Home Blog Page 2279

,,ჩვენ არ დავუშვებთ “ნაციონალური მოძრაობის“ ხელით იმ სისტემის დაბრუნებას”- ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით მტკიცებულებების გასაჯაროებას ითხოვს.

“ჩვენ გავაგრძელებთ დაინტერესებას ამ საკითხით. ან უნდა მოხდეს მტკიცებულებების წარმოდგენა, ან უნდა მოხდეს იმ უმძიმესი ბრალდების უარყოფა, რომელიც ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცალკეული მოსამართლეების რეპუტაციას, არამედ მთლიანად სასამართლოს წინააღმდეგ არის მიმართული. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რა მტკიცებულებებს ეფუძნებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განცხადება. თუ არ იქნება წარმოდგენილი მტკიცებულებები, ეს იქნება აღქმული, როგორც პირდაპირი თავდასხმა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე, რაც ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია.

რა დგას სასამართლოზე შეტევის უკან შეიძლება ვიცოდეთ, მაგრამ ამაზე საუბარი შეიძლება დღეს არ ღირდეს. ერთი რამ შეგვიძლია თამამად ვთქვათ – ჩვენ არ დავუშვებთ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელით იმ სისტემის დაბრუნებას, რომელიც მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან. ამ მცდელობებს ვხედავთ, რომ გარკვეული დოზით მაინც დაბრუნდეს „ნაცმოძრაობის“ გავლენა სასამართლოზე, იქნება ეს NGO-ებისა თუ სხვა სუბიექტების მეშვეობით“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე “იმედის კვირასთან“ საუბრისას.

ალპებში ზვავის ჩამოწოლას 4 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ალპებში ზვავის ჩამოწოლას სულ მცირე 4 ადამიანი ემსხვერპლა, – ამის შესახებ BBC იუწყება.

გარდა ამისა, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს თანაგრძნობა გამოუცხადა.

ოფიციალური პირების განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ზვავი განმეორებითაც ჩამოწვეს, ამიტომ ადგილზე მყოფ მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

10 აპრილს ვნების შვიდეული იწყება

,,შეგახსენებთ, რომ აღდგომამდე დარჩენილ ერთ კვირას ვნების შვიდეული ეწოდება. ვისაც ამდენ ხანს არ უმარხულია, კარგი იქნება ეს ერთი კვირა მაინც იმარხულოს”
ძველად არ არსებობდა ადამიანი, რომელიც არ ინახავდა ვნების კვირას,
ზოგიერთმა თქვენთაგანმა ვერ შეძლო აქამდე მარხვის დაცვა და აი, ეკლესია კიდევ ერთხელ მოგვიწოდებს რომ ეს დღეები მაინც შევძლოთ და დავიცვათ მარხვის წმინდა დღები.
შესთავაზეთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ძმაკაცებს, თანამშრომლებს, ეს ერთი კვირა მაინც იმარხულონ.
უფალი ამასაც შეუწირავს ყველას.
ნუ მივემგსავსებით იმ ადამიანებს, რომელნიც უფალს ჯერ მეფედ აცხადებენ, ტანსაცმელს უფენენ, რტოებით ეგებებიან, 6 დღის შემდეგ კი ზუსტათ იგივე ხალხი ბოროტმოქმედად აცხადებს და გაჰკივიან: ,,ჯვარს აცუთ ჯვარს აცუთ ეგე”
ღმერთმა ყველას მოგვცეს მადლი და ძალა ღირსეულად განვლოთ ვნების კვირა და მივეგებოთ უფლის აღდგომას.

რუსული მხარის განცხადებით, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაირღვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყარაბაღში მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს.

რუსი „სამშვიდობოების“ ცნობით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა მარტუნის რაიონში დაფიქსირდა.

„მარტუნის რაიონში დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი. მსხვერპლი არ ყოფილა. აღნიშნულ ფაქტს რუსული სამშვიდობო კონტინგენტის სარდლობა იძიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნაცებს ვერც რეგიონებში სიარულმა და ვერც რიკოთის გზის გახსნამ უშველა, ხაბეს და მის გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოყავს მიტინგზე – ლევან ნიკოლეიშვილი

„ფარსი დღევანდელი აქციაა, აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. ნაცებს ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

„ამბობენ ისტორია მეორდებაო…34 წლის წინ, 9 აპრილის დიდმა ტრაგედიამ, უდიდესი გამარჯვება მოუტანა ქართველ ხალხს. ფარსი კი დღევანდელი აქციაა, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული. აზვირთებული ტალღა მოდისო და რიკოთის გზა, სპეციალურად ჩაგვიკეტესო. არადა, დღეს გაიხსნა ეს გზა. ნაცებს ამანაც არ უშველა და ახლა პირველ-მეორეზე ითვლიან პარლამენტის წინ…საშემოდგომო გამოჰყვება აშაკარად ქურქუმალ ვაითს. ნიკა მელიას რითაც ებრძოდა და ებრიქებოდა, მასზე უარესი დაემართა. ჯერ იყო და, სათითაოდ შემოიარა რეგიონები, მაგრამ ხალხი არ არის….ხაბეს და გუნდს საკუთარი ოჯახის წევრებიც კი ვერ გამოჰყავს მიტინგებზე.

დღევანდელ დღეს, გვირგინის მატარებელი კაცი ვერ იპოვეს და გოგოს მოატანინეს 9 აპრილის მემორიალზე…კეზერამ და ვანომ ტყუილად დადეს ფსონი ხაბეზე, ახლა მთავარია ჰუალინგის ბინა არ დააბრუნებინონ და გაკეთებული კბილები არ ამოაძრონ, თორემ ისეთი ამბები დატრიალდება ნაცების “ღიმილიანი საქართველო” მონაგონი იქნება.”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია – “ერთად ევროპაში” დასრულდა

პარლამენტთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია – “ერთად ევროპაში” დასრულდა.

აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს 9 აპრილის მნიშვნელობაზე, საქართველოს ევროინტეგრაციის აუცილებლობაზე.

ცნობილი გახდა რამდენიმე მოთხოვნა.

“პირველი მოთხოვნაა – ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნაა – დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა, მესამე მოთხოვნაა – მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას თავისუფლება, მეოთხე მოთხოვნაა – დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმა”,- განაცხადა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

აქციაზე შესრულდა საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნები.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა გაიხსნა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის პროექტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, სადაც რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებით არის საუბარი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, „რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით“.

მათივე თქმით, ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. გზების დეპარტამენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო.

„მიუხედავად ბოლო დღეებში საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ არაერთხელ გაკეთებულ განცხადებაში მითითებული დეტალური ინფორმაციისა, „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ინტერესების გამტარებელი მედიასაშუალებები, აგრძელებენ დეზინფორმაციის გავრცელებას რიკოთის პროექტთან დაკავშირებით.

როგორც ოპოზიციური პარტიის, ისე მედიის წარმომადგენლები არ ერიდებიან საზოგადოებისთვის ტყუილზე, ფაქტობრივ უზუსტობებსა და დამახინჯებულ გარემოებებზე აგებული ინფორმაციის მიწოდებას, რითიც სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების, კომპანიების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას ისახავენ მიზნად.

პირველ ყოვლისა, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ტყუილია, თითქოს რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი გასულ წელს უნდა დასრულებულიყო. სიცრუეა ისიც, თითქოს დღემდე უცნობია როდის დასრულდება პროექტი. რიკოთის პროექტთან დაკავშირებულ მუდმივ საჯარო კომუნიკაციაში პროექტის დასრულების ვადად გაცხადებულია 2023 წლის ბოლო. ამასთან, საზოგადოებას მუდმივად აქვს ინფორმაცია პროექტზე მიმდინარე სამუშაოების პროგრესის შესახებ და მათი დიდი ნაწილი უკვე სარგებლობს კიდეც გზის ახალი მონაკვეთებით.

ასევე, კორუფციული ფაქტების არსებობაში მოსახლეობის დარწმუნების მიზნით, გრძელდება სრულიად დაუსაბუთებელი და ცარიელი ბრალდებების ტირაჟირება. ვერ სახელდება ვერცერთი ფაქტი და რეალური ინფორმაციის დამალვისა თუ დამახინჯების ხარჯზე, აქაც მრუდე რეალობის შეთავაზება ხდება მაყურებლისთვის.

კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობაში ჩართული ყველა საპროექტო, სამშენებლო თუ საზედამხედველო კომპანია შერჩეულია საერთაშორისო ტენდერის გზით. უშუალოდ ტენდერები ჩატარებულია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ დადგენილი წესით და მათი მკაცრი ზედამხედველობით. ყველა ნაბიჯი, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებული და დადასტურებულია შესაბამისი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ, მათი პოლიტიკისა და წესის დაცვით. შესაბამისად, კორუფციაში სახელმწიფო უწყებების აბსურდული დადანაშაულება ემსახურება მხოლოდ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების და პროექტის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულების გაჩენას.

რაც შეეხება სამუშაოების წარმოების სიახლოვეს არსებული სოფლების მოსახლეობის პრეტენზიებს:

სოფელ ფუთში, სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე პროექტის საზედამხედველო კომპანიამ ჩაატარა სოფელში მდებარე ყველა შენობის წინასწარი კვლევა, მონიშნა ყველა ნაგებობის ბზარი და მიმდინარე აფეთქებების ვიბრაციაზე ახორციელებდა მუდმივ მონიტორინგს. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის უკმაყოფილების გამო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელი ცენტრის მიერ უახლესი აპარატურით გადამოწმდა აფეთქებითი სამუშაოების შედეგად წარმოშობილი ვიბრაცია გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობა შემოწმდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერაც. არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა პროექტზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა.

რაც შეეხება  მე-4 გვირაბს, მის თავზე არ არის არცერთი სახლი. გვირაბიდან 250 მეტრში არსებული ყველა სახლი მონიშნულია და ვიბრაციის გადაჭარბება არ ფიქსირდება. თებერვალში, გვირაბის თაღსა და გრუნტს შორის არსებული მცირე მანძილისა და დიდთოვლობის გამო ჩაიშალა მიწის მცირე მონაკვეთი, რომელიც არ იყო არავის კერძო საკუთრებაში. ყველა სახლზე არსებული ბზარი ამჟამად მონიშნულია და მიმდინარეობს მონიტორინგი. პირველადი დაკვირვებით, ბზარებზე ცვლილებები არ შეინიშნება. ამასთან, ერთ-ერთი მცხოვრებლის სახლზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მოთხოვნით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ამზადებს შესაბამის დასკვნას.

მე-5 გვირაბის სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, მიმდებარე სამმა მოსახლემ მოითხოვა ქონების გამოსყიდვა. მათ სარჩელიც წარადგინეს ზესტაფონის სასამართლოში. თუმცა, მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რადგან თითოეულის საცხოვრებელი სახლი დაშორებულია მაგისტრალის სავალი ნაწილიდან, სახლების ტექნიკური მდგომარეობა უცვლელია და მათზე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა არ დგინდება. რაც შეეხება მე-5 გვირაბის სამშენებლო მოედანთან აშენებული ბეტონის ქარხანას, 2021 წლიდან იგი აღარ ფუნქციონირებს. შესაბამისად, მოსახლეობის პრეტენზია ამ ნაწილშიც უსაფუძვლოა.

სატელევიზიო სიუჟეტში არასწორი და არასრული ინფორმაცია გავრცელდა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მონაკვეთთან დაკავშირებითაც. სარეაბილიტაციო სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, ხელშეკრულება საგზაო დეპარტამენტსა და Akkord Industry Construction Investment Corporation OJSC-ს შორის 2021 წლის 3 ნოემბერს შეწყდა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ამოქმედდა ავანსისა და  ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც სახელმწიფო ბიუჯეტში უკვე გადარიცხულია 13 641 529 ლარი. სამუშაოების დასრულების მიზნით, ორჯერ ხელახლა გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მაისში გამოცხადდება მორიგი ხელახალი ტენდერი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ინფორმაცია გავრცელებამდე გადაამოწმონ პროექტის განმახორციელებელ უწყებასთან და დამახინჯებული ფაქტებით გაჯერებული მონაცემებით ნუ შეეცდებიან საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ზვიად გამსახურდიას სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში – გია ბუღაძე 9 აპრილის აქციაზე

„ქართველები სწორედ იმიტომ გავჩნდით, რომ ვიბრძოლოთ და არ შევეგუოთ განგებას. სწორედ ეს გვასწავლა ჩვენ ზვიადმა. [გამსახურდიამ] როცა მე მისი დისერტაცია წავიკითხე, გავოგნდი, რას ლაპარაკობდა ეს კაცი, მე ვიცოდი, რომ დიდ ადამიანს ვეხებოდი. მერე ეს სული თითქოს გადმოვიდა მიხეილ სააკაშვილში“, – ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

„მარადიული, ქართველური სული, რომელიც დღეს ამათ ხელში მძიმედ არის, მაგრამ როგორი ძლიერია ამჩნევთ? ჩვენ როგორ გვამაგრებს, ცეცხლივით, სანთელივით ანთია, სანთელივით იწვის მისი მარადიული სული იმიტომ, რომ მასთან არის საქართველოს მარადისობა. ამიტომ გვჭირდება ჩვენ მიხეილ სააკაშვილი“, – განაცხადა ბუღაძემ.

„უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ“ – მარგველაშვილი

9 აპრილს აქ იდგა ჩემი და ჩემზე უფროსი თაობა. სამწუხაროდ, დღეს იმ პერიოდთან გვაერთიანებს ის, რომ მაშინაც მთავრობის სახლში იჯდა რუსეთიდან მართული კომუნისტური რეჟიმი და დღესაც საქართველოს მთავრობაში არის მოსკოვიდან მართული პუტინისტური ხელისუფლება. სამწუხაროდ, ეს არის ერთიანობა დღევანდელ დღესა და 1989 წლის 9 აპრილს შორის“, – ამის შესახებ საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მოქალაქეებმა, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ევროპული მომავლისთვის ერთად უნდა იბრძოლონ.

„დღესაც დგას ჩვენს წინაშე ვალდებულება, რომ სამშობლო რუსებისგან ვიხსნათ. ჩვენ დღეს გვაერთიანებს ერთიანი მიზანი მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა – ეს არის საქართველოს დაბრუნება იმ ისტორიულ ერთა ოჯახში, რომელიც ავირჩიეთ მე-4 საუკუნეში, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ვართ ქრისტიანები. დღეს არ უნდა დავუშვათ ამის შებრუნება. ის ღვაწლი, რომელიც 9 აპრილს გაიღეს, არ უნდა იყოს გაფანტული და გაბნეული. უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ არ გვყავდეს პოლიტპატიმრები, უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს ციხეში არ აწამებდნენ და ამას რუსებს არ აჩვენებდნენ, ვიბრძოლოთ, რომ არ მივიღოთ შეტრიალება რუსეთისკენ და შევთანხმდეთ იმაზე, რომ სანამ ესენი იქნებიან ხელისუფლებაში, ყოველი დღე არის საფრთხე ჩვენი სამშობლოსათვის. ყველანი ვართ ერთ მხარეს – პუტინის რუსეთის საწინააღმდეგოდ და გავიმარჯვებთ“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

„დეპოლარიზაცია სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა“ – ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას 4 მოთხოვნა გააჟღერა, რომლის გარშემოც, მისი თქმით, ამ შეკრების შემდეგ უნდა გაერთიანდნენ.

ხაბეიშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას გათავისუფლებაა, რის გარეშეც დეპოლარიზაცია „არ გამოვა“.

„არის 4 მთავარი მოთხოვნა, რომელთა გარშემოც უნდა გავერთიანდეთ ამ შეკრების შემდეგ. პირველი მოთხოვნა არის ლაზარეს თავისუფლება, მეორე მოთხოვნა – თქვენ ნახეთ აშშ-ის პოზიცია, რომელმაც თქვა, რომ კორუმპირებული, ქრთამისტი მოსამართლეები ჰყავს საქართველოს, დასანქცირებული მოსამართლეების დაუყოვნებლივ გადადგომა უნდა მოვითხოვოთ. რაც შეეხება მესამე მოთხოვნას, თქვენ იცით, რომ ევროკავშირის 12 პუნქტში არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი – დეპოლარიზაცია, რომელიც ცხადია, რომ სააკაშვილისა და გვარამიას გათავისუფლების გარეშე არ გამოვა. მეოთხე მოთხოვნაც უკავშირდება 12 პუნქტის შესრულებას და გვინდა გამოვყოთ რამდენიმე პრიორიტეტი: ეს არის დეოლიგარქიზაციის კანონი, სასამართლო რეფორმა და ცესკოს რეფორმა. დეოლიგარქიზაცია ჰქვია იმას ,რომ ბიძინას პირადი ბანკირები, მცველები, „შნირები“ და მოურავები არ უნდა იყვნენ მთავრობაში, რომლებიც ქართველ ხალხს არ აურჩევია. ამ ოთხი მოთხოვნის გარშემო გთავაზობთ დისკუსიას, ერთობას, საერთო ბრძოლის ხაზს. მოვუწოდებ ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერს, გადადეთ თქვენი პირადი და პარტიული ინტერესები გვერდზე და შემოგვიერთდით. ბრძოლა გაგრძელდება და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

„სამწუხაროდ, სისხლიანი რევოლუციების გარდა, იმის იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ”- სარჯველაძე ენმ – ზე

ცდილობენ 9 აპრილთან დაკავშირებული ემოციები საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ – 12 პუნქტის შესრულებას არ სჭირდება სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ კაბინეტებში დაჯდომა და კონკრეტულ საქმეზე საუბარი, ხელის შეშლის მეტი ოპოზიციის მხრიდან არაფერი გვინახავს , – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.

სარჯველაძის შეფასებით, ამ აქციის მიზანია სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ.

“ამ აქციას ერთადერთი მიზანი აქვს, სამარცხვინო წარუმატებლობა – დაანონსებული დიდი აქციების ნაცვლად რამდენიმე ათეულზე მეტს, რომ ვერ გაცდნენ მხარდამჭერთა მობილიზებაში, ახლა ცდილობენ 9 აპრილთან დაკავშირებული ემოციები საკუთარ სამსახურში ჩაიყენონ. ამ აქციის მიზანია რაღაც სიმრავლით მანიპულირება მოახდინონ. სხვა სათქმელი არაფერი აქვთ. რაც შეეხება თავდაპირველ ანონსს, რომ 12 პუნქტის შესრულებას უკავშირდებოდა, მორიგი ფარსია. 12 პუნქტის შესრულებას არ სჭირდება სისხლიან რევოლუციებზე საუბარი და ქუჩაში გასვლა, არამედ კაბინეტებში დასხდომა და კონკრეტულ საქმეზე საუბარი, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ხელის შეშლის მეტი ოპოზიციის მხრიდან არაფერი გვინახავს“ , – აღნიშნავს სარჯველაძე.

გარდა ამისა, მან ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზეც ისაუბრა, სადაც მათივე მტკიცებით ჩანს, რომ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა გირჩი ჯაფარიძე ერთ-ერთ შეკრებაზე „ახალგაზრდებს ხელისუფლების ცვლილებაზე, სისხლიან რევოლუციასა და დესტრუქციაზე ესაუბრება“.

„სამწუხაროდ, სისხლიანი რევოლუციების შემოქმედების გარდა, იმის იქით აღარც ტვინი უმუშავებთ, აღარც ფანტაზია აქვთ. მათი წარმოდგენით, როგორ ჩანს, ვიდრე სისხლი არ დაიღვრება და უბედურება არ მოხდება, იქამდე ისინი საკუთარ შანსებს ხელისუფლებაში მოსასვლელად და პოლიტიკური წარმატების მისაღწევად ვერ აღიქვამენ. ამიტომ აქვთ პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად სისხლიანი რევოლუციების სცენარები. ეს არის დასანანი. ამას საზოგადოება უნდა გაემიჯნოს და ემიჯნება კიდევ“, – აღნიშნავს სარჯველაძე.

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პარლამენტთან ენმ-ის აქცია იწყება

პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებიან აქციის მონაწილეები. „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილი აქცია სლოგანით – „ერთად ევროპაში“ 18:00 საათზე დაიწყება.

პარლამენტის წინ მოწყობილია სცენა. იგეგმება სიტყვით გამოსვლები.

ამასთან, როგორც ცნობილია რუსთაველის მეტროსთან იკრიბებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებიც აქციას მსვლელობით შეუერთდებიან.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.