Home Blog Page 23

 შარლ მიშელთან ყველაფერზე ვისაუბრე, ალბათ გამოიტანს დასკვნას -ირაკლი კობახიძე

ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, განმარტებები გავუკეთე, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით გათვალისწინებული იქნა ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება.

„ყველაფერთან დაკავშირებით მქონდა საუბარი შარლ მიშელთან, მათ შორის განვუმარტე მას, რომ მთელი რიგი სუბიექტები ითხოვდნენ გამოძიებას, ბორელის განცხადება შევახსენე მას, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება და ისინი საუბრობდნენ სწორედ ეროვნულ გამოძიებაზე, ქართული, კონსტიტუციური ორგანოების მიერ ჩასატარებელ გამოძიებაზე. მე მას განვუმარტე, რომ ცესკო-მ მიმართა პროკურატურას, მეორე დღესვე პროკურატურამ დაიწყო გამოძიება არჩევნების თემასთან დაკავშირებით. შემდეგ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე სალომე ზურაბიშვილი, შემდეგ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მოწოდება სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომ მას ეთანამშრომლა პროკურატურასთან, თუმცა ამაზე უარი თქვა სალომე ზურაბიშვილმა. ჩვენ გავყევით იმ მოწოდებას, რომელიც მოვისმინეთ როგორც აშშ-დან, ასევე ევროკავშირიდან. პროკურატურამ დაიწყო რეალურად გამოძიება, შემდეგ სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა, ეთანამშრომლა გამოძიებასთან, თუმცა ის ამბობს ამაზე უარს. ჩვენ რეალურად გავითვალისწინეთ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მოწოდება, თუმცა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არის ოპოზიციის ერთ-ერთი ფიგურა, საერთოდ არ ითვალისწინებს ამ მოწოდებას. ყველამ თავის დასკვნები უნდა გამოიტანოს, მე ამასთან დაკავშირებით განმარტებები გავუკეთე შარლ მიშელს, მან მოისმინა და ალბათ გამოიტანს დასკვნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

ამსტერდამში ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნიდერლანდებში მყოფი ისრაელელი გულშემატკივრების ჩამოსაყვანად სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის გეგმავდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

ნეთანიაჰუს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედრო ძალებთან კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა, რომ სამხედრო თვითმფრინავების გაგზავნის საჭიროება არ იყო.

„ისრაელის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და დაცულობა, რომლებიც ამსტერდამში მომხდარი საზიზღარი ანტისემიტური ინციდენტის მსხვერპლნი გახდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ნიდერლანდებში გადაუდებელი დიპლომატიური ვიზიტით გაემგზავრა ისრაელის ახლად დანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრი. გიდეონ საარის თქმით, ებრაელებზე თავდასხმა არის გამაფრთხილებელი განგაში ევროპისთვის და მსოფლიოსთვის.

ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მატჩზე ამსტერდამში ჩასულ ისრაელელ ქომაგებს თამაშის დასრულების შემდეგ თავს დაესხნენ, დაშავებულია ათამდე პირი.

2012 წლიდან ჩვენ დავამკვიდრეთ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა -ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია უმტკიცებდა საკუთარ მხარდამჭერებს, რომ ისინი იგებდნენ არჩევნებს და დღეს უწევთ თავის მართლება, საუბარი არარსებულ გაყალბებაზე არის თავის მართლების ერთგვარი ფორმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან შედარებით მმართველმა პარტიამ აიღო 890 000-ით მეტი ხმა და ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია.

„თქვენ იცით, რომ მეორე ადგილზე გასულ პარტიასთან ჩვენი სხვაობა არის 890 000-ზე მეტი ხმა. ასეთ დროს გაყალბებაზე საუბარი უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. თავიდან დაიწყეს საუბარი, რომ 300 000 ხმა გაყალბდა, საერთოდ ჰაერიდან, უსაფუძვლოდ. შემდეგ ჩამოვიდნენ 200 000-ზე, როცა ნახეს, რომ ჭარბი რიცხვებით საუბრობდნენ და მერე როცა შეხედეს, რომ 335 000 ხმაც გვყოფნიდა, რათა არ ჩამოვცილებოდით ოპოზიციას, დაიწყეს საუბარი 400 000 ხმაზე. ყველა ეს ციფრი არის ერთნაირი სიყალბე. სინამდვილეში საქართველოში ჩატარდა უმაღლესი ხარისხის არჩევნები. აიღეთ მოლდოვის არჩევნები, ამერიკის არჩევნები, ხარისხობრივად ქართული არჩევნები ბევრად აღემატებოდა არჩევნებს როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში. ჩვენ 2012 წლიდან დავამკვიდრეთ ამ ქვეყანაში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების პრაქტიკა და ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ ილია ჭავჭავაძის მემკვიდრეობას, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა-პრემიერი

ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავუფრთხილდეთ იმ მემკვიდრეობას, რომელიც ილია ჭავჭავაძემ დაგვიტოვა, ჩვენი თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ის ემსახურებოდა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყვარელში, „ილიაობა 2024“-თან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ილია ჭავჭავაძე მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში და ყველგან განსაკუთრებული კვალი დატოვა.

„ილია ჭავჭავაძე იყო სრულიად მრავალმხრივი ნიჭით, გასაოცრად მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი. ის მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, ყველა სფეროში დატოვა განსაკუთრებული კვალი ჩვენს ქვეყანაზე და შეუძლებელია, რომ ასეთი ადამიანი არ იყოს საგანგებოდ მოვლენილი ღმერთისგან ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1987 წელს ილია ჭავჭავაძე იქნა წმინდანად შერაცხული და მას ეწოდა წმინდა ილია მართალი. ეს არის საუკეთესო შეფასება იმ მოღვაწეობისა, რომელიც ილია ჭავჭავაძემ განვლო საკუთარი ქვეყნისთვის, საკუთარი სამშობლოსთვის და საკუთარი სამშობლოს სარწმუნოებისთვის. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ მაქსიმალურად იმ მემკვიდრეობას, რომელიც დაგვიტოვა ილია ჭავჭავაძემ. თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს გამსჭვალული იმ იდეალებით, რომლებსაც ემსახურებოდა ილია ჭავჭავაძე“, – განაცხადა პრემიერმა.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია -ესტონეთის პრემიერ-მინისტრი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კრისტენ მიჰალის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.

ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მთაურმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნებია. გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო არჩევნები არ იქნა მიჩნეული თავისუფლად და სამართლიანად. უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაფერხეს. ასე რომ, ჩვენ ამასაც განვიხილავთ“, – განაცხადა კრისტენ მიჰალმა.

 

,, ელჩ ჰერჩინსკისთან საუბრის ერთ-ერთი თემა საერთაშორისო გამოძიება იყო”- თინა ბოკუჩავა

საუბრის ერთ-ერთი თემა, ნამდვილად საერთაშორისო გამოძიება იყო იმიტომ, რომ ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილის პროკურატურა, რომელიც თანამონაწილე იყო სისტემური გაყალბების ოპერაციის, ვერ გამოიძიებს თავისივე დანაშაულს – რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, საარჩევნო შედეგის ტოტალურად მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ, ევროკავშირის ელჩთან პაველ ჰერჩინკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო გამოძიებისთვის ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს.

„მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოძიება და მიგვაჩნია, რომ ამაში ევროკავშირმა წამყვანი როლი უნდა ითამაშოს, გამომდინარე იქიდან, რომ ქართველი ხალხის ძალისხმევით, საქართველო კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა გახდა და შესაბამისად გადაწყვეტილებები იმასთან დაკავშირებით, გააუქმოს თუ არა ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა, დაუწესოს თუ არა ბიძინა ივანიშვილისა და მის გარემოცვას პერსონალური სანქციები – ყველა ეს გადაწყვეტილება უნდა დაეყრდნოს საარჩევნოდ მიღებულ ინფორმაციებს, რასაც პროკურატურა ვერ და არ მიაწვდის, რადგან თავად არის იმ სპეცოპერაციის მთავარი მონაწილე, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოჰპარა.

სხვადასხვა მექანიზმი არსებობს, მათ შორის ევროპარლამენტის რეზოლუცია, ასევე ევროკავშირის საგარეო მინისტრები შეიკრიბებიან, რომლებსაც აღნიშნული გადაწყვეტილებებს მიღება შეუძლიათ, პოლიტიკური ნება ფაქტია არსებობს, არცერთი ევროკავშირის წევრი ქვეყანა, უმცირესი გამონაკლისების გარდა არ ულოცავს და არ აღიარებს არჩევნების ლეგიტიმურობას. ცივილური სამყარო კარგად ხედავს, რომ ეს არის იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი არჩევნები. კონკრეტულად რა მექანიზმის გამოყენება მოხდება, ამ ტოტალური საარჩევნო შედეგის მიტაცების ოპერაციის შესასწავლად, ამაზე უახლეს მომავალში შეჯერდებიან ევროკავშირში.

ჩვენი და არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებულებებთან ერთად, შესაძლოა, დამატებით თავად ევროკავშირის მხრიდან ამგვარი მტკიცებულებების მოძიებაც განიხილონ“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

აუცილებელია ორფეხა აგენტოკრატების დასრულება, მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადააწვევინებენ მტერს”- ედიშერ გვენეტაძე

ისე ვისაც იმ „საზიზღარ და გაუნათლებელ” საბჭოთა კავშირში განათლება მიგიღიათ კიდევ ერთხელ ჩახედეთ იმ ადამიანთა შრომებს, რომლებიც სიმართლეს წერდნენ კაპიტალიზმის შესახებ. და იცით რას აღმოაჩენთ? აი იმას, რომ კაპიტალიზმი ყოფილა ის მთელი თავისი
საშინელებებით ის რაც მათ უწერიათ: ადამიანი ადამიანისათვის მტერი; ერი ერისათვის მტერი; ადამიანს ფულისათვის უპრობლემოდ შეუძლია, თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს მოყვასი; ზნეობის უზნეობად გამოცხადება, – ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, საქართველოს გასანადგურებლად და მისი მოსახლეობის გასაუბედურებლად აგენტოკრატები არიან დაგეშილები, ამიტომ, მათი დასრულებაა აუცილებელი.

„ისე ვისაც იმ „საზიზღარ
და გაუნათლებელ” საბჭოთა კავშირში განათლება მიგიღიათ კიდევ ერთხელ ჩახედეთ იმ ადამიანთა შრომებს, რომლებიც სიმართლეს წერდნენ კაპიტალიზმის შესახებ. და იცით რას აღმოაჩენთ? აი იმას, რომ კაპიტალიზმი ყოფილა ის მთელი თავისი საშინელებებით ის რაც მათ უწერიათ: ადამიანი ადამიანისათვის მტერი; ერი ერისათვის მტერი; ადამიანს ფულისათვის უპრობლემოდ შეუძლია, თვალის დახამხამების გარეშე გაწიროს მოყვასი; ზნეობის უზნეობად გამოცხადება. უზნეოდ ცხოვრების უკიდეგანო პროპაგანდა – რომელთა მიზანი ერთია კაპიტალისტებმა ადამიანთა გაღატაკების, გაუბედურებისა და უზნეობის ხარჯზე მიიღონ უსაზღვრო მოგება.
რაც მთავარია საკუთარი მოგებისათვის კაპიტალისტები ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებენ და ერთმანეთს აჟლეტინებენ ერთი წარმოშობის ხალხებს. ამის ნათელი მაგალითია დღეს მიმდინარე უკრაინა-რუსეთის ომი, რომელსაც რატომღაც კონფლიქტად მოიხსენიებენ. შედეგი? ორივე მხარეს მილიონობით
დახოცილი, დაჭრილ-დასახიჩრებული, ლტოლვილი. ომის გამჩაღებლები კი უაღრესად გამდიდრებულნი.
უფრო ადრე კი 1990-იან წლებში იყო ამის მცდელობა საქართველოში, სახელდობრ, დანარჩენი საქართველო დაეპირისპირებინათ სამეგრელოსთან. მათდა სავალალოდ ეს, რომ არ გაუვიდათ შეძლეს ამ მზაკვრობის განხორციელება აფხაზეთში. შედეგი კატასტროფული….
და ამას აკეთებენ საკუთარი მსუყედ დაფინანსებული ადგილობრივი „სუკინ სინების” მეშვეობით. რომლებიც ახლაც ამ წუთებში
დაგეშილნი ჰყავთ საქართველოს გასანადგურებლად და მისი მოსახლეობის გასაუბედურებლად.
ნახეთ რას კივიან და ბლუკუნებენ სტაჟიანი აგენტები: თინა ხიდაშელი, ეკა კვესიტაძე, მამუკა ხაზარაძე, ნიკა გვარამია… რა უნდა ჩინეთს შავ ზღვაზე და რატომ უნდა აშენდეს ანაკლიის პორტიო. ამას ამ უსამშობლოებს მათი უცხოელი დამკვეთები აძახებინებენ.
ამიტომ აუცილებელია ამ ორფეხა აგენტოკრატების დასრულება. მათ ფეხქვეშ ქართული მიწა უნდა დაიწვას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს გადააწვევინებენ მტერსა და დუშმანს.” – წერს ედიშერ გვენეტაძე.

,,არსებობს სერიოზული ეჭვები საქართველოში ჩატარებულ არჩევნებში გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას მოითხოვს”- შარლ მიშელი

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი გულწრფელად ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი და ევროკავშირმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, როცა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

„მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის მხრიდან, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს, სერიოზული ეჭვები არსებობს გაყალბებასთან დაკავშირებით, რაც მოითხოვს გამოძიებას. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესთან დაკავშირებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ჩატარდა სამართლიანად და გამჭვირვალედ“, – აღნიშნა მიშელმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერები საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ და მკაფიო მესიჯს გააგზავნიან.

„შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას და ევროპელი ლიდერები მკაფიო მესიჯს გააგზავნიან“, – აღნიშნა მიშელმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან”- ანა წითლიძე

მთელმა საქართველომ იხილა ირაკლი კობახიძე დასჯილი პატარა ბავშვით როგორ იჯდა ამ შეხვედრაზე, – ასე შეაფასა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტში მონაწილეობა.

როგორც წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზე კეთროვნები იქნებიან იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“.

„კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, მათ შორის პრეზიდენტ მაკრონის განცხადებით, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, რაც არჩევნებზე მოხდა. ძალიან მკაფიოდ ხედავენ იმას, როგორ მიიტაცა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების არჩევანი. ეს შეფასებები ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მძიმე იქნება „ქართული ოცნების“ ნებისმიერი ლიდერის მისამართით, რომელიც მონაწილეობდა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის წაერთმია არჩევანი და რომელიც მონაწილეობდა იმ სპეცოპერაციაში, რასაც ე.წ არჩევნები ჰქვია. სადაც საქართველოს მოქალაქეებს დაშინების, პირადობების წართმევით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ათასგვარი მანიპულაციით არჩევანის შესაძლებლობა წაართვეს. ამიტომ, „ქართული ოცნების“ ლიდერები უნდა შეეგუონ იმას, რომ ისინი იქნებიან კეთროვნები საერთაშორისო ასპარეზზე იმის გამო, რომ ისინი საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ხელყოფენ“, – განაცხადა წითლიძემ.

კორუფციის კონტროლით და კანონის უზენაესობით საქართველო ლიდერთა შორისაა

მსოფლიო ბანკმა მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევა, რომელიც მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების მეთოდოლოგიით გადამუშავდა, ქმნის გლობალურ რეიტინგს მმართველობის ეფექტურობის, კორუფციის კონტროლის, კანონის უზენაესობის, რეგულაციების ხარისხის მიმართულებებით.

კორუფციის კონტროლი

კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 67%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის მე-20, ევროპაში კი მე-11 ადგილი დაიკავა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 25 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 5 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, გერმანია, შეერთებული შტატები, შვედეთი, პორტუგალია, კანადა, ბელგია, ალბანეთი, სლოვენია, კვიპროსი, საბერძნეთი, ჩეხეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მალტა, სლოვაკეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კორუფციის კონტროლი შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• პოლიტიკის შემქმნელების კეთილსინდისიერება
• პოლიტიკის შემქმნელებისადმი საზოგადოების ნდობა
• სახელმწიფო სახსრების კეთილსინდისიერი გადანაწილება
• არალეგალური გადახდებისგან თავისუფლება სასამართლო გადაწყვეტილებების, ექსპორტ-იმპორტის, კომუნალური მომსახურების, სახელმწიფო კონტრაქტების და გადასახადების აკრეფის სფეროებში.
• სახელმწიფოს მიტაცებისაგან თავისუფლება

კორუფციის კონტროლით საქართველო რეგიონში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.

კანონის უზენაესობა
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გამოკითხვის მიხედვით შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა საქართველომ კანონის უზენაესობის მიმართულებითაც. შეფასების 100%-იანი სისტემით საქართველომ 64%-ი აიღო და რეიტინგში სახელმწიფოთა შორის 30-ე ევროპაში კი მე-14 ადგილი დაიკავა. კანონის უზენაესობით საქართველომ გაასწრო ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 21 სახელმწიფოს, მათ შორის დიდი შვიდეულის წევრ 3 ქვეყანას. ეს სახელმწიფოებია: კანადა, საფრანგეთი, შვედეთი, ბელგია, პორტუგალია, სლოვენია, კვიპროსი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, პოლონეთი, რუმინეთი, ლატვია, უნგრეთი, ბულგარეთი, თურქეთი, მალტა, სლოვაკეთი, ალბანეთი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე კანონის უზენაესობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• სასამართლოს დამოუკიდებლობა
• ორგანიზებული დანაშაულისგან თავისუფლება
• კრიმინალით და ძალადობით გამოწვეული დანახარჯებისგან ბიზნესის დაცულობა
• საკანონმდებლო ბაზის ეფექტურობა რთულ რეგულაციებში
• საკუთრების უფლება
• ინტელექტუალური საკუთრების დაცვა
• არაფორმალური სექტორის მდგომარეობა

კანონის უზენაესობით საქართველო რეგიონში ლიდერობს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ესტონეთს და ლიეტუვას ჩამორჩება და მესამე ადგილზეა.

რეგულაციების ხარისხი

გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკითხვის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხის“ რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 69%-ი აიღო და სახელმწიფოებს შორის კი მე-5 ადგილზე გავიდა, ევროპაში კი ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე „რეგულაციების ხარისხი“ შეფასდა ორი კრიტერიუმით – სამთავრობო რეგულირების ტვირთი და არასატარიფო ბარიერების გავრცელება.

მმართველობის ეფექტურობა

მმართველობის ეფექტურობის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 61%-ი დაიმსახურა და მსოფლიოში სახელმწიფოებს შორის 34-ე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19 ადგილი დაიკავა. მმართველობის ეფექტურობით საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ევროკავშირის და ნატოს წევრ 17 ქვეყანას და დიდი შვიდეულის წევრ 1 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: სლოვენია, ისლანდია, ბელგია, იტალია, კვიპროსი, ჩეხეთი, საბერძნეთი, უნგრეთი, პოლონეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, მალტა, მონტენეგრო, ბულგარეთი, ლატვია, რუმინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კვლევის საფუძველზე მმართველობის ეფექტურობა შეფასდა შემდეგი კრიტერიუმებით:

• მთლიანი ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საგზაო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი
• საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის ხარისხი
• დაწყებითი განათლების ხარისხი

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის გამოკვლევის შედეგების გადამუშავებული სარეიტინგო ანგარიში მსოფლიო ბანკმა ექსკლუზიურად გამოაქვეყნა გლობალური მმართველობის ინდიკატორების პროექტის ფარგლებში.

ცესკოს სპიკერი – კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ განცხადება არასწორი, მანიპულაციური და დეზინფორმაციულია.

როგორც დღეს გართულ ბრიფინგზე იოსელიანმა განაცხადა, ის მოუწოდებს „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვეხმაურებით ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ არასწორ, მანიპულაციურ და დეზინფორმაციულ განცხადებას კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა გენდერულ სტატისტიკასთან დაკავშირებით. ცესკო-მ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გუშინვე უპასუხა სამართლებრივ ნორმებზე და რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით, რაც აბსოლუტურად გამორიცხავდა მოსაზრებას, რომ არჩევნების დღეს ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობა აცდენილია ნორმალურ განაწილებას. ამის მიუხედავად, ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ თავმჯდომარე ნინო დოლიძემ კიდევ ერთი მანიპულაციური და არასწორი განცხადება გაავრცელა, თითქოს ცესკო-ს განცხადება მის მოსაზრებებს ადასტურებდა.

ხაზგასმით აღვნიშნავთ – ცესკო-მ ბრიფინგზე დაადასტურა არა ის გარემოება, რომ არჩევნების დღეს კენჭისყრაში მონაწილე კაც ამომრჩეველთა რაოდენობა ნამდვილად აღემატებოდა ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში რეგისტრირებულ კაც ამომრჩეველთა რაოდენობას, არამედ ახსნა ის გარემოება, თუ რით იყო გამოწვეული ე.წ. ცდომილება, კენჭისყრის დღეს წარმოებულ გენდერულ სტატისტიკასა და ამომრჩეველთა აქტივობის წინასწარ მონაცემებს შორის.

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რეალური რაოდენობა დგინდება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმებით, რომლებიც ემყარება საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით მთვლელების მიერ საარჩევნო ბიულეტენების ხელით დათვლის შედეგებს. კენჭისყრის დღეს, ამომრჩეველთა 20:00 საათის აქტივობა არის წინასწარი მონაცემები, რომელიც იგზავნება საარჩევნო უბნებიდან. არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლების შესახებ საბოლოო მონაცემები ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში.

ცესკო-მ საზოგადოებას განუმარტა, რომ გენდერული სტატიკა არ წარმოადგენს ოფიციალურ მონაცემებს, რომელიც შეიტანა შედეგების შემაჯამებელ ოქმებში. აღნიშნული მონაცემებს ითვლიან რეგისტრატორები არა საარჩევნო, არამედ მხოლოდ გენდერული სტატისტიკის დამუშავების მიზნით და შესაძლოა, დათვლის მეთოდოლოგიისა და გარემოებების გათვალისწინებით, მცირედით განსხვავდებოდეს რეალური გენდერული აქტივობისგან, რასაც, კონკრეტულ შემთხვევაში, ადგილი აქვს მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნებზე არჩევნებში მონაწილეობას იღებენ სპეციალურ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე. ამ ყველაფრის გათვალისწინებით 11 საარჩევნო უბანია, სადაც კენჭისყრის დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შეცდომით გადმოიგზავნა არჩევნებში მონაწილე ქალების რაოდენობა, რამაც გამოიწვია ცდომილება არჩევნებში მონაწილე კაცების რაოდენობაში და ის ეხება 150 ამომრჩეველს. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებგვერდზე.

ამასთან გვინდა, საზოგადოებას შევახსენოთ რომ ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ მისი მიერ, 26 ოქტომბრის არჩევნებზე განხორციელებული პარალელური დათვლის შედეგები შესაბამისობაშია ცესკო-ს წინასწარ შედეგების ოფიციალურ მონაცემებთან. შესაბამისად, მოვუწოდებთ „სამართლიან არჩევნებს“, არასწორი აღქმების დათესვის მცდელობის ნაცვლად, სრულად გამოაქვეყნოს პარალელური დათვლის შედეგები, რის შემდეგაც საბოლოოდ დასრულდება სპეკულაციები ამომრჩევლის აქტივობასთან, გენდერულ თუ სხვაგვარ სტატისტიკასთან და ზოგადად არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, თიბისიში ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება

თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მის გავრცელებასა და პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას ემსახურება.

თიბისი, როგორც საუკეთესო ტექ. დამსაქმებელი, თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას. სესიები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მისი თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების შესაბამისად ირჩევა.

“ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე, წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ. ასევე, ამ ფორმატში ზიარდება ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები. პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს”, – ამბობს ქეთა ცომაია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი.

ეჯაილ გილდიის შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ – ასეთ ფორმატში თიბისელების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუდიტორია სესიასთან დაკავშირებით საკუთარ უკუკავშირს აზიარებს, იმისთვის, რომ მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნეს გათვალისწინებული.

თიბისიში, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის მუშაობის განახლებული მეთოდოლოგია – Chapter Framework – გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და მის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად.