Home Blog Page 2287

კელი დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოში ამერიკის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტთან, 9 აპრილის მემორიალთან მივიდა. დეგნანმა 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

დღევანდელ დღეს აშშ-ის საელჩო „ფეისბუქგვერდზე“ ეხმაურება.

„დღეს დიდი თუ პატარა, მოხუცი თუ ახალგაზრდა, ნებისმიერი თაობის ადამიანი, ნებისმიერი თანამდებობის, ნებისმიერი მიმართულების, ფიქრობს მხოლოდ ერთზე – საქართველომ უნდა მოიპოვოს დამოუკიდებლობა! საქართველო ღირსია სრული თავისუფლების! საქართველო ღირსია იმის, რასაც მიაღწიეს მსოფლიოში ყველაზე განვითარებულმა, ყველაზე დემოკრატიულმა და ჰუმანურმა ერებმა! მეგობრებო, ჩვენს ყველა მიტინგსა და დემონსტრაციაზე ამ დღის შემდეგ პირველ მოთხოვნად ვაქცევთ საქართველოს სრული დამოუკიდებლობის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან გამოსვლის მოთხოვნას!” – მერაბ კოსტავა.

ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი“,- აღნიშნულია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფეისბუქგვერდზე.

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა. მოგვიანებით, 1991 წლის 9 აპრილს კი უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

არ მახსოვს, როგორ მოვხვდი მორგში – ერთ გარდაცვლილ გოგონას ცალ ფეხზე ეცვა კაპრონის წინდა, გახეული, მოჩეჩილი, პირდაპირ ბეტონის იატაკზე კი…“ – 9 აპრილის ღამეს ტრაგედიის მონაწილე იხსენებს

34 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგიკული ამბების შემდეგ. ამ წლების განმავლობაში თითქოს ყველაფერი დაიწერა, გაშუქდა მედიის მხრიდან, მაგრამ მაინც დარჩა მნიშვნელოვანი ამბები, რომლებიც ვიწრო წრემ იცის და 9 აპრილის ღამის მონაწილეები მხოლოდ ახლობლებთან ჰყვებიან. 

მაყვალა დავითაძე ერთ-ერთია, იმ სამშობლოსთვის გულანთებულ სტუდენტებს შორის, ვინც ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა მხარდამხარ იბრძოდა დამოუკიდებლობისთვის და აპრილის მოვლენების ეპიცენტრშიც მოხვდა. რუსი ჯალათის ნიჩაბმაც დააზიანა, მოიწამლა კიდეც და დახოცილები მორგში თავისი თვალით ნახა.

„პრაიმტაიმმა“ ქალბატონ მაყვალასთან ინტერვიუ ჩაწერა. საუბარს ცრემლის გარეშე არ ჩაუვლია და ამდენი წლის შემდეგაც კი ძალიან რთული და ემოციური გასახსენებელი აღმოჩნდა ამბები, რომელსაც რესპონდენტი მოგვიყვა. 

ქალბატონი მაყვალა გახლავთ ფილოლოგი, ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი.

– 1989 წელს პედაგოგიური უნივერსიტეტის სტუდენტი ვიყავი, ეროვნული მოძრაობის დღეებში, მიტინგების დროს ახალგაზრდები  სხვადასხვა ადგილებზე ვიკრიბებოდით ხოლმე დღის განმავლობაში და საღამოს კი ყველანი  რუსთაველზე მივდიოდით. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტები ჩვენსავე კორპუსთან, კიბეზე ვიყავით ხოლმე შეკრებილი, მიკროფონიც იქვე გვედგა, კიბის თავში. მახსოვს, ერთხელ სწორედ მიკროფონის ძირში, კიბეზე ვიყავი ჩამომჯდარი და ისეთი დაღლილი და გათიშული ვიყავი, უკვე გამომსვლელებსაც კი ვეღარ ვუსმენდი, თავჩაქინდრული რაზე ვფიქრობდი, არ ვიცი. თავზე ხელი დამადო ვიღაცამ, ავიხედე და დავინახე ზვიად გამსახურდია. ეს რამხელა რამეს ნიშნავდა ჩემთვის, ენით ვერ აღვწერ.

მახსოვს, 9 აპრილის წინა დღეებში ჭავჭავაძის გამზირზე კი ჩამოიარეს „ბეტეერებმა“ და ჩვენ ვიცინოდით – გვაშინებენო. სინამდვილეში თურმე გვაფრთხილებდნენ, მაგრამ ისეთი პატრიოტიზმის გრძნობით ვიყავით გამსჭვალულები, რომ არც შეგვშინებია და არც გაგვითვალისწინებია, რომ ეს იყო გაფრთხილება და მართლა ყველაფერზე წამსვლელი იყო რუსეთი.

გამსახურდიასა და ეროვნული მოძრაობის სხვა ლიდერების გარდა, ყველა ჯგუფს ჰყავდა თავისი ლიდერები, ვინც ჩვენ გვიკეთებდა მობილიზებას, მაგრამ რომ გითხრათ, რომ ვინმე მოდიოდა ჩვენთან და გვაიძულებდა რამეს, ეს იქნება ტყუილი. ეს იყო აბსოლუტურად გაცნობიერებული ქმედება და ყველას სურვილი. მახსოვს, ჩვენი ლიდერები იყვნენ გელა გოდერძიშვილი, ბესო საბაშვილი და ძალიან გული მწყდება, რომ მან რადიკალურად შეიცვალა შეხედულებები; იყო სოსო ქუთათელაძე, დათო ბეჟაშვილი – მათ მოჰქონდათ ამბები, სად უნდა წავსულიყავით და რა უნდა გაგვეკეთებინა.

ჩემ თვალწინ ფილმივით გადის ხოლმე ის კადრები, რაც 9 აპრილის ღამეს მოხდა. ყველანი ვიყავით რუსთაველზე. ცოტა მცივანა ვარ, რომ მოსაღამოვდა, შემცივდა. ეს შენიშნა ზვიად ტყეშელაშვილმა. მითხრა – დედაჩემმა შარვალი მომიტანა სახლიდან, რომ შეგცივდეს, ჩაიცვიო. მე ამის ჩამცმელი არა ვარ და მოგცემ, შენ ჩაიცვიო. დღემდე მაქვს ის შარვალი შენახული სამახსოვროდ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და გზები დიდი ხნის წინ გაიყო. ამ შარვალმა ვერ გამათბო. შემდეგ შემხვდა მეგობარი, რომელიც დუშეთის საგზაო სატრანსპორტო სამსახურში იყო დასაქმებული და ვთხოვე, ამიყვანე სახლში, თბილად ჩავიცვამ და უკან მომიყვანე-მეთქი. – უკეთეს რამეს შემოგთავაზებ, – „საგზაოს“ თანამშრომლებისთვის მაქვს ახალთახალი ტანსათბურები (ე.წ. „ტელეგრეიკა“), ერთ ცალს მოგცემ და მერე დამიბრუნეო. ვიდრე ამ ამბებში ვიყავი, უკან დაბრუნებულს ჩემი ჯგუფელები ადგილზე აღარ დამხვდნენ. ვიღაცას უთქვამს, ტელევიზიასთან გვიჭირს ხალხიო და იქ წასულან. ვერ გადავწყვიტე, წავსულიყავი ტელევიზიასთან თუ რუსთაველზე დავრჩენილიყავი. როცა ამბის დატოვება გვინდოდა, ვუბარებდით ჩვენი მეგობრის ძმას, რომელიც შიმშილობდა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ ტოვებდა. წავედი მისკენ, რომ ამბავი დამეტოვებინა და ვიღაცამ მთხოვა, წყალი მომიტანეო და შამპანურის ცარიელი ბოთლი მომაწოდა.  უკვე ღამის 3 საათი იყო, უკან გამოვბრუნდი, სანამ ხალხში გზა გავიკვლიე, სანამ წყალი ავიღე, ამასობაში პატრიარქის გამოსვლა დაიწყო და გავჩერდი, რომ მისთვის მომესმინა.

მახსოვს, მისი გამოსვლის მერე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. გავეშურე იმ ადამიანისკენ, ვისთვისაც წყალი უნდა მიმეტანა და შემხვდა ომარ ლებანიძე – სპორტის კათედრაზე იყო ჩვენთან და მითხრა – იცი, რომ თავუსფლების მოედანი ტანკებითაა სავსეო? არ დავუჯერე. სკამზე შედგა და ხელში ამწია, გავიხედე თავისუფლების მოედნისკენ და მართლაც სავსე იყო სამხედრო ტექნიკით. თუმცა, არ შემშინებია, გზა გავაგრძელე ამ შამპანურის ბოთლით ხელში და ვიდრე იმ მწყურვალ ადამიანთან მივედი, დაიწყო კიდეც ის უბედურება. ქუჩა განათდა, წამოვიდა ტექნიკა ხმაურით, ზრიალით.

ჩვენ შევთანხმდით, რომ შეუფერხებლად გაგვეტარებინა და არაფერი მოხდებოდა. ამ მომეტში სკოლის მხარეს  ვიყავი. რუსები რომ შემოვიდნენ, უცებ გაიყვნენ და ხალხის მასა სამ ნაწილად გაყვეს. მომიტინგეების ნაწილი ქაშუეთის მხარეს მოექცა, ნაწილი – თავისუფლების მოედნის მხარეს და ნაწილიც იქით, სადაც მე ვიდექი.

რომ ატყდა ჩეხა და უბედურება, ისეთ აგონიაში ვიყავი, სიმართლე გითხრათ, გაქცევაზე არც მიფიქრია. მოშიმშილეებისკენ მივიწევდი და უცებ ყველაფერი აირია. ხელით დავეყრდენი „გაზონს“ – სპორტსმენი გოგო ვიყავი და არ გამჭირვებია – და ავიწიე ზევით, რომ გადავმხტარიყავი. უცებ ხელში ვიღაცამ მტკივნეულად ჩამარტყა. ავიხედე და ეს სახე არასოდეს დამავიწყდება – სულ მახსოვს იმ უბედურის ყვითელი, სალდაფონური, გამტკნარებული, მიცვალებულის სახე. ამ დროს ჩავვარდი მიწაზე, წამესივნენ და დაიწყეს ჩემი ცემა – მირტყამდნენ თუ წიხლებს, თუ ნიჩბებს. თურმე ამ „ტელეგრეიკას“ ჰქონია უნარი, რომ ბამბა, რითაც ქურთუკია ამოვსებული, აკავებს მჭრელ საგნებს. გარედან ქსოვილი იჭრებოდა, მაგრამ ბამბა არ ატარებდა, სხეულამდე რომ ჩასულიყო. მან დამიცვა და სიკვდილს გადამარჩინა, ფაქტობრივად.

უცებ გავიგონე ხმა – გუგეშაშვილი, მიხედე მაგ გოგოს! – ჩემ ბედად იქ აღმოჩნდა პოლიციელი გუგეშაშვილი, დიდი ტანის ადამიანი იყო. წიწილასავით დამავლო ხელი და გამაცილა იმ ტერიტორიას. თუმცა, ვიყავი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში, – ნაცემი, დაჩეხილი, დაშავებული ხელი მტკიოდა, სხეული მტკიოდა, ხელი გამისივდა და ყელი მეწვოდა მომწამლავი აირის მოქმედებით. პოლიციელმა გამიყვანა იმ ადგილიდან და მითხრა – ახლა თავს მიხედეო და იქვე მდგარი ავტობუსის ქვეშ შემაგდო – აქედან არ გამოხვიდეო. ავტობუსი ახალგაზრდებით იყო სავსე. ბჭობდნენ, რა ვქნათო. ბოლოს გადაწყვიტეს, ძერჟინსკის ქუჩისკენ გაქცეულიყვნენ, მაგრამ იმ ქუჩაზეც ჯარისკაცები ჩამოდიოდნენ. არსაით გასაქცევი არ იყო. მეც ავტობუსში ავედი და მათ შევუერთდი. ჯარისკაცების დანახვაზე ყველანი იატაკზე დავწექით და როცა ისინი გაგვცდნენ, გავიქეცით ზემოთ, ძერჟინსკის ქუჩისკენ. პირველსავე სახლში შევცვივდით. წარმოიდგინეთ, მეორე სართულამდე გვდიეს ჯარისკაცებმა. უცებ მეორე სართულზე კარი გაიღო, ასაკიანი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა იმ ბინაში და დაგვიძახეს, მოდითო. შევედით მათთან და სავსე დაგვხვდა იქაურობა დაჭრილი, დაშავებული მომიტინგეებით. თურმე ოჯახის პატრონები აივნიდან უყურებდნენ და თუ დაინახავდნენ, რომ მათ სადარბაზოში ვინმე შევარდებოდა, ზემოდან ეძახდნენ, ამოდითო. იქ დამხვდა ცხონებული თინა მამულაშვილიც. სასწრაფოში დავრეკეთ, იმიტომ, რომ ბევრი იყო ცუდად. ყველას ხელში სანთლები გვეჭირა და ვლოცულობდით. სასწრაფომ წაგვიყვანა „არამიანცში“ თინა მამულაშვილი, კიდევ ერთი მომიტინგე და მე. საავადმყოფოს დერეფანში რომ შევედი, დავინახე ექიმი, რომელსაც ხალათის გულის პირი სისხლით ჰქონდა მოსვრილი.

მას ექთანმა ჩემი ხელი დაანახვა და უთხრა, ამას რა ვუყოო? – ამას რა უჭირს, ნეტავ ყველა ასე იყოსო, უთხრა და მაშინ მივხვდი, რომ რუსთაველზე საშინელება მოხდა. საავადმყოფოდან რომ გამოვედი, მეგონა, რომ მთელი ჩემი კურსი, იქ მყოფი ყველა ადამიანი ჩაწყვტეს და მარტო მე გადავრჩი ცოცხალი და ვიყავი უმძიმეს მორალურ მდგომარეობაში, სიცოცხლის მრცხვენოდა.

შემხვდა ჩემი კურსელი, სვანი ბიჭი, გოჩა ჩოფლიანი და მითხრა, რომ მთელი კურსი მორგშიაო. არ მახსოვს, როგორ გადავევლე არამიანცის საავადმყოფოს ორმეტრიან მესერს და როგორ აღმოვჩნდი მორგში.

როცა ეს დღე ამომიტივტივდება გონებაში, მკაფიოდ მახსენდება, მორგში ნანახი სურათი: ვინ სად იწვა, როგორ პოზაში. ერთ გარდაცვლილ გოგონას ცალ ფეხზე ეცვა კაპრონის წინდა, გახეული, მოჩეჩილი. პირდაპირ ბეტონის იატაკზე კი ბაშალეიშვილის ცხედარი იდო. ფოტოგრაფიული სიზუსტით მახსოვს ეს სურათი. გაოგნებული და გაშეშებული ვიდექი, არ მახსოვს, რამდენ ხანს, მერე ვიღაც შემოვიდა მორგში და გამომაგდო.

იქიდან გამოვედი, ძალიან ცუდად ვიყავი როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად – მოწამლული, ხელი მტკიოდა. ამ სვანმა ბიჭმა ხელში ამიყვანა და ასე მატარა „არამიანცის“ საავადმყოფოდან პუშკინის ინსტიტუტამდე.

იქ შემხვდნენ ლეო კვაჭაძე და ჭოლა თევზაძე, ჩემი ლექტორები. ორივე ტიროდა, ძალიან განიცდიდნენ მომხდარს. ვუთხარი, ძალიან ცუდად ვარ მეთქი და მირჩიეს, – შენ არ იცი, ვისთან გაქვს საქმე, არ წახვიდე საავადმყოფოში, თორემ უშიშროება ყველაფერს იმახსოვრებს და გაგაუბედურებენო. ატენის ქუჩაზე ჩემი მეგობარი ცხოვრობდა და მასთან მივედი. იქ დამხვდა მოშიმშილე თემურ ლომიძე, რომელიც იწვა და ძალიან ცუდად იყო. ოჯახს თავისთან მიუყვანია. თავზე მამა ედგა, რომელიც ტიროდა.

ყელი საშინლად მეწვოდა და წყალი მომწყურდა. გავედი სამზარეულოში და ვნახე, რომ მაგიდაზე სამლიტრიანი ქილით წყალი იდგა, ჩამოვასხი დიდ ჭიქაში და დავლიე. იმდენად ცუდად ვიყავი, გემო ვერ ვიგრძენი და არაყი აღმოჩნდა.  სასმელმა არც კი დამათრო, თუმცა, სუნთქვა ცოტა შემიმსუბუქდა. შემდეგ ექიმმა მითხრა, მაგას უშველია, სუნთქვა რომ გაგიადვილდაო.

წავედი მეცხრე საავადმყოფოში და სწორედ იქ ვნახე ჩემი ჯგუფელები, დასახიჩრებულები, ნაცემები. ვიღაც დაგვდევდა კამერით და ყველაფერს იღებდა, ვინ სად მიდიოდა, ვინ რას აკეთებდა.

ამის შემდეგ სამკურნალოდ კასპში წავედი და ახლობელ ექიმთან ვიმკურნალე, რომ საავადმყოფოში არ მივსულიყავი.

მივდიოდით გარდაცვლილების პანაშვიდებსა და სამძიმარზე და ახალგაზრდების ჯგუფი რომ გამოვჩნდებოდით მიცვალებულის ოჯახში, ხალხი ფეხზე დგებოდა, ტშას გვიკრავდნენ, ტიროდნენ. ძალიან მძიმე დღეები გადავიტანეთ და ახლაც ძალიან მიმძიმს გახსენება.

დღევანდელი გადმოსახედიდან ვფიქრობ: იყო კი ეს ყველაფერი საჭირო? ღირდა ამ მსხვერპლის გაღება? უკვე გაორებული ვარ… საბჭოთა კავშირი ისედაც იშლებოდა, მაინც მივიღებდით იმ შედეგს, რასაც დამოუკიდებლობა ჰქვია და ამ ახალგაზრდების ჩამქრალი სიცოცხლით რა მოვიგეთ?

 

წყარო: „პრაიმტაიმი”

გოგონა დროშით და სიმღერა, რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა – რა ვიდეოს აქვეყნებს გელა იზორია ( ვიდეო)

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი გელა იზორია სოციალურ ქსელში გვიზიარებს ვიდეოს, რომელშიც 1989 წლის 9 აპრილის „მთავარი გმირები“ არიან.

გოგონა  დროშით მარი ნანა მახარაძე და ლელა ვეფხვაძე, რომელიც 34 წლის წინ ფანდურზე უკრავდა, 9 აპრილის მემორიალთან კვლავ მივიდნენ.

„9 აპრილი იცით რასთან ასოცირდება ჩემთვის? აი ამ ღირსეულ ადამიანებთან.

სიმღერა რომელიც დაუჩოქებელი ერის ჰიმნად იქცა – „დაუკარით, რომ ძველ ხანჯალს ელდა ეცეს…“

ფოტო – გოგონა შავი დროშით …

მადლობა თავისუფლებისთვის…

მადლობა ჩვენთვის დაღვრილი სისხლისთვის…

მადლობა გარდაცვლილ გმირებს…

34 წლის შემდეგ 04:00“, – წერს გელა იზორია.

,,9 აპრილმა განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალიც”- თამთა მეგრელიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებსა და 34 წლის შემდეგ, ამავე დღეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას ეხმაურება.

„დღე, რომელიც ორ ისტორიულ მოვლენას აერთიანებს.

დღეს 9 აპრილია – ტრაგედიისა და გამარჯვების დღე.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა (2 550 ჯარისკაცით, 6 ჯავ­შან­ტრან­სპორ­ტი­ორით, დე­სან­ტის 8 საბ­რძო­ლო მან­ქა­ნით),10000-კაციანი მშვიდობიანი, ხელცარიელი, მშვიდობიანი, დემონსტრაციის მონაწილე ღამის 4 საათზე მხუთავი აირის, ორლესული ნიჩბებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით დაარბია.

რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა შეიწირა 21 ადამიანი, მათ შორის, 16 ადგილზე გარდაიცვალა, 4 მოგვიანებით – საავადმყოფოში, ერთი კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ასობით ადამიანი დაიჭრა და დასახიჩრდა, ათასობით კი მოიწამლა.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიისა და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ. (მიუხედავად იმისა, რომ სსრკ-სგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს გამოცხადდა, ეროვნულ დღესასწაულად მაინც 1918 წლის 26 მაისი, პირველი რესპუბლიკის მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის დღე რჩება).

9 აპრილმა განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი ქვეყნების მომავალიც.

ეს ბრძოლა იყო და დღესაც არის გამარჯვების მაგალითი, ეს არის იმისი იმედი, რომ ყოველი ბრძოლა ყოველთვის ღირს, თუ ის არის ღირსეული და თუ ის არის თავისუფლებისთვის.

ეს დღე არის ქართველების ერთიანობის სიმბოლო.

1989 წლის 9 აპრილს საქართველოს ისტორიის ახალი ფურცელი გადაიშალა.

საქართველოში სხვანაირად გათენდა.

1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას რუსთაველზე ჩატარებული სისხლიანი ოპერაციის შემდეგ თბილისის ქუჩებში მანქანების გაბმული საყვირი თითქოს იყო მსხვერპლის გაღებით დამსახურებული მისალმება ასე ნანატრ, მაგრამ უცნობ თავისუფლებასთან.

ქართული ოპოზიცია, რომელიც დაცლილია პატრიოტიზმისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისგან, დღეს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ახალი კონტურების მოხაზავს ცდილობს.

მათ გადაწყვიტეს 9 აპრილის, ამ დღის მნიშვნელობა სათავისოდ გამოიყენონ და ხელისუფლებასთან საკუთარი ძალები მოსინჯონ.

ძალა ძირითადად ფულით გამოყვანილი (რეგიონებიდან ჩამოყვანილი), ხალხის რაოდენობით გაიზომება.

რა სირცხვილია, ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს შეურაცხყოფაა მცდელობა, 9 აპრილი კერძო პოლიტიკური დაკვეთის შესასრულებელ დღედ აქციო. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა მაშინ ხელებგაშლილი, პატრიოტიზმით აღსავსე მოქალაქეების იდეაზე დღეს კერძო პოლიტიკური იდეით ხალხი დიდი ფულის სანაცვლოდ გამოიყვანო.

ოპოზიცია ცდილობს 9 აპრილის „საკრალური“ მნიშვნელობა გაიმეოროს, რაც გამორიცხულია, რადგან ეს იყო მაშინ და ეს მოხდა ერთხელ!

სამწუხაროდ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ლევან ხაბეიშვილი 9 აპრილის, როგორც მოვლენის, ღირებულებას ვერასდროს გაითავისებს, რადგან ის ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულია (რასაც თავისი ფსიქოლოგიური ახსნა აქვს და აქ არ შევეხები), მაგრამ კიდევ უფრო მაკვირვებს დარჩენილი ოპოზიციური სპექტრიც, რომელიც 9 აპრილის მნიშვნელობის გამოყენებას დღეს კერძო პოლიტიკური სანახაობისთვის ცდილობს. 9 აპრილი, თავისი მუხტითა და დატვირთვით, წლების შემდეგაც ქართველისთვის ერთი და იმავე სიმძაფრით განცდადი მოვლენაა და ამის გამოყენებას ოპოზიცია დაუმსახურებლად ცდილობს.

სხვის გაშლილ სუფრაზე ღრეობა მარტივია…

სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობისგან დაცლილი ოპოზიცია, საკუთარი არჩევანით, 9 აპრილს როგორც უკვე მოგებულ ომს ამოეფარება, ეცდება, წლების შემდეგ ისტორიულ დაფაზე საკუთარი ხელწერაც დატოვოს, მაგრამ არა, ქართველი ხალხისთვის 9 აპრილი უკვე დაწერილი გმირობის ისტორიაა, წითელი ტიტები ქართველის დაღვრილი სისხლია და ეს ისტორია გადაწერას ან ჩასწორებას აღარ ექვემდებარება. 9 აპრილი ერთხელ უკვე იყო!“, – აღნიშნავს თამთა მეგრელიშვილი.

„ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის“- ანა ჯაბაური (ფოტოები)

ანა ჯაბაური მეუღლის, ცოტნე გამსახურდიას რეაბილიტაციის შესახებ უახლეს ინფორმაციას ავრცელებს. აქვე მაზლის, გიორგი გამსახურდიას უდიდესი მხარდაჭერის შესახებ წერს.

ცოტნეს რეაბილოტოლოგთა ჯგუფს, (რომელიც ყოველდღიურად მოიცავს სარეაბილიტაციო ცენტრიდან გამოყოფილ ორ ფიზიოთერაპევტს, და, აგრეთვე, ჩვენს მიერ დაქირავებულ ოკუპაციურ თერაპევტს, ლოგოპედს და მასაჟისტს), მეზობელი ქვეყნიდან შემოუერთდნენ ძლიერი კინეზოთერაპევტები, რომელთაგან ერთი ჩვენთან ერთად იცხოვრებს და ცოტნეს პროცედურებს დღეში ორჯერადად თვეების მანძილზე ჩაუტარებს, ხოლო მეორე – რეაბილიტაციის ცენტრის დირექტორი და პროფესორი – კვირაში ერთხელ ჩამოვა პროცესის წარმართვისა და კინეზოთერაპიის განახლებული კურსის ქართველ რეაბილიტოლოგებთან შეთანხმებისთვის.

მათი დახვედრა-ტრანსპორტირების, ცხოვრებისა და კვების ხარჯებს საქართველოს მთავრობა და თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აგვარებს, ხოლო მათ მიერ შესასრულებელი სამუშაოს სრულ ხარჯს მთლიანად ფარავს გიორგი გამსახურდია.

ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ რატომ ვამბობ კიდევ ამას – მიუხედავად იმისა, რომ ცოტნეს სარეაბილიტაციოდ განკუთვნილი მიწა გაიყიდა (რაც საშუალებას მოგვცემს ცოტნეს მკურნალობაში მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტებისა და მეთოდების დაუბრკოლებლად ჩართვისა, და, რაც, სამწუხაროდ, უპირველესად ცოტნესთვის დამაზიანებელი, გაუთავებელი სასამართლოების გამო ისედაც დაუგვიანდა გიორგის), თანხის გადმოცემას არ დაელოდა და, რადგან რეაბილიტაციის თანხა უფრო ადრე იყო გადასახდელი, მთლიანად გიორგიმ დაფარა თავის ჯიბიდან. ცოტნესთვის სასარგებლო სპეციალისტების მოწვევის ცოტა ხნით გადავადებაც კი არ უფიქრია წამით (მით უმეტეს, თანხის ნაწილი ისესხა)… ცოტნეს განსაცდელი გაცილოთ ყველას, მაგრამ გიორგისნაირი ძმა არ მოგიშალოთ ღმერთმა არავის.“ – წერს ანა ჯაბაური.

,,9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის”- ირაკლი ღარიბაშვილი

კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ, მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, 9 აპრილს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება და საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

„9 აპრილი განსაკუთრებული დღეა თითოეული ჩვენგანისთვის. ამ დღეს თავისუფლების იდეით გაერთიანებულმა სრულიად საქართველომ მსოფლიოს გასაგონად განაცხადა დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობის გადაწყვეტილება. საბჭოთა რეჟიმის სისასტიკემ მხოლოდ განამტკიცა ქართველი ხალხის ნება, გააძლიერა ჩვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ.

ზვიად გამსახურდია ამბობდა: „ყველაფერი შეიძლება წაართვა ერს, მაგრამ ვერავინ შეძლებს თავისუფლების შეგრძნება წაართვას მას“. სწორედ ეს შეგრძნება, რომელიც მთელ ჩვენს ისტორიას განსაზღვრავდა, ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა 1989 წლის 9 აპრილს.

დღეს ერთდროულად ტკივილისა და სიამაყის დღეა. კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს იმ გმირების ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი სისხლის ფასად გაგვიკვალა გზა თავისუფლებისკენ. მადლიერებას გამოვხატავთ თითოეული მოქალაქისადმი, ვინც იმ გმირულ დღეებში ერთსულოვნებით, თავდადებითა და თანადგომით განსაზღვრა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საბჭოთა კავშირის ქვეყნების მომავალი.

ჩვენი შემდგომი წინსვლა უკეთესი საქართველოსკენ კვლავ  თავისუფლების იდეალის გარშემო ასეთ ერთსულოვნებას უნდა დაეფუძნოს”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბზობა – უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში

მართლმადიდებელი ეკლესია იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.

ბზობა ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი მთავარი საუფლო დღესასწაულია და მას საერთაშორისო ენაზე ეწოდება ქრისტეს ზეიმით შესვლა იერუსალიმში.

ქართველები ბზობას ვეძახით, რადგან სწორედ ბზის, წმინდა და მარადმწვანე ხის ტოტებით ვულოცავთ ერთმანეთს ამ ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, იმ მიზეზით, რომ საქართველოში ბზა ყველაზე ადრე ყვავის და ყველაზე ძვირფას ხედ მიიჩნევა. იგი აღინიშნება აღდგომის წინა კვირა დღეს.

ქრისტიანული კულტის მსახურებაში ბზობის დღესასწაული IV საუკუნეში შემოვიდა (საწყისს იღებს ძველი ებრაული დღესასწაულიდან). მისი შინაარსი დაფუძნებულია სახარების მოთხრობაზე, რომელშიც გადმოცემულია იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე დასასწრებად იესო ქრისტეს შესვლის ამბავი.

იესოს მოსახლეობა ზეიმით შეეგება, ზოგი მის სახედარს ფეხქვეშ თავის სამოსს უგებდა, ზოგი პალმის ტოტებს — ბაიას უფენდა, თან „ოსანას“ შესძახოდნენ. ბზობის რიტუალი სიმბოლურად იმეორებს სახარების ამ მოთხრობის ზოგიერთ დეტალს; მღვდელმსახურნი მლოცველთა მიერ მიტანილ ტოტებს აკურთხებენ, გალობენ „ოსანას“ და სხვა. ბევრ ქვეყანაში პალმის მაგივრობას ბზა ასრულებს.

„…ერი მრავალი, რომელ-იგი მოსრულ იყვნეს დღესასწაულსა მას, რამეთუ ესმა, ვითარმედ იესო მოვალს იერუსალემდ, მოიღეს რტოები დანაკის კუდთაგან და განვიდეს მიგებებად მისა, ღაღადებდეს და იტყოდეს: ოსანა! კურთხეულ არს მომავალი, მეუფე ისრაელისაი!“, – ასე აღწერს იოანე მახარებელი მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამბავს.

მაცხოვრის შესვლა იესუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა. უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს უფალს.  ეს ზეიმი წინასწარ არავის მოუმზადებია, ის ადამიანთა ყველაზე წმინდა, ყველაზე წრფელი გრძნობების უეცარი და, შეიძლება ითქვას, უფლის მიერ შთაგონებული გამოხატულება იყო. ასე ხდება, როცა ადამიანი ხარობს ღვთის დიდებულებისა და მისთა საკვირველთა საქმეთა გამო.

ამავე დროს, წმიდა სახარება საცნაურს ხდის იმ ფაქტს, რომ უფალი ჩვენი, იესო ქრისტე, ყოველთვის გაურბოდა მიწიერ პატივსა და დიდებას. ის თავმდაბლობითა და სიმშვიდით იფარავდა თავს ამქვეყნიური ზეობისაგან.

როდესაც მაცხოვარი მიუახლოვდა ბეთბაგესა და ბეთანიის მთას, რომელსაც ზეთისხილის მთა ეწოდება, ორი მოწაფე უახლოეს სოფელში გაგზავნა, რათა მიეყვანათ მისთვის შესასვლელშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომლის ზურგზეც ჯერ არავინ მჯდარიყო. მოციქულებმა ბრძანება შეასრულეს. ეს ყველაფერი იმისთვის მოხდა, რომ აღსრულებულიყო წინასწარმეტყველება ზაქარიასი: „და პოვა იესო ვირი და დაჯდა მას ზედა, ვითარცა წერილ არს: ნუ გეშინინ, ასულო სიონისაო! აჰა ესერა მეუფე შენი მოვალს შენდა და ზე ზის იგი კიცვსა ვირისასა“ (იოანე 12, 14-15).

იერუსალიმისაკენ დიდებით მიმავალი ხალხი სამოსელს უფენდა გზაზე, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მაცხოვარს. ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“ (მათე 21, 9).

ბზის ან პალმის მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოხატავს უფლის დიდებით შესვლად იერუსალიმში. ეს დიდი ხნის ტრადიციაა. V საუკუნის სასულიერო მოღვაწე, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსი წმიდა პროკლე, თავის ერთ-ერთ სიტყვაში ასე ამბობს: „ხელთ ვიპყრათ პალმის ტოტები და შევეგებოთ დიდებით მომავალს უფალს ჩვენსას“.

ღმერთი კი ყოველ ჩვენგანს სთხოვს, სულიერად შეეგებოს მას, სამოსლის ნაცვლად გული გაუფინოს კვიცზე მჯდომ მეუფეს, მხურვალე ლოცვა და თაყვანისცემა კი ბზის ტოტებივით მიართვას და ისე მიიღოს უფალი საკუთარ სულში, როგორც იერუსალიმში.

იერუსალიმს დიდებით შესვლით უფალმა მორწმუნეებს სიყვარულის გამომჟღავნების საშუალება მისცა, ხოლო მოძულეებსა და მტრებს – მისი შეცნობისა და სინანულად მოქცევისა.

ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ზეიმით ხვდებოდნენ ქრისტეს, ქრისტე კი ტიროდა. ამაზე წმინდა მამები, ასეთ განმარტებას აკეთებენ, რომ ქრისტე ღვთიური თვალით ხედავდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც გალობით ხვდებოდა, ერთი კვირის შემდეგ მის ჯვარზე გაკვრას მოითხოვდა, რის გამოც ებრაელი ერი თავს დაიტეხდა უდიდეს უბედურებას.

ქრისტე ხედავდა, როგორ გაანადგურებდა ვესპასიანე იერუსალიმს, რომ მისგან მთელი „გოდების“ კედელიღა დარჩებოდა და სახელმწიფო დაქცეულ-დაკარგული ებრაელობა როგორ დაიქსაქსებოდა მთელ დედამიწაზე და როგორ იქნებოდნენ სამადლოდ შეკედებულნი სხვის კარს საუკუნეების განმავლობაში.

ბზობა იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრამდე, მიწიერი ცხოვრების ბოლო დღეების მნიშვნელოვანი მოვლენაა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ამ დღეს იკი­თხე­ბა ბზო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის ტრო­პარ-კონ­და­კი.

ტრო­პა­რი:

ყო­ველ­სა აღ­დგო­მა­სა პირ­ველ ვნე­ბი­სა შე­ნი­სა­სა მო­ას­წა­ვებ­დიამის­თვის­ცა მე­გო­ბა­რი შენი ლა­ზა­რე მკუდ­რე­თით აღად­გი­ნექრის­ტე ღმერ­თორომ­ლი­სათ­ვის ჩუ­ენ­ცავი­თარ­ცა შვილ­ნი ებ­რა­ელ­თა­ნიშევ­წი­რავთ შენ­და ძლე­ვი­სა გა­ლო­ბა­სარო­მელ­მან დას­თრგუ­ნე სი­კუ­დი­ლიოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

დაფ­ლულ­ნი შენ თანა ნათ­ლის­ღე­ბი­თაქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოუკ­ვდავ­სა ცხოვ­რე­ბა­სა ღირს ვიქ­მნე­ნით აღ­დგო­მი­თა შე­ნი­თა და სი­ხა­რუ­ლით ეს­რეთ ვღა­ღა­დებთოსა­ნა მა­ღალ­თა შინაკურ­თხე­ულ არს მო­მა­ვა­ლი სა­ხე­ლი­თა უფ­ლი­სა­თა.

კონ­და­კი:

ზე­ცა­თა შინა საყ­დარ­თაკი­ცუ­სა ქუ­­ყა­ნა­სა ზედა მჯდო­მა­რე­მანქრის­ტე ღმერ­თო ჩუ­­ნოან­გე­ლოზ­თა ქე­ბაი დღეს და ყრმა­თა გა­ლო­ბაი ზო­გად შე­­წი­რერო­მელ­ნი გა­ლობ­დესკურ­თხე­ულ ხარრო­მე­ლი მო­ხუ­ედ ცხო­რე­ბად და გა­ნახ­ლე­ბადმხსნე­ლო ადა­მი­სოვი­თარ­ცა კაცთმო­ყუ­­რე ხარ.

 

როგორ აღნიშნავენ საქართველოს კუთხეებში ბზობის დღესასწაულს?

რაჭა-ლეჩხუმში ბზობას ეკლესიაში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ბზა. სახლში მიტანილ ბზას თავზე შემოივლებდნენ და ნაკვერჩხლებზე დადებდნენ. თუ აბრიალდებოდა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ბზის პატრონი დიდხანს იცოცხლებდა, თუ მალე ჩაქრებოდა – ცოტა ხანს

სამეგრელოში ბზობა-ბაიაობას ბაიას ყვავილს იყენებდნენ, რომელიც ფერის გამო ხალხისთვის მზესთან იყო ასოცირებული, სახლში, იატაკზე წრიულად დააფენდნენ და ზედ კვერცხებს გადააგორებდნენ. ამ კვერცხებს სააღდგომოდ აუცილებლად შეღებავდნენ.

მესხეთში ბზობას ქალებს მინდვრიდან თოვლი მოჰქონდათ და გზაში ჭამდნენ, შინ კი ოჯახის წევრებს და საქონელს გადააყრიდნენ, თან ამბობდნენ: „ბზო, ბზო, ბუზებო, აქაურობას მოშორდით“. ხალხს სწამდა, რომ ამ წესის შესრულების შემდეგ ბუზები მათ აღარ შეაწუხებდნენ.

ქართლში მღვდელი ტყიდან მოტანილ ბზას აკურთხებდა და ხალხს დაურიგებდა. ხალხი ამ დღეს თევზს ჭამდა. მიცვალებულების მოსახსენებლად ზურგიელს ხარშავდნენ. ვისაც ახალი მიცვალებული ჰყავდა, დიდ ორაგულს მოხაშავდა და ეკლესიაში წაიღებდა. თუ ბზას ბევრი მარცვალი ჰქონდა, „დაპურებული“ იყო და, ხალხის რწმენით, პურის თავთავი კარგად დაისხამდა. ქართლში წირვა-ლოცვაზე სიარულს ბზობიდან იწყებდნენ (ყოველდღე დადიოდნენ), ოთხშაბათიდან კი „დაიუქმებდნენ“. ქართლში ვნების ოთხშაბათს ბზობის ოთხშაბათსაც ეძახდნენ.

კახეთში ბზობას საქმის კეთება იცოდნენ – ყველაფერი ბარაქიანი იქნებაო. უფრო თესავდნენ: სიმინდს, ლობიოს, კიტრს – ბზასავით დაისხამსო. მოგეხსენებათ, ხარება და ბზობა შეიძლება ერთმანეთს დაემთხვას, შესაძლოა ხარება წინ უსწრებდეს ბზობას ან პირიქით. თუ ხარება ბზობას მოსდევს, ხალხის თქმით, თევზით არ ხსნილდება, რაც საეკლესიო ტიპიკონს სრულად შეესაბამება.

გუდამაყარში ბზას ბავშვებს თმაში უკეთებდნენ, ყვავები დაიმალებიანო. ზოგი ბზას კვერცხებზე ცვლიდა.

ხევში ბზობას „ბზობა-კაზარობას“ ეძახდნენ. მოხევეები ამ დღეს უქმობდნენ, ეკლესიაში წირვა-ლოცვას ესწრებოდნენ, ეზიარებოდნენ და მღვდელი მათ ბზით ასხამდა ნაკურთხ წყალს. ხევში ბზის მაგივრობას ტირიფი ასრულებდა.

ფშავ-ხევსურეთში მხოლოდ სოფელ მაღაროსკარში ხარობს ბზა. ამ სოფელში იყო პატარა კოშკი – წმინდა გიორგის სალოცავი. გადმოცემის მიხედვით, რადგანაც ქრისტიანულ ეკლესიას ბზა სჭირდებოდა და ფშავ-ხევსურეთში ის არ იყო, ქრისტიანობის განსამტკიცებლად თამარ მეფეს წმინდა გიორგის ნიშთან ეს მცენარე გაუშენებია. ამ ადგილს ბზიანას ეძახიან. აქვე ქრისტიანული ეკლესიაც მდგარა. თავდაპირველად მცირე ტერიტორიაზე დარგული ბზა დროთა განმავლობაში დიდ ფართობს მოსდებია. ხატი ბზიანაში პირუტყვის შეყვანას კრძალავდა. ვისი პირუტყვიც ბზიანაში შევიდოდა, ხატი მას დაამიზეზებდა ანუ ავად გახდიდა, ან საქონელს უზარალებდა, ან სხვა რამეს შეამთხვევდა. დაზარალებულს ხატისთვის ერთი საკლავი და სანთელ-საწირის მიტანა ევალებდა.

დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებითა და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებისა. ბზობის გამო დიდ-მარხვის მე-6 შაბათი თევზით ხსნილია.. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმე მარხვაა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.

ბზის ზოგიერთი ჯიში გადაშენების პირასაა, რის გამოც პატრიარქი ბზობის დღესასწაულისთვის მოსახლეობას ბზის მოჭრისგან თავის შეკავებას სთხოვს, იგი აღნიშნავს, რომ ეკლესიაში შესაძლებელია ნაკურთხი ბზის შეძენა.

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს

ზვიად გამსახურდიას მიმართვა 1991 წლის 9 აპრილს მთავრობის სასახლის წინ, მიტინგზე დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით:

“ძვირფასო ძმანო და დანო!

დე, იყოს ეს დღე დასაწყისი ქართველი ერის კონსოლიდაციისა, ერთ მუშტად შეკვრისა — შინაური და გარეშე მტის წინააღმდეგ. დღევანდელი დღე ცრემლნარევი სიხარულის დღეა. მართალია ჩვენ ცრემლი არ შეგვშრობია თვალზე — 9 აპრილს წამებულთა გლოვა, სამაჩაბლოში წამებულთა გლოვა დღესაც გრძელდება, მაგრამ უფალმა მოგვივლინა ეს დღე ვითარცა დღე ცრემლნარევი სიხარულისა. ასეთი იყო საქართველოს ისტორია, ძვირფასო მეგობრებო. ეს იყო ცრემლნარევი სიხარული, ეს იყო ეკლიანი გზით სვლა ჭეშმარიტებისაკენ, საღვთო სიყვარულისაკენ. საქართველოს გზა ეკლიანი გზაა ქრისტესი, ჯვარცმისა, დაფვლისა და გარდაუვალი აღდგომისა. ამ დღეს დიდი დაფიქრება გვმართებს, დიდი ურთიერთ სიყვარული, დიდი პატიება, ურთიერთ მიტევება – რამეთუ არ არს კაცი, რომელიც ცხოვნდეს და არა სცოდოს. ამავე დროს, მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ რეალისტები. მართალია ჩვენ იურიდიულად აღვადგინეთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მაგრამ საქართველოს საბოლოო განთავისუფლებამდე ჯერ შორსაა. გავხედოთ იმ მძიმე გზას რომელიც გველოდება და მოითხოვს ჩვენგან დიდ დარაზმულობას, შრომას, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთგატანას ამ მძიმე გზაზე, ამ ძნელბედობის ჟამს. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გამოიღო თავისი ნაყოფი. იგი დაგვირგვინდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით. ჩვენმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ გააერთიანა არა მხოლოდ ქართველი ერი, არამედ საქართველოს არაქართველი მოსახლეობა! ამიერიდან ისინი ჩვენი ძმები არაიან, ისინი ჩვენთან არიან, ჩვენთან ერთად იბრძვიან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის და საქართველოს რესპუბლიკა მიიღებს მტკიცე საკანონმდებლო საფუძვლებს ყველა ეროვნების წარმომადგენლობათა შორის ჭეშმარიტი ძმობისა და მეგობრობის შესახებ, მათი უფლებრივი გარანტიების შესახებ საქართველოში.

პირველ რიგში, მეგობრებო როგორც გამოვაცხადეთ სესიაზე – საქართველო მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიებს მისცემს აფხაზ ხალხს, რომელთან ჩვენი ისტორიული ძმობა საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს. აფხაზთა და ქართველთა სამეფო ერთიანი სახელმწიფო კვლავ აღდგება, ქართველთა და აფხაზთა მეგობრობა დაეფუძნება აფხაზეთის უდიდესი შვილების გიორგი შარვაშიძის, არზაყან ემხვარის და სხვათა მამულიშვილურ, პატრიოტულ გზას და გააერთიანებს ჩვენს მოძმე ერებს. საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც იარაღით ხელში არ იბრძოლებს ჩვენს წინააღმდეგ მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას!

აი, ასეთია მეგობრებო ჩვენი გადაწყვეტილება. დღეიდან საქართველო, მეგობრებო, მიმართავს მსოფლიოს ცივილიზებულ ქვეყნებს რათა დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი მსოფლიოს თავისუფალ ერთა თანამეგობრობაში.

ძვირფასო ძმებო და დებო! დღევანდელი დღე მოიტანა 9 აპრილს დანთხეულმა სისხლმა. შემთხვევითი როდია, რომ დღევანდელ დღეს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. ისინი წინასწარმეტყველნი იყვნენ – მათ წინასწარმეტყველურად დასთხიეს სისხლი აქ, ამ ადგილას, რამე თუ უწყოდნენ რომ სწორედ აქ გამოცხადდებოდა დამოუკიდებლობა და სწორედ 9 აპრილს!

წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ დაღუპულთა ხსოვნას!”

9 აპრილის ტრაგედიიდან 34 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ შეკრებილი მშვიდობიან მომიტინგეები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, საბჭოთა არმიის სამხედრო შენაერთებმა  არნახული სისასტიკით დაარბიეს.დაარბიეს.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა გახლდათ.

ანტისაბჭოთა მოძრაობა საქართველოში  1988 წლისთვის გააქტიურდა.

თბილისში გაფიცვებსა და მიტინგებს აწყობდნენ ანტისაბჭოთა ორგანიზაციები. კონფლიქტი საბჭოთა მთავრობასა და ქართველ ნაციონალისტებს შორის კიდევ უფრო გამწვავდა 1989 წლის 18 მარტს ე. წ. „ლიხნის ასამბლეის“ ჩატარების შემდეგ, სადაც რამდენიმე ათასმა აფხაზმა საქართველოსგან გამოყოფა და 1921-1931 წლების კავშირის რესპუბლიკის სტატუსის აღდგენა მოითხოვა. ამის საპასუხოდ ანტისაბჭოთა ჯგუფებმა რესპუბლიკის მასშტაბით არასანქციონირებული მიტიგნების სერია მოაწყვეს.

9 აპრილი – ყველაფერი ასე დაიწყო: აფხაზეთში “ილია ჭავჭავაძის საზოგადოება” მიტინგებს ატარებდა. ერთ-ერთი აქციის შემდეგ სოხუმისაკენ მიმავალ ავტობუსს, რომელშიც მომიტინგეები ისხდნენ, თავს დაესხნენ (მიტინგი ანტიაფხაზური კი არა, ანტიიმპერიალისტური იყო) .

1989 წლის 2 აპრილს ამის გამო სოხუმში გრანდიოზული აქცია გაიმართა, რომელშიც ბევრი აფხაზი მონაწილეობდა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” ქართველებსა და აფხაზებს შორის შეტაკების პროვოცირების თავიდან ასაცილებლად წინააღმდეგობის ცენტრის თბილისში გადატანა გადაწყვიტა.

საპროტესტო აქციებმა პიკს მიაღწია 1989 წლის 4 აპრილიდან თბილისში საყოველთაო გაფიცვა დღის 3 საათზე დაიწყო, როცა სამედიცინო ინსტიტუტის ტერიტორიაზე სტუდენტების მიტინგი გაიმართა. მონაწილეები აფხაზეთის ავტონომიის გაუქმებას მოითხოვდნენ. ამავე საღამოს, 7 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კიდევ ერთი მიტინგი მოეწყო. გადაწყდა, აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს სსრ მთავრობისადმი ეროვნული დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინათ, საქართველოში დროებითი მთავრობა შექმნილიყო და ავტონომიურო ფორმირებები გაუქმებულიყო. ამის შემდეგ მომიტინგეთა უმრავლესობა მთავრობის სახლისაკენ გაემართა. შედგა ახალი მიტინგი, რომელიც მეორე დილის 5 საათისათვის დამთავრდა, როცა ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა შიმშილობა გამოაცხადა.

5 აპრილს აფხაზეთის პრობლემატიკამ მომიტინგეთათვის მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ორატორთა გამოსვლებში აქცენტი სსრ კავშირის შემადგენლობიდან საქართველოს გამოსვლის მოთხოვნაზე გაკეთდა. ეროვნული მოძრაობის რადიკალურმა ნაწილმა გამოაცხადა, რომ აფხაზეთის პრობლემა საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე მოგვარდებოდა. მომიტინგეებს თანდათან სხვადასხვა საწარმოებისა და სასწავლებლების წარმომადგენლები უერთდებოდნენ. უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც შენობებში მასწავლებლებსა და სტუდენტებს არ უშვებდნენ და გაფიცვისკენ მოუწოდებდნენ. გამოცხადდა, რომ თუ არ დაკმაყოფილდებოდა მოთხოვნა, საქართველო სსრ კავშირის შემადგენლობიდან გამოსულიყო, საყოველთაო-ეროვნული გაფიცვა და მასობრივი შიმშილობა დაიწყებოდა.

7 აპრილისთვის მთავრობის სახლის წინ უკვე საშუალოდ 10-20 ათასი კაცი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა ლიდერმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს მიმართა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გამოყენება ეცნოთ.

მომიტინგეთა მოთხოვნები ხელისუფლებისათვის იმდენად მიუღებელი იყო, რომ მთავრობასა და ეროვნულ მოძრაობას შორის მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა.

8 აპრილს, კრემლის ზეგავლენით, საქართველოს რესპუბლიკური აქტივის სხდომაზე მომიტინგეთა დარბევის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. გამოქვეყნდა სსრკ-ის უმაღლესი საბჭოს ბრძანებულება, რომლის თანახმადაც მიტინგებისა და დემონსტრაციების აღკვეთის პირობები მკაცრდებოდა. ეს ბრძანებულება უშუალოდ თბილისის მოვლენების შეჩერების მიზნით მიიღეს. ყოველივე ამით კი მიტინგის დარბევის იურიდიული საფუძველი შეიქმნა.

8 აპრილსვე დღის მეორე ნახევარში გავრცელდა ხმა, თითქოს შინაგან სამინისტროს სპეციალურ ქვედანაყოფებს მიტინგის დაშლის შესახებ მითითება ჰქონდათ მიცემული. ორგანიზებული წინააღმდეგობის გაწევის მიზნით ლიდერების ხელმძღვანელობით მიტინგის ადგილის ირგვლივ მდებარე ქუჩების ავტობუსებითა და სატვირთო მანქანებით ჩაკეტვა დაიწყეს. ლიდერები შეკრებილთ მოუწოდებდნენ, არ წასულიყვნენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სამხედრო ნაწილები გამოჩნდებოდნენ.

9 აპრილს, გამთენიისას, თბილისის ცენტრში საბჭოთა არმიის ქვედანაყოფებმა დაარბიეს ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელთა მრავალათასიანი მშვიდობიანი აქცია. დარბევის დროს სამხედრო მოსამსახურეებმა გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი, მესანგრის ნიჩბები და მძიმე ტექნიკა.

დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

აქციის დარბევისას დაიღუპნენ:

1. ადამია აზა, 22 წლის

2. ბაშალეიშვილი ეკა, 16 წლის

3. ბეჟანიშვილი ეკა, 16 წლის

4. გიორგაძე ნატო, 23 წლის

5. დოლიძე თამუნა, 28 წლის

6. ენუქიძე თინა, 70 წლის

7. თოიძე ნინო, 25 წლის

8. კიკვიძე ზაირა, 61 წლის

9. ლოლაძე მანანა, 33 წლის

10. მამულიშვილი თამარი, 50 წლის

11. მეტრეველი ვენერა,

12. ნოზაძე მამუკა, 22 წლის

13. სამარგულიანი ნანა, 41 წლის

14. ქვასროლიაშვილი შალვა,

15. ჭყონია-სამარგულიანი მარინა, 31 წლის

16. ჭიპაშვილი ელისო, 25 წლის

17. ჭოველიძე თამარი, 16 წლის

18. ჯანგირაშვილი ნოდარი, 40 წლის

19. ჯინჭარაძე მზია, 43 წლის

20. მელქაძე მანანა 23 წლის

21. ქარსელაძე გია 25 წლის

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიამ დასაბამი მისცა საქართველოს თავისუფლებასა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესს.

9 აპრილი საბჭოთა კავშირის სივრცეში იყო უნიკალური პოლიტიკური მოვლენა, რომელმაც საბჭოთა იმპერიას საფუძველი შეურყია, თბილისის ტრაგედიის შემდეგ, იგივე განმეორდა ბაქოსა და ვილნიუსში, რაც კომუნისტური რეჟიმის დემონტაჟის დასაწყისად იქცა.

9 აპრილი იყო ქართველი ერის გმირობისა და თავისუფლების წყურვილის გამოხატულება, ტრაგედიის შემდეგ ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, მერაბ კოსტავა იტყვის: „ისტორიაში დგება დიდებული წამები, როდესაც ერთად შეკრული ქართველი ერი წარსდგება უფლის წინაშე“.

1991 წლის 9 აპრილს, 1989 წლის  საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ მიიღო “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი”, ის ერთადერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მოხდა საქართველოს სუვერენიტეტის საერთაშორისო ცნობა.

საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ, ზვიად გამსახურდიამ, 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული საყოველთაო რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე,  1991 წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით,  9 აპრილის ტრაგედიის მსხვერპლთა ნათელი ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

ამდენად, 9 აპრილი საქართველოსა და ქართველი ხალხისათვის ერთდროულად არის ცრემლისა და სიხარულის დღე, ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ფურცელი. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და, ამავდროულად, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეთანხმების მიღმაც ვიმუშავებთ – ლავროვი მარცვლეულის შეთანხმებაზე

რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ არ მოიხსნება დაბრკოლებები მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით, უკრაინას მოუწევს მარცვლეულის ექსპორტი ხმელეთის გამოყენებით, ხოლო მოსკოვი გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების მიღმა იმუშავებს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ანკარაში თურქ კოლეგასთან, მევლუთ ჩავუშოღლუსთან გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„თუ მათ არ სურთ, გულწრფელად შეასრულონ ის პირობები, რაც ბატონმა გუტერეშმა წარადგინა, კარგი, გააგრძელონ უკრაინიდან შესაბამისი პროდუქტის სახმელეთო, რკინიგზისა და სამდინარო გზებით მიღება. თუ საჭირო გახდა, ჩვენ შეთანხმების მიღმაც ვიმუშავებთ. ამის შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს თურქეთთან და კატართან – პრეზიდენტებმა შესაძლო გეგმები უკვე განიხილეს“, – აღნიშნა ლავროვმა.

,,როგორ შეიძლება ეს სასამართლო იმსახურებდეს რაიმე სახის სანქციას და ის სასამართლო – არა“ – მათიკაშვილი

დღევანდელ სასამართლოს თუ ჩვენ ვადარებთ 2012 წლის სასამართლოს, მაშინ როგორ შეიძლება ეს სასამართლო იმსახურებდეს რაიმე სახის სანქციას და ის სასამართლო – არა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

„უსამართლობის განცდას საზოგადოებაში ტოვებს ის, რომ 2012 წლამდე სააკაშვილისა და ადეიშვილის პირმშო იყო ის სისხლიანი სისტემა, რომლის შემადგენელი ნაწილი იყო სასამართლო და რომელზედაც სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება აქვს გამოტანილი და სისტემურ დანაშაული ჰყავს დადანაშაულებული სააკაშვილის რეჟიმი, არცერთი სანქცია, არცერთი პროტესტი, რომელიც სანქციის მსგავსი იქნებოდა არ ყოფილა თეთრი სახლიდან და არც სახელმწიფო დეპარტამენტიდან“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, კონკრეტულ ადამიანებს მიეწებათ იარლიყი კორუფციასა და მოსამართლეების ზეწოლაზე.

„მათი სანდრო წყარო ჩვენთვისაც რომ გახდეს სანდო, ამისთვის საჭიროა ამ ინფორმაციის გაცვლა. საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და აქ, სახელმწიფოებრიობის აღქმის ნაწილში სტრატეგიულ პარტნიორებს შორის პრობლემები არ უნდა გაჩნდეს. სივრცეები არ უნდა დარჩეს იმის აღქმაში, რომ ურთიერთობა გაქვს მეგობარ, პარტნიორ ქვეყანასთან რომელიც ასევე არის სახელმწიფო, სადაც ასევე მოქმედებს კონსტიტუცია, არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და მუშაობენ და ფუნქციონირებენ სამართალდამცავი ორგანოები.

ამერიკელებს რომ ჰქონოდათ საუბარი იმაზე, რომ შეტანილია ამდენი განცხადება პროკურატურაში მოსამართლეებისა, რომლებიც აცხადებდნენ ზეწოლას მათზე, რამე მსგავსი რომ ყოფილიყო და ამაზე გაეკეთებინათ განცხადება, ეს ცოტა მაინც შეცვლიდა სიტუაციას.

მაგრამ, ახლა საუბარია იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიმკითხაოთ, ჩვენ უნდა გავშიფროთ ის ჩანაწერები რომელიც აღქმების დონეზეა, გარკვეული მოცემულობის დონეზე შეიქმნა და ამაში გარკვეულწილად კონკრეტულმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

,,პირდაპირ ვთქვათ, რომ რყვნის ამ ახალგზარდებს”- ლევან ნიკოლეიშვილი „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ორგანიზებულ ტრენინგებზე

პირდაპირ ვთქვათ, რომ რყვნის ამ ახალგზარდებს, ასწავლის, თუ როგორ არ უნდა სცენ პატივი სახელმწიფოს, სატბილურობას, მშვიდობას და როგორ შეძლონ დესტაბილიზაციის გამოწვევა, – ამის შესახებ ექსპერტმა ლევან ნიკოლეიშვილმა „ქრონიკასთან“ ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ ორგანიზებულ ტრენინგების შეფასებისას განაცხადა.

მისივე განმარტები, ეს ქმდება კანონით დასჯადია.

„ქრონიკის“ ინფორმაციით, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერები ახალგაზრდებს საპროტესტო აქციების დაგეგმვასა და ხელისუფლების საწინააღმდეგო კამპანიის ჩატარებაში ატრენინგებენ,