Home Blog Page 2381

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

ონში, სტიქიის ზონაში მიმდინარე სამუშაოებისას, სავარაუდოდ, გულის შეტევით სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა. შესაბამის ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორის, 1973 წელს დაბადებული თემურ გენოს ძე ხარჩილავას გარდაცვალების გამო. 2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი “სორტას“ მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა.

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

 “აპოკალიფსი სულ უფრო ახლოსაა” – მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის გადაწყვეტილებას ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე რუსული ჯარის დისლოკაციის ადგილებზე დარტყმების განხორციელების შესახებ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს რუსეთის წინააღმდეგ ომში დასავლეთის თანამონაწილეობის იურიდიულად მნიშვნელოვან მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღნიშნულ განცხადებას მედვედევი Telegram-ზე აქვეყნებს.

„უკრაინამ განაცხადა, რომ შეათანხმა ნებისმიერი დარტყმის განხორციელება ყოველივე რუსულზე, მაგალითად ყირიმზე. თუ ეს სიმართლეა (და ამაში ეჭვიც არ გვაქვს), ეს სტეპან ბანდერას სახელმწიფოს მხარეს დასავლეთის თანამონაწილეობის პირდაპირი იურიდიულად მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა. რაფინირებული casus belli (ომის დაწყების ფორმალური მიზეზი), ხოლო რუსეთისთვის jus ad bellum (ომის გამოცხადება) ფარგლებში მოქმედების შესაძლებლობაა ყველას და თითოეულის წინააღმდეგ ნატოს ქვეყნებში“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, აპოკალიფსი სულ უფრო ახლოს არის.

“შარლ მიშელმა ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს”

ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს, თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. მისი განცხადებით, ეს გზავნილი დიდი იმედგაცრუებაა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროკავშირის წევრობას უკვე ათეული წლებია, ელიან.

„ევროპულ მედიაში არის ცხარე კამათი ბრიუსელის ფარისევლობაზე სხვადასხვა საკითხზე. ჩვენთვის კარგად ნაცნობმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დიდი ცივი წყალი გადაასხა ევროკავშირის ასპირანტ ქვეყნებს. თურმე ევროკავშირის გაფართოება 2030 წლისთვის გადაიწევს. ეს უდიდესი იმედგაცრუებაა იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი უკვე ათწლეულებია აქვთ და ამაოდ ელოდებიან რეალური ნაბიჯის გადადგმას. რა გამოდის? 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება 2030-მდე გადაიდო? საქართველოს არ ჰყავს ფლიდი ხელისუფლება. ყველა რჩევა რუდუნებით სრულდება. სამწუხარო მოცემულობაა, რომ გვყავს მოღალატე „ნაცოპოზიცია“, რომელიც ევროინტეგრაციას კი არა და სახელმწიფოს მტრობს ყველა შესაძლო ვითარებაში. „ნაცჭაობი“ დასაშრობია!” – წერს აბაშიძე.

“ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ” – უსუფაშვილი 

ხელისუფლება ჯიუტად, ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას, ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა და ა.შ. საქართველოს მიმართ დაიწყონ აღიარების პოლიტიკა, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა იმის შესახებ, რომ „რუსეთი ეცდება ჩინეთმა და ინდოეთმა საქართველოს ოკუპირებული რეგიონები აღიარონ“.

უსუფაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, მაშინ როცა სწორედ მათი დამსახურებაა არაღიარების პოლიტიკის წარმატება.

„საქართველოს ხელისუფლება ჯიუტად, სწორედ ჩინეთთან აპირებს სტრატეგიულ პარტნიორობას და ხელს აწერს დოკუმენტებს, რომ ჩინეთთან ერთად შეეწინააღმდეგება მსოფლიოში ამერიკული და ევროპული სტილის მმართველობის დამკვიდრებას, ასეთ ტრაგიკომიკურ სიტუაციაში ვართ, მაგრამ მინდა ყველა დავამშვიდო, რომ საქართველოს მეგობრები სწორედ ევროპა, აშშ და სხვა დემოკრატიული სახელმწიფოები არ დაუშვებენ, რომ ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, ვენესუელამ და ა.შ. დაიწყონ აღიარების პოლიტიკა საქართველოს მიმართ. დღემდე აღიარების პოლიტიკა რომ არის იქ, სადაც არის, ეს არის დემოკრატიული სამყაროს დამსახურება და არა რომელიმე ქართული ხელისუფლების დამსახურება,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ.

“საპარლამენტო ოპოზიციამ შოვთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას” – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საპარლამენტო ოპოზიციამ შოვში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია უნდა შექმნას. აღნიშნულის შესახებ დოლიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

დოლიძის თქმით, ამ საკითხში ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს.

„საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია მალე გაიხსნება. მისი მთავარი ამოცანაა, გადაწყვიტოს შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი. ეს ის საკითხია, რაზეც ოპოზიციას სრული პასუხისმგებლობა მართებს და ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის პრიორიტეტი. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტიები გაითვალისწინებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა, უსაფრთხოდ იცხოვრონ და შოვის ტრაგედიიდან გრძელვადიანი გაკვეთილები გამოიტანონ. პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ვისიც საჭიროა. ამ ყველაფერს სჭირდება საგამოძიებო კომისია. შესაბამისად, სექტემბერი სწორედ ის დროა, სადაც საპარლამენტო ოპოზიციამ ამისთვის უნდა იმოქმედოს“, – წერს ანა დოლიძე.

აღნიშნულ ინფორმაციას პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.

“საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება: ეს არის „ქართული ოცნება“ და ეს რუსეთის ხელისუფლების პოზიცია”

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ორი ბარიერი რჩება – ეს არის “ქართული ოცნების” ხელისუფლება, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სტატუსი არ მივიღოთ და ეს არის რუსეთის ხელისუფლების პოზიცია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განუცხადა.

კირკიტაძის შეფასებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებისა და რუსეთის პოზიციები საქართველოს ევროპული პერსპექტივის საკითხზე ერთმანეთს ემთხვევა.

“ჩვენი ქვეყნის მეგობარმა შარლ მიშელმა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, რითაც კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, რომ ევროპის გაფართოება შეუქცევადი პროცესია. ჩვენი ადგილი ნამდვილად არის ევროპაში.

იმდენად დიდი და მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის სწრაფვა ისტორიული ადგილის დაბრუნებისკენ, რომ ჩვენ ამ ბარიერს გადავლახავთ, სტატუსს ძალიან მალე მივიღებთ და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდებით”, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გაფართოება აღარ არის ოცნება და გაერთიანება 2030 წლისთვის ამისთვის მზად უნდა იყოს.

“ახლა როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, უკრაინის ხალხი გმირულად იცავს თავის ქვეყანას. კრემლი თავს ესხმის არა მხოლოდ თავისუფალ და სუვერენულ მეზობელს, არამედ ყველა იმ ღირებულებას, რომლისაც გვჯერა – თავისუფლებას, დემოკრატიას, კეთილდღეობასა და თანამშრომლობას. წინა წლის ივნისში ჩვენ მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას. იგივე ელის საქართველოსაც, თუ ის საჭირო ნაბიჯებს გადადგამს.

შესაბამისად, გაფართოება აღარ არის ოცნება. დროა, წინ წავიწიოთ”, – განაცხადა შარლ მიშელმა საერთაშორისო სტრატეგიულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც 28 აგვისტოს სლოვენიაში, ქალაქ ბლენდში გაიმართა.

რაჭაში ორ დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ

შოვში ორ დაკარგულს ისევ ეძებენ. სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ბოლო მონაცემებით, ნაპოვნია 31 დაღუპულის ცხედარი, მათგან 29 იდენტიფიცირებულია. ორი გარდაცვლილის ვინაობის დასადგენად ექსპერტიზა ტარდება.

რაჭაში, შოვში მჟავე წყლებთან მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, სოფიო გორგოძის განცხადებით, წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი, ფრანგული ენის გამოცდის შედეგი.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია.

„პროგრამების რეიტინგულ ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის სურვილის შემთხვევაში, გამოსაცდელები უნდა ეწვიონ საკუთარ სარეგისტრაციო გვერდს. ნებისმიერი ცვლილების შეტანისას (პროგრამების გადანაცვლება, წაშლა, დამატება) აუცილებელია შენახვის ღილაკის გამოყენება და მონაცემების შენახვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ცვლილებები სისტემაში არ აისახება.

შეგახსენებთ, იმ საგნებში, რომლებშიც ტესტის ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას. 2023 წელს 128 440 ნაშრომიდან გასაჩივრდა 4 292, რაც აბიტურიენტების ნაშრომების საერთო რაოდენობის მხოლოდ 3,34%-ია. წელს ყველაზე მეტმა გამოსაცდელმა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის შედეგი გაასაჩივრა, ყველაზე ნაკლებმა კი ფრანგული ენის გამოცდის შედეგი. გასაჩივრებული ნაშრომების რაოდენობა საგამოცდო საგნების მიხედვით: ქართული ენა და ლიტერატურა – 1588; ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – 37; ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – 41; ინგლისური ენა – 754; რუსული ენა – 15; გერმანული ენა – 19; ფრანგული ენა – 2; მათემატიკა – 510; ისტორია – 796; გეოგრაფია – 29; ბიოლოგია – 228; ქიმია – 60; ფიზიკა – 40; ლიტერატურა – 52; ხელოვნება – 7; სამოქალაქო განათლება – 114. შეფასება შეიცვალა სულ 1498 ნაშრომის შემთხვევაში, რაც მთელი ნაშრომების მხოლოდ 1.17%-ია. ქულა მოემატა 1473 ნაშრომს, ხოლო ქულის დაკლება მოხდა 25 ნაშრომის შემთხვევაში. აბიტურიენტებს, რომლებსაც აპელაციის შედეგად შეეცვალათ შეფასება ან უარი თქვეს საპრეტენზიო განაცხადის წარდგენაზე, აპელაციისათვის გადახდილი თანხა წინასწარ გამოქვეყნებულ ვადებში წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე უკან დაუბრუნდებათ”,- აღნიშნა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, აბიტურიენტებმა აუცილებელია გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 30 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება.

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროცესში ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შიომღვიმის მონასტრის მიმდებარედ, 27 აგვისტოს კლდის ნაშალი მასა ჩამოიშალა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ნაშალ მასალას გზის სავალი ნაწილი და სხვა ინფრასტრუქტურა არ დაუზიანებია.

ამ ეტაპზე სპეციალისტების მიერ მზადდება დასკვნა, რომელიც დასრულებისთანავე გადაეგზავნება შესაბამის უწყებებს.

სექტემბერში დაგეგმილ G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად, სერგეი ლავროვი დაესწრება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს არ დაესწრება. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის კანცელარიის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტს გამოტოვებს, რომელიც ინდოეთში სექტემბერში ჩატარდება და მის ნაცვლად სამიტის მუშაობაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი მიიღებს მონაწილეობას.

ასევე მოდის კანცელარიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრ, ნარენდრა მოდის შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროს იოჰანესბურგში ჩატარებული BRICS-ის სამიტის შედეგები, ამ ორგანიზაციის გაფართოების მნიშვნელობა, რუსეთსა და ინდოეთს შორის ურთიერთობების აქტუალური საკითხები იქნა განხილული.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული, თუმცა ინდოეთი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მონაწილე არ არის.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე ისნის რაიონს წყალმომარაგება შეეზღუდება.

„ხვალ, 30 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ისნის რაიონში, არმაზის ქუჩა N15-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ სამუშაოებს, ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 30 აგვისტოს, დილის 11:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში – ქეთევან დედოფლის გამზირის ნაწილს, მეტეხის ქუჩა N16-ს, არმაზის, ირბახის, კონსტანტინე ერისთავის, გურჯაანის, ალაზნის, დუშეთის, ავლაბრის, ვახტანგ VI, ცუცქირიძის, მესხიშვილის, იორის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სართიჭალის, სამრეკლოს, კარდენახის, ახვლედიანის, ხერხეულიძის, ფოსტის, ლომოურის, წურწუმიას, კვეზერელი-კოპაძის, ფერიცვალების და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge”,-აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსულმა ძალებმა ტორეცკი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს-ომის 552-ე დღე

რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი ტორეცკი “ურაგანის” მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს, დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დონეცკის რეგიონალური პროკურატურის ცნობით, რუსებმა ქალაქი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს. ჭურვმა 39 წლის ქალი იმსხვერპლა, რომელიც თავდასხმის დროს საკუთარ ეზოში საოჯახო საქმეებს ასრულებდა.

ამასთან, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი, 72, 73 და 88 წლის ქალები დაშავდნენ, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანდა კერძო სახლები და მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები.

სამართალდამცავებმა გამოძიება ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის ფაქტზე დაიწყეს.