Home Blog Page 23

უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ, მშვიდობას დათანხმდეს – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის „რამშტაინის“ ფორმატის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ინსტრუმენტი ვიპოვოთ, რათა რუსეთი ვაიძულოთ მშვიდობას დათანხმდეს. ვფიქრობ, პარტნიორების სამხედრო კონტინგენტების განთავსება ერთ-ერთი საუკეთესო ინსტრუმენტია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თანამდებობას დაიკავებს, მოკავშირეებს უფრო მეტი თანამშრომლობა მოუწევთ.

„აშკარაა, რომ ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის ახალი ეტაპი იწყება, სულ რაღაც 11 დღეში, დრო, როდესაც ჩვენ კიდევ უფრო მეტად უნდა ვითანამშრომლოთ, ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად უნდა დავეყრდნოთ და კიდევ უფრო დიდ შედეგებს ერთად უნდა მივაღწიოთ. ვთვლი, რომ ეს შესაძლებლობების დროა“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ – მამუკა მდინარაძე 

მე სალომე ზურაბიშვილის ფსიქოემოციურ თუ ფსიქოემოციონალურ მდგომარეობას ვერ შევაფასებ. მას შეუძლია თქვას, რომ ის არის მუსოლინი ან ჰიტლერი იმიტომ, რომ მისი და მისი მეგობრების მოქმედებები ძალიან ემსგავსება, მათ მოქმედებებს. საბედნიეროდ, მსგავსი ძალაუფლება არ გააჩნიათ. მას ნებისმიერი რაღაც შეუძლია დაუძახოს საკუთარ თავს, ეს მისი ნებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ ის ამ ქვეყნის პრეზიდენტია.

მდინარაძის თქმით, მოდელირებული რეალობები საქართველოში დასრულებულია.

„საქართველოში არის სხვა რეალობა, მოდელირებული რეალობების შეთავაზება საქართველოში საბედნიეროდ დავამთავრეთ და ეს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა შექმნილმა გუნდმა 2012 წელს დაამთავრა. ეს სიტუაცია კიდევ უფრო დაღვინდა და მოდელირებული რეალობები საქართველოში საბედნიეროდ დასრულებულია. ამიტომ ვერც სალომე ზურაბიშვილი და ვერც სხვა რიგითი „ნაცი“, ამ რეალობას ვერ შეცვლის.

სამი კვირაც კი ვერ მოითმინეს, რომ მაკკეინის ინსტიტუტში არ გაფორმებულიყო. იმ ორგანიზაციაში, სადაც მსხვერპლზე დარდობდნენ, რომ მიმდინარე აქციების დროს მსხვერპლი არ იყო. ხომ შეიძლებოდა ეთხოვა, რომ მაკკეინის ინსტიტუტში ნუ გამაფორმებთ, მოდით სხვა მხრიდან მომეცით რაღაც სტიპენდია, ხელფასი იმისათვის, რომ არ გაახსენდეთ ქართულ საზოგადოებაში მაკკეინის ინსტიტუტი, რომელიც სულ რაღაც ორი-სამი კვირის წინ, რას დარდობდა და რას ჯავრობდა, რომ მსხვერპლი არ იყო. მას უთხრეს, რომ შენ აქედან მიიღებ სტიპენდიას, აქ იქნები ანგარიშვალდებული და მან თქვა, რომ „დიახ, ვიქნები ანგარიშვალდებული” და გახდა მაკკეინის ინსტიტუტის რიგითი სტიპენდიატი”, – განაცხადა მდინარაძემ.

სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი – ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა უბრალოდ შეუძლებელია – პესკოვი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე 

ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობას რეალური სარგებელი მოაქვს სომხეთისთვის, მაგრამ შეუძლებელია იყო ამ ასოციაციის და ევროკავშირის წევრი ერთდროულად, – ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„სომხეთი არის ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრი და ეს წევრობა ძალიან, ძალიან დადებით დივიდენდებს იძლევა სომხეთისთვის, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ამ ქვეყნის ხალხისთვის“, – განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, ახლა ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სწრაფვა.

„უნდა დავაკვირდეთ, რა აქცენტი ექნება სომხურ მხარეს. რა თქმა უნდა, ორი განსხვავებული ორგანიზაციის წევრობა, ჰიპოთეტურად რომ ვთქვათ, უბრალოდ შეუძლებელია. აქ არის ერთი საბაჟო ზონა, ერთი ზონა საქონლისა და მომსახურების, ხალხისა და კაპიტალის გადაადგილებისთვის. სხვადასხვა სტანდარტებია. რა თქმა უნდა, ეს სუვერენული უფლებაა. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ევრაზიის ეკონომიკური თანამეგობრობის წევრობა სასარგებლოა სომხეთისთვის”, – აღნიშნა პესკოვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის მთავრობამ „სომხეთის რესპუბლიკის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ“ კანონპროექტი დაამტკიცა.

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია – მამუკა მდინარაძე

საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის, – განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

„2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია: პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა; კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით; კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება; 2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

შეიქმნება 2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმის საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, დასკვნა გადაეცემა პროკურატურას დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით – მამუკა მდინარაძე

„საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია-საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

„საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელმაც 2003-12 წლებში, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ჩაიდინა მრავალი დანაშაული ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე. 2012 წლიდან დღემდე, ეს პოლიტიკური ძალა ასრულებს მაოხრებელი გზირის ფუნქციას ქართულ პოლიტიკაში, ღიად უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და გადამწყვეტ დაბრკოლებას უქმნის საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის დამკვიდრებას. ამასთან, ამ პოლიტიკური ძალის ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ ხელისუფლებაში დაბრუნების თეორიულ შემთხვევაში, ის აუცილებლად ჩაიდენს იგივე სახის დანაშაულებს ახალი შემართებითა და ენერგიით, რაზეც მას მწვანე შუქს აუნთებენ იგივე ძალები, რომლებიც 2003-12 წლების ავტორიტარულ, სისხლიან რეჟიმს დემოკრატიის შუქურად მოიხსენიებდნენ. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასაკის გამო, არ შესწრებია დანაშაულებს, რომლებსაც „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი სჩადიოდა, მრავალ ადამიანს კი, ეს დანაშაულები, სულ მცირე, ემოციურ დონეზე აქვს მივიწყებული. საზოგადოებას მუდმივად უნდა ახსოვდეს ავტორიტარული რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები, რათა მომავალში მათი გამეორება არ დაუშვას. სწორედ, ამგვარი მიდგომით, ნიურნბერგის პროცესითა და რეჟიმის დანაშაულების მუდმივი შეხსენებით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიამ დაამარცხა ნაციონალ-სოციალიზმი საზოგადოების ცნობიერებაში. ეს არის გამოცდილება, რომელიც საქართველომაც უნდა გაიზიაროს და პრაქტიკაში დანერგოს.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, დააანონსა ბრძოლა „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ. საქართველოში მოქმედებს რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაშია ჩაბუდებული და სწორედ „დიფ სთეითის“ მიერ იმართება. ეს არის „დიფ სთეითის“ მიერ ჩამოყალიბებული მონების ჯგუფი, რომელიც, როგორც ამას თავად „დიფ სთეითის“ მართვის წესი ითვალისწინებს, თვალდახუჭული ემსახურება პატრონის ნებისმიერ ახირებას. შესაბამისად, საქართველოშიც ზუსტად იგივენაირად არის საჭირო რადიკალური ოპოზიციისგან განთავისუფლება, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს სჭირდება განთავისუფლება „დიფ სთეითისგან“.

2003-12 წლების რეჟიმის მიერ ჩადენილი უმთავრესი სისტემური დანაშაულების შესახებ ფართოდ არის ცნობილი. ესენია:

პატიმრების წამება და წამების სისტემა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში;

ადამიანების მკვლელობა, ძალადობა, პირადი ცხოვრების ხელყოფა;

კორუფცია და ბიზნესზე ზეწოლა აქტივების დათმობისა და თანხის გამოძალვის მიზნით;

კანონიერი მფლობელებისგან მედიასაშუალებების მისაკუთრება;

2008 წლის ომის დაწყების აღიარება და ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალება.

აღნიშნული სისტემური დანაშაულების გამოძიების მიზნით და რეჟიმის შესაფასებლად, საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება 2003-12 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 6 თვის განმავლობაში იმუშავებს და მოამზადებს დასკვნას, რომელსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს და დაამტკიცებს სექტემბრის პირველი სასესიო კვირისთვის. დასკვნაში აისახება რეკომენდაციები დამნაშავეთა მიმართ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული პოლიტიკური და სამართლებრივი რეაგირების ზომების შესახებ. საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული დასკვნა გადაეცემა საქართველოს პროკურატურას და სხვა შესაბამის ორგანოებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდგომი ზომების მიღებისა და დამნაშავეთა დასჯის უზრუნველყოფის მიზნით.

სპეკულაციების გამოსარიცხად, იმთავითვე ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ 2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები.

დროებითი საგამოძიებო კომისია დაიბარებს და გამოკითხავს რეჟიმის თანამდებობის პირებს, აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელსაც შეიძლება ბრალი მიუძღოდეს რეჟიმის მიერ ჩადენილ დანაშაულებში ან რომელიც შეიძლება ფლობდეს ღირებულ ინფორმაციას აღნიშნულ დანაშაულთა შესახებ.

დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ 2003-12 წლების რეჟიმის შეფასებას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეების პრევენციის და საქართველოში ჯანსაღი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბებისათვის. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობას ენიჭება უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა მდინარაძემ.

“ომი მაინც გაგრძელდება”- ზელენსკის მინიშნება პუტინს” – Страна

უკრაინას რომ დააძალონ და ხელი მოაწერინონ სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ტერიტორიების დაკარგვით, კიევი შურისძიებას შეეცდება, – ნათქვამია უკრაინული გამოცემის „სტრანას“ (Страна) მიერ გამოქვეყნებულ სარედაქციო სტატიაში სათაურით „ომი მაინც გაგრძელდება“: ზელენსკის მინიშნება პუტინს“. კიევის რეჟიმის რეალურ სტრატეგიას ომის გაგრძელება წარმოადგენს – ამიტომაც ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს შეუსრულებელ პირობას უყენებს – ნატოში მიღებას. გამოდის, რომ თუ გარანტიისათვის უკრაინას ალიანსში არ მიიღებენ (და ეს მართლაც ასე იქნება – არ მიიღებენ), მაშინ ზელენსკი ომის რეალურად შეწყვეტაზე არ დათანხმდება, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

 ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუმ, რომელიც მას ამერიკელმა ბლოგერმა და „პოდკასტერმა“ ლექს ფრიდმანმა ორი დღის წინ ჩამოართვა, რუსეთში ფართო გამოხმაურება პოვა. მოსკოვში აღნიშნავენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ლაპარაკის დროს ხშირად იგინებოდა და უცენზურო სიტყვებს ხმარობდა, უპატივცემლობას გამოხატავდა რუსი ხალხისა და მისი პრეზიდენტის მიმართ. ამ ყველაფერმა ძალზე ნეგატიური რეაქცია გამოიწვია როგორც  პროსამთავრობო მასმედიაში, სოცქსელებში და სამხედრო „ტელეგრამ-არხებზე“, არამედ იმ წრეებშიც, რომლებიც პროსამთავრობოს ვერ ვუწოდებთ… და ეს საკმაოდ მნიშვნელოვან და საჩვენებელ მომენტს წარმოადგენს.

რუსეთში არსებობს სხვადასხვა თვალსაზრისები იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი უკრაინასთან.

არსებობს „მშვიდობის პარტია“ (პირობითად), რომელიც თვლის, რომ აუცილებელია რაც შეიძლება მალე დასრულდეს საომარი მოქმედებები ფრონტის ხაზის მიხედვით. არსებობს აგრეთვე „ომის პარტიაც“, რომელიც ვარაუდობს, რომ ბრძოლის გაგრძელება აუცილებელია მინიმუმ იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელიც ვლადიმერ პუტინმა 2024 წლის ივნისში გააჟღერა და უფრო მეტადაც – თვით კიევის ხელისუფლების შეცვლამდე და უკრაინის სახელმწიფოს „გადატვირთვამდე“, მასზე ფაქტობრივად რუსეთის კონტროლის დამყარებით.

რუსეთში „ომის პარტიის“ მთავარი არგუმენტი დაახლოებით ასეთია: თუ ახლა  საომარ მოქმედებებს უბრალოდ შევაჩერებთ, უკრაინა საფრთხის მუდმივ წყაროდ გადაიქცევა. უკრაინელები დაიწყებენ შურისძიებას ომის გამო, მოისურვებენ რევანშის აღებას და ტერიტორიების დაბრუნებას. დღევანდელი უკრაინა ათობით მილიონი ადამიანია, რომლებსაც რუსეთი სძულთ. უკრაინა გადაიქცევა დიდ „ღაზას სექტორად“, ან ისეთ „ჩეჩნეთად“, როგორი ჩეჩნეთიც 1996-99 წლებში იყო, საიდანაც უკრაინელი „ჰამასელები“ და „ბასაევები“ თავდასხმა-თარეშებს მოაწყობენ რუსულ კურსკზე და ბელგოროდზე, დაგეგმავენ და განახორციელებენ ტერაქტებს…  ასეთი სიტუაციით ისარგებლებენ რუსეთის მტრები და ქვეყანას პრობლემებს შეუქმნიან.  და თუ ნატოსთან, ვთქვათ, ომი დაიწყება, უკრაინა ყველაზე სახიფათო ფორპოსტი იქნება რუსეთის ცენტრალური რეგიონებისადმი შეტევისათვის. ამიტომაც აუცილებელია ბრძოლის გაგრძელება მანამ, სანამ კიევში ისეთი ხელისუფლება არ ჩამოყალიბდება, რომელიც რუსეთის მიმართ ლოიალური იქნება და რომლიდანაც მოსკოვს საფრთხე არ დაემუქრება. ეს ეგზისტენციალური და საბედისწერო ბრძოლაა, რომელშიც რუსეთმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ომმა ადამიანების დიდი მსხვერპლი და დიდი ეკონომიკური ხარჯები მოითხოვოს და თუ საჭირო იქნება, ბირთვული იარაღიც უნდა იქნას გამოყენებული.

„ომის პარტიის“ პოზიციის მიმართ, „მშვიდობის პარტიას“ თავისი კონტრარგუმენტები აქვს: უკრაინამ მიმდინარე ომში უკვე დიდი სამხედრო დანაკარგები განიცადა, იძულებული გახდა დაეტოვებინა ტერიტორიები, ქვეყნიდან მრავალი მილიონი ადამიანი გავიდა ლტოლვილებისა და მიგრანტების სახით, ეკონომიკა კი თითქმის 50-60%-ით დანგრეულია. საომარი მოქმედებების დასრულების შემთხვევაში უკრაინა ყველაზე ნაკლებად იქნება დაინტერესებული იმისათვის, რომ რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციები დაიწყოს და ხელახალი თავდასხმა გამოიწვიოს. ორი ქვეყნის პოტენციალს ერთმანეთის მიმართ შეუწონელია და ყოველი ახალი კონფლიქტი უკრაინას უფრო მეტ ზიანს მიაყენებს, ვიდრე რუსეთს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ უკრაინა მუდმივად მტრულად იქნება რუსეთის მიმართ განწყობილი და ჰიბრიდული ომის მდგომარეობაში იქნება, რომელი ქვეყანა და რომელი ბიზნესმენი ჩადებს თავის ინვესტიციებს უკრაინის ეკონომიკაში? საეჭვოა, რომ ასეთი უცხოელი კომპანია გამოჩნდეს. დიდი ალბათობით, უკრაინას ევროკავშირშიც არ მიიღებენ, ანუ კიევისათვის არსებობს დიდი რისკი, რომ ქვეყანა მუდმივ „ნაცრისფერ ზონად“ გადაიქცევა, საიდანაც გაგრძელდება მოსახლეობის გაქცევა და ფინანსების გადინება.

ამიტომაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინა პირველი თვითონ გამოავლენს დაინტერესებას იმაში, რომ საომარი მოქმედებები აღარ განახლდეს, რომ ქვეყანამ მშვიდად და წყნარად იცხოვროს, მოიშუშოს ომით მიყენებული ჭრილობები, ეკონომიკა აღადგინოს და ევროკავშირის წევრი გახდეს.

რაც შეეხება ნატოსა და რუსეთის შეტაკების შესაძლებლობას, დასავლეთმა მთელი ომის განმავლობაში არაერთხელ მოახდინა იმის დემონსტრაცია, რომ არ სურს პირდაპირი შეჯახება რუსეთთან, რომელსაც ბირთვული ომის გამოწვევა შეუძლია. ანუ, სანამ რუსეთს ბირთვული არსენალი აქვს, ნატოსთან ომის ალბათობა, ალიანსის ინიციატივით, ნულის ტოლია. გასათვალისწინებელია აგრეთვე ერთი გარემოებაც: რუსეთისათვის ძალიან რთული იქნება არამარტო უკრაინის დამატებითი ტერიტორიის გაკონტროლება, არამედ იმის გაკონტროლებაც, რაც უკვე დაკავებული აქვს – ოთხი ოლქის ტერიტორია. შესაბამისად, უმჯობესი იქნება მოსკოვმა დიპლომატიით მიაღწიოს სასურველ შედეგს, ვიდრე სამხედრო ძალით.

გასაგებია „მშვიდობის პარტიის“ მშვიდობიანი მიზან-მეთოდები, მაგრამ შეხედეთ რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი ინტერვიუში მკაფიოდ – კიევს რომ დააძალონ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე ხელმოწერა, უკრაინელები მაინც შურს იძიებენ და რუსეთს არ მოასვენებენო – ამაზე რას იტყვიან „მშვიდობის მსურველები“? აი, როგორ აცხადებს პრეზიდენტი: „ვთქვათ, დაგვაძალეს და იძულებულები გავხდით ცეცხლი შევწყვიტოთ. ამასთან, რუსეთში არავინ არ ისჯება, არცერთი ხელმძღვანელი ომის გამო, არცერთი მკვლელი, არავინ ციხეში არ მიდის. დასავლეთი კი ამასობაში ანტირუსულ სანქციებს აუქმებს. ახლა წარმოიდგინეთ უკრაინელი, რომელმაც ომში ოჯახი და შვილები დაკარგა. იგი ხედავს, რომ სამართლიანობა მიღწეული არ არის. განა იგი ვერ იპოვის იმის შესაძლებლობას, რომ რუსეთში წავიდეს და ვიღაც მოკლას? ასეთები უკრაინაში ათასობითაა“.

ასე რომ, ამ შემთხვევაში საკითხი ისე არ დგას, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსებისა და ვლადიმერ პუტინის მიმართ უბრალოდ უპატივცემლობას ამჟღავნებს, აქ საქმე გვაქვს მოუგვარებელ პრობლემასთან – მუდმივ მტრობასთან რუსეთის მიმართ, თუნდაც ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში აღარ იყოს.

თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს „პოულობს“ – რუსეთზე რომ შური არ იძიოს, უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდესო: „ნატო შეაჩერებს არა მარტო რუსეთს, არამედ უკრაინასაც“, – ამტკიცებს პრეზიდენტი.

თავის დროზე მსგავსი თვალსაზრისი გამოხატა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმაც და ამაში არის გარკვეული ლოგიკა… თუმცა მსგავსი აზრი სრულიად მიუღებელია ვლადიმერ პუტინისათვის ცეცხლის შეწყვეტის პირობად.. ამასთან, ამჟამინდელ სამხედრო და გეოპოლიტიკურ სიტუაციაში გაუგებარია, თუ ვინ გამოჩნდება ისეთი პიროვნება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აზრს შეაცვლევინებს – განა ვლადიმერ პუტინი უკრაინის ნატოში მიღებას დათანხმდება? უფრო მეტიც, დასავლეთის ქვეყნებში და თვით დონალდ ტრამპის გუნდშიც ბევრი წინააღმდეგია იმისა, რომ უკრაინა ალიანსის წევრად იქნას მიღებული.

ანუ ფაქტობრივად ვოლოდიმირ ზელენსკი ასეთ პირობას (პრეტენზიას) აყენებს: თუ ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის ნატოში მიღების გარეშე მოხდება (არადა, მიღება მართლაც არარეალურია), მაშინ უკრაინის კონფლიქტი რუსეთთან სხვა ფორმით გაგრძელდება.

რა თქმა უნდა შეიძლება ზუსტად ასე არ მოხდეს – ჩვენ უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მუდმივი ჰიბრიდული ომი არც უკრაინის ინტერესებში არ არის, თუ მას ნატოს გარანტიები არ ექნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა ის, რაც თქვა… და ეს ძლიერი კოზირია რუსული „ომის პარტიისათვის“ – უკრაინელმა ლიდერმა ფაქტობრივად დაადასტურა „ომის პარტიის“ არგუმენტები., თუ რატომ უნდა გაგრძელდეს ომი.

მოკლედ, ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. ჩვენ ადრეც ვწერდით, რომ უკრაინის ხელისუფლების რეალური სტრატეგია უახლოესი მომავლისათვის ომის გაგრძელებას ითვალისწინებს და, შესაბამისად, კიევი დაინტერესებულია, რომ ცეცხლი არ შეწყდეს. ამიტომ იგი აყენებს მიუღწეველ პირობებს – „ნატოში მიგვიღეთ“, „1991 წლის საზღვრები უნდა აღდგეს“ და ა.შ. ამ სტრატეგიის ჩარჩოებში კიევის პირველი ამოცანაა დაარწმუნოს დონალდ ტრამპი იმაში, რომ მან უკრაინაზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს და რომ მან უკრაინის სახელით ვლადიმერ პუტინს არანაირი კომპრომისი არ უნდა შესთავაზოს. მეორე ამოცანა – თუ დონალდ ტრამპი მაინც შესთავაზებს რაიმე სახის კომპრომისულ წინადადებას მოსკოვს ცეცხლის შეწყვეტის მიზნით, უკრაინამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ დესტაბილიზება მოახდინოს და კრემლმა თეთრი სახლის წინადადება არ მიიღოს. აი, სწორედ ამ ორ ამოცანის შესრულებას მიეძღვნა და ემსახურება ვოლოდიმირ ზელენსკის სამსაათიანი ინტერვიუ ამერიკელ ბლოგერ ლექს ფრიდმანთან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: 

დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული – სალომე ზურაბიშვილი

პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილი კარების მიღმა. ერთპარტიული შეკრება არის, რომელიც რა გადაწყვეტილებებს ან რატომ იღებს, არავინ იცის,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი ერთი პარტიის ხელშია.

„ვისი ინსტრუქციით არის გადაწყვეტილებები მიღებული, ერთი ადამიანისგან საქართველოში თუ საქართველოს საზღვრებს მიღმა, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება დიდ ხანია არ ვიცით ან რატომ მოხსნეს ვიღაც თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი, ესეც არის იმ დემოკრატიული პრინციპების დარღვევა, რომელზეც ნელ-ნელა ეს ქვეყანა შედნებოდა“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი შეფასებით, მთავრობა და პარლამენტი არ არის ლეგიტიმური.

„ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა დღეს ცდილობს შექმნას მმართველობის სურათი, როცა რეალურად, ქვეყანა არის გაჩერებული. თვითონაც იმალებიან. იმალებიან არა მხოლოდ პარლამენტში ჩაკეტილი კარების მიღმა, არამედ მათი ყველა მოქმედება არის ასევე დამალული, არ არის ახსნილი და ზოგჯერ გატანილი არის ქალაქიდანაც, როგორც „ამბასადორიალის“ მაგალითით მოხდა. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ალბათ, დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ. ეს ეხება ყველაფერს, ანტიკორუფციულ ბიუროს, აუდიტს, ეროვნულ ბანკს, პერსონალურ მონაცემთან დაცვის სამსახურს“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ასევე ისაუბრა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ტელევიზია „მატყუარა სურათს გვაჩვენებს“.

„პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა, ეს არის ჩვენი რეალური სურათი“,-განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის განმარტებით, დიდი ხანია ქართული სასამართლო არ წარმოადგენს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს დემოკრატიულ ქვეყანაში ნამდვილი სასამართლო.

„დღეს არათუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს. ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როდესაც ერთის გარდა, არცერთმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი, თუ არა ცესკო-ს მხარეს არსებული პოზიციები. სასამართლოს ყველა დონე არის ხალხისგან წართმეული და ამ ქვეყანაში სამართლიანობა ვერ მოიპოვება, რაც დემოკრატიული სისტემისთვის პრაქტიკულად, დაშლაა“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ქვეყანა ჩაკეტილია, „რაც ცხადია ჩვენს ეკონომიკაზე აისახება“.

მისივე თქმით, „ძალიან ღრმა კრიზისიდან“ გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნები.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ყველაფრის გამო საქართველო უფრო და უფრო გადასულია იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია პირდაპირ ჩვენს ეკონომიკაზე აისახება, რომელიც დღეს ასევე, დიდწილად გაჩერებულია. მართალია ის, რომ რაღაცა შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში, იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერებულია და დღეს ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების, სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომელიც საქართველოდან გადის, ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში და ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამის გატანის, გაყვანის საქართველოდან. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია! ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ, ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს. ეს არის ჩვენი დღევანდელი სამწუხარო და ძალიან ღრმა კრიზისი, რომლიდანაც გამოსავალი არის მხოლოდ ერთი – ეს არის არჩევნები.

ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორები (ევროპელები თუ ამერიკის შეერთებული შტატები) უკვე იზიარებენ არა მხოლოდ იმას, რომ არ აღიარებენ არჩევნებს… პრაქტიკულად ორთვენახევარი უკვე გასულია და არავინ არ აღიარებს, გარდა ის ქვეყნები, რომლებიც არ ითვლებიან, როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, ამის გარდა არავინ არ აღიარებს არჩევნებს და არავინ არ აღიარებს – არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც პრეზიდენტს. ცხადია, ეს ჩვენ, მთლიანად ქვეყანას იზოლაციაში გვამყოფებს, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ ამ იზოლაციიდან გამოვიდეთ. მე ეს როლი მაქვს და მე ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები მაქვს, ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე და მექნება მაღალი დონის შეხვედრები-სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, პარალელურად კი, ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

როგორც ზურაბიშვილმა ორბელიანის სასახლის დატოვების შემდეგ გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონის მიწვევით მივა.

„გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ იზოლაციიდან. მე მაქვს როლი და ამ როლს სრულყოფილად ვასრულებ. მაქვს, პრაქტიკულად, ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ვიქნები ჯო უილსონის დაპატიჟებით. სხვადასხვა ვარიანტია ინაუგურაციაზე მიწვევის, რომელშიც არავინ იხდის ფულს. ასე რომ იყოს, სხვებს, ბევრს აქვს ჩემზე ბევრად მეტი რესურსი, რომ ეს თანხები გადაიხადოს. ეს ხუმრობა გვერდზე დავტოვოთ, მთავარი ისაა, რომ მივდივარ და მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ვაგრძელებთ ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 მინდა მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც ორბელიანების სასახლის გაგრძელებაა -სალომე ზურაბიშვილი

ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო სამშვიდობოზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია სწორად არ ფუნქციონირებს.

„მინდა, დღეს თქვენ მიგიღოთ ახალ ოფისში, რომელიც არის გაგრძელება ორბელიანების სასახლის. შეიძლება, არ ჰგავდეს ორბელიანების სასახლეს, მაგრამ სული და სულისკვეთება აქ არის და აქ გრძელდება პრეზიდენტის ფუნქცია იმ ქვეყანაში, რომელიც დღეს იმყოფება ძალიან ღრმა კრიზისში. ჩვენ ვიწყებთ 2025 წელს ისეთ მდგომარეობაში, როგორიც საქართველოს არ ჰქონია ძალიან ბევრი წელია. ის სახელმწიფო, რომელიც შენდება და შენდებოდა დამოუკიდებლობის შემდეგ, დღეს პრაქტიკულად დაშლის პირას არის, რამეთუ ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში კონსტიტუცია აღარ არსებობს. ფეხქვეშ გათელილია კონსტიტუცია არა მხოლოდ იმ ცნობილი მუხლის გამო, რომელიც ასახავს ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს, ასევე ძალიან ბევრი სხვა მუხლის გამო. ისინი, ვინც არიან დღეს სათავეში, ამ ქვეყნის მმართველი პარტია, არაფრად თვლის არც კონსტიტუციას, არც ადამიანის უფლებებს და არც ხალხის ნებას. ჩვენ აღარ გვაქვს სასამართლო. სხვადასხვა ტიპის მცდელობები მიდიოდა ამ სასამართლო სისტემის რეფორმირების, დღეს ეს უკვე აღარ არის დღის წესრიგში. არა თუ რეფორმა, სასამართლო აღარ არსებობს, ეს ძალიან ნათლად დავინახეთ არჩევნების დროს, როცა არც ერთმა, ერთის გარდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა არაფერი. ასევე, თუ გადავხედავთ სხვა ინსტიტუტებს, პარლამენტი არ პარლამენტობს, არის ჩაკეტილ კარებს მიღმა ერთპარტიული შეკრება, რომელიც რა გადაწყვეტილებებს იღებს არავინ იცის, ან რატომ იღებს, ან რის საფუძველზე, ან ვისი ინსტრუქციით, ეს ინსტრუქციები მოდის ერთი ადამიანისგან საქართველოში, თუ საქართველოს საზღვრების მიღმა არის მიღებული, ესეც აღარ ვიცით. ვინ, რატომ, სად ინიშნება, დიდი ხანია, არ ვიცით. ან ვიღაც რატომ არის მოხსნილი თანამდებობიდან, ესეც არასდროს არის ახსნილი“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დღევანდელი მთავრობა და პარლამენტი არის არალეგიტიმური. მისივე თქმით, „ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი“.

„მთავრობა, როგორც პარლამენტი, არის არალეგიტიმური. მათი საფუძველი არის მოპარული არჩევნები. ამდენად, ლეგიტიმურობაზე ლაპარაკი ვერ იქნება. ჩვენ ვართ იმ მდგომარეობაში, როცა დე ფაქტო პარლამენტი, დე ფაქტო მთავრობა, დე ფაქტო პრეზიდენტი ცდილობენ რაღაცნაირად, რომ შექმნან სურათი მმართველობის, როცა რეალურად ქვეყანა არის გაჩერებული. ეს არის ძალიან სერიოზული და მძიმე სურათი. ყველა სხვა სახელმწიფო ინსტიტუტი არის ერთი პარტიის ხელში, ერთპარტიული ხელმძღვანელი დანიშნული არის ერთი პარტიის მიერ და ალბათ ერთი ადამიანის მიერ. ეს ეხება ყველაფერს – ანტიკორუფციული, აუდიტი, ეროვნული ბანკი, პირად მონაცემთა სააგენტო და ა.შ. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ინსტიტუტს, სადაც არსებობს დამოუკიდებელი ადამიანი, რომელიც არ იქნა დანიშნული უშუალოდ პარტიისგან და რომელიც ყოველდღიურად არ ასრულებს პარტიის ინსტრუქციებს. ასევე, არის საზმაუ, რომელიც დღეს გამოდის და რეალურად გვაჩვენებს ქვეყნის მატყუარა სურათს. პრაქტიკულად, ყველა გადაცემაში შეგვიძლია, ვნახოთ, როგორ არის დამახინჯებული რეალობა. ეს არის ჩვენი რეალური დღევანდელი სურათი, რომ არსებობს ის რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც ვიცით, რა დღეში არის ქვეყანა, რა უნდა ხალხს და მეორე მხარეს არის ეს რაღაც ფანტასმაგორიული რეალობა, რომელიც არ არსებობს და რომელშიც უნდათ, რომ გვაცხოვრონ, რომელიც არის მოწყვეტილი არა მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისგან, არამედ მოწყვეტილი არის ასევე გარე თანამეგობრობისგან. ჩვენ ვხედავთ, რომ უფრო და უფრო საქართველო გადასული არის ამ ყველაფრის გამო იზოლაციაში და ჩაკეტილია ქვეყანა, რაც ცხადია, პირდაპირ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, რომელიც დღეს ასევე დიდწილად გაჩერებულია. მართალია, რომ რაღაც შემოსავლები მაინც არის, პირველ რიგში იმ სანქციების გვერდის ავლით, რომელიც ძალიან გაძლიერებულია ბოლო პერიოდში. ერთ-ერთი წყარო ფინანსური შემოსავლების სწორედ არის ის ძალიან ძვირადღირებული მანქანები, რომლებიც გადის საქართველოდან ვითომ ცენტრალური აზიის მიმართულებით, რეალურად კი რუსეთში, ამ თითოეულ მანქანას ძალიან დიდი ფასი აქვს საქართველოდან გაყვანის. ამ მანქანებში კიდევ სხვა რა დევს, ესეც გასარკვევია. ასე რომ, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა და ალბათ ერთ-ერთი წყარო, რითაც დღეს კიდევ ინარჩუნებს მმართველი პარტია რაღაც გარკვეულ შემოსავლებს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არის ახალი არჩევნები.

„აქედან გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, არჩევნები. ვხედავთ, რომ ჩვენი პარტნიორები არ აღიარებენ არჩევნებს, გარდა იმ ქვეყნებისა, რომლებიც არ ითვლებიან, როგორც ჩვენი დემოკრატიული პარტნიორები, მაგრამ ჩვენც გვაქვს საშუალებები, რომ გამოვიდეთ ამ იზოლაციიდან. მე მაქვს ეს როლი და მე ამ როლს ვასრულებ სრულყოფილად. მაქვს პრაქტიკულად ყოველდღიური კავშირები ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან. ვადასტურებ, რომ მივდივარ პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციაზე, ვაშინგტონში ჯო უილსონის დაპატიჟებით. იქ მექნება მაღალი დონის შეხვედრები. საქართველოს მოსახლეობას აქვს მხარდაჭერა მთავარი პარტნიორებისგან. არჩევნებს არ აქვს ალტერნატივა, ეს არის მოცემულობა ყველა ქვეყანაში, სადაც ასეთი ღრმა კრიზისი არსებობს, რომ არჩევნების გარეშე ვერ გამოხვალ ამ კრიზისიდან, ვერავინ ვერ მართავს დიდხანს ქვეყანას, თავის ხალხის წინააღმდეგ. სხვათა შორის, ვერტიკალში არის ძალიან სერიოზული კითხვები, რომ პოლიცია ცუდად ეგუება იმას, რომ კრიმინალურ ვერტიკალს უნდა დაემორჩილოს და არა ჩვეულებრივ ინსტიტუციურ ვერტიკალს. დიდხანს ვერც ერთი ინსტიტუტი ვერ შეეგუება იმას, რომ იყოს მართული ამ ფორმით. თუ მმართველი პარტია არ შეეგუება, რომ უნდა გაითვალისწინოს ჩვენი ხალხის და ჩვენი პარტნიორების ერთობლივი მოთხოვნა, ეს ქვეყანა იქნება ასე გაყინული. გრძელდება ბრძოლა. მისი მთავარი კომპონენტი არის ის ხალხი, რომელიც დგას ქუჩაში, რომელსაც მეც ვუერთდები, რამდენადაც შემიძლია. მე ხვალ მივდივარ ზუგდიდში, სადაც მექნება, იმათთან ერთად ვიქნები. მას მერე, რაც ამერიკიდან დავბრუნდები, სხვადასხვა რეგიონში ჩასვლას ვაპირებ, რადგან ეს არის საქართველოს ყველა მოქალაქის პროტესტი. მე მექნება ყველასთან კავშირი. ჩემი ბრძოლა გრძელდება და ბოლომდე გაგრძელდება, რადგან მე ვარ ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომ ეს ქვეყანა გავიყვანო თქვენთან ერთად იმ სამშვიდობოზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა გალში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება კიდევ ერთხელ გამოთქვა.

„მინდა, ჩემი ძალიან ღრმა მწუხარება გავუზიარო ოჯახს და მთლიანად გალს ნამდვილად უსამართლო ტრაგედიის წინაშე, რომელიც ასახავს იმ მდგომარეობას, რაც სუფევს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც არანაირი დახმარება არ გამოუჩნდათ იმ ბავშვებს, როდესაც ასეთი ხანძარი გაჩნდა. ეს ყველასთვის არის ძალიან დიდი ტრაგედია, მთლიანად საქართველოსთვის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამი ოპოზიციური გაერთიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და ფრაქციებს მიმართავს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება

სამი ოპოზიციური გაერთიანება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს და საპარლამენტო ფრაქციებს მიმართავს, რომ ასამბლეაში არ დადასტურდეს საპარლამენტო დელეგაციის უფლებამოსილება.

„ძვირფასო პრეზიდენტო, ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, მოგმართავთ თხოვნით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არ დაადასტუროთ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, რადგან 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა სერიოზული დარღვევებით, რაც ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სტანდარტებსა და ქართველი ხალხის ნებას. არჩევნების გაყალბების შედეგად ჩამოყალიბებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ლეგიტიმაციას მოკლებულნი არიან. დელეგაციაც, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ასამბლეაში შეიძლება წარადგინოს, მხოლოდ თვითგამოცხადებული რეჟიმის წარმომადგენლებისგან შედგება. მნიშვნელოვანია, ასევე აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილი, საერთაშორისო სანქციების ქვეშ არიან – ისინი პასუხისმგებლები არიან ქვეყნის დემოკრატიული რეგრესისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების ორგანიზებაზე. საქართველოში მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ ხორციელდება რეპრესიები, დაკავებები და ძალადობა, რაც კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს.

ჩვენი მოთხოვნებია: 1. ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება; 2. ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრინციპული პოზიცია გადამწყვეტია დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად საქართველოში“, – ნათქვამია მიმართვაში.

უკრაინის პარლამენტის გვერდზე დღეს დარეგისტრირდა კანონპროექტი, გაზისა და ნავთობის მარშრუტების ჩაკეტვა ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს -პიტერ სიიარტო

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკმაოდ აგრესიულად გამოეხმაურა გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შედეგად ბუნებრივი აირის გაძვირების შესახებ, დღეს კი უკრაინის პარლამენტის ვებგვერდზე დარეგისტრირდა კანონპროექტი, რომელიც ბუნებრივი აირისა და ნავთობის გაყიდვის შეწყვეტას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სიიარტო აღნიშნავს, გაზისა და ნავთობის სატრანსპორტო მარშრუტების დახურვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს.

„რეალობა ისაა, რომ ევროკავშირში წევრი ქვეყნები ერთობლივად და ერთხმად წყვეტენ ახალი წევრების მიღებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა წევრმა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა „დიახ““, – განაცხადა სიიარტომ.

მისი თქმით, თითოეულ სახელმწიფოს „სუვერენული უფლება აქვს, გადაწყვიტოს სად და როგორ ყიდულობს ენერგორესურსებს, რომლებიც მას სჭირდება“ და არავის აქვს უფლება, სხვა ქვეყანას დაუწესოს უფრო ძვირი ენერგორესურსები.

ამასთან, ვალდებულებებზე საუბრისას სიიარტომ განაცხადა, რომ სახელმწიფო, რომელიც აფორმებს ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირთან ან სურს, გახდეს ევროკავშირის წევრი, ვალდებულია, სატრანსპორტო მარშრუტების უზრუნველყოფით წვლილი შეიტანოს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაში.

„ამიტომ გაზისა და ნავთობის მარშრუტების ჩაკეტვა მიუღებელია და ეწინააღმდეგება ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ მოლოდინებს“, – აღნიშნა სიიარტომ.

არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია ანუ “დიფ სთეითი”, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის -საზოგადოება “ქართული”

არსებობს თუ არა გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“, ეს ყველაზე კარგად ამერიკის პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა იცის, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საზოგადოება „ქართული“ ავრცელებს.

,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელმა განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ გახსნა ღია დისკუსია გლობალური ომის პარტიის არსებობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიცია, ექსპერტების ნაწილი და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები მას ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებით გამოგონილ ე.წ. შეთქმულების თეორიად და რუსულ ნარატივად ნათლავენ. არადა, დასავლურ და ამერიკულ ექსპერტულ წრეებში ომის პარტია დიდი ხანია მიიჩნევა ახალი მსოფლიოს წესრიგის განმსაზღვრელ ტრანსნაციონალურ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე.

პოლიტიკურ დებატებში ჭეშმარიტება ხშირად იკარგება, მაგრამ ეს არ ცვლის რეალობას. რაც არ უნდა ამტკიცოს ან ერთმა,ან მეორე მხარემ, თავისთავად ე.წ. გლობალური ომის პარტია ან არის ან არა, მესამე არ არსებობს. სიმართლის დასადგენად ყველაზე უპრიანია, მივმართოთ იმათ, ვინც ყველაზე უკეთ ერკვევა ამ თემაში ანუ აშშ-ის პოლიტიკურ ისტებლიშმენტს.

ტერმინი ,,ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს აშშ ორივე პარტიის პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს.

სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გავლენების საფრთხეებზე ჯერ კიდევ დუაიტ ეიზენჰაუერმა, აშშ-ის 34-ე პრეზიდენტმა ილაპარაკა 1961 წლის 17 იანვარს თავის გამოსამშვიდობებელ მიმართვაში:

„ამერიკული სამხედრო დაწესებულებების შემდგომი განვითარების საჭიროებით, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ და თავიდან ავიცილოთ სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის დაუდევარი გავლენის შესაძლებლობა. მთავრობის ყველა ოფისში, ჩვენ უნდა ვიყოთ ფხიზლად, რათა არ დავუშვათ, რომ ამ კომბინაციით საფრთხე შეექმნას ჩვენს თავისუფლებას ან დემოკრატიულ პროცესს.“

ანალოგიური იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის, ჯონ კენედის გაფრთხილება, რომელიც მან 1961 წლის 27 აპრილის გამოსვლაში დააფიქსირა: „ჩვენ ვეწინააღმდეგებით მთელ მსოფლიოში მონოლითურ და დაუნდობელ შეთქმულებას, რომელიც იყენებს დაფარულ მეთოდებს გავლენის გასავრცელებლად… ეს არის სისტემა, რომელმაც გააერთიანა უზარმაზარი ადამიანური და მატერიალური რესურსები ეფექტური მექანიზმის შესაქმნელად, რომელიც სამხედრო, დიპლომატიურ, სადაზვერვო, ეკონომიკურ, სამეცნიერო და პოლიტიკურ ოპერაციებს აერთიანებს.“ თემა აქტუალურია დღესაც, რაზეც მეტყველებს არაერთი ამერიკელი პოლიტიკოსისა და პოლიტოლოგის განცხადება.

დონალდ ტრამპი, აშშ-ის 45 და 47-ე პრეზიდენტი: „ორივე მხარე ვაშინგტონში (დემოკრატები და რესპუბლიკელები) აერთიანებს ომის პარტიის ელემენტებს, რომელთაც სურთ, რომ დავრჩეთ უსასრულო ომებში.“

რონ პოლი, ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი და 2008 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „ომის პარტია ვაშინგტონში ყოველთვის შეეცდება სამხედრო კონფლიქტის დაწყებას. მაგრამ ისინი არ წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს.“

ბერნი სანდერსი, დემოკრატი სენატორი და 2020 წლის პრეზიდენტობის კანდიდატი: „დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიები ორივე იდგა უსასრულო ომების უკან“.

ნოამ ჩომსკი, ამერიკელი ფილოსოფოსი, პუბლიცისტი: „ე. წ. ომის პარტიის ძალაუფლება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაში მხოლოდ ელიტების ინტერესებს ემსახურება და ამერიკული მოსახლეობა ჩართულია კონფლიქტებში, რომლებიც მისთვის არ არის სასარგებლო“.

კრისტოფერ ჰიჩენსი, ამერიკელი ჟურნალისტი, პუბლიცისტი და მწერალი: „ომის პარტიის ლიდერები ხშირად იყენებენ შიშის ნარატივს, რათა გამართლება მისცენ ომის პროვოცირებას, მაგრამ სინამდვილეში, მათი მიზანი სხვა ძალების გავლენის გაძლიერებაა, რასაც განგაშის მუდმივად შექმნის ხარჯზე ახორციელებენ“ ომის პარტიის ტერმინს ორგანულად უკავშირდება ტერმინი „Deep state“ (ღრმა სახელმწიფო). ამერიკულ პოლიტიკაში მასში გულისხმობენ არაფორმალურ, ფარულ ქსელს, რომელიც მმართველ სტრუქტურებზე არჩეული ხელისუფლების კონტროლის მიღმა ახდენს გავლენას.

აშშ-ში ტერმინი „დიფ სთეითი“ პოპულარული გახდა ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ხშირად იყენებდა ამ ტერმინს იმის აღსანიშნავად, რომ გარკვეული, სისტემაში ჩართული ელიტები ან ბიუროკრატიული ინსტიტუტები ეწინააღმდეგებოდნენ მის პოლიტიკურ დღის წესრიგს. ტრამპისა და მისი მომხრეების მტკიცებით, „დიფ სთეითი“ მოიცავდა დაზვერვის, უსაფრთხოების და სახელმწიფო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს, რომლებიც, მათივე აზრით, ადმინისტრაციასთან ფარულად დაპირისპირებას ეწეოდნენ.

დონალდ ტრამპი: „დიფ სთეითი“ უტევს ჩვენს დემოკრატიას. ისინი არ აძლევენ ხალხს იმის უფლებას, რომ მათ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა თავისუფლად იმოქმედოს.“

ჩაკ შუმერი (Chuck Schumer), დემოკრატიული პარტიის სენატორი: „თუ დაუპირისპირდებით სადაზვერვო სააგენტოებს, მათ ექვსი სხვადასხვა გზით შეუძლიათ თქვენს წინააღმდეგ მუშაობა, და ისინი ამას აკეთებენ, როცა საჭიროდ მიიჩნევენ.“

სტივენ ბენონი, ტრამპის ყოფილი მრჩეველი და იდეოლოგი: „ეს არის მუდმივი სამთავრობო სტრუქტურა, რომელიც მუშაობს ამერიკელი ხალხის წინააღმდეგ და ცდილობს შეაჩეროს ცვლილებები.“
უილიამ ბარი, ყოფილი გენერალური პროკურორი: „არსებობს მუდმივი სამთავრობო ინსტიტუციები, რომლებიც ყოველთვის არ მოქმედებენ საჯარო ინტერესებში. ამას შეიძლება ვუწოდოთ „დიფ სთეითი“ . ეს არის ის, რაც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა გამოვიკვლიოთ და ვაკონტროლოთ.“
ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ „ან ამერიკა გაანადგურებს „დიფ სთეითს“ ან „დიფ სთეითი“ გაანადგურებს ამერიკას“, ხოლო დღეისათვის ეს ამოცანა მისი გუნდისთვის მთავარ პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს.

არანაკლებ მწვავეა ევროპელი პოლიტიკოსების კრიტიკა ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ მისამართით, თუმცა მათზე სხვა დროს. მთავარი ისაა, რომ გლობალური ომის პარტია და „დიფ სთეითი“ არის არა რეალობის ქართული ფაბრიკაცია და ე. წ. შეთქმულების თეორიის ნარატივი, არამედ აშშ-ში, ძირითადად, კონსერვატიული ფრთის პოლიტიკოსებსა და პოლიტოლოგებში არსებული პოლიტიკური დოქტრინა, რომელიც ამტკიცებს, რომ აშშ-ში არსებობენ ფარული, არაკონტროლირებადი გავლენიანი ძალები და ჯგუფები, რომლებიც ზღუდავენ არჩეული ოფიციალური პირების მმართველობას და ხისტი, აგრესიული საგარეო პოლიტის წარმოებით, დაინტერესებულნი არიან მსოფლიოში მუდმივი კონფლიქტების და ომების წარმოებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ს მთელ მსოფლიოში 1000 -ზე მეტი სამხედრო ბაზა აქვს და მისი თავდაცვის ყოველწლიური ბიუჯეტი 900 მილიარდ დოლარს აღემატება, ომები კი დამატებით ასეულობით მილიარდი დოლარი ჯდება, არ უნდა იყოს გასაკვირი ე. წ. გლობალური ომის პარტიის არსებობა და ძლევამოსილება.

გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე. ათასჯერ უფრო მეტი საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ამ ძლევამოსილის ძალის აგრესიული გეგმები ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ. ამიტომაც უნდა ვიყოთ ძალიან ფხიზლად და ფრთხილად.

ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ და ახლაც სრულიად ვიზიარებთ ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს“. ამითაა გამოწვეული ევროპისა და ამერიკის ბიუროკრატიის ზღვარგადასული ჩარევები ქართულ არჩევნებში, ქართული ოცნებისა და ხელისუფლების წევრების უსაფუძვლო და უსამართლო დასანქცირებები, გარედან რევოლუციის ძალადობრივად იმპორტის ფუჭი მცდელობები 2022 წლიდან მოყოლებული დღემდე.

ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მოვლენები და ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ საშიშ გავლენებზე, მათ შორის საქართველოზე. უბრალოდ ვფიქრობთ, რომ დროა ქართველმა პოლიტიკოსებმა და საზოგადოებამ პოლიტიკას შეხედონ როგორც ურთულეს მეცნიერებას და გეოპოლიტიკას, როგორც ქვეყნის გადარჩენის უმაღლეს ხელოვნებას. დროა ვიაზროვნოთ რთულად და არა საყოველთაო მეგობრობაზე გარედან თავსმოხვეული გულუბრყვილო თეორიებით. ამ მკაცრ სამყაროსა და დროში ყველა სახელმწიფოს თავისი ინტერესი აქვს და სუვერენიტეტი ამ ინტერსების დაცვისა და განხორცილების ერთადერთი ინსტრუმენტია.

საბედნიეროდ, ჩვენ მარტონი არ ვართ გლობალური ომის პარტიის მსახურ აგრესიულ ნეოლიბერალიზმთან ურთულეს დაპირისპირებაში. ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში. ჩვენი ადგილი მათ გვერდითაა, ვინც იდენტობას, ისტორიულ მემკვიდრეობას და ტრადიციებს ერთგულებს, ნამდვილ ევროპასთან, აშშ-სთან და დასავლეთთან. ისინი არიან ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები რუსულ ოკუპაციასა და საფრთხეებთან გამკლავებაში, მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი სუვერენიტეტი და მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთებში სწორად ორიენტირებაა.

ჩვენი ექსპერტები მომავალშიც შეეცდებიან საზოგადოებას დღევანდელობის აქტუალურ თემებზე დასავლელი პოლიტიკოსებისა და სწავლულების მოსაზრებები შესთავაზონ, რათა ჩვენს ყოფაში მეტი პრაგმატიზმი და მსოფლიო პოლიტიკაში მიმდინარე ტენდენციების ღრმა ცოდნა დამკვიდრდეს“, – ნათქვამია საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაში.