერთი ამბობს, რომ ეს რუსეთმა გააკეთა. ამ ხალხს კი სხვა მოსაზრება აქვს, რომ არა იმდენად რუსეთიდან, არამედ უკრაინულის მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით. მანიპულირებულმა მონაცემებმა, შეფასებებმა განაპირობა, რომ საქართველომ დაარტყა სამხრეთ ოსეთს. ამ პროვოკაციაში არამხოლოდ რუსეთის პასუხისმგებლობაა. იყო თუ არა რუსული ჯარები მზად გვირაბთან ომის დასაწყებად, ეს სერიოზული შეკითხვაა. იქ ტყუილის ელემენტები იყო, ისევე, როგორც ახლა არის კორეელების თაობაზე ორივე მხრიდან, სააკაშვილმა კი თავს უფლება მისცა, ამაზე წამოგებულიყო, ამაში თითქმის დარწმუნებული ვარ. ვისთვის, როგორ და რა პროპორციით გამოვიდა, ამაზე დავა დიდხანს შეიძლება, თუმცა ეს იყო კლასიკური პროვოკაცია, ვერძის საბრძოლველად გაყვანა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი: სასარგებლო იქნება პირადი მიზნების შესრულებაზე ფოკუსირება, რაც კარიერულ წინსვლასაც მოიტანს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას.

კურო: ფინანსურ შესაძლებლობებს გადახედვა სჭირდება, ურთიერთობები კი გულწრფელობასა და კომუნიკაციას ითხოვს. შემოქმედებითი საქმიანობა სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ტყუპები: ემოციური მდგომარეობა და ბიუჯეტზე ყურადღება აუცილებელია. თავი შეიკავეთ გადატვირთვისგან.

კირჩხიბი: სამუშაოს წნეხი შეიძლება სტრესის წყარო იყოს. სოციალიზაცია და ახალი კონტაქტები სასარგებლო იქნება, ხოლო ჯანმრთელობა და ოჯახი განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

ლომი: დღევანდელი ენერგია ხელს უწყობს ლიდერობის პოზიციას. პატივი მიაგეთ ახლობლების საჭიროებებს და შეინარჩუნეთ ემპათია.

ქალწული: დაგეგმილობისა და მოქნილობის დღეა, განსაკუთრებით თუ მოულოდნელ მოვლენებს შეხვდებით. სასურველია ჯანმრთელობაზე ფოკუსირება და პირადი ურთიერთობებში პირდაპირი კომუნიკაცია.

სასწორი: დღე ჰარმონიულია, თუმცა, სოციალური შეკრებებისას ფრთხილად იყავით და დრო საკუთარი თავისთვისაც დაიტოვეთ.

მორიელი: ცვლილებების დროა, რაც კარიერასა და პირად პროექტებზე ზრუნვას მოიცავს. ფინანსების კონტროლი და სიახლეებისთვის გახსნილობა დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი: ინტელექტუალური სტიმულაცია და ფინანსური გაუმჯობესების შესაძლებლობები იზრდება. ურთიერთობები მხარდამჭერია, ასე რომ, გამოიჩინეთ მადლიერება.
თხის რქა: პროფესიულ ცხოვრებაში სტაბილურობისა და სიფრთხილის დღეა. მცირე რისკები შეიძლება მომგებიანი აღმოჩნდეს.

მერწყული: ინოვაციური იდეები კარგად გამოიყენება, განსაკუთრებით კარიერაში. ფინანსური ორგანიზება და ურთიერთობებში გულწრფელობა სასარგებლო იქნება.

თევზები: შემოქმედებითი და ინტუიციური ენერგია ხელს შეუწყობს პროფესიულ განვითარებას. ფინანსებზე სიფრთხილეა საჭირო, ასევე, დრო მშვიდი დასვენებისთვისაც გაითვალისწინეთ.