Home Blog Page 2388

“შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს”- საელჩო

შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერ, პროფესიონალ მოსამართლეებს, რომლებიც მუდმივად მზად არიან, დაიცვან და აღასრულონ კანონი ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც საელჩოში აცხადებენ, „აშშ-ის საელჩო ხელს უწყობს მოსამართლეებს, გაეცნონ საერთაშორისო გამოცდილებას და უზრუნველყონ ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვა სასამართლო დარბაზებში“.

„ეს ყველაფერი კი უფრო დემოკრატიული და თანასწორი საზოგადოების განვითარების წინაპირობაა. USAID-თან პარტნიორობით, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის 10 ქართველი მოსამართლე საქმიანი ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა. ვიზიტი მიზნად ისახავდა გამოხატვის თავისუფლების ირგვლივ გამოცდილების გაზიარებას. მოსამართლეები დაესწრნენ სასამართლო სხდომებს და შეხვდნენ აშშ-ის სასამართლო ექსპერტებს. ასევე ესტუმრნენ სიტყვის თავისუფლების ინსტიტუტს და ჟურნალისტთა კომიტეტს პრესის თავისუფლებისთვის, რათა მიეღოთ ინფორმაცია გამოხატვის თავისუფლების დაცვისა და იმ გამოწვევების შესახებ, რასაც ჟურნალისტები აწყდებიან. მედიასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების განხილვის მიზნით მოსამართლეები ასევე შეხვდნენ „New York Times”-ის წარმომადგენლებს. მათ, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ, დაკვირვებოდნენ დავის განხილვას აშშ-ის ფედერალურ სააპელაციო სასამართლოში და მიეღოთ ღირებული ინფორმაცია სააპელაციო პროცესების შესახებ.

სასწავლო ვიზიტისთვის მოსამართლეების შერჩევა საკმაოდ კონკურენტული იყო. ღია კონკურსში მონაწილეობა სამოცმა კანდიდატმა მიიღო. შერჩეული მოსამართლეები საქართველოს შვიდ სხვადასხვა სასამართლოს წარმოადგენენ. გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას და დემოკრატიის საყრდენს ყველგან. ის ხელს უწყობს ინოვაციას, განათლებას, საზოგადოების ინფორმირებულობას და უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს ადამიანის უფლებების დაცვაში. გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ხშირად, სწორედ სასამართლოს საშუალებით ხორციელდება. შეერთებული შტატები მხარს უჭერს მოსამართლეებს და სამართლის სფეროს სხვა პროფესიონალებს, მიიღონ დასაბუთებული და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ზეწოლისა და გარე გავლენისგან“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“წარმოუდგენელი ფენომენია-თუ ოდესმე დიდი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყავი ,როგორ შეიძლება მისი სრული ანტიპოდი მოგწონდეს!!”-სანდრო ბრეგაძე

ყველაზე მეტად 80-იანი წლების ბოლოს დაწყებული ეროვნული მოძრაობიდან ის ჩემი მეგობრები ,თანამებრძოლები მაოცებს და მაკვირვებს – დღეს ” მიშისტები “ რომ არიან და ოდესღაც ზვიადის მომხრეები იყვნენ ‼️

წარმოუდგენელი ფენომენია – თუ ოდესმე დიდი ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი იყავი ,როგორ შეიძლება მისი სრული ანტიპოდი მოგწონდეს ‼️

რამე , თუნდაც ერთი მცირე ნიუანსი ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ მათ საერთო ⁉️

ზვიადი ხომ დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა , სააკაშვილი კი თანამდებობის გულისთვის დინებას მიყვებოდა და ჭაობში ცხოვრობდა ‼️
ზვიადი სკოლის ასაკიდან სისტემას – ბოროტების იმპერიას დაუპირისპირდა, კარიერა უარყო, ციხე და გადასახლება არჩია უზრუნველ ცხოვრებას – მიშა თავიდანვე კარიერისტი, კონფორმისტი, კომკავშირელი, საბჭოთა კგბ-ს ჯარისკაცი, შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდა ლიდერი გახლდათ ‼️

ზვიადი მორალური , ზნეობრივი , ოჯახის ერთგული კაცი იყო – მიშა … …. აღარ გავაგრძელებ , ისედაც ყველამ კარგად იცით მისი გარყვნილების ამბავი ‼️

ზვიადი მორწმუნე , მართლმადიდებელი , ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო , ეკლესიებს აშენებდა , რწმენას განამტკიცებდა – მიშა ათეისტი , მართლმადიდებლობის – ქრისტიანობის მტერი , ეკლესიების დამანგრეველი ‼️

ზვიადი მეცნიერულ დონეზე იკვლევდა ქართულ ლიტერატურას , ისტორიას , ფილოსოფიას , განსაკუთრებით ვეფხისტყაოსნის გამოკვლევაა აღსანიშნავი – მიშამ ვეფხისტყაოსნიდან ერთი სტროფის წარმოთქმა დააპირა და ისიც შეეშალა, საქართველოს ისტორიის აზრზე არ იყო , ქართულ ლიტერატურას საერთოდ არ იცნობდა ‼️

ზვიადმა რელიგია , რელიგიის ისტორია , რელიგიის ფილოსოფია უმაღლეს მეცნიერულ დონემდე იცოდა – მიშა პირჯვარს ვერ იწერდა , ბიბლიისა და სახარების ცოდნაზე რომ არაფერი ვთქვათ ‼️

ზვიადი უკიდურესად ჰუმანური ადამიანი იყო ( გვახსოვს მისი სიტყვები-ისინი ტყვიას გვესვრიან-ჩვენ ყვავილები ვესროლოთ ) – მიშა დაუნდობელი , სადისტი , შეუბრალებელი ( ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეში ) ‼️

ზვიადმა კორუფცია არც კი იცოდა რა იყო , ხელფასსაც კი უპატრონო ბავშვთა სახლს ურიცხავდა , როდესაც პუტჩის შემდეგ სომხეთში მოუწია იძულებით წასვლა,პრეზიდენტ კაცს ფული არ აღმოაჩნდა რომ მასთან მყოფი ხალხისთვის საჭმელი ეყიდა – მიშა მილიონერი გახდა, ყველა დიდი ბიზნესიდან წილს იღებდა , ცოლები – შვილები ააშენა და დაასახლა, დედამისი თუ ბიძამისი დღესაც მილიონებში ცურავენ ‼️
ზვიადი შეგნებულად წავიდა თვითშეწირვის აქტზე , საქართველოში დაბრუნდა , ომში- სამეგრელოს ტყეში მოკლეს ბრძოლის ველზე , არც კი უფიქრია ალყაშემორტყმულს შევარდნაძისთვის შეწყალება ეთხოვა – მიშა “ სმეტანის” ბანკებში ჩაიმალა,როდესაც დააპატიმრეს მოთქმა დაიწყო, ხან სალომე ზურაბიშვილს ეხვეწება შემიწყალეო და ხან ხელისუფლებას ‼️

ზვიადი პატიოსნება და სინათლე იყო – მიშა ავაზაკობა და სიბნელე ‼️

ზვიადის გზა უფლის გზაა , გარდაუვალი აღდგომის გზაა – მიშას გზა ბარაბას გზაა , წარწყმედის გზაა ‼️

ამიტომაც იყო რომ მისი დამხობის შემდეგაც კი ათასობით უიარაღო ადამიანი გამოდიოდა დემონსტრაციებზე, ტყვიას არ უშინდებოდა და თავს სწირავდა კანონიერი პრეზიდენტისთვის – მიშა , მისი ოჯახი , გარემოცვა უამრავ ფულს ხარჯავს, ლობისტებს ქირაობს, თანხებს უხდის მის და ავტობუსებს ქირაობს მომხრეებს , მაგრამ 1000 კაცს ვერ აგროვებს მის მხარდასაჭერად ‼️

ერთადერთი საერთო ზვიადს და მიშას ის აქვთ , რომ ორივემ კარგად იცოდა ინგლისური ენა – ამის მეტი არაფერი , საერთოდ არაფერი ‼️
გიყვარდეს ზვიადი და მხარს უჭერდე მიშას , იგივეა გყვარებოდა ილია და მხარი დაგეჭირა ფილიპე მახარაძისთვის ‼️

ამიტომ მიკვირს ამ ხალხის , ამიტომ ვერ გამიგია მათთვის – ეტყობა რაღაც სერიოზულ, ამოუხსნელ ფენომენთან, ოკულტიზმთან, სექტანტობასთან გვაქვს საქმე ‼️

გიყვარდეს მიშა და გიყვარდეს მისი გამზრდელი შევარდნაძე – აი ეს კი ლოგიკურია ‼️

ერთს გთხოვთ – “ ზვიადის სული მიშაში გადასახლდაო “ ასეთ სულელურ-მარაზმს მაინც ნუღარ გაიმეორებთ , ამით ხომ უდიდეს შეურაცხყოფას აყენებთ ზვიად გამსახურდიას ნათელ სახელს ‼️

უფალმა გაგინათოთ გონება და ღმერთმა გიშველოთ ‼️‼️‼️”- წერს სანდრო ბრეგაძე.

დიდი ოთხშაბათი იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა

დღეს იუდა დაუტეობს მოძღვარსა სახიერსა, და მიითვალავს ეშმაკსა, დაბრმდების ვნებითა მით ვეცხლის მოყვარებისათა, და განვარდების, ნათლისაგან დაბნელებული, და ვითარმცა ეძლო ხილვად, რომელმან მნათობი უსასყიდლო განჰყიდა ზაკვით ოცდაათ ვეცხლად, არამედ ჩვენ გამოგვიბრწყინდა, რომელმან ყოვლისა სოფლისათვის ივნო, მისა მიმართ ჴმა-ვჰყოთ, რომელი ჯუარს-ეცუ მოწყალეო, კაცთ-მოყვარეო უფალო, დიდება შენდა.

რომელმანმე საქმემან გყო შენ იუდა განმცემელ მაცხოვრისა ყოველთასა, ნუ უკვე კრებულისა მის მოწაფეთასა განგყო, ანუ ნუ უკვე სერობასა ტაბლისა მისგან განგაყენა, ანუ სხვათ ფერჴნი დაჰბანნა და შენ უგულებელს-გყო; ჵ რაოდენთა კეთილთა დამვიწყებელ იქმენ, ამისთვის შენი უმადლო გონება განაქიქა, ხოლო მისი იგი საღმრთო აურაცხელი მოწყალება და სულგრძელება განითქვა ცისკიდეთა.

იუდას ცოდვა

იუდას ცოდვა იმდენად შემზარავია, რომ თვით მახარებლებიც კი ერიდებიან ამ თემის გააზრებას და ძალიან მოკლედ მოგვითხრობენ ამ ამბავს.

უფალი საქმით თუ სიტყვით ყოველდღე ახსენებდა იუდას, რომ გამყიდველი ვერ დაემალებოდა მას. ყველას თანდასწრებით არ ამხელდა, რათა უფრო უსირცხვილო არ გამხდარიყო, და არც დუმდა, რათა ისკარიოტელს არ ჰგონებოდა, რომ მისი განზრახვა დაფარული იყო უფლისაგან, მაგრამ ძალდატანებით არ მიიზიდა თავისკენ, რადგან ღმერთმა ჩვენ თავისუფალი არჩევანის მქონე არსებებად შეგვქმნა. ჩვენზეა დამოკიდებული, რას ავირჩევთ – კეთილს თუ ბოროტს. უფალს სურს, ადამიანი თავისივე ნებით იყოს კეთილი, რადგან იძულებით სიკეთე სიკეთე არ არის. ამრიგად, იუდას შეეძლო, არ დამორჩილებოდა ვერცხლისმოყვარეობას. და თუკი მან თვითონვე არ ისურვა ცოდვისაგან განკურნება, ეს ექიმის ბრალი კი არ არის, არამედ მკურნალობის უარმყოფელისა.

როგორ მოხვდა იუდა ისკარიოტელ მაცხოვრის მოწაფეთა შორის?

მაცხოვრის ათორმეტ მოწაფეთა შორის სრულყოფილი არცერთი არ ყოფილა. ისევე, როგორც მთელი ებრაელი ხალხი, ისინიც მოელოდნენ მესიას, ოღონდ ის წარმოედგინათ ხელმწიფედ, რომელიც მათ რომაელებისაგან გაათავისუფლებდა და მთელ მსოფლიოზე გააბატონებდა. ხომ გახსოვთ, რა სთხოვა იოანე და იაკობ ზებედეს ძეთა დედამ მაცხოვარს: როდესაც გამეფდები, ჩემი შვილები მარჯვნივ და მარცხნივ დაიყენეო. ასევე წარმოედგინა იესოს მოღვაწეობის დასასრული იუდა ისკარიოტელს.

ჯვარცმამდე ერთი კვირით ადრე იესოს მემრუშე ქალი ეახლა, თაყვანი სცა და თავისი გულშემუსვრილების ნიშნად ფეხებზე 300 დრაჰკანის ღირებულების ნელსაცხებელი დაასხა. იმხანად ეს საკმაოდ დიდი თანხა იყო, უფრო მეტი, ვიდრე 5000 ადამიანის დასაპურებლად იქნებოდა საჭირო. მაშინ მხოლოდ იუდა კი არა, სხვა მოციქულებიც დრტვინავდნენ: განა არ აჯობებდა, ეს ფული მშიერ-მწყურავალთათვის დაგვერიგებინაო?! სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა ისკარიოტელმა, მაცხოვარი გაეცა.

მოციქულებმა სრულყოფილი ცოდნა მაცხოვრის შესახებ სულიწმიდის მოფენის შედეგად მიიღეს, მაგრამ მანამდე, იესოს გვერდით ყოფნისას, თავიანთი ნაკლოვანებანი დაძლიეს და ნელ-ნელა გაიზარდნენ, იუდამ კი ეს ვერ მოახერხა, თუმცა მაცხოვარი მისდამიც ისეთივე მზრუნველობას იჩენდა, როგორსაც სხვების მიმართ. უფრო მეტიც – როცა იუდას ვერცხლისმოყვარეობის ვნება შეამჩნია, მას ჩააბარა მოციქულების საერთო ყულაბა და ნება მისცა, საკუთარი შეხედულებებისამებრ ეხარჯა ფული – თავის თავს ხომ ვეღარ მოჰპარავდა; მაგრამ იუდას სულში არაფერი შეცვლილა. იგი ხედავდა, როგორ იმსხვრეოდა მისი ოცნება. მაცხოვარი არ აპირებდა ებრაელთა მეფე გამხდარიყო. საკუთარი ქოხიც კი არ ჰქონდა, თავი რომ მიედრიკა. ჩვენ ვიცით, რომ იესოს მეუფება არ იყო ამქვეყნიური, მაგრამ იუდას ეს არ ესმოდა. ის მხოლოდ იმის გამო წუხდა, რომ მისი ერთგულება და იესოს თავგამოდებული მიმდევრობა ამაო აღმოჩნდებოდა, არ მოუტანდა არც სიმდიდრეს, არც პატივს და იგი სიღარიბესა და დევნილობაში დალევდა სულს.

არავინ იცის, რა გრძნობები ბობოქრობდა მაშინ იუდას სულში. ალბათ, უფრო ბოღმა, პატივმოყვარეობა, მომხვეჭელობა, უმადურება, მრისხანება… შეეძლო, ასეც ემართლებინა თავი: ეგებ მის საქციელს ხელი შეეწყო მესიის სამეფოს გამოცხადებისათვის? ბოლოს და ბოლოს, იესოს ხომ ხელეწიფებოდა, სასწაულებრივად გადაერჩინა თავი? თუ არადა, ის ხომ ყოველთვის ამბობდა, რომ უნდა მომკვდარიყო? მაშ, თუკი იესოს სიკვდილი გარდაუვალი იყო, რატომ არ შეიძლებოდა, იუდას ცოტათი მაინც ეხეირა ამით? ანდა რატომ არ უნდა ყოფილიყო საქებარი მისი საქციელი, როცა მღვდელმთავრებიც რთავდნენ ამის ნებას?

ნუ დაგვავიწყდება, რომ საიდუმლო სერობის დროს იუდას უკვე ჩადენილი ჰქონდა ღალატის აქტი. იესომ სხვა მოციქულების მსგავსად მასაც დაბანა ფეხები, მაგრამ არც ამ დროს გაიღვიძა მისმა სინდისმა. ამიტომაც იუდას საქციელს არავითარი გამართლება არ აქვს – ის ბოლომდე თავის უკეთურებაში დარჩა.

„ხოლო იუდამ წაიყვანა რომაელთა რაზმი და მღვდელმთავართა და ფარისეველთაგან გამოგზავნილი მსახურნი, – მოგვითხრობს იოანე მახარებელი, – და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით. იესო, რომელმაც იცოდა, რაც მოელოდა, გამოვიდა და უთხრა: ვის ეძებთ?

მიუგეს მას: იესო ნაზარეველს.

უთხრა მათ: მე ვარ…

როდესაც უთხრა მე ვარო, დაიხიეს უკან და მიწაზე დაემხნენ“ (იოანე 17, 3-6).

იესოს მართლაც შეეძლო, თავი დაეხსნა, რადგან მის წინაშე ჯალათებიც კი მიწაზე ემხობოდნენ, მაგრამ მაინც ჩაბარდა მათ. ამგვარად, მისი ჯვარცმის ტვირთი ნებაყოფლობითი აქტი იყო, კაცობრიობის გამოსახსნელად გაწეული.

ამიტომაც უნდა შევწუხდეთ არა გაყიდული იესოს, არამედ იუდა ისკარიოტელის გამო, რადგან გაცემულმა მსოფლიო გამოიხსნა, ხოლო გამყიდველმა საკუთარი სულიც დაღუპა; გაცემული ცათა შინა მამის მარჯვნივ ზის, გამყიდველი კი ჯოჯოხეთშია.

წყარო

TEDxTbilisi-ის მე-10 საიუბილეო ღონისძიება თიბისის მხარდაჭერით გაიმართება

TEDxTbilisi ბრუნდება! ინტელექტუალური ფორუმის მეათე საიუბილეო ღონისძიება, თიბისის მხარდაჭერით,  22 აპრილს ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში გაიმართება.

ღონისძიების მთავარი თემა “გარდამტეხი მომენტებია”, ამ თემის ირგვლივ სასაუბროდ საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი თუ უცნობი ადამიანები 22 აპრილს TEDxTbilsi-ის სცენაზე გაერთიანდებიან და საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე მოგვიყვებიან.

TEDxTbilsi 2023-ის მომხსენებლები იქნებიან: ირაკლი კაკაბაძე, მედეა ტაბატაძე, გიორგი ქვლივიძე, ნინი გოგიჩაიშვილი, რევაზ ღოღობერიძე, ეკატერინე ბერიშვილი-ბერნი და დავით ბირმანი.

TEDxTbilsi მოხალისეობრივ ფილოსოფიაზე დაფუძნებული კონცეფციაა, მის ორგანიზებაში მთავარი წვლილი პარტნიორებს მიუძღვით. მე-10 საიუბილეო ღონისძიების გენერალური პარტნიორია თიბისი. ეს TEDxTbilisi-ის და თიბისის პირველი თანამშრომლობაა.

TED-ი იდეებისა და შთაგონების გავრცელების პლატფორმაა. თიბისისთვის ერთ-ერთი ღირებულება სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ადამიანების გამოცდილების და შთაბეჭდილებების ფართო საზოგადოებისათვის გაზიარებაა. სწორედ ამ მიზნით ვუერთდებით ღონისძიებას და დარწმუნებულები ვართ, რომ ბევრ საინტერესო გამომსვლელს და იდეას გავაცნობთ სტუმრებს – ამბობს თიბისის  სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი ანა ვერულაშვილი.

 

TEDxTbilisi არაკომერციული, თვითორგანიზებული ღონისძიებაა, რომელიც 2012 წლიდან TED-ის ლიცენზიის ქვეშ არსებობს და TED-ის ოჯახის ნაწილია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მილიარდობით ადამიანს აერთიანებს. ყოველ წელს TEDxTbilisi 500-ზე მეტ სტუმარს მასპინძლობს და მათ საშუალებას აძლევს მოისმინონ ინოვაციური და საინტერესო იდეები.

 

ღონისძიების დეტალებს TEDxTbilisi-ის ოფიციალურ Facebook-სა და ვებგვერდზე ნახავთ ბმულზე.

ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე  tkt.ge/tedxtbilisi2023

12 აპრილის ამინდის პროგნოზი

12 აპრილს ქუთაისში +21 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც იწვიმებს. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. იწვიმებს. +18 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმს. დღისით +15 გრადუსია, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმს, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს.

წვიმას ვარაუდობენ ბორჯომში, სადაც დღისით +21 ღამის ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით წვიმა და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში, დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +8 გრადუსი და თოვლია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსი იქნება. თოვლია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +8, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. თელავში დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია წვიმა.

გურჯაანშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +23 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია წვიმა.

“რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამოიყენოს „ვაგნერის“ ჯგუფი ბახმუტის დასაკავებლად” – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 413-ე დღე

უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 180 050 ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 730 – ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 3 646 ტანკს, 7 043 ჯავშანტექნიკას, 2 770 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 307 საბრძოლო თვითმფრინავს და 293 ვერტმფრენს, 5 630 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 2 334 უპილოტო საფრენ აპარატს, 319 ერთეულ სპეცტექნიკას და 911 ფრთოსან რაკეტას.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამოიყენოს „ვაგნერის“ PKV მებრძოლები ბახმუტის დასაკავებლად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს არმიის დანაკარგები. ამის შესახებ RBC-Ukraine ISW-ის ანგარიშზე დაყრდნობით იუწყება.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ „ვაგნერის“ PMK-ის მებრძოლები შეადგენენ იმ ძალების ძირითად ნაწილს, რომლებიც ცდილობენ დონეცკის ოლქში ბახმუტის აღებას.

ანალიტიკოსების ცნობით, რუსული ძალები, სავარაუდოდ, მხოლოდ ფლანგების შესანარჩუნებლად გამოიყენება და არა რაიმე მნიშვნელოვანი შეტევითი მოქმედებისთვის.

„ამრიგად, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს გამოიყენოს „ვაგნერის“ ჯგუფი ბახმუტის დასაკავებლად, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს დანაკარგები პერსონალის არმიაში“, – აცხადებენ ანალიტიკოსები.

ეს ადასტურებს ISW ექსპერტების წინა შეფასებებს, რომ რუსული არმია ცდილობს გამოიყენოს „ვაგნერის“ მებრძოლები ბახმუტის დასაკავებლად, შემდეგ კი ისინი განდევნონ და გამარჯვებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციამ აიღოს.

“პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის შესახებ გამოძიება გაგრძელდება იქამდე, სანამ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება არ გაარკვევს, ვინ გაასაჯაროვა ისინი,”– „ამერიკის ხმის“ ცნობით, ამის შესახებ განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა გააკეთა.

„ჩვენ გავაგრძელებთ გამოძიებას და გადავატრიალებთ ყველა ქვას, სანამ არ ვიპოვით წყაროს და გაჟონვის მასშტაბებს“,- განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

პენტაგონის ხელმძღვანელი პირველი ამერიკელი მაღალჩინოსანია, რომელმაც დოკუმენტების გაჟონვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

მისივე განმარტებით, პენტაგონმა იცის, რომ დოკუმენტების გამოქვეყნება მოხდა 28 თებერვალსა და 1-ელ მარტს, თუმცა არაფრის თქმა არ შეუძლია იმასთან დაკავშირებით, სხვა დოკუმენტები გამოქვეყნდა თუ არა უფრო ადრე.

„ეს ის არის რასაც გავარკვევთ გამოძიების გაგრძელებით“, – განაცხადა ლოიდ ოსტინმა.

ცნობისთვის, პენტაგონის ერთ-ერთი გაჟონილი საიდუმლო დოკუმენტის თანახმად, უკრაინაში დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის სპეცრაზმი იმყოფება. 23 მარტს დათარიღებული დოკუმენტის მიხედვით, დიდ ბრიტანეთს უკრაინაში სპეცრაზმის ყველაზე დიდი, 50-კაციანი კონტინგენტი ჰყავს, შემდეგ მოდის ლატვია (17), საფრანგეთი (15), აშშ (14) და ნიდერლანდები (1). დოკუმენტში არ არის აღნიშნული, სად არიან განლაგებული ძალები და რას აკეთებენ ისინი.

BBC კეზერაშვილის თაღლითურ სქემას ამხელს

„მილიარდიანი თაღლითები, რომლებიც მთელ დანაზოგს მოგპარავენ“ – ამ სათაურით BBC დავით კეზერაშვილის შესახებ საგამოძიებო სიუჟეტს აქვეყნებს. საერთაშორისო მედიამ ჯგუფ მილტონის კომპანიებთან კეზერაშვილის კავშირები დაადგინა.

BBC-ის ცნობით, კიბერთაღლითების გლობალურმა ქსელმა ინვესტორები გაძარცვა, ზარალი კი მილიარდ დოლარს აღწევს.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, თავდაპირველად თაღლითები ტელეფონით უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს და შემოსავლების იოლად მიღების გზებს სთავაზობდნენ, საბოლოო ჯამში კი, მათ საკრედიტო ბარათების მონაცემებს ართმევედნენ და ძარცვავდნენ. BBC-ის ცნობით, თაღლითურ სქემაში ფიგურირებს 125 კომპანია, მათ შორის საქართველოში მოქმედი კრიპტოვალუტით მოვაჭრე ფირმა „სოლო ქეფითალსი“.

როგორც BBC წერს, თაღლითების საერთაშორისო ქსელის გაშიფვრაზე ჟურნალისტები ერთი წელი მუშაობდნენ. მათივე ინფორმაციით, ეს ქსელი პოლიციისთვის ცნობილია „მილტონის ჯგუფის“ სახელწოდებით. ნოემბერში BBC-ის გადამღები ჯგუფი თან ახლდა გერმანელ და ქართველ სამართალდამცველებს, რომლებმაც თბილისში სატელეფონო ცენტრებში ჩხრეკა ჩაატარეს.

ტელეკომპანიის ცნობით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ „მილტონის ჯგუფთან“ და მასთან დაკავშირებულ კომპანიებთან ყველაზე ხშირად ხუთი ადამიანის სახელი ჩნდება. ესენია, დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი.

BBC-მ აღნიშნული გვარები ე.წ. პანამის დოკუმენტებში გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ მათგან გოგეშვილი, მგელაძე და მაიკლ ​ბენიმინი ოფშორულ კომპანიებში დირექტორებად ან მაღალი თანამდებობის პირებად მუშაობენ. ამასთან, BBC წერს, რომ ყველა ეს კომპანია დაკავშირებულია საქართველოს მთავრობის ყოფილ მაღალჩინოსან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან.

BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი დაუსწრებლად არის გასამართლებული ბიუჯეტიდან 5 მილიონი დოლარის გახარჯვაში. სასამართლო ვერდიქტის გამოქვეყნების დროს, კეზერაშვილი ლონდონში ცხოვრობდა და დიდმა ბრიტანეთმა მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

BBC-ის გამოძიების ცნობით, საჯაროდ არ მოიპოვება დოკუმენტები, რომლებიც კეზერაშვილისა და ოფშორული კომპანიების ქსელთან კავშირს დაადასტურებდა, თუმცა გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, ე.წ. პანამის დოკუმენტებში მისი სახელი ფიგურირებს როგორც ზოგიერთი კომპანიის დამფუძნებელი ან აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი. BBC ვარაუდობს, რომ კეზერაშვილი ამ ქსელის ხელმძღვანელია.

ამასთან, BBC ესაუბრა „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიების რამდენიმე ყოფილ თანამშრომელს და მათ დაადასტურეს, რომ პირადად ჰქონდათ საქმე კეზერაშვილთან და იცოდნენ, რომ ის ამ სქემაშია ჩართული. BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი სხვადასხვა სოციალურ ქსელში და მათ შორის „ლინკედინში“ საკუთარ გვერდზე ხშირად ავრცელებდა ინფორმაციას „მილტონის ჯგუფში“ შემავალი კომპანიებსა და იქ არსებული ვაკანსიების შესახებ.

BBC-მ ასევე მოიპოვა მტკიცებულება, რომ კეზერაშვილის მფლობელობაში არსებული კომპანიები იყენებდნენ ელექტრონული ფოსტის იმ კერძო სერვერს, რომელთან წვდომაც მხოლოდ თაღლითობაში ჩართულ „,მილტონის ჯგუფის“ კომპანიებს ჰქონდათ. ასევე, BBC-ის ინფორმაციით, კეზერაშვილის ვენჩერული კაპიტალის კომპანია „ინფინითი“ ფლობდა ვებდომეინებს კომპანიებისთვის, რომლებიც სავაჭრო პლატფორმებს სთავაზობდნენ თაღლითებს.

BBC-ის ცნობით, კეზერაშვილი ფლობს კიევში საოფისე შენობას, რომელშიც განთავსებული იყო თაღლითური ქოლცენტრი „ევერ ეფიქსი“ და ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც პროგრამულ უზრუნველყოფას სთავაზობდნენ იმ ფირმებს, რომელთა ოფისებიც ნოემბერში პოლიციამ გაჩხრიკა. ის ასევე ფლობს ანალოგიურ ოფისებს თბილისშიც.

BBC-მ ასევე გადაამოწმა, იმ ოთხ პირის სოციალური ქსელები, რომლებიც გამოძიებაში ფიგურირებენ. ამ ქსელებში განთავსებული სხვადასხვა წვეულებისა თუ ქორწილების ფოტოებიდან ირკვევა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართულ ოთხივე პირს ახლო კავშირი აქვს კეზერაშვილთან. კეზერაშვილს „ფეისბუქზე“ 45 საერთო მეგობარი ჰყავს „მილტონის ჯგუფთან“ დაკავშირებულ პირებთან და BBC-მ დაადგინა, რომ თაღლითურ სქემაში ჩართული ერთ-ერთი პირი არის კეზერაშვილის ნათესავი.

BBC წერს, რომ კეზერაშვილისგან კომენტარის მიღების მიზნით, BBC-ის ჟურნალისტები მივიდნენ ლონდონში მდებარე მის სახლში, რომლის ღირებულებაც 18 მილიონი გირვანქა სტერლინგია. მან ადვოკატის საშუალებით უარყო თაღლითურ სქემასთან კავშირები.

ამასთან, მან თქვა, რომ კიევში მდებარე კომპანია „ევერ ეფიქსი“ მისი ცნობით, კანონიერ ბიზნესს აწარმოებს. მისმა ადვოკატმა BBC-ს უთხრა, რომ ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაცია მისი თაღლითებთან კავშირის შესახებ ვერაფერს ამტკიცებს. თაღლითობაში მონაწილეობას „ბიბისისთან“ ინტერვიუში უარყოფენ გამოძიებაში მოხსენიებული სხვა პირებიც.

წყარო: BBC

“სადაც მთავარი “ფასეულობა” მორჩილებაა, იქ სრულიად ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეები უნდა დაისაჯონ”-ზაზა შათირიშვილი 

მოვლენები, რომლებიც „კრედიტ სუისის“ წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის დავის გარშემო ვითარდება, კვლავაც გაოცებას იწვევს, – ამის შესახებ ფილოსოფოსი, ზაზა შათირიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“სისტემატურად ვიღებთ ახალ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ევროპაში გარე კოორდინაციას ემორჩილება როგორც საბანკო-საფინანსო სექტორი, ისე მედია და სასამართლო. სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ყველაფერი ერთი ხელიდან იმართება. აგენტოკრატიებად არის გადაქცეული როგორც ევროკავშირი, ისე მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოები. პრაქტიკულად, ერთადერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც სუვერენიტეტს ინარჩუნებს, უნგრეთია. სწორედ ამიტომაა, რომ უნგრეთის ხელისუფლება, რომელსაც სააკაშვილის ქართული აგენტოკრატიისგან განსხვავებით, არც ადამიანები უწამებია, არც ტელევიზიები მიუტაცებია და არც ბიზნესები დაუყაჩაღებია, ამერიკელ და ევროპელ ლიბერალებს ლამის სისხლიან დიქტატორად ჰყავთ გამოცხადებული.

„კრედიტ სუისის“ საქმეც ევროპაზე ამერიკის სრული ჰეგემონიის კიდევ ერთი მტკიცებულებაა. როგორც არაერთხელ ვთქვი, კომპანია „ბლექროკის“ ხელით, ამერიკელებმა „კრედიტ სუისი“ უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს, აქციების ფასი ასჯერ შეუმცირეს და ახლა, გაკოტრებულ ბანკს წინასწარ დალაგებული სქემით მიზერულ ფასში ყიდულობენ. ბანკის რეპუტაციის შელახვისა და გაკოტრებისთვის ამერიკელებმა ივანიშვილის საქმეც წარმატებით გამოიყენეს – ერთი მხრივ, ივანიშვილს პოლიტიკური მიზნებით აშანტაჟებდნენ, ხოლო, მეორე მხრივ, ბანკს ანგრევდნენ და აკოტრებდნენ, რითაც ორმაგი სარგებელი მიიღეს.

გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი ინფორმაცია ბრიტანულ სასამართლოში განხორციელებული მანიპულაციების შესახებ. ერთდღიანი ფორმალური სასამართლო პროცესი რამდენჯერმე რამდენიმე თვით გადადეს, ხოლო მას შემდეგ, რაც სასამართლო სხდომა როგორც იქნა შედგა და ბიძინა ივანიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებაც გამოცხადდა, მოსამართლე ერთგვერდიან გადაწყვეტილებას ადვოკატებს უკვე თითქმის ერთი თვეა არ გადასცემს, რითაც მის აღსრულებას ხელოვნურად აჭიანურებს.

ინგლისი პრეცედენტული სამართლის ქვეყანაა და შესაბამისად, დამოუკიდებელი სასამართლოს ტრადიციები ინგლისში ევროპის მასშტაბითაც კი გამორჩეული იყო. როდესაც ინგლისური სასამართლო ასეთ მდგომარეობამდე მიჰყავთ და მას უხეში მანიპულაციის ინსტრუმენტად აქცევენ, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, სხვა ევროპულ სასამართლოებში რა ვითარება იქნება შექმნილი.

ეს ყველაფერი კი, განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს იმ ფონზე, რომ ამერიკელებმა რამდენიმე დღის წინ ოთხი ქართველი მოსამართლე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაასანქცირეს. სადაც მთავარი „ფასეულობა“ მორჩილებაა, იქ სრულიად ბუნებრივია, რომ დამოუკიდებლობისთვის მოსამართლეები უნდა დაისაჯონ.

როგორც იქნა, საქართველოში „ქართული ოცნებაც“ და ხელისუფლების სამივე შტოც გონზე მოვიდნენ და ხმამაღლა თქვეს ის, რაც ზუსტად იცოდნენ მთელი ამ წლების მანძილზე. ამერიკელები ყველანაირად ცდილობენ, რადიკალური ოპოზიციისა და ენჯეოების, ანუ აგენტურის ხელით, სასამართლოზე ის გავლენა აღიდგინონ, რომელიც 2012 წლის შემდეგ სრულად დაკარგეს. სწორედ ამას ემსახურება ე.წ. რეფორმის ინიციატივები, ქართველ მოსამართლეებთან ელჩის რეგულარული შეხვედრები, მოსამართლეებისთვის შეთავაზებული ამერიკული ვიზიტები, ტრენინგები და სხვ. სინამდვილეში, ეს ყველაფერი არა სასამართლოს გაძლიერებას, არამედ მოსამართლეების ე.წ. „ვერბოვკას“ და ქართულ სასამართლო სისტემაში შეღწევას ემსახურება.

თუკი საქართველოში ვინმესთვის ამერიკული აგენტოკრატიის აღდგენა მისაღები ან თუნდაც, დასაშვებია, ვურჩევ, კარგად გადახედოს, რა მდგომარეობამდე მიჰყავს აგენტოკრატიას ჩვენზე ბევრად უფრო ხანგრძლივი ტრადიციების მქონე ქვეყნები: შვეიცარიას უნგრევენ და ართმევენ მისთვის ყველაზე საამაყო საბანკო სისტემას; ბრიტანეთს უნგრევენ მისთვის ყველაზე საამაყო სასამართლო სისტემას; ევროპაში ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ამერიკაში გადააქვთ გერმანელებისთვის ყველაზე საამაყო ავტოინდუსტრია, მათ შორის ისეთი კონცერნები, როგორიცაა მერსედესი და სხვ.; საფრანგეთში მოსახლეობამ ლამის გადაწვა ქალაქები უხეში საპენსიო რეფორმის ფონზე, რომელიც ევროპაში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისის ფონზე გატარდა (სხვათა შორის, ფრანგი მომიტინგეები რამდენიმე დღის წინ სწორედ „ბლექროკის“ პარიზის ოფისში შეიჭრნენ, სადაც ამერიკული კომპანიის მიერ ფრანგი პენსიონერების ხარჯზე დიდი ფულის შოვნას აპროტესტებდნენ). ეს ყველაფერი არის ამერიკული აგენტოკრატიის შედეგი, რომლისაც არცერთ შემთხვევაში არავის უნდა შეშურდეს.

ჩემი ღრმა რწმენით, ბიძინა ივანიშვილი ქართული საზოგადოებისთვის მისი ადვოკატის წერილებს შემთხვევით არ ასაჯაროებს. დარწმუნებული ვარ, მისი მიზანია, საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ რა პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რათა საზოგადოებამ საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეები წარმატებით აიცილოს თავიდან“, – წერს შათირიშვილი.

“აშშ-სგან მაკრონის “სტრატეგიულ ავტონომიას”, ბევრი ევროპელი ლიდერი ეთანხმება”

ევროპელი ლიდერები უფრო და უფრო მეტ თანადგომას უცხადებენ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სწრაფვას შეერთებული შტატებისგან „სტრატეგიული ავტონომიისკენ“, – გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

შარლ მიშელი საფრანგეთის ლიდერის მიერ 9 აპრილს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროპა არ უნდა იყოს ყველა საკითხზე აშშ-ის მიმდევარი, რადგან ეს, მისივე თქმით, ევროკავშირს სტრატეგიული ავტონომიის მიღწევაში შეუშლის ხელს.

„შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით, ცხადია, რომ ევროპული საბჭოს მაგიდის გარშემო შეიძლება იყოს ნიუანსები და სენსიტიური საკითხები. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი არ იტყოდა რაღაცას ისე, როგორც ემანუელ მაკრონმა თქვა. მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ ბევრი ფიქრობს ისე, როგორც ემანუელ მაკრონი.

ნამდვილად არის დიდი მიჯაჭვულობა – და ემანუელ მაკრონს სხვა არაფერი უთქვამს – შეერთებულ შტატებთან ალიანსის მიმართ. მაგრამ თუ ეს ალიანსი შეერთებულ შტატებთან გულისხმობს, რომ ჩვენ ბრმად, სისტემატურად მივყვებით შეერთებული შტატების პოზიციას ყველა საკითხზე, მაშინ არა“, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

,,პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ქვეყნის წინაშე”- გიორგი ვოლსკი რადიკალურ ოპოზიციაზე

პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ ქვეყნის წინაშე და ფაქტია, რომ მათი [რადიკალური ოპოზიციის] ნებისმიერი შეკრება, ურთიერთობები ახალგაზრდებთან სწორედაც რომ ორიენტირებულია აგრესიული აქციების გამართვის ორგანიზებისაკენ და აბსოლუტურად არაა აუცილებელი, რომ პირდაპირ ისაუბრო რევოლუციაზე, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა განაცხადა.

გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის უცენზურო შინაარსის ფეისბუქ-პოსტსაც.

„რაც შეეხება, გინებას, ამაზე რასაკვირველია შესაბამისი პასუხები არსებობს და მათ ზუსტად იციან ამ პასუხების შინაარსიც, ოდენობაც და მოცულობაც“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

„ქრონიკამ“ მიმდინარე წლის თებერვლის თვით დათარიღებული ვიდეო-კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც თელავში, სასტუმრო „ალაზნის ველში“ რადიკალების მიერ ორგანიზებულ ე.წ. ბანაკში შეხვედრას ესწრებოდა, „ქრონიკას“ უყვება, რომ ტრენინგზე ლიბერალიზმზე საუბრობდნენ, თუმცა, ლიბერალიზმის საფარქვეშ, ასევე აქტიურად საუბრობდნენ ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციასა და დესტრუქციაზე.

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

წარმატება გელით ნებისმიერ სფეროში. ამ დღეს საქმეს თუ დაიწყებთ დიდი ფინანსური სარგებლის მომტანი იქნება. კარგი დღეა ძველი პრობლემების მოსაგვარებლად. სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ იცვლება.

კურო

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღეა. რთული საქმის დასრულების საშუალება გეძლევათ. დროა იფიქროთ საკუთარ თავსა და ჯანმრთელობაზე.

ტყუპები

საინტერესო იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგეცემათ. ეცადეთ, ყურადღება მხოლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ. თავი შორს დაიჭირეთ შურიანი ადამიანებისგან.

კირჩხიბი

ექსპერიმენტებისთვის არახელსაყრელი დღეა. ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საქმეზე გადაიტანეთ და იმოქმედეთ! ეცადეთ, საყვარელ ადამიანებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ და მათი არც ერთი თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ.

ლომი

არ აჩქარდეთ. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებს. პირად ცხოვრებასა და ურთიერთობებში სრული იდილია და ჰარმონიაა.

ქალწული

ეს დღე, ცვლილებების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. იზრუნეთ საკუთარ და ოჯახის წევრთა ჯანმრთელობაზე – დროა, პროფილაქტიკური მკურნალობის დაწყება დაგეგმოთ.

სასწორი

დღეს ემოციურად გადაიღლებით. სტრესისგან საყიდლებზე სიარული გაგათავისუფლებთ. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისა და სპორტული ვარჯიშებისთვის მეტი დრო გამონახეთ.

მორიელი

თქვენთვის მნიშვნელოვანი პროექტი წარმატებით დასრულდება და საშუალება გექნებათ, საკუთარი შრომის შედეგი შეაფასოთ.

მშვილდოსანი

დღეს თამამი ნაბიჯები უნდა გადადგათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. დროა სამსახური შეიცვალოთ, მოსაწყენი ურთიერთობა დაასრულოთ და საინტერესო მოგზაურობაში გაემგზავროთ.

თხის რქა

დღეს იღბალი თქვენ მხარესაა. კარგი დღეა, გაჭიანურებული საქმეების დასასრულებლად. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლე გელით.

მერწყული

სერიოზული საკითხების გადაწყვეტილების წინ, სასურველია, რჩევა ჰკითხოთ კომპეტენტურ და გამოცდილ ადამიანს, არის ალბათობა, არასაკმარისი ინფორმაციის გამო, გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ, იყავით ფრთხილად.

თევზები

მოულოდნელი შემოსავლების, რომანტიკული შეხვედრის დღეა. შეგიძლიათ, გაბედულად დაგეგმოთ დიდი პროექტები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები.

საზოგადოებრივი შეკრება “მოვდივარ” 30 აპრილს გაიმართება – ზაზა პაპუაშვილი

ზაზა პაპუაშვილმა დაასახელა თარიღი, თუ როდის შეიკრიბებიან. ეს არის 2023 წლის 30 აპრილი, 18:00 საათი, რესპუბლიკის მოედანზე. ამის შესახებ მან 11 აპრილს, გადაცემა “უცნობის კიდობანში” სტუმრობისას განაცხადა.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი შეკრება სახელწოდებით “მოვდივარ” დაახლოებით 1 თვის წინ დაანონსდა და ამის შესახებ პირველად, სწორედ ზაზა პაპუაშვილმა ისაუბრა, თუმცა კონკრეტული თარიღი ცნობილი არ იყო.