Home Blog Page 23

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” და “გამჭვირვალობის შესახებ” კანონებთან დაკავშირებით თუ ვინმეს აქვს პრეტენზიები, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონს, რომელი მუხლი, საჭიროა არგუმენტები -პრემიერი

ვინმეს თუ პრეტენზიები აქვს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით, კონკრეტულად უნდა გვითხრას, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბუდაპეშტში განუცხადა.

კობახიძის თქმით, საჭიროა არგუმენტების დასახელება.

„მაგალითად, რომ დავიწყოთ საუბარი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით. აქ საუბარია ელემენტარულ საკითხებზე. არის ბანალური თემა, უნდა გავარკვიოთ, საბოლოო ჯამში, კაცი კაცია თუ არა, ქალი ქალია თუ არა. ამაზეა რეალურად საუბარი, რომ ასეთი საკითხები მყარად იყოს გაწერილი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ნებისმიერ მამაკაცს მთელ რიგ ქვეყნებში შეუძლია, უცებ გადაეწეროს ქალად, მერე დაბრუნდეს კაცად, ეს არის უზრუნველყოფილი არაერთი ევროპული ქვეყნის კანონმდებლობებით. ჩვენი კანონი ეხება ზუსტად ამას, ამის თავიდან არიდებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის სრული სიმახინჯე. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვჭირდება კანონმდებლობა, რომელიც ასეთი განვითარებისგან დაიცავს ჩვენს ქვეყანას, დაიცავს ლგბტ პროპაგანდისგან სკოლებს, ბავშვების დაცვაზეა საუბარი და ელემენტარულ საკითხებზე. თუ ვინმეს პრეტენზიები აქვს ამ კანონთან დაკავშირებით, მაშინ კონკრეტულად უნდა გვითხრას, რა არ მოსწონთ ამ კანონთან დაკავშირებით, რომელი მუხლი და ნორმა არ მოსწონთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალან ბერსესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

„ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფარგლებში მქონდა ალან ბერსესთან შეხვედრის პატივი. ჩვენი კონსტრუქციული დიალოგი შეეხო ამჟამინდელ გამოწვევებს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. ჩვენთვის სასიხარულოა პარტნიორობის გაღრმავება ევროპის საბჭოსთან – წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელიც ასრულებს არსებით როლს დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებაში ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

არჩევნებზე გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი, 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა -ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, ჟურნალისტებს განუცხადა. 
 
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო.
 
„ამ არჩევნებზე, სხვა საკითხებთან ერთად, გადაწყდა ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი. თქვენ იცით, რა გეგმები ჰქონდა ოპოზიციას და საბოლოო ჯამში, ამ გეგმების არ განხორციელება იყო გადამწყვეტი იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სვლა ევროკავშირისკენ. ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო დღის წესრიგი, გვაქვს ამბიციური მიზანი, 2030 წლისთვის გავხდეთ ევროკაშირის წევრი ქვეყანა. კიდევ ერთხელ, ძალიან მყარად შეგვიძლია გავიმეოროთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო იქნება ყველაზე უფრო მომზადებული იმისათვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ყველა კანდიდატ ქვეყანასთან შედარებით, საქართველო იქნება უფრო მეტად მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა თვალსაზრისით, იქნება ეს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, ეკონომიკა, თუ ნებისმიერი სხვა სფერო”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შარლ მიშელთან მქონდა მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, ვუთხარი, რომ ჩვენ ვართ ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის -ირაკლი კობახიძე

შარლ მიშელთან მქონდა ძალიან მეგობრული, კონსტრუქციული საუბარი, მას აინტერესებდა, როგორ ვითარდება მოვლენები საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შარლ მიშელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე.

„შარლ მიშელს ვუთხარი, რა მდგომარეობაც არის დღეს საქართველოში, მათ შორის ისიც ვუთხარი, რომ ოპოზიციას ძალიან უჭირს ადამიანების მობილიზება, ოპოზიციას არ აქვს სახალხო მხარდაჭერა. ასეთ პირობებში ვფიქრობ, რომ მოვლენები ბევრად უფრო მარტივად წარიმართება, ვიდრე წარიმართა ოთხი წლის წინ. ოპოზიციას არაფრის რესურსი არ აქვს. ამ შემთხვევაში, იმაზე ბევრად ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე ჰქონდა ოთხი წლის წინ.

რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას – მე კიდევ ერთხელ გავიმეორე შარლ მიშელთან, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია ნებისმიერი დისკუსიისთვის, ვართ აბსოლუტურად მოქნილი. ჩვენ დავუფიქსირეთ მზაობა დისკუსიებისთვის შარლ მიშელს და ეს არის ჩვენი ღია პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს”-Reuters

ბრიტანული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო „როიტერი“ (Reuters) ავრცელებს სტატიას სათაურით: „ირანი აშშ-ში არჩევნების მნიშვნელობას ხელოვნურად ამცირებს“ (ავტორები – მაიკლ ჯორჯი და ფილიპ ფლეტჩერი)

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

ირანელთა ცხოვრებაზე შეერთებული შტატების არჩევნები გავლენას არ იქონიებს. ეს განცხადება ირანის მთავრობის პრესსპიკერმა ფატიმე მოჰაჯერანიმ 6 ნოემბერს გააკეთა, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებიდან, რამდენიმე საათში.

როგორც არაბული სამყაროს, ისე დასავლეთის ოფიციალური პირები მოელიან, რომ ტრამპი ირანთან მკაცრ, “მაქსიმუმი ზეწოლის პოლიტიკას” აღადგენს. ისინი საინფორმაციო სააგენტო “როიტერთან” აღნიშნავენ, რომ მოსალოდნელია ირანულ საწვავზე სანქციების გამკაცრება და ისრაელის წახალისება, ირანში ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისა და მკვლელობების ჩადენის მიზნით.
“შეერთებული შტატების არჩევნები ნამდვილად არ არის ჩვენი საქმე. ჩვენი პოლიტიკა სტაბილურია და ინდივიდების გამო არ იცვლება. ჩვენ საჭირო პროგნოზები ადრევე გავაკეთეთ და ხალხის ცხოვრებაში ცვლილებები არ იქნება”, – განაცხადა მოჰაჯერანიმ, ირანის ნახევრადოფიციალური საინფორმაციო სააგენტო “თასნიმის” ცნობით.

პარალელურად, ირანის რევოლუციურ გვარდიას ტრამპის არჩევაზე პირდაპირი რეაგირება არ ჰქონია, მაგრამ დღეს განაცხადა, რომ თეირანი და მისი მოკავშირე შეიარაღებული ჯგუფები რეგიონში მზად არიან ისრაელთან კონფრონტაციისთვის.

„სიონისტებს არ შესწევთ ჩვენთან დაპირისპირების ძალა და ჩვენგან პასუხს უნდა ელოდონ… ამისთვის ჩვენ საცავებში საკმარისი იარაღი გვაქვს“, – თქვა გვარდიის მეთაურის მოადგილემ ალი ფადავიმ 6 ნოემბერს. მან ასევე აღნიშნა, რომ თეირანი არ გამორიცხავს, ისრაელზე შურისძიების აღკვეთის მიზნით, პოტენციურ ამერიკა-ისრაელის პრევენციულ დარტყმას ირანზე.

რეგიონში თეირანისგან ისრაელის ოქტომბრის თავდასხმის საპასუხო იერიშს მოელიან. ისრაელის მხრიდან ირანზე 25 ოქტომბერს მიტანილ იერიშებს ირანში ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა.

პირველი ვადის დროს, ტრამპმა ხელახლა დაუწესა ირანს სანქციები, მას შემდეგ, რაც ამერიკამ ირანსა და მსოფლიო ძალებს შორის 2015 წელს დადებული, საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება დატოვა. შეთანხმების შედეგად, თეირანს სანქციების მოხსნით და ეკონომიკური სარგებლის სანაცვლოდ, ბირთვული პროგრამა უნდა შეეზღუდა.
.
2018 წელს ირანზე ხელახლა დაწესებულმა სანქციებმა ირანის საწვავის ექსპორტს და ქვეყნის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ირანს მოუწია გადასახადების გაზრდა, დიდი საბიუჯეტო დეფიციტისთვის თვალის გასწორება და ინფლაციასთან ბრძოლა. ტრამპის პრეზიდენტობის დროს ირანული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა და დოლართან მიმართებაში 700 000 რიალი შეადგინა

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს არ წარმოადგენს -ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისია 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით სოციალურ მედიაში გავრცელებულ მანიპულაციური ხასიათის ინფორმაციას და დეზინფორმაციას ეხმაურება.

როგორც ცესკო-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში შეინიშნება არჩევნებში ზოგიერთი ჩართული მხარის მიერ არასწორი, „მანიპულაციური ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გავრცელების ტენდენცია, რომელთა აქტორების გათვლაც, როგორც ჩანს, არის საარჩევნო საკითხებსა და პროცედურებში ნაკლებად გათვითცნობიერებული ადამიანების შეცდომაში შეყვანა“.

„დღეს, სოციალურ ქსელებში და მედიასაშუალებებში ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებზე“ დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საარჩევნო უბნების მნიშვნელოვან ნაწილში ქალი და კაცი ამომრჩევლების აქტივობის დონეებს შორის სხვაობააცდენილია ნორმალურ განაწილებას და შეიცავს პრაქტიკულად გამორიცხულ მახასიათებლებს. რაც შემდეგ წარმოდგენილი იქნა, როგორც „არჩევნების გაყალბების უტყუარი მტკიცებულება“.

არჩევნების შემდგომ პერიოდში, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ყველა ე.წ. ბრალდება უარყოფილ იქნა უტყუარი ფაქტებით და უდავო მტკიცებულებებით.

ამ შემთხვევაშიც საზოგადოებას გვსურს ვაცნობოთ შემდეგი:

კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობის დათვლა გენდერულ ჭრილში არ წარმოადგენს საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ ვალდებულებას. აღნიშნული მონაცემები არ ითვლება მთვლელების მიერ საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი წესით და არ შეიტანება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების მონაცემში;

ამომრჩეველთა გენდერული სტატისტიკა საშუალებას აძლევს მკვლევარებს, სოციოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, გენდერულ ჭრილში შეისწავლონ ამომრჩეველთა აქტივობა;

მიუხედავად იმისა, რომ ახლაც და ყველა წინა არჩევნებზე ასეთი მონაცემები შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ უზუსტობებს, მათი დამუშავების მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის გათვალისწინებით, იგი არცერთ შემთხვევაში კავშირში არაა და ვერ იქნება კენჭისყრის შედეგებთან და შესაბამისად, ვერც რაიმე გავლენას მოახდენს მასზე, რაც კარგად არის ცნობილი ნებისმიერი ჩართული მხარისთვის.

აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის სტატისტიკური მონაცემების დამუშავებისას, გასათვალისწინებელია იმ კატეგორიის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრის დღეს ვერ მონაწილეობენ არჩევნებში თავიანთი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. ესენი არიან: საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები, სტაციონარში მყოფი ამომრჩევლები, პატიმრობაში მყოფი ამომრჩევლები, სამხედრო მოსამსახურეები, რომელთა სამსახურის პირობები მოითხოვს მათ ყოფნას რეგისტრაციის ადგილისაგან განსხვავებულ მისამართზე.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინფორმაციით, მსგავსი უზუსტობა შეიძლება არსებობს მხოლოდ რამდენიმე უბნის შემთხვევაში და შეიძლება ეხებოდეს მხოლოდ მცირე რაოდენობის ამომრჩეველს. ამ შემთხვევების განზოგადება მხოლოდ და მხოლოდ იმით შეიძლება აიხსნას, რომ საქმე გვაქვს საარჩევნო ცოდნის ნაკლებობასთან, ან მიზანმიმართულ ქმედებასთან, რათა დაზიანდეს საარჩევნო პროცესი.

ნაცვლად იმისა, რომ 2020 წელს არასწორად დათვლილი პარალელური დათვლის შედეგების გამოქვეყნების შემდგომ, ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“ 2024 წელს გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის შედეგები, რითაც ცალსახად დადასტურდებოდა 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების სისწორე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ დღემდე, ისინი საზოგადოებაში მცდარი აღქმების დათესვას და ამით საკუთარი მოქმედების თუ უმოქმედობის გამართლებას ცდილობენ.

გვინდა, ასევე, გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ზოგიერთი საარჩევნო ოლქის საარჩევნო უბნების შედეგების ანალიზთან დაკავშირებით და საზოგადოებას განვუმარტოთ ამ ანალიზის ავტორის მიერ დაშვებული უზუსტობები და შეცდომები.

ავტორის მტკიცებით, მაგალითად: საბურთალოს ოლქის 54-ე უბანზე არსებობს უზუსტობები კენჭისყრის წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერსა და ხელით დათვლილ შემაჯამებელ ოქმს შორის. რეალურად კი, მის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომელიც ატვირთულია ცესკოს ვებგვერდზე, რაც მან შეგნებულად თუ შეუგნებლად „ვერ შეამჩნია“. ასევე, მონაცემები არასწორადაა დაჯამებული და არ არის გათვალისწინებული ბათილი ბიულეტენების რაოდენობა;

საბურთალოს ოლქის 23-ე უბანზე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნაწილში არსებობს ინფორმაციის არასწორად მითითების შემთხვევა. მაშინ როდესაც,მითითებული უბნის დოკუმენტაციას ახლავს ახსნა-განმარტება, საიდანაც ირკვევა, რომ ერთი ამომრჩეველი უბანზე მოვიდა ლამინირებული პირადობის მოწმობით, რეგისტრატორმა იგი გაატარა, თუმცა აღმოაჩინა, რომ დოკუმენტი უკვე ვადაგასული იყო, შესაბამისად, აღარ გასცა ბიულეტენი. ამის გათვალისწინებით, კი ყველა მონაცემი ზუსტია;

საბურთალოს ოლქის მე-7 უბანზე შემაჯამებელ ოქმებში თითქოს, გამოვლენილია უზუსტობები. რეალურად კი, ავტორის მიერ არ არის გათვალისწინებული შესწორების ოქმი, რომლის მხედველობაში მიღების შემთხვევაში, მონაცემები აბსოლუტურად სწორია.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ მხოლოდ გენდერული სტატისტიკური მონაცემებითა და მისი დამუშავების მეთოდებით მანიპულაციურად აპელირება, ასევე, წინასწარი თუ საბოლოო შემაჯამებელი ოქმების განხილვა, თანდართული დოკუმენტაციის გარეშე, ცხადია არ წარმოადგენს კენჭისყრის შედეგების ნამდვილობაზე მსჯელობის სამართლებრივ საფუძველს და არც კონკრეტული ფაქტების შეფასების ცალსახა ინდიკატორს“, – ნათქვამია ცესკო-ს განცხადებაში.

დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად -ირაკლი კობახიძე

ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად.

„ჩემთვის სასიხარულოა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. ეს არის ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრის და დღის წესრიგის მთავარი საკითხების განხილვის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა. მოუთმენლად ველი წელს ეკონომიკური უსაფრთხოების შესახებ დისკუსიებში მონაწილეობის და საქართველოს სტრატეგიების წარმოჩენის შესაძლებლობას. დაკავშირებადობის გაფართოება და ევროკავშირში ინტეგრაცია კვლავაც რჩება საქართველოს პრიორიტეტებად“, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში რობერტ ფიცოს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვება მიულოცა.

„შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და გამოითქვა მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სლოვაკ კოლეგას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ პროცესში პარტნიორების მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სექტორულ თანამშრომლობაზე, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით არსებულ პოტენციალსა და ტურიზმის ხელშეწყობაზე. პრემიერ-მინისტრმა სლოვაკი კოლეგა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტრატეგიული გამოფხიზლება მოხდა, ჩვენი უსაფრთხოება სამუდამოდ ამერიკელებს არ უნდა მივანდოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესები -ემანუელ მაკრონი

ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, სხვა ლიდერების მსგავსად 6 ნოემბერს ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა.

„ვფიქრობ, ჩვენი როლი აქ, ევროკავშირში, არ მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარი გავაკეთოთ დონალდ ტრამპის არჩევაზე, რათა გავიგოთ, კარგია ეს თუ ცუდი. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელების ინტერესებს, ეს არის ლეგიტიმური და კარგი. კითხვა მდგომარეობს იმაში, მზად ვართ თუ არა, ჩვენ დავიცვათ ევროპელების ინტერესები? ეს ერთადერთი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპელებს ჰქონდეთ გზავნილი, რომ თავად არიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმწოდებლები.

„ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა სტრატეგიული გამოფხიზლება, რომელიც ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ. ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგზავნოთ გზავნილი, რომ ახლა ჩვენ ვართ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმწოდებლები“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მომენტი, როდესაც ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს.

„ამგვარად ჩემთვის, ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიმოქმედოთ, დავიცვათ ერთდროულად ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესები, გვჯეროდეს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის და ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვსურს, უბრალოდ ვიყოთ მომხმარებლები, ბაზარი, არ გვსურს, მივანდოთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ტექნოლოგიური არჩევანი და ჩვენი უსაფრთხოება სხვებს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე უკრაინის საკითხზე ისაუბრა.

„შესაძლოა, ამ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებები იყოს, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ინტერესი ერთნაირია. ჩვენი ინტერესია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს ამ ომში“, – განაცხადა მაკრონმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, ალან ბერსეს შეხვდა.

ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების პროცესში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროპის უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. ყურადღება დაეთმო ევროპის საბჭოს როლს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ნდობის აღდგენის პროცესში, მათ შორის ჰუმანიტარული პროექტებისა და დიალოგის მექანიზმების მეშვეობით. ასევე აღინიშნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის და მინისტრთა კომიტეტის ყოველწლიური გადაწყვეტილებების განსაკუთრებული მნიშვნელობა.

პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის და ხაზი გაუსვა ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს ევროპის კონტინენტზე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის განმტკიცების პროცესში.

ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს “უცხოური ჩარევისა” და “ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ”კანონებს-მარტა კოსი

ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა გააუქმებს „უცხოური ჩარევისა“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარების კითხვებზე საპასუხოდ მარტა კოსმა გააკეთა, რომელიც ევროკომისიის ახალ შემადგენლობაში გაფართოების საკითხებზე ევროკომისრის პოზიციაზეა წარდგენილი.

მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს იმედი.

„მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისადმი – არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ, გაფართოების პროცესი გავაგრძელოთ. პირველი პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, არის ის, რომ საქართველოს მთავრობამ დაგვანახოს, რომ აქვთ ნება ამ გზით იარონ და ველოდებით, რომ ისინი გააუქმებენ ორ კანონს, რომლებიც მიიღეს – „უცხოური ჩარევის შესახებ“ და „ღირებულებებისა და ოჯახის შესახებ“ კანონებს. ამ კანონების გაუქმება იქნებოდა პირველი ნიშანი და ჩვენ ვართ მზად, მხარი დავუჭიროთ საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.

ჩვენ მომზადებული გვაქვს ფინანსური პაკეტი არა მხოლოდ მთავრობისა და რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ვფიქრობ, ჯერ არაფერი დასრულებულა. იმედი მაქვს, ჩვენ შევძლებთ, ევროპარლამენტის მხარდაჭერით გავაგრძელოთ საქართველოს დახმარება“, – განაცხადა მარტა კოსმა.

მარტა კოსი გაფართოების საკითხებში ევროკომისრის თანამდებობაზე ოლივერ ვარჰეის შეცვლის, თავად ვარჰეი კი ჯანდაცვის კომისრადაა წარდგენილი.

ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, თემაზე „ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა“. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დახურული ფორმატის დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა ყურადღება გაამახვილა ეკონომიკური დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე, რაც ხელს უწყობს ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

„ირაკლი კობახიძემ ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს როლს ევროკავშირთან დაკავშირებადობის გაუმჯობესების კუთხით და ისაუბრა სატრანსპორტო სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომელთა შორისაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დასრულება, რკინიგზის მოდერნიზაცია და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე ყურადღება დაუთმო ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელობას და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის როლს. ასევე ისაუბრა სატრანზიტო პოტენციალზე და აღნიშნა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის სანდო და საიმედო პარტნიორად ფართო რეგიონში. დახურული ფორმატის დისკუსიაში, რომელსაც ლატვიის პრემიერ-მინისტრი თავმჯდომარეობდა, ესტონეთის, პორტუგალიის, სერბეთის, თურქეთის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უკრაინის, მოლდოვის და სხვა ქვეყნების ლიდერები მონაწილეობდნენ“, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.