Home Blog Page 2287

“სალომე ზურაბიშვილმა ყველაფერი გააფუჭა”- რომან გოცირიძე

სებ-ი ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა – ზურაბიშვილს კანდიდატურები რომ არ წარედგინა, სებ-ის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა, დაიწყებოდა კონსულტაციები და კონსენსუსის საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი საბჭოს მიღება,- ამის შესახებ პარლამენტში, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არგუმენტი, რომ თურმე ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა საცდელად შემოაგდო, რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, რადგან მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში „ქართული ოცნების“ გავლენების იურიდიულად დაკანონებას.

„ეროვნული ბანკის საბჭოში დღეს არის 6 წევრი, ერთს 2 თვეში ვადა გასდის, ამერიკის მოქალაქეა და რჩება 5 წევრი. ხუთივე სალომე ზურაბიშვილის წარდგენილია, ხუთივე – „ქართული ოცნების“ ყურმოჭრილი და მორჩილი ადამიანია. ეროვნული ბანკი ფაქტობრივად, გაუქმებულია, ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის ეკონომიკური განყოფილება გახდა ეროვნული ბანკი. თურნავამ 30 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის ნაშენები ნდობა და რეპუტაცია 30 წამში ჩამოშალა. თუმცა, ეს თურნავას ხელით „ქართული ოცნების“ მიერ გაკეთდა. დღეს ქვეყანაში მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ ეროვნული ბანკის დარჩენილი 4 წევრიდან მაინც შეირჩეს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ამ ხელისუფლების ამოცანაა, რომ სანამ სალომე ზურაბიშვილია პრეზიდენტი, დარჩეს მოვალეობის შემსრულებლად თურნავა. გარემოებათა გამო, როცა სამმა ვიცე- პრეზიდენტმა დატოვა თანამდებობა, ზურაბიშვილს ეს 2 კანდიდატურა რომ არ წარედგინა, ეროვნული ბანკის ფუნქციონირება ფაქტობრივად ჩერდებოდა და დაიწყებოდა მართლაც სერიოზული კონსულტაციები და კონსენსუსი საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა მეტ-ნაკლებად ჯანსაღი ეროვნული ბანკის საბჭოს მიღება. ყველაფერი გააფუჭა სალომე ზურაბიშვილმა. ეგონა საკუთარი კანდიდატურები წარადგინა – ერთი ოდიოზური ქალბატონი მევენახეობა-მებოსტნეობის სპეციალისტი აღმოჩნდა, მეორე კი კობახიძის ახლო მეგობარი. ამიტომ ზურაბიშვილმა შეცდომები დაუშვა, დაემორჩილა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ზემოქმედებას, ყველა სამთავრობო კანდიდატურა მის მიერ არის წარდგენილი. მან კარგად უნდა გააცნობიეროს ეს და თავის მართლება და უცნაური არგუმენტები, რომ თურმე საცდელად შემოაგდო (ყეინიშვილის და ხომერიკის კანდიდატურა), რომ ხელისუფლების მავნებლობა ეჩვენებინა, ძალიან არასერიოზულია, ამ 2 კანდიდატის დამტკიცებით მან საფუძველი ჩაუყარა საბანკო სისტემაში “ქართული ოცნების” გავლენების იურიდიულად დაკანონებას”,- განაცხადა გოცირიძემ.

ქალი მეწარმეების დასაფინანსებლად თიბისისა და EBRD-ს შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა (EBRD) და თიბისის შორის 20 მილიონი აშშ დოლარის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. აღნიშნული სესხი EBRD-ის Women in Business (WiB) პროგრამის ნაწილია და გამიზნულია ქალი მეწარმეების დაფინანსებისა და ინკლუზიური ფინანსირების ხელშეწყობისთვის. პროექტს მხარს უჭერს ევროკავშირი და შვედეთი. ხელმოწერა ლონდონში, EBRD-ის ოფისში შედგა.

აღნიშნული პროექტის მიზანია, გაზარდოს ქალი მსესხებლებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების ჩართულობას ეკონომიკაში. ასევე, აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში, მეწარმე ქალებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით, მენტორობითა და ტრენინგებით. პროექტს ევროკავშირი მდგრადი განვითარების ევროპული ფონდის (EFSD+) საგარანტიო პროგრამის ფარგლებშიც უჭერს მხარს, რომელიც შექმნილია მცირე და საშუალო ბიზნესების გასაძლიერებლად.

„ვამაყობთ, რომ უკვე ორ ათწლეულზე მეტია, ვაგრძელებთ სტრატეგიულ პარტნიორობას EBRD-თან. ამ დროის განმავლობაში, EBRD-ის მხარდაჭერით, თიბისიმ გენდერულ დაფინანსებაში მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. აღნიშნული სასესხო ხელშეკრულების გაფორმება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობაში. სესხი საშუალებას მისცემს თიბისის, გააძლიეროს ქალთა ხელმძღვანელობით მოქმედი ბიზნესების დაფინანსება, განსაკუთრებული ფოკუსით რეგიონებზე, და ხელი შეუწყოს საქართველოში ინკლუზიური ბიზნეს გარემოს შექმნას. თიბისი WiB პროგრამას ჯერ კიდევ 2017 წელს წარმატებით შეუერთდა, რაც ეფექტური ფინანსური ინსტრუმენტი აღმოჩნდა ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ EBRD-ს, ევროკავშირსა და შვედეთს თიბისისთვის ამ საჭირო დაფინანსების გამოყოფისთვის.“ – გიორგი მეგრელიშვილი, თიბისის ფინანსური დირექტორი.

„ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკის შენება EBRD-ის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. საქართველოს ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან მამოძრავებელ ძალას სწორედ მეწარმე ქალები წარმოადგენენ. გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოუთმენლად ველით კიდევ უფრო მეტ ქალ ლიდერს, რომლებიც თავიანთ ბიზნეს იდეებს განახორციელებენ. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თიბისის, ევროკავშირსა და შვედეთს  პარტნიორობისთვის.’’ – ფრანსის მალიჟი, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველი დირექტორი.

„ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტებისა და ტექნიკური დახმარების სინერგია, EFSD+ გარანტიებისა და  Women in Business პროგრამის მეშვეობით, გადამწყვეტ როლს შეასრულებს საქართველოში ქალი მეწარმეების მცირე და საშუალო ბიზნესების დაკრედიტების გაძლიერებაში. პროექტი აერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქალი მეწარმეებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში და საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ ჩვენი ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოში.“ – ლორენს მერედიტი, ევროკავშირის დირექტორი აღმოსავლეთ სამეზობლოში.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის შესახებ

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოში წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია. წლების განმავლობაში EBRD-მა საქართველოში 5 მილიარდზე მეტი ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 287 პროექტში ფინანსურ, კორპორაციულ, ინფრასტრუქტურის და ენერგეტიკის სფეროებში, რომლის 81% კერძო სექტორზე მოდის.

R

კოსოვოს ჩრდილოეთში პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა

კოსოვოს ჩრდილოეთში, პოლიციამ ავტომაგისტრალებზე კონტროლი გაამკაცრა.

ვითარების ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით ტერიტორიაზე ჯავშანტექნიკა განათავსეს.

ბოლო წლებში ყველაზე მასშტაბური დაპირისპირება 24 სექტემბერს, სოფელ ბანისკასთან მოხდა. 30-მდე თავდამსხმელმა კოსოვოს პოლიციას ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგ მონასტერში შეიჭრა. პოლიციამ მონასტერი ალყაში მოაქცია. დაპირისპირების დროს ერთი სამართალდამცველი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ. მომხდარის შემდეგ კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა სერბეთი, შეიარაღებული ჯგუფის მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ დაღუპულებზე პასუხისმგებლობა კოსოვოს ოფიციალურ პირებს ეკისრებათ.

“პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ” – დავით მათიკაშვილი

პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

„სავარაუდოდ, პრეზიდენტს კონსტიტუციიდან დაწყებული, ყველა კანონისა და ნორმატიული აქტის დარღვევა აქვს გადაწყვეტილი, რადგან კონსტიტუციით დაიწყო, ეს საზოგადოებამ დაინახა და დღეს უკვე კანონებს არღვევს. ეს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს იმას, რომ პრეზიდენტიც, რადიკალური ოპოზიციაც, ერთი მიმართულებით მიცურავენ და ამ მიმართულებას ჰქვია დესტაბილიზაცია და რადიკალიზაცია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

პრეზიდენტის თავის მართლებასა და პოზიციის ცვლილებას მმართველ გუნდში არათანმიმდევრულ პოლიტიკად აფასებენ. ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის შემდეგ კანონსაც არღვევს, დგას ოპოზიციის მხარეს და ხელისუფლების ოპონენტებს უსაფუძვლო ბრალდებებს უმყარებს. საუბარია ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობაზე. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს ხელმოწერისკენ მოუწოდებს. სალომე ზურაბიშვილმა ჯერ თქვა, რომ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას ჩამოართმევდა, შემდეგ შეწყვეტა მიზანშეწონილად აღარ მიიჩნია, ახლა კი სამთვიან ვადაზე საუბრობს.

“ნაციონალური მოძრაობა” არის კრიმინალების პარტია და კრიმინალური სინდიკატი-რატი იონათამიშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალების პარტია და კრიმინალური სინდიკატი. ფაქტობრივად, მათი ლიდერი არ არის დარჩენილი, რომელიც ნასამართლევი არ იყოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი აცხადებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალების პარტია და კრიმინალური სინდიკატი. ფაქტობრივად, მათი ლიდერი არ არის დარჩენილი, რომელიც ნასამართლევი არ იყოს. მძიმე ვერდიქტები არსებობს მათ წინააღმდეგ არა მხოლოდ ეროვნულ დონეზე, არამედ ევროპულ სასამართლოშიც, რომელსაც 100-მდე საქმეზე ჰყავს გასამართლებული „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ადამიანებს თუ სურთ, რომ ხელი გამოიშვირონ სხვისკენ, კრიმინალური ბუნება და კრიმინალური საქმიანობა საკუთარ თავში და ბუდეში მოიკითხონ პირველ რიგში“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

გლდანში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თბილისის საკრებულოს ოპოზიცია გლდანში მომხდარ ინციდენტს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.

შსს-მ გლდანში მომხდარი ძალადობის ფაქტზე, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა.

“კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ, მივიწევთ წინ და „გლობალური ომის პარტია“ პროცესს ხელს ვერ შეუშლის” – რატი იონათამიშვილი

ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ, მივიწევთ წინ და „გლობალური ომის პარტია“ პროცესს ხელს ვერ შეუშლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი მცდელობები უშედეგო იქნება.

„ვინმეს თუ კიდევ ეჭვი ეპარებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ვიზიტებს გეგმავს არა იმისთვის, რომ მხარი დაუჭიროს საქართველოს, არამედ პირიქით, ხელი შეუშალოს ევროინტეგრაციას, ეს ეჭვები საბოლოოდ გაქარწყლდა, განსაკუთრებით, იმ ლექსიკის შემდეგ, რომელიც თუნდაც ბოლო წერილში ჰქონდა პრეზიდენტს, ასევე, ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების შემდეგ. შესაბამისად, როგორც არ უნდა ეცადოს „გლობალური ომის პარტია“ ამ პროცესის დაზიანებას, რასაც აქამდეც არაერთგზის აკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, მსგავსი მცდელობები ახლაც უშედეგო იქნება. ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვიმსახურებთ, მივიწევთ წინ და ისინი ამ პროცესს ხელს ვერ შეუშლიან“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა და რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ნიკოლაე ჩუკამ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

დეკლარაცია, საქართველოს პარლამენტსა და რუმინეთის სენატს შორის საერთო ინტერესების სფეროებში დიალოგისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დეკლარაციით გათვალისწინებულია საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება არაერთი მიმართულებით, მათ შორის, რეგულარული ორმხრივი ვიზიტების განხორციელება, მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურება, პარლამენტების თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამების შეთავაზება და სხვა.

დეკლარაციაში დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისადმი რუმინეთის მხარდაჭერა და საქართველოს დახმარების მზაობა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

“პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს”

მგონი, პრეზიდენტს თავისი პოზიციები იმდენად აემღვრა და აიხლართა ყველაფერში, რომ უჭირს საზოგადოებას ესაუბროს და მისი განცხადებები სულ უფრო ნაკლებად სანდო ხდება, – ამის შესახებ ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში, ამაზე პასუხს იძლევა კანონმდებლობა, რომელიც ამბობს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღება წარმოადგენს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველს.

„იმას, რაც ოპოზიციამ დაგეგმა, რომ ყალბი იარლიყი მიეკერებინა ხელისუფლებისთვის და საზოგადოება დაერწმუნებინა არარსებული ბრალდებების ნამდვილობაში, მხარში ამოუდგა პრეზიდენტიც იმხანად, როცა ხმამაღალი განცხადებები აკეთა, დაპირდა საზოგადოებას, რომ რაწამს წარედგინებოდა დასკვნა მოქალაქეობის შეწყვეტაზე, ის მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას. ამ განცხადებით პრეზიდენტი ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს ასეთი გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნებოდა მიღებული. როცა საპირისპიროში დარწმუნდა მოსახლეობა ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ასეთ დროს უხერხულობა შეიქმნა და ახალი გამოსავლის მოძებნა მოუწია პრეზიდენტს.

შედეგის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, ჩვენ მივყვებით იმას, რაც არის სწორი ნაბიჯების გადადგმა, რაც დიამეტრალურად განსხვავდება იმისგან, რასაც პრეზიდენტი და ოპოზიცია სთავაზობს საზოგადოებას ამ საკითხის ირგვლივ,“ – განაცხადა სარჯველაძემ.

როცა სჭირდებათ პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა არა – აგინებენ – ბექა ოდიშარია

“ქართული ოცნების” წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, ოპოზიცია პრეზიდენტს მხოლოდ მაშინ ემადლიერება, როცა ის მათ სასარგებლო ნაბიჯებს დგამს, დანარჩენ შემთხვევებში კი მას “ბრიყვსა და არაკვალიფიციურს” უწოდებს.

ჩვენი ვარაუდით, არის მიზანი, ფარცხალაძის თემა დარჩეს დღის წესრიგში და რადიკალურ ოპოზიციას მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც მარტივად შეიძლება, იყოს გადაწყვეტილება მიღებული, – აცხადებს„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან – არა.

„ჩვენ პოლიტიკურ პროცესს და იმ განცხადებებს მივყვებით, რომელსაც პრეზიდენტი აკეთებდა. საკითხს თუ ქრონოლოგიურად და ობიექტურად გავყვებით, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის ელოდებოდა დაუყოვნებლივ იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამის დასკვნას, რის საფუძველზეც მოახდენდა ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის გაუქმებას. იუსტიციის სამინისტრომ აღასრულა პრეზიდენტის მოწოდება და მას უმოკლეს ვადაში, პრაქტიკულად, მეორე დღეს მიაწოდა შესაბამისი დოკუმენტაცია. ამის შემდეგ პაუზამ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

ამ პაუზამ მოახერხა ის, რომ „ქართული ოცნება“ და რადიკალური ოპოზიცია ამ პოზიციაში ერთმანეთს დაემთხვნენ. ჩვენ კორექტულად ვსაუბრობთ და ობიექტური მიზეზები გვაინტერესებს, რადიკალური ოპოზიცია კი, მას ბრიყვს, არაკვალიფიციურს უწოდებს, შეურაცხყოფებს აყენებს, როგორც ამას აკეთებდნენ მისი არჩევნების დროს. როდესაც სჭირდებათ, ქალბატონ სალომესთან დაძუნძულობენ, როდესაც ხვდებიან, რომ მათთვის რაღაც სასარგებლოდ არ ხდება, იმ წუთას დედის გინებაზე გადადიან.

სამართლებრივი საკითხი განიმარტა, ერთი მეორეს ხელს არ უშლის არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქე, თუ ის სისხლის სამართლის დანაშაულს ჩაიდენს, პასუხს აგებს კიდეც სრული სიმკაცრით მართლმსაჯულების წინაშე. ახლა ჩვენ ვარაუდი გვაქვს, რომ მიზანი არის მხოლოდ ის, რომ ეს თემა დღის წესრიგში დარჩეს და რადიკალურ ოპოზიციას კვლავ მიეცემა რყევის საშუალება ადამიანზე, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან მარტივად შეიძლება, გადაწყვეტილება იყოს მიღებული. მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სამსახური მოკვლევას დაასრულებს და დასკვნები გაკეთდება, ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მისი დასანქცირება ან მოხდება, ან არა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის აქტივებს ყადაღა მოუხსნა

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის აქტივებს ყადაღა მოუხსნა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

„კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ინფორმაციით, სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა კოლომოისკის აქტივების დაყადაღებას ითხოვდა, თუმცა უკრაინის უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლოს მოსამართლემ ოლეგ ტკაჩენკომ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„კოლომოისკის შეუძლია, დღესვე გაყიდოს ან სხვას გადაუფორმოს აქტივები, რომლებსაც დროებით აყადაღებდნენ ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა. დროებითი ყადაღა მხოლოდ 48 საათის განმავლობაში მოქმედებდა, მოსამართლე ტკაჩენკომ კი მასთან 10 დღის წინ შესული შუამდგომლობის განხილვაზე უარი თქვა“, – აცხადებს „კორუფციასთან ბრძოლის ცენტრის“ ხელმძღვანელი ვიტალი შაბუნინი.

2 სექტემბერს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ბიზნესმენ იგორ კოლომოისკის თაღლითობისა და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების ლეგალიზების მუხლებით ბრალი წარუდგინა. 3 სექტემბერს კიევის სასამართლომ კოლომოისკის ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

“რუმინეთი მხარს უჭერს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს” – ნიკოლაე-იონელ ჩუკა

მოხარული ვარ, რომ ჩვენთან იმყოფება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ბატონო შალვა, ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რუმინეთში, – განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა ნიკოლაე-იონელ ჩუკამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე.

მისი თქმით, დღევანდელი ვიზიტი ასახავს კარგ პოლიტიკურ ურთიერთობას რუმინეთსა და საქართველოს შორის, მათ შორის ორი ქვეყნის პარლამენტებს შორისაც.

„როგორც ცნობილია, რუმინეთი არის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი და ღია მხარდამჭერი საქართველოს ევროპული დღის წესრიგის, რომელსაც ახორციელებს საქართველო. ჩემი ქვეყანა იყო ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან პირველი ქვეყანა, რომელმაც 2014 წლის 3 ივლისს რატიფიკაცია მოახდინ ა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების. რუმინეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის იმ რეფორმებს, რომელიც ევროკავშირისკენ არის მიმართული. ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი წავახალისოთ, რადგან ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის განვითარების შესაძლებლობებს ნიშნავს. ჩვენ ვართ მზად და ღია გავაძლიეროთ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტთაშორისო დიალოგი, მათ შორის საპარლამენტო კომიტეტებს შორისაც, სადაც შეგვიძლია, განვიხილოთ საქართველოს ევროპული დღის წესრიგი. მივესალმები ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო დელეგაციის დონეზე თანამშრომლობის ერთობლივ დეკლარაციას. ეს არის მომენტი, რომელიც ასახავს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და ადასტურებს ჩვენს ორმხრივ ინტერესებს საქართველოსა და რუმინეთს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გასაღრმავებლად. ევროპული დღის წესრიგი არის ჩვენი დისკუსიების მთავარი ფოკუსი, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი თემა, რომელზეც დისკუსიების გაღრმავება გვინდა ორმხრივ ურთიერთობებში. როგორც უკვე აღვნიშნეთ, რუმინეთმა და საქართველომ ორმხრივი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანეს და ჩვენ მზად ვართ, ერთად ვიმუშაოთ ამ პარტნიორობის შემდეგი განვითარებისთვის. მხედველობაში მაქვს შავი ზღვის რეგიონში თანამშრომლობა, ასევე მჭიდრო ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ პროექტებზე დაფუძნებული თანამშრომლობის განვითარებას, განსაკუთრებით, ეს ეხება ენერგეტიკისა და დაკავშირებადობის პროექტებს. მწვანე ენერგეტიკული დერეფანი და შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელი ამ თანამშრომლობის მხოლოდ ორი მაგალითია. ვაფასებ ღია და გულწრფელ დიალოგს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბ-ნ შალვას ამ ვიზიტისთვის, რომელიც ჩემი აზრით, კიდევ ერთი ნაბიჯია ჩვენს ქვეყნებს შორის დიალოგის გასაუმჯობესებლად“, – განაცხადა რუმინეთის სენატის პრეზიდენტმა.

უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს რომან გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა -ნოდარ ჯავახიშვილი

ეროვნული ბანკის ყოფილი მმართველი ნოდარ ჯავახიშვილი რომან გოცირიძის მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

პარლამენტარმა რომან გოცირიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება, რომ კუპონის კატასტროფული გაუფასურება და ეროვნული ბანკის დაცემა ნოდარ ჯავახიშვილის მმართველობის პერიოდს უკავშირდება, რასაც ჯავახიშვილი სიცრუეს უწოდებს.

როგორც იგი Business Insider Georgia-თან აცხადებს, კუპონიზაცია სწორედ რომან გოცირიძის სახელთან არის ასოცირებული და ახლა ცდილობს, სხვას გადააბრალოს, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს.

ჯავახიშვილის თქმით, ამ ეტაპზე მთლიანად სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული და ეკონომიკურ პროცესებს ჩამოშორებულია.

,,არ მინდა თავის მართლების პოზიციაში ვიმყოფებოდე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ამ ინფორმაციის გადამოწმება, ზოგს ფაქტები შეიძლება ახლაც ახსოვდეს. გადაამოწმონ ფაქტები, სწორედ რომან გოცირიძის ხელში დაიქცა კუპონი. მის არყოფნაში გამოვასწორეთ ეს მძიმე მდგომარეობა და ლარიც გამოვუშვით.

არ ვჩანვარ საზოგადოებრივ ასპარეზზე და მაინც არ მეშვება! უხერხულია, ჩემს საქმიანობას აფასებდეს გოცირიძე, რომელმაც დააქცია ქართული ეკონომიკა. ახლა აღმოჩნდა, რომ კუპონი ჯავახიშვილმა გამოუშვა, ლარი – გოცირიძემ, ეს არის სიცრუე!

ფაქტები საწინააღმდეგოს მეტყველებენ, თუმცა სამწუხაროდ, საზოგადოებას ხანმოკლე მეხსიერება აქვს. თუკი ვინმეს აქვს ბუნდოვანი და საეჭვო წარსული, გოცირიძეა, რომელიც ეროვნული ბანკის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო რესურსს პირადი საჭიროებისთვის იყენებდა, ესეც ფაქტია!

მძიმე დროება გამოვიარეთ, როცა არც ერთი მაღაზია არ მუშაობდა, რადგან არავინ იცოდა, რა ფასად გაეყიდათ პროდუქტი, ისე იცვლებოდა კუპონის კურსი. მდგომარეობა რომ გამოესწორებინათ, იმიტომ მომიყვანეს ეროვნული ბანკის სათავეში, სხვა ვერ უშველიდა ქვეყანას, რაც შევარდნაძემ ძალიან კარგად იცოდა. ჩემი პროფესიონალიზმის გამო აღმოვჩნდი სებ-ის სათავეში და არა ვინმეს რეკომენდაციით.

ტყუილია, რასაც გოცირიძე ამბობს! როდესაც ჩვენ ეროვნულ ვალუტაზე ვმუშაობდით, ის საერთოდ არ ჩანდა საქართველოში ასპარეზზე და არავინ ეკითხებოდა. ახლა საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.

როგორც ცნობილია, რომან გოცირიძემ სულ ცოტა ხნის წინა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ეროვნულ ბანკში ნოდარ ჯავახიშვილის საქმიანობის პერიოდი უმძიმესი იყო სებ-ისა და ზოგადად ქართული ეკონომიკისთვის.

,,ჯავახიშვილის დროს მოხდა მაშინდელი ეროვნული ვალუტის, კუპონის კატასტროფული გაუფასურება, ერთი დოლარი 3 მილიონი კუპონი გახდა და ინფლაციამ რამდენიმე ათას პროცენტს მიაღწია. მისი მმართველობა კორუფციული სკანდალებითაც იყო გამორჩეული, რომელიც ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების განიავებას უკავშირდებოდა”, – განაცხადა გოცირიძემ.