Home Blog Page 2356

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ… მომდევნო 8 წელი გულში ჩახუტებულმა გატარე… ახლა სად გაგიშვა?”

შოვში ტრაგიკულად დაღუპულ გვანცა ბუბაშვილს ახლობლები ემშვიდობებიან.

სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს გვანცას მასწავლებელი, ლიკა ჭუმბურიძე და წერს:

„4 წელი ხელჩაკიდებულებმა ვიარეთ❤მომდევნო 8 წელი გულშიჩახუტებულმა გატარე❤ახლა სად გაგიშვა, როგორ????

ეს ჩემი გვანცაა…მხიარული, ერთგული, უღალატო, ძლიერი….❤

ჩემი და შენი კლასელების დიდი ტკივილი იქნები მუდამ ❤

შენი ხმა, სიცილი, გამოხედვა, ეშმაკუნა თვალები მუდამ ჩემს გობენაში იქნება..

შეგხვდები, როცა უფალი ინებებს“ – წერს ლიკა ჭუმბურიძე და გვანცას ფოტოებს გვიზიარებს.

კაპროვანში, ზღვაში 30 წლამდე კაცი დაიხრჩო

კაპროვანში, ზღვაში 30 წლამდე კაცი დაიხრჩო. გავრცელებული ინფორმაციით, ის რუსეთის მოქალაქეა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, კაცი ზღვაში გუშინ გაუჩინარდა. მისი ცხედარი მაშველებმა წყლიდან დღეს ამოიყვანეს.

აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ზუგდიდს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა

,,თავისუფალი გადაადგილების სოციალური სერვისი – საჭიროების მქონე პირთა ინდივიდუალური მობილურობა“ – ეს არის ზუგდიდის მერიის ექსკლუზიური პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ამერიკის შეერთებული შტატების ევროპულმა სარდლობამ ქალაქს სპეციალიზებული მიკროავტობუსები გადასცა.

ზუგდიდი პირველი ქალაქია ქვეყნის მასშტაბით, სადაც პროექტი ხორციელდება. მუნიციპალიტეტი ზუგდიდში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე მუშაობს.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე 10 სექტემბრის ჩათვლით, მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე მდებარე კლდოვან ფერდზე, პრევენციის მიზნით, ქვათაცვენის საწინააღმდეგო დამცავი ბადის მოწყობა და კლდის გაწმენდა გრძელდება.

„მიმდინარე სამუშაოების გამო, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო დღეა. ის შეიძლება რთულიც აღმოჩნდეს, მაგრამ სწორედ ამ დღიდან დაიწყება სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. დაბრკოლებებს, რომლებიც წინსვლაში ხელს გიშლით, გზიდან იშორებთ. ამას რა თქმა უნდა, დიდი ძალა სჭირდება და ყველაზე ენერგიული ვერძებიც კი თავს გამოფიტულად იგრძნობენ.

ყურადღებით დააკვირდით რა ხდება თქვენ გარშემო, შეადარეთ ფაქტები და დასკვნები გამოიტანეთ.

კურო

თქვენს წამოწყებებს დიდი მომავალი აქვს. ეს როგორც სამსახურს, ისე პირად ურთიერთობებსაც ეხება. მაგალითად, შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ რომანში გადაიზარდოს, რომელიც ქორწინებით დაგვირგვინდება.

ამ დღის ამოცანაა, არ იჩქაროთ და არ იზარმაცოთ. ზოგჯერ სასურველი შედეგის მისაღწევად დროა საჭირო.

ტყუპები

წარმატების მისაღწევად მოქმედების თავისუფლება გჭირდებათ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისთვის. გარშემო მყოფები თქვენში ხედავენ ძლიერ ადამიანს, რომლის აზრები და პოზიცია ყურადღებას იმსახურებს. შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მათთან, ვისგანაც რაღაცის სწავლა შეიძლება.

ამ დღეს მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. მალე იპოვით შესაძლებლობას, რომ საკუთარი ცოდნა ფულად აქციოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ ურთიერთობაში სიფხიზლე და სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ზოგიერთ კირჩხიბს უსიამოვნო სიურპრიზები ელის – მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ თქვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. თუ ვინმე დაჟინებით ცდილობს თქვენი ყურადღების მიპყრობას, ფხიზლად უნდა იყოთ – სავარაუდოდ, ის თქვენი ნდობის მოპოვებას ცდილობს, რათა საკუთარი მიზნებისთვის გამოგიყენოთ.

ლომი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ყველაზე რთულ და დახლართულ საქმესაც კი ადვილად უმკლავდებით. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ – შეძენილი ცოდნა და უნარები ძალიან მალე გამოგადგებათ. შეგიძლიათ მნიშვნელოვანი ფინანსური საკითხები მოაგვაროთ – როდესაც საქმე ფულს ეხება, თქვენი ინტუიცია განსაკუთრებით კარგად მუშაობს.

ყოველდღიურ საქმეებს სწრაფად გაუმკლავდებით და საკმარისი დრო დაგრჩებათ, რათა რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანა განახორციელოთ.

ქალწული

რთული დღე გელოდებათ და ეცადეთ, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. არაკეთილსინდისიერი ადამიანების გარდა, ბრძოლა მოგიწევთ საკუთარ ემოციებთანაც, რომლებიც დროდადრო დაუფიქრებელი მოქმედებისკენ გიბიძგებთ. გირჩევთ ყოველი სიტყვა აწონ-დაწონოთ, რადგან ამ დღეს კონფლიქტი შეიძლება ნებისმიერმა წვრილმანმა გამოიწვიოს.
აკეთეთ ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდით, ანუ მოაგროვეთ და შეისწავლეთ ინფორმაცია, გამოიტანეთ დასკვნები და დასახეთ გეგმები – კონკრეტული მოქმედებისთვის შესაფერისი დრო ჯერ არ დამდგარა.

სასწორები

ამ დღეს სირთულეები მოსალოდნელია, მაგრამ მათ გადაჭარბებული მნიშვნელობა არ უნდა მიანიჭოთ. ზოგადად, სიტუაცია არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. უბრალოდ. უნდა მიხვდეთ, როდის შეიძლება მოვლენების განვითარებაზე გავლენა მოახდინოთ და როდის არა. ოჯახში და სამსახურში მცირე უთანხმოება გელით, მაგრამ ეს დროებითი პრობლემებია, რომლებსაც მალე გადალახავთ.

მორიელი

სასიკეთო ცვლილებები გელით, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მოვლენების განვითარება დამოკიდებულია თქვენს გარემოცვაზე და მოკავშირეების სწორად არჩევაზე. შეეცადეთ, გვერდით ისეთი ადამიანები გყავდეთ, რომლებიც არა მარტო კონკრეტული პრობლემების გადაჭრაში, არამედ კონკურენტების მოგერიებაშიც დაგეხმარებიან.

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისა და მნიშვნელოვანი საკითხების განხილვისთვის. თუ არ იზარმაცებთ, ამ დღეს არა მარტო საკუთარი თავისთვის, გარშემო მყოფებისთვისაც ბევრი საქმის გაკეთება შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

ეს დღე საუკეთესოა დასვენებისთვის, მაგრამ თუ დასვენების საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, საკუთარ თავზე იმუშაოთ – ეს ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე ნებისმიერი თანამშრომლობა.

გირჩევთ, ამ დღეს საქმიანი კონტაქტები მინიმუმამდე შეამციროთ, მაგრამ მეგობრებთან და ნათესავებთან მეტი დრო გაატაროთ. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ამ დღეს მიიღებთ, საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ – ის შეიძლება, ყალბი იყოს.

თხის რქა

ეცადეთ, ადრე გაიღვიძოთ, რადგან დილა ამ დღის ყველაზე წარმატებული დროა. თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება ახალი მოკავშირეები იპოვოთ და მიიღოთ ფული, რომელიც ძალიან გამოგადგებათ.

დღის მეორე ნახევარი დილისგან რადიკალურად განსხვავდება. სამუშაოს დაწყება და მით უმეტეს დასრულება ძალიან გაგიჭირდებათ, რადგან ოცნების ღრუბლებში დაფრინავთ და რეალურ პრობლემებს ვერ ხედავთ.

მერწყული

დატვირთული და საინტერესო დღეა. ყველას დაუმტკიცებთ, რომ დამოუკიდებლად მოქმედება შეგიძლიათ და მუდმივი მხარდაჭერა, მფარველობა და გაუთავებელი რჩევები არაფერში გჭირდებათ.

შესაძლებელია უთანხმოება და კონფლიქტი მენეჯმენტთან, თუმცა არ შეგეშინდეთ – საკუთარი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ და პატივისცემას დაიმსახურებთ.

თევზები

რთული, მაგრამ ნაყოფიერი დღე გელით. დროა, არაკეთილმოსურნეებთან ღია ბრძოლაში ჩაერთოთ და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვოთ.

თქვენ შეგიძლია შესანიშნავი შედეგები მიიღოთ იქ, სადაც სხვებს არ შეუძლიათ, რადგან სირთულეებისა და ექსპერიმენტების არ გეშინიათ. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო სიახლე გელით.

 

“პრიგოჟინის სიკვდილი ადასტურებს, რომ პუტინის ნდობა არ შეიძლება” – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ ევგენი პრიგოჟინის სიკვდილი ცხადყოფს, რომ ვლადიმირ პუტინის ნდობა არ შეიძლება.

„პრიგოჟინის სიკვდილმა დაასუსტა პუტინი. იმიტომ, რომ ამან მსოფლიოს აჩვენა: თუ პუტინი ვინმესთან გარიგებას დადებს და მას არღვევს, ეს ნიშნავს, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება. ეს უბრალოდ განგსტერების ქცევაა და კრემლი ასეც იქცევა“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

23 აგვისტოს რუსეთში, ტვერის ოლქში ჩამოვარდა კერძო თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა. ბორტზე მყოფი ათივე ადამიანი, მათ შორის ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, რეისზე დარეგისტრირებული მგზავრების სიაში იყვნენ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, მისი მარჯვენა ხელი დმიტრი უტკინი და დაჯგუფების სხვა მეთაურები.

ფიროსმანის სივრცეს დანიის ლუიზიანას მუზეუმში 260 ათასი სტუმარი ეწვია

„ფიროსმანის გამოფენის დამთვალიერებელთა რიცხვმა ჩვენს დიდ მოლოდინს გადააჭარბა“, – ასე ეხმიანება დანიის ლუიზიანას მუზეუმის დირექტორი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გამოგზავნილ წერილში გენიალური ქართველი მხატვრის ექსპოზიციას.

წერილში აღნიშნულია, რომ ფიროსმანის სივრცეს 260 ათასი სტუმარი ეწვია. გამოფენა, რომელიც მხატვრის 48 ნამუშევარს მოიცავს, ევროპაში მოგზაურობას განაგრძობს. დანიის შემდეგ ფიროსმანს შვეიცარიაში, ბეილერის ფონდში გაიცნობენ.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე თავისუფალი არიან და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა „ცხელი ხაზის“ მექანიზმი.

„კახაბერ ნათაძის და მამუკა ჩხიკვაძის უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება რეგულარულად აყენებდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატებში.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

მოლაპარაკების არსებული ფორმატებისა და ინსტრუმენტების ფარგლებში წარმოებული ინტენსიური დიალოგის შედეგად, კახაბერ ნათაძე და მამუკა ჩხიკვაძე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გასათავისუფლებლად.

ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე და კახაბერ ნათაძე 2021 წლის დეკემბერში დააკავეს.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ რთვლის სუბსიდირება მხოლოდ 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ დაიწყო” – ლადო პაპავა

აკადემიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ლადო პაპავა „ნაციონალური მოძრაობის“ იმ რეაქციას იხსენებს, როდესაც 2007 წელს რთვლის სუბსიდირების საკითხი დადგა.

„მახსოვს 2007 წლის შემოდგომა იყო, მაშინ დეპუტატი გახლდით საქართველოს პარლამენტის, კახეთში რთველი უკვე დამთავრებული იყო და ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა დააყენა საკითხი, რომ რაჭაში მოგვიანებით არის რთველი და მოდით გამოვყოთ 5 მილიონი სუბსიდირებისთვისო. ატყდა ერთი ამბავი – როგორ შეიძლება ამის გაკეთება, ყველა დარგი თავისით უნდა ვითარდებოდეს, არანაირი სუბსიდირებაო და ეს საკითხი ჩააგდეს. მერე მოხდა 2007 წლის 7 ნოემბერი, ყველასთვის კარგად ცნობილი, დაინიშნა საპრეზიდენტო არჩევნები და მხოლოდ ამის შემდეგ, 2008 წლის შემოდგომიდან დაიწყო რთვლის სუბსიდირება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ, რადგან მაშინ სჭირდებოდა გარკვეული მხარდაჭერა მოეპოვებინა ხალხში“, – აცხადებს პაპავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ფერმერებთან სტუმრობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, რთველთან დაკავშირებით მთავრობის სხდომა გაიმართა და გადაწყდა, რომ სახელმწიფო გლეხებს მასშტაბურ დახმარებას გაუწევს. კერძოდ, სახელმწიფო სრულად ჩაიბარებს იმ ყურძენს, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნა არ იქნება. დაზიანებულ ყურძენში მევენახეს სახელმწიფო 90 თეთრს გადაუხდის.

“ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის კარებში გაეჩხიროს” – ლევან ხაბეიშვილი

რუსული პარტია ომს აბრალებს ამერიკას, დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს – მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც მან თქვა, რომ „მიმდინარეობს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის კამპანია”.

მისი თქმით, „რუსული პარტია ახორციელებს საბოტაჟს ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის“.

„ისინი აკეთებენ ყველაფერს, ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილს, კობახიძეს, ღარიბაშვილს, რომ ჩვენ არ მივიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ისინი ომს აბრალებენ ამერიკას, ისინი ომს აბრალებენ დასავლეთს, ევროპას. ხალხი კარგად არჩევს – მშვიდობა, უსაფრთხოება არის ევროკავშირში და შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილი ცდილობს კარებში გაეჩხიროს ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს არ უნდა მოახერხოს ივანიშვილმა და თუ დაგვჭირდა პოლიტიკური ფეხებიც უნდა მივამტვრიოთ იმ კარებში ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ პარტიას”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“ვეთანხმები კელი დეგნანს” – თამარ ჩიბურდანიძე

დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, აუცილებელია, შევისწავლოთ „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები და მოლდოვას მსგავსად სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ.

„არის საკითხი, რაშიც სრულიად ვეთანხმები ამერიკის ელჩს, დიახ, გვერდით უნდა გავწიოთ ის ადამიანები, რომლებიც სრულ პოლარიზაციას იწვევენ ქართულ საზოგადოებაში და ცდილობენ, დეზინფორმაციით თავს მოახვიონ საკუთარი ყალბი პოლიტიკა. უფრო მეტიც, ასეთი ადამიანები არა მარტო გვერდით უნდა გავწიოთ, არამედ საერთოდ ჩამოვაცილოთ პოლიტიკას და თუ საჭირო იქნება, პასუხიც ვაგებინოთ ქვეყნის წინაშე განხორციელებულ მტრულ ქმედებებზე. ასეთ შემთხვევაში სხვა ვეღარ გაბედავს მსგავს ქმედებას.

სწორედ ამ პროცესს იწყებს ჩვენი მოძრაობა შემოდგომიდან და იმედს ვიტოვებთ, რომ საზოგადოების დიდი მხარდაჭერა გვექნება. ამ ინიციატივამ უკვე გამოიწვია დიდი მოწონება ქართველ ხალხში. დემოკრატია არ ნიშნავს დანაშაულის მიტევებას, სიტყვის თავისუფლება კი არ ნიშნავს უარგუმენტო ბრალდებას. ამიტომ, როგორც ჩვენმა ლიდერმა აღნიშნა, უნდა შევისწავლოთ ყოფილი ხელისუფლებისა და მათი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ საქმიანობა და მოლდოვას მსგავსად შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ” – დიმიტრი მედვედევი ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან შეხვედრაზე

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ლიდერებს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ – მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის.”

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასევე გადაუხადა მადლობა მედვედევს „2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, „შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება.”