Home Blog Page 232

დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?! – ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს

ანა ნაცვლიშვილი გენერალურ პროკურორს – დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?!

მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი – დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობის ტვირთი ზიდოთ?! – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სინამდვილეში „ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეა“ და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

„ყველამ ვიცით, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, რომელიც მის წინააღმდეგ განხორციელებული სასტიკი უსამართლობის პასუხად მე-18 დღეა შიმშილობს, არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვე, მაგრამ ამ საქმის შემოქმედებიდან არავის ჰქონდეს იმედი, რომ შეძლებს რეჟიმის სახელს ამოეფაროს და მომავალში თავი იმით იმართლოს, რომ „მაშინ დრო იყო ასეთი“ დამნაშავეებს ექნებათ კონკრეტული სახელები და გვარები.

დღეს, მე მინდა მივმართო გიორგი გაბიტაშვილს, რომელსაც სტატუსის გასწვრივ უწერია, რომ არის საქართველოს გენერალური პროკურორი. თქვენ ზუსტად იცით, რომ მზია ამაღლობელი არათუ პატიმრობაში არ უნდა გყავდეთ, არამედ მის წინააღმდეგ საქმე საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან მისი ქმედება არ ქმნის იმ დანაშაულის შემადგენლობას, რომელსაც ედავებით. პროპაგანდა ცდილობს სამართლებრივი ტყუილები გაავრცელოს, მაგრამ თქვენ, როგორც იურისტმა, სიმართლე ზუსტად იცით და იცით, კარგად.

დარწმუნებული ხართ, რომ შეძლებთ მზია ამაღლობელის პატიმრობის ტვირთი პირადად ზიდოთ მთელი ცხოვრება? დარწმუნებული ხართ, რომ ამ ცოდვით ცხოვრებას შეძლებთ?

მზია ამაღლობელის საქმეზე პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მისი გათავისუფლება. მზია ამაღლობელის საპატიმროში ყოფნა არის აბსოლუტურად უკანონო, დაუსაბუთებელი. რა დანაშაულსაც მას ედავებიან, ეს მას არ ჩაუდენია, სახეზე არ გვაქვს დანაშაულის შემადგენლობა. დანაშაული – პოლიციაზე თავდასხმა – რასაც მას ედავებიან, მას არ ჩაუდენია და სანამ სასამართლო საკითხს სწავლობს, არანაირი საჭიროება მისი ციხეში ყოფნის, არ არსებობს. შესაბამისად, მისი იქ ყოფნა მოკლებული ყოველგვარ სამართლებრივ და ზნეობრივ გამართლებას და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სახეში სილა გააწნა. ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წაუყენეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს. დღეს მისი შიმშილობის მე-18 დღეა.

საქართველოს ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა – კახა კალაძე აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებაზე

საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ ამ ტიპის პროექტები განხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებულ შეთანხმებაზე, რაც საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირებას გულისხმობს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ამ პროექტების განხორციელებაში ჩაერთვებიან ქართული კომპანიებიც.

„2 დღის წინ დასრულდა პრემიერ-მინისტრის ძალიან მნიშვნელოვანი ოფიციალური ვიზიტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, რომლის ფარგლებში ჰქონდა სხვადასხვა ტიპის შეხვედრები. შეხვედრა იყო ასევე, არაბთა გაერთიანებული საემიროების პრეზიდენტთან, იყო ბიზნესშეხვედრები. მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი იმ მემორანდუმს, რომელსაც ხელი მოეწერა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, ორმხრივი თანამშრომლობისთვის. საქართველოში შემოდის ერთ-ერთი უძლიერესი დეველოპერული კომპანია MR GROUP, რომელიც მოღვაწეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მაგალითად, დუბაიში ბევრია ნამყოფი, აბუ-დაბიში, ყველა ძირითადი შენობა-ნაგებობა, არქიტექტურული სილამაზით ცათამბჯენები აღნიშნული კომპანიის განხორციელებული პროექტებია.

სხვადასხვა დეველოპერულ პროექტებში დაახლოებით, 6 მლრდ. დაიხარჯება თბილისსა და აჭარაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის, მაღალანაზღაურებადი ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ამ პროექტების განხორციელებაში ჩართული იქნება ქართული კომპანიები და პირდაპირ შემიძლია ვთქვა, საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ამხელა ინვესტიცია ერთ, კონკრეტულ პროექტში არასდროს განხორციელებულა. ძალიან მეამაყება, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, როგორც დედაქალაქის მერს, რომ ამ ტიპის პროექტები განხორციელდება ჩვენ ქვეყანაში, თბილისში და ამხელა მასშტაბისა და შესაძლებლობის მქონე კომპანია მსოფლიო ერთ-ერთი უძლიერესი კომპანია MR GROUP შემოდის საქართველოში, რაც რა თქმა უნდა, მისასალმებელია და ძალიან დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება

დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოზე დებატები გაიმართება, სადაც ქართული დელეგაციის უფლებამოსილების საკითხი გაირკვევა.

საბოლოოდ ასამბლეის დარბაზში კენჭისყრა გადაწყვეტს მანდატების აღიარების საკითხს.

მონიტორინგის კომიტეტის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტზე კი, რომელიც გუშინ საღამოს გახდა ცნობილი, მმართველმა გუნდმა საპასუხო ცვლილებები მოამზადა, სადაც ნათქვამია, რომ ახალი არჩევნების ჩასატარებლად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია – ვლადიმერ პუტინი

მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ ზელენსკი არალეგიტიმურია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები ნებისმიერთან შეიძლება, მაგრამ არალეგიტიმურობის გამო, მას [ზელენსკის] რაიმეზე ხელმოწერის უფლება არ აქვს. მაგრამ თუ მას მოლაპარაკებებში მონაწილეობის მიღება სურს, მაშინ მე დავნიშნავ ადამიანებს, რომლებიც ამ მოლაპარაკებებს წარმართავენ“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს უფლებამოსილების გაგრძელების უფლება საომარი მდგომარეობის დროსაც არ აქვს და უკრაინასთან მოლაპარაკებებში საქმე დოკუმენტებზე ხელმოწერას ეხება.

„ეს სერიოზული საკითხია, რომლითაც გრძელვადიან ისტორიულ პერსპექტივაში როგორც უკრაინის, ისე რუსეთის უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს. მაგრამ დოკუმენტებზე ხელმოწერის თვალსაზრისით, ყველაფერი ისე უნდა იყოს, რომ იურისტებმა იმ ადამიანების ლეგიტიმურობა დაადასტურონ, რომლებსაც უკრაინის სახელმწიფოს მიერ შეთანხმებებზე ხელმოწერის უფლებამოსილება ექნებათ“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

სხდომის ნაწილობრივ დახურვასთან დაკავშირებით შუამდგომლობა პროკურორმა მიხეილ სადრაძემ დააყენა.

დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას „ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე ნატო ხაინდრავა ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც 2015 წელს “ქართუ ბანკის” ყოფილი გენერალური დირექტორი იყო. სასამართლოში ჩვენებას მისცემს ასევე ხაინდრავას იმჟამინდელი მოადგილე, დავით გალუაშვილი.

პროკურორის თქმით, პროცესზე საუბარი პერსონალური მონაცემებს შეეხება, კერძოდ კი, “ბანკი ქართუსა” და კლიენტს შორის შეთანხმებებს, რაც კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა ბაჩიაშვილის ადვოკატი, ლევან მახარაშვილი. მისი განმარტებით, შუამდგომლობა დასაბუთებული არ არის. ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმეში არაფერია დასამალი და სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვისთვის კანონმდებლობით საჭირო მოთხოვნები არ არსებობს. მახარაშვილის თქმითვე, საუბარი შეეხება სესხის თანხასა და პროცენტებს, რაც ისედაც საჯაროდაა ცნობილი.

პოზიცია დააფიქსირა ბრალდებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც და აღნიშნა, რომ სხდომა “აუცილებლად უნდა იყოს საჯარო”.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. გელაშვილის განმარტებით, რიგი საკითხები შეიძლება გამომჟღავნდეს, რის გამოც სხდომა დაიხურებოდა.

ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986

ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა.

გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.

აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ნაცმოძრაობას“ და „ენჯეოებს“ კი არ ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ – სოზარ სუბარი

ევროპარლამენტშიც, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაშიც, ევროპის დედაქალაქებშიც – ყველამ ყველაფერი იცის, თუ რა ხდება საქართველოში: ყველამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ მათმა ფავორიტმა პოლიტიკურმა ძალამ – კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ – არჩევნები სამარცხვინოდ წააგო, მაგრამ მაინც ისეთ განცხადებებს აკეთებენ და ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს, – განაცხადა მედიასთან „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა.

„ბევრი ჩვენი მხარდამჭერი ხშირად გვეუბნება, რომ უფრო მეტი უნდა ვიმუშაოთ უცხოეთში, უფრო მეტად უნდა გავაგებინოთ დასავლელ პოლიტიკოსებს, რომ რასაც კოლექტიური ნაცმოძრაობისა თუ ენჯეოების წარმომადგენლები ეუბნებიან, ეს არის ტყუილი. სინამდვილეში, ყველაფერი პირიქითაა – „ნაცმოძრაობას“ და ენჯეოებს კი არ ჩაჰქონდათ და ჩააქვთ საზღვარგარეთ რაიმე ამბავი, არამედ, პირიქით, იქიდან იღებდნენ და იღებენ დავალებებს და იმას ასრულებენ. ეს კი იმიტომ ხდება, რომ დღეს საქართველოში უცხოური აგენტურა კი არაა ხელისუფლებაში, არამედ ის ძალა, რომლისთვისაც სამშობლო და სუვერენიტეტი ყველაფერზე მაღლა დგას, რაც არ მოსწონს იმ ძალებს, რომლებიც ყველა ქვეყანაში იბრძვიან სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

ამის ნათელი მაგალითია, რაც ამ დღეებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ხდება: რა თქმა უნდა, ჩვენი დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენი სიმართლე დაამტკიცოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს იქ არავის აინტერესებს. სინამდვილეში ასამბლეაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნები არ გაყალბებულა; რომ ადამიანები, რომლებიც პოლიციელებს ესროდნენ და 150-ამდე პოლიციელს ძალიან მძიმე დაზიანებები მიაყენეს, კრიმინალები არიან და არა – მშვიდობიანი მანიფესტანტები; რომ გამორიცხულია საქართველოში სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღოს, რაც არაერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მაგრამ, კიდევ ერთხელ – ისინი აკეთებენ ისეთ განცხადებებს და იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, როგორიც მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს აწყობს და არა ისეთს, რაც რეალობას ასახავს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა მითხრა, ვერ ვამბობთ, რომ საქართველოში არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო, ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდითო -რიკარდ იოზვიაკი

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სტატიას აქვეყნებს, სადაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელ ურთიერთობას განიხილავს.

„საქართველოსთან მიმართებით, ევროკავშირი დიპლომატიურად უკაცრიელ ადგილასაა“, – წერს იოზვიაკი.

როგორც რიკარდ იოზვიაკი აღნიშნავს, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან სამი თვის შემდეგ, ევროკავშირი და უფრო ნაკლებად, თუმცა ნატო-ც, ვერ წყვეტენ, როგორ წარმართონ ურთიერთობები საქართველოსთან.

„ყაველაშვილის პრეზიდენტობას ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ოპოზიცია, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც კვლავ აცხადებს პრეტენზიას პრეზიდენტობაზე ლეგიტიმური შემცვლელის არჩევამდე და საერთაშორისო საზოგადოების ნაწილი. ევროპარლამენტმა 2024 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს ახალ არჩევნებს და უარყოფს პარლამენტს, რომელმაც შემდგომში აირჩია ყაველაშვილი“, – აღნიშნულია რიკარდ იოზვიაკი სტატიაში.

სტატიაში წერია, რომ ევროკავშირის საბჭოში, რომელიც ბლოკის ყველაზე გავლენიანი ორგანოა, სიტუაცია არ არის მარტივი. საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, სადაც საჭიროა ყველა წევრის თანხმობა, ქვეყნები ორ ბანაკად არიან გაყოფილნი – უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებმაც „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მალევე მიულოცეს და მკაცრი პოზიციის მქონე ქვეყნები, როგორებიცაა ესტონეთი და ლიეტუვა.

როგორც იოზვიაკი სტატიაში აღნიშნავს, ევროკავშირის რამდენიმე ოფიციალურ პირთან საუბრისას გაირკვა, რომ მათ ურჩევნიათ ყაველაშვილის საკითხი გადადონ და ამ ეტაპზე საქართველოსთან საერთოდ არ ჰქონდეთ საქმე.

„როგორც ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა – „ამაზე არანაირი შეთანხმება არ არსებობს – ეს ევროკავშირის ჩვეული გაურკვევლობაა. არავის სურს რაიმეს თქმა, არავის სურს ამ საკითხს შეეხოს და მით უმეტეს, არავის სურს რაიმეს ქაღალდზე გადატანა“, – ციტირებს  რესპოდენტს იოზვიაკი.

„მეორე დიპლომატი, რომელთანაც ვისაუბრე, კიდევ უფრო პირდაპირი იყო: „ჩვენ ამ ეტაპზე არ ვდგამთ ნაბიჯებს, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამ საკითხზე პასუხის გაცემა“, – წერს იოზვიაკი.

იოსვიაკის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ქვეყნის წარმომადგენელი კი მომავლის პროგნოზირებისას პესიმისტურად იყო განწყობილი: „შეუძლებელია ერთსულოვნების მიღწევა ქართული ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენ შევეცდებით ხაზის შენარჩუნებას – კონტაქტების შეზღუდვას პრეზიდენტთან და ახალ მთავრობასთან რამდენადაც ეს შესაძლებელია, თუმცა ვშიშობ, დროთა განმავლობაში ეს შეუძლებელი იქნება“.

ევროკავშირის მრავალი ოფიციალური პირი აღნიშნავს, რომ ამჟამად ბლოკი საქართველოსთან მხოლოდ ტექნიკურ დონეზე თანამშრომლობს სიტუაციის „დეპოლიტიზების“ მიზნით, თუმცა არავინ იცის, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მდგომარეობა“, – წერს იოზვიაკი.

რიკარდ იოზვიაკი ევროკავშირის უმოქმედობის ორ მიზეზს გამოყოფს:

„პირველი ეს არის ეუთო/ოდირის სრული ანგარიში არჩევნების შესახებ, რომელიც 2024 წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, საკითხს ვერ აგვარებს. „ჩვენ ვერ ვამბობთ, რომ არჩევნები უკანონო ან არალეგიტიმური იყო. ჯერ კიდევ დარღვევებზე ვსაუბრობთ და ამ წერტილს ვერ გავცდით“, – განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

მეორე მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირს ბევრი სხვა საკითხი აქვს მოსაგვარებელი. 27 იანვარს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ შეხვედრაზე განიხილეს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთის სიტუაცია და ახალ ამერიკულ ადმინისტრაციასთან ურთიერთობა. საქართველოს საკითხი მხოლოდ შეხვედრის ბოლოს, „მიმდინარე საკითხებში“ განიხილეს“, – წერს იოზვიაკი.

რაც შეეხება ნატო-ს, როგორც რიკარდ იოზვიაკი წერს, აქ სიტუაცია უფრო მარტივია.

„ალიანსის ერთ-ერთი მოხელე, რომელმაც ანონიმურობის დაცვა ითხოვა, აცხადებს: „მოკლე პასუხია – დიახ, ჩვენ ყაველაშვილს საქართველოს პრეზიდენტად ვაღიარებთ, თუმცა სიტუაცია რთულია. ოფიციალურად ბევრს არაფერს ვამბობთ, მაგრამ თუ საჭირო გახდება მისი მოწვევა რომელიმე ღონისძიებაზე, მოვიწვევთ. თუმცა, წელს ნატო-ს მინისტერიალებზე, ივნისში ჰააგის სამიტზე არც ქართველი მინისტრები იქნებიან მოწვეული და არც ქართველი ლიდერები“, – წერია სტატიაში.

ტრამპის განკარგულებით, ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახური იზღუდება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოსცა ახალი აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც ტრანსგენდერი პირებისთვის სამხედრო სამსახურს ზღუდავს.

განკარგულების თანახმად, შეიარაღებული ძალების მისიაა ამერიკელი ხალხისა და სამშობლოს დაცვა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ ამ მისიის შესრულება მოითხოვს მკაცრ ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე.

განკარგულებაში ასევე აღნიშნულია, რომ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება პირის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს.

„მამაკაცის მტკიცება, რომ ის არის ქალი და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება სამხედრო მოსამსახურისთვის მოთხოვნილ თავმდაბლობასა და თავგანწირვას“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის ბრძანებაში.

ამასთან, ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში აღნიშნულია: „ბოლო დროს შეიარაღებულ ძალებზე ზეგავლენას ახდენს რადიკალური გენდერული იდეოლოგია იმ აქტივისტების დასაკმაყოფილებლად, რომელთაც არ აინტერესებთ სამხედრო სამსახურის მოთხოვნები, როგორებიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, თავგანწირვა და ერთიანობა“.

განკარგულებაში ასევე ვკითხულობთ: „პიროვნების სქესისგან განსხვავებული ყალბი „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა ვერ დააკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის საჭირო მკაცრ სტანდარტებს. შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ, რომ ჩვენს სამხედრო ძალებს შეუძლიათ განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“.

თავდაცვის მდივანს დაევალა, 60 დღის ვადაში განაახლოს სამხედრო სამსახურის სამედიცინო სტანდარტები ამ ბრძანებულების მიზნებისა და პოლიტიკის შესაბამისად. ასევე, უნდა გამოიცეს დირექტივები „გამოგონილი და იდენტიფიკაციაზე დაფუძნებული ნაცვალსახელების“ გამოყენების დასასრულებლად.

განკარგულების თანახმად, იკრძალება შეიარაღებულ ძალებში მამრობითი სქესის პირების მიერ ქალებისთვის განკუთვნილი საძინებელის, გამოსაცვლელის თუ საშხაპე ობიექტების გამოყენება და პირიქით, გარდა განსაკუთრებული ოპერატიული აუცილებლობის შემთხვევებისა.

29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

საკუთარი გამოცდილების და მიღწეული შედეგების გათვალისწინებით, ამ დღეს შეიძლება პროფესიული საქმიანობის სფეროში დიდ წარმატებას მიაღწიოთ. თვეების მიხედვით გაწერილი გეგმა საქმეს გაგიადვილებთ. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, სამუშაოზე არ იფიქროთ, კარგად დაისვენოთ და ძალა აღადგინოთ. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.

კურო

მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ. მუშაობისა და რთული საკითხების მოგვარებისკენ ხართ განწყობილი, მაგრამ გადაღლამ შეიძლება თავის ტკივილი ან უმიზეზო გაღიზიანება გამოიწვიოს. ეცადეთ ,გარშემო მყოფების მიმართ მეტი თავაზიანობა გამოიჩინოთ. აკონტროლეთ საკუთარი სიტყვები – შესაძლოა, დაუფიქრებლად ნათქვამი ხუმრობით თანამოსაუბრე შეურაცხყოთ.

ტყუპები

უმჯობესია, დიდი და რთული საქმეების განხორციელება სამომავლოდ გადადოთ. 29 იანვარი ხელსაყრელია რუტინული სამუშაოების შესრულების ან საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებისთვის. მოერიდეთ კამათს, ნუ დაიწყებთ ჩხუბს წვრილმანებზე და გაუფრთხილდით საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. გახსოვდეთ, ცხოვრება ბევრად უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ.

კირჩხიბი

ამ დღეს რთული პროექტების დაწყება და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები არ უნდა დაგეგმოთ. ყურადღებით მოუსმინეთ გარშემო მყოფთა საუბრებს და შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხი მიიღოთ. მშვიდად და აუჩქარებლად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რათა დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. პრობლემებზე ნუ ინერვიულებთ – მოვლენები ისე განვითარდება, რომ ყველაფერი თქვენი მონაწილეობის გარეშე, თავისთავად მოგვარდება.

ლომი

შესაძლოა, ისეთი საქმის კეთება მოგიწიოთ, რომელიც არ იცით ან არ მოგწონთ. მოვლენები ელვის სისწრაფით იცვლება, ამიტომ 29 იანვარს მნიშვნელოვანი შეხვედრები ან ღონისძიებები არ უნდა დაგეგმოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომა და ფინანსური ზარალი გამოიწვიოს, ამიტომ მშვიდად უნდა იმუშაოთ. ვარსკვლავები თქვენს შრომისმოყვარეობას და მონდომებას დააფასებენ.

ქალწული

ამინდის ჭირვეულობის გამო მოსალოდნელია თავის ტკივილმა ან უგუნებობამ შეგაწუხოთ, ამიტომ ეცადეთ, რთული სამუშაო ან დამატებითი ვალდებულებები თავიდან აიცილოთ. ამ დღეს უცნობებთან ურთიერთობა მინიმუმამდე უნდა შეამციროთ და საყვარელ ადამიანებზე, რომლებსაც თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ, მეტი უნდა იზრუნოთ. მარტოობაში, მშვიდად გატარებული საღამო ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.

სასწორი

იმპულსური და გაუაზრებელი ქმედებები შეცდომამდე მიგიყვანთ, ამიტომ მოვლენების შუაგულში უნდა იტრიალოთ და ყველაფერი აკონტროლოთ, რაც თქვენ გარშემო ხდება. ეს საშუალებას მოგცემთ, სიტუაციას თქვენთვის საჭირო მიმართულება მისცეთ. თქვენმა მოზღვავებულმა ემოციებმა შეიძლება გარშემო მყოფები დააფრთხოს, ამიტომ საკუთარი სიტყვები და ქმედებები უნდა აკონტროლოთ. ნუ გაუმხელთ საკუთარ საიდუმლოს ადამიანს, რომელმაც საიდუმლოს ფასი არ იცის.

მორიელი

მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას სამომავლოდ ნუ გადადებთ და ის აკეთეთ, რაც მიზნამდე მიგიყვანთ. ეცადეთ, ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალებში ჩახედოთ. მხიარული განწყობა შეიძლება გარემოებების არახელსაყრელმა განვითარებამ ან ვიღაცის მოულოდნელმა ჩარევამ გაგიფუჭოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ვალის აღებას მოერიდოთ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს იმდენად დამაჯერებლად მოქმედებთ, რომ ვისაც გინდათ და რაშიც გსურთ, დაარწმუნებთ, ამიტომ პარტნიორებთან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწევთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ – გადაღლამ შეიძლება ქრონიკული დაავადების გამწვავება გამოიწვიოს. რომანტიკულმა ურთიერთობამ შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ.

თხის რქა

ამ დღეს გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება, გეგმების შეცვლა და მნიშვნელოვანი შეხვედრების გადადება გამოიწვიოს. ნებისმიერ წვრილმანს ყურადღება მიაქციეთ – ისინი დღეს მნიშვნელოვანია. ასევე სასარგებლოა პირად ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ფიქრი. ამ დღეს შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ საკუთარი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ, მთავარია, შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

მერწყული

ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეცადეთ, დადგენილი წესები არ დაარღვიოთ და არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ. თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან საკუთარ გეგმებზე საუბრისგან – შესაძლოა, ვიღაცამ თქვენი იდეების მითვისება მოინდომოს.

თევზები

თქვენს გარემოცვაში ბევრო არაკეთილმოსურნე და შურიანი ადამიანია, ამიტომ საკუთარი წარმატების შესახებ მხოლოდ უახლოეს ადამიანებს უნდა უამბოთ. გუნდური მუშაობა წარმატებული იქნება და სასურველ შედეგს მოგიტანთ. ეცადეთ, პირად ცხოვრებაზე ან პრობლემებზე ნაკლები იფიქროთ – ეს საქმიდან ყურადღებას გაგიფანტავთ. საღამოს ჯობს, სახლში განმარტოვდეთ და დაისვენოთ.

მამაკაცის მტკიცება, რომ ის ქალია, და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება თავმდაბლობასა და თავდადებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მოეთხოვება -ტრამპი

მამაკაცის მტკიცება, რომ ის ქალია, და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება თავმდაბლობასა და თავდადებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მოეთხოვება, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის აღმასრულებელ ბრძანებაში.

„აშშ-ის არმიას აქვს მკაფიო მისია: დაიცვას ამერიკელი ხალხი და ჩვენი სამშობლო, როგორც მსოფლიოში ყველაზე მომაკვდინებელი და ეფექტური სამხედრო ძალა. ამ ეგზისტენციალურ მისიაში წარმატება მოითხოვს ფოკუსირებას მეომრის სულისკვეთების განვითარებაზე და სამხედრო სრულყოფილებისკენ სწრაფვა არ შეიძლება გაზავდეს პოლიტიკური დღის წესრიგით ან სხვა იდეოლოგიებით, რომლებიც საზიანოა ერთიანობისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელ ბრძანებაში.

აღმასრულებელ ბრძანებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ცრუ „გენდერული იდენტობის“ გამოხატვა, რომელიც განსხვავდება ინდივიდის სქესისგან, ვერ აკმაყოფილებს სამხედრო სამსახურისთვის აუცილებელ მკაცრ სტანდარტებს.

„გენდერული იდენტობის მიღება, რომელიც არ შეესაბამება ინდივიდის სქესს, ეწინააღმდეგება ჯარისკაცის ერთგულებას ღირსეული, ჭეშმარიტი და დისციპლინირებული ცხოვრების წესისადმი, თუნდაც პირად ცხოვრებაში. მამაკაცის მტკიცება, რომ ის ქალია, და მისი მოთხოვნა, რომ სხვებმა პატივი სცენ ამ სიცრუეს, არ შეესაბამება თავმდაბლობასა და თავდადებას, რომელიც სამხედრო მოსამსახურეს მოეთხოვება“, – ნათქვამია ბრძანებაში.

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა დაიცვან ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის მაღალი სტანდარტები, რათა უზრუნველყონ „ჩვენი სამხედროების განლაგება, ბრძოლა და გამარჯვება, მათ შორის მკაცრ პირობებში“.

აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც კრძალავს ტრანსგენდერების მსახურებას ჯარში.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს ზომები ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველთა ძალის გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტები-გაერო-ს ექსპერტები

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, მიიღოს კონკრეტული ზომები შემდგომი ძალადობის პრევენციისთვის და გამოიძიოს სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტების, წამებისა და არასათანადო მოპყრობის, ასევე, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ფაქტები, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული საპროტესტო აქციების დროს დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც, მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებების საკითხებში დამოუკიდებელი ექსპერტების მიერაა მომზადებული.

„ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების, ასევე სხვა პირების მხრიდან, რომლებსაც არ ეცვათ ფორმა და არ ჰქონდათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, მშვიდობიანი დემონსტრანტების, უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შესახებ“, – აღნიშნავენ გაერო-ს ექსპერტები.

გაერო-ს ექსპერტები აცხადებენ, რომ ბრალდებების მასშტაბები და ზიანის სიმძიმე, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, მიაყენეს მომიტინგეებს და, მოგვიანებით, დაკავებულებს, შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც წამება და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან დასჯა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ, ცნობების მიხედვით, პოლიცია დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად იყენებდა რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლს, წიწაკის გაზს და სხვა ქიმიურ საშუალებებს, ასევე, ასობით ადამიანი დაშავდა, უჩვეულოდ მაღალმა პროცენტმა კი თავისა და სახის სერიოზული დაზიანებები მიიღო.

„ჩვენ მივიღეთ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ ბევრ დაკავებულს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხანგრძლივად და განმეორებით სცემეს, გაუპატიურებით ან სხეულის ნაწილების დაზიანებით დაემუქრნენ და მათ უარი ეთქვათ სამედიცინო დახმარებაზე“, – აღნიშნულია ექსპერტების განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო ბოლო თვეების განმავლობაში მომხდარი მოვლენების გამოძიება.

„დღემდე ამ გამოძიებას არ ჰქონია რაიმე შედეგი, მაშინ როცა მრავალი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება“, – აცხადებენ გაერო-ს ექსპერტები.

მათივე განმარტებით, „ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, საქართველოს ოფიციალური პირებისგან ელოდებიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიების დაწყებას“.

„ყველა თვითნებურად დაკავებული პირი უნდა გათავისუფლდეს და ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, უნდა გაეწიოს“, – აცხადებენ გაერო-ს ექსპერტები.

ექსპერტები ასევე ამბობენ, რომ უსაფრთხოების ძალების მიერ ძალის ნებისმიერი გამოყენება უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობის, პროპორციულობის, სიფრთხილისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპებს და მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს მოქმედი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

ამასთან, გაერო-ს ადამიანის უფლებების საკითხებში უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, ექსპერტებმა წერილობით მიმართეს საქართველოს მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით და განაგრძობენ ვითარების მჭიდრო მონიტორინგს.

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

იტალიის პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ძებნილი ლიბიელი პოლიციის ოფიცრის გათავისუფლებას.

კერძოდ, ლიბიელი პოლიციელი კვირას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე ტურინში დააკავეს, ხოლო რამდენიმე დღეში გაათავისუფლეს. მოგვიანებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება მოითხოვა, რადგან, როგორც ამბობენ, მათთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა.

ჯორჯია მელონიმ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ პროკურორები მას ეჭვმიტანილად მიიჩნევენ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და დანაშაულის ხელშეწყობაში ამ საქმესთან დაკავშირებით.

„არ დავუშვებ, რომ დამაშინონ. სწორედ ამიტომ არ მოვწონვარ მათ, ვისაც არ სურს, რომ იტალია შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. სწორედ ამის გამო ვაპირებ, განვაგრძო ჩემი გზა და დავიცვა იტალიელები განსაკუთრებით მაშინ, როცა ეროვნული უსაფრთხოებაა საფრთხის ქვეშ“, – განაცხადა მელონიმ ვიდეომიმართვაში.

იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გამოძიება ასევე დაიწყო იუსტიციის მინისტრის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და დაზვერვის საკითხებში კაბინეტის მდივნის მიმართაც.