Home Blog Page 2374

“რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი” – ირაკლი კობახიძე

რაც მეტად გაღვივდება დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, ეს არის ბრძოლა, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით პოზიციებისთვის.

„ვიცით, რომ რამდენიმე დაჯგუფებაა. გარდა ამისა, მათი ფორმალური თავმჯდომარე არის ძალიან სუსტი და შესაბამისად, იმედი აქვთ, რომ რაღაცნაირად მოახერხებენ მისი პოზიციების შერყევას. შესაბამისად, ეს ბრძოლები მიმდინარეობს „ნაცმოძრაობის“ შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც მეტად გაღვივდება ასეთი დაპირისპირებები „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უფრო მეტად დაიკლებს მისი რეიტინგი. ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი, ვიტყოდი, ეროვნული ამოცანაა, რომ საბოლოოდ განეიტრალდეს „ნაცმოძრაობა“, როგორც რისკფაქტორი ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ რაც უფრო მეტი დაპირისპირება იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით, მით უკეთესია.

რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ, დავით კეზერაშვილს, კობახიძის თქმით, ოპოზიციას ის აფინანსებს.

„კეზერაშვილი არის მთელი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ და რადიკალური ოპოზიციის მთავარი დამფინანსებელი და დონორი. სწორედ მისი მეშვეობით ხორციელდება რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება. აქედან გამომდინარე, მისი ფინანსების გათვალისწინებით გამოკვეთილად რეალური ლიდერია რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ამიტომ, ამაზე საუბარი არის რეალური. ყველამ ვიცით, რომ ხაბეიშვილი არის მხოლოდ ფორმალური თავმჯდომარე, რეალური ლიდერი, მისი ფინანსებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის კეზერაშვილი“, -განაცხადა კობახიძემ.

“ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში”

ყველას გვახსენდება ის ხელწერა, რომლითაც გამორჩეული იყო 2004-2012 წლებში საქართველოს ხელისუფლება. კოლექტიური სააკაშვილები და ადეიშვილები იყვნენ გამორჩეული ამ ხელწერით და ალბათ სიმბოლურია, რომ დღესაც სააკაშვილები და ადეიშვილები იკავებენ ფორმალურ თუ არაფორმალურ თანამდებობებს უკრაინის ხელისუფლებაში, – „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში, ქალაქ დნეპრში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება, სადაც პოლიციამ ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა.

ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო, -აღნიშნა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, ქართველი ე.წ ლიბერალები ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას.

„რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. ადამიანის მკვლელობას არც ნასვამობა ამართლებს და არც პოლიციელთან დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, როდესაც ბავშვების და მეუღლის თვალწინ ხორციელდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის ქალაქ დნეპრში პოლიციამ, სამობილიზაციო ღონისძიებების ფარგლებში, ჯუმბერ სილაგავა გააჩერა. ერთ-ერთმა პოლიციელმა სილაგავა მეუღლისა და ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ,ზურგში გასროლით მოკლა.

“შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია” – გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 15 და 19 აგვისტოს შავი ზღვის წყლის ხარისხის მორიგი მონიტორინგი განახორციელა.

მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია. კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ -ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა. 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობას დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიის 3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები.

სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

“სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ” – კობახიძე

სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის ვიზიტებზე საუბრისას განუცხადა.

მან განმარტა, თუ რატომ ეთქვა უარი საქართველოს პრეზიდენტს ვიზიტების განხორციელებაზე.

„ჩვენ ყველას გვახსოვს სალომე ზურაბიშვილის განცხადებები პარლამენტში, პარლამენტს გარეთ. როდესაც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველო არც შარშან იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, არც წელს იმსახურებს და მას სურს ამ თემასთან დაკავშირებით ვიზიტების განხორციელება, რა თქმა უნდა, მას უნდა ეთქვას უარი. ბუნებრივია, ჩვენ ვერ მივცემთ თანხმობას იმ კამპანიაზე, რომელიც უპირისპირდება ქვეყნის ევროპულ მომავალს. ეს არის ძალიან მარტივი საკითხი. მთავრობამ იცოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ეწევა კამპანიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მთავრობა ვერ მისცემდა მას თანხმობას ამ კამპანიაზე. ძალიან მარტივადაა აქ საკითხი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოს გერმანიაში გაემგზავრება. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სალომე ზურაბიშვილი, ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან გამართავს შეხვედრას.

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა გამოეხმაურა.

31 აგვისტო ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა

დღეს ქართველი მშვიდობისმყოფელის დღეა. ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროები გაიხსენეს. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამხედროებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

„მე-4 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე საერთაშორისო მისიებში დაღუპული მშვიდობისმყოფელების ხსოვნის პატივსაცემად 5-კილომეტრიანი გარბენიც მოეწყო. სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობა Agile Spirit 2023 – ში მონაწილე ქართველმა და უცხოელმა სამხედროებმა მიიღეს. ფინიშის ხაზის გადამკვეთ პირველ ხუთ სამხედროს სერტიფიკატები და კოინები გადაეცა. სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც ჩატარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

თიბისი კონცეპტის ზაფხულის კამპანიის ფარგლებში პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსის გიული ჩოხელის საიუბილეო ფირფიტა გამოვიდა

თიბისი კონცეპტი ყოველთვის მხარს უჭერდა ისეთ  პროექტებს, რომელიც ხელს უწყობდა ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცოცხლებას და შენარჩუნებას, ახალი სახით აუდიტორიისთვის მიწოდებას და პოპულარიზაციას.

თიბისი კონცეპტის კამპანიის ფარგლებში  „ზაფხულის ერთი დღე“, ვიდეოს მთავარი გმირი და მუსიკის შემსრულებელი პირველი ქართველი ქალი ჯაზ-მუსიკოსი გიული ჩოხელია.

კამპანიის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის ინიციატივით, გიული ჩოხელის 88 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ფირფიტის ლიმიტირებული, სასაჩუქრე გამოცემა გაკეთდა, სადაც თითქმის ყველა იმ პერიოდის აქტუალური ქართველი კომპოზიტორის სიმღერაა შესული და სწორედ მის ქართულ, ასევე რამდენიმე ინგლისურენოვანი სიმღერის შესრულებას მოიცავს.

ხშირად ხელოვანის შეფასებისას, გარდა მისი ნიჭიერებისა თუ სტილის გრძნობისა ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ყურადღების მიღმა გვრჩება – ეს არის კონტექსტი, რაშიც მათ შემოქმედებას არსებობა და საზრდოობა უწევდა. ლეგენდარული ქართველი ჯაზ დივის, გიული ჩოხელის მოღვაწეობის მასშტაბი და შემდგომი გავლენაც, სწორედ იმ პერიოდის სრული სურათის აღდგენის და მისი გააზრების შედეგად შეგვიძლია გავიგოთ.

პირველად ჯაზს „ამერიკის ხმის“ საშუალებით მოუსმინა, 50-იანი წლების დასაწყისიდან კი მისი სამოღვაწეო ასპარეზიც იხსნება. გიულის მუსიკა, შესრულების სტილი და ტემპერამენტი ვერ ეგუებოდა იმ დავიწროებულ მუსიკალურ თვალთახედვას, რაც საბჭოთა ესტრადის ძირითადი მახასიათებელი იყო.  სწორედ ამიტომ, შემსრულებლისთვის ჩაიკეტა საბჭოთა სცენის ყველა დიდი დარბაზი და აუდიტორია.

თუმცა შემდგომში სოტოპის, ტალინის, პრაღის თუ შემდეგ უკვე 1978 წლის თბილისის ფესტივალებმა და იქ მიღებულმა აღიარებამ შემსრულებელის სახელი არამხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში გახადა ცნობილი,  მეტიც, მისი სიმღერები ამერიკულმა რადიომაც კი გადმოსცა.

იმპროვიზაცია, დინამიურობა, დრამატურგია, ისტორიის რომანტიული გადმოცემა და თავისუფლებით საზრდოობა – ეს გიული ჩოხელის შემოქმედების ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც მასში ჯაზთან ერთად აინთო, მუსიკასთან, რომელიც დღემდე მისი იდენტობის განმსაზღვრელია.

ფირფიტის გამოცემაზე სხვადასხვა ქართველმა არტისტებმა იმუშავეს. ფოტო მასალაზე უნიჭიერესმა გრიგორი დევეჯიევმა (ჯიჯი რეჯინმა) იმუშავა თავის გუნდთან ერთად. კოსტიუმები ფოტოგადაღებისთვის აკა ფროდიაშვილმა შექმნა, ტექსტზე და მუსიკალურ ნაწილზე ჯაბა შავიშვილმა იმუშავა, ხოლო ფირფიტის დიზაინი ანანო კურკუმულს ეკუთვნის.

კრედიტები:

ანსამბლები: ინსტრუმენტალური ანსამბლი „ჩანგი“; საქართველოს ტელევიზიის და რადიოს საესტრადო ორკესტრი; საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრი “რერო”; ჯაზ ორკესტრი

დირიჟორები: გივი გაჩეჩილაძე / თენგიზ ჯაიანი / ედუარდ ისრაელოვი / გუსტავ ბრომი

მასტერინგი: გიორგი ქორიძე

ფოტო: გრიგორი დევეჯიევ, მერაბ ჭუმბურიძე /ჯეპროექტი

ფირფიტის დიზაინი: ანანო კურკუმული

ტექსტი: ჯაბა შავიშვილი

ტექნიკური ასისტენტი: ნათია სართანია

R

“დაგეხვრიტათ პირდაპირ, დემოკრატია და მართლმსაჯულებაც იზეიმებდა!” – ხაინდრავა ტრამპზე

ნიუ-იორკის პროკურორი ითხოვს, ტრამპი დამნაშავედ იყოს ცნობილი პროცესის დაწყებამდე! დაგეხვრიტათ აწი პირდაპირ! დემოკრატია და მართლმასუჯულებაც იზეიმებდა!,- ამის შესახებ რეჟისორი გოგა ხაინდრავა Twitter-ზე წერს.

„დონალდ ტრამპის წინააღმდეგ კიდევ ერთი სასამართლო პროცესი გაიმართება – თაღლითობის მუხლით. ნიუ-იორკის პროკურორი ლეტიცია ჯეიმსი ითხოვს: ტრამპი დამნაშავედ იყოს ცნობილი პროცესის დაწყებამდე! დაგეხვრიტათ აწი პირდაპირ! დემოკრატია და მართლმასუჯულებაც იზეიმებდა!“,- წერს ხაინდრავა.

ივლისში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა – „საქსტატი“

წინასწარი შეფასებით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2023 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.2 პროცენტით განისაზღვრა.

ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2023 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა, ვაჭრობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი და სამთომოპოვებითი მრეწველობის, ინფორმაციის და კომუნიკაციის დარგებში.

ცნობისთვის, „საქსტატი“ ყოველთვიურად აწარმოებს ეკონომიკის ზრდის წინასწარ შეფასებებს, რომელიც იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების, ფისკალური და მონეტარული მონაცემების) საფუძველზე. აღნიშნული შეფასებები წარმოადგენს საერთაშორისოდ მიღებულ პრაქტიკას, რომელსაც იყენებენ მოკლევადიანი წინასწარი ოპერატიული მონაცემების მისაღებად. იმ სფეროებში, სადაც ყოველთვიური მონაცემები (მაგალითად, სოფლის მეურნეობა, დაუკვირვებადი ეკონომიკის მოცულობა) არ მოიპოვება, შეფასება გაკეთებულია წინა პერიოდის მონაცემებზე დაყრდნობით.

გარდა ამისა, „საქსტატის“ განმარტებით, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს წინა თვეების დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების კორექტირება, რაც, შესაბამისად, რეალური ზრდის ყოველთვიური წინასწარი შეფასების მონაცემის კორექტირებასაც იწვევს.

ღვინის ეროვნული სააგენტო 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს

რთველი 2023 წლის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა რეგიონში 100-მდე ახალგაზრდას ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე დაასაქმებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ახალგაზრდები, ოპერატორის პოზიციაზე დასასაქმებლად, გასაუბრებების შედეგად შეირჩნენ.

„შერჩეულ კანდიდატებს, ტრენინგები რთველის საკოორდინაციო შტაბში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

რთველის აღრიცხვის პროგრამა ქვეყანაში 2013 წლიდან მუშაობს. პროგრამა უზრუნველყოფს ჩაბარებული ყურძნის შესახებ სრული და დაზუსტებული მონაცემების შეგროვებას, რაც მაღალი ხარისხის ღვინის წარმოებისთვის მნიშვნელოვანია.

დასაქმებული ახალგაზრდების ნაწილს, ანალოგიური სამუშაო გამოცდილება გასული წლების რთველიდან უკვე აქვს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ

Imagine Dragons-ის კონცერტზე დამსწრეთათვის ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან.

„დღეს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტი გაიმართება.

კონცერტზე დამსწრე პირებისთვის მუნიციპალური ავტობუსები გახანგრძლივებული დროით იმუშავებენ.

კერძოდ, N307, N334, N345, N358 და N359 ავტობუსები მოქალაქეებს პირველი სექტემბრის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინა კვლავ ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს – ომის 554-ე დღე

ომის 554-ე დღეს, უკრაინა სამხრეთის ფრონტზე კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინული ძალები სოფელ ვერბოვოეს უტევენ, რომელიც ახლახან გათავისუფლებულ სოფელ რაბოტინოს ესაზღვრება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ვერბოვოეს აღების შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

აღმოსავლეთის ფრონტზე კი უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, მარიინკის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, თუმცა ვერცერთი მიმართულებით რუსული ძალები წინსვლას ვერ ახერხებენ.

რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კი, მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, – ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

„დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“, – წერს მერი.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა. სობიანინის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.

31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, დროებით დაიკავოთ/ შეითავსოთ პოზიცია, ან მოგიწიოთ ისეთი საქმის კეთება, რომლის გამოცდილებაც არ გაქვთ. მიუხედავად სიახლისა, ყველაფერს მშვენივრად გაართმევთ თავს.

კურო

გარემო ფაქტორებიდან გამომდინარე, შესაძლოა, მოგიწიოთ გეგმებისა და განრიგის შეცვლა, დაახარისხეთ საქმეები და იყავით დროში მეტად მოქნილი.

ტყუპები

სამსახური მოიცდის, ახლა სასურველია, მოინახულოთ ახლობელი ადამიანები, მშობლები თუ ისინი თქვენგან მოშორებით ცხოვრობენ, ნუ დაიშურებთ მათ მიმართ სიყვარულს.

კირჩხიბი

დიდად სასიკეთო იქნება, საქმიანი შეხვედრა, შესაძლოა, დღეს არაერთი საინტერესო რამ მოხდეს, არც პატარა თავგადასავლებია გამორიცხული.

ლომი

მოულოდნელი, მეტად სასიამოვნო სიურპრიზები და სიტუაციები დიდ შემოსავლებსა და ცხოვრებისეულ ცვლილებებსაც მოგიტანთ.

ქალწული

თავს ყველგან კომფორტულად იგრძნობთ, მხიარული შეხვედრებისა და ღონისძიებების დროა, ყველაფერი თქვენს სასიკეთოდ ვითარდება.

სასწორი

ამ ეტაპზე, ფინანსების თემა ძალიან აქტუალურია. ფრთხილად კანონთან და სამართალდამცველებთან, ყურადღება გამოიჩინეთ დეტალების მიმართ, იმყოფინეთ ის, რაც გაქვთ.

მორიელი

ამოქმედდით, ინტუიცია გიკარნახებთ, როგორ გამოხვიდეთ შექმნილი რთული სიტუაციიდან. მეტად ენდეთ საკუთარ თავს.

მშვილდოსანი

რაღაც ახლისა და განსხვავებულის წინაშე აღმოჩნდებით. თქვენი მთავარი ამოცანაა, გადადგათ პირველი ნაბიჯი, დაიწყოთ საუბარი.

თხის რქა

იყავით ფრთხილი და მოთმინება გამოიჩინეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ მგზავრობას, გზებზე მეტად მოწესრიგებული იყავით, როგორც მართვისას, ასევე, გზაზე ფეხით მოძრაობისას.

მერწყული

მოსალოდნელია, გარკვეული სირთულეები და უთანხმოებების გამწვავება. წამიერი სისუსტის გამო, წყალში ნუ გადაყრით მრავალწლიან ურთიერთობებსა და კავშირებს.

თევზები

კონფლიქტური სიტუაციისას, ნუ აარიდებთ თავს სიტუაციის ბოლომდე გარკვევას, ახლა აუცილებელია, თქვენი პოზიცია სწორად დააფიქსიროთ. კონსტრუქციული საუბარი ყველაფერს მოაგვარებს. გახსოვდეთ, რომ სიმართლე, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს, ყოველთვის სჯობს ტყუილს.