Home Blog Page 238

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეს დღე განსაკუთრებულ ენერგეტიკას ატარებს. ბედის მინიშნებები დაგეხმარებათ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობა და მომავლის გზა უკეთ გაიგოთ. ყურადღება მიაქციეთ გარშემო განვითარებულ მოვლენებს — ზოგჯერ უმნიშვნელო დეტალმაც კი შეიძლება მნიშვნელოვან აღმოჩენამდე მიგიყვანოთ. თუ უკვე დიდი ხანია კითხვებზე პასუხებს ეძებთ, არსებობს შანსი, რომ ბოლოს და ბოლოს მიიღოთ.

რჩევა: უსმინეთ ინტუიციას — ამ დღეს ბედმა შეიძლება მნიშვნელოვანი მინიშნება გამოგიგზავნოთ.

კურო

ამ დღეს შეიძლება გააცნობიეროთ, რომ წარსულის ზოგი გადაწყვეტილება არასწორი იყო. ნუ შეშინდებით — ახლა შეცდომების გამოსწორების შანსი მოგეცემათ და ცხოვრება გაცილებით ჰარმონიული გახდება. სამუშაო თქვენგან ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. უმჯობესია მნიშვნელოვანი საკითხები სხვებს არ მიანდოთ და თავად აკეთოთ — დღეს უყურადღებობის ან გაუგებრობის გამო შეცდომების რისკი მაღალია.

რჩევა: ეცადეთ, ეს დღე საკუთარ თავს დაუთმოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება ძველ პრობლემებთან დაბრუნება მოგიწიოთ, რომლებიც უკვე დაგავიწყდათ. არ იდარდოთ — პირიქით, ბედი გაძლევთ შანსს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგოთ.

რჩევა: მზად იყავით იმისთვის, რომ წარსული თავს შეგახსენებთ და შეცდომა აღარ გაიმეოროთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ყურადღება არ უნდა მოადუნოთ, რათა ბედის მინიშნებები დაინახოთ. გრძნობთ, რომ ცვლილებების დრო დადგა, მაგრამ ჯერ არ იცით, საით უნდა წახვიდეთ. ხელსაყრელი დროა განმარტოებისა და საკუთარ თავზე მუშაობისთვის. თუ საშუალება გაქვთ, აკეთეთ ის, რაც სულს სიმშვიდეს ანიჭებს.

რჩევა: ყურადღება მიაქციეთ შინაგან შეგრძნებებს — ისინი სწორ მიმართულებას დაგანახვებენ.

ლომი

ეს დღე თქვენგან მოთმინებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. შესაძლოა, მოულოდნელ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც თქვენი გადაწყვეტილებების სისწორეზე დაგაფიქრებთ. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს გადახედოთ და ზედმეტი ტვირთი მოიცილოთ. სამსახურში უმჯობესია, კონფლიქტებს და დისკუსიებს თავი აარიდოთ — ეს არაფერში გჭირდებათ.

რჩევა: ნუ ეცდებით ყველაფრის კონტროლს — ზოგჯერ შორიდან დაკვირვება საუკეთესო გადაწყვეტილებაა.

ქალწული

სამსახურში ყურადღება არ მოადუნოთ, რადგან უმცირეს შეცდომას შეიძლება მძიმე შედეგები და ფინანსური დანაკარგები მოჰყვეს. სანამ ვიღაცის ნათქვამს დაიჯერებთ, ეცადეთ ინფორმაცია რამდენიმე წყაროსთან, ყურადღებით გადაამოწმოთ.

რჩევა: იზრუნეთ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენაზე – თუ ძველ შეცდომებს აღარ გაიმეორებთ, ყველა უთანხმოების მოგვარებას შეძლებთ.

სასწორი

ამ დღეს შინაგანი წონასწორობის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შეიძლება იგრძნოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენგან ზედმეტად ბევრს ელიან. პირადი საზღვრების დაწესებისა და „არას“ თქმის ნუ შეგეშინდებათ. შემოქმედებითი პოტენციალი იზრდება, რაც ახალი საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ეს დღე შესაფერისია განმარტოებისა და ფიქრისთვის.

რჩევა: ეცადეთ, გარე ზეწოლისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეძლოთ.

მორიელი

ამ დღეს ბედი შანსს გაძლევთ, რომ ილუზიებს მოსწყდეთ და რეალობა დაინახოთ. სიმართლის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის უსიამოვნო იყოს. შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზებები, რომლებიც მიმზიდველად მოგეჩვენებათ, მაგრამ დაფარული საფრთხეები ახლდეს. გადაწყვეტილებების მიღებისას ნუ იჩქარებთ და ყველა ინფორმაცია ყურადღებით გადაამოწმეთ.

რჩევა: ინტუიციას ენდეთ – დღეს ის რეალობის აღქმაში დაგეხმარებათ. გირჩევთ ხარჯები აკონტროლოთ და უსარგებლო ნივთების შეძენას მოერიდოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა, მოულოდნელად მიხვდეთ, რომ დიდი ხანია არასწორი მიმართულებით მოძრაობთ. სამსახურში დიპლომატიურობაა საჭირო — შესაძლოა, ვიღაცამ კონფლიქტებში ჩაგითრიოთ, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით გამოსავალს ნებისმიერი სიტუაციიდან იპოვით.

რჩევა: ნუ ეცდებით სირთულეების მარტო დაძლევას. უმჯობესია, მოკავშირეების მიერ შემოთავაზებული დახმარებით ისარგებლოთ..

თხის რქა

ეს დღე შეიძლება თქვენთვის ნამდვილი კარმული გაკვეთილი იყოს. გამორიცხული არ არის, რომ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდეთ, რომელიც გაჩვენებთ, რომ წარსულის შეცდომები თქვენს ცხოვრებაზე კვლავაც გავლენას ახდენს. ნუ მიიღებთ ამას როგორც სასჯელს — პირიქით, ეს შანსია, მოვლენები გააცნობიეროთ და სწორი დასკვნები გამოიტანოთ. ამ დღეს სამსახურში უმჯობესია ინიციატივის გამოჩენას თავი აარიდოთ .

რჩევა: დღევანდელი გამოცდილება გამოიყენეთ იმისთვის, რომ გაიგოთ, რა იყო წარსულის შეცდომის მიზეზი.

მერწყული

ამ დღეს შეიძლება ახალი იდეები ან მოულოდნელი შთაგონება გეწვიოთ, რომელიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. ექსპერიმენტების და სიახლეების ნუ შეგეშინდებათ. სამსახურში შესაძლებელია მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ სწრაფი ადაპტაციის უნარი პრობლემების წარმატებით გადაჭრაში დაგეხმარებათ.

რჩევა: თქვენს პრობლემებს არავინ მოგიგვარებთ — დამოუკიდებლად მოქმედება მოგიწევთ.

თევზები

ამ დღეს გრძნობებსა და ემოციებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი დაადგინოთ, საკუთარ შეცდომებზე ისწავლოთ და საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოთ. ხელსაყრელი დღეა საქმიანი და პირადი კონტაქტებისთვის, არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის.

რჩევა: კარგად გააანალიზეთ საკუთარი მოქმედებები — დღეს ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

როგორი ამინდი იქნება 19 მარტს საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

19 მარტს საქართველოს უმეტეს ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი თოვლს ვარაუდობენ. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა, +14 გრადუსი თელავშია მოსალოდნელი. რაც შეხება დედაქალაქს, თბილისში +11 წვიმიანი ამინდია ნავარაუდევი.

ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით:

გაგრა +9 – წვიმა

სოხუმი +10 – წვიმა

ზუგდიდი +9 – წვიმა

მესტია +4 – თოვლი

ფოთი +10 – წვიმა

ბათუმი +10 – წვიმა

ოზურგეთი +9 – წვიმა

ქუთაისი +9 – წვიმა

ამბროლაური +7 – წვიმა

ახალციხე +6 – წვიმა

ბორჯომი +2 – თოვლი

ბაკურიანი 0 – თოვლი

გორი +8 – წვიმა

ცხინვალი +6 – თოვლი

სტეფანწმინდა +4 – თოვლი

გუდაური 0 – თოვლი

თელავი +14 – წვიმა

რუსთავი +13 – წვიმა

თბილისი +11 – წვიმა

ნიკა გილაურმა აშშ-ში ლობისტური კომპანია დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა – დოკუმენტი FARA-ზე გამოქვეყნდა

FARA-ს მოთხოვნების შესაბამისად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ნიკა გილაურის კომპანია Reformatics-მა აშშ-ში ლობისტური კომპანია Continental Strategy-ი დაიქირავა, რისთვისაც 600 000 დოლარი გადაიხადა.

გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ Continental Strategy-ი წარმოადგენს Reformatics-ის ინტერესებს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაძლიერების ყოვლისმომცველი პროგრამის ფარგლებში. საქმიანობა შესაძლოა მოიცავდეს ლობირებას, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გავრცელებას და აშშ-ის პოლიტიკოსებთან ურთიერთობას.

გარდა ამისა, „Continental strategy-ი ხელს შეუწყობს აშშ-ის აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებში დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობების დასამყარებლად სტრატეგიული გეგმის შემუშავებასა და განხორციელებას“.

„კლიენტი ვალდებულებას იღებს, გადაუხადოს ფირმას ჯამში 600 000 დოლარი. პირველი გადახდა 200 000 დოლარის ოდენობით (ავანსი) განხორციელდება არაუგვიანეს ამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 სამუშაო დღისა. შემდგომი გადახდები განხორციელდება ინვოისის საფუძველზე, 100 000 დოლარის ოდენობით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად“, – ნათქვამია ხელშეკრულებაში.

“ჩემი სატელეფონო საუბარი პუტინთან ძალიან კარგი და პროდუქტიული იყო”-დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა:

“ჩემი დღევანდელი სატელეფონო საუბარი რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან იყო ძალიან კარგი და პროდუქტიული. ჩვენ შევთანხმდით ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე ყველა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, იმის გაგებით, რომ ჩვენ სწრაფად ვიმუშავებთ ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე და საბოლოოდ, ამ ძალიან საშინელი ომის დასასრულებლად. 

მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არასდროს დაიწყებოდა. განვიხილეთ სამშვიდობო ხელშეკრულების მრავალი ელემენტი, მათ შორის ის ფაქტი, რომ ათასობით ჯარისკაცი იღუპება და პრეზიდენტ პუტინსაც და პრეზიდენტ ზელენსკისაც სურთ მისი დასრულება. ეს პროცესი ახლა სრულად ამოქმედებულია და ჩვენ, იმედია, კაცობრიობისთვის საქმეს ბოლომდე მივიყვანთ!” – აღნიშნავს დონალდ ტრამპი. 

საერთაშორისო ფორუმები კარგი შესაძლებლობაა, რომ პარტნიორებს მივაწვდინოთ ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, რეალურად რა წუხილები გვაქვს და რისთვის ვიბრძვით -მაკა ბოჭორიშვილი

უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველომ შეძლო, იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებს ნიუ დელიში განუცხადა, სადაც ვიზიტით იმყოფება.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ინდოეთში ვიზიტი იყო კარგი შესაძლებლობა პარტნიორებისთვის იმის საჩვენებლად, რომ საქართველო არის სწორედ ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული.

„ჩვენი მთავარი სათქმელი, რა თქმა უნდა, არის ის, რომ მიუხედავად უსაფრთხოების გამოწვევებისა, რომელიც აქვს საქართველოს, საქართველომ შეძლო, რომ იყოს ეკონომიკურად მიმზიდველი ქვეყანა, შეძლო, გაეტარებინა ეკონომიკური რეფორმები, რომელიც დღეს საქართველოს შესაძლებლობებს აძლევს, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი რეგიონში, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი შუა დერეფნის განვითარებაში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით მდებარე ქვეყნებისთვის. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს სწორედ ეს მდგომარეობა, მდებარეობა და შესაძლებლობები კარგად დაინახონ ჩვენმა პარტნიორებმა და იფიქრონ იმაზე, რომ საქართველო არის სწორედ ის ადგილი, ის დამაკავშირებელი გზა, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული, მაშინ როდესაც, საუბარი შეეხება დაკავშირებადობის განვითარებას და ახალი გზების ძიებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, ზოგადად, საერთაშორისო ფორუმები იძლევა კარგ შესაძლებლობას პარტნიორებთან კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლა-გამოცვლისთვის და იმისათვის, რომ მათ მიაწოდოს რეალური ინფორმაცია საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ.

„ეს შესაძლებლობა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ და ვიყენებთ კიდეც. ეს ასევე არის ჩვენთვის კარგი შესაძლებლობა, მივაწვდინოთ ჩვენს პარტნიორებს ხმა საქართველოს პოზიციებთან დაკავშირებით, თუნდაც იმ პოზიციებზე, რის გამოც საქართველო უსამართლო კრიტიკის ქარცეცხლში იყო მოქცეული დიდი ხნის განმავლობაში და ხშირად ახლაც გვესმის ჩვენი ევროპელი კოლეგებისგან ასეთი კრიტიკა. რა თქმა უნდა, ეს არის კარგი შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ, ჩემს კოლეგებთან მქონდეს საუბარი, რათა, სცადონ რეალობას შეხედონ კარგად, რეალური სიტუაცია აღიქვან და ნუ იხელმძღვანელებენ აღქმებით, რაზეც ისინი ძალიან ხშირად აპელირებენ ხოლმე, რომ ძალიან რთულია აღქმების შეცვლა. რა თქმა უნდა, თუ ისინი შექმნიან ამ აღქმებს, შემდგომ უკვე ძალიან რთულია ამ აღქმებთან გამკლავება. ამიტომ, კარგი შესაძლებლობაა, რომ მათ მივაწოდოთ რეალური სიტუაციის შესახებ ინფორმაცია. რეალურად, თუ რა წუხილები აქვს საქართველოს, რა უნდა საქართველოს და რისთვის ვიბრძვით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

აშშ-სა და რუსეთის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით-თეთრი სახლი

თეთრი სახლის პრესმდივანი ქეროლაინ ლივიტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით.

„დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა და პუტინმა ისაუბრეს უკრაინის ომში მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე. ორივე ლიდერი თანხმდება, რომ ეს კონფლიქტი უნდა დასრულდეს მდგრადი მშვიდობით. მათ ასევე ხაზი გაუსვეს გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობების აუცილებლობას აშშ-სა და რუსეთს შორის. სისხლი და ფული, რასაც უკრაინაც და რუსეთიც ამ ომში ხარჯავენ, უკეთესად შეიძლებოდა, მოხმარებოდა მათი ხალხების საჭიროებებს. ეს კონფლიქტი არასდროს უნდა დაწყებულიყო და დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო გულწრფელი და კეთილსინდისიერი სამშვიდობო ძალისხმევით.

ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ სვლა დაიწყება ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში ცეცხლის შეწყვეტით, ასევე შავ ზღვაში საზღვაო ცეცხლის შეწყვეტის, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვის შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებებით. ეს მოლაპარაკებები დაუყოვნებლივ დაიწყება ახლო აღმოსავლეთში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ლიდერებმა ფართოდ ისაუბრეს ახლო აღმოსავლეთზე, როგორც სამომავლო კონფლიქტების პრევენციის მიზნით თანამშრომლობის პოტენციურ რეგიონზე.

„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღის გავრცელების შეჩერების აუცილებლობა და ითანამშრომლებენ სხვებთან, რათა უზრუნველყონ ამის მაქსიმალურად ფართო გამოყენება. ორივე ლიდერი იზიარებს მოსაზრებას, რომ ირანი არასდროს უნდა აღმოჩნდეს ისრაელის განადგურების შესაძლებლობის მქონე პოზიციაში. ორივე ლიდერი შეთანხმდა, რომ აშშ-სა და რუსეთს შორის გაუმჯობესებული ორმხრივი ურთიერთობებით მომავალს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ეს მოიცავს უზარმაზარ ეკონომიკურ შეთანხმებებსა და გეოპოლიტიკურ სტაბილურობას, როდესაც მშვიდობა იქნება მიღწეული“, – ნათქვამია ლევიტის განცხადებაში.

 რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ დგას ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა -ვატო შაქარიშვილი

რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა, – განაცხადა ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა ვატო შაქარიშვილმა.

„ეს იყო პიროტექნიკა, რომელიც ჩვენი გმირი პოლიციელების დაწვისთვის იყო და რუსთაველზე ცეცხლის გაჩაღებისთვის იყო. ეს იყო სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები, რომლებიც აგრესიული, ძალადობრივი პროტესტისთვის იყო საჭირო. რომელ გულწრფელ პროტესტზეა ლაპარაკი, როდესაც ამ ყველაფრის უკან ვხედავთ, რომ ღიად დგას ფული, ბინძური ფული, რომელიც ამ ფონდებში აკუმულირდებოდა და შემდეგ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ხმარდებოდა.

იმალებოდნენ, საკუთარი ოფისებიდან მართავდნენ პროცესებს, ახალგაზრდებს, ბავშვებს შეიძლება ითქვას მოუწოდებდნენ, რომ ჩქარა ბავშვებო, წადით მიტინგზე, მსხვერპლი უნდოდათ, სისხლი უნდოდათ და ამაში ხარჯავდნენ ამ ფულს. დღეს გამოდიან და ეს პოლიტიკური აფერისტები, ეს პოლიტიკური მეძავები, გამოდიან და ამბობენ, რომ ქველმოქმედებას ეწევიან. რა ქველმოქმედება, ნანუკა ჟორჟოლიანი და ქველმოქმედება ისეთი შეუთავსებელია, ისეთი ოქსიმორონია, მეორე ძნელად მოიძებნება”, – შაქარიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს გაავრცელა.

პუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ -ვატო შაქარიშვილი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გასცა ბრძანება უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის შესახებ.

როგორც კრემლში აღნიშნეს, ვლადიმირ პუტინმა მხარი დაუჭირა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იდეას რუსეთისა და უკრაინის მიერ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებზე 30 დღით უარის თქმის შესახებ.

მანამდე ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავალებს თავის იურისტებს, სასწრაფოდ შეისწავლონ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებიც სამშაბათს უნდა გასაჯაროვდეს -“როიტერი”

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ავალებს თავის იურისტებს, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოების სენსიტიურ საკითხებზე მუშაობენ, სასწრაფოდ შეისწავლონ ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული ჩანაწერები, რომლებიც სამშაბათს უნდა გასაჯაროვდეს. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ მის მიერ ნანახ ელექტრონულ წერილზე დაყრდნობით წერს.

ორშაბათის საღამოს გაგზავნილი ელექტრონული წერილის მიხედვით, ეროვნული უსაფრთხოების განყოფილების მაღალჩინოსანმა, კრისტოფერ რობინსონმა განაცხადა, რომ დაზვერვის ოფისის ოპერაციების განყოფილებაში მომუშავე თითოეულ იურისტს ევალება 400-დან 500-მდე დოკუმენტის გადახედვა.

რობინსონმა შემოწმების დასრულების ვადად სამშაბათის შუადღე დააწესა. შემოწმება ეხება ჯონ კენედის, ასევე რობერტ კენედის, მარტინ ლუთერ კინგისა და შესაძლოა, სხვა პირების მკვლელობებთან დაკავშირებულ ჩანაწერებს.

იანვარში დონალდ ტრამპმა გასცა განკარგულება, რომ გამოქვეყნდეს კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტების 80 ათასამდე გვერდი, ასევე ყოფილი გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის, სამოქალაქო უფლებების დამცველის, მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობებთან დაკავშირებული სამთავრობო ჩანაწერები.

რობინსონის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა უკვე გადახედეს ამ დოკუმენტების ნაწილს გასაჯაროების ფარგლებში შემოწმებისას.

როგორც სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, გასულ კვირას FBI-ს აგენტებს დაავალეს, შეეწყვიტათ მიმდინარე საქმეებზე მუშაობა და შეესწავლათ 1968 წელს რობერტ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი, ჯონ კენედი 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში მოკლეს. მალევე მის მკვლელობაში ეჭვმიტანილი, ყოფილი საზღვაო ქვეითი, ლი ჰარვი ოსვალდი დააკავეს. მკვლელობიდან ორ დღეში ოსვალდის ფედერალურ ციხეში გადაყვანის დროს ის ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა ადგილობრივი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ.

რაც შეეხება ჯონ კენედის უმცროს ძმას, აშშ-ის ყოფილ გენერალურ პროკურორს, სენატორ რობერტ კენედის, 1968 წელს ის კენჭს იყრიდა პრეზიდენტად დემოკრატიული პარტიიდან, თუმცა 5 ივნისს, ლოს-ანჯელესში, საარჩევნო ღონისძიებაზე იგი მოკლა არაბმა ემიგრანტმა, სირჰან სირჰანმა.

1969 წელს სირჰანს მკვლელობისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა 1972 წელს სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს.

ტრამპის ადმინისტრაციაში ჯანდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რობერტ კენედი, რომელიც მოკლული გენერალური პროკურორის, რობერტ კენედის შვილია, ამტკიცებს, რომ 35-ე პრეზიდენტის მკვლელობასთან ცენტრალური დაზვერვის სააგენტოა დაკავშირებული, რასაც სააგენტო კატეგორიულად უარყოფს. ის ასევე ამტკიცებს, რომ მამამისის მკვლელობაში მონაწილეობდა არა ერთი, არამედ რამდენიმე შეიარაღებული პირი.

 საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგ კამპანიას ენმ-ს და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები ააქტიურებენ -ცესკო

საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ მორიგი კამპანია აქტიურდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კვლავ ცდილობენ, საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება, რომ არჩევნები რეალურ შედეგს არ ასახავს და კონკრეტული ადამიანები შედეგებს საკუთარი სურვილის შესაბამისად წერენ, – ამის შესახებ ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

ცესკო-ს განცხადებით, აღნიშნული ტიპის განცხადებები პირდაპირ მიუთითებს საარჩევნო საკითხების შესახებ ბრალდების ავტორთა ცოდნის ნაკლებობაზე.

„საარჩევნო საკითხებში და პროცედურებში გარკვეული ადამიანი, რომელიც იცნობს პროცესის მიმდინარეობას, ასეთ აბსურდულ განცხადებას უბრალოდ ვერ გააკეთებს.

ამასთან, დაინტერესებული პოლიტიკური სუბიექტები თავს ესხმიან როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებს, ისე, ზოგადად, მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციას და ცდილობენ საზოგადოება დაარწმუნონ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. მათი მოსაზრებები არ ემყარება ფაქტებს და მხოლოდ საზოგადოების იმ ნაწილის წარმოდგენებზე ზემოქმედებას ისახავს მიზნად, რომლებიც შესაძლოა, არ იყვნენ სრულად ინფორმირებული საარჩევნო პროცესის დეტალების შესახებ.

სინამდვილეში კი, როგორც ეუთო/ოდირის ანგარიშით, ისე პროკურატურის შუალედური განცხადებით, რომელიც არაერთ საგამოძიებო ექსპერიმენტს თუ ჩვენებას ეფუძნებოდა, საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა მაღალი პროფესიული სტანდარტებით, მათ შორის, ტექნოლოგიების უპრეცედენტოდ წარმატებული ინტეგრირებით საარჩევნო პროცესში.

დაინტერესებული მხარეების მიერ გაკეთებული არაკომპეტენტური და მიზანმიმართული დისკრედიტაციული საჯარო განცხადებების საფუძველზე ადვილია დავასკვნათ, რომ მათი მიზანი სხვადასხვა ტიპის ცრუ ბრალდებებით საარჩევნო ადმინისტრაციის არსებული შემადგენლობის და, ზოგადად, საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის შემცირებაა. ნდობის შელახვის ამ ტაქტიკას კი შეიძლება, გრძელვადიანი შედეგები ჰქონდეს, რადგან ის აღძრავს ამომრჩევლებს შორის უნდობლობას და ეჭვს, რაც აზიანებს საარჩევნო პროცესის მთლიანობას და ასუსტებს ინსტიტუციის რეპუტაციას და მისდამი ნდობას.

საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავ რჩება საკუთარი გაცხადებული პოლიტიკის ერთგული და ამომრჩეველს ყოველთვის მიაწვდის ობიექტურ და გადამოწმებულ ინფორმაციას საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

უელსისა და საქართველოს ფლეი-ოფში თამაში ექვსი ერის ჩემპიონატისთვის სავსებით ლოგიკურია – BBC

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი რიჩარდ კოკერილი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „მოიპოვა უფლება”, შეხვდეს უელსს ფლეი-ოფში, რათა გადაწყდეს, რომელი ქვეყანა უნდა მოხვდეს 2026 წლის ექვსი ერის ჩემპიონატში, – წერს BBC-ი.

„ეს იქნება მსოფლიო რაგბის ყველაზე საინტერესო თამაში – უახლოეს მომავალში ჩატარდება მატჩი საქართველოსა და უელსს შორის, რომლის დროსაც გაირკვევა ექვსი ერის ჩემპიონატის შემდეგი ტურნირის ნაკრებების შემადგენლობა”, – განაცხადა კოკერილმა.

კოკერილის თქმით, საქართველოს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავს იმისთვის, რომ ითამაშოს მაღალ ევროპულ დონეზე. გუნდმა რვაჯერ ზედიზედ ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა მეორე დივიზიონში. უელსი ზედიზედ მეორე წელია იკავებს ბოლო ადგილს ექვსი ერის ჩამპიონატზე და მას არ მოუგია არცერთი თამაში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც საქართველოზე გამარჯვება მოიპოვა.

„ჩვენ გვსურს გვქონდეს შესაძლებლობა დავამტკიცოთ, რომ შეგვიძლია ასპარეზობა, ამიტომ, ლოგიკურია, რომ ჩვენ ვიღებთ ფლეი-ოფის ჩატარების საშუალებას. ეს იქნება World Rugby-ის ყველაზე დატვირთული თამაში – საქართველო უელსის წინააღმდეგ“, – განაცხადა კოკერილმა.

World Rugby-ის რეიტინგში საქართველო მე-11 ადგილზე ავიდა, უელსზე ერთი პოზიციით მაღლა. კოკერილმა აღნიშნა, რომ საქართველო-უელსის შეხვედრა შეიძლება იყოს ის თამაში, რომლის ნახვაც ხალხს მოუნდება.

„შემოსული თანხა და რეპუტაცია კი ქართულ რაგბის სრულიად ახალ დონეზე აიყვანს“, – აღნიშნა კოკერილმა.

გახარიას პარტია ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს – ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით,“ გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, ან პარლამენტიდან უნდა გამოვიდენ, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვან, ან ერთიანობას დათანხმდნენ.

ხაბეიშვილის თქმით, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს – „ვინ არის ოპოზიცია და ვინ ბიძიანს კარის კაცი“.

„დღე-ნახევარია ოპოზიციაშია და პარლამენტიდან არ გამოდიან. კითხეთ, რატომ არ ტოვებენ პარლამენტს თუ არალეგიტიმურია? რაღაც ფინანსებზე ბუტბუტებენ. მათ ფინანსები რომ მოიპარეს „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, ეგეთი უნდა. ამიტომ, რაღაც ქნას: ან პარლამენტიდან გამოვიდეს, ან ოპოზიციის ლანძღვას შეეშვას, ან ერთიანობას დათანხმდეს. რაღაც მოქმედებებს რომ არ აკეთებს, საზოგადოებამ დასკვნა უნდა გამოიტანოს – ვინ არის ოპოზიცია და ვინ ბიძიანს კარის კაცი.

გასაგებია, რომ ამ ადამიანებს არ უნდათ ერთობა. სალომემ საერთოდ განაცხადა, რომ დაქსაქსულობა ყოფილა კარგი, ერთიანობა ცუდი. მიუღებელია ეს. საქართველოს გერბზე გარკვევით წერია – „ძალა ერთობაშია“ და არა „ძალა კოორდინაციაშია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

კითხვაზე, რამდენად აქვს მესამე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იმის პერსპექტივა რომ ოპოზიციური ფლანგი მის გარშემო გააერთიანოს, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდება მათთან, რომლებიც გულწრფელად არიან „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები“.

„საზოგადოება მარტივად გაარჩევს ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი, ვინ არის ბიძინას კარის ოპოზიცია, ვის არ უნდა ერთიანობა. ვისაც დღეს ერთიანობა არ უნდა ის არის ბიძინას კარის ოპოზიციონერი. ხალხს უნდა ერთიანობა, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ აინტერესებთ, მათი აინტერესებთ საკუთარი ქვეყნის ევროპული მომავალი. ვიღაცები კი საკუთარი პარტიის ბანერებს ვერ ეშვებიან, ვიღაცას ახალი პარტიის შექმნა უნდა და. ა.შ.

ჩვენთვის მთავარია, ერთიანობა. ჩვენ იმ ადამიანებთან გავერთიანდებით, რომლებიც გულწრფელად არიან ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგები და არა თამაშ-თამაშიც, ცეკვა-ცეკვით და ერთი ადგილის თამაშით“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს 31 მარტამდე აქვს დრო აზრის შესაცვლელად, რომ „ერთიანობა კარგია“.

„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს, სპეცოპერაცია იყო – არჩევნები გაყალბდა, როცა სალომე ზურაბიშვილი გახადეს პრეზიდენტი და ია კერძაიას მკვლელობა არავის დაავიწყდეს, საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთანამშრომლობდით. 31 მარტამდე არის კიდევ სივრცე თუ აზრს არ შეიცვლის, რომ ერთიანობა კარგია, ჩვენ არავისთან პრობლემა არ გვექნება. პროცესი, სადაც გვეუბნებიან, რომ დაქსაქსულობა კარგია და ერთიანობა ცუდია, ასე არ გამოვა. ვიღაცებს ატყუებდნენ, ვითომ ოპოზიციონერია, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებდნენ და პარლამენტიდან არ გამოდიოდნენ, მაგალითად. ბევრი დაგროვდა. ყველაფერს აქვს საზღვარი. ახლა ერთგვარი გადატვირთვა მოხდება და ადამიანებმა უნდა გაარჩიონ, ვინ არის ნამდვილი ოპოზიციონერი და ვინ ფულისტი, ვინ არის დაქსაქსულობის და ვინ ერთიანობის მომხრე“,- განაცხადა ხაბეიშვილმა.