Home Blog Page 2367

“კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს” – საბა ბუაძე

კალაძე აგრძელებს თბილისის აოხრების კვირეულს და დღეს სხდომამდე ერთი დღით ადრე შემოიტანეს „ლაგუნა ვერეს“ და აბრეშუმის ფაბრიკის ცათამბჯენების პროექტი, რომელიც პირადად ივანიშვილმა გაყიდა და მიჰყიდა სანქცირებულ რუს ოლიგარქთან დაკავშირებულ ადამიანებს, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა საბა ბუაძემ “ლაგუნა ვერესა” და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე 50- სართულიანი ცათამბჯენების მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

მან ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის ერთობლივი კორუფციული პროექტი უწოდა და განაცხადა, რომ ის უარყოფითად აისახება თბილისელების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, რადგან ის მნიშვნელოვან სატრანსპორტო კვანძთან სწორედ იმ ადგილას შენდება, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა.

ბუაძემ თბილისის მერიასა და საკრებულოს ამ პროექტის განხილვის გადადების მოთხოვნით მიმართა, იქამდე, სანამ სპეციალისტები საკითხს არ შეისწავლიან.

„ეს არის პროექტი, რომლის განხორციელებაც კატასტროფული იქნება ჩვენი ქალაქისთვის, რომელსაც არანაირი თვალსაზრისით არ გააჩნია მიზანშეწონილობა. როგორც სატრანსპორტო თვალსაზრისით, ისე ურბანული თვალსაზრისით და რაც მთავარია, უსაფრთხოების თვალსაზრისით ორი 50-სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობა აბრეშუმის ფაბრიკისა და “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე იქნება გამანადგურებელი დარტყმა თბილისისთვის, თბილისის ისტორიული იერსახისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძისთვის, რომელიც გმირთა მოედანზე მდებარეობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს არის ტერიტორია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს ყველაზე მეტად დაიტბორა – მდინარე ვერეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური კალაპოტია და აქ სპეციალისტებმა თქვეს, რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლებოდა, მაგრამ კალაძემ, ამ ყველაფრის მიუხედავად, ივანიშვილის სურვილების დასაკმაყოფილებლად და ერთობლივი დიდი კორუფციული სქემის მოსამსახურებლად, გადაწყვიტა, რომ შემოეტანა ეს პროექტი, რომელიც თავისი მოცულობით 150 ათას კვადრატულ მეტრს აღემატება. ჩვენ მივმართავთ თბილისის მერიას და საკრებულოს, რომ გადაიდოს ამ პროექტის განხილვა იქამდე, სანამ სპეციალისტები ჯერ კიდევ მუშაობენ ამ ტერიტორიის შესწავლაზე. ურბანისტები, ხელოვნებათმცოდნეები და ტრანსპორტის სპეციალისტები ახლა მუშაობენ სწორედ ამ დიდი ტერიტორიის შესწავლაზე და იქამდე, სანამ ჩვენ არ გვექნება კვლევის სრული სურათი, აუცილებელია გადაიდოს ეს პროექტი, რომელიც ისედაც ძალიან ბევრ პრობლემას შეიცავს და არის ივანიშვილისა და კალაძის ერთობლივი კორუფციული მმართველობის კიდევ ერთი სახე-ხატი ჩვენს ქალაქში, რომელიც ჩვენი კეთილდღეობისა და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაუარესების ხარჯზე ხორციელდება“, – განაცხადა საბა ბუაძემ.

„მტკიცე სული 2023“ წვრთნები საჰაერო-სადესანტო კომპონენტის საჩვენებელი სწავლებით დაიწყო

საქართველო მრავალეროვნულ სწავლებას „მტკიცე სული 2023“ (Agile Spirit 2023) უკვე მეთერთმეტედ მასპინძლობს. სწავლების ფარგლებში პირველი საჩვენებელი კომპონენტი ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე გაიმართა. აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 173-ე სადესანტო ბრიგადის ასეულმა C-17 მრავალფუნქციური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებიდან საჰაერო-სადესანტო სწავლება განხორციელა.

დესანტის გადმოსხმის ოპერაციას ვაზიანში საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოზეფ ბილბო, თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები, ასევე სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები დაესწრნენ.

Agile Spirit 2023 ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სამწყობრო მოედანზე გაიხსნა. კოლოფებად მოწყობილ სწავლებაში მონაწილე 21 ქვეყნის სამხედროებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე მიესალმნენ.

“მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, BRICS-ის სამიტი საერთაშორისო სამართალსა და გაერო-ს წესდებაზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგს იცავს და ასევე ადამიანის უფლებას თვითგანვითარებაზე. ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ზოგიერთი ქვეყანა თავის ჰეგემონიის მცდელობას, კოლონიალიზმის და ნეოკოლონიალიზმის პოლიტიკას განაგრძობს.

„მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ჰეგემონიის შენარჩუნების მისწრაფებამ უკრაინაში უმძიმესი კრიზისკენ მიგვიყვანა“, – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტზე, ვლადიმერ პუტინზე საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერი არის გაცემული. ამ მიზეზის გამო, რუსეთის პრეზიდენტი სამიტის მუშაობაში ვიდეოფორმატში ჩაერთო.

რას დაგახვედრებს თიბისი Tester’s Day 2023-ზე

9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა. GeoSTQB, თიბისის მხარდაჭერით, ამასთან დაკავშირებით დიდ, 2-დღიან ღონისძიებას ატარებს. ტესტერთა დღე 9-10 სექტემბერს, შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება. იქნება პანელური დისკუსიები, ვორფქშოფები, აუდიტორიის წინაშე წარდგებიან სპიკერები როგორც საქართველოდან, ისე მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან. განიხილება მრავალი საინტერესო საკითხი.

თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში ტესტირების მიმართულებით 180 ადამიანი მუშაობს. 90 მათგანი ტესტერია, 90 – ინჟინერი, რომელიც ავტომატიზაციას უზრუნველყოფს. ტესტერები ყოველდღიურად ამარტივებენ ადამიანების ცხოვრებას და პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების სიჩქარეზე და მაღალ ხარისხზე ზრუნავენ.

თიბისის ტექ.გუნდიდან ტესტერთა დღეზე თათია სებისკევრაძე და ცოტნე აბურჯანია წარსდგებიან, რომლებიც ტექნოლოგიურ, ინოვაციურ და ინსპირაციულ ტრენდებზე და გამოწვევებზე ისაუბრებენ.

“თიბისისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის მხარდაჭერა, რადგან ტესტერთა დღის ღონისძიებაზე ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, რაც იზიდავს და აინტერესებს, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს და უჩენს ამ პროფესიის დაუფლების სურვილის. ამავე კონფერენციაზე ახალგაზრდებს აქვს საშუალება გაეცნონ ადგილობრივ ტექნოლოგიურ კომპანიებს და გამოხატონ ტესტირების ინჟინერიის მიმართულებით დასაქმების თუ გაცნობის სურვილი. პოპულარიზაციის ზრდასთან ერთად შესაბამისი მიღწევები აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას ქვეყნის მასშტაბით”. – ამბობს ალეკო ისკონიანი, თიბისის ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირების ავტომატიზაციის მიმართულების ხელმძღვანელი.

9 სექტემბერს ღონისძიებაზე იქნება კომპანიის სივრცეებიც, სადაც მიიღებთ ინფორმაციას როგორც ვაკანსიების, ისე ტრენინგების შესახებ.

გაიგე მეტი: https://helloblog.ge/story/Tbc-tech-Testers-day-2023

რეგისტრაციისა და ბილეთების შესაძენად კი გადადით ამ ლინკზე

R

“ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას”

არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას – ბევრი სახელმწიფო ხედავს ინტერესს უკრაინის ომში, რასაც ეწირება უკრაინის სახელმწიფო, – ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, “ხალხის ძალის” წევრი გურამ მაჭარაშვილი დიმიტრი მედვედევის განცხადებას.

მაჭარაშვილი მედვედევის განცხადების საპასუხოდ სხვა სახელმწიფოების “ინტერესებზე” საუბრობს და აცხადებს, რომ უკრაინის ომს ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესებიდან გამომდინარე იყენებს.

„ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ვერც რუსეთის და ვერც სხვა სახელმწიფოს თანამდებობის პირის განცხადება ვერ შეცვლის იმ პოზიციას, რომ ჩვენ არ დავუშვებთ საქართველოს უკრაინიზაციას. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ბევრი სახელმწიფო თავის ინტერესს ხედავს უკრაინის ომში, რასაც ეწირება სამწუხაროდ უკრაინის სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი, უკრაინის ეკონომიკა, მომავალი და ა.შ.

ბუნებრივია, საქართველოს უკრაინიზაციას ჩვენ არ დავუშვებთ, როგორი მაპროვოცირებელი, შეურაცხმყოფელი განცხადებებიც არ უნდა გააკეთონ, მედვედევი იქნება ეს, რუსეთის ფედერაციის სხვა თანამდებობის პირი თუ სხვა სახელმწიფოს ნებისმიერი თანამდებობის პირი. ჩვენ ბუნებრივია ამას დავგმობთ, შესაბამის პასუხს გავცემთ, მაგრამ არ ავყვებით პროვოცირებას, რასაც ჰქვია ნებისმიერი ფაქტი თუ განცხადება, რომ საქართველოში მოხდეს უკრაინიზაცია. ამას ჩვენ არ დავუშვებთ,”- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა ჯერ კიდევ პოპულარულია და სრულიად შესაძლებელია, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზები იარსებებს“, – განაცხადა მედვედევმა.

მისივე თქმით, თუ მათი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დააყოვნებენ.

“ისევ მიდის საუბარი საქართველოს ნატო-ში შესაძლო გაწევრიანებაზე. ამ ქვეყანაში რუსოფობიის აფეთქებები დაიწყო. ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. მზად ვართ დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, გაერო-ს წესდების სულისკვეთებით, პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ თუ ჩვენი შეშფოთება რეალურ ფორმას მიიღებს, არ დავაყოვნებთ,”- განაცხადა მედვედევმა.

“არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა, რომ ათენის სამიტზე საქართველო ყოფილიყო მიწვეული” – მიხეილ სარჯველაძე

განცხადება გაკეთდა, რა ფორმატის შეხვედრა იყო ათენში და რამ განაპირობა მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ათენის სამიტს, რომელიც 21 აგვისტოს გაიმართა და ევროკავშირის კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი 8 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.

სარჯველაძე გამოეხმაურა, ასევე, საკითხს იმის შესახებ, თუ რატომ არ მიიწვიეს საქართველოს დელეგაცია კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეზე, ასევე, რატომ არ გავრცელდა ინფორმაცია “მებრძოლი სულის” სწავლების თაობაზე, რომელიც აგვისტოში ჩატარდა. კითხვაზე ხომ არ აჩვენებს ეს ყველაფერი, რომ ხელისუფლებას ქვეყანა საერთაშორისო იზოლაციისკენ მიჰყავს, სარჯველაძე პასუხობს, რომ ამ სამი საკითხის ერთმანეთთან დაკავშირება არის იმის მცდელობა, რომ ხელოვნურად შეიქმნას თემა, თითქოს საქართველოსთვის რაიმე “არაკეთილსასურველი გარემო იქმნება.”

“ქვეყანა, რა თქმა უნდა, თანამშრომლობს და აღრმავებს თანამშრომლობას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ინფორმაცია ამის შესახებ გამოქვეყნდა, ინფორმაციის გავრცელების მასშტაბი თუ ვინმესთვის არადამაკმაყოფილებელი იყო, თქვენ შეგეძლოთ ამის თაობაზე პოზიტიურ კონტექსტში გესაუბრათ, მაგრამ ეს არ გააკეთეთ, რადგან ჩასაფრება იყო უფრო მეტად მნიშვნელოვანი. სამწუხაროდ, ცუდად გამოიყურება ეს ყველაფერი, მაგრამ ასეა.

ათენთან დაკავშირებით ითქვა და განცხადებაც გაკეთდა ეს რა ფორმატის შეხვედრა იყო და რამ განაპირობა მათ შორის, მოლდოვის და უკრაინის მიწვევა და რატომ არ იყო აუცილებლობა და არც ლოგიკა არსებობდა, რის გამოც შეიძლება საქართველო ყოფილიყო იქ მოწვეული.

ბოლოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით – პირველ რიგში, რასაკვირველია, ვულოცავ ამ დღეს მთელ უკრაინას. რასაკვირველია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე და მით უფრო, დღევანდელობაში მკაფიოდ გამოიკვეთა მნიშვნელობა ამ დღისა. თუ რა განაპირობებს საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით მიწვევის საკითხს, პროტოკოლური ურთიერთობები როგორ წარიმართება, მე ინფორმირებული არ ვარ ამ წუთას, მაგრამ ძალიან ვისურვებდი არავინ არსებობდეს არც საქართველოში და არც უკრაინაში, ვინც ძალიან დიდი გულშემატკივარი აღმოჩნდება ქართულ -უკრაინული ურთიერთობების დაზიანების. სამწუხაროდ, დღეს ოპოზიციაში საქართველოში და უკრაინაშიც საკმაოდ მოიპოვებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც აქტიურად გულშემატკივრობენ, რომ დაძაბული და გართულებული იყოს ურთიერთობა საქართველოსა და უკრაინას შორის. ეს არის გაგრძელება იმ ნაბიჯების, რაც იყო თავის დროზე მიღებული უსაფუძვლოდ ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით და ბევრი სხვა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არცთუ მაინც და მაინც მეგობრულად გამოიყურება,” – განაცხადა სარჯველაძემ.

“ჩააქრე აწი, გეყოფა, ყველაფერს თავისი დრო აქვს…” – გოგა ხაინდრავა ინგა გრიგოლიას

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას ტვიტერით რჩევას აძლევს:

“ხომ იცით, ყველაზე მეტად მაშინ მენთება…
მზად ვარ შევასკდე ხოლმე ყველას
და ყველაფერს!!!”
– ინგა გრიგოლია.
ჰოდა, რომ აინთები და “უპრაგონოდ” ასკდები ხოლმე ყველას და ყველაფერს, იმიტომაც ამოყავი ჭუტასთან თავი. ჩააქრე აწი, გეყოფა, ყველაფერს თავისი დრო აქვს…” – წერს გოგა ხაინდრავა.

“კატეგორიულად მიუღებელია განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან”

სარჯველაძე

ხელისუფლების სახელით მინდა ვთქვა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ – კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან, – ასე პასუხობს ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე კითხვას, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალურ პოზიციას დიმიტრი მედვედევის განცხადებებთან დაკავშირებით.

სარჯველაძის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური.

“საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, ერთი მხრივ, აღიარებულია მთელი ცივილიზებული საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და საქართველოს პოზიციაც ამ მიმართულებით არის ურყევი, ერთმნიშვნელოვანი, ცალსახა. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება არათანხვედრაში, შეუთავსებელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრიორიტეტთან, არის კატეგორიულად მიუღებელი და არალეგიტიმური. აქედან გამომდინარე ეს ერთმნიშვნელოვნად არის კატეგორიულად მიუღებელი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ სახელმწიფოს წარმომადგენლისგან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიები. საქართველო ვერასდროს, ვერც ერთ შემთხვევაში შეურიგდება ტერიტორიების ოკუპაციას და გავაგრძელებთ ბრძოლას დეოკუპაციისთვის, ეს ნიშნავს, რომ საქართველო აუცილებლად შეძლებს მშვიდობიანი გზით აღასრულოს ისტორიული სამართლიანობა, დაიბრუნოს ტერიტორიები და მასზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქენი,”- განაცხადა სარჯველაძემ.

კითხვაზე, ელოდება თუ არა საგარეო უწყებისგან ოფიციალური განცხადების გავრცელებას, სარჯველაძე პასუხობს, რომ საქართველოს ხელისუფლების სახელით ამბობს, რომ კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან.

“მთლიანად, მთელი საქართველოს ხელისუფლების სახელით მინდა ახლა მაშინ გავაკეთო განცხადება და ყველას სახელით ვთქვა, უკლებლივ ყველასი და ყველასგან, ვისაც შესაძლებლობა მიეცემა და ვისაც კითხვას დაუსვამთ, აუცილებლად იგივე პასუხს მიიღებთ ვინც წარმოადგენს საქართველოს ხელისუფლებას – კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები, რომელიც შეუთავსებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპთან”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, ვერავინ გამოკვეთს, რომ ხელისუფლებას მსგავს განცხადებებთან შემრიგებლური დამოკიდებულება აქვს.

“ნუ ცდილობთ ამას, ამით საერთო ეროვნულ ინტერესს აზიანებთ,” – მიმართა ჟურნალისტს სარჯველაძემ.

სტიქიის ზონაში ნაპოვნი 29 გარდაცვლილიდან 27 იდენტიფიცირებულია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის, პაპუნა მარგველიძის განაცხადებით, შოვში, სტიქიის ზონიდან ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27 იდენტიფიცირებულია.

მისივე ინფორმაციით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს 4 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა ჯგუფის მიერ პერიოდულად მიმდინარეობს მთების, მწვერვალების მონიტორინგი.

„უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები, როგორც კურორტ შოვის ტერიტორიაზე ანუ სტიქიის ეპიცენტრში, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. საძიებო სამუშაოების პერიმეტრი გაზრდილია ამბროლაურამდე. 29 დაკარგული მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი, 4 დაკარგულ მოქალაქეზე გრძელდება საძიებო სამუშაოები. ამოსვენებული 29 მოქალაქიდან 27-ის იდენტიფიცირება მოხდა. პერიოდულად ხდება მონიტორინგი მთებზე, მწვერვალებზე. გარემოს ეროვნული სააგენტოს და გეოლოგთა, ექსპერტთა ჯგუფი არის ამ მონიტორინგში ჩართული“, – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

“რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა” – მაია ბუწაშვილი

გახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა – მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია იმის რისკს ქმნის, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინებამ მოიმატოს.

„რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. იცით, რომ მიგრაცია მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და შესაბამისად, იმის რისკია, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს. საკმაოდ, ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები. სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა“,- აღნიშნა ინფექციონისტმა.

მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება Ketamine აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება.

როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3 კილოგრამი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება Ketamine აღმოაჩინეს.

„სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის, წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ინიციატივით გამოდის

„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, იმ მევენახეებმა, რომლებსაც ბუნებრივი პირობების გამო მოსავალი გაუნადგურდათ, შარშანდელი მოსავლის მიხედვით, სუბსიდიისთვის გამოყოფილი 20 თეთრი მიიღონ.

როგორც პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება დაზარალებული მევენახეებისთვის შეღავათი იქნება, რათა მათ ვალების გასტუმრება შეძლონ.

„შეიძლება ითქვას, რომ კახეთში წელს მინიმუმ 50% ოჯახებისა, ფაქტობრივად, რთველს ვერ ჩაატარებს. განადგურებულია მთლიანად მოსავალი, რაც განაპირობა უხვმა ნალექმა. ამ ყველაფერთან დაკავშირებით ხელისუფლების მხრიდან ვერ იქნება არგუმენტი, ვთქვათ, რატომ არ ჰქონდა გლეხს დაზღვეული ვენახი. გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული პირობები არ არის შეტანილი დაზღვევის სადაზღვევო საქმიანობაში. ამიტომ ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით, ის თანხა, რომელიც გამოყოფილია ისევ სუბსიდირებისთვის – 50 მლნ ლარი, მოხმარდეს, რა თქმა უნდა, იმ დაზარალებულ მოსახლეობას. ინიციატივა ითვალისწინებს შემდეგ რამეს – მაგალითად, კონკრეტულ გლეხს თუ შარშან ჩაბარებული ჰქონდა 5 ტონა ყურძენი და წელს მთლიანად განადგურებულია მისი მოსავალი, სწორედ ამ 5 ტონის შესაბამისი 20 თეთრი, რომელიც გამოყოფილია სუბსიდირებისთვის, მოხდეს ამის კომპენსირება, რაც რეალურად ამ გასაცოდავებული ადამიანისთვის შეადგენს თუნდაც 1000 ლარს და სწორედ ეს თანხა დაეხმარება ამ გლეხებს იმისთვის, რომ გაისტუმრონ აღებული ვალი,“ – განაცხადა ბოტკოველმა.