Home Blog Page 2268

“გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა” – თეა წულუკიანი

გარკვეულმა ძალებმა, როგორც ჩანს, არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა, ვინაიდან ისინი უკვე აშკარად, თვალშისაცემად გადიან დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესიდან, – ამის შესახებ საქართველოს, ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა იყოს ფრთხილად და ყურადღებით.

„არ მგონია, რომ დღეს საჭიროა, იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, თანამშრომელი, მთავრობის წევრი ან იყო ხელისუფლებაში, რომ ძალიან მარტივად ამოიცნო მიზანი, პროცესების დინამიკა, რომელიც ჩვენს თვალწინ ვითარდება. როგორც ჩანს, გარკვეულმა ძალებმა არჩევნებამდე მრავალი თვით ადრე დაიწყეს ვითარების დაძაბვა, ვინაიდან ისინი უკვე აშკარად, თვალშისაცემად გადიან დემოკრატიული, კონსტიტუციური პროცესიდან, აღარ ესწრებიან „მინისტრის საათის“ ფორმატში გამართულ სხდომებს, უარს ამბობენ საკუთარი ამომრჩევლის სახელით დასვან მთავრობის წინაშე მწვავე კითხვები, იქონიონ ჩვენთან მწვავე დიალოგი და გაგვაკრიტიკონ, მოისმინონ პასუხები. როგორც ჩანს, მათ ეს კონსტიტუციური ნორმალური, პოლიტიკური პროცესი აღარ აწყობთ, აღარ მოსწონთ და სავარაუდოდ სხვა გეგმები უნდა ჰქონდეთ. ეს დევს ზედაპირზე. დღეს სახიფათო ვითარება არ არის, მაგრამ ჩვენ იმისთვის ვართ მრავალჭირგამოვლილი ქვეყანა, ერი, რომ ვიყოთ ფრთხილად, არ ავყვეთ მათ უპასუხისმგებლო განცხადებებს, პროვოკაციებს, რომლებსაც, როგორც თავადვე ამბობენ, არც კი მოერიდებიან.

ყველაფერი იქნება მშვიდობიანად, სტაბილურად, კარგად, მთავარია, მოწოდების სიმაღლეზე ვიყოთ ისინი, ვისაც გვაქვს გონება, ვისაც აბარია პასუხისმგებლობები. ყურადღებით უნდა იყოს ასევე ის ადამიანი, ვისაც დესტრუქციული, რადიკალიზებული ოპოზიცია მიმართავს, რომ ჩაერთოს ამა თუ იმ პროცესში, იქნება ეს ხელოვანი თუ სხვა ადამიანი, სხვა სფეროს წარმომადგენელი. მათ უკვე სახიფათო თამაში აქვთ წამოწყებული და ჩემი ქვეყნის არცერთ შვილს არ ვუსურვებ, რომ უნებლიედ აღმოჩნდეს ამაში ჩართული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

“ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ”

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებლის შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „გლობალური ომის პარტიამ“ თავისი აგენტი დატუქსა.

„დილიდან მეგონა, რომ „რაღაც გამიხარდებოდა“ და ველოდებოდი როგორც მინიმუმ ორ მოვლენას: 1) აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი დიპლომატიური ფოსტით გადმოგვცემდა Отар Анзорович Парцхаладзе-ს კლასიკურ ტიპურ ხელწერილს, ФСБ-ს დირექტორ Бортников-ის სახელზე, მასთან თანამშრომლობაზე თანხმობის თაობაზე და 2) რეალური აგენტის დატუქსვას, რომელმაც მორიგი დავალება „ჩააფლავა“ და კოლექტიური აგენტოკრატიული დასავლეთი მერამდენედ ჩააგდო უხერხულ და წამგებიან მდგომარეობაში.

ამ ორი მოლოდინიდან გამართლდა მეორე ვარიანტი. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს“. ეს გასაგებია – პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვერ გვეტყოდა, რომ დასავლეთის ძირითადი სპეცსამსახურების წარმომადგენლები საქართველოში, თავისი უიღბლო აგენტის „გასაროზგად“ მივიდნენ და როგორც მინიმუმ, ყური აუწიეს მას.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ზურაბიშვილს ჰქონდა კიდეც სურვილი, ჩვეული და საკუთარ ამომრჩეველზე აპრობირებული ფორმით მიემართა მათთვის: „რატომ მომვარდით?“ – მაგრამ ეგ რომელი „მალვინა“-მარიონეტია, საკუთარ „კარაბას-ბარაბასს“ რომ აუჯანყდეს. ამიტომ, დატუქსვას დიდი ალბათობით ადგილი ჰქონდა. სამხრეთ კავკასიაში კატასტროფულად ცუდად მისდით საქმე ზურაბიშვილის მმართველ აგენტოკრატებს – რეგიონი „გლობალური ომის პარტიის“ ორბიტიდან სრული დაკარგვის პირასაა. ერთადერთი „ორბიტა“, სადაც პირადად ზურაბიშვილი მოიაზრება – ლომჯარიას ახალი პარტიაა. მაგრამ, ეს უკვე საქართველოს არა მხოლოდ „ორბიტიდან“, ეს უკვე „გლობალური ომის პარტიის“ რადარებიდან გაქრობის ტოლფასი იქნება…“,- წერს დავით ქართველიშვილი.

“თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა” – ზელენსკი

თუ უკრაინა დაეცემა, მაშინ პუტინი უფრო შორს წავა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელეკომპანია Newsmax-თან ინტერვიუში.

“მადლობა მინდა გამოვხატო უკრაინის მხარდაჭერისთვის. მსურს პრეზიდენტ ბაიდენის მიმართ მადლიერების სიტყვები გამოვთქვა ორპარტიული მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მჯერა, რომ თქვენ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიცია გააკეთეთ დემოკრატიის დაცვაში და მე უკვე აღვნიშნე, რომ ომი ძალიან ძვირია”, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

“ეს შეიძლება იყოს ძალიან ძვირი მთელი მსოფლიოსთვის. თუ უკრაინა [დაეცემა], მაშინ პუტინი უფრო შორს წავა. ის თავს დაესხმება ნატოს წევრ ქვეყნებს. და ამ შემთხვევაში, შეერთებულმა შტატებმა სხვა მოკავშირეებთან ერთად უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, გაგზავნონ თუ არა საკუთარი ვაჟები და ქალიშვილები ამ სხვა ომში”, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

ნუგზარ წურწუმია მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 21 სექტემბერს ასპარეზობა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა დაიწყეს.

საქართველოს ნაკრების სახელით ოთხი მოჭიდავე – ნუგზარ წურწუმია (55 კგ), იური ლომაძე (77 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ) გამოვიდა, რომელთაგანაც წურწუმია ფინალში იჭიდავებს.

ქართველმა ფალავანმა მეოთხედფინალში მოლდოველ არტიომ დელეანუს 10:0 მოუგო,ფინალში გასასვლელად კი უზბეკი ოკტიკბოევი დაამარცხა. წურწუმია ხვალ, 22 სექტემბერს, ფინალურ ბლოკში შეეცდება მსოფლიო ჩემპიონობა კარიერაში მეორედ მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ ბელგრადში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მედლის მოპოვება შეძლო – გივი მაჭარაშვილი (97 კგ) და შოთა ფარტენაძე (61 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ, ხოლო ვლადიმერ გამყრელიძემ (79 კგ) და გენო პეტრიაშვილმა (125 კგ) ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

პეტრიაშვილმა და მაჭარაშვილმა, მედალთან ერთად, პარიზის ოლიმპიადის საგზურებიც გაინაღდეს. საქართველოს ნაკრები საერთო გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა, მხოლოდ აშშ-სა და ირანს ჩამორჩა.

აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს „სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებს

აზერბაიჯანის ხელისუფლება საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, კატრინ კოლონას სეპარატიზმის ხელშეწყობასა და სომხეთში რევანშისტული ძალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, „საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის უპასუხისმგებლო განცხადებები მიზნად ისახავს რეგიონში არსებული რეალობის დამახინჯებას“.

ბაქოში აცხადებენ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წინა სხდომებზე საფრანგეთის მიერ აზერბაიჯანის იზოლაციის მცდელობის მარცხის მიუხედავად, ამ ქვეყნის შემდეგი მცდელობა, გამოიყენოს უშიშროების საბჭო რეგიონის შეზღუდული გაგების პოლიტიკისთვის, არა მხოლოდ საშიშია, ასევე არ ემსახურება რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას.

„აზერბაიჯანს არასოდეს ამოუღია მიზანში მშვიდობიანი სომეხი მოსახლეობა. ის მოწოდებულია, განახორციელოს სომხური წარმოშობის მცხოვრებლების რეინტეგრაციის პროცესი ჩვენს საზოგადოებაში და უზრუნველყოს მათი უფლებები და უსაფრთხოება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის ფარგლებში. ამასთან დაკავშირებით, საფრანგეთის განცხადება სომეხი მცხოვრებლების არარსებულ „მასობრივ დეპორტაციაზე“ ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ ამ ქვეყანას სურს, შემდგომი ბრალდებები წაუყენოს აზერბაიჯანს“, – აღნიშნულია განაცხადებაში.

“ადამიანს თუ არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება” – მეუფე შიო მუჯირი

ადამიანი შეიძლება, მონათლულიც იყოს, ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლესა და სინანულს, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიო მუჯირმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის შემდეგ, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

ქადაგების დასაწყისში მეუფე შიომ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მილოცვა და დალოცვა გადასცა.

„როგორც იგალობება დღევანდელი დღესასწაულის კონდაკში, ღვთისმშობლის შობამ გაათავისუფლა მისი მშობლები უშვილობის ყვედრებისგან. წმინდა იოაკიმე და ანა ამ ყვედრებას მთელი ცხოვრების განმავლობაში ითმენდნენ. როგორც პირად საუბრებში, ასევე ზურგს უკან, ჭორების სახით, მათზე ამბობდნენ, რომ ძალიან ცოდვილნი არიან, რაღაც ისეთი საიდუმლო ცოდვები აქვთ, რის გამოც ღმერთი შვილებს არ აძლევს. თქვენ გახსოვთ, ძველად ისრაელში უშვილობა ნიშნავდა, რომ ღმერთმა დასაჯა წყვილი და მიატოვა ცოდვების გამო. ამიტომ მათზეც ასე ფიქრობდნენ, მაგრამ სინამდვილეში ღმერთმა მათზე ეს ჯვარი დაუშვა სულ სხვა მიზეზით: იმისთვის, რომ ასეთი მკვეთრი საშუალებით ყველაფერი, რაც კი დაკავშირებულია ამპარტავნებასთან, გაღიზიანებასთან, სხვათა განკითხვასთან, მრისხანებასთან თუ სხვა ვნებებთან, მათგან განშორებულიყო. შედეგად, იმ დროს მთელ დედამიწაზე ამ ორ ადამიანს ყველაზე მეტი სიმდაბლე ჰქონდათ, ყველაზე თავმდაბალი ადამიანები იყვნენ.

როდესაც მათ მიაღწიეს ამ სათნოებასა და სიმდაბლის თვისებას (სიმდაბლის თვისების მოხვეჭას ათწლეულები სჭირდება, მათაც სიბერეში მიაღწიეს ამას), მაშინ, როგორც ნათქვამია ჩვენს ლოცვებში, ღვთის მიერ იძლია ბუნების წესი და მათ შვეს ქალწული, ქალიშვილი.

რისთვის იყო საჭირო ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა ჰქონოდა მათგან შობილ ქალწულს, ღვთისმშობელს ასეთი სიმდაბლე? რატომ უნდა დაბადებულიყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ასეთი თავმდაბალი მშობლებისგან?

ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ის უნდა გამხდარიყო ქრისტე მაცხოვრის განკაცების იარაღი. ის უნდა დაბადებულიყო ასეთი მდაბალი მშობლებისგან, იმიტომ, რომ თავად უფალია მდაბალი, როგორც თვითონ ამბობს: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“;

ასევე იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მუცლადღება უნდა მომხდარიყო სულიწმიდისგან, სულიწმიდა მიდის მხოლოდ სიმდაბლესთან, უახლოვდება მდაბალ ადამიანს“, – აღნიშნა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის თქმით, თუ ადამიანს არ გააჩნია სიმდაბლე, შეიძლება ითქვას, რომ იგი ქრისტიანადაც არ იწოდება.

„როგორც წერდა წმინდა პავლე მოციქული: „ვისაც ქრისტეს სული არ გააჩნია (ქრისტეს სულში სწორედ სიმდაბლე იგულისხმება), ის არც არის მისი“. ანუ ის არც არის ქრისტესი. ასეთი ადამიანი შეიძლება, მონათლულიც იყოს, შეიძლება, ეკლესიაშიც დადიოდეს, ლოცვებსაც კითხულობდეს, მკაცრადაც მარხულობდეს, წმინდა წერილსაც კითხულობდეს, მაგრამ არანაირი სარგებელი აქედან არ ექნება, თუ ეს ყველაფერი არ ეფუძნება სიმდაბლესა და სინანულს, რაც გულისხმობს ადამიანის გამოსწორებას, ცხოვრების წესის შეცვლას, სულიწმიდის მადლის მოზიდვასა და მოხვეჭას, როგორც ნათქვამია წმინდა წერილში: „ღმერთი ამპარტავანს შემუსრავს, მდაბალსა მოსცის მადლი“.

აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ამიტომ დღევანდელი დღესასწაულით უფალი გვაჩვენებს ჩვენ, თუ სად არის ხსნა და გადარჩენა. დღევანდელ კონდაკში ასევე ნათქვამი იყო, რომ ღვთისმშობლის შობით ადამი და ევა გათავისუფლდნენ ჯოჯოხეთისგან: „ხოლო ადამ და ევა ხრწნილებისგან და სიკუდილისა უხრწნელო, განთავისუფლდეს დიდებულითა და პატიოსნითა შობითა შენითა“.

აი, აქ ადამსა და ევაში იგულისხმება მთელი კაცობრიობა, ვინაიდან ჩვენ მათი შთამომავლები ვართ და, ამრიგად, ეს დღესასწაული ყოფილა, როგორც ამბობს კონდაკის ტექსტი და როგორც წმინდა ეკლესია ასწავლის, გადარჩენის მომტანი კაცობრიობისთვის“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისი თქმით, ღვთისმშობლის შობის დღესასწაული, რომელიც იზეიმება საეკლესიო წლის დასაწყისში, მორწმუნეებს აჩვენებს იმ გზას, რომლითაც უნდა იარონ.

„ასე, მთელი წლის განმავლობაში, დღესასწაულიდან დღესასწაულამდე, ერთი სახარებისეული მოვლენიდან მეორემდე, ასე მთელი ცხოვრების განმავლობაში წმინდა ეკლესია მიგვიძღვის ჩვენ ღმერთის სასუფევლამდე, რომლის დამკვიდრებას ღირს გვყოს ჩვენ უფალმა ღმერთმა, ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისათა“, – განაცხადა მეუფე შიომ.

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მრევლს შეახსენა, რომ სექტემბრის თვე არის ბავშვთა კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვე და ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვა წაიკითხა.

“სალომე ზურაბიშვილმა ელჩებთან სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილა” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის ელჩებსა და აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ფინანსური სანქციებისა და ეროვნული ბანკის საკითხი განიხილეს.

შეხვედრის სხვა დეტალები უცნობია.

ავიაკომპანია „როსია“ თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს იწყებს

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის ვებ-გვერდზე ინფორმაცია გაჩნდა, რომლის თანახმადაც, ავიაკომპანია „როსია“თბილისში ფრენებს მიმდინარე წლის 14 ოქტომბრიდან განახორციელებს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ წერს.

ვებგვერდის მონაცემებით, რეისები დღეში ორჯერ შესრულდება.

გარდა ამისა, „როსიას“ შეუძლია ბათუმის მიმართულებით რეისები კვირაში სამჯერ განახორციელოს: ოთხშაბათს, შაბათს და კვირას. როგორც შერემეტიევოს აეროპორტის მონაცემებიდან ირკვევა, პირველი რეისი სავარაუდოდ, 14 ოქტომბერს შესრულდება.

„ნებართვის მიღების შემთხვევაში, Rossiya Airlines მზად იქნება ფრენები დაიწყოს როგორც ამ მიმართულებით (მოსკოვი-თბილისი ), ასევე სხვა მიმართულებებით“, – განუცხადეს RBC-ს ავიაკომპანიის პრესსამსახურში.

ავიაკომპანიის წარმომადგენელმა უარი თქვა დამატებითი კომენტარის გაკეთებაზე.

მედიასაშუალების ინფორმაციით, Rossiya Airlines ევროკავშირის შავ სიაშია.

„ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს ​

„ანუ „ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს”- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე, „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სებ-ის საბჭოს კანდიდატები პრეზიდენტთან დაიბარეს და მათ უართან დაკავშირებით განცხადების დაწერას სთხოვდნენ.

ანჯაფარიძის განცხადებით, პრეზიდენტის ეს ქმედება მიუთითებს, რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას.

„ანუ „ევროპელი” სალომე „გრუზინულად” ქურდულ ამბავში იბარებდა და „ტისკავდა” ბანკის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს. კიდევ ერთხელ დადასტურდა ის რომ ევროპაში დაბადება და გაზრდა ყოველთვის არ ნიშნავს ევროპელობას . ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო და ასე დარჩა სალომე „მართმადიანად,” – წერს ზაალ ანჯაფარიძე Facebook-ზე.

„ამხანაგი” ხოშტარია МГИМО-ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი”

„ნაცუტიფრების“ ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, კრემლიდან დაფინანსებული ელენე ხოშტარია მორიგ სიყალბეს ავრცელებს. ფაქტია, რომ “ამხანაგი” ხოშტარია МГИМО- ს ბეჯითი სტუდენტი იყო და კარგად შეუსწავლია რუსული სპეცსამსახურების სტილი – ბოროტი ტყუილების უსინდისოდ გავრცელება იმის მიუხედავად, რომ თავად რუსი ჩეკისტია, – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე „დროა“-ს ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ნათია თურნავა პირდაპირ კავშირშია ოთარ ფარცხალაძესთან და რუს ბიზნესმენებთან.

„“რუბლოვნად“ წოდებულმა ხოშტარიამ განაცხადა, რომ როდესაც ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრი იყო, სამინისტროსა და შპს „საქართველოს ბიზნეს ბროკერიჯს შორის“ მემორანდუმი გაფორმდა, სადაც წერია, რომ სამინისტრო მზადაა, კომპანიას შესაბამისი ლიცენზიებისა და ნებართვების მოპოვებაში ხელი შეუწყოს. ხოშტარიას ინფორმაციით, აღნიშნული კომპანიის დამფუძნებელი ფარცხალაძის პარტნიორი, რუსი ბიზნესმენი რომან ბოკერიაა. რუსეთის სასარგებლო იდიოტების, ნაცსექტანტების ფარისევლობა უკიდეგანოა“, – წერს გია აბაშიძე.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6879 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6879 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6750 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0129 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8637 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8631 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0006 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

სებ-მა 37,150 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

2023 წლის 21 სექტემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ–ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 37 150 000 აშშ დოლარი, ხოლო საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6884 შეადგინა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.