Home Blog Page 23

უკრაინას და რუსეთს ცეცხლის შესაწყვეტად კომპრომისებზე წასვლა მოუწევთ -მარკო რუბიო

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ცეცხლის შესაწყვეტად უკრაინას და რუსეთს კომპრომისებზე წასვლა მოუწევს.

„როცა კონფლიქტში ვერცერთი მხარე ვარ აღწევს დასახულ მაქსიმალურ მიზანს, მის დასასრულებლად, თითოეულ მათგანს მოუწევს რაღაცაზე უარის თქმა“- განუცხადა რუბიომ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, უკრაინაში ომის დასასრულებლად წინასწარი მზადება უკვე მიმდინარეობს, თუმცა ეს რთული პროცესი იქნება.

„ჩვენ ომის დასრულება გვსურს. ეს ნათელია. თქვენ ნახეთ, რომ ამის შესახებ პრეზიდენტმაც [დონალდ ტრამპმა] ისაუბრა. მას სურს იყოს პრეზიდენტი, რომელსაც მოაქვს მშვიდობა და ამთავრებს კონფლიქტებს, და ეს რთული იქნება“, – თქვა რუბიომ.

მან აგრეთვე დასძინა, რომ ის ვერ დაასახელებს ზუსტ დროს, თუ როდის დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში.

შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა – 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი – ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი

შემოწმებული 300 000 აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელთან ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაიხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი, – ამის შესახებ ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო გულეიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო გულეიშვილის თქმით, პოტენციური საშიშროება არსებობდა, რომ ე.წ. მკვლელ აპარატს დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის.

„სოკარ ჯორჯია გაზმა“ გადაამოწმა 300 ათასამდე აბონენტი, ამ 300 ათასი აბონენტიდან 28 000 შემთხვევაში მომხმარებელს ბუნებრივი აირის დანადგარი ჩაეხსნა. 28 ათას აბონენტს სახლში ჰქონდა ე.წ. მკვლელი დანადგარი. გვქონდა პოტენციური საშიშროება, რომ ამ დანადგარს ძალიან დიდი ზიანი მიეყენებინა მომხმარებლისთვის. ამას დამატებით, 6 ათას აბონენტთან გვქონდა ისეთი ვითარება, როდესაც შეუწყდათ ბუნებრივი აირის მიწოდება. გადავამოწმეთ, თუ ვინ იყვნენ ეს აბონენტები. კომპანიების განმარტებით, დანადგარის ჩახსნის მიუხედავად, ისევ დაგხვდათ დამონტაჟებული, რის გამოც შეუწყდათ გაზის მიწოდება. ზოგ შემთხვევაში კი მომხმარებელმა მოაწესრიგა დანადგარი“, – აღნიშნა გულეიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“.

ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია! – თინა ხიდაშელი

მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, – ასე გამოეხმაურა „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი, თინა ხიდაშელი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის განცხადებას, რომლის მიხედვით, ივანიშვილი აპირებს კიდევ ერთ შვეიცარიულ ბანკს – Julius Baer-ს უჩივლოს.

მისივე თქმით, მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია.

„რაც უფრო მეტად დაიჯერებს [ბიძინა ივანიშვილი], რომ ის არის პოლიტიკური დევნის ქვეშ, მისი პრობლემაა. რეალურად, მას პრობლემები ჯერ ერთ ბანკთან ჰქონდა, მერე მეორე ბანკთან. პირველ ბანკთან დაკავშირებით აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემა მოქმედებდა, რომლის ნაწილიც ბიძინა ივანიშვილიც გახდა, ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს რეალობა იყო. მან დაიჯერა თავის თავში ჩანერგილი კონსპირაციის თეორიების, რომ „კრედიტ სუისის“ სახით მას მთელი მსოფლიო ებრძოდა და მთელი სამყაროს ცენტრში იყო. ეს დაახლოებით იმ ტიპის საუბარია დიდი ბრიტანეთის მთავრობის წინააღმდეგ გამოქვეყნებული წერილში რომ ეწერა კობახიძეს, რომ თუ საქართველოში სანქციებს განახორციელებენ, დიდი ბრიტანეთის მთავრობა ჩამოინგრევა, ამ ბოდვებზე არ შემიძლია სერიოზულად საუბარი.

მთელი ეს პროცესი ღრმად არასერიოზულია. მილიარდერ ოლიგარქს საკუთარ ბანკებთან პრობლემები აქვს, მოაგვაროს იურისტების საშუალებით! ქვეყანა საკუთარ ფინანსური პრობლემების მძევლად აქცია, იმ დღიდან მოყოლებული, რაც თავად დაიჯერა, რომ „კრედიტ სუისი“ რაღაც დიდი კონსპირაციის ნაწილი იყო, ეს ქვეყანა საკუთარი ფულის მძევლად აქცია. ამის უფლება, მას ქართულმა საზოგადოებამ არ უნდა მისცეს!“, – განაცხადა ხიდაშელმა.

გარდა ამისა, ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველოს და აშშ-ს ურთიერთობებზეც ისაუბრა. ხიდაშელს მოლოდინი აქვს, რომ „საქართველოში არსებული კრიზისი დასრულდება“.

„პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და უსაფრთხოება არის მისი პრიორიტეტი. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დამთავრდება, საქართველო გამოვა სანქციების და შეჩერებული პროგრამების დილემიდან და გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ სამხედრო თანამშრომლობამ თვისობრივად უკეთეს, ფართო არეალში გადაინაცვლოს.

დღეს მთავარი კითხვა უნდა იყოს ის, თუ რას აპირებს ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნება“ ტრამპის მიერ გუშინ გამოცხადებულ თემაზე – „ამერიკის მტრებთან მეგობრობა დაისჯება“, [მაშინ] როდესაც არსებობს მსოფლიო მედიით გავრცელებული მასალა, სადაც ირაკლი კობახიძე ირანში, „ჰამასის“ და „ჰეზბოლას“ ლიდერების გვერდით დგას“, – განაცხადა ხიდაშელმა.

უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ლითიუმის საბადო დაკარგა – Steigan

„უკრაინა რომ დათანხმებულიყო ჯერ კიდევ 2022 წლის მარტ-აპრილში შედგენილი ხელშეკრულების პროექტს, კიევი შეინარჩუნებდა ტერიტორიას, ეკონომიკას და ასობით ათასი მოქალაქის სიცოცხლეს“, – ნათქვამია ნორვეგიულ გამოცემა Steigan-ში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „უკრაინამ მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ლითიუმის საბადო დაკარგა“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ამერიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა ფოქს-ნიუსისადმი ამას წინათ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ რას შესთავაზებს ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს მისი გულის მოსაგებად – უკრაინის მდიდარ სასარგებლო წიაღისეულს. „საერთოდ, ეს კონფლიქტი სიმდიდრისა და ფულისთვის მიმდინარეობს“, – განაცხადა პოლიტიკოსმა, რომელიც ხშირად დადის კიევში, – „ახლა მე რასაც გეტყვით, ამაზე ცოტას ლაპარაკობენ… იცით, უკრაინა ძალიან მდიდარი სახელმწიფოა, ევროპულ ქვეყნებს შორის. უკრაინაში არის იშვიათ ლითონთა უდიდესი საბადოები, რომლებიც აქტუალურია 21-ე საუკუნეში. უკრაინის იშვიათი ლითონების მოცულობა 2-დან 7 ტრილიონამდე შეადგენს. კიევი მზადაა ჩვენთან კონტრაქტი დადოს, რომ რუსებს წიაღისეულის საბადოები ხელში არ ჩაუვარდეთ“.

მაგრამ რამდენიმე დღის წინ უკრაინამ დაკარგა ის, რისი დიდი იმედიც ჰქონდა – დაბა შევჩენკოსთან არსებული ლითიუმის საბადო რუსების ხელში გადავიდა: ექსპერტების აზრით, რუსების მიერ მიღწეული წარმატების გამო ევროპულ პროგრამებს „მწვანე ენერგეტიკაზე“ გადასვლის მიზნით ჩაშლა ემუქრება.

უკრაინაში ლითიუმის კიდევ რამდენიმე საბადო არსებობს, მაგრამ შევჩენკოს ახლოს არსებული საბადო ყველაზე მდიდარი და პერსპექტიულ საბადოს წარმოადგენს – ლითიუმის მადნის 13,8 მილიონიანი მარაგით. დანარჩენი შედარებით ღარიბია და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება-გამდიდრება რთულია.

ვინ „ილესავდა კბილებს“ უკრაინულ ლითიუმზე?

ამერიკული კომპანიის Ecological Futures Group-ის დამფუძნებელმა როდ შუნოვარმა  ლითიუმის უკრაინული მარაგები „სტრატეგიულ რესურსად“ შეაფასა, კიევს კი – „დასავლეთის პერსპექტიული პარტნიორი“ უწოდა.

კომპანია European Lithium-მა ჯერ კიდევ 2021 წელს შეიძინა შევჩენკოს საბადოს დამუსავების უფლება 184 მილიონ ევროდ, მაგრამ… ლითიუმით უმდიდრეს მიწა-წყალს ახლა რუსები დაეპატრონენ.

მეცნიერტა შეფასებით, უკრაინის შევჩენკოს საბადო თითქმის 500 ათას ტონა სუფთა ლითიუმის ოქსიდს შეიცავს, რაც მსოფლიოში უდიდესია. დღეისათვის, უკრაინის გამოკლებით,  ლითიუმის მსოფლიო წარმოების 75% თავმოყრილია ე.წ. „სამკუთხედში“ – ლათინურ ამერიკაში – ჩილეში, ბოლივიაში და არგენტინაში.

2020 წელს ევროკავშირმა ლითიუმი, კობალტთან და ნიკელთან ერთად,, რომლებიც ასევე გამოიყენება ელექტრობატარეების წარმოებისას, „უმნიშვნელოვანეს ნედლეულად“ გამოაცხადა. ბრიუსელმა მილიარდები ჩადო აკუმულატორების წარმოებაში იმ იმედით, რომ ლითიუმს ახლო მდებარე უკრაინიდან მიიღებდა და არა შორეული სამხრეთ ამერიკიდან.

უკრაინის მრეწველობას კოქსური ქვანახშირიც აღარ აქვს – კიევმა ქალაქ პოკროვსკთან მდებარე ძვირადღირებული ქვანახშირის საბადოც დახურა, რუსეთის არმიის მიახლოების გამო. კოქსური ქვანახშირი მეტალურგიული ქარხნებისათვის სპეციფიკურ საწვავს წარმოადგენს ფოლადის წარმოებისათვის. შესაბამისად, უკრაინული მეტალურგია დიდი ზარალის წინაშე დგას.

ნორვეგიელმა მიამიტმა პოლიტიკოსებმა (მათ შორის მემარცხენეებმაც) საკუთარ თავს იმის რწმენა ჩაუნერგეს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის გამო მიმდინარეობსო, არადა ამერიკას და ევროკავშირს უკრაინის დამოუკიდებლობა მაინცდამაინც დიდად არ ადარდებს. მათთვის უკრაინა მხოლოდ მოგების წყაროა, რომელსაც, რასაკვირველია, დასავლეთისთვის დამჯერე ხელისუფლება ჰყავს – კიევი თანახმაა საკუთარი სიმდიდრის მათ მიერ გასაძარცვავად.

რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს ეკონომიკური ინტერესები. რუსეთს სურს კომფორტული პირობები შეუქმნას რუსულენოვან მოსახლეობას იმით, რომ მდიდარ საბადოებს დაიკავებს.

სამწუხაროდ, დასავლეთი ამჟამად რუსეთთან უკრაინის გამო მიმდინარე ომს აგებს. უკრაინის არმია სუსტდება და ძალიან დაბალია შანსი იმისა, რომ კიევმა დაკარგული ტერიტორიები უკან დაიბრუნოს. ახლა საკითხი ისე დგას, კიდევ რას დაკარგავს უკრაინა, როცა ზარბაზნების გრიალი შეწყდება და მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან.

არადა, შეიძლებოდა ამ ყველაფრისათვის თავის არიდება. უკრაინას რომ 2022 წლის მარტ-აპრილში სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებაზე შედგენილი ხელშეკრულების პროექტი ეღიარებინა და ცხოვრებაში განეხორციელებინა, შეინარჩუნებდა ტერიტორიებს, მოსახლეობას და ეკონომიკას.. სამწუხაროდ, დასავლეთმაც შეცდომები დაუშვა, რის შედეგებსაც იმკის.

წყარო

ტრამპის ახალი ერა „ოქროს საუკუნის“ დაპირებით დაიწყო – BBC russian

„ტრამპის ახალი ერა „ოქროს საუკუნის“ დაპირებით დაიწყო“ – ასეთი სათაური აქვს ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისის“ რუსული სამსახურის  (BBC russian) სტატიას, რომელშიც აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციაა გაანალიზებული – BBC-ის ვაშინგტონში აკრედიტებული სპეცკორესპონდენტის ენტონი ზურკერის მიერ.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

დონალდ ტრამპი, რომელიც თეთრ სახლში ამერიკელ ამომრჩეველთა საყოველთაო უკმაყოფილების ფონზე დაბრუნდა დემოკრატი პრეზიდენტის მმართველობის გამო, თავის საინაგურაციო გამოსვლაში მოსახლეობას დაპირდა, რომ ამერიკისათვის ახალი „ოქროს საუკუნე“ დგება.

დონალდ ტრამპის გამოსვლა გამოსვლა დაპირებებისა და წინააღმდეგობების ნარევს წარმოადგენდა. მათში მკაფიოდ ჩანდა ის ზოგიერთ საკითხი და გამოწვევა, რომლებიც ახალ პრეზიდენტს წინ დახვდება პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს.

ამერიკის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმიგრაციას და ეკონომიკას – იმ საკითხებს, რომლებიც, საზოგადოებრივი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელ ამომრჩეველს გასულ წელს ყველაზე უფრო მეტად აღელვებდა. დონალდ ტრამპი ამერიკელებს ასევე დაპირდა, რომ ბოლოს მოუღებს აშშ-ის დემოკრატი მთავრობის მიერ რეკლამირებულ მრავალფეროვნების პროგრამებს და ხაზი გაუსვა, რომ ამ მიმართულებით აშშ-ის ოფიციალური პოლიტიკა დაეფუძნება პრინციპს, რომლის თანახმად, არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამაკაცი და ქალი. სხვათა შორის, განსაკუთრებით სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია აღფრთოვანებული რეაქცია კაპიტოლიუმში და მეზობელ Capital One Arena-ზე შეკრებილი დონალდ ტრამპის მხარდამჭერების ხანგრძლივი აპლოდისმენტები. ეს არის იმის ნიშანი, რომ კულტურის სფეროს საკითხები, რომლებზეც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი დემოკრატებს უპირისპირდებოდა, სწორედ იმ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს, რომელიც კიდევ დიდხანს დარჩება ელექტორატისა და ახალი პრეზიდენტის დამაკავშირებელ რგოლად.

მაგრამ სანამ იმას აღნიშნავდა, თუ რას მოუტანს ახალი ეპოქა, დონალდ ტრამპმა ამჟამინდელი ამერიკული პოლიტიკური კლიმატის საკმაოდ უღიმღამო და ბნელი სურათი დახატა. იმ დროს, როცა ინაუგურაციაზე მყოფი მისი წინამორბედები – ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერ-წარმომადგენლები გაქვავებული სახეებით ისხდნენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობა „ნდობის კრიზისს“ განიცდის. მან დაგმო წინა დემოკრატი პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის (მთავრობის) მოქმედება, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, მასზე როგორც რესპუბლიკელთა კანდიდატზე, ყველანაირ ზეწოლას ახდენდნენ და დევნიდნენ – 2020 წლის არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების გამო.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეაჩერებს და უკუაგდებს „საშინელი ღალატის პოლიტიკას“ და მწავედ გააკრიტიკა აშშ-ის „რადიკალურ-კორუმპირებული ისტებლიშმენტი“, რომელიც, მისი თქმით, ამერიკელ მოქალაქეებს ხელისუფლებას ართმევდა და მათ ხარჯზე მდიდრდებოდა.

კაცმა რომ თქვას, ეს იყო ერთგვარი პოპულისტური, ანტიელიტური რიტორიკა, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დონალდ ტრამპის გამოსვლების ძირითად ელემენტს წარმოადგენდა, თუმცა იმ დროისაგან განსხვავებით, როცა დონალდ ტრამპმა პირველად დაიწყო აღმასვლა აშშ-ის პოლიტიკური ხელისუფლების მწვერვალისაკენ 2015 წელს, ამჯერად იგი თვითონ წარმოადგენს იმ ისტებლიშმენტის ნაწილს, რომელიც უკვე ყალიბდება – იმავე დონითა და მდგომარეობით, როგორც ნებისმიერი ამერიკელი მოქალაქე. დონალდ ტრამპის უკან, შემაღლებულ ადგილზე ისხდნენ ამერიკული ბიზნესის მსოფლიოში ცნობილი გავლენიანი წარმომადგენლები – მარკ ცუკერბერგი, ჯეფრი ბეზოსი, სუნდარ პიჩაი, ილონ მასკი…

თავისი ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა ყურადღება მიიპყრო იმითაც, რომ მოსახლეობას უამრავ ბრძანებულებაზე ხელმოწერას დაპირდა – იმიგრაციის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, განათლებისა და კულტურის მწვავე საკითხებზე. პრეზიდენტმა ზოგიერთ მათგანზე ვრცლად ილაპარაკა: მან განაცხადა, რომ მოაგვარებს ენერგეტიკის და იმიგრაციის სფეროებში შექმნილ მძიმე სიტუაციას და გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, რაც შესაძლებლობას მისცემს აშშ-ის საზღვრების გასწრივ ამერიკის არმიის ქვედანაყოფები განათავსოს, მკვეთრად შეზღუდავს თავშესაფრის მთხოვნელთა უფლებებს და კვლავ დაუშვებს ფედერალურ საკუთრებაში არსებულ მიწებზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.

პრეზიდენტმა საინაგურაციო გამოსვლაში მან განაცხადა, რომ აპირებს მექსიკის ყურეს სახელს გადაარქმევს და ამერიკის ყურეს უწოდებს (ცნობისათვის: მექსიკის ყურე – ატლანტის ოკეანის ნაწილია, რომელიც ჩრდილოეთიდან, ჩრდილო-დასავლეთითან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან შემოფარგლულია აშშ-ის, სამხრეთითან და სამხრეთ-დასავლეთიდან  – მექსიკის და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან – კუბის სანაპირო ზოლით).

დონალდ ტრამპმა კვლავ გაიმეორა თავისი დაპირება პანამის არხის დაბრუნების თაობაზე და გააკეთა უსაფუძვლო განცხადება, რომ მსოფლიოს ამ საკვანძო საზღვაო მარშრუტს ჩინეთი აკონტროლებს და ხაზი გაუსვა – „ამერიკული გემები, სამხედრო ხომალდების ჩათვლით, არხში გავლისას ძალიან ბევრ ფულს იხდიანო. ეს, ალბათ, მინიშნებაა პანამის მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკების მთავარ მიზანზე. „აშშ ისევ იქნება მზარდი ქვეყანა“, – თქვა მან და მოქალაქეებს დაპირდა აშშ-ს სიმდიდრის მატებას და ტერიტორიის გაფართოებას.

ბოლო გამონათქვამი, ალბათ, აშშ-ის მოკავშირეების ყურადღებას მიიპყრობს, რომლებიც უკვე შეშფოთებას ამჟღავნებენ დონალდ ტრამპის ინტერესით გრენლადიის დაუფლებაზე და მისი ხუმრობით, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი გახდებაო.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს და 20 იანვრის საინაუგურაციო გამოსვლაშიც დონალდ ტრამპი ამერიკელებს ბევრი საკითხისა და პრობლემის მოგვარებას დაპირდა. ახლა, როცა იგი პრეზიდენტად აირჩიეს, როცა ინაუგურაცია უკვე ჩატარდა და როცა მან უკვე თეთრს სახლში აშშ-ის პრეზიდენტის ადგილი იურიდიულად დაიკავა, მას თავისი დაპირებების შესრულება მოუწევს და იმის ჩვენება, თუ რას ნიშნავს „ოქროს საუკუნე“ ამერიკისათვის.

წყარო

ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა – შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობას

გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

როგორც პაპუაშვილი წერს, ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა.

,,გუშინ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, მის მიერ ჟურნალისტიკაში დაწესებულ კონკურსში, ქართული ჯარის მძარცველი კეზერაშვილის ტელევიზია „ფორმულას“ ჟურნალისტის ფინალისტობა გვახარა.

დღეს ეს ტელევიზია ტერორს აგრძელებს.

ზიზღის და ძალადობის კამპანიის მწარმოებელი ორგანიზაციების წახალისება, იგივეა, რაც ზიზღის და ძალადობის კამპანიაში მონაწილეობა“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება – ჯო უილსონი

ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის, ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი, – ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. უილსონი ამ სიტყვებით ირაკლი კობახიძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება, სადაც საქართველოს პრემიერი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტობას ულოცავს.

უილსონის თქმით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

„ივანიშვილის არალეგიტიმური მარიონეტი პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მეგობარი არ არის. ის არის ჩინეთის კომუნისტური პარტიისა და ირანის რეჟიმის პაიკი და ამერიკის სანქციების სიაში მალე აღმოჩნდება. ინაუგურაციაზე იყო საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი და აშშ-ის მეგობარი, სალომე ზურაბიშვილი“, – წერს უილსონი.

ამასთან, კონგრესმენი მისი, სალომე ზურაბიშვილისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს.

„მადლობელი ვარ, რომ მარკო რუბიო სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე დაამტკიცეს. მასზე უკეთ არავის ესმის აგრესორების დიქტატურული ღერძის საფრთხე – მისი ოჯახი კუბის ტირანულ რეჟიმს გაექცა. მადლობელი ვიყავი, რომ ის საქართველოს პრეზიდენტს შევახვედრე“, – წერს უილსონი.

პუტინი უკრაინასთან სამშვიდობო ხელშეკრულების არდადებით რუსეთს ანადგურებს – ტრამპი

J

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც უკრაინასთან ომს აგრძელებს და სამშვიდობო შეთანხმებას არ დებს, საკუთარ ქვეყანას ანადგურებს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.

ჟურნალისტებმა ტრამპს ჰკითხეს, თუ როგორ უყურებს ის რუსეთის ომს უკრაინაში. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ „ზელენსკის შეთანხმების მიღწევა სურს“. მან გამოთქვა იმედი, რომ პუტინსაც სურს შეთანხმების მიღწევა, იმიტომ რომ „ის შეთანხმებაზე ხელის არ მოწერით რუსეთს ანადგურებს“.

„ვფიქრობ, რუსეთს დიდი პრობლემები აქვს. შეხედეთ ინფლაციას რუსეთში… ვიმედოვნებდი, რომ მას [პუტინს] სურს შეთანხმების მიღწევა“, – თქვა ტრამპმა.

„შეუძლებელია ის აღფრთოვანებული იყოს იმით, რომ მასთან არც თუ ისე კარგად მიდის საქმეები. მხედველობაში მაქვს ის, რომ ის რაღაცას თავს ართმევს, თუმცა ადამიანების უმეტესობას სჯეროდა, რომ ომი დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდებოდა, ხოლო ახლა ის სამი წელია გრძელდება, ასე არ არის?“, – დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტი დღეს „საქართველოში პოლიტიკურ არეულობაზე“ დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი დღეს, 21 იანვარს საქართველოს საკითხზე დებატებს გამართავს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ევროპარლამენტის პრესსამსახურზე დაყრდნობით, ბრიუსელიდან იუწყება, ევროპარლამენტში დაგეგმილი დებატების თემაა: „პოლიტიკური არეულობა და მიმდინარე რეპრესიები“ საქართველოსა და ბელარუსში.

დებატები თბილისის დროით 16:00-ზეა ჩანიშნული.

გარდა ევროპარლამენტის დებატებისა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ.

სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 27-31 იანვარს გაიმართება. სესიის პირველ დღეს, 27 იანვარს, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი.

შეგახსენებთ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოს საკითხებში თანამომხსენებლების კლოდ კერნის (საფრანგეთი, ALDE) და ედიტ ესტრელას (პორტუგალია, SOC) შემადგენლობით, საქართველოს ფაქტების დამდგენი მისიით 14-16 იანვარს ესტუმრა. ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის მიერ ვალდებულებების შესრულების შეფასება.

მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს – კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გამოაცხადა ბუნდოვანი გეგმა უკრაინაში ომის შემდეგ საფრთხის პირობებში შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად მეტი ახალგაზრდა მოხალისის მობილიზების შესახებ, – ინფორმაციას უკრაინული მედია გამოცემა Le Monde-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაკრონის თქმით, საფრთხის ზრდა საფრანგეთს იძულებულს ხდის, ადაპტირდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა თავდაცვის პრიორიტეტების სტრატეგიული მიმოხილვის განახლების საჭიროებაზე ისაუბრა და ევროპას „სტრატეგიული გამოღვიძებისკენ“ მოუწოდა.

“მოდით, ნუ მოვიტყუებთ თავს. კონფლიქტი უკრაინაში ხვალ და ზეგ არ დასრულდება”, – განაცხადა მაკრონმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპაში არ შეიძლება იყოს მშვიდობა და უსაფრთხოება ევროპელების გარეშე და ევროპელების მიერ წარმოებული მოლაპარაკებების გარეშე.

„დღეს გამოწვევა იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინას მივცეთ საშუალება, ნებისმიერ მომავალ მოლაპარაკებებში ძლიერი პოზიციიდან ჩაერთოს. ხვალინდელი გამოწვევა, როდესაც საბრძოლო მოქმედებები შეწყდება, იქნება უკრაინისთვის გარანტიების მიცემა, რომ მის ტერიტორიაზე ომი აღარ დაბრუნდება, ისევე როგორც ჩვენი საკუთარი უსაფრთხოების გარანტიები“, – დასძინა მაკრონმა.

მან ასევე თხოვნით მიმართა საფრანგეთის მთავრობას და შეიარაღებული ძალების შტაბს, მიმდინარე წლის მაისამდე შეიმუშაონ წინადადებები, რათა ახალგაზრდა მოხალისეებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისწავლონ შეიარაღებულ ძალებში და გააძლიერონ მისი რიგები.

„პროფესიონალური არმიის შემდეგ, ახლა ჩვენ გვჭირდება პროფესიონალთა რეზერვის მობილიზება, რათა უზრუნველვყოთ მხარდაჭერა და გაძლიერება“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

21 იანვარს ქუთაისში +10 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია ნავარაუდევი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1. ბათუმში დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა ფოთშიც. დღისით +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +0 გრადუსია ნავარაუდევი. უნალექო ამინდია მოსალოდნელი სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +1 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიან ამინდს ვარაუდობენ. დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -11 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +6 გრადუსი, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი -2 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაიწევს. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ბორჯომში +2 იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში მზიანი დღე და -3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -13 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +5 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში მზიანი დღეა. დღის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით -1, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -3 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +7 გრადუსი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -4 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

რუსთავში უნალექო ამინდს ვარაუდობენ. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. .

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +8 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი -3 გრადუსი იქნება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დაასრულეთ ყველა დაწყებული საქმე, შეასრულეთ დაპირებები და გადაიხადეთ გადასახადები, რათა შინაგანად გათავისუფლდეთ და თავი უკეთ იგრძნოთ. ახლობელმა შესაძლოა საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგაწოდოთ. ახალი ნაცნობობა მომავალში ძალიან გამოგადგებათ, ამიტომ შეხვედრებსა და პაემნებზე უარს ნუ იტყვით. კოლეგების რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში და დამატებითი შემოსავლის მიღებაში დაგეხმარებათ.

კურო

ხელსაყრელი დღეა სასიყვარულო ურთიერთობების დასალაგებლად, პარტნიორთან ურთიერთობების გასარკვევად და გრძნობებზე საუბრისთვის. გაურკვევლობა გამძიმებთ და ცხოვრებით ტკბობაში ხელს გიშლით. დღევანდელ მოვლენებს თვითდინებაზე ნუ მიუშვებთ, ეცადეთ აკონტროლოთ და გარშემო მყოფები ნაკლებად აკრიტიკოთ. ყველა საქმის ერთდროულად კეთებას ჯობს, ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებული საქმის დასრულებას ვერ შეძლებთ.

ტყუპები

თუ ამ დღეს მნიშვნელოვანი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, მთელი ყურადღება მისკენ უნდა გადაიტანოთ და სხვა ყველაფერი დაივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უამრავ შეცდომას დაუშვებთ და ყველაფრის თავიდან გაკეთება მოგიწევთ. ამ დღეს დავალებას უფრო სწრაფად გაუმკლავდებით, თუ მარტო, სხვების დახმარების გარეშე იმუშავებთ. ნუ მისცემთ გარშემო მყოფებს თქვენით მანიპულირების საშუალებას.

კირჩხიბი

გაატარეთ დღე აქტიურად და მოაგვარეთ მნიშვნელოვანი საკითხები, რომელთა გადადებაც აღარ შეიძლება. პლანეტების განლაგება და ოპტიმიზმი დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ამის მიუხედავად დღის მეორე ნახევარში შეიძლება გარემოებები თქვენ წინააღმდეგ შემობრუნდეს. როგორც არ უნდა გაჩქარებდნენ, მშვიდად იმუშავეთ და ურთიერთობები შეზღუდეთ, რომ დაპირისპირება თავიდან აიცილოთ. დროა ოჯახის უფროს წევრებს გეგმური გამოკვლევა ჩაუტაროთ.

ლომი

ამ დღეს თავში საინტერესო იდეა მოგივათ, რომლის განხორციელებაც სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ნუ აჩქარდებით – ამის დრო ჯერ არ მოსულა. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი იტრიალოთ საინტერესო ადამიანების გარემოცვაში, რომლებსაც შეუძლიათ შთაგაგონოთ. რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად გაკეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა და იმედგაცრუება გამოიწვიოს.

ქალწული

ეცადეთ, დღე ისე დაგეგმოთ, რომ არაფერი დაგავიწყდეთ და დროულად დაასრულოთ ყველაფერი, რაც დაგეგმეთ. რთულ სიტუაციებში შეგიძლიათ ოჯახის დახმარების იმედი გქონდეთ. ყურადღება, პირველ რიგში, ფინანსურად მომგებიან საქმეზე გადაიტანეთ. ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ, განსაკუთრებით თუ ის გპირდებათ, ვისაც კარგად არ იცნობთ.

სასწორი

ეს დღე დასვენებას და სასიამოვნო აქტივობებს უნდა დაუთმოთ. ბოლო დროს ძალიან ბევრს მუშაობთ, ამიტომ შეგიძლიათ საკუთარი თავი განსაკუთრებული სადილით ან რამე ლამაზი ნივთით დაასაჩუქროთ. თუ დამხმარეები გჭირდებათ, ნუ მოახდენთ მათზე ზეწოლას და თქვენს აზრს თავზე ნუ მოახვევთ, თორემ უარს იტყვიან თქვენთან თანამშრომლობაზე. სასურველია, რომ ამ დღეს უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.

მორიელი

მოემზადეთ სერიოზული ცვლილებებისთვის, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში მალე გაჩნდება. თუ ახალი იდეის განხილვას აპირებთ, დახმარება გამოცდილ პროფესიონალებს უნდა სთხოვოთ. გეგმის ერთობლივი განხილვა ნაყოფიერი და მოგებიანი იქნება. პირად ურთიერთობებში ყველაფერი მშვენირადაა. მოერიდეთ ნაჩქარევ შესყიდვებს და ფული დაუფიქრებლად არ დახარჯოთ.

მშვილდოსანი

დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საინტერესო საქმისთვის, რომელიც ძალიან გაგიტაცებთ. საქმეს უფრო სწრაფად დაასრულებთ, თუ მარტო იმუშავებთ. მოემზადეთ იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანები ძველ წყენას გაიხსენებენ და საყვედურებით აგავსებენ. დამშვიდდით, ხვალ ეს კამათი არავის ემახსოვრება. ამ დღეს დახმარებაზე უარი არავის უთხრათ.

თხის რქა

თქვენს ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა არ უნდა შეგაშინოთ. მოიშორეთ ყველაფერი, რაც განვითარებაში და წინსვლაში ხელს გიშლით. ეცადეთ, დილიდან სამოქმედო გეგმა შეადგინოთ და თანმიმდევრულად განახორციელოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ ყურადღება ნამდვილად მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილოთ წვრილმანებზე არ მოცდეთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა თქვენს განწყობაზეა დამოკიდებული. გირჩევთ, მომავალს ოპტიმისტურად შეხედოთ და საყვარელ ადამიანს მეტი ყურადღება მიაქციოთ.

მერწყული

ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ თავში ჩაიხედოთ და საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, შინაგანმა ხმამ სწორი გადაწყვეტილება ან მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხს გიკარნახოთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, ამიტომ რთულ სიტუაციებში გამბედაობა გამოიჩინეთ და რთულ ამოცანებზე უარს ნუ იტყვით.

თევზები

დაკვირვება და კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, ახალი შესაძლებლობებით ისარგებლოთ. წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ და ყურადღება მთავარ საკითხზე გადაიტანეთ. გამორიცხულია, შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის. ბოლო დღეების დაძაბულობამ შეიძლება თავი იჩინოს, ამიტომ ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. დროა, თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.