Home Blog Page 2291

აშშ უკრაინას ATACMS რაკეტებს გადასცემს

აშშ უკრაინას გადასცემს ATACMS რაკეტებს, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილმა მეთაურმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა განაცხადა.

„ეს არის იარაღის ვერსია გაცილებით მოკლე დისტანციით. ეს არც ისე ეფექტური იქნება ოკუპირებულ ყირიმში დიდი რუსული ობიექტების განადგურებისთვის. ისინი  (რაკეტები) სასარგებლო იქნება ზოგიერთ სამიზნეებზე დასარტყმელად“, – აცხადებს ჰოჯესი.

მანამდე, თეთრ სახლში უკრაინის ლიდერთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების დროს (შეხვედრა 21 სექტემბერს გაიმართა), აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ მზად არის უკრაინას გარკვეული რაოდენობის რაკეტები მიაწოდოს. თუმცა, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ATACMS-ის გადაცემის გეგმა ჯერ არ არსებობს.

თავის მხრივ, ჰოჯესი დარწმუნებულია, რომ რაკეტები მათი „ლიმიტირებული“ ვერსიით მაინც მიეწოდება.

„ბაიდენის ადმინისტრაცია შიშობს, რომ უკრაინა ამ რაკეტებით შეეცდება რუსეთზე თავდასხმას“, – განაცხადა გენერალმა.

ამავე დროს, ის დარწმუნებულია, რომ ვაშინგტონის პოზიტიურმა გადაწყვეტილებამ უკრაინაში ATACMS-ის გადაცემასთან დაკავშირებით შესაძლოა ბუნდესტაგს მსგავსი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგოს – მოგეხსენებათ, გერმანია კვლავ აჭიანურებს Taurus-ის რაკეტების გადაცემას.

„უკრაინის მიერ ATACMS-ის შეძენა ყირიმს არახელსაყრელ ადგილად აქცევს რუსული ჯარების განლაგებისთვის. ამ იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდებას დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინის ძალისხმევის მხარდასაჭერად“, – აღნიშნა ჰოჯესმა.

ვვარაუდობთ, რომ ომი მომავალ წელსაც არ დასრულდება – სერგი პრიტულა

რუსეთ-უკრაინის ომი არ დასრულდება არც წელს და არც მომავალ წელს და მიმდინარე შემოდგომა-ზამთრის სეზონი უკრაინისთვის წინაზე ადვილი არ იქნება, – ამის შესახებ მოხალისემ სერგი პრიტულამ RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.

მოხალისის თქმით, უკრაინელების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ომი გაჭიანურდება.

„არ არსებობს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ეს ომი შეიძლება დასრულდეს ამ წლის ბოლომდე. ასევე, ფიქრობენ, რომ ომი არც მომავალ წელს დასრულდება“, – აღნიშნავს მოხალისე.

პროკურატურამ 6 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, გლდანის I მიკრო-რაიონში, ერთ-ერთი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულები, ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ოთხ პირს და მათ მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 23 სექტემბერს დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა ჩადენილი ჯგუფურად და ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, აღნიშნულ თავდასხმაში მონაწილე სხვა პირთა დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ შეუნარჩუნა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა

“საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს”, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის განცხადებაშია საუბარი, რომელიც ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებას ეხმაურება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება პრეზიდენტის მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ კამპანიას.

საქართველოს პრეზიდენტი არც კონსტიტუციას არღვევს და არც კანონს. ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად შეგახსენებთ ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 26-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადებისა და წარდგინების განხილვისა და გადაწყვეტის ვადა 3 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.

რაც ეხება, პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, იგი სრულად აცნობიერებს ამ საკითხის სამართლებრივ და მორალურ მხარეს. პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფო ინსტიტუტებს აძლევს შესაძლებლობას გონივრულ ვადაში მიიღონ ზომები და დაიცვან ქვეყნის რეპუტაცია და ინტერესები. მით უფრო დღეს, როცა წყდება საქართველოს ევროპული მომავალი, ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია გაუქმდეს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ,,რუსული გადაწყვეტილება“. საქართველოს შესაძლო ,,შავ ხვრელად“  ქცევა კი მხოლოდ ერთი ქვეყნის ინტერესებშია და პირდაპირ ეწინააღმდეგება სახელმწიფო ინტერესებსა და ჩვენს ევროატლანტიკურ გზას.

P.S.

რაც ეხება ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს, ყველას მიერ პროფესიონალად და გამოცდილ კადრად აღიარებული გიორგი ბაქრაძის კანდიდატურის საჯარო და სამარცხვინო ჩაგდების შემდეგ, საჭირო გახდა უმრავლესობის მიერ წარმოებული ამ მანკიერი პროცესის ლუსტრაცია, რომელიც პარლამენტმა 21 სექტემბერს 82 და 83 ხმით დაამტკიცა, – წერია განცხადებაში.

უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის გადაწყვეტილება სწორი იყო – ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ცალმხრივი აკრძალვის შესახებ სწორი იყო.

დუდამ აღნიშნა, რომ პოლონელი ფერმერები უზრუნველყოფენ ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებას და ამისთვის ვერასოდეს გამოვხატავთ საკმარის მადლიერებას.

„ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო, რომ პოლონეთის მთავრობამ შეინარჩუნა აკრძალვა უკრაინული მარცვლეულის პოლონურ ბაზარზე გაყიდვაზე. თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა მაქსიმალური ტრანზიტი იყოს“, – აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინულმა მარცვლეულმა არ მიაღწია იმ ქვეყნებს, რომლებსაც ეს სჭირდებოდათ, მაგრამ ისეთ ბაზრებზე აღმოჩნდა, როგორიც არის პოლონეთი.

„პოლონეთის მთავრობას მოუწია რადიკალური ნაბიჯების გადადგმა პოლონელი ფერმერების მხარდასაჭერად, ჩვენი ბაზრისა და სოფლის მეურნეობის დასაცავად“, – დასძინა დუდამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეს მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის ისტორიული დღეა – დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი მემილიონე მგზავრს უმასპინძლებს.

დღეს ფრანკფურტიდან დაეშვება ბორტი, რომელსაც მემილიონე მგზავრი მოჰყვება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძიებები გაიმართება.

,,პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ხუმრობა მეგონა, უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის”- გიორგი კონდახიშვილი

პოლიციელს ნაკბენი აქვსო, უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს – არცერთ ჩემს დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს არანაირი შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან ,- ამის შესახებ ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელია, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი იყო ჩანიშნული.

მისივე თქმით, არავითარი ძალადობის ელემენტები არ იყო.

“მე, როგორც იურისტი, რომელიც მრავალი წელია ამ მიმართულებით ვმოღვაწეობ, მტკიცებულებების ფონზე, ერთმნიშვნელოვნად გამოვრიცხავ, რომ მათ რაიმე სახის, იოტისოდენა რისკი ჰქონდეთ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ აღმოჩნდნენ. შსს-ს განცხადებით, მიმდინარეობს პარალელურად გამოძიება 353-ე პრიმა მუხლით, ანუ, პოლიციელებზე თავდასხმის მუხლით, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, ერთ-ერთ პოლიციელს ნაკბენი აქვსო, ეს თავიდან ხუმრობა მეგონა. უნდა დაადგინონ ვინ უკბინა, როდის, უკბინეს, მანამდე ხომ არ უკბინეს ამ ადამიანს, ამის შემდეგ უნდა გამოიკვეთოს ეს მოტივაცია. არცერთ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ აქვს შემხებლობა ძალადობასთან, პოლიციელზე თავდასხმასთან.

არავითარი ძალადობის ელემენტები არ არის. ეს იყო მძიმე, დაძაბული სიტუაციის ფონზე პროვოცირებული ქმედება პოლიციის მიერ, რასაც მოჰყვა უკანონოდ მათი დაკავება, მრავალწუთიანი ვიდეო, სადაც ცდილობენ ნიკა მელია და მისი თანმხლები პირების დაკავებას, გასაგებია, როდესაც უკანონოდ გაკავებენ, კონსტიტუციური უფლება გაქვს, რომ გაეცნო რატომ გაკავებენ და შემდეგ წინააღმდეგობა გაუწიო“,- აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელია, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო. დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ნიკა მელია და მასთან ერთად დაკავებული ოპოზიციონერების პროცესი გადაიდო

გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” წევრების – ნიკა მელია, ბაჩო დილიძისა და ზვიად კუპრავას სასამართლო პროცესი 23 ოქტომბრის 12:00 საათისთვის გადაიდო.

დაკავებულები დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ. ეძგვერაძის განცხადებით, მას ფიზიკურად 30-ზე მეტი პირი გაუსწორდა. ეძგვერაძის თქმით, მასზე განხორციელებული თავდასხმის დამკვეთი საკრებულოში გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ წევრი კონსტანტინე ზარნაძეა.

მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი – პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა. შსს-მ ირაკლი ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო.

თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნახიჩევანში ილჰამ ალიევს შეხვდება

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 25 სექტემბერს ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ეწვევა, – ინფორმაციას თურქული და აზერბაიჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის ფაგრლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს შეხვდება და ლიდერები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და რეგიონულ და საერთაშორისო მოვლენებს განიხილავენ.

შეხვედრის დროს ასევე ისაუბრებენ აზერბაიჯანის მიერ ყარაბაღში გატარებულ ზომებზე ყარაბაღში და მოწინააღმდეგე მხარის ჯარისკაცების განიარაღების პროცესზე.

ოროი ქვეყნის ლიდერები ასევე განიხილავენ ზანგეზურის დერეფნის საკითხსაც, რომელმაც აზერბაიჯანი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკასთან უნდა დააკავშიროს.

,,მოლოდინი მაქვს, რომ სამივე გათავისუფლდება”-კონდახიშვილი

ადვოკატ გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, გლდანში მომხდარი ინციდენტის დროს დაკავებულებს ნიკა მელია, ზვიად კუპრავას და ბაჩო დოლიძეს 48-საათიანი ვადა ეწურებათ და, სავარაუდოდ, უახლოეს საათებში საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ.

როგორც მან ცოტა ხნის წინ მთავარ სამმართველოსთან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მას აქვს მოლოდინი, რომ სამივე დაკავებული გათავისუფლდება.

“გუშინ საღამოს მივიღეთ ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავების ვადა 24 საათით გააგრძელა. როგორც მოგეხსენებათ, სამივე დაკავებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტთან დაკავშირებით არიან. დღეს, 48-საათიანი ვადა იწურება, დაახლოებით, 21:00 საათზე. დიდი ალბათობით, უახლოეს საათებში სამივე მათგანს, ჩვენს ხელთარსებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიყვანენ, სადაც სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. გვაქვს მოლოდინი, რომ სამივე მათგანი გათავისუფლდება. ჩვენს პოზიციას სასამართლოზე წარვადგენთ, რომ არანაირ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია, დაძაბული ფონი იყო. პროვოცირება იყო პირიქით, პოლიციის გარკვეული მაღალჩინოსნების მხრიდან, რომლებიც ორიენტირებულები იყვნენ ნიკა მელიაა და მისი თანმხლები პირების მიმართ იძულებით ღონისძიების გამოყენებაზე. ყველაფერ ამას მოყვა ის, რომ 48 საათის განმავლობაში აღმოჩნდნენ დროებით დაკავების იზოლატორში. იმის მსგავსად, რომ პოლიციას მყისიერად ემოქმედა, პროვოცირება მოაწყვეს და შემდგომ უკვე ვიდეომასალაში, რაც სოციალურ ქსელებში და ყველა არხზე გავრცელდა, ვიხილეთ იყო თუ როგორ ცდილობს ათეულობით პოლიციელი ნიკა მელიაა და მისი თანმხლები პირების დაკავებას. მთავარი კითხვაა რამ განაპირობა, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობდა, რომ მაგალითად, პოლიტიკოსის, ლიდერი მიმართებით, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო მისული და თანაგრძნობას უცხადებდა დაზარალებულებს, დაკავების ოპერაცია დაიწყო. ეს არის უკანონობა”,- განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

,,თუ, ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში ცუდი არაფერია”- ოდიშარია

თუ ბიძინა ივანიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას დააპირებს, ამაში მე ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ – ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება , – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, კერძოდ, რას უკავშირდება მის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია „მოქალაქის“ გააქტიურება. „იმ თავითვე, ამ ორგანიზაციის შესახებ მქონდა ინფორმაცია, თუმცა ახალა, ამჟამად ბიძინა ივანიშვილის გეგმების შესახებ იცის თვითონ ბიძინა ივანიშვილმა და იმ ადამიანებმა, ვინც ამ საჯარო რეესტრის მონაცემებში არიან. თუ ის დააპირებს აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში შემოსვლას, ამაში ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ. ასეთი გამოცდილების ადამიანი, ბუნებრივია, კარგი იქნება, თუ სამოქალაქო სექტორში იქნება. მე გირჩევდით, რომ თქვენც ჩამოყალიბდით, ხან იძახით, რომ ის ჩრდილოვანი მმართველია და თუ ადამიანს მოუნდა, რომ სამოქალაქო სექტორში გადმოვიდეს, ამაზეც დაძრახვა როგორ შეიძლება ადამიანის? ე.ი. ნურც გაფრინდები და ნურც მოფრინდებია, თუ როგორ არის საქმე. ადამიანმა, რომელმაც 3 მილიარდი ჩადო ქველმოქმედების სახით ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანს დაუშალოთ საერთოდ რამენაირად არსებობა ამ ქვეყანაში, მე მგონი, ეს არასამართლიანია. მე მხოლოდ მივესალმები, თუ ის გამოჩნდება სამოქალაქო სივრცეში და ზოგადად საზოგადოებაში“, – განაცხადა ოდიშარიამ.

რუსული საწვავის კრიზისი სხვა ქვეყნებზეც აისახება – ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, ბოლო კვირებია რუსეთში ბენზინისა და დიზელის დეფიციტია.

მათი შეფასებით, რუსეთში არსებული კრიზისული მდგომარეობა, გავლენას სხვა ქვეყნებზეც იქონიებს.

დეპარტამენტის განცხადებით, ბოლო კვირების განმავლობაში, რუსეთში არსებული ვითარება ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის პირდაპირი შედეგი იყოს.

ბრიტანული დაზვერვა ვარაუდობს, რომ საწვავის კრიზისის გამომწვევი უმთავრესი მიზეზი სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდა, ნავთობგადასამუშავებელი ქარხნების შენახვის ხარჯები და ხელსაყრელი საექსპორტო ფასებია.

ბრიტანეთის დაზვერვა აღნიშნავს, რომ 21 სექტემბერს შიდა ბაზრის სტაბილიზაციის მიზნით რუსეთმა დიზელისა და ბენზინის თითქმის ყველა იმპორტი შეაჩერა.

„ეს ნაბიჯი მსოფლიო ბაზარზე მიწოდების შეზღუდვებს გამოიწვევს და უარყოფითად აისახება ქვეყნებზე, რომლებიც საწვავის მხრივ რუსეთზე არიან დამოკიდებულნი“, – აცხადებენ ბრიტანულ დაზვერვაში.