ბრიტანული გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრამპი მოქმედებს როგორც ბიზნესმენი და არა როგორც მთავარსარდალი“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი). პუბლიკაციის მიხედვით, დონალდ ტრამპი გადაწყვეტილებების მიღების დროს ერთმანეთში ურევს მთავარსარდლისა და ბიზნესმენის ფუნქციებს: იქ, სადაც მან მთავარსარდლის ფუნქცია უნდა შეასრულოს, ბიზნესმენივით მოქმედებს, ხოლო სადაც ბიზნესმენივით უნდა მოიქცეს, მთავარსარდალივით იქცევა.
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
უკრაინისათვის ამერიკული სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეჩერება წარმოადგენს ყველაზე საშიშ ნაბიჯს, რომელიც კი დონალდ ტრამპს დღემდე გადაუდგამს. ეს ფაქტი აძლიერებს სოციალურ ქსელებში გამოთქმულ თვალსაზრისს, რომ ვლადიმერ პუტინს რაღაც გავლენა აქვს დონალდ ტრამპზე.
მარტივად გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ეს ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინს შეუძლია სწრაფად აღადგინოს და გააძლიეროს თავისი უკვე საკმაოდ შეფერთხილი არმია, რომელიც აღარ იქნება ამერიკული კოსმოსური თანამგზავრების დაკვირვების ქვეშ და დაუბრკოლებლად შეუტიოს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებს, მშვიდობიანი მცხოვრებლების ჩათვლით.
დონალდ ტრამპს სურს, რომ რუსეთი რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან და რაღაც დათმოს სამშვიდობო ხელშეკრულების მისაღწევად. მაგრამ განა რუსეთის პრეზიდენტი რაიმე კომპრომისზე წავა, როცა ხედავს, რომ შანსები აშკარად მის სასარგებლოდ არსებობს? რუსეთს საკუთარი ძალები და სამოქალაქო მოსახლეობა დაცული ჰყავს, რუსულ რაკეტებსა და დრონებს კი, აშშ-ის თანამგზავრული დაზვერვის გამორთვის გამო, დაუბრკოლებლად შეუძლიათ სამიზნეების განადგურება.
იმდენად, რამდენადაც დანაკარგების მიხედვით რუსეთის არმია საშიშ ზღვარს უახლოვდება (ერთ მილიონს – დაჭრილ-დახოცილთა რაოდენობით, ათასობით ტანკებისა და თვითმფრინავების დაკარგვას), ყველაფერი, რაც ვლადიმერ პუტინს რჩება, ისაა, რომ მას შეუძლია მოუმზადებელ და გაუწვრთნელი ახალ ქვედანაყოფები უკრაინის ხორცსაკეპში გაგზავნოს. ამის გამო ომი შეიძლება საკმაოდ ხანგრძლივად გაგრძელდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ დონალდ ტრამპისა და ჯეიმს ვენსის ძალისხმევით ვლადიმერ პუტინის პოზიციები განმტკიცდა.
სამწუხაროდ, დონალდ ტრამპი სამხედრო პირი არ არის, იგი ბიზნესმენია, მაგრამ პრეზიდენტი საქმიანი გადაწყვეტილებების პროცესს სამხედრო კონტექსტით იყენებს. ეს არის პოტენციურად დამღუპველი მეთოდი. ანალოგიური წესით მან დაუყოვნებლივ შეამცირა „იუესაიდის“ ბიუჯეტი, შეაჩერა განმნაღმავი პროექტები ერაყში და ავღანეთში, რასაც სამომავლოდ მრავალი სიცოცხლე შეეწირება. ამერიკელი ვეტერანები და სამხედრო მოსამსახურეები აღშფოთებულები არიან იმ ბიზნესმენთ მოქმედებით, რომლებიც გენერლების მსგავსად მოქმედებენ. დონალდ ტრამპისა და მისი თანაგუნდელების მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილების უკან ადამიანთა სიცოცხლე დგას.
უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარების ძალისხმევა ევროპამ უნდა აიღოს ხელში. მოცემული მომენტისათვის უფრო უკეთესი იქნებოდა, თუ დონალდ ტრამპი და ჯეიმს ვენსი მოლაპარაკებებს გამოეთიშებიან, რადგან ვლადიმერ პუტინი სწორედ მათი წაქეზებით იღებს თავისუფალი მოქმედების უფლებას. დაე, კირ სტარმერმა და ემანუელ მაკრონიმ აიღონ ინიციატივა.
იმედი გვაქვს, რომ დონალდ ტრამპს შესაძლებლობა ექნება ამერიკისათვის „ძველი დიდების დაბრუნებაზე“ იზრუნოს და არა დაკავებული იყოს იმ სამხედრო საქმეებით, რომლებიც მისი შესაძლებლობის კომპეტენციის მიღმა იმყოფებიან. ეს უკრაინელთა სიცოცხლის გადარჩენის გზა იქნებოდა.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო: