Home Blog Page 2280

„უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ“ – მარგველაშვილი

9 აპრილს აქ იდგა ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელ დღესა და 1989 წლის 9 აპრილს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ევროპული მომავლისთვის ერთად უნდა იბრძოლონ.

„დღესაც დგას ჩვენს წინაშე ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან ვიხსნათ. ჩვენ დღეს გვაერთიანებს ერთიანი მიზანი მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა – ეს არის საქართველოს დაბრუნება იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მე-4 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ვართ ქრისტიანები. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება. ის ღვაწლი, რომელიც 9 აპრილს გაიღეს, არ უნდა იყოს გაფანტული და გაბნეული. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ გვყავდეს პოლიტპატიმრები, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ და ამას რუსებს არ აჩვენებდნენ, ვიბრძოლოთ, რომ არ მივიღოთ შეტრიალება რუსეთისკენ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ყოველი დღე არის საფრთხე ჩვენი სამშობლოსათვის. ყველანი ვართ ერთ მხარეს – პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„დეპოლარიზაცია სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა“ – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 4 მოთხოვნა გააჟღერა, რომლის გარშემოც, მისი თქმით, ამ შეკრების შემდეგ უნდა გაერთიანდნენ.

ხაბეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, რის გარეშეც დეპოლარიზაცია „არ გამოვა“.

„არის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელთა გარშემოც უნდა გავერთიანდეთ ამ შეკრების შემდეგ. პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნა – თქვენ ნახეთ აშშ-ის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს, დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა უნდა მოვითხოვოთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი: ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცესკოს რეფორმა. დეოლიგარქიზაცია ჰქვია იმას ,რომ ბიძინას პირადი ბანკირები, მცველები, „შნირები“ და მოურავები არ უნდა იყვნენ მთავრობაში, რომლებიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო გთავაზობთ დისკუსიას, ერთობას, საერთო ბრძოლის ხაზს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები გვერდზე და შემოგვიერთდით. ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„სამწუხაროდ, სისხლიანი რევოლუციების გარდა, იმის იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ”- სარჯველაძე ენმ – ზე

ცდილობენ 9 აპრილთან დაკავშირებული ემოციები საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ – 12 პუნქტის შესრულებას არ სჭირდება სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ კაბინეტებში დაჯდომა და კონკრეტულ საქმეზე საუბარი, ხელის შეშლის მეტი ოპოზიციის მხრიდან არაფერი გვინახავს , – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

სარჯველაძის შეფასებით, ამ აქციის მიზანია სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ.

“ამ აქციას ერთადერთი მიზანი აქვს, სამარცხვინო წარუმატებლობა – დაანონსებული დიდი აქციების ნაცვლად რამდენიმე ათეულზე მეტს, რომ ვერ გაცდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში, ახლა ცდილობენ 9 აპრილთან დაკავშირებული ემოციები საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ. ამ აქციის მიზანია რაღაც სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება თავდაპირველ ანონსს, რომ 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდებოდა, მორიგი ფარსია. 12 პუნქტის შესრულებას არ სჭირდება სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ კაბინეტებში დასხდომა და კონკრეტულ საქმეზე საუბარი, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელის შეშლის მეტი ოპოზიციის მხრიდან არაფერი გვინახავს“ , – აღნიშნავს სარჯველაძე.

გარდა ამისა, მან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა, სადაც მათივე მტკიცებით ჩანს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ერთ-ერთ შეკრებაზე „ახალგაზრდებს ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციასა და დესტრუქციაზე ესაუბრება“.

„სამწუხაროდ, სისხლიანი რევოლუციების შემოქმედების გარდა, იმის იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ. მათი წარმოდგენით, როგორ ჩანს, ვიდრე სისხლი არ დაიღვრება და უბედურება არ მოხდება, იქამდე ისინი საკუთარ შანსებს ხელისუფლებაში მოსასვლელად და პოლიტიკური წარმატების მისაღწევად ვერ აღიქვამენ. ამიტომ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად სისხლიანი რევოლუციების სცენარები. ეს არის დასანანი. ამას საზოგადოება უნდა გაემიჯნოს და ემიჯნება კიდევ“, – აღნიშნავს სარჯველაძე.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან ენმ-ის აქცია იწყება

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია სლოგანით – „ერთად ევროპაში“ 18:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.

ამასთან, როგორც ცნობილია რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

,,დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე სხვა რეალობიდან – ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ოღონდ უსისხლოდ”- თამარ ჩიბურდანიძე

9 აპრილი იყო ძველი და ახალი თაობის ერთობლივი გამარჯვების ზეიმი. იმ დღეს ყველა გმირი იყო, ვინც დაიღუპა, ვინც დაშავდა და ვინც საბჭოეთის ბასრ ნიჩაბს გადაურჩა. იმ დღეს ქართველმა ხალხმა 70-წლიანი ბრძოლა საკუთარი სისხლის ფასად, გამარჯვებით დაასრულა, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი, თამარ ჩიბურდანიძე.

მისივე თქმით, დღეს, 9 აპრილის მოვლენებიდან 34 წლის შემდეგაც, სწორი ხედვები და პრინციპული გადაწყვეტილებები აუცილებელია.

„დღეს, როდესაც ახალგაზრდა თაობა ჩვენ, 9 აპრილის თაობას თავისუფლებისთვის ბრძოლისკენ მოგვიწოდებს, კარგია იმით, რომ მათში ეს სულისკვეთება არის, ოღონდ, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მათ სულისკვეთებას ოპოზიციური პარტიები მხოლოდ საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ და არა ქვეყნისთვის. არადა, საქართველოს დღეს ნამდვილად სჭირდება ახალგაზრდული, მებრძოლი სული გონებით, განათლებით და არა ძალადობით. სჭირდება სწორი ხედვები და პრინციპული გადაწყვეტილებები, რაც აგვარიდებს იგივე მორჩილებასა და მონობას, რისგან გამოსახსნელადაც 34 წლის წინ სისხლი დაიღვარა რუსთაველზე.

დღეს სხვა რეალობის წინაშეა ჩვენი ქვეყანა. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა ჩვენი არჩევანის შეფასება და არა ღირებულებების გადაფასება. ეროვნული ფასეულობები ხელშეუხებელია, იცვლება მხოლოდ ბრძოლის გზა ამ ფასეულობების შესანარჩუნებლად.

დღეს ყველანი ვრწმუნდებით იმაში, რომ დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა გრძელდება ახლა უკვე სხვა რეალობიდან. გვჯერა, ამ ბრძოლასაც მოვიგებთ, ოღონდ უსისხლოდ“, – აცხადებს თამარ ჩიბურდანიძე.

„ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს?“ – მეუფე იაკობი

„წარამარა გავიხედავთ, რომ უცხოეთიდან რას გვეტყვიან. იმათ უცხოეთში რა ესმით ის, რაც ჩვენ ერს გამოვლილი აქვს. ჩვენ რატომ გვავიწყდება ვინ ვართ? ვისი გვარისანი ვართ? სულ არ მაინტერესებს რუსი რას იტყვის, ამერიკელი რას იტყვის, ჩინელი რას იტყვის, თურქი და ირანელი“, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ვიღაცეების“ წინაშე საქართველომ არ უნდა „იკეკლუცოს“.

„დღეს რა არის, რომ ვკეკლუცობთ ვიღაცეების წინაშე? ზოგს რუსზე უნდა ჩაგვაბაროს, ზოგს ევროპაზე, ზოგს იმაზე, ზოგს ამაზე. როგორ ვაბედინებთ ვიღაცას, რომ მენტორულად გველაპარაკოს? რომელია ისეთ ერი დღეს მსოფლიოში, იმის უფლებას ვაძლევდეთ. რომელი ცხოვრობს წესიერად?

ჩვენი ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც ქართველი ხალხია, საკმაოდ დიდი ძალა გვაქვს და ჩვენს ერთობას ვერ დაარღვევენ. არავის არ ვურჩევთ ჩვენთან თამაშს. ეს ჩვენებს ეხებათ, გარე ხალხს არ ველაპარაკები, ვინც ეკლესიის წინააღმდეგ არის და ვითომ ქართველები და ვითომ პატრიოტები რომ არიან. ჩვენ შეგვიძლია ყველას ადგილი მივუჩინოთ. ეს დღეები ვიყოთ ფრთხილად, ღმერთთან, ვინც არ იქნება, ის აუცილებლად იუდასთან იქნება“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

,,ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა”- მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება აშშ-ზე და თავიდან აირიდოს აშშ-სა და ჩინეთს შორის კონფრონტაციაში ჩათრევა, – ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ წერს.

მაკრონის თქმით, ევროპა დიდი რისკის წინაშეა, რომ აღმოჩნდება კრიზისში, რომელიც მისი არ არის და რომელიც ხელს შეუშლის მას, ჩამოაყალიბოს სტრატეგიული ავტონომია. „პარადოქსი იმაშია, რომ პანიკით მოცულებს, გვჯერა, ამერიკის მიმდევრები ვართ“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა: „კითხვას, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის თუ არა ჩვენს ინტერესში, დაჩქარდეს [კრიზისი] ტაივანზე? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელები, უნდა გავხდეთ ამ თემის მიმდევრები და მაგალითი ავიღოთ აშშ-ის დღის წესრიგისგან და ჩინეთის გადაჭარბებული რეაქციიდან“.

გამოცემის ცნობით, ემანუელ მაკრონი ასევე ამტკიცებს, რომ ევროპამ გააძლიერა თავისი დამოკიდებულება აშშ-ზე იარაღისა და ენერგიის გამო და ახლა უნდა ფოკუსირდეს ევროპული თადაცვითი ინდუსტრიის გაძლიერებაზე.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, მაკრონი ასევე სთავაზობს ევროპას, შეამციროს დამოკიდებულება „ამერიკული დოლარის ექსტრატერიტორიულობაზე“, რაც როგორც მოსკოვის, ასევე პეკინის მთავარი პოლიტიკური მიზანია.

„ორ სუპერძალას შორის დაძაბულობა თუ გამწვავდება, ჩვენ უნდა გავხდეთ ვასალები“, – აცხადებს მაკრონი.

პესკოვის განცხადებით, პუტინი აღდგომას ეკლესიაში შეხვდება

კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მომავალ კვირას აღდგომის დღესასწაულს ტაძარში შეხვდება.

„დიახ. ის გეგმავს, რომ ტაძარში შეხვდეს“, – განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გასულ წელს ვლადიმერ პუტინი აღდგომის წირვას მოსკოვის მაცხოვრის ცარიელ ტაძარში დაესწრო.

მარნეულის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იმამურა აკირა იმყოფებოდა

შეხვედრას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ვიზიტის მიზანს, იაპონიის საელჩოს ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის ფარგლებში მოპოვებული დაფინანსებით შეძენილი ნარჩენების შემკრები ტექნიკის მერიისთვის გადაცემა წარმოადგენდა.

აღსანიშნავია, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის და ეკონომიკური განვითარების სამსახურის, ეკონომიკური განვითარების განყოფილების თანამშრომლების მიერ პროექტის ფარგლებში მოპოვებულმა საგრანტო თანხამ 82 243 აშშ დოლარი (ეკვივალენტი ლარში) შეადგინა.

ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმირში, „გადაჭრილი გორა“ დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო ძეგლის ისტორიას.

მარნეული ერთ-ერთია სამ მუნიციპალიტეტს შორის, რომელიც იაპონიის საელჩოს ნარჩენების მართვის მიმართულებით საგრანტო კონკურსის ფარგლებში იაპონიის საელჩოსგან დაფინანსება მიიღო.

ჯამლეტ ხუხაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს – ფოტოები

ლეგენდარულ კომენტატორს, ჯამლეტ ხუხაშვილს უკანასკნელ გზაზე აცილებენ. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ რიგითი მოქალაქეები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები.

სამძიმარზე იმყოფებოდნენ, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები.

ჯამლეტ ხუხაშვილი 78 წლის ასაკში, 5 აპრილს გარდაიცვალა.

 

მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში – მეუფე შიო მუჯირი

მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რათა დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს მიუაჩრდილებელი დიდება და ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ბზობის დღესასწაულზე სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დიდებულ დღესასწაულს, დღეს არის უფალი იესო ქრისტეს დიდებით შესვლა იერუსალიმში.

გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეს დღე იყო ერთ-ერთი ყველაზე საზეიმო დღე უფალ იესო ქრისტეს მიწიერ ცხოვრებაში. მთელი იერუსალიმი შეიძრა, როდესაც შეიტყო ოთხი დღის მკვდარი ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შესახებ და განიზრახეს, საზეიმოდ შეხვედროდნენ იერუსალიმში შემავალ იესო ქრისტეს.

მართლაც, როდესაც უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქში, მას ეგებებიან პალმის რტოებით ხელში და ფერხთით უგებენ თავიანთ შესამოსელს. ჩვენ რომ გავიგოთ ამ სიმბოლური მოქმედების მნიშვნელობა, უნდა გავიხსენოთ, რომ ძველ აღმოსავლეთში შესამოსელი ნიშნავდა გარკვეულ სულიერ მდგომარეობას. ამიტომ როდესაც შესამოსელს ვინმეს ფერხთით უგებდნენ, ეს იყო ნიშანი განსაკუთრებული მოწიწებისა, პატივისცემისა, სიყვარულისა. აი, ასე შედის უფალი ქალაქში.

თითქოს სიხარულით სავსე უნდა ყოფილიყოს მისი გული, მაგრამ სახარება გვაუწყებს, რომ როდესაც გამოჩნდა ქალაქი, უფალი ატირდა ამ სიხარულის ნაცვლად და მტირალი შედის იერუსალიმში, იმიტომ რომ მან, როგორც ყოვლის მცოდნემ, უწყის – იგივე ხალხი, იგივე ერი, რომელიც დღეს გალობს და გაიძახის – „ოსანა დავითის ძეს, კურთხეულ არს მომავალი მეუფე უფლის სახელით, მშვიდობა ცათა შინა და დიდება მაღალთა შინა – აი, ასეთი შეძახილებით ხვდებოდნენ და ზუსტად ხუთიოდე დღეში იგივე ერი იყვირებს პილატეს წინაშე: „ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგე!“ უფალი სულიერად განჭვრეტს იმ საშინელ სასჯელს, რომელიც ელოდება იერუსალიმს და ისრაელის ერს იმისთვის, რომ მან არ მიიღო ქრისტე. რა საზარელი დღეები ელოდება მას იმპერატორ ვესპასიანეს ჟამს, როდესაც მხედართმთავარი ტიტუსი გაანადგურებს ქალაქს.

და აი, უფალი იესო ქრისტე ასეთ სიტყვებს წარმოთქვამს, ვიმეორებ, მტირალი როდესაც შედის იერუსალიმში: „ნეტავი ახლა მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას, მაგრამ ამჟამად დაფარულია ეს შენს თვალთაგან, ვინაიდან ვერ შეიცანი ჟამი შენი მოხილვისა“, – ბრძანებს უფალი იესო ქრისტე, როცა მიმართავს იერუსალიმს. ამავე დროს იგი ამბობს: „და ამიტომ, მოვლენ დღენი, როდესაც მტერი ალყაში მოგაქცევს, მუსრს გაავლებს შენს შვილებს, ქვას ქვაზე არ დატოვებს შენში, ვინაიდან ვერ შეიცანი შენი მოხილვის ჟამი“.

აი, ეს სიტყვები კარგად უნდა გვახსოვდეს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, ვინაიდან უფალმა ეს უთხრა არა მხოლოდ იერუსალიმს და იქ შეკრებილ ხალხს, არამედ ყოველ ჩვენგანს. „ახლა მაინც გცოდნოდა, რა მოგანიჭებს მშვიდობას”, იმიტომ რომ ეს ჟამი უფლის მოხილვისა, როცა ჩვენ გვესტუმრება უფალი თავის სულიწმიდის მადლით, განა ცოტაა ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დღეები თუ წუთები, როდესაც ჩვენ მიუხედავად ამისა, ვერ ვაცნობიერებთ იმას, რომ ეს არის ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი მშვიდობისთვის.

მრავალნაირად მოდის სულიწმიდის მადლი ადამიანთან. ეს შეიძლება იყოს დიდი ნუგეშისა და დიდი სიხარულის სახით, მაგრამ როდესაც უფალს უნდა, შეგვაჩეროს ჩვენს მრუდე, არასწორ გზებზე და ჩვენ არ შევისმენთ, არ გულისხმავყოფთ ამ ნუგეშის სახით მის მოსვლას, შეიძლება მოიხილოს უფალმან ჩვენზე სხვადასხვა განსაცდელის სახით: შეიძლება ეს იყოს მძიმე სენი, შეიძლება ეს იყოს ახლობლების დაკარგვა, შეიძლება ეს იყოს დამდაბლება და შეურაცხყოფა და ა.შ. ჩვენ, სამწუხაროდ, იმის მაგივრად, მივხვდეთ, რომ ეს ღვთისგან არის ჩვენი მშვიდობისა და გადარჩენისთვის, ვდრტვინავთ და უარვყოფთ ღმერთს, როგორც იმ ხალხმა უარყო მესია, უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

აი, დავიხსომოთ ეს სიტყვები: „ნეტავ ახლა მაინც გცოდნოდა შენი მოხილვის ჟამი“ და მიზნად დავისახოთ, რომ შევუდგეთ ქრისტეს, ვინაიდან მან თავად ბრძანა: „ვინც მე მემსახურება, მევე შემომიდგეს, სადაც მე ვიქნები, ჩემი მსახურიც იქ იქნება“.

გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს, ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, დაგლოცოთ და ამრიგად შევუდგეთ ჩვენ ქრისტეს, ვიაროთ იმ ვიწრო გზით, რომელიც მიმყვანებელია სასუფეველში, რომ დავემკვიდროთ იქ, სადაც ბრწყინავს მიუაჩრდილებელი დიდება და ნათელი ყოვლადწმინდისა სამებისა, მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

როგორც იცით, დღეს არის 9 აპრილი. ჩვენ ახლა გადავიხდით პანაშვიდს 9 აპრილს სამშობლოსთვის თავდადებული ჩვენი ძმების და დების სულთა მოსახსენიებლად, ვილოცებთ მათი სულების ცხონებისა და ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის, დამოუკიდებლობისა და გამთლიანებისთვის, ამინ!

დღევანდელ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აჯილდოებს შემდეგ სასულიერო პირებს: მღვდელი პიმენ ბანძელაძე ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი ალექსანდრე დავითაშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი დავით მექვაბიშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს! მღვდელი ანდრია ბეროშვილი ჯილდოვდება ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და აღყვანილია დეკანოზის ხარისხში, აქსიოს!“,- აღნიშნა მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში.

,,ნუ იქნებით კორუმპირებული, იქნებ სცადოთ ეს?”- კინზინგერი ქართველ მოსამართლეებს

აშშ-ის ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ქართველი მოსამართლეების მიერ სანქციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და მათ მოუწოდებს, სცადონ, რომ კორუმპირებულები არ იყვნენ.

„მოთმინებით მოისმინეთ საქართველოს მოსამართლეებო – ნუ იქნებით კორუმპირებული… იქნებ სცადოთ ეს?

რუსების მხრიდან ამ პროპაგანდაზე უკეთესს იმსახურებს ქართველი ხალხი“, – წერს ადამ კინზინგერი „ტვიტერზე“.