Home Blog Page 23

“ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია, “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა, თუ დოკუმენტი” – გიორგი ბარამიძე

საკონსტიტუციო სასამართლოში შესატან სარჩელთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებები კეთდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ჩადენილ დანაშაულებს სამართლებრივი პასუხი უნდა გაეცეს. შეფასებები კეთდება ოპოზიციაშიც.

“ჩვენ ნამდვილად არ გვეშინია. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთვის ბრძოლა. “ნაციონალური მოძრაობა” არ არის ქაღალდზე დაწერილი რაღაცა ნებართვა, თუ დოკუმენტი. “ნაციონალური მოძრაობა” იყო, არის და იქნება იდეა, ერთიანი, ძლიერი, წელში გამართული, დემოკრატიული ქართული სახელმწიფოსი”, – განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება “ნაცმოძრაობის” და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა განაცხადა.

“ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ “მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა”-The Washington Post

„დონალდ ტრამპის მიერ რუსეთის მიმართ გამოხატული ბოლოდროინდელი მწვავე რიტორიკა აშშ-ის პრეზიდენტის ერთგვარ ტაქტიკას წარმოადგენს“, – წერს ამერიკული გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“ (The Washington Post) სტატიაში სათაურით: „ტრამპის მკვეთრი გამონათქვამები რუსეთის მიმართ მხოლოდ „მოლაპარაკების წარმოების ტაქტიკაა“ (ავტორები – მაიკლ ბირნბაუმი და ნატალი ელისონი). „როგორც ჩანს, რუს კოლეგაზე იმედგაცრუებული აშშ-ის პრეზიდენტი ახლა ასეთი მოქმედებით ცდილობს კრემლზე ზეწოლა მოახდინოს“, – ასეთი აზრია გატარებული მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დონალდ ტრამპმა თავისი განცხადებით, რომ მხარს დაუჭერს უკრაინას რუსეთის განადგურებაში – ტერიტორიის დაბრუნებასა და საზღვრის თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენაში – მსოფლიოს ლიდერები გააკვირვა და იმავდროულად ძალიან გაახარა კიეველი პოლიტიკოსებიც.

აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციის აშკარა ცვლილება უკრაინის სასარგებლოდ არის იმის ნიშანი, რომ დონალდ ტრამპს ვლადიმერ პუტინის მიმართ იმედები გაუცრუვდა. ეს მოხდა ორი თვის შემდეგ ალასკის სამიტის დასრულებიდან. ამერიკელი და რუსი პრეზიდენტების შეხვედრა ანკორიჯში პომპეზურად დაიწყო, მაგრამ ისე დასრულდა, რომ რაიმე კონკრეტული შედეგი არ მოუტანია.

და მაინც, დონალდ ტრამპს მკაფიოდ არ მიუნიშნებია აშშ-ის დამოკიდებულების ცვლილებაზე კიევის მიმართ გაეროს გენასამბლეის სხდომის დღეს, როცა იგი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ამას ადასტურებს თეთრი სახლის მაღალჩინოსანი, რომელმაც ანონიმად დარჩენა ისურვა, დელიკატურ დიპლომატიური მოლაპარაკებაზე საუბრისას.

აშშ-ის პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში ამბობდა, რომ უკრაინას ტერიტორიების დაკარგვას მოუწევდა და ამ პერსპექტივას კიევი უნდა შერიგებოდა, ამიტომ მისი განცხადება სამშაბათს, რომ „კიევს მთელი უკრაინის დაბრუნება შეუძლია პირვანდელი საზღვრების ფარგლებში“, თუ მას ევროპა სათანადოდ დაეხმარებაო, მისი პოზიციებიდან მნიშვნელოვან უკან დახევას წარმოადგენს.
საინტერესოა, რომ ტრამპის ასეთი ნათქვამიდან რამდენიმე საათის შემდეგ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ კონფლიქტი ბრძოლის ველზე კი არა, მოლაპარაკების მაგიდაზე დასრულდებაო. რას ნიშნავს ეს? იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპის ნათქვამი პრაქტიკულად განხორციელებული არ იქნება.

თეთრი სახლის ანონიმმა მაღალჩინოსანმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ესოდენ წინააღმდეგობრივი მოქმედება ნაკარნახევია საკითხით – „როგორ უნდა იქნას მიღწეული შეთანხმება“.

წყარო:

“ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია”-The Daily Telegraph

ბრიტანული „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) 26 სექტემბრის ნომერში ბეჭდავს სტატიას სათაურით “ტრამპი მართალია: უკრაინას რუსეთზე გამარჯვება შეუძლია” (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი, სამხედრო ექსპერტი). ბრიტანეთის არმიის გადამდგარი პოლკოვნიკი არგუმენტირებულად ასაბუთებს, რომ უკრაინას ნამდვილად აქვს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა, მაგრამ ამ მიზნის მისაღწევად გარკვეული ზომების მიღება არის აუცილებელი.

გთავაზობთ პუბლიკაციას უმნიშვნელო შემოკლებით:

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უკრაინას ყველაფრის დაბრუნება შეუძლია, რაც მან 2014 წლიდან დაკარგა. აშშ-ის პრეზიდენტი ახლა რუსეთს „ქაღალდის ვეფხვს“ უწოდებს. ჩემი აზრით, ამჯერად დონალდ ტრამპი სიმართლეს ამბობს, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეუწყობს იგი ხელს უკრაინას მიზნის შესასრულებლად. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამერიკელი ლიდერმა მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი პოზიცია და ისე სწრაფად არ უნდა შეცვალოს, როგორც ამას ადრე აკეთებდა ხოლმე.

„ქაღალდის ვეფხვი“ ჩინური გამონათქვამის ერთგვარ ასლს წარმოადგენს: ეს ტერმინი ისეთ ადამიანს გამოხატავს, რომელსაც ხელისუფლებაზე პრეტენზია აქვს, ან ძალიან შიშისმომგვრელად გამოიყურება, მაგრამ იმავდროულად არაეფექტურია და გამოწვევებისადმი გამკლავება არ შეუძლია. ალბათ, დონალდ ტრამპმა, უფრო სწორად კი მისმა სპიჩრაიტერმა ამ ტერმინის მნიშვნელობის გასაგებად მცირე გამოკვლევა ჩაატარა და რაოდენ დიდი ირონია იმალება იმაში, რომ ჩინური გამონათქვამი ზუსტად შეესაბამება ჩინეთისავე მეგობარს – რუსეთის ტირანს.

დონალდ ტრამპის ამბიციები და უკრაინის პრეზიდენტისადმი გამოვლენილი ნდობა რომ რეალიზებული გახდეს, ამისათვის აშშ-სა და ევროპას აუცილებლად მოუწევთ რიგი სამხედრო და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც რუსულ ურდოებზე უკრაინის გამარჯვებას უზრუნველყოფს.

პირველ რიგში ნატომ არასაფრენი ზონა უნდა დაადგინოს – თავდაპირველად დასავლეთ უკრაინაში, სამოქალაქო ობიექტების დაცვის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ ევროპას ბევრი თანამედროვე F-35 ავიაგამანადგურებელი ჰყავს, სრულიად შესაძლებელია დასავლეთ უკრაინის საჰაერო ზონის დახურვა ისე, რომ რუსული ავიაცია ნატოს ავიაციას არ შეეჯახება. თუ ეს გაკეთდება, ამით ჩაიშლება რუსეთის გეგმები უკრაინის მოსახლეობის დაშინების მიზნით. შესაბამისად, ლვოვისა და როვნოს ოლქებში, კარპატისპირეთში დისლოცირებული უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო ძალები აღმოსავლეთით, ფრონტზე იქნება გადასროლილი და ქვეყნის არმიას შემტევით ოპერაციებში დაეხმარება.

მეორე – პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპას ბევრად მეტი მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი რაკეტები უნდა მისცეს, რომლებიც, ნატოს წევრების მიერ საფასურის გადახდის შემდეგ, უკრაინას გადაეცემა და მოხსნას შეზღუდვა ამ რაკეტებით რუსეთის სიღრმეში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტების განადგურებაზე. ჩვენ ვხედავთ, თუ რამდენად ეფექტურია უკრაინული წარმოების რაკეტების და დრონების ეფექტურობა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების დროს. სრულიად აშკარაა, რომ ეს მაჩვენებელი გეომეტრიული პროგრესიით გაიზრდება, უკრაინას რომ დასავლურ ტექნოლოგიებზე წვდომა ჰქონდეს.

მესამე – რა თქმა უნდა, რუსეთს სულ უფრო მეტი და მეტი სანქცია უნდა დაუწესდეს. მხოლოდ სიტყვიერი მუქარები და შეშფოთება-აღშფოთებები არასაკმარისია. ევროპამ უკრაინის ქალაქები და მშვიდობიანი მოსახლეობა სამხედრო ძალის გამოყენებითაც უნდა დაიცვას და საჭიროების შემთხვევაში, ნატომ გაბედული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

უკრაინა ომს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიგებს, თუ ევროპა ვა-ბანკზე წავა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტი კი ხვალ-ზეგ თავის ნათქვამს არ გადაიფიქრებს. ყოველი რუსული თვითმფრინავი, რომელიც ევროკავშირისა და ნატოს საჰაერო სივრცეს დაარღვევს, დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს, თორემ სხვაგვარად გაეროში და ევროპის დედაქალაქებში გაჟღერებული რიტორიკა უაზრო ყბედობა იქნება, ვლადიმერ პუტინი კი უფრო გათამამდება.

თუ დონალდ ტრამპი ისევ შეიცვლის თავის პოზიციას, ევროპა კი ვერ შეძლებს თავისი ზეცის რუსული თვითმფრინავებისა და დრონებისაგან გაწმენდას, ვშიშობ, რომ უკრაინაში ომი ათწლეულებშიც კი არ შეწყდება და ის იმდენ ხანს გაგრძელდება, რომ ბრძოლების მოწმე კიდევ ორი ან სამი თაობა იქნება.

წყარო:

საფრანგეთის პარლამენტის რეზოლუციის პროექტი მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში, პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის რეზოლუციის პროექტში – ირაკლი კობახიძე

ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საფრანგეთის პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით განუცხადა.

მთავრობის მეთაურს დაუსვეს კითხვა საფრანგეთის სენატის მიერ განხილული რეზოლუციის შესახებ, რომ ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ, რაზეც ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ტრაგიკული მოვლენაა, რაც ხდება ევროპულ ბიუროკრატიაში.

„ეს რეზოლუცია მიანიშნებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ევროპულ ბიუროკრატიაში. პირდაპირ ტყუილები იწერება ამხელა ქვეყნის პარლამენტის რეზოლუციის პროექტში. ტრაგიკული მოვლენაა, რასაც ვხედავთ ჩვენ ევროპულ ბიუროკრატიაში. იმედი მაქვს, ეს მდგომარეობა შეიცვლება “, – განაცხადა პრემიერმა.

საფრანგეთის სენატის მიერ განხილული რეზოლუცია იმის შესახებ, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ მძიმე და შეუფერებელ პირობებში რჩება, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ.

მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ენგურის ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულ ერთმანეთისადმი ნდობას-ლევან იოსელიანი

მინდა, მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულ ერთმანეთისადმი ნდობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ენგურის ხიდთან განაცხადა.

მისივე თქმით,თანაცხოვრებისთვის, მშვიდობის გარდა, არ არსებობს სხვა გამოსავალი.

„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა, არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულს – ერთმანეთისადმი ნდობას, ჩვენს ურთიერთობებს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები, სადაც არის ომი, იქ ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, პირველი რიგში უნდა ვიფიქროთ, იმაზე, თუ რა გვაქვს საერთო, როგორ აღვადგინოთ დაკარგული და მერე ყველაფერი თავის თავად მოგვარდება, მათ შორის, ის პრობლემებიც, რომლებიც, ჩვენს მოქალაქეებს ხიდის იქითა მხარეს ექმნებათ“, – განაცხადა იოსელიანმა.

ცესკო-მ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს უმასპინძლა 

ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და  კურსდამთავრებულებს ცესკოში უმასპინძლა.

შეხვედრის განმავლობაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა პირადად ცესკოს თავმჯდომარისგან მიიღეს დეტალური ინფორმაცია არჩევნებისა და მისი მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი სიახლეებისა და არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ.

როგორც შეხვედრის მიმდინარეობისას გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის ახალგაზრდების, ისევე როგორც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირება და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა, წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას. მისი თქმით, მსგავსი ტიპის შეხვედრები ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას, ამცირებს ინფორმაციულ ბარიერებს და დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებას და აძლევს ახალგაზრდებს მოტივაციას დაუახლოვდნენ საარჩევნო პროცესებს და უფრო მეტად და აქტიურად იყვნენ ჩართულები აღნიშნულ პროცესებში.

„მორიგი მასშტაბური საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ ახალგაზრდებთან, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ მათთვის გაგვეზიარებინა ინფორმაცია მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, სხვადასხვა საარჩევნო საკითხებისა და ტექნოლოგიური ინტერვენციის შესახებ. ასევე ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა დეზინფორმაცია და მისი უარყოფითი გავლენები საარჩევნო პროცესზე. ვიმედოვნებთ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ხელს შეუწყობს პირველ რიგში ცნობიერების ამაღლებას, მეორეს მხრივ კი ახალგაზრდებს მისცემს  მეტ მოტივაციას მეტად იყვნენ ჩართულები საარჩევნო საკითხებში“,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

თავის მხრივ მსგავსი ტიპის შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორმა დავით გიორგაძემაც.

„დღეს ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონიდან ასამდე ახალგაზრდას შესაძლებლობა ჰქონდა უშუალოდ ცესკოს თავმჯდომარისგან მიეღოთ ინფორმაცია საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ჟვანიას სკოლა მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ხასიათის ღონისძიებების განხორციელებას და მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინტეგრაციისთვის ერთიან სახელმწიფო სივრცეში და საზოგადოებაში“, – აღნიშნა გიორგაძემ.

„25 სექტემბერს ცესკოში გამართულ შეხვედრას ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი 100-მდე ახალგაზრდა ესწრებოდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორის მოადგილე და აღნიშნული სკოლის წარმომადგენლები. ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან შეხვედრას ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ქეთევან ქარენაშვილი ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ცესკო-ს გავრცელებულ ინფორმაციაში.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუციის წინადადება დარეგისტრირდა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რეზოლუცია მიზნად ისახავს „საქართველოს მთავრობის არალიბერალური და ავტორიტარული მიმართულების დაგმობას და საქართველოს ევროპული მომავლისადმი მხარდაჭერის დადასტურებას“.

რეზოლუცია ექვსმა ფრანგმა დეპუტატმა დაარეგისტრირა – კონსტანს ლე გრიპმა, ლორან მაზორიმ, ფრედერიკ პეტიმ, იზაბელ რაუხმა, ლილიანა ტანგიმ და ბენუა ბიტომ.

„ჯერ კიდევ 2024 წლის ზაფხულში ევროპულმა ინსტიტუტებმა გამოთქვეს შეშფოთება: ევროპულმა საბჭომ ივნისში გასცა მოწოდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისკენ, დაგმო ოპონენტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული ზეწოლა. 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებმა, რომელიც უსამართლო პირობებში ჩატარდა, მხოლოდ დაადასტურა ეს გაფრთხილებები. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ანგარიშის თანახმად, რომელიც ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მიერ შექმნილი ორგანოა, საარჩევნო კამპანია სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებით დაახასიათა, მედიაში მიკერძოებული გაშუქებით და ამომრჩევლებზე ზეწოლით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკრიტიკეს საქართველოში დემოკრატიის გაუარესება და მშვიდობიანი საპროტესტო აქციების ჩახშობა.

დოკუმენტის თანახმად, ამ პოზიციას მხარი დაუჭირა „ვაიმარის სამკუთხედმა“, შემდეგ კი ევროპელებმა განაცხადეს, რომ რეპრესიული პოლიტიკა და დემოკრატიული უკუსვლა გამოიწვევდა ევროპული ურთიერთობების გაუარესებას, რაც პრაქტიკაშიც გამოიხატა დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტაში.

რეზოლუციაში საუბარია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე.

„ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კვლავ საშინელ პირობებში რჩება პატიმრობაში, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები გმობენ. რამდენიმე ოპოზიციონერი, მათ შორის ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, სადავო სამართალწარმოების შედეგად სისხლის სამართლის პასუხისგება ეკისრებათ ან დაკავებულები არიან. ათობით მშვიდობიანი მომიტინგე, მათ შორის ბევრი სტუდენტი, უკანონოდ დააკავეს, მიუსაჯეს ადმინისტრაციული პატიმრობა ან ჯარიმა“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოში მიმდინარე პროცესები ვერ განიხილება რეგიონული გეოპოლიტიკური კონტექსტისგან განცალკევებულად, რადგან მოსკოვი მზარდ იდეოლოგიურ და სტრატეგიულ ზეგავლენას ახორციელებს პოლიტიკური, ეკონომიკური და მედია არხების მეშვეობით.

„ეს ზეგავლენა განსაკუთრებით კარგად ჩანს ბიძინა ივანიშვილის, მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და პრორუსი ოლიგარქის როლში, რომლის ჩარევა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სასამართლო საქმეებში ევროპარლამენტმა მიიჩნია დემოკრატიული განვითარების მთავარ ბარიერად. პარალელურად, ხელისუფლება ახორციელებს ისტორიისა და ეროვნული რიტორიკის მანიპულირებას: მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წელს დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგრესიისთვის და დაადასტურა „მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის, თვითნებური დაკავებისა და წამების აქტების“ ფაქტები, 2025 წლის სექტემბერში „ქართული ოცნების“ არჩეული წარმომადგენლებისგან შემდგარმა საპარლამენტო კომიტეტმა კონფლიქტის წარმოშობაში დაადანაშაულა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადმინისტრაცია, რომელიც მთავარ ოპოზიციურ პარტიად იქცა, რითაც გაიმეორა კრემლის რიტორიკა და ოპოზიციის დელეგიტიმაცია მოახდინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

რეზოლუციაში ასევე საუბარია 2025 წლის საპროტესტო აქციებზე.

„ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობისთვის 20 მომიტინგეს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მათ შორის აქტივისტ საბა სხვიტარიძეს და მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს. მრავალი ჩვენების თანახმად, ეს სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევებით იყო დატვირთული“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, „აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოში დემოკრატიულად მოქმედ პირებს, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ ინსტიტუტებს. საჯაროდ დგმოს გარე ჩარევა, კერძოდ, რუსული რეჟიმის მიერ საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებზე და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე განხორციელებული ზეგავლენა“.

რეზოლუცია მოუწოდებს საფრანგეთის მთავრობას, რომ ევროპელი პარტნიორებთან კოორდინაციით მხარი დაუჭიროს „მიზნობრივი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში მოხსენიებული პირების წინააღმდეგ, კერძოდ ბიძინა ივანიშვილისა და მისი ახლო მოკავშირეების წინააღმდეგ. შეისწავლოს პირობები, რომლის საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს მიენიჭა ლეგიონის ორდენი და განიხილოს ამ ორდენის ჩამორთმევა, მისი ქმედებების გათვალისწინებით, რომლებიც ეწინააღმდეგება რესპუბლიკის მიერ დაცულ ღირებულებებს. მოარგოს თავისი დახმარების მექანიზმები საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისთვის“.

ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან ელჩები გამოიწვია

ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები გამოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ ირანული მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, ირანელი დიპლომატები კონსულტაციების მიზნით სამშობლოში დაბრუნდებიან.

ელჩების გამოწვევის მიზეზად თეირანში გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ასახელებენ, რომლებიც ირანის წინააღმდეგ გაერო-ს სანქციების აღდგენის მცდელობას უკავშირდება.

„სამი ევროპული სახელმწიფოს ქმედებების საპასუხოდ გაააქტიურონ „ბირთვული შეთანხმებაში“ გაწერილი დავების დარეგულირების მექანიზმი და სცადონ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სანქციებს განახლება, ირანმა გერმანიიდან, საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საკუთარი ელჩები თეირანში გამოიწვია“, – ნათქვამია ირანის სახელმწიფო მედიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნული გადაწყვეტილება ირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც 26 სექტემბერს რუსეთმა და ჩინეთმა სცადეს ირანის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების აღდგენის გადავადება, თუმცა მათ წინადადებას გაერო-ს უშიშროების საბჭოში მხარი არ დაუჭირეს.

მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა, რომ ევროპულ სახელმწიფოებსა და ირანს შორის თეირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ირანის წინააღმდეგ უფრო ფართო სანქციები დაწესდება.

27 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დროა, აზრი შეიცვალოთ ცხოვრებაზე და გათავისუფლდეთ ძველი სტერეოტიპებისგან. კარგი დროა სიახლეებისთვის, მოიძიეთ და გააფართოვეთ უცხოეთთან კონტაქტები.

კურო

მოსალოდნელია მცირეოდენი ფინანსური შეზღუდვები, მოგიწევთ უფრო ხელმომჭირნედ გამოიყენოთ და დახარჯოთ ფული. ნუ აჰყვებით ცდუნებებს და ნუ გაფლანგავთ უაზროდ თქვენს ქონებას.

ტყუპები

ნუ დააჩქარებთ პროცესებს და მიიღეთ ყოველდღიურობა რეალობად – მოიხსენით ვარდისფერი სათვალე, მაგრამ ზედმეტად მუქ ფერებშიც ნუ დახატავთ მიმდინარე მოვლენებს, მშვიდად გააანალიზეთ ყველაფერი. საუკეთესო დღეა შენაძენის გასაკეთებლად, მიეცით თავს განტვირთვის უფლება.

კირჩხიბი

ჭორებისა და მითქმა-მოთქმის დიდი ალბათობაა, შეინარჩუნეთ გონიერება და ნუ აჰყვებით ნეგატიური ადამიანების თამაშს, ნუ უპასუხებთ მათ გამოხდომებს, საეჭვოა, ვინმემ შეძლოს და ხელი შეგიშალოთ თქვენი მიზნების განხორციელებაში.

ლომი

ნუ იჩქარებთ დასკვნების გაკეთებას, იყავით თავშეკავებული და გამოიჩინეთ კეთილგონიერება. რაც უფრო თავდაჯერებული და მშვიდი იქნებით, მით უფრო გაგიადვილდებათ გაუგოთ სხვებს.

ქალწული

რომანტიული შეხვედრისა და ახალი თავბრუდამხვევი ემოციების გავლენის ქვეშ მოექცევით. მაგრამ ნუ დაკარგავთ საღ აზრს, ნუ შეხედავთ ამას დიდი სერიოზულობით, ეს გატაცება მცირე ხნით გასტანს.

სასწორი

აუცილებლად იზრუნეთ მიცემული პირობის შესრულებაზე, ახლა სჯობს, პარტნიორებს იმედები და მოლოდინები გაუმართლოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა მალე სასიკეთოდ შეიცვლება.

მორიელი

საოცრად დადებითი ემოციები და ხალისიანი განწყობა გელით. სასიამოვნო საუბრები მეგობრებთან, მოგონებები, ახალი შთაბეჭდილებები დიდხანს გაგყვებათ.

მშვილდოსანი

დაკავდით საყოფაცხოვრებო საქმეებით, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. გაატარეთ დრო მშვიდ, კეთილგანწყობილ ადამიანებსა და ოჯახის წევრებთან.

თხის რქა

ნუ გაექცევით პრობლემებს. ყური მიუგდეთ ინტუიციას, თავს ნუ მოიტყუებთ, საჭიროების შემთხვევაში, მიაკითხეთ პროფესიონალებს და ენდეთ მათ რჩევებს.

მერწყული

მალე შესაძლოა, ახალი ფინანსური წყაროც გამოჩნდეს, მაგრამ დღეს ფული ჭკვიანურად დახარჯეთ, გარკვეული რესურსი კი სასურველია, სამომავლოდაც გადაინახოთ.

თევზები

ახლა საუკეთესო იქნებოდა გარემოს შეცვლა და ახალი პოზიტიური შთაბეჭდილებები, თუ გყავთ მეორე ნახევარი, სასურველია, რომანტიკულ ვახშამზე იფიქროთ.

მივიღეთ გადაწყვეტილება, კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაცმოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა – თეა წულუკიანი

საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, საგამოძიებო კომისიის დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის ეთერში.

„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ. იცით, რომ კომისიას დასჭირდა და პარლამენტის თანხმობით გამოვიყენეთ ის მაქსიმალური ვადა, ექვსი თვე, რასაც კანონი ითვალისწინებს. უფრო მეტი დრო მუშაობისთვის არ გვქონდა, რადგან კანონი ამგვარი გაგრძელების შესაძლებლობას არ იცნობს. დოკუმენტი ბევრმა ნახა, უმრავლესობამ შორიდან, რადგან ახლა კორექტურა კეთდება და დაიბეჭდება წიგნის სახით ოქტომბრის ბოლომდე. ეს დოკუმენტი ყველას გაქვთ ნანახი, რადგან ელექტრონულად ხელმისაწვდომია. ეს არის 500-მდე გვერდი და რამდენიმე ათასი გვერდისგან შემდგარი დანართები. აღარ ჩამოვთვლი მოცულობებს, რასაც შეადგენს დასკვნის დანართების სახით აუდიო და ვიდეომასალა, რომელიც შეიძლება, წლები გავიდეს და გაქრეს. ამიტომ, მათ შორის თქვენს არხთან დიდი და აქტიური თანამშრომლობის შედეგად, შევქმნით ამ დასკვნის შესაბამისი დოკუმენტური აუდიო და ვიდეოარქივი. მადლობა თქვენ ამისთვის. დოკუმენტში, რომელიც სექტემბრის პირველ კვირაში პარლამენტმა შესაბამისი დადგენილებით დაამტკიცა, რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ დავადასტურეთ.

ეს არ არის უბრალოდ ტექსტი, სადაც მოთხრობილია სხვადასხვა ამბავი და ტრაგედიები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის თავს დაატრიალა. აქ არის მოცემული მტკიცებულებები და ფაქტები. კერძოდ, ამ დასკვნით დასტურდება, რომ ძალას, რომელიც 9 წელი მართავდა ჩვენს ქვეყანას და დღეს ოპოზიციაშია, არ აქვს თავის თავში რესურსი, შეიცვალოს. არც ნება აქვს ამის, არც უნარი. შესაბამისად, ეს ერთი და იგივე ძალაა, რომელიც ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, გვიქადის, სულ მცირე, იმავეს, რაც აკეთეს 9 წლის განმავლობაში, სავარაუდოდ უარესსაც კი.

სწორედ ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ და „ქართულმა ოცნებამ“, როგორც პარტიამ, მიიღო გადაწყვეტილება, ეს დასკვნა გახდეს საფუძველი საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყებისა, რომლის მიზანიც იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა. ეს არის მიზანი, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ ამის გარეშე ქვეყანას არ უწერია განვითარების პერსპექტივა. „ქართული ოცნება“ მუდმივად ვერ იქნება ხელისუფლებაში და ჩვენი ვალი, ჩვენი გასაკეთებელი საქმე და მისიაა, რომ ხელისუფლებიდან წასვლა როცა მოგვიწევს, არა 5 ოქტომბერს და დამხობის გზით, არამედ არჩევნების გზით, ამისი დრო დადგება ოდესღაც, მორიგი არჩევნების დროს, გამორიცხული გვქონდეს იმ დროისთვის შანსი და რისკი, რომ დასკვნაში აღწერილი ფაქტების ჩამდენი პირები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ეხმიანება არასრულწლოვანის შესახებ მედიაში გავრცელებულ გადაუმოწმებელ, მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანთა თაობაზე ინფორმაციის გავრცელება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას, რათა არ შეილახოს არასრულწლოვანის პირადი ცხოვრება, ღირსება და იგი არ გახდეს საზოგადოებრივი გაკიცხვის ობიექტი, – ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

„სახალხო დამცველი მოუწოდებს მედიასაშუალებებს ინფორმაციის გავრცელებისას იხელმძღვანელონ განსაკუთრებული წინდახედულობით, რათა არ მოხდეს არასრულწლოვანის პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება, მისი იდენტიფიცირება და დაცული იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“, – ნათქვამია სახალხო დამცველი განცხადებაში.

შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, ს.კ. იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა შსს-მ. უწყების ცნობით, ს.კ-ს ავტომობილი საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს.

სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი – მედიაომბუდსმენი

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, „სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო ე.წ. „რუსული კანონის“ საქმეზე 19 ჟურნალისტისა და ოპერატორის საჩივარი“.

„26 სექტემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მედიაომბუდსმენს წერილობით აცნობა, რომ დაიწყო წარმოება ე.წ. “რუსული კანონის” საქმეზე. საქმე „კოკაია და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” დეტალურად აღწერს 2023 წლის მარტში, არაერთი კრიტიკული მედიის ჟურნალისტისა და ოპერატორის დევნას. ისინი სამიზნედ ე.წ. „რუსული კანონის” (კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”) წინააღმდეგ, მოქალაქეთა მასშტაბური საპროტესტო აქციების გაშუქების გამო იქცნენ. მედიის მუშაობაში ხელშეშლით ძალოვანები ცდილობდნენ არ გასაჯაროვებულიყო მშვიდობიან მოქალაქეთა დარბევის და ძალის გადამეტების შემთხვევები საქმის მასალებს თან ერთვის მედიაომბუდსმენის მიერ მომზადებული ვიდეორეპორტაჟი: https://youtu.be/yng9m7viumU?si=VxHRues9XSbew9bw მედიაომბუდსმენი აგრძელებს კრიტიკული მედიის სამართლებრივ დახმარებას. გვჯერა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასებებს განსაკუთრებული გავლენა ექნება საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების გადასარჩენად“, – ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ სრულად: