Home Blog Page 2264

“მისასალმებელია ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას”-პრემიერი

ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. ძალიან მნიშვნელოვანია, გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბრისას განაცხადა.

ამასთან, პრემიერმა აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის შემდეგ წინა ხელისუფლებამ ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნა სავიზო რეჟიმი რუსეთთან.

„მინდა, ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით. რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები რუსეთში წასასვლელად. ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია გაადვილდეს მოძრაობა, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ასე შემდეგ. ეს არის დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.

ზოგადად, უვიზო მიმოსვლას რაც შეეხება, ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20 პროცენტი დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, წინა ხელისუფლებამ ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. სააკაშვილი იყო მაშინ პრეზიდენტი. საერთოდ არაფერი არ მოუთხოვიათ რუსეთისგან, არც მოლაპარაკება გამართულა და არაფერი. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები. ეს ყველაფერი ხდებოდა ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ რაღაც გონივრული სახელმწიფო პოლიტიკა და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ სულ მცირე, უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობების გარეშე მოხსნეს სავიზო რეჟიმი. მინდა, ეს ფაქტი შევახსენო საზოგადოებას.

ალბათ დამისვამთ კითხვას, რომელიმე ე.წ. ასოცირებულ ქვეყანას, უკრაინას, მოლდოვას თუ აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. აქვს, მეგობრებო. ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ეს ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. რა თქმა უნდა, დადებითი და მისასალმებელია ყველაფერი, ყველა გადაწყვეტილება, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ევროპელ სოციალისტთა ოჯახის დატოვებით “ქართული ოცნება” ღიად გაფორმდა რუსულ ძალად”-გიორგი ვაშაძე

დღეს „ქართული ოცნება“ ღიად და დაუფარავად გაფორმდა რუსულ ძალად. „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციულად დატოვა ევროპელ სოციალისტთა ოჯახი, – ამის შესახებ  „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე.

„ეს არის გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის პოლიტიკური ოჯახი, სწორედ ამ პოლიტიკურ ოჯახს წარმოადგენს გერმანიის მმართველი პარტია. „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად შეუერთდა პუტინის „ეძინაია რასიას“. ეს არ არის მხოლოდ ღია, მკაფიო უარის თქმა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე. ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე უარის თქმა, რაც პირდაპირი დარტყმაა საქართველოს სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობაზე და იმ დიდ მიზანზე, რაც გვაქვს – ძლიერი საქართველო ევროკავშირთან და ნატო-სთან ერთად. ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ქმედება, რათა რუსეთის ჩრდილქვეშ შეინარჩუნოს ძალაუფლება პოლიტიკურმა დაჯგუფებამ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც საქართველოსთან, არც ქართულ ღირებულებებთან და არც ეროვნულ ინტერესებთან. დღევანდელი გადაწყვეტილებით, მათ ერთადერთი საერთო აქვთ რუსულ რეჟიმთან, პუტინთან და იმ მავნებლურ ტერორისტულ ძალასთან, რომელიც ძალიან მალე დამარცხდება. დღეს ისე, როგორც არასდროს, ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებას გვქონდეს ერთიანი, კონსოლიდირებული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. რასაც დანაშაულებრივად სჩადის „ქართული ოცნება“, არ არის მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა. ეს არის პირდაპირი დარტყმა საქართველოს სუვერენიტეტზე. 2001 წელს რუსეთმა საქართველოს დაუწესა სავიზო რეჟიმი, რადგან საქართველომ აირჩია დამოუკიდებელი საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის მიმართულებით. გუშინ მათ მოუხსნეს სავიზო რეჟიმი სწორედ ამ გადაწყვეტილების გამო, რომ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე. „ქართული ოცნება“ საკუთარ ბედს უკავშირებს მარცხისთვის განწირულ პუტინს და რუსეთს. ისინი დემონსტრაციულად ტოვებენ ევროპულ სოციალისტთა ოჯახს. ყველაფერი დღესავით ნათელია. ვინმეს კიდევ ეჭვი თუ ეპარებოდა „ქართული ოცნების“ რუსულ ბუნებაში, დღეს ღია, დაუფარავი მტკიცებულება მიიღო. ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანები, რათა საქართველოს დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი შევინარჩუნოთ. ერთიანობა არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შეგვიძლია, შემოვატრიალოთ ეს ბედუკუღმართობა, რაშიც ყველა ერთად გაგვხვია რუსულმა რეჟიმმა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, დავტოვონ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსი და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებები.

“ქალბატონო ელჩო, დავუწესოთ სანქციები პრეზიდენტ ბაიდენის ოჯახს? ღია წყარო წერს რომ მილიონი $ მიიღო კორუმპირებული ბიზნესმენისგან” -გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს მიმართავს.

„ქალბატონო ელჩო! ღია წყარო New York Post-ი წერს: კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონი დოლარი მიიღო.

როგორ ფიქრობთ დაუწესოთ სანქციები პრეზიდენტის ოჯახს?“ – წერს გოგა ხაინდრავა Twitter-ზე.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების კომიტეტის მტკიცებით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ოჯახმა კორუმპირებული რუმინელი ბიზნესმენისგან მილიონ დოლარზე მეტი მიიღო.

“იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?” – ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის „ფეისბუქ“ სტატუსს, სადაც ზურაბიშვილი რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ „თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას“.

ექსპერტის შეფასებით, პრეზიდენტი ამ განცხადებით ხელისუფლების დაზიანებას ცდილობს.

„ქალბატონო პრეზიდენტო,
როდესაც განცხადებას ამ სიტყვებით იწყებთ და ყველა შემთხვევაში ცდილობთ ხელისუფლების დაზიანებას, იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი?“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“ქართული ოცნება” IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია”- კელი დეგნანი

IRI და NDI დიდ როლს თამაშობენ საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

„მსურს გამოვეხმაურო აღმაშფოთებელ სიცრუეს, რაც “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” შესახებ ვრცელდება მმართველი პარტიისა და მასთან დაკავშირებული მედია საშუალებების მიერ. IRI მხარს უჭერს საქართველოში დემოკრატიას 20 წელზე მეტია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ IRI-სგან მეტ დახმარებას იღებს, ვიდრე რომელიმე სხვა პოლიტიკური პარტია. “ქართული ოცნების” ბევრი ლიდერი IRI-ს პროგრამების კურსდამთავრებულია, მონაწილეობა აქვს მიღებული მათში. ასე რომ ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია დამოუკიდებელი გამოკითხვის ჩახშობას და თავს ესხმის ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც დაინტერესებული არიან მხოლოდ იმით, როგორ ისწავლონ, იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. დამოუკიდებელი გამოკითხვა, რომელიც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა შემაწუხებელი იყოს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, პოლიტიკური ლიდერებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად იმის შესახებ, რა არის საზოგადოების პრიორიტეტები“, – განაცხადა ელჩმა.

მისი თქმით, “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი” და „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, რომლებსაც ქვეყნის მომავლის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ.

„ჩვენ აქ, საქართველოში ვხედავთ, რომ ახალგაზრდა ადამიანებს სურთ წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელსაც მომავლის განსაზღვრაში დიდი მნიშვნელობა აქვს. აი რას ემსახურება IRI და NDI, ისინი ეხმარებიან ამ ადამიანებს იმ უნარების განვითარებაში, რაც ამ საკითხების განსახილველად არის საჭირო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც განსხვავებული მოსაზრება აქვთ ამ საკითხებთან დაკავშირებით, ეხმარება მათ იმაში, თუ როგორ ჩაერთონ კონსტრუქციულად და მშვიდობიანად პოლიტიკურ პროცესებში და წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავლის განვითარებაში. IRI და NDI დიდ როლს თამაშობს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში წლების განმავლობაში და შეერთებული შტატები ამაყია იმით, რომ მხარს უჭერს მათ“, – აღნიშნა ელჩმა.

“ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და არა – კრემლის მიერ შერჩეულ დროს დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!” – პრეზიდენტი

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.

პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთ-საქართველოს შორის მიმოსვლა პრობლემას არც აქამდე არ წარმოადგენდა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები ტყუილად აპელირებენ ჰუმანიტარულ ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე.

„თუ ესოდენ გვაინტერესებს ქართული წარმოშობის თანამემამულეების ბედი, საინტერესოა, რატომ ვერაფრით მივაღწიე შედეგს იუსტიციასთან ოთხწლიანი მოლაპარაკებებით, ანუ იმას, რომ გამარტივდეს მოქალაქეობის მინიჭება, რათა ხელოვნურად, გაუგებარი ტესტებით არ ვართულებდეთ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენას, ან მინიჭებას. დარწმუნებული ვარ, ეს საკითხი ბევრად მტკივნეულია და აქტუალური რუსეთში (და არა მხოლოდ რუსეთში) მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისთვის, მით უმეტეს, დღევანდელ დღეს, როცა ბევრს სამუდამო დაბრუნების სურვილი გაუღვივდა.

რაც ეხება საქართველოში ჩამოსვლის ვითომცდა სირთულეებს, გაგახსენებთ, რომ რუსეთიდან უპრობლემოდ ჩამოდიან მინსკის, ერევნის, ბაქოს და თურქეთის გავლით, ან კიდევ ლარსის სახმელეთო საზღვრის გადაკვეთით. ვიზის პრობლემა ხომ არ ჰქონიათ! 700 000 -ზე მეტი შემოსული რუსეთის მოქალაქე (მათ შორის, ქართული წარმოშობის) და 600 000 ჩვენი ქვეყნიდან გასული, იმას მაინც ადასტურებს, რომ გადაადგილება მარტივია. მაშასადამე, ტყუილად აპელირებენ რაღაც ჰუმანიტარულ, ფსევდოპატრიოტულ გრძნობებზე. ეს საკითხი არ დგას და არ იდგა, თუ არა კრემლის მანიპულაცია!

საინტერესოა რატომ?

ვინც ამ თემით აპელირებს და სტკივა რუსეთში მყოფი ჩვენი მოქალაქეების ბედი, იმავდროულად, ნუთუ არ ადარდებს ასევე ამერიკაში, ან ევროპაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ბედი, რომლებიც პირდაპირი რეისებით ვერ სარგებლობენ და მათაც უჭირთ სამშობლოში ჩამოსვლა.

იმაზეც ხომ არ უნდა ვფიქრობდეთ, რომ უკვე სამი წელია, არ შეუძლიათ ჩვენს თანამემამულეებს ჰერეთიდან ჩამოსვლა, რადგანაც კოვიდის შემდეგ ჩაკეტილი ლაგოდეხ – ბელაქანის საზღვარი აღარც გახსნილა. (ადამიანებმა გრძელი გზა უნდა გაიარონ ბაქომდე და იქიდან გადმოფრინდნენ, რაც პრაქტიკულად მათი უმრავლესობის შესაძლებლობებს აღემატება).

უნდა ვიზრუნოთ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებსა, თუ ყოფილ მოქალაქეებზე, ეს უნდა იყოს ჩვენნაირი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტი და დიასპორის მიმართ კომპლექსური სტრატეგია და არა კრემლის მიერ შერჩეულ დროს და დაკვეთილ მუსიკაზე ცეკვა!“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აღნიშნულია სუს-ის ინფორმაციაში.

თურქეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სექსუალური ხასიათის ყალბი სურათები დაასახელა. მუჰარემ ინჯეს მტკიცებით, 45 დღის განმავლობაში ცილისწამების მსხვერპლი იყო და თურქეთის ხელისუფლებამ მისი რეპუტაცია ვერ დაიცვა.

BBC-ი წერს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მუჰარემ ინჯეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უდიდეს კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დიდ ბიძგს აძლევს, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს და ბოლო გამოკითხვებით მას ხმას ამომრჩევლის 49%-ი აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მუჰარემ ინჯეს ამომრჩევლის მცირე ნაწილი აძლევს ხმას, ოპოზიციის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მის მიერ კანდიდატურის მოხსნის შედეგად, შესაძლოა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს.

ცნობისათვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს იმართება. თუ ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში, მუჰარემ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5458 ლარი ეღირება, ევრო – 2.7805 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1998 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5294 ლარი ღირდა, ევრო – 2.7707 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1913 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 მაისს ამოქმედდება.

“ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვება არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე”

„ქართული ოცნების“ მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ხედვა, ადგილი და მისწრაფება არის ძალიან შორს ევროპისგან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვებას შეეხებოდა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ზურგი აქცია ევროპულ ოჯახს.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, „ევროპულ სოციალისტური პარტიის“ ოჯახში აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ წევრობასთან დაკავშირებული საკითხი. შესაძლოა, გაერიცხათ კიდეც. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ევროპული ოჯახის წევრობაზე თავად თქვეს უარი. რაც კიდევ ერთო დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არც ერთი ევროპული ოჯახის წევრი არ არის და რომელიც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის.

როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ვერ იგრძნო ვერანაირი მხარდაჭერა, თურმე აბსურდულ რეზოლუციებზეა საუბარი, მას ავიწყდება, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა პრემიერის მხრიდან, არც ერთი არ იყო ევროპული ფასეულობა და ევროპული ღირებულება. სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხი საკუთარი ევროპული ოჯახიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ დატოვონ „ევროპელი სოციალისტები“, არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულმა ოცნებამ “ევროპას ზურგი აქცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებების დატოვების შესახებ.

“რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ – BBC russian

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ორი კურდღლის მოკვლის მცდელობა: რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ (ავტორები – ნინა ახმეტელი, მარია კისელიოვა).

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების შინაარსი, რომლებიც საქართველოს ეხება – სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას.

ჟესტი „ქართული ოცნებისაკენ“

„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. იგივე საკითხზე იმსჯელეს მოსკოვში გამართულ ქართულ-რუსულ ფორუმზეც, რომელშიც ქართული და რუსული საზოგადოებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი, – ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებებს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ“.

კრემლი დაინტერესებული არ არის იმაში, რომ მომავალ არჩევნებში ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. მოსკოვისათვის ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ [მეტ-ნაკლებად კომფორტულ და სასურველ] პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, იბადება კითხვა: რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს ისეთი საქართველოსთვის, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კრემლის ნაბიჯი [დადებითად] შეეფასებინა? – ამბობს „ბიბისი“-სთან საუბარში ექსპერტი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგის ბრძანებულებები ნეგატიურად შეაფასა და მათ „მორიგი რუსული პროვოკაცია“ უწოდა, თუმცა იქვე ციტირებულია პოლიტოლოგ ალექსანდრე კინევის ნათქვამი – „საქართველოს პრეზიდენტს არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება არ აქვს“.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებები რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს (ე.წ. რელოკანტებსაც) ეხება – „მათ სამშობლოში დაბრუნება პირდაპირი ავიარეისით შეუძლიათ… ანუ ამ შემთხვევაში კრემლი ორ კურდღლის მოკვლას ცდილობს – ერთი მხრივ, ეს არის კარგი ჟესტი ‘ქართული ოცნებისაკენ“ და მეორე მხრივ – მიწვევა რუსების მიმართ სამშობლოში დასაბრუნებლად“.

„არაფერი დადებითი“

საქართველოს მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა. ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ ამით ცხოვრება უიოლდება საქართველოს იმ მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ…

მაგრამ მოსკოვის ნაბიჯმა ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილში ნეგატიური ტალღა გამოიწვია და მათ საბაბი მისცა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ „ქართული ოცნება“ პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაში.

სტატიაში ციტირებულია ნაცმოძრაობის წევრის ანა წითლიძის და პარტია “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და მათ მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიტიური დამოკიდებულება უარყოფითად არის შეფასებული. „მე მინდა რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ თბილისში ვერცერთი კომპანია თავის ოფისს ვერ გახსნის… თქვენ ქართველი ხალხი ფიზიკურ წინააღმდეგობას გაგიწევთ“, – განაცხადა ე.ხოშტარიამ მოსკოვის გასაგონად.

პოლიტოლოგი გიორგი ბადრიძე საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან თვლის, რომ რომ რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯები სრულიად ლოგიკურია – იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ. კრემლისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისათვის სამარცხვინოა: „იმ მორალური იზოლაციის გათვალისწინებით, როგორშიც დღეს რუსეთი იმყოფება, მოსკოვისაგან რაღაც პრივილეგიების მიღება სამარცხვინოა. მე ვფიქრობ, რომ კრემლის „საჩუქარი“ საქართველოში პრორუსული განწყობის გაძლიერებას არ გამოიწვევს“.

წყარო

“რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ”

საქართველოს მოქალაქეებს გუშინ მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 2012 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ბევრი ახლა ვითომ მათ „დალაგებულ“ მესიჯ ბოქსში ურევს ამ ყველაფერს ერთმანეთში.

„გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი. მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ანუ თვითსანქცირება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების. ერთმანეთში ურევენ ახლა სპეციალურად, შეგნებულად რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაცა, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს. ერთი კითხვა მაქვს და აქედან ვეკითხები – რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ანუ საკუთარ მოქალაქეებს თავად დაუწესებდნენ სანქციებს?!

საქართველოს ომი, ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის ომია ომი, ჩვენი მხარდაჭერა გასაგებია ჩვენს მეგობრებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ჭიკჭიკებდნენ ეს ადამიანები, ცალმხრივად სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ და ფრენებეთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პერტნიორებიც ხომ გახსოვთ 2019-2020 წლებში რას ამბობდნენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, უნდა მოეხსნას ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებს. დღეს ჩვენი ოპონენტები, ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“ საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი სამშობლო დააზიანონ, თვითსანქცირებას ითხოვენ, ანუ საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ. წარმოუდგენელი ამბავია. მაშინ, როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს, შედეგი ის არის, რომ მოუხსნათ სასჯელი და სანქცია საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე წუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ. ანუ იმას თუ მოუხნსა სასჯელი, შენვე დაუწესე საკუთარ მოქალაქეებს სასჯელიო, ამაში მდგომარეობს მათი პოლიტიკური მორალი“, – განაცხადა მდინარაძემ.