Home Blog Page 234

,,ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან” – სალომე ზურაბიშვილი

ამ წუთებში იგზავნება ერთობლივი წერილი ჩემი ხელმოწერით ყველა ევროპულ ლიდერთან, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ხვალ და ზეგ ევროპული საბჭოს შეხვედრაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს შეხვედრის დღის წესრიგი მოიცავს უკრაინას, თავდაცვის ახალ პროექტებს და მათ დაფინანსებას, სადაც დღეს არ წერია საქართველო, როგორც ამ დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა.

„სწორედ ეს იყო, რამაც განაპირობა ამ წერილის გაგზავნა, რომ რაც არ უნდა სხვა პრიორიტეტები იყოს, არ შეიძლება, არ იყოს გარკვეული ყურადღება იმის მიმართ, რაც ხდება დღეს საქართველოში – ეს რეპრესიული რეჟიმის ყოველდღიური გაძლიერება თუ არა, გაფართოება. ის, რომ საქართველო ვერ იქნება განხილული როგორც ცალკე ჩაკეტილი პოლიტიკური კრიზისი, ეს არის ნაწილი იმ კრიზისის, რომელიც დღეს მოიცავს ევროპას, რომელმაც მიიღო უკრაინაში სამხედრო ფორმა, მაგრამ საქართველოში არის სხვა ფორმით, ჰიბრიდული ფორმით, იგივე აგრესიაა საქართველოს მიმართ, საქართველოს დამოუკიდებლობის, დემოკრატიის, საქართველოს ევროპულობის წინააღმდეგ მიდის ბრძოლა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ფორმა. ეს არის ბრძოლა, რომელიც გავიდა ჯერ არჩევნების მანიპულაციაზე, შემდეგ კი იმაზე, რომ არის ხელისუფლება, დღევანდელი მმართველი რეჟიმი, რომელიც მიდის ამ მიმართულებით, რომ გააუქმოს საქართველოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ევროპულობა.

ეს არის ის, რაც ჩვენმა პარტნიორებმა უნდა გაიგონ, რომ არ შეიძლება, საქართველოს საკითხი არ იყოს განხილული, როცა დისკუსია იქნება შავი ზღვის შესახებ. შავ ზღვაზე ჩვენ გვაქვს პირდაპირი ინტერესი, რომ იქ მართლაც უსაფრთხოება და თანამშრომლობა გაძლიერდეს. შავ ზღვაზე დღევანდელი „ქართული ოცნება“ აპირებს, მაგრამ ძალიან არაგამჭვირვალედ, რომ შემოიყვანოს ჩინეთი ანაკლიის პორტში. ის ფაქტი, რომ რუსები აპირებენ ოჩამჩირეში სამხედრო ბაზა გახსნან, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ უნდათ თუ არ უნდათ, საქართველო ჩართულია შავი ზღვის უსაფრთხოებაში, თანამშრომლობის საკითხებში და უნდა იყოს განხილული.

ასევე, როცა ლაპარაკია, რა უნდა იყოს ოკუპირებული ტერიტორიების ბედი, თუნდაც უკრაინაში, ის ფაქტი, რომ ჩვენს ტერიტორიაზე არსებობს ოკუპირებული ტერიტორიები, ესეც ვერ იქნება მივიწყებული იმ დროს, როცა მიდის ფართო მოლაპარაკებები ამგვარ საკითხებზე. საქართველო არის თემა ევროპისთვის, რაც არ უნდა ისეთი გამოწვევა არსებობდეს დღეს, რომელიც უფრო მეტად იწვევს ყურადღებას. ეს იყო მიზანი ჩვენი წერილის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.

ამასთან, ზურაბიშვილის თქმით, წერილში ასევე მოთხოვნილია, რომ ევროპული საბჭოს მომავალ სხდომაზე დღის წესრიგში საქარველოს საკითხი ჩაიწეროს.

„ასევე იქ მოთხოვნა არის, რომ მომავალი ევროპული საბჭო, რომელიც ჩატარდება ალბათ ივნისში, დღის წესრიგში უშუალოდ ჩაწერილი იყოს საქართველოს საკითხი. მანამდე მზადყოფნა იმისი, რომ მეც და ეს კოორდინირებული პოლიტიკური პარტიები ჩავიდეთ, დავესწროთ ევროპული პარლამენტის სესიას და იქ წარვადგინოთ ის საკითხები, რომელიც დღეს ისმება საქართველოში და უნდა იყოს განხილული ევროპელი პარტნიორების მიერ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ჯეი დი ვენსი აშშ-ის 2028 წლის არჩევნებისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილება

აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა 2028 წელს აშშ-ში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა, კენჭი იყაროს. ინფორმაციას Axios-ი ავრცელებს.

სავარაუდოდ, მას „რესპუბლიკური“ პარტია დაასახელებს. როგორც აშშ-ის სენატორმა, ჯიმ ბენქსმა, რომელიც დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეა, გამოცემას განუცხადა, ვენსის კანდიდატურის დასახელება „გარდაუვალია“.

„ის [ვენსი] მოძრაობა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ მომავალია, და მან თავი უკვე გამოიჩინა“, – თქვა სენატორმა.

როგორც Axios-ი იუწყება, ტრამპის ბევრი ძველი თანაშემწე და მომხრე მოქმედ ვიცე-პრეზიდენტში ხედავს ადამიანს, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის მსოფლმხედველობას რამდენიმე ათწლეულით გააძლიერებს. მათი თქმით, ტრამპმა ძველი „რესპუბლიკური“ პარტია დაშალა, ხოლო ვენსს ახლის მშენებლობის დასრულება შეუძლია.

მედიის ცნობით, ვენსმა ტრამპის მომხრეების სიმპათიები მისი მეომრული საჯარო გამოსვლებითა და გუნდში მუშაობის კარგი დემონსტრირებით შეძლო. ის აგრეთვე თეთრი სახლის ლიდერის მიმართ ურყევი ერთგულებით გამოირჩევა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ლევან ვარშალომიძემ ყაზახეთში წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ანთაძის განმარტებით, იურიდიული პროცედურები გრძელდება.

18 მარტს ცნობილი გახდა, რომ ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში ჩაფრენისას დააკავეს.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ ლევან ვარშალომიძეზე რუსეთში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე უკრაინისთვის პოლიტიკური და საკონსულტაციო დახმარების გაწევისთვის და დაკავებაც ამ ფაქტს უკავშირდება.

რა ეღირება დოლარი და ევრო 20 მარტს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7850 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7850 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7865 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0015 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0345 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი 3.0470 კურსი ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0125 ლარი შეადგინა.

“პუტინი მოლაპარაკების დროს: რა იმალება რუსი ლიდერის სტრატეგიასა და ტაქტიკაში?”-Le Point

ფრანგული ჟურნალი „ლე პუენი“ (Le Point) აქვეყნებს სტატიას სათაურით: „პუტინი მოლაპარაკების დროს: რა იმალება რუსი ლიდერის სტრატეგიასა და ტაქტიკაში?“ (ავტორი – ჟერარ აგო, საფრანგეთის ექს-წარმომადგენელი გაეროში). „უკრაინის კონფლიქტის მოსაგვარებლად ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის საბოლოო მოლაპარაკების შედეგები შეიძლება ახლავე გამოვიცნოთ. რუსეთის პრეზიდენტის მხარეზეა ორი ფაქტორი: პირველი – მან კარგად იცის პოლიტიკური ვაჭრობა და მეორე – რუსეთის არმიას უპირატესობა აქვს ბრძოლის ველზე“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:

როცა ამერიკულ შუამავლობასთან დაკავშირებით ზოგიერთ კომენტარს და დასკვნებს ვკითხულობ, თანდათანობით ვხვდები, რომ მათი ავტორები არ ითვალისწინებენ იმ რთული პროცესის სპეციფიკას, რასაც მოლაპარაკება წარმოადგენს.

მოლაპარაკების საგნისა და ფორმისაგან დამოუკიდებლად, ეს პროცესი დაფუძნებულია გარკვეულ წესებზე და პროცედურებზე, რომელიც მრავალი წლის ტრადიციითაა განმტკიცებული და, შეიძლება ითქვას, მუდმივად მეორდება. ეს არის ერთგვარი არაფორმალური რიტუალი, რომელიც იშვიათად თუ ირღვევა – იმიტომ, რომ საკუთარი გამოცდილებით ვრწმუნდებით მის სარგებლობაში.

როცა თქვენ საქმე გაქვთ ისეთ ადამიანთან, რომლის მიმართ ერთგვარ შიშს განიცდით, ამ დროს მთავარია მოლაპარაკების დროს სიფრთხილე გამოიჩინოთ, ისაუბრეთ დაკვირვებით, წინ უეცრად ნუ გაიჭრებით, ნაბიჯ-ნაბიჯ იარეთ… მაგრამ ეს დარიგება იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუ თქვენ დონალდ ტრამპი გქვიათ: დარწმუნებული იყავით, რომ ვლადიმერ პუტინი კვალდაკვალ არ მოგყვებათ. რუსული დიპლომატია ნელია, დაყოვნებული, ფრთხილი და სისტემატური. მე პირადად გაეროს უშიშროების საბჭოში საკმაო ხანი ვიმუშავე და მერწმუნეთ, კარგად შევისწავლე რუსული მიდგომები მოლაპარაკების დროს.

პუტინი – იდეალური მომლაპარაკებელი?

ნებისმიერი მოლაპარაკება  იწყება მეტოქეზე დაკვირვების ეტაპით, როცა იგი მუდმივად იმეორებს და იმეორებს თავის ყველაზე ხისტ პოზიციებს, სანამ ნამდვილი ვაჭრობა დაიწყება.

პარადოქსულია, მაგრამ ფაქტია: ნებისმიერ მოლაპარაკებას წინ უძღვის განცხადებები, რომლის დროსაც თითოეული მხარე ფიცს სდებს, რომ უკან არავითარ შემთხვევაში არ დაიხევს. ამ დროს უნებლიედ შეიძლება გაგახსენდეს გორილა, რომელიც მეტოქესთან ჭიდილის წინ ღმუის და მკერდზე მუშტებს იბაგუნებს შესაშინებლად და თუ დაშინების აქტი დამთრგუნველ შედეგს არ გამოიღებს, მაშინ პირდაპირ შეეტაკება. ამერიკულ პოლიტიკური ტრადიციაში ამ წინასწარმა ეტაპმა მიიღო შესაბამისი სახელი  chest banging ანუ „მკერდზე მუშტის ცემა“.

არადა, დიპლომატის ხელოვნება იმით გამოიხატება, რომ ამ რიტუალის შესრულების დროს „მოლაპარაკების კარი მთლიანად არ დახუროს“, ან, უფრო ზუსტად, გააღოს კარი ისეთნაირად, რომ შემდეგ მისი დაუყოვნებლივ მიჯახუნება შეეძლოს, თუ მოლაპარაკება ვერ მოხერხდება. ამიტომაც მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, თავდაპირველი დაუთმობლობა-ჯიუტობის გამოხატვა სავალდებულო რიტუალია და არ ნიშნავს იმას, რომ მოლაპარაკება წინასწარ უკვე ჩაშლისთვისაა განწირული.

სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით რუსეთისა და უკრაინის სიტუაციასთან დაკავშირებით. შუამავალმა – აშშ-მა – მოსკოვს ის დათმობები წარუდგინა, რასაც მან კიევთან მიაღწია – ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტა, იმ იმედით, რომ ერთი თვის განმავლობაში მომზადდება ძირითადი მოლაპარაკება სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად. ვლადიმერ პუტინმა ისეთი რეაგირება მოახდინა, თითქოს მან ტრადიციული რუსული დიპლომატიის სახელმძღვანელოს პუნქტებით ისარგებლა: მან სრულიად მოსალოდნელად – ჯიქურად არ უარყო ამერიკული წინადადება, უფრო მეტიც – მან ფრთხილად გამოხატა თავისი პრინციპული თანხმობა, მაგრამ ამ დროს შეაპარა თავისი პირობებიც, რომლებმაც არსებითად შეცვალეს პოტენციური გარიგება რუსეთის სასარგებლოდ.  ამრიგად, რუსმა ლიდერმა ორ მიზანს მიაღწია:  ერთი მხრივ, მას შეუძლია თავისი კეთილი ნება აჩვენოს თეთრ სახლს, სადაც ზის ხელისუფლების მოყვარული, მაგრამ იმავდროულად გრძნობიერი და არაპროგნოზირებადი ლიდერი, მეორე მხრივ კი, იგი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ამოწმებს, თუ რა დონით დათანხმდება ის კრემლის მოთხოვნებს. ამ თვალსაზრისით, ვლადიმერ პუტინს აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, თუ გავითვალისწინებთ იმას, თუ რამდენად დაუნდობლად და ცინიკურად ეპყრობოდა ბოლო დრომდე ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინას.

„თქვენ საქმეს თქვენვე მიხედეთ, ხელებიც დამიბანია“

ამ პირობებში ნაადრევი იქნებოდა მტკიცება, რომ ვლადიმერ პუტინის ქცევა-მოქმედება  ნიშნავს უარს მოლაპარაკებაზე, რომ მისი მიზანია უკრაინის დამონება და რომ იგი სხვა არაფერზე არ დათანხმდება. შესაძლოა ეს ასეც არის, მაგრამ რუსეთის პასუხი იმდენად შეესაბამება მოლაპარაკების წაყვანის დახვეწილ ტაქტიკას, რომ მე პირადად ძალიან ფრთხილად ვიქნებოდი შეფასებების გაკეთებაში და ნაადრევ დასკვნებს არ გავაკეთებდი სატელეფონო საუბრების ამ რაუნდში, როცა მთავარი შეხვედრა ჯერ წინ არის.

ნებისმიერ შემთხვევაში შეიძლება დამაჯერებლად ითქვას, რომ რუსეთის პრეზიდენტი – ისევე, როგორც ყოველი მომლაპარაკებელი, რომელიც მის ადგილზე აღმოჩნდებოდა – ძალიან მაღლა აწევდა თამასას, რათა მოწინააღმდეგესთან ვაჭრობის დროს დამატებითი დათმობები მიიღოს. კაცმა რომ თქვას, ყოველი მოლაპარაკების მიზანი სწორედ ეს არის. მოითხოვს თუ არა იგი მეტს, რომ ნაკლებით დაკმაყოფილდეს, ან ცდილობს თუ არა იგი მისთვის არასასურველი სცენარის რეალიზებას, ამას უახლოესი კვირები გვაჩვენებს.

რაც უფრო დრო გადის, მით მეტი იქნება დამოკიდებული შუამავალზე, რომლის ძირითად სისუსტეს ხელშეკრულების რაც შეიძლება სწრაფად დადების სურვილი წარმოადგენს. ნათქვამია, მოჩქარეს მოუგვიანდესო. და მაინც, გადაწყვეტს თუ არა ვაშინგტონი მოსკოვზე ხმის აწევას? მან კიევს ხელები უკვე გადაუგრიხა, მოსკოვი კი კერკეტი კაკალია. ამასთან დაკავშირებით, დონალდ ტრამპს შეიძლება გული გაუტყდეს მშვიდობის მიღწევაში და ერთ-ერთს ან ორივეს დააბრალოს – „სიტუაცია ჩიხში შეგყავთ, მე ვერაფერს გიშველით, რაც გინდათ ის ქენით, მე ხელები დამიბანიაო“.

ძალა ძლიერებისა

ამ მომენტიდან დაწყებული აშკარა გახდება თვით მოლაპარაკების საფუძველი – ანუ მხარეთა ძალა. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად სამართლიანი იქნება უკრაინის მოთხოვნები და რაოდენ მამაცობას გამოიჩენს უკრაინელი ხალხი – კიეველი მომლაპარაკებლები ვერ შეძლებენ გარდატეხა შეიტანონ ძალთა რეალურ ბალანსში, რომელიც მოლაპარაკების მხარეთა უკან დგას. სწორედ უძლიერესი და არა უფრო მეტად დახელოვნებული მომლაპარაკებელი მოახვევს თავს საკუთარ წესებს მეორეს. მოლაპარაკების შედეგები 90%-ით განისაზღვრება იმ მხარის ძლიერებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა მოწინააღმდეგე აიძულოს დათანხმდეს წაყენებულ პირობებს, ხოლო 10%-ით – მომლაპარაკებლის ტალანტით.

ბრენოსმა – კელტების ტომის ბელადმა, რომელმაც IV საუკუნის დასაწყისში რომი გაანადგურა – იცოდა ეს ყველაფერი, როცა თავის მახვილს სასწორზე დებდა ხოლმე და ხმამაღლა აცხადებდა – “vae victis!” – “ვაი დამარცხებულს!“ (ლეგენდის თანახმად, როცა რომაელები ოქროს დიდი ხნის განმავლობაში ზუსტად წონიდნენ ხარკის გადასახდელად, ბრენოსმა იძრო მახვილი და სასწორს დაარტყა – რას წონით ამდენ ხანს, რაც გაქვთ, მთლიანად მომეცითო). ამით მან ბოლო მოუღო რომაელთა დავას სასწორის სიზუსტეზე. დღეს დონალდ ტრამპი არამარტო იღებს ამ რეალობას, არამედ იგი თავის მიზნებშიც იყენებს – ყოველგვარი შეზღუდვისა და სინდისის ქენჯნის გარეშე. ამიტომაც არ არის გამორიცხული, რომ მას შეუძლია ისარგებლოს მომენტით და ძალის ბერკეტი იმ ქვეყნის მიმართ გამოიყენოს, რომლის ერთადერთ ნაკლოვანებას მისივე სისუსტე წარმოადგენს. რესპუბლიკელს ხომ სუსტები ეზიზღება და პატივს მხოლოდ ძლიერებს სცემს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო-გურამ მაჭარაშვილი

ნიკა გილაურის შესახებ „ფარა“-ს მიერ აღმოჩენილი ფაქტი მორიგი დასტურია, თუ რატომ გვჭირდება საქართველოში მსგავსი კანონი, ასეთი კანონი საქართველოშიც უნდა იყოს, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს, უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო.

„ფარა“-ს მიერ აღმოჩენილი ფაქტი მორიგი დასტურია, თუ რატომ გვჭირდება საქართველოში „ფარა“-ს მსგავსი კანონი. ამ ყველაფერზე რატომ უნდა ვიგებდეთ ამერიკაში ვებ-გვერდზე განთავსებული განცხადებიდან? ეს ფაქტი ერთ-ერთი დასტურია იმის, რომ ასეთი კანონი საქართველოშიც უნდა იყოს. ნიკა გილაური პოლიტიკაში აქტიურია თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. უცხოური ძალის წარმომადგენელი ან აგენტი როცა ხარ, რასაც გეტყვიან, ის უნდა გააკეთო – აქციებზე არ დადიხარ, მაგრამ ფული უნდა გადარიცხო, ფული არ გაქვს, აქციებზე უნდა იარო და შტურმი განახორციელო. ყველას თავისი როლი მისცეს. გილაურს უთხრეს, რომ „იუესეიდიდან“ იმდენი დაფინანსება აღარ არის და ფული რომ გაკეთებინეთ, ამოიღე და დახარჯეო. ამიტომ, ლობისტურ კომპანიაში თანხა გადაარიცხვინეს, რადგან „ფარა“-ში საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ხელშეკრულებები არაერთხელ ამოვარდა. აგენტი როცა ხარ, არავინ არაფერს გეკითხება. უთხრეს – თანხა გადარიცხეო. თუ ეტყვიან, პოლიტიკაში მიდიო, მოვა. ვიღაც-ვიღაცები შტაბის უფროსებად გაუშვეს. ახლა გილაურს ეს როლი აქვს, შემდეგ შეიძლება, კულისებში ამუშაონ. ეს არის აგენტის ბედი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში რიგ შემთხვევებში გვაბრალებენ, ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ -მამუკა მდინარაძე

მინდა, შევეხო „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიებში გახმოვანებულ ნარატივს. ბუნებრივია, ნარკომოხმარების და ნარკორეალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლა არის ძალიან კარგი საქმე და რას იტყვიან, ვერაფერს ამბობენ. მაგრამ, რიგ შემთხვევაში მარიხუანის თემებზე აპელირებდნენ და პირდაპირ იტყუებოდნენ, რიგ შემთხვევებში, იცით, რას გვაბრალებენ? ხელისუფლების ხელდასმით რომ არ იყოს, ამდენი ნარკოტიკი როგორ გაიყიდებოდაო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, რიგით მოქალაქეს შესაძლოა, მართლაც გაუჩნდეს ეჭვი, რომ ვიღაც ამ სფეროს ლობირებს, თუმცა, სინამდვილეში, ეს არის დიდი ქსელი, რომელსაც მთელი მსოფლიო ებრძვის.

როგორც მან აღნიშნა, თანამედროვე ტექნოლოგიების მიუხედავად, ჯერ ნარკოტიკების პრობლემას ვერავინ მოერია.

„ერთი ადამიანი რომ ხარ, სადღაც ზიხარ, ტელევიზორს უყურებ, დადიხარ პატიოსნად სამსახურში და არანაირი შეხება არ გაქვს ნარკოტიკთან – როგორ, ამდენი ნარკომომხმარებელია, შესაბამისი ნარკოტიკი უნდა შემოვიდეს, ვიღაცამ უნდა გაყიდოს, მთელი სისტემაა, ხომ? ყველაზე დიდი მავნებლობა სად არის: გაგიჩნდება ეჭვი, რომ ვიღაცა ამას მართლა ლობირებს. რა ხდება სინამდვილეში: ეს არის თანამედროვე მსოფლიოს უდიდესი გამოწვევა. მაგალითად, ავიღოთ ერთი მიმართულება – „დადება“. ყველაზე სახალხო ენით რომ ვილაპარაკოთ, ბევრ თქვენგანს გაგიგიათ, რომ ნახევარი თბილისი მიწაში იჩიჩქნება. რა ხდება ხალხო, რა უბედურებაა, მართლა უბედურება ხდება. გამყიდველი, ის ცენტრალური ნარკორეალიზატორი, საუბარში ბევრი ჩვენგან „ბარიგად“ რომ მოიხსენიებს, შეიძლება, საერთოდ არ იყოს საქართველოში, იყოს ბრაზილიაში, ავსტრალიაში, რუსეთში, ამერიკაში, კანადაში, ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და ისე აწვდიდეს ინფორმაციას რაღაცების შესახებ და ისე აორგანიზებდეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა არ ჰქონდეს იმ ე.წ. დამდებსაც, რომელიც მიდის რაღაც ადგილზე, იღებს – ანუ, მთელი ქსელია, რომელსაც თანამედროვე მსოფლიომ ჯერ ვერაფერი უქნა. მერე, საიდან შემოდის ამდენი ნარკოტიკი. რა არ მოიგონეს, თანამედროვე ტექნოლოგიები – მთელი მსოფლიო ებრძვის ამას და ვერავინ მოერია ჯერ და საქართველოში რატომ ვერ მოერიე, ესე იგი შენ ხარ იმის სათავეშიო, ამ დონის სპეკულაციას კადრულობენ“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ფონდების ანგარიშების დაყადაღება არის სრული ფარსი, საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება -ნიკა გილაური

ფონდების ანგარიშების დაყადაღება სისხლის სამართლის საქმის საფუძველზე არის სრული ფარსი. დაზარალებულთა მხარდაჭერა დანაშაული არ არის – ეს არის მოვალეობა ყველა იმ ადამიანის, ვისაც სჯერა ქვეყნის გადარჩენის და მისი ევროპული მომავლის, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სოციალურ ქსელში წერს.

„ეს ფონდები ბიზნესისა და მოქალაქეების შემოწირულობებით ეხმარებიან პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლებს, უსამართლოდ დაჯარიმებულ და ნაცემ ადამიანებს, ფარავენ მათი მკურნალობისა და წამლის ხარჯებს, თანადგომას უწევენ დაპატიმრებულთა ოჯახებს.

როდესაც სიკეთის კეთებას აიგივებ დანაშაულთან, როდესაც დახმარების ხელის გაწვდენას გაჭირვებულისთვის ასაღებ ქვეყნის მტრობად – საზოგადოების ერთიანობა და ერთმანეთის გვერდში დგომა ხდება უფრო და უფრო ძლიერი!

საქართველოში სიკეთის კეთება, გასაჭირში მყოფთა გვერდში დგომა, უსამართლოდ დაჩაგრულთა დახმარება ვერ აიკრძალება!“ – წერს ნიკა გილაური.

უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა ეხება მხოლოდ ენერგეტიკულ ობიექტებს -პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ეხება მხოლოდ უკრაინულ ენერგეტიკულ ობიექტებს და არა სხვა სახის ინფრასტრუქტურას, – განაცხადა კრემლის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.

როგორც პესკოვმა აღნიშნა, პუტინმა გუშინვე, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან საუბრის დასრულების შემდეგ უკრაინის ენერგოობიექტებზე იერიშების შეჩერების ბრძანება გასცა და ის არ გაუუქმებია.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის ლიდერმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ტრამპმა პუტინს 30 დღის მანძილზე უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმებისგან თავის შეკავება შესთავაზა. პუტინი ამ იდეას დათანხმდა.

 ლევან ხაბეიშვილის ნებისმიერი განცხადება და დაპირება ნულის ტოლია -გურამ მაჭარაშვილი

ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გამოირჩევა იმით, რომ რასაც თავის ამომრჩევლებს ჰპირდება, ვერაფერს ასრულებს.

„ხაბეიშვილი ამბობდა, რომ პარტიის თავმჯდომარე როცა გახდებოდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, მიხეილ სააკაშვილს ციხიდან დაიხსნიდა, რომელიც სასჯელს დამსახურებულად იხდის. მსგავსი ვერაფერი გააკეთა. შემდეგ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ პარლამენტში რომ შევალ, იქ ხელისუფლებას ამოვატრიალებო და პარლამენტიდან ისე გამოვიდა, მის მიერ გაკრიტიკებული ერთი კანონი არავის უნახავს. შემდეგ ისე მოხსნეს თანამდებობიდან, რომ მადლობაც არავინ გადაუხადა. შესაბამისად, ხაბეიშვილის მიერ ნებისმიერი განცხადების გაკეთება და დაპირება ნულის ტოლია. აი, ამ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი. თან ახლა აქტიური ბრძოლიდან, თავდასხმიდან თავდაცვაში გადადიხარ, თუ საერთოდ პოლიტიკიდან მიდიხარ, ეს უკვე ნიშნავს, რომ განცხადებას აკეთებ, რომ შენ პოლიტიკაში უკვე არაფერი გესაქმება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, 18 მარტს „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა: „ჩვენი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებაა – არცერთი ნაბიჯი უკან და, მათ შორის, ყველა ე.წ. ოპოზიციონერს გაეცემა პასუხი მათ ქმედებებზე. „ნაციონალური მოძრაობა“ წლებია, ერთიანობაზე საუბრობს, თუმცა გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები მუდმივად „ნაციონალურ მოძრაობას“ ესხმიან თავს. ჩვენი მომდევნო პოლიტიკური ნაბიჯები დაკავშირებული იქნება არა თავდაცვასთან, არამედ თავდასხმით პოზიციასთან. 13 წელი ჩვენს კისერზე გადაიარა ყველაფერმა, ზოგი ორი დღეა, რაც ოპოზიციაშია და ტალახი გვესროლონ, ასე არ გამოვა“.

თიბისი მწარე პოდკასტის მხარდამჭერი გახდა

შემეცნებითი პოდკასტების სერია – მწარე პოდკასტი / Bitter Podcast, რომელსაც ისტორიკოსი ნიკა ხოფერია უძღვება, 4 წელზე მეტია ისტორიის მოყვარულებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს და მრავალრიცხოვანი აუდიტორიაც ჰყავს შეკრებილი.

სწორედ, ამ საინტერესო პოდკასტის პარტნიორი გახდა თიბისი, რადგან ტრადიციულად, საგანმანათლებლო და შემეცნებითი საკითხები კომპანიისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია.

მწარე პოდკასტში თქვენთვის საინტერესო თემას აუცილებლად იპოვნით. მნიშვნელოვან და საკვანძო ეპიზოდებს საქართველოს და მსოფლიოს ისტორიიდან, წამყვანი – ნიკა ხოფერია ისტორიკოსებთან და მკვლევარებთან ერთად განიხილავს. ასევე, შეძლებთ კულტურის, ცივილიზაციების, სამხედრო თემატიკაზე შექმნილი პოდკასტების მოსმენასაც. 

მწარე პოდკასტის მოსმენას შეძლებთ შემდეგ პლატფორმებზე:

Youtubehttps://www.youtube.com/@BitterPodcast

Spotify

(R)

კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაცია უფასო წლიური სამგზავრო ბარათის ამოქმედებაზე, მოვუწოდებთ მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა -თბილისის სატრანსპორტო კომპანია 

ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს, – ამის შესახებ ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებაში.

სატრანსპორტო კომპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა.

„გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ ბოლო დროს კვლავ გააქტიურდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვადასხვა ყალბ გვერდებზე, თითქოს, თბილისის მერიამ აამოქმედა უფასო წლიური სამგზავრო ბარათი, რომელსაც დაინტერესებული პირი გათამაშების გზით მიიღებს.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სოციალურ ქსელში კონკრეტულ ყალბ გვერდებზე განთავსებული ინფორმაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის სამგზავრო ბარათის გათამაშებასთან დაკავშირებით, არის სრული სიცრუე და სავარაუდოდ, წარმოადგენს ონლაინ თაღლითობას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს მომხმარებლებს, არ მიიღონ არანაირ მსგავს გათამაშებაში მონაწილეობა“, – აღნიშნულია განცხადებაში.