Home Blog Page 2268

“გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთთან კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია” – მიხეილ სარჯველაძე

გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებსა და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძემ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

“თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციული თანამშრომლობაში, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები?” – აღნიშნა სარჯველაძემ.

„ჩვენ დავინახეთ, რომ თბილისში ამჟამინდელი მთავრობა დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, თუნდაც უბრალო მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობასთან შევთანხმდით ფრენების აღდგენაზე და გავაუქმეთ სავიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ლავროვმა.

პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშეა და შესაბამისად, პრეზიდენტთან ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე ჰქონდათ საუბარი.

“ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი მდგომარეობა. მოხდა უმძიმესი რამ, დასანქცირდა ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი, ჯაშუშობისთვის. ჩვენმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა საბოტაჟი გამოუცხადოს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, არამედ დასავლეთის სანქციების რეჟიმს და ამით საფრთხეში ჩააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომელიც სარგებლობს საბანკო სისტემით და არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

„ქართულმა ოცნებამ“ საბოტაჟის გზით, საფრთხე შეუქმნა ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორეს მხრივ, საკუთარი გადაწყვეტილებით დარტყმის ქვეშ დააყენა საქართველოს თითოეული მოქალაქე, რომ გადაეფაროს ფარად ფარცხალაძეს, რომელიც დასანქცირებულია ჯაშუშობისთვის.

ქვეყანა არის სერიოზული გამოწვევების წინაშე, შესაბამისად, ცხადია, რომ პრეზიდენტთან გვქონდა ყველა ამ გამოწვევაზე და საფრთხეებზე საუბარი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტი ამ საკითხზე საზოგადოების წინაშე თავად ისაუბრებს.

პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატის, ანა ბუჩუკურის განცხადებით, შეხვედრა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შედგა, ხოლო დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

“ყოველ ჯერზე, როდესაც პრეზიდენტი ჩვენს გუნდთან ჩათვლის საჭიროდ, ბუნებრივია მივალთ, რადგან პრეზიდენტის ინსტიტუტს ჩვენი გუნდი პატივს სცემს.

ბევრ საკითხზე იყო მსჯელობა, მაგრამ ძირითადი საკითხი კვლავ ევროინტეგრაციის პროცესი იყო. დახურული შეხვედრა იყო და ამიტომ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ამის უფლებას თავს არ მივცემ“, – განაცხადა ბუჩუკურმა მედიასთან.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტები“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, პრეზიდენტთან შეხვედრისას საუბარი შეეხებოდა ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს. დეკანოიძის თქმით, პრეზიდენტის პოზიცია, იმპიჩმენტთან, ასევე ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ცნობილი გახდება.

„პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს, რა თქმა უნდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსს ადვოკატირებს და ეს ინფორმაცია ჩვენც გაგვიზიარა. ჩვენც ვუთხარით ჩვენი პოზიცია ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით თვითონ გააკეთებს განცხადებას. პრეზიდენტის პოზიცია, ალბათ, ცნობილი გახდება იმპიჩმენტთან, ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით“,- განაცხადა დეკანოიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა

მთიანი ყარაბაღი 74 ათასზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ნაზელი ბაგდასარიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ამ მომენტისთვის მთიანი ყარაბაღიდან სომხეთში 74 400 იძულებით გადაადგილებული პირი შემოვიდა”, – განაცხადა ბაგდასარიანმა.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით მთიან ყარაბაღში დაახლოებით 120 ათასი სომეხი ცხოვრობდა. სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელი ლაჩინის დერეფნის მახლობლად, დასახლებულ პუნქტს კორნიდზორში ჰუმანიტარული ცენტრია შექმნილი.

“ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს” – ზურაბ ქადაგიძე სალომე ზურაბიშვილზე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოში დაბრუნებასა და მის მიერ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებთან მოწყობილ საგანგებო შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, პრეზიდენტმა ყველა უსამშობლო თავისთან დაიბარა, რათა გააცნოს გეგმები და გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს.

„დაგვიბრუნდა „ლუდოვიკოს ციცა“ ევროპიდან და ყველა „შარახვეტია“, „სპეკულანტი“ და „უსამშობლო“ თავისთან იხმო. ბალტიის ქვეყნები მოიარა ქალბატონმა და „დიდმა ძმებმა“ გზავნილები გამოატანეს, ოღონდ არა ქართველი ხალხისთვის, მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ ქართული ფილიალისთვის. ჰოო, სულ დამავიწყდა – სალომე დაუწინაურებიათ და რიგითი დისტრიბუტორობიდან, „გლობალური ომის პარტიის“ „სუპერ-ვაიზერობა“ უბოძეს. ამანაც დაიბარა ყველა უსამშობლო თავისთან, რათა გააცნოს გეგმები, გაუნაწილოს „ნარატივები“, გადასცეს დანაბარებები, თუ ვინ, როგორ და რა დროს უნდა იპარაზიტოს… აბა, თქვენ იცით, ნაყინი არ დაგეწუწოთ „საიდუმლო სე(ი)რობაზე”…“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

“საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას გამოკითხული მოსახლეობის 83% უჭერს მხარს, ხოლო ევროკავშირში – 90%” – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მოსახლეობის 83% უჭერს მხარს. ხოლო ევროკავშირში გაწევრიანებას, მოსახლეობის 90% ემხრობა.

კვლევის თანახმად, საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება – 17%, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია 10%.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

“გამოკითხულთა 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტიები ურჩევნია” – Edison Research

Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის უმრავლესობას, 67%-ს პარლამენტში მმართველად ახალი პარტია(ები) ურჩევნია.

კითხვაზე, მომავალი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, გსურთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” დარჩეს უმრავლესობაში, თუ გირჩევნიათ, რომ ახალი პარტია(ები) იხილოთ პარლამენტის მმართველის როლში, პასუხები ასე გადანაწილდა:

ახალი პარტია(ები) პარლამენტის მმართველის როლში – 67%;

„ქართული ოცნება დარჩეს“ უმრავლესობაში – 33%.

გარდა ამისა, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობა ფიქრობს, რომ “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები უკეთ გაუმკლავდებიან უკრაინის მხარდაჭერას, კრიმინალს, ევროკავშირში გაწევრიანებას, რუსების მიგრაციას საქართველოში.

კითხვაზე, “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომელს მიიჩნევთ, რომ უკეთესად გაუმკლავდება, პასუხები ასე გადანაწილდა:

უკრაინის მხარდაჭერა – ოპოზიცია 53%, “ქართული ოცნება” 47%;

კრიმინალი – ოპოზიცია 52%, “ქართული ოცნება” 48%;

ევროინტეგრაცია – ოპოზიცია 52%, “ქართული ოცნება” 48%;

რუსების მიგრაცია საქართველოში – ოპოზიცია 51%, “ქართული ოცნება” 49%;

მაღალი ფასები – ოპოზიცია 49%, “ქართული ოცნება” 51%;

უმუშევრობა – ოპოზიცია 47%, “ქართული ოცნება” 53%;

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები – ოპოზიცია 47%, “ქართული ოცნება” 53%;

განათლება – ოპოზიცია 46%, “ქართული ოცნება” 54%;

კლიმატის ცვლილება – ოპოზიცია 45%, “ქართული ოცნება” 55%;

ჯანდაცვა – ოპოზიცია 43%, “ქართული ოცნება” 57%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი.

ცდომილება არის +/- 3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს

ბელარუსი პოლონეთს საჰაერო სივრცის დარღვევაში ადანაშაულებს. ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთის ტერიტორიიდან შვეულმფრენმა ქვეყნის საზღვარი ორჯერ გადაკვეთა.

ბელარუსის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ცნობით, პირველად პოლონური შვეულმფრენი ბელარუსის ტერიტორიის სიღრმეში კილომეტნახევარზე, დაახლოებით ერთ საათში კი, ბელარუსის ტერიტორიაზე მეორედ უკვე 300 მეტრის სიღრმეში შევიდა.

ბელარუსის მედია წერს, რომ ინციდენტთან დაკავშირებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ მორიგე ავიაცია გაუშვეს. „ამ ეტაპზე მომხდარის გარემოებები ზუსტდება. თავდაცვის სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად, შესაბამის ნოტას ამზადებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

“დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე შემდგომი ზეწოლა, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს და დამარცხდეს” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრაზე შეაქო ალიანსთან უკრაინის თანამშრომლობის შედეგები, რამაც თავდაცვის კოალიციების შექმნა შესაძლებელი.

„დღეს მე და [ნატოს] გენერალურმა მდივანმა განვიხილეთ თავდაცვის სფეროში ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც ყურადღებას მოითხოვს: ბრძოლის ველზე არსებული რეალური ვითარება და უკრაინელი მეომრების საჭიროებები. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ შეგვიძლია აგრესორზე შემდგომი ზეწოლა, რათა რუსეთმა უკან დაიხიოს და დამარცხდეს და ეს სწორი ტაქტიკაა“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ნატოსთან ერთად ჩვენ ვამუშავებთ ახალ დოკუმენტს – ადაპტირებული წლიური ეროვნული პროგრამა – რომელიც განსაზღვრავს პრაქტიკულ ნაბიჯებს უკრაინის ალიანსის პრინციპებთან და სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 23 წლის ბიჭი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, იგი კლინიკაში შეყვანისას გარდაიცვალა.

ინციდენტის დეტალები უცნობია, თუმცა არსებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.

ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სამართალდამცავებს სავარაუდო ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებული ჰყავთ.

სოფელ გუდანთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 59-ე კმ-ზე, სოფელ გუდანთან, კლდის მასის ჩამოშლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

“საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც” – შალვა პაპუაშვილი

რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამ ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების ევროპული კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კონფერენციის თემაა – „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგები და ეროვნული პარლამენტების როლი უკრაინის აღდგენაში“.

„ჩემთვის პატივია ამ კონფერენციაში მონაწილეობა და საქართველოს პერსპექტივის გაზიარება ისეთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელმაც ევროპა და მთელი მსოფლიო მოიცვა – რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონფლიქტმა ძირი გამოუთხარა უსაფრთხოების არსებულ არქიტექტურას, უზარმაზარი ზიანი მიაყენა უკრაინას და მოკლა მშვიდობიანი ევროპის იმედი.

წელიწადზე მეტია, უფრო და უფრო მეტად დაუცველ და ტურბულენტურ მსოფლიოში ვცხოვრობთ. ტრადიციული გაგებით უსაფრთხოების გამოწვევების გარდა, რუსეთის ომმა სერიოზული დარტყმა მიაყენა ენერგო და სურსათის ბაზრებს, რამაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანზე იქონია უარყოფითი გავლენა.

რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობამ ამ საუკუნეში ყველაზე მასშტაბური სახით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ეროვნული სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის ნორმები. ლიბერალური საერთაშორისო წესრიგი დიდი წნეხის ქვეშ მოექცა.

თუმცა, ჩემი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ეს აგრესია სიურპრიზი არ ყოფილა. მართლაც, საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საქართველოს მხარდაჭერა მტკიცე და ურყევია არა მხოლოდ იმის გამო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ საერთაშორისო სამართალს, არამედ იმის გამოც, რომ ჩვენ გვესმის უკრაინის ტკივილი. საქართველო პირველი იყო, ვინც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია საკუთარ თავზე 2008 წელს გამოსცადა რუსეთის მხრიდან სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობის, ეთნიკური წმენდის, საკუთარი სახლებიდან ათეულობით ათასობით ადამიანის გამოყრის, საოკუპაციო ხაზით საზოგადოების გაყოფის სახით. 2008 წელს რუსულ აგრესიაზე საერთაშორისო რეაგირება სუსტი, დროებითი და არაეფექტიანი იყო. საბედნიეროდ, საქართველოს მაგალითისგან განსხვავებით, დღეს ჩვენ ვხედავთ რუსეთის აგრესიულ ნაბიჯებზე ძლიერ და გაერთიანებულ ევროპულ რეაგირებას.

ეს ახალი სიტუაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს საპარლამენტო დიპლომატიის მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის წახალისებისა და ურთიერთგაცვლების მიმართულებით. შესაბამისად, დღევანდელი კონფერენცია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საერთო ინტერესის საკითხების განხილვისა და მომავლის ერთობლივ ნაბიჯებზე საერთო ხედვის ჩამოყალიბებისთვის“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პაპუაშვილის თქმით, საქართველომ უკრაინისადმი სოლიდარობა გამოხატა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ძლიერი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯებითაც.

„ეს გავაკეთეთ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციის, ასევე საქართველოს მიწაზე, დედაქალაქიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით რუსული სამხედროების ყოფნის ფონზე.

საქართველო იყო თანაავტორი, შეუერთდა ან მხარი დაუჭირა უკრაინის მხარდამჭერ ასეულობით რეზოლუციას, ერთობლივ განცხადებას თუ სხვა ინიციატივას ყველა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ორგანიზაციების და ინსტიტუტის ფარგლებში.

გარდა ამისა, საქართველო შეუერთდა რეიკიავიკის დეკლარაციას. ჩვენ, საქართველოს პარლამენტი, მხარს დავუჭერთ საქართველოს მთავრობას აღნიშნული დეკლარაციის განხორციელების საქმეში.

ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის ახლო მეგობრობის გარდა, ჩვენ გვაკავშირებს მომავლის საერთო ხედვაც – ევროკავშირისა და ნატოს წევრობა. ჩვენი დამოკიდებულება ნათელი და მტკიცეა და გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნები გააგრძელებენ ამ გზაზე წინსვლას. ახლა საუკეთესო დროა იმ ქვეყნების წახალისების, რომლებიც იცავენ ევროპულ ღირებულებებს და ისტორიულად ეკუთვნიან ევროპულ ოჯახს“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „აგრესორს უნდა შევახსენოთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს“.

„მშვიდობა უბრალოდ ფუფუნება კი არა, არამედ ის ფუნდამენტური პრინციპია, რომელსაც ჩვენს ქმედებებსა და გადაწყვეტილებებში უნდა ვითვალისწინებდეთ. უნდა დავდგეთ ერთად და მოვითხოვოთ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა, საზღვრების დაცვა და ყველა ერის უფლებების დაცვა.

მტკიცედ მწამს, რომ უკრაინა მოიგებს ამ ომს და შემდეგ საერთაშორისო ძალისხმევა მიმართული იქნება უკრაინის აღდგენა-რეკონსტრუქციისკენ, რაც გააძლიერებს ქვეყნის მედეგობას და ხელახლა შექმნის საფუძველს თავისუფალი და განვითარებული ქვეყნის, რომელიც მჭიდროდ იქნება ინტეგრირებული ევროპისა და გლობალურ ეკონომიკაში.

ჩვენი პასუხისმგებლობაა იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალმა თაობებმა არ იწვნიონ ჩვენი მარცხის შედეგები. საქართველო გააგრძელებს წვლილის შეტანას ისეთ მსოფლიოს მშენებლობაში, სადაც მშვიდობიანი ევროპის იმედები რეალობად იქცევა“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“თბილისობის” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გამო, გარკვეულ ქუჩებზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება

„თბილისობა 2023“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო,  28 სექტემბრის  23:00 საათიდან 3 ოქტომბრის 08:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის გადაადგილება  შეიზღუდება.

კერძოდ, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ვერ შეძლებენ მშრალი ხიდიდან გრიგოლ ორბელიანის მოედნის მიმართულებით. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ვირსალაძის ქუჩისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ათონელის ქუჩამდე, შემდეგ კი მარჯვნივ მოხვევით, ჭანტურიას ქუჩას დაუკავშირდებიან.

სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებითაც, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

ამასთან, 29 სექტემბრის 12:00 საათიდან პირველი ოქტომბრის 00:00 საათამდე, მოძრაობა აიკრძალება ხეთაგუროვის ქუჩაზე, N6-დან N40-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, რის გამოც, ტრანსპორტი გადაადგილდება მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N320, N323 ავტობუსები და N536 მიკროავტობუსი, ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, ზაარბრიუკენის მოედნიდან ტოლსტოის ქუჩისკენ გადაადგილდებიან, შემდეგ კი ხეთაგუროვისა და ბარათაშვილის ხიდის გავლით, ბარათაშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან.

უკუმიმართულებისას, აღნიშნული ავტობუსები და მიკროავტობუსი ბარათაშვილის ქუჩიდან მოძრაობას გააგრძელებენ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით, დაუკავშირდებიან მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რის შემდეგაც, N323 ხეთაგუროვის ქუჩაზე გადაინაცვლებს და მგზავრებს დადგენილი სქემით მოემსახურება, ხოლო N320 და N536 ზაარბრიუკენის მოედნიდან უკვე არსებული მარშრუტით იხელმძღვანელებენ.