Home Blog Page 23

პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში – გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” მმართვლობის დროს ჩადენილი დანაშაულები აუცილებლად არის შესასწავლი, რომელთა შორის ყველაზე დიდი დანაშაული ქვეყნის 20%-ის ოკუპირებაა.

მისი თქმით, პასუხისგება ბევრ ადამიანს მოუწევს.

“თვითონ ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია, რასაკვირველია, ამ დანაშაულთა შორის ყველაზე დიდი დანაშაულია. ათეულობით ადამიანი მხოლოდ იმიტომ დაიღუპა, რომ სააკაშვილი ბოლო წუთამდე გვარწმუნებდა, რომ რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი ცხინვალში თუ აფხაზეთში შემოსვლის. თვითონ ამ პერიოდის დანაშაულებია შესაფასებელი, თავი რომ დავანებოთ იმ სადისტურ სისტემურ დანაშაულებს, რომლებშიც ყველა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იღებდა მონაწილეობას, რომელიც პოლიტიკურ ველზეა. მე ვფიქრობ, პასუხისგება მოუწევს ბევრ ადამიანს, მით უმეტეს, დღესაც გრძელდება მცდელობა კვლავ ეს სისტემა დაბრუნდეს მმართველობაში”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის.

აქციებზე დაკავებულთა ადვოკატებმა მოსამართლეს დარბაზის შეცვლის  და პროცესის უფრო დიდი დარბაზში გაგრძელების შუამდგომლობით მიმართეს, რაც დაკმაყოფილდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძესთან, სხდომათა დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა დააყენეს.

მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. თუმცა, ვიდრე შუამდგომლობას განიხილავდა, ჯაჭვაძემ აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, დაცვის მხარის მიერ მოთხოვნილ დარბაზს ტექნიკური პრობლემა ჰქონდა, ამასთან, საუბარი იყო 11 დაკავებულის უსაფრთხოების ზომების დაცვაზე. მოსამართლის თქმითვე, სასამართლოს არანაირი ინტერესი არ ჰქონდა, სხდომა პატარა დარბაზში ჩაეტარებინა, რის შემდეგაც მან ტექნიკური შესვენება გამოაცხადა, მოთხოვნილი დარბაზის მდგომარეობის გადასამოწმებლად.

აღნიშნულის შემდეგ, მოსამართლემ პროცესი იმ დარბაზში გადაიტანა, რომელსაც ადვოკატები ითხოვდნენ.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატები განმარტავდნენ, რომ საქმე მოცულობითია, 11 დაკავებულია, დარბაზის მოცულობიდან გამომდინარე კი, მათი დაცვის ქვეშ მყოფებთან კომუნიკაციაც კი შეუძლებელია. ამასთან, უფლებადამცველების თქმით, საქმეზე მაღალი საჯარო ინტერესია და დარბაზში არათუ დაინტერესებული პირები, ბრალდებულების ოჯახის წევრებიც ვერ შედიოდნენ.

სხდომის დაწყებამდე ადვოკატებს დამატებითი მაგიდები და სკამები დაუდგეს, ვინაიდან მათთვის განკუთვნილ ადგილზე ისინი რაოდენობიდან გამომდინარე ვერ განთავსდნენ.

ერთ-ერთი ადვოკატის ნათქვამზე, რომ მოწმის ტრიბუნა მაინც ისე განეთავსებინათ, რომ მისთვის ხელი არ შეეშალა, იუმორისტმა ონისე ცხადაძემ რეპლიკით უპასუხა.

„მე მაქვს იდეა, წავაქციოთ”.

ბრალდების მხარემ შუამდგომლობასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ აღნიშნულის გადაწყვეტა სასამართლოს პრეროგატივა იყო.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულებმა მოსამართლის კითხვაზე, ცნობდნენ თუ არა ისინი თავს დამნაშავედ, უარყოფითი პასუხი გასცეს.

პროკურატურა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.

აქამდე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირების საქმე 2 წარმოებად მიმდინარეობდა. კერძოდ კი, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმე ცალკე, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კინაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმე კი, ცალკე წარმოებად.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„ქართულმა ოცნებამ“ თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს – გიორგი ბოტკოველი

საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში, “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას შექმნის. კომისია ექვსი თვე იმუშავებს და დასკვნას სექტემბერში დაამტკიცებს.

ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ეს ინიციატივა დღეს არსებული მოცემულობიდან გამომდინარე არასერიოზულია.

“ნაციონალური მოძრაობა” 2025 წელს, 2003-დან 2012 წლამდე პერიოდის შესწავლას არარელევანტურს უწოდებს. “ქართულ ოცნებაში” კი პასუხად აცხადებენ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის სამართლებრივი შეფასება აუცილებელია. აქვე ამბობენ იმასაც, რომ ომის პერიოდს შეისწავლიან და გამოძიების ადრესატები სამხედრო პირები არ იქნებიან.

პარტიის “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბოტკოველის თქმით, “ქართული ოცნება” საკუთარი ამომრჩევლის წინაშე ცდილობს თავის მოწონებას.

“ქართულმა ოცნებამ” თავი უნდა მოიწონოს საკუთარ ამომრჩეველთან და დაპირებების შესრულება დაიწყოს. ეს არის სამარცხვინო გადაწყვეტილება. ეს კიდევ ერთხელ არის იმ ქმედებების გაგრძელება, რასაც ისინი ახორციელებენ. საქმისთვის უნდა მიეხედათ მათ, თუმცა ქართველი ხალხი მათ საქმის კეთების საშუალებასაც აღარ მისცემს. ისინი ამ დროის განმავლობაში მხოლოდ ქვეყნისთვის ავტორიტეტის გაფუჭებით იყვნენ დაკავებულები. გამოსაძიებელი თუ რამე არსებობს ამ ქვეყანაში, ზუსტად ის კორუფციულ-მოღალატეობრივი სისტემაა, რომელიც “ქართულ ოცნებამ” ჩამოაყალიბა ქვეყანაში”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნა ახლა არააქტუალური საკითხია.

“კომისიის შექმნა, დღეს თავისთავად არის არააქტუალური საკითხი. მაგრამ, ნებისმიერი პირი, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ სხვა თანამდებობის პირი, ბუნებრივია კონკრეტული დანაშაულების გამო პასუხი უნდა აგონ. როდესაც ქვეყანა დაბრუნდება დემოკრატიულ რელსებზე და ევროკავშირის წევრობის პროცესი შეუქცევადი გახდება, ეს თავისთავად ითვალისწინებს კანონის უზენაესობას ადამიანების უფლებების დაცვას”, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრმა შეხვედრაზე ელჩს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა ჩინეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

საუბარი შეეხო საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებით გათვალისწინებულ სფეროებში თანამშრომლობას და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.

აღინიშნა, რომ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და უვიზო მიმოსვლა, ასევე ხალხთაშორისი კავშირები კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარებისთვის. მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერებისთვის. 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური პირების სანქცირების კანონპროექტი მიიღო

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს წინააღმდეგ გაცემული დაკავების ორდერის საპასუხოდ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც სანქციებს უწესებს სასამართლოს ოფიციალურ პირებს.

კანონპროექტის მიხედვით, აშშ დააწესებს სანქციებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც ცდილობენ „აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დაცული პირების“ გამოძიებას ან დაკავებას. სანქციები მოიცავს ქონებრივ შეზღუდვებს და ვიზების გაუქმებას.

ამასთან, კანონპროექტი მოითხოვს ისრაელის ოფიციალური პირების წინააღმდეგ გაცემული ორდერების „უმკაცრესად დაგმობას“.

სენატი, რომელსაც ახლა რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ამ კანონპროექტს მალე განიხილავს.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასულ წელს დაკავების ორდერები გასცა ნეთანიაჰუს, ყოფილი თავდაცვის მინისტრ იოავ გალანტის და „ჰამასის“ მაღალჩინოსნის წინააღმდეგ. მათ ბრალად ედებათ სამხედრო დანაშაულების ჩადენა 2023 წლის 7 ოქტომბრის „ჰამასის“ თავდასხმის დროს და შემდგომ პერიოდში.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირის, მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან საპროტესტო აქციებზე დაკავებული 9 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძისა და იუმორისტ ონისე ცხადაძის მხარდასაჭერად ახლობლები და მსახიობები შეიკრიბნენ.

პარალელურად სასამართლოში ჩანიშნულია პროცესი, სადაც ყველა დაკავებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

სასამართლოში მყოფი მსახიობები აცხადებენ, რომ დაკავებული პირები ციხეში უსამართლოდ იმყოფებიან, ამიტომ, არსებული ვითარების ფონზე რთულია იმსჯელონ, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დღეს სასამართლო.

“არ მინდა რაღაცით თავი დავიიმედო, რადგან არ მაქვს ჯერ რაღაც მოლოდინი. ვნახოთ, რა იქნება. ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ შემთხვევაში, ჩემთვის ანდრო ჭიჭინაძე არის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ანდრო ჩემი თეატრის მსახიობია. ვიცი, რომ ის მხნედ არის და ყველაფერი კარგად იქნება, თავს ვიმშვიდებ”, – განაცხადა რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ჟურნალისტებთან.

შეგახსენებთ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლოს დღევანდელ პროცესზე ყველა მათგანისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

დაკავებულებს – ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება

ფინანსური დოკუმენტების გაყალბების საქმეზე დონალდ ტრამპის მიმართ განაჩენი დღეს გამოცხადდება.

საქმის მოსამართლემ, ხუან მერჩანმა უკვე განაცხადა, რომ ის ტრამპს პატიმრობას არ მიუსჯის. ამის მიუხედავად, დონალდ ტრამპი იქნება პირველი პრეზიდენტი, რომელიც თანამდებობას დაიკავეს, როგორც სისხლის სამართლის საქმეში მსჯავრდებული.

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი სასამართლო სხდომას არ დაესწრება და მონაწილეობას მიიღებს ონლაინ, ფლორიდაში მდებარე საკუთარი სახლიდან.

დონალდ ტრამპი ნაფიცმა მსაჯულებმა ბიზნესჩანაწერების გაყალბების ბრალდებით დამნაშავედ მაისში ცნეს. ტრამპს ედავებიან 2016 წლის წინასაარჩევნო ფონდიდან დახარჯულ 130 ათას დოლარს, რომელიც დოკუმენტებში სამართლებრივი მომსახურების ხარჯებად გატარდა, რეალურად კი, გამოძიების ვერსიით, ეს თანხა პორნოვარსკვლავ შტორმი დენიელსს ტრამპთან სექსუალური კავშირის შესახებ დუმილის სანაცვლოდ გადაუხადეს. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი საერთოდ უარყოფს, რომ მას ინტიმური სახის ურთიერთობა ჰქონდა შტორმი დენიელსთან, ისევე, როგორც მისი დუმილის სანაცვლოდ წინასაარჩევნო ფონდიდან თანხების უკანონოდ გამოყენებას.

ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს 

10 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, მზიანი და უნალექო იქნება. სინოპტიკოსების პროგნოზით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +17  გრადუსი რამდენიმე ქალაქშია მოსალოდნელი.

ტემპერატურა ქალაქების მიხედვით:

გაგრა +16 – მზიანი

სოხუმი +17 – მზიანი

ზუგდიდი +18 – მზიანი

მესტია +9 – მზიანი

ფოთი +17 – მზიანი

ბათუმი +18 – მზიანი

ოზურგეთი +18 – მზიანი

ქუთაისი +18 – უმეტესად მზიანი

ამბროლაური +14 – მზიანი

ახალციხე +8 – მზიანი

ბორჯომი +8 – მზიანი

ბაკურიანი +6 – მზიანი

გორი +11 – მზიანი

ცხინვალი +11 – მზიანი

სტეფანწმინდა +5 – მზიანი

გუდაური +1 – მზიანი

თელავი +12 – მზიანი

რუსთავი +12 – მზიანი

თბილისი +12 – მზიანი

10 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

სიყვარული — საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გულწრფელობა და ურთიერთგაგება იგრძნობა. მარტოხელა ვერძმა ყურადღება უნდა მიაქციოს შემთხვევით შეხვედრას – ის შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

კარიერა — კარგი დღეა ახალი საქმის დაწყებისთვის. ენერგიულობა და პრინციპულობა რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ, რაც მენეჯმენტზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

ჯანმრთელობა — ენერგიით სავსე ხართ. სუფთა ჰაერზე გასეირნება და მსუბუქი ვარჯიში თქვენს სულსა და სხეულს გააძლიერებს.

ფინანსები — ამ დღეს შემოსავლის გაზრდის შესაძლებლობა გაჩნდება. ყურადღება მიაქციეთ პერსპექტიულ შეთავაზებებს

კურო

სიყვარული — დაოჯახებულ კუროებს შეუძლიათ პარტნიორისგან სასიხარულო სიახლეების მიღების იმედი ჰქონდეთ. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით.

კარიერა — ამ დღეს თქვენი პრაქტიკულობა განსაკუთრებით დაფასდება. შეიძლება ახალ პროექტში მნიშვნელოვანი როლის შესრულება შემოგთავაზონ.

ჯანმრთელობა — მავნე საკვებზე უარი თქვათ და სწორად კვება დაიწყოთ. არც საჭირო რაოდენობით წყლის დალევა დაგავიწყდეთ. კარგი დღეა მასაჟის სალონში ვიზიტისთვის.

ფინანსები — შესაძლებელია მცირე, მაგრამ სასიამოვნო შემოსავალი მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ბიუჯეტის დაგეგმვისთვის.

ტყუპები

სიყვარული — თქვენი მომხიბვლელობა შეუმჩნეველი არ დარჩება. ეს დღე ხელსაყრელია რომანტიკული თავგადასავლებისთვის.

კარიერა — ახალი იდეებით სავსე ხართ. ამ იდეების საშუალებით შეიძლება სამუშაო პროცესი საინტერესო და სახალისო გახადოთ. გირჩევთ თქვენი აზრები კოლეგებს გაუზიაროთ.

ჯანმრთელობა — სრულფასოვანი დასვენების შესახებ არ დაივიწყოთ. სასურველია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

ფინანსები —მოულოდნელი შემოსავალი გელით. კარგი დღეა მცირე შესყიდვებისთვის.

კირჩხიბი

სიყვარული — იდეალური დღეა გულწრფელი საუბრებისთვის. თქვენს გრძნობებს გაგება და მხარდაჭერა ელით.

კარიერა — კოლეგები თქვენს ინტუიციას და საზრიანობას ღირსეულად დააფასებენ. შეიძლება რჩევების მიცემაც კი გთხოვონ.

ჯანმრთელობა — შეინარჩუნეთ ემოციური წონასწორობა, მოუსმინეთ თქვენს საყვარელ მუსიკას ან მედიტაცია გააკეთეთ.

ფინანსები — ამ დღეს ვარსკვლავები სტაბილურობას გვპირდებიან.

ლომი

სიყვარული — ემოციებით სავსე დღე გელოდებათ. საყვარელი ადამიანის სიურპრიზები ამ დღეს დაუვიწყარს გახდის.

კარიერა — წარმატება ფეხდაფეხ დაგყვებათ. თქვენი ლიდერობის უნარი ყურადღებას და მოწონებას დაიმსახურებს. ეცადეთ თავდაჯერებულად იმოქმედოთ!

ჯანმრთელობა — შესანიშნავი დღეა სპორტული აქტივობებისთვის. სუფთა ჰაერზე სირბილი ან ვარჯიში ენერგიით აგავსებთ.

ფინანსები — სასიამოვნო ბონუსები გელით. გრძელვადიან ინვესტიციებს ყურადღება მიაქციეთ.

ქალწული

სიყვარული — თქვენი ზრუნვა საყვარელი ადამიანების მიმართ ღირსეულად დაფასდება. მარტოხელა ქალწული შეიძლება შეხვდეს ადამიანს, რომელიც მის ინტერესებს იზიარებს.

კარიერა — საფუძვლიანი და ანალიტიკური მიდგომა სასურველ შედეგს მოიტანს.

ჯანმრთელობა — დროა, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ახალი, ჯანსაღი ჩვევები გამოიმუშავოთ. გამონახეთ დრო სუფთა ჰაერზე სეირნობისთვის.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად. კარგად გააზრებული ქმედებები სტაბილურობას და კეთილდღეობას მოიტანს.

სასწორი

სიყვარული — ურთიერთობებში ჰარმონია და წონასწორობა თქვენი ბედნიერების გასაღებია. ახალი ნაცნობობა შეიძლება დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

კარიერა — შესანიშნავი დღეა ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისთვის. თქვენი პიროვნული ხიბლი საერთო ენის პოვნაში დაგეხმარებათ.

ჯანმრთელობა –გამონახეთ დრო დასვენების იოგის ან მედიტაციისთვის.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა მომავლის დაგეგმვისთვის. შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.

მორიელი

სიყვარული — მძაფრი ვნებებისა და ახალი აღმოჩენების დღეა. თქვენი გრძნობა ახალ სიღრმეს შეიძენს.

კარიერა —თანდაყოლილი გამჭრიახობა რთული საკითხის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მნიშვნელოვანია საკუთარ ინტუიციას ენდოთ.

ჯანმრთელობა — იზრუნეთ იმაზე, რომ ლამაზი სხეული და მხნეობა შეინარჩუნოთ. მსუბუქი ვარჯიში ან ცეკვა შესანიშნავ განწყობას შეგიქმნით.

ფინანსები — გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ.

მშვილდოსანი

სიყვარული — საყვარელი ადამიანის სიურპრიზები ამ დღესდაუვიწყარს გახდის. მარტოხელა მშვილდოსანს მოულოდნელი კომპლიმენტი ელის.

კარიერა – ამ დღეს ენერგიით სავსე ხართ თქვენი ყველაზე ამბიციური გეგმების განხორციელებისთვის ემზადებით.

ჯანმრთელობა — ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მეტი იმოძრაოთ. პატარა გასეირნებაც კი თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთო გავლენას მოახდენს.

ფინანსები – ეს დღე ხელსაყრელია ახალი ფინანსური სტრატეგიების განხილვისა და თვალსაწიერის გაფართოებისთვის.

თხის რქა

სიყვარული — საყვარელი ადამიანისგან გულწრფელ ემოციებს და ზრუნვას გრძნობთ. მშვენიერი დროა გულწრფელი საუბრებისთვის.

კარიერა —პასუხისმგებლობის გრძნობა და მონდომება დამსახურებულ აღიარებას მოგიტანთ.

ჯანმრთელობა —ცხელი აბაზანა ან მასაჟის სეანსები თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

ფინანსები — ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერებას შეგმატებთ.

მერწყული

სიყვარული – თქვენი ორიგინალურობა და გულწრფელობა საინტერესო ადამიანის ყურადღებას მიიპყრობს.

კარიერა — თქვენი ორიგინალური აზროვნება და საქმის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა კოლეგებისა და მენეჯმენტის მოწონებას დაიმსახურებს.

ჯანმრთელობა – ენერგიით სავსე ხართ. შეგიძლიათ რაღაც ახალი მოსინჯოთ, უნდაც ფიტნესის უჩვეულო ფორმა.

ფინანსები — ხელსაყრელი დღეა ახალი პროექტის დაწყების ან ინვესტიციების შესწავლისთვის.

თევზები

სიყვარული — მთელ დღეს რომანტიკულ განწყობაზე გაატარებთ. შესაძლოა, პარტნიორმა სასიამოვნო სიურპრიზით გაგახაროთ.

კარიერა —მდიდარი წარმოსახვის უნარი და შემოქმედებითი აზროვნება რთული პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ. შეგიძლიათ გარშემო მყოფებს საკუთარი იდეები თამამად გაუზიაროთ.

ჯანმრთელობა — ყურადღება მიაქციეთ საკუთარ ემოციურ მდგომარეობას. მედიტაცია ან არტთერაპია მოდუნებაში დაგეხმარებათ.

ფინანსები — კარგი დღეა ოჯახური ბიუჯეტისა და სამომავლო ხარჯების დასაგეგმად.

შესწორება უნდა შევიტანო თქვენს პრეზენტაციაში, მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი, დღესაც ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი ვარ -სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის ხელმძღვანელს მიმართა 

მხოლოდ ერთი პატარა, მაგრამ დიდი შესწორება, რომელიც უნდა შევიტანო თქვენს პრეზენტაციაში, ის არის, რომ მე არ ვარ ყოფილი პრეზიდენტი. დღესაც მე ვარ საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტი, მიუხედავად მმართველი პარტიის პრეტენზიებისა ახალი პრეზიდენტის ყოლაზე, – ასე მიმართა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჰადსონის ინსტიტუტის ხელმძღვანელ ჯონ ვოლტერს, რომელმაც საქართველოსთან დაკავშირებით დისკუსიის გახსნისას სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტად მოიხსენია.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, დისკუსიაში მისი მონაწილეობის მიზანია, საქართველო „დღეს უფრო მეტად იყოს მისი მეგობრების, მხარდამჭერების გონებაში, ვიდრე ოდესმე“.

„ჩემი პრეზენტაციის მიზანია იმის თქმა, რატომ უნდა იყოს საქართველო თქვენს გონებაში, მისი მეგობრების, მხარდამჭერების გონებაში, დღეს უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე. ეს იმიტომ, რომ საქართველო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, იყო შეერთებული შტატების ერთ-ერთი უფრო უსაფრთხო, ძლიერი მეგობარი რეგიონში და რეგიონს მიღმა იმ დროს, როდესაც ჩვენ საჭირო ვიყავით ავღანეთში ან ერაყში. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც გავიდა ამ სივრცეში, რომელსაც პოსტსაბჭოთა სივრცე ჰქვია, მან გაიარა დემოკრატიის აშენების, სახელმწიფოს აშენების, სისტემის მშენებლობის ყველა ეტაპი, რომელშიც დაცული იქნებოდა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები. ჩვენ გვქონდა აღმავლობა და ვარდნა, მაგრამ ეს წარსული სტაბილური იყო და საქართველოს მოსახლეობა ამ დღემდე იზიარებდა თავის ლიდერებთან ევროატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანების ამბიციას. ამ მიზნის მხარდაჭერა ყველა რეიტინგში შეადგენდა 80%-ს და მეტს ბოლო 30 წლის განმავლობაში. ასე რომ, ეს არის ის, რაც ნამდვილად ფართოდაა გაზიარებული. ეს არის ქართველი ხალხის საერთო ამბიცია, ეს არის ამბიცია, რომელიც იყო დიდი ხნის წინ, საუკუნეების წინ, შეუერთდეს ფასეულობათა საზოგადოებას, რომელიც მას ჰქონდა ევროპის ქვეყნებთან. ახლა რა მოხდა? ბოლო წლებში ეს ის მთავრობაა, რომელიც აირჩიეს იმავე პროგრამით, რომ ხელი შეუწყოს საქართველოს გზას ევროპაში, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ფაქტობრივად, ამ პარტიამ, უმრავლესობამ საქართველოს კონსტიტუციაში შეიტანა მუხლი, რომელიც საქართველოს ყველა ინსტიტუტს აკისრებს ვალდებულებას, მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი ძალისხმევა, ხელი შეუწყონ საქართველოს ინტეგრაციას ევროატლანტიკურ საზოგადოებაში და უცებ მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ მართლაც გადაიქცევა ქართულ კოშმარად ან რუსულ ოცნებად. უფრო და უფრო აქტიური გზით აშორებს პარტნიორებს საქართველოს – ძალიან აგრესიული რიტორიკით ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, აგრესიულია ქვეყანაში ელჩების მიმართ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, რუსული კანონით და სხვა კანონებით, რომლებიც ძალიან რუსულია არსითა და ფორმით, ის საქართველოს აშორებს ათწლეულების მანძილზე არსებულ რეფორმებს, ცდილობს მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებას. წარადგენს ბევრ კანონს ახალი სტანდარტების დასანერგად. ეს ყველაფერი მოულოდნელად და მეტ-ნაკლებად ემთხვევა უკრაინის ომს, მაგრამ ცოტა ადრე იწყება. უცებ ჩვენ ვხედავთ შემობრუნებას ჩვენი ტრადიციული სტრატეგიული პარტნიორებიდან არასტრატეგიული პარტნიორებისკენ, რუსეთისკენ. ჩვენ მთლიანად დავკარგეთ ჩვენი მართლმსაჯულების სისტემა, არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო. დღეს საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, გარდა იმ პრეზიდენტისა, რომელიც მე ვარ. ამიტომ მტკიცედ უნდა გავაგრძელო ამ ლეგიტიმაციის განსახიერება. არ არსებობს დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც არ იმართება ერთი პარტიული წესით, რომელიც არსებობს საქართველოში. ასე რომ, სტრუქტურულად ძალიან ჰგავს იმას, რაც ხდება რუსეთში. გარდა იმისა, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი განსხვავება, ეს არის ის, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოება, რომელმაც არ მიიღო ამ ერთი პარტიის კონტროლის ქვეშ მოქცევა და ძალიან ნათელი საზოგადოება, რომელმაც წინააღმდეგობა გაუწია რუსეთის კანონს არა ერთხელ, არამედ ორჯერ, რადგან მმართველმა პარტიამ ეს კანონი მეორედ შემოიღო მას შემდეგ, რაც გააუქმა და პირობა დადო, რომ აღარასოდეს შემოიღებდა. კარგად იციან ტყუილი, რაც ასევე რუსული სპეციფიკაა, შავის თეთრად და თეთრის შავად წარმოჩენა და ასე თანდათან მიჰყავთ ეს ქვეყანა იმ მიმართულებით, რაც არ სურს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას.

ეს მართლაც ყველაზე ორგანიზებული არჩევნების ქურდობაა, რომელიც კარგად იყო დაგეგმილი, კარგად ორგანიზებული და მხარდაჭერილი რუსების მიერ. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ალტერნატივა იმისა, რაც ხდება უკრაინაში, სადაც ვერ შეძლო ომის მოგება. ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ის, რაც სცადეს მოლდოვაში, სხვაგვარად სცადეს რუმინეთში. ჩინეთს ძალიან ბევრი ინტერესი აქვს დაკავშირებული მმართველ პარტიასთან და შემდეგი პორტის საკითხი. ჩინელებთან დისკუსიები მიმდინარეობს. ასე რომ, არალეგიტიმური მთავრობის, პარლამენტის არაღიარების პოლიტიკა აუცილებელია, რათა მოხდეს ზეწოლა, რომელსაც სანქციები ახორციელებს მათზე, რადგან ეს ზეწოლას ახდენს არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე, არამედ პირველ წრეზე მათ ირგვლივ. ეს უკვე ავტოკრატიული რეჟიმია, ერთი პარტია. თქვენ უნდა დაგვეხმაროთ, უნდა ვიბრძოლოთ და მივიდეთ ახალ არჩევნებზე, რადგან არ არსებობს ასეთი ღრმა კრიზისიდან გამოსვლის სხვა ცნობილი გზა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე, ნიკა მამასტარაშვილი და ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან – სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ილია ლუტიძე და ნიკა მამასტარაშვილი, ასევე, ოკუპირებული ახალგორის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფლები არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

“ილია ლუტიძის, ნიკა მამასტარაშვილის და ზურაბ ლობჟანიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. 

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად”, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

“უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არჩართვაა მათი მთავარი ბრალდება” – ლევან ნიკოლეიშვილი

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ნახო, ვინ ებრძვის საქართველოს გარედან: საფრანგეთის და გერმანიის ის ხელისუფლება, რომელსაც თავზე დაემხოთ საკუთარი პარტიების რეიტინგი, და აგერ სულ მალე საკუთარ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები ელით, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, დასავლეთის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების ომში არჩართვაა მთავარი ბრალდება. 

“დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ნახო ვინ ებრძვის საქართველოს გარედან: საფრანგეთის და გერმანიის ის ხელისუფლება, რომელსაც თავზე დაემხოთ საკუთარი პარტიების რეიტინგი, და აგერ სულ მალე საკუთარ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები ელით, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია, ნატოში უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ უსაქმოდ წამოწოლის მაგივრად ალიანსის უსაფრთხოებისათვის უკვე სერიოზული წვლილის შეტანას სთხოვს, კეზერაშვილის ფულზე გაყიდული ამერიკელი ჯო უილსონი, რომელსაც თითქოს მეტი საქმე არ აქვს გარდა კორუმპირებული ცხვირის ჩაყოფისა საქართველოს საშინაო საქმეებში, ბოროტ მასხარად ჩამოყალიბებული უკრაინის დამღუპველი ზელენსკი, რომელსაც ფრონტის ხაზზე წარუმატებლობა წარუმატებლობაზე აქვს, ისიც კი საქართველოსთვის იცლის თურმე. აბა დავფიქრდეთ რაშია საქმე, ვინმეს სჯერა ნომერ პირველი გამოწვევა მსოფლიოში საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე ანტისახელმწიფოებრივ ანკლავად ჩამოყალიბებული მცირე ჯგუფის გაუაზრებელი პერფორმანსების მხარდაჭერაა, ან მათ მმართველი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების, პეტიციების და „დანოსების“ განხილვაა უცხოური პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი. რა თქმა უნდა არა, ვინ ვინ და სწორედ უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად და ლეგიტიმურად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე მშვენივრად იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა, მათ მთავარი ბრალდება, ისიც იციან რომ ვერაფერს ვერ ახერხებენ, უბრალოდ იმ დიდ ფინანსურ რესურს რაც საქართველოში რევოლუციის მოსახდენად იყო გამოყოფილი, უკვე ბოლომდე გახარჯვა თუ არა ჯიბეში ჩადება სჭირდება, თან უნდათ მოასწრონ, ბოლომდე დაყარონ ნაგავი ბარიკადებად, რომლის გატანა და პოლიტიკური ველის დასუფთავება არც თუ ადვილი საქმე იქნება, შესაბამისად სწორედ ამ გზით მიდიან, თუმცა მთავარს ვერ ითვალისწინებენ, სწორედ ასეთმა გაუაზრებელმა მიდგომამა მიიყვანა ისინი ჯერ არჩევნებში მარცხამდე და აუცილებლად მიიყვანს საბოლოო პოლიტიკურ კრახამდე.” – წერს ნიკოლეიშვილი.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ნახო ვინ ებრძვის საქართველოს გარედან: საფრანგეთის და გერმანიის ის ხელისუფლება, რომელსაც თავზე დაემხოთ საკუთარი პარტიების რეიტინგი, და აგერ სულ მალე საკუთარ ქვეყნებში რიგგარეშე არჩევნები ელით, ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია, ნატოში უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ უსაქმოდ წამოწოლის მაგივრად ალიანსის უსაფრთხოებისათვის უკვე სერიოზული წვლილის შეტანას სთხოვს, კეზერაშვილის ფულზე გაყიდული ამერიკელი ჯო უილსონი, რომელსაც თითქოს მეტი საქმე არ აქვს გარდა კორუმპირებული ცხვირის ჩაყოფისა საქართველოს საშინაო საქმეებში, ბოროტ მასხარად ჩამოყალიბებული უკრაინის დამღუპველი ზელენსკი, რომელსაც ფრონტის ხაზზე წარუმატებლობა წარუმატებლობაზე აქვს, ისიც კი საქართველოსთვის იცლის თურმე. აბა დავფიქრდეთ რაშია საქმე, ვინმეს სჯერა ნომერ პირველი გამოწვევა მსოფლიოში საქართველოს დედაქალაქში, რუსთაველის პროსპექტზე ანტისახელმწიფოებრივ ანკლავად ჩამოყალიბებული მცირე ჯგუფის გაუაზრებელი პერფორმანსების მხარდაჭერაა, ან მათ მმართველი რადიკალური ოპოზიციური ჯგუფების საჩივრების, პეტიციების და „დანოსების“ განხილვაა უცხოური პოლიტიკური ელიტის მთავარი საზრუნავი. რა თქმა უნდა არა, ვინ ვინ და სწორედ უცხოურმა პოლიტიკურმა ელიტამ იცის, რომ საქართველოში არჩევნები მინიმუმ იმაზე კარგად და ლეგიტიმურად ჩატარდა, ვიდრე მათ ქვეყნებში მიმდინარეობს ხოლმე, ასევე მშვენივრად იციან, რომ სწორედ საქართველოს ხელისუფლების ომში არ ჩართვაა, მათ მთავარი ბრალდება, ისიც იციან რომ ვერაფერს ვერ ახერხებენ, უბრალოდ იმ დიდ ფინანსურ რესურს რაც საქართველოში რევოლუციის მოსახდენად იყო გამოყოფილი, უკვე ბოლომდე გახარჯვა თუ არა ჯიბეში ჩადება სჭირდება, თან უნდათ მოასწრონ, ბოლომდე დაყარონ ნაგავი ბარიკადებად, რომლის გატანა და პოლიტიკური ველის დასუფთავება არც თუ ადვილი საქმე იქნება, შესაბამისად სწორედ ამ გზით მიდიან, თუმცა მთავარს ვერ ითვალისწინებენ, სწორედ ასეთმა გაუაზრებელმა მიდგომამა მიიყვანა ისინი ჯერ არჩევნებში მარცხამდე და აუცილებლად მიიყვანს საბოლოო პოლიტიკურ კრახამდე,” – წერს ნიკოლეიშვილი.