Home Blog Page 23

“ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის- რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად”-BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის: რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის ფილადელფიაში გამართული პირდაპირი სატელევიზიო დებატების დროს, 90 წუთის განმავლობაში, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტი წონასწორობიდან გამოჰყავდა. თუმცა ზოგადად ორივე ერთმანეთს აკრიტიკებდა და ნაკლებად ლაპარაკობდნენ თავიანთ შეცდომებზე და პოლიტიკურ პროგრამებზე.

ყველაფერზე, მაგრამ მთავარის გარეშე

მიუხედავად დაუსრულებელი შეხლა-შემოხლისა, კანდიდატებს, ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რომელიც მემად, სამომავლო იდეად და სიმბოლოდ იქცეოდა, გარდა იმისა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა – მიგრანტები ისეთი უცნაური ხალხია, რომ ოჰაიოს შტატში მათ ამერიკელთა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყესო..
წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტელემაყურებლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ და თვით კონსერვატორი კომენტატორებიც აღიარებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტზე უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგრამ კამალა ჰარისის შტაბმა მთავარი კოზირი მოგვიანებით გაამჟღავნა: დებატების შემდეგ მომღერალ ტეილორ სვიფტს თურმე უთქვამს, რომ იგი თავის ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემს.

სოციოლოგების თქმით, რომლებიც ეროვნული გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობიან, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს პრაქტიკულად ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, ამიტომაც დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მაყურებელთა შორის ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც თავიანთი პოზიცია არ განუსაზღვრავთ.

დებატები პრეზიდენტობის ორი კანდიდატის პირველი პირადი შეხვედრაც გახლდათ – ისინი ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიან, თუ არ ჩავთვლით სენატორ კამალა ჰარისის დასწრებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, 2017 წლის 20 იანვარს.

რბოლა, რომლის შედეგი უცნობია

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესიაო. ამერიკელთა უმეტესობას შეუძლია არ დაეთანხმოს ამგვარ მკაცრ შეფასებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სანამ დემოკრატებმა კანდიდატი არ შეცვალეს, სოც გამოკითხვებით ტრამპს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდნენ. ბაიდენის ჰარისით ჩანაცვლებამ რესპუბლიკელებს პრობლემები შეუქმნა. ამჟამად მათი მთავარი ამოცანაა მიმართონ კამალა ჰარისისაკენ ის უკმაყოფილება, რაც ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო აქვთ, განსაკუთრებით ეკონომიკაში. „კამალა ჰარისი იგივე ჯო ბაიდენია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დებატების დროს, – თუ მას ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება სურს, რატომ აქამდე არ გამოასწორა?“.

და მაინც, გამოკითხულთა 63%-მა ამ დებატების შემდეგ გამარჯვება კამალა ჰარისს მიაკუთვნა. „კამალა ჰარისმა დებატებში გაიმარჯვა, – წერს გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ „თვალსაზრისის“ განყოფილება, რომელიც ტრადიციულად მხარს რესპუბლიკელებს უჭერს, – „მაგრამ გაიმარჯვა არა თავისი პროგრამის დამაჯერებელი გადმოცემით, არამედ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხაფანგის სწორი დაგებით“.

რასაკვირველია, დებატებში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს არჩევნებშიც გამარჯვებას: 2016 წელს ჰილარი კლინტონის ითვლებოდა ტელედებატებში გამარჯვებულად, მაგრამ დონალდ ტრამპმა იგი უშუალოდ არჩევნებში დაამარცხა.
საგულისხმოა ისიც, რომ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სოც გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ კამალა ჰარისზე ამერიკელების ეიფორია თანდათან სუსტდება. დონალდ ტრამპი კვლავ წინ გაიჭრა, თუმცა მხოლოდ 1%-ით.

სხვა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამომრჩევლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ, თუმცა სხვაობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, ამის წინასწარმეტყველება არავის არ შეუძლია.
მაგრამ, დებატებში წარმატებული გამოსვლის გარდა, კამალა ჰარისმა 11 სექტემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არჩევნებში პოტენციური გამარჯვებისაკენ. ვიცე-პრეზიდენტმა გვერდით ამოიყენა მსოფლიოში პოპულარული მომღერალი, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

რა ეღირება დოლარი და ევრო 13 სექტემბერს

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6984 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6984 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6970 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9742 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9786 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0044 ლარი შეადგინა.

ქვეყანაში სამართალი რომ იყოს, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს თავის წიგნებს -პეტრე ცისკარიშვილი

ქვეყანაში სამართალი რომ იყოს და მართლმსაჯულება ივანიშვილის კლანს არ ჰქონდეს მიტაცებული, მიშა სააკაშვილი თვითონ უნდა არიგებდეს ამ წიგნებს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა პარტიის გორის ოფისში მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციაზე განაცხადა.

ცისკარიშვილის თქმით, „სააკაშვილი უნდა ხვდებოდეს ხალხს, უნდა იყოს კამპანიაში სრულყოფილად ჩართული, რისი საშუალებაც არ ეძლევა, რადგან ყველაზე მეტად ამ რეჟიმს მიშასი ეშინია“.

„იციან, რომ სააკაშვილის გარეთ ყოფნით, მისი რეფორმებით, რომელიც რვა წლის განმავლობაში გაატარა, იმ ხედვით, რომელიც სააკაშვილს აქვს საქართველოს მომავლისთვის, აქ ალბათ უკვე შეკრებილი იქნებოდა ათასობით ადამიანი. მათ შორის ის ხალხი, ვისზეც დღეს „ქართული ოცნება“ თვლის, რომ მათი მხარდამჭერები არიან, ასეთი ადამიანიც ძალიან ბევრი იდგებოდა მიშას გვერდით. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც ის ჰყავთ ჩაკეტილი, იზოლირებული, მაგრამ 26 ოქტომბერი იქნება ისტორიული დღე, როდესაც ქართველი ხალხი მასაც გაათავისუფლებს საქართველოსთან ერთად, შემოატრიალებს ჩვენს კურსს ევროპისკენ. არავის სურს იზოლაცია და სიღატაკე. ჩვენ ეს არჩევანი უკვე ისტორიულად გავაკეთეთ ევროპისკენ, პროგრესისკენ, განვითარებისკენ და კეთილდღეობისკენ“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა -ცესკო

საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობა 122 864-მა ამომრჩეველმა მიიღო. ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი გუშინ განხორციელდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

უწყების ცნობით, იმიტირებული კენჭისყრა, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლო, საარჩევნო ადმინისტრაციამ მთელი ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გამართა.

„ამომრჩევლები პირადად გაეცნენ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. მოქალაქეებმა გაიარეს ხმის მიცემისთვის საჭირო პროცედურები – რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩოკონვერტში ბიულეტენის მოთავსება და ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება. პროცესის მიმდინარეობისას საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს თითოეულ პროცედურას განუმარტავდნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხობდნენ.

აღსანიშნავია, რომ იმიტირებული კენჭისყრის პროცესმა ძირითადად ხარვეზების გარეშე ჩაიარა, ზოგიერთ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მცირე ტექნიკური ხარვეზი, რომელსაც იმიტირებული კენჭისყრის მიმდინარეობაზე გავლენა არ მოუხდენია.

საარჩევნო ადმინისტრაცია დაინტერესების, აქტიურობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის პროექტის მონაწილე ყველა მოქალაქეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება. 26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ დროისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმირების კამპანიის შედეგად ინფორმირებულია 600 000-ზე მეტი ამომრჩეველი“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

x

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისათვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 28 თებერვალს, თბილისში, სოფ. წინუბანში, ბრალდებულმა მეგობარ ქალს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულზე მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცესკოს თავმჯდომარე მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი მისი განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას ეხმაურება.

“მინდა გამოვეხმაურო ჩემ მიერ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადების არასწორ ინტერპრეტაციას. მნიშვნელოვანია, რომ ტელეკომპანია „პირველის“ მხრიდან დადასტურდა ჩემ მიერ დასახელებული ფაქტები საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან მიმართებაში პირადი ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური მცდელობების შესახებ.

გვინდა შევახსენოთ აღნიშნული მედიასაშუალების წარმომადგენლებს, რომ კარგი თანამშრომლობის სტანდარტი კონსტრუქციულ თანამშრომლობას გულისხმობს, რაც სამწუხაროდ, მათი მხრიდან არ ყოფილა დაცული. „ტვ პირველის“ წარმომადგენლებმა კარგად იციან, რომ მათ ნებისმიერ დროს აქვთ საშუალება დასვან კითხვები მათთვის საინტერესო საკითხებზე და მიიღონ შესაბამისი პასუხები. თუმცა, ამ შემთხვევაში, მათი მხრიდან არჩეული იყო ინფორმაციის მოპოვების არაეთიკური გზები, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველა მედიასაშუალებასთან მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა. თუმცა თანამშრომლობა ტელეკომპანიასთან, რომელიც ახორციელებს ზეწოლას საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე და რომლის მიზანია უწყების დისკრედიტაცია, შეიძლება გადაიხედოს.

გვინდა მოვუწოდოთ „ტვ პირველის“ წარმომადგენლებს, ნუ მისცემენ დღევანდელ განცხადებას განსხვავებულ ინტერპრეტაციას, რადგან ბრიფინგზე არ ყოფილა ნახსენები აღნიშნული ტელეკომპანიისთვის აკრედიტაციის გაუქმების საკითხი.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავისი საქმიანობის ყველა ეტაპზე მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად და თანამშრომლობის გადახედვა მომავალში არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს აღნიშნული ტელეკომპანიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციის გაუქმებას. ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, კანონმდებლობის შესაბამისად, ექნება საშუალება, გააშუქოს საარჩევნო პროცესი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ და მომავალშიც ვიქნებით საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ღიაობის, გამჭვირვალობის პრინციპების დამცველი და იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მხრიდან თანამშრომლობის საუკეთესო პრაქტიკის პრინციპების საპასუხოდ ჩართული მხარეებისგანაც მივიღებთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას”,- აცხადებს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი

მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა-მამუკა მდინარაძე

მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები! – წერს სოციალურ ქსელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.

„აგენტურის დეზინფორმაცია ახალ მასშტაბებს იძენს…
14 მილიარდი
სინამდვილეში, არც ომზეა მიბმული მოცემულობა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებები გაიხსნება და ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება, არც უღირსობაზე და ცალ ფეხზე დგომაზე, არც სანქციების დაწესებაზე და ქვეყნის ეკონომიკურ ჩამოქცევაზე. ტყუილია 14 მილიარდიც!
მოლაპარაკებების გახსნა ტყუილებით მოანდომონ ხალხს, როგორც ჩანს, დეზინფორმაციის ახალი მიმდინარეობაა. სინამდვილეში კონტრპროდუქტიული და ანტიევროპულია ასეთი ცრუ ნარატივები! მოლაპარაკებები არა თოთხმეტ მილიარდიანი ცრუ მოლოდინის, არამედ წარმატებული შედეგისთვის გვჭირდება. ესაა რეალობა!
პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით უნდა მოვახერხოთ მოლაპარაკებების გახსნაც და ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის გაწევრებაც!
ასევე, მხოლოდ “ქართულმა ოცნებამ” შეძლო ამ ურთულეს გზაზე ყველა ეტაპის გავლა, დღეს კი ქვეყანას მშვიდობა, დამოუკიდებლობის შეუდარებლად მაღალი ხარისხი და კანდიდატის სტატუსი ერთდროულად აქვს.
გაგრძელება იქნება!..“, – წერს მამუკა მდინარაძე.

უმჯობესი იქნება, კონგრესში გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში -შალვა პაპუაშვილი

ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ახლა ეკა გიგაური აპირებს, კონგრესში საქართველოს წინააღმდეგ მისცეს ჩვენება.

„ჩემი მოლოდინი არის, რომ მოვა მომენტი და კონგრესი, საბოლოო ჯამში, გამოიძიებს, 2020 წელს აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს რა როლი ჰქონდათ  პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. ეს არის საკითხი, რომელსაც დღემდე დამაჯერებელი პასუხი არ აქვს გაცემულ აშშ-ისგან. ამ შედეგების გავრცელებამ მაშინ ლამის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვრამდე მიგვიყვანა, იყო საბაბი არეულობისა და ძალადობისთვის ოპოზიციის მხრიდან. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ამერიკის კონგრესს აქვს ყველა ინსტრუმენტი, რომ გამოიძიოს, რა როლი ჰქონდა აშშ-ის განვითარების სააგენტოს ამ ცრუ ნარატივების გავრცელებაში. დღეს ჩვენ ნამდვილად ვიცით, რომ USAID-ის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და ამას გვიმალავდნენ პირად შეხვედრებზეც. ეს იმ ფონზე, როცა ოპოზიცია კარს უმტვრევდა ხან ცესკო-ს და ხან რომელ დაწესებულებას. ჩვენ ასეთი პროცესი უკვე ვიხილეთ, როცა „სოროსის ფონდის“ ერთი წარმომადგენელი იქ ჩვენებას აძლევდა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, ახლა ქალბატონი ეკა გიგაური აპირებს, ჩვენება მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. ნაცვლად იმისა, რომ კონგრესში ახლა ქართველი ხალხის და საქართველოს გასამართლება მიდიოდეს, უმჯობესი იქნებოდა, გამოიძიონ, რა როლი ჰქონდათ აშშ-ის სახელმწიფო უწყებებს და წარმომადგენლებს 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება, სადაც ეკა გიგაური მოხსენებით წარდგება.

არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა, გაყალბების შემთხვევაში ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა -რომან გოცირიძე

არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა, გაყალბების შემთხვევაში ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის ღალატი არავის შერჩება და მმართველი ძალა დაუსჯელი არ დარჩება.

„კიდევ ერთი გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაბედონ. არჩევნების გაყალბება ქვეყნისთვის კატასტროფულად დამთავრდება, ქვეყანა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა. მათი განცხადება, რომ გზებს ეძებენ, ფაქტობრივად ხელისუფლების დასჯის გზებს ეძებენ და ეს იქნება უმკაცრესად შესრულებული. სამწუხაროდ, ფინანსური დახმარების შეჩერება მძიმედ დაარტყამს ქვეყანას, თითოეულ მოქალაქეს. ამიტომ არჩევნების სამართლიანად ჩატარება არის დასავლელი პარტნიორების მთავარი მოთხოვნა. ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაშიც კი, მმართველი ძალა დაუსჯელი არ დარჩება და ასე მოხდა მოლდოვაში. ქვეყნის ღალატი არავის შერჩება. სანქციებს წამყვანი პოლიტიკური ფიგურები დაექვემდებარებიან“, – აღნიშნა გოცირიძემ.

რომან გოცირიძე ასევე გამოეხმაურა დღეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე გასამართ მოსმენასა და მასზე  „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მოხსენებას.

„სენატში გიგაური გამოდის მათიკაშვილი კი არა. სენატში იმ ადამიანებს იწვევენ, ვისაც რეპუტაცია აქვს, ნდობა აქვს და დასავლელი პარტნიორები უჯერებენ. მისასალმებელია, რომ საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ისეთი ავტორიტეტი, რომელსაც ამერიკის კონგრესში მოხსენებისას ექსპერტად იყენებენ. ამერიკამ ან ევროპამ საქართველოში რა ხდება გიგაურის გარეშე არ იცის? საერთაშორისო დამკვირვებლები, საერთაშორისო დაზვერვა ან საელჩოები არ არსებობს, რომლებიც ხედავენ, პოლიტიკურ ლიდერებს როგორ სცემენ? ამას გიგაურის მიერ სენატში მისვლა და მოხსენება სჭირდება? რომელი საუკუნეა? – კარგია, რომ ისეთ ადამიანებს უსმენენ, ვინც ამერიკელი კანონმდებლების წინაშე სწორ ინფორმაციას მიიტანენ“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას – ლევან დავითაშვილი

„მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაცია საქართველოსთვის უმთავრესი პრიორიტეტია, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ გლობალურ ეკონომიკაში ინტეგრაციას. მომსახურებით ვაჭრობაზე ბარიერების შემცირებით, ჩვენ ბიზნესს ვაძლევთ უფრო დიდ წვდომას ბაზარზე და ვიზიდავთ უფრო მეტ ინვესტიციას ისეთ მნიშვნელოვან სექტორებში, როგორებიცაა ICT, ფინანსები, ლოგისტიკა და ტურიზმი. ლიბერალიზაციის ამ პროცესს ხელი შეუწყო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებმა. ისინი მოიცავს ყოვლისმომცველ თავებს სერვისების შესახებ, რაც საშუალებას იძლევა გაძლიერდეს თანამშრომლობა და ბაზრის შესაძლებლობები,“ – განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენის (CIFTIS) ოფიციალურ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, ჩინეთის დედაქალაქში მიმდინარე გამოფენა ერთ-ერთი უმსხვილესი პროფილური ღონისძიებაა მსოფლიოში და კარგი შესაძლებლობაა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებისთვის თანამშრომლობის განვითარებისთვის.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების ამოქმედებით, რომელიც როგორც საქონლის, ასევე მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებებსაც მოიცავს, საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მდგრად ეკონომიკურ ზრდას როგორც ტრადიციული, ისე განვითარებადი მომსახურების სექტორებში.

„ეს დარგები ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და ინოვაციების ხერხემალია, ავითარებენ რა გლობალურ ვაჭრობას მომავლის ფორმირებისთვის. სერვისების შესაძლებლობები უზარმაზარია, დაწყებული ციფრული ვაჭრობიდან ტურიზმამდე და ეს ხაზს უსვამს სერვისების მნიშვნელოვან როლს თანამედროვე ცხოვრების ყველა ასპექტში,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ასევე ჩინეთთან თანამშრომლობის მნიშვნელობას მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით, მათ შორის, „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ფარგლებში. ლევან დავითაშვილმა განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა 2017 წელს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რომელიც ერთ-ერთი პირველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულება იყო ჩინეთსა და ჩვენი რეგიონის ქვეყანას შორის.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმება, რომელმაც მნიშვნელოვნად გააძლიერა სავაჭრო და საინვესტიციო ნაკადები ორ ქვეყანას შორის, ხელი შეუწყო თანამშრომლობას ისეთ სექტორებში, როგორებიცაა ტელეკომუნიკაციები, ფინანსური მომსახურება, ტურიზმი და სხვ.

„თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოსა და ჩინეთს შორის მზარდი სტრატეგიული პარტნიორობის დასტურია და ჩვენ ამ თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალშიც ვგეგმავთ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს ასევე აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA), თურქეთთან, ჰონგ კონგთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან (UAE). მისი თქმით, ამ შეთანხმებებმა გააფართოვა საქართველოს წვდომა მომსახურებით ბაზრებზე და ხელი შეუწყო სერვისებით ვაჭრობის ზრდას გლობალურ პარტნიორებთან.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული შეთანხმებები წარმოადგენს საქართველოს მთავრობის სტრატეგიულ ხედვას, გახდეს რეგიონში ვაჭრობის ძირითადი ჰაბი, განსაკუთრებით იმ სერვისებით, რომლებიც გადამწყვეტია დღევანდელი ციფრული და ურთიერთდაკავშირებული სამყაროსთვის. ამ მიზნით, მთავრობა ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურაში, ინოვაციებსა და განათლებაში, რათა უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობა და მზაობა მომავლის გლობალურ ბაზრებზე წარმატებული მონაწილეობისთვის.

გამოსვლაში ლევან დავითაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, ხელი შევუწყოთ მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობას და ინვესტიციებს. „მიწოდების ჯაჭვების დივერსიფიკაციის მზარდი აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოზე გამავალი შუა დერეფანი სულ უფრო მეტად არის აღიარებული, როგორც სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა, რომელიც გთავაზობთ უფრო მოკლე მოგზაურობის დროს და ფართო წვდომას სხვადასხვა რეგიონებსა და ბაზრებზე. საქართველო ახორციელებს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებს ტრანსპორტის ყველა სახეობაში, მათ შორის აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალისა და რკინიგზის მოდერნიზაციაში. როგორც არსებული, ისე ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება მთავრობის უმთავრესი პრიორიტეტია,“ – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

„საერთაშორისო თანამშრომლობა მომსახურებით ვაჭრობაში ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები მოითხოვს ერთად ვიმუშაოთ, გავუზიაროთ ცოდნა და მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ყველა ჩვენგანს სარგებელს მოუტანს. CIFTIS გვთავაზობს სრულყოფილ პლატფორმას ამისათვის და საქართველო ამაყობს, რომ არის ამ დინამიკური მიმოცვლის ნაწილი,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვანი პროფესიონალებისგან

26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება – “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, დასვა შეკითხვები და მიხვდე რა მრავალფეროვანი განვითარება შეგიძლია იპოვო ბიზნეს სამყაროში.

ღონისძიებაზე, ასევე, გექნება შესაძლებლობა, გაეცნო შენთვის საინტერესო ვაკანსიებსა და კარიერულ შესაძლებლობებს, დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსო განაცხადი და გახდე თიბისის გუნდის წევრი.

თიბისის სპიკერები გაგაცნობენ ისეთ თემებს, როგორიცაა:

• ტექნოლოგიების განვითარება, მონაცემთა როლი თანამედროვე ბიზნესში და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც მომხმარებელზე ზრუნვას ეხება.
• მნიშვნელოვანი მიგნებები, თუ როგორ ვაუმჯობესებთ მომსახურების ხარისხს, ვზრუნავთ მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოებაზე, მათ განვითარებაზე და როგორ ვაშენებთ სანდო ბრენდს.

თიბისი გაგაცნობთ როგორ განავითარო კარიერა შენთვის საინტერესო მიმართულებით, როგორ გამოიყენო შენი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა პროფესიები და გაგიზიარებთ რჩევებს თუ რა უნდა გაითვალისწინოთ სამსახურის ძიებისას.


ღონისძიების დასწრება თავისუფალია, რეგისტრაციისთვის გადადი ბმულზე
დამატებითი ინფორმაციას გაეცანით ბმულზე.

ცესკოს თავმჯდომარის ბრიფინგი საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის შესახებ

2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და  გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს. ამჯერად საუბარია ტელეკომპანია „TV პირველის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის სავარაუდოდ უკანონოდ დამუშავების მცდელობაზე. სამწუხაროა, რომ ეს არ არის აღნიშნული ტელეკომპანიის მხრიდან ადმინისტრაციის თანამშრომელთა მონაცემთა უკანონოდ დამუშავების მცდელობის პირველი შემთხვევა.

იმ ფონზე, როცა საარჩევნო ადმინისტრაცია აბსოლუტურად ღიაა ყველა ჩართულ მხარესთან, მათ შორის მედიასთან თანამშრომლობისთვის, გაუგებარია რა საჭიროებას წარმოადგენს ხსენებული ინფორმაციის დამუშავება, მაშინ როცა ადმინისტრაციისთვის კითხვით არ მოუმართავთ და მათთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოუთხოვიათ და ასევე, მაშინ როცა  სახეზე არ არის საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა პერსონალური ინფორმაციის – ნათესაური კავშირებისა და აღნიშნული ნათესავების დასაქმების ადგილების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები და ლეგიტიმური მიზანი, რაც ცხადია აჩენს ობიექტურ კითხვებს.

ხსენებული მედია საშუალების წარმომადგენლების მიერ საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ დასმული კითხვების შინაარსი და ფორმა, შეუძლებელია ემსახურებოდეს რაიმე საჯარო ინტერესს, გარდა იმისა, რომ განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა მათი ნათესავების სხვადასხვა უწყებებში საქმიანობის ან შესაძლო საქმიანობის გამო და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ არც ნათესაური კავშირები და არც ოჯახის წევრების ან ნათესავების საქმიანობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კანონით არ შეიძლება იყოს საარჩევნო ადმინისტრაციის არცერთი თანამშრომლის საქმიანობის შეფასების კრიტერიუმი. საარჩევნო მოხელეები საკუთარ საქმიანობას წარმართავენ კანონმდებლობის შესაბამისად და კეთილსინდისიერად. ჩართულმა მხარეებმა კი მათი საქმიანობა უნდა შეაფასონ სწორედ ქმედებებით და არა მათი ნათესაური კავშირებით.

ადმინისტრაციის თანამშრომლები კანონშესაბამისად და ღირსეულად გააგრძელებენ საქმიანობას არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარების უზრუნველსაყოფად.  საარჩევნო ადმინისტრაცია კი, ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე  ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ მუდმივად ვხელმძღვანელობთ თანამშრომლობის საუკეთესო სტანდარტით და ყოველთვის მზად ვართ მივაწოდოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას კომპეტენტური და გადამოწმებული ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან მიმართებაში. თუმცა, მომავალში ნებისმიერი მედიასაშუალების მხრიდან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისას, კანონისა და ეთიკის ნორმების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, იძულებულნი გავხდებით, გადავხედოთ თანამშრომლობის საკითხს, რაც იქნება მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და დასაქმებული თანამშრომლების შესახებ ამომრჩევლებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების წინაპირობა.