Home Blog Page 2255

ბორდოში ავტომობილი ხალხში შევარდა (ფოტოები)

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ავტომობილი ხალხში შევარდა. შედეგად, სულ მცირე, 6 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი არასანქცირებულ რბოლებში მონაწილეობდა. მძღოლმა, რომელიც დიდი სიჩქარით უხვევდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ტროტუარზე მყოფ ხალხში შევარდა.

მომხდარის შემდეგ მძღოლმა მიმალვა სცადა, თუმცა ის უკვე დააკავეს.

კვარაცხელია „ვერონასთან“ მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის შეხვედრაში „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, გათამაშების ლიდერმა შინ „ვერონასთან“ 0:0 ითამაშა.

ლიდერების, ვიქტორ ოსიმენისა და ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე „ნაპოლი“ უფერულად გამოიყურებოდა პირველ ტაიმში, რომელიც 0:0 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა, 72-ე წუთზე კი სპალეტიმ თამაშში ოსიმენიც ჩართო, რომელმაც სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველად ითამაშა. მათთან ერთად მინდორზე ლობოტკა და ზიელინსკიც გამოჩდნენ.

თუმცა, „ნაპოლიმ“ შედეგს ვერ მიაღწია და მხოლოდ ქულა მოიპოვა, 0:0. ამის მიუხედავად, ნეაპოლელები 30 ტურის შემდეგ 75 ქულით პირველ ადგილზე არიან.

ლუჩანო სპალეტის გუნდი შემდეგ შეხვედრას „მილანთან“ ჩემპიონთა ლიგაზე 18 აპრილს გამართავს.

,,მილტონის“ ჯგუფი დღემდე ფუნქციონირებს”- მოწმე

მეშინოდა, რომ მიხვდებოდნენ რას ვაკეთებდი. ფსიქოლოგიურად ძალიან სტრესული იყო, მსურდა პოლიციისთვის საკმარისი სამხილები შემეგროვებინა, – აცხადებს BBC-ის საგამოძიებო ფილმში პოლიციის გამოძიების ფარგლებში, კიევში მდებარე „მილტონის“ ქოლცენტრში ფარულად ჩანერგილი თანამშრომელი, რომელიც ახლა მოწმის დაცვის პროგრამაშია ჩართული.

 

„მილტონის“ ჯგუფი დღემდე ფუნქციონირებს და მეტ ფულსაც შოულობს. 2017 წლიდან „მილტონის“ ჯგუფის შემოსავალი დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარია. არცერთი ცენტი არ დახარჯულა რეალურ ვაჭრობაზე. დაზარალებულებს ჰგონიათ, რომ ამ კომპანიის პროგრამაში რეალური ანგარიში აქვთ, თუმცა რეალურად არაფრის ვაჭრობა არ ხდება“, – აცხადებს მოწმე.

 

აუდიო მასალის შემდეგ, BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმიც გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

 

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვის საქმეზე ჯეკ ტეიშეირა დააკავეს

საჰაერო ძალების ეროვნული გვარდიის წევრი ჯეკ ტეიშეირა პენტაგონიდან საიდუმლო დოკუმენტების გაჟონვაში მისი სავარაუდო მონაწილეობის გამო დააკავეს. ეჭვმიტანილის დაკავება მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ხუთშაბათს განაცხადა, რომ ამერიკული გამოძიება ბოლო ათწლეულის განმავლობაში სამთავრობო დოკუმენტების ყველაზე დიდი გაჟონვის წყაროს „უახლოვდება“.

ბაიდენის განცხადებამდე The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 21 წლის ტეიშეირა ხელმძღვანელობდა Discord-ის სერვერს, სადაც ფაილები იყო განთავსებული და ის არის მასაჩუსეტსის ეროვნული გვარდიის 102-ე სადაზვერვო ფრთის პირველი კლასის პილოტი. ითვლება, რომ საუბარია ასობით დოკუმენტზე, რომლებიც დეტალურად ასახავს ყველაფერს, რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების შეფასებებით დაწყებული, აშშ-ის მოკავშირე ქვეყნებში მიმდინარე პროცესების აღწერით დასრულებული.

 

რას ამბობენ ოფიციალური პირები?

 

უცნობია, თუ როგორ მოიპოვა ტეიშეირამ უაღრესად გასაიდუმლოებულ ინფორმაციაზე წვდომა. გენერალურმა პროკურორმა მერიკ გერლენდმა განაცხადა, რომ ტეიშეირა ეჭვმიტანილია „ნაციონალური თავდაცვის საიდუმლო ინფორმაციის უნებართვო წაშლაში, შენახვასა და გადაცემაში“. „FBI-ს აგენტებმა ტეშეირა ხუთშაბათს, შუადღისას, ინციდენტის გარეშე დააკავეს. თავდაპირველად ის წარდგება აშშ-ის მასაჩუსეტსის ოლქის საოლქო სასამართლოს წინაშე“, – განაცხადა საჰაერო ძალების პენტაგონის პრესსპიკერმა.

ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე გენერალმა პეტ რაიდერმა ტეიშეირას საქმესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს მიმდინარე გამოძიებაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა. თუმცა მან აღნიშნა, რომ გაჟონვა იყო “წინასწარ განზრახული დანაშაულებრივი ქმედება” და მათ, ვისაც საიდუმლო მონაცემებზე წვდომა აქვთ, ეს უკეთ უნდა იცოდნენ. ”თქვენ მონაწილეობთ ტრენინგებში, რომლებზეც იგებთ ამ პასუხისმგებლობებთან დაკავშირებულ წესებსა და მოთხოვნებს. თქვენ უნდა დაიცვათ ეს წესები, რეგულაციები და პასუხისმგებლობები. ამას ჰქვია სამხედრო დისციპლინა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება სენსიტიურ ინფორმაციას, ეს ასევე ეხება კანონს“, – განმარტა პეტ რაიდერმა.

 

სავარაუდოდ, ჯგუფის ლიდერი ამ ინფორმაციას წლების განმავლობაში ავრცელებდა

 

The Washington Post-ის ცნობით, 2020 წელს, ონლაინ მეგობრების ჯგუფმა, რომელსაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის მიმართ საერთო ენთუზიაზმი აერთიანებდა, გახსნა სერვერი Discord-ზე. ეს არის ჩატ-ფორუმის ვებგვერდი, რომელიც თავდაპირველად თამაშებისთვის გამოიყენებოდა. Discord-ის ჯგუფის ლიდერი, ცნობილი – როგორც “OG”, მუშაობდა დაუდგენელ სამხედრო ბაზაზე და სწორედ მან დაიწყო საიდუმლო დაზვერვის გაშიფრული ინფორმაციის გაზიარება სერვერზე, რომლის სახელწოდებაა “Thug Shaker Central”-ი. The Washington Post-ის ინფორმაციით, ეს უკანასკნელი 30-მდე წევრს აერთიანებდა.

Post-ის ანგარიშში ტეიშეირას ვინაობა არ იყო დასახელებული, მაგრამ მოგვიანებით New York Times-მა თავის ანგარიშში ის ჯგუფის ლიდერად დაასახელა. 2022 წლის ივლისის Facebook პოსტში, 101-ე ეროვნულმა გვარდიამ ტეიშეირას 1-ლი კლასის პილოტის წოდების მიღება მიულოცა. OG კი ამტკიცებდა, რომ თავისი დროის გარკვეულ ნაწილს ატარებდა დაცულ სამთავრობო დაწესებულებაში, სადაც მობილური ტელეფონები და კამერები აკრძალულია. The Post-ის ცნობით, ონლაინ სერვერების ჯგუფი მას პატივს სცემდა და საიდუმლო დოკუმენტებზე ტეიშეირას წვდომას რეკლამას უკეთებდა. თუმცა სერვერზე განთავსებული საიდუმლო დოკუმენტების მიმართ ინტერესი დროთა განმავლობაში გაქრა. The Post-ის ცნობით, გასული წლის ბოლოს, OG, რომელიც  აშშ-ის კორუფციას ეწინააღმდეგებოდა და მემარჯვენე იდეოლოგიას მხარს უჭერდა, გადავიდა საიდუმლო დოკუმენტების გადაღებაზე, რათა ჯგუფის ყურადღება მიეპყრო.

 

დოკუმენტები პირველად მარტში გამოჩნდა

 

Bellingcat-ის საგამოძიებო ჯგუფის განცხადებით, საიდუმლო დოკუმენტების ფოტოები Thug Shaker Central-ის ფარგლებს გარეთ, პირველად მარტის დასაწყისში გამოჩნდა. Discord-ის სერვერზე გავრცელდა 10 დოკუმენტისგან შემდგარი პაკეტი, რომლის სახელწოდებაც არის “Minecraft Earth Map”-ი. Bellingcat-მა შეისწავლა უფრო ადრეული გაჟონვა Discord-ის სერვერზე სახელწოდებით “WowMao”, რომელიც, როგორც ჩანს, Thug Shaker Central-დან წამოვიდა. The Times-ისა და The Post-ის თანახმად, რომლებიც Discord-ის სერვერის წევრებს ესაუბრნენ, დოკუმენტებს ძირითადი სერვერიდან არასდროს უნდა გაეჟონათ.

 

„ხანძარი“ The New York Times-მა გააჩინა

 

გასულ კვირას The New York Times-მა პირველად გაავრცელა ინფორმაცია, რომ პენტაგონის საიდუმლო დოკუმენტები ვრცელდებოდა ინტერნეტში, რამაც მსოფლიოს ყურადღება სწრაფად მიიპყრო. ეს მასალები გამოჩნდა Telegram-სა და Twitter-ზე, გაურკვეველი ჩატ- ფორუმებიდან უფრო საჯარო ონლაინ სამყაროში, სადაც ეს მასალები რუსული წყაროების ხელშიც აღმოჩნდა. დოკუმენტების პირველმა პარტიამ გამოავლინა პენტაგონის შიდა ინფორმაცია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის საბრძოლო მოქმედებების შეფასებას ეხებოდა. ერთ-ერთმა დოკუმენტმა, რომელიც როგორც მოგვიანებით გაირკვა, შეცვლილი იყო, საერთო ყურადღება მიიპყრო, რადგან აქ მოცემული ციფრებით, რუსეთის მსხვერპლის  მაჩვენებელი დაბალი და ომში დაღუპული უკრაინელების რაოდენობა კი მაღალი იყო. გასულ პარასკევს, პენტაგონმა განაცხადა, რომ იძიებს გაჟონილი დოკუმენტების საქმეს და კვირას ოფიციალური გამოძიება იუსტიციის დეპარტამენტს გადასცა.

 

არსებული სისუსტეები

 

კლარკის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორმა მაიკლ ბატლერმა, რომელიც საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების კვლევების მიმართულებით არის სპეციალიზებული, განაცხადა, რომ გაჟონილი დოკუმენტები პენტაგონის “სისტემურ სისუსტეებსა” და დაუცველობას უსვამს ხაზს. „ინფორმაცია ძალზე დეცენტრალიზებულია. ის შეიძლება ძალიან მარტივად და სწრაფად, ყოველგვარი აკრძალვის გარეშე გადაიტანო“, – განაცხადა ბატლერმა.

გავრცელებული ინფორმაციით, საიდუმლო მასალების გაჟონვის შემდეგ, პენტაგონმა საიდუმლო მასალებსა და ბრიფინგებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა დაიწყო. თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ისინი ინფორმაციის გაცვლის პოლიტიკას განიხილავენ.

ორივე მხარის კანონმდებლები სთხოვენ პენტაგონს, უპასუხოს კითხვებს, თუ რატომ მოხდა გაჟონვა და როგორ აპირებს ამის შეჩერებას. წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ჯიმ ჰაიმსმა CNN-ს განუცხადა, რომ ოთხშაბათის საჯარო ბრიფინგზე მან რამდენიმე პასუხი მიიღო და შეშფოთებულია იმით, თუ როგორ შეიძლება აღნიშნულმა ფაქტმა ამერიკის საერთაშორისო ურთიერთობებზე გავლენა იქონიოს. „მიუხედავად ყველა დამამშვიდებელი ტონისა, რაც სახელმწიფო მდივნისგან მოვისმინე, მე რომ მოკავშირე ვიყო ახლა, დავინტერესდებოდი, შეძლებდა თუ არა შეერთებული შტატები თავისი საიდუმლოების დაცვას“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

16 და 17 აპრილს ამინდი საქართველოში

16 აპრილს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი. ჰაერი  დაახლოებით, 20-25 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოში იქნება ღრუბლიანი ამინდი, ზოგან ნისლი და დაბალი ტემპერატურა, ძირითადად, კახეთის რეგიონში. დღის საათებში მოსალოდნელია, მცირე წვიმა. ტემპერატურა 11-16 გრადუსამდე გათბება.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა.

17 აპრილს არაფერი იცვლება დასავლეთ საქართველოში, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი და გვექნება კვლავ მაღალი ტემპერატურა.

ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ შენარჩუნებული იქნება მოღრუბლული, ნისლიანი ამინდი – კახეთის რეგიონში წვიმა, თბილისშიც დროგამოშვებით წვიმა.

აღსანიშნავია, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ქარი არ იქნება. ერთადერთი, გორში შესაძლოა.“ – ამბობენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

,,ჩემს ბავშვობაში ხალხი ამ სახლის კედლებზე სანთლებს ანთებდა”- ტაძრები, რომელთაც განაჩენი გამოუტანეს (ფოტოები)

დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ტაძრებს, რომლებიც დღეს საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული, თავის ფუნქციას დაუბრუნებს

ავლაბარში მთავარანგელოზის ქუჩას რომ აუყვებით, გზის დასასრულს ერთი უცნაური სახლი შეგხვდებათ. უცნაური-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ შენობის ფასადი ეკლესიას წააგავს… რამდენადაც დაუჯერებლად უნდა მოგეჩვენოთ, ამ ქუჩის #23-ში მდებარე საცხოვრებელი წარსულში მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ეკლესია იყო. მართლმადიდებლური ტაძარი, რომელსაც ბოლშევიკებმა ფუნქცია შეუცვალეს, დედაქალაქში არაერთია. ამ სტატიით რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ.

დედაქალაქში არაერთია. ამ სტატიით რამდენიმე მათგანზე მოგითხრობთ.

აქ ადრე მთავარანგელოზ მიქაელის ეკლესია იყო…

“აქ არავინ ბერდება, შვილო…”

მთავარანგელოზის ქუჩაზე მდებარე სახლად გადაკეთებულ ტაძრის სავარაუდო აშენების თარიღად სხვადასხვა წელი სახელდება. ერთი ვერსიით, ის 1898 წელს მღვდელ დავით იანქოშვილის თაოსნობით აშენებულა, ხოლო მეორე ვერსიით, 1805 წელს ძმებს, მეტეხის ეკლესიის დეკანოზ ზაქარიასა და იოსებ სულხანოვებს აუგიათ. ტაძარი 1923 წლამდე ფუნქციონირებდა. მოგვიანებით ეკლესიას რამდენჯერმე შეუცვლია დანიშნულება. ჯერ გუმბათი და სახურავი მოუხსნიათ, შემდეგ ერთი სართული დაუშენებიათ, საბოლოოდ კი საცხოვრებლად გადაუკეთებიათ. ნაეკლესიარში ამჟამად 23 ოჯახი ცხოვრობს.

დალი მელაძის მეუღლემ 30 წლის წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლად დაიწყო მუშაობა და თბილისში ოჯახთან ერთად ჩამოვიდა.

დალი მელაძე: – აქ რომ შემოგვასახლეს, მაშინ ეს შენობა სატრანსპორტო გაერთიანებას ეკუთვნოდა. ჩემს მეუღლეს ექვსი წელი უნდა ემუშავა და ამის შემდეგ მივიღებდით ბინას საბურთალოზე. 90-იან წლებში, მოგეხსენებათ, ქვეყანაში რაც ხდებოდა… ასე შემოვრჩით ამ სახლში ათი ოჯახი.

ეს ნატაძრალი პირველად სასამართლოდ გადაუკეთებიათ, შემდეგ – პოლიკლინიკად. 37 წლის განმავლობაში სატრანსპორტო გაერთიანების ბალანსზე ირიცხებოდა და ამდენივე წელია, რაც საერთო საცხოვრებელია. ახლა არც ერთი უწყების საკუთრება აღარ არის. მიუხედავად ამისა, კომუნალური გადასახადები აქაურ მობინადრეთა სახელებზე მოდის. საპატრიარქოს სურს, რომ შენობა მის დაქვემდებარებაში გადავიდეს და აღდგეს ტაძრის პირვანდელი სახე.”

ამ სახლის მცხოვრებთა თითქმის ყველა ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. მე ახალგაზრდა მეუღლე დავკარგე. ფიზიკურად განადგურებული ვარ და სულიერად დამძიმებული. სამი შვილი მყავს, ორი შვილი დაოჯახების შემდეგ წავიდა ამ ბინიდან, მესამე იტალიაში მუშაობს. სამივე ამბობს, რომ რაც ამ სახლში არ ცხოვრობენ, კარგად გრძნობენ თავს. აქ არავინ ბერდება, 50 წელს ვერავინ მიაღწია, საშინელება ტრიალებს… მესამე სართულზე 23-ის, 25-ის, 26 წლის ბიჭები დაიღუპნენ… ერთ-ერთი სტიქაროსანი იყო, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. თითქმის ყველა მეზობელს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს…

გამგებელმა სახურავი გაგვიკეთა და საკანალიზაციო გაყვანილობა გამოგვიცვალა. მაგრამ აქედან ყველას გვინდა წასვლა, თუნდაც ჯოჯოხეთში, ასეთ წმინდა ადგილას ცხოვრება გვიჭირს.”

კვირაცხოვლობის ტაძარი 1924 წელს საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს

“ჩემს ბავშვობაში ხალხი ამ სახლის კედლებზე სანთლებს ანთებდა…”

ჩაისუბნის #7-ში მდებარე კვირაცხოვლობის ტაძარში წლებია რამდენიმე ოჯახი ბინადრობს. თომა მოციქულის სახელობის ტაძარი, რომელიც ადგილობრივების თქმით, VIII ს-ის ძეგლია, გადმოცემის თანახმად, მურვან ყრუს გაუნადგურებია. მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მსგავსად, ამ წმინდა ადგილს ბოლშევიკებმა 1924 წელს ფუნქცია შეუცვალეს და საცხოვრებელ სახლად გადააკეთეს. დღეს ტაძარი სახეცვლილია, მოსახლეობას არაერთი მიშენება გაუკეთებია. ამავე ტერიტორიაზე იდგა მცირე ზომის ნაგებობაც, სადაც სასულიერო პირებს უცხოვრიათ. ამბობენ, რომ სარდაფების გაკეთებისას საძირკველში საფლავის ქვებსა და ჯვრებს მიაგნეს.

თემურ უთურგაშვილი ბავშვობის ამბებს იხსენებს: – აქ დავიბადე და გავიზარდე. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში მოდიოდა ხალხი და კედლებზე სანთლებს ანთებდა, საკლავს სწირავდა. ჩვენ გვყავდა ასაკოვანი მეზობლები, რომლებიც ამ ტაძარში მონათლულან.

– კედლებზე ფრესკები არასდროს შეგინიშნავთ?

– კი, ერთ მხარეს ცისა და ვარსკვლავების ფრესკის ფრაგმენტი იყო, არაფერი დამიზიანებია, ქაღალდი ავაკარი. დანარჩენ კედლებზე აფხეკილი ფრესკების კვალი იყო, ისიც ხელუხლებლად დავტოვე. იატაკის ქვეშ საფლავის ქვები ვნახე, არც იმათთვის მიხლია ხელი. ტაძრის სიახლოვეს რამდენიმე საუკუნის თუთის ხე დგას. ვინც ამ ხის ტოტის მოჭრა დააპირა, ყველას ხელი ან ფეხი მოსტყდა. გულში რომ ჩახედოთ, მთლიანად ფუღუროა, ნაყოფს არ ისხამს, მაგრამ ზაფხულში საოცრად ხასხასა მწვანე ფოთლები აქვს.”

რუსული ტაძარი დღეს რამდენიმე ფუნქციას ითავსებს

რუსთაველის #48-ში მდებარე შენობაში, სადაც ამჟამად რამდენიმე დაწესებულებაა განთავსებული, უკრაინელი წმინდანის, თეოდორე ჩერნიგოველის სახელზე აშენებული რუსული რამდენიმეგუმბათიანი ტაძარი იყო. მისი აშენების თარიღად XIX საუკუნე სახელდება და ის ბოლშევიკებს 1924 წელს გადაუკეთებიათ. შენობის პირველ სართულზე მდებარეობს კულტურის ფონდი.

ნოდარ გომურიშვილი, კულტურის ფონდის თანამშრომელი: – მხოლოდ ის ვიცით, რომ ეკლესიას შენობის ერთი მხარე ეჭირა, რომელიც ჯერ კომკავშირის ცეკად გადაკეთდა, შემდეგ ჭადრაკის სასახლედ. მანამდე ეს ტერიტორია დაუსახლებელი ყოფილა. თუკი საპატრიარქო მოისურვებს ტაძრის პირვანდელი სახით აღდგენას და შემოგვთავაზებს ალტერნატიულ ფართობს, ალბათ, წინააღმდეგი არავინ იქნება.”

ტაძარი თუ სამლოცველო

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, რომელსაც ბევრი ევსტათი მცხეთელის სახელობის ქართულ ეკლესიად მოიხსენიებს, დღეს საცხოვრებელი სახლია განთავსებული. კედელზე გაკრული აბრა გვაუწყებს, რომ ამ შენობაში 1923-1937 წლებში ქართველ კომპოზიტორ მელიტონ ბალანჩივაძესაც უცხოვრია. გადმოცემის თანახმად, ეს ნაგებობა XIX საუკუნეში გრაფ ყარამანოვს აუშენებია.

ნელი რამიშვილი ამ შენობაში წლებია ოჯახთან ერთად ცხოვრობს:

– აქ კომუნისტების დროს 69 კაცი ცხოვრობდა. ნანახი მაქვს დოკუმენტები, სადაც წერია, რომ ეს შენობა თავის დროზე ყარამანოვს სახლად აუშენებია. იქიდან გამომდინარე, რომ მის მეუღლეს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, მისთვის სახლში მოუწყვია სამლოცველო. ოთახში, სადაც სამლოცველო იყო, ახლა ოფისია. რაკი ამბობენ, ეს სახლი წარსულში ტაძარი იყოო, მივედი საპატრიარქოში, საიდანაც გამომაყოლეს სასულიერო პირი და მასთან ერთად გადავამოწმე ეს ინფორმაცია არქივში. დადგინდა, რომ აქ ტაძარი არ ყოფილა, მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კი არის. ამბობენ, გარე ფასადზე ჯვარია გამოსახული და ეკლესიააო, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ორნამენტია. რაიმე ფრესკაც ხომ უნდა ყოფილიყო, თუ ტაძარი იყო?

– დიდი ხანია, რაც აქ ცხოვრობთ?

– ჩემი მეუღლე აქ დაიბადა და გაიზარდა. დაახლოებით 130 წლის შენობაა. ამ ნაგებობის ისტორიას, ალბათ, მკვლევრები დაადგენენ, მანამდე კი დრო ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და ტაძრებს, რომლებიც დღეს საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული, თავის ფუნქციას დაუბრუნებს. ყოფილ ეკლესიებში ცხოვრება არც მოსახლეობას სურს. იმ შემთხვევაში, თუ მათ ალტერნატიული ფართობით დააკმაყოფილებენ, ისინი სიამოვნებით დატოვებენ ნატაძრალ სახლებს.

 

წყარო: ,,კვირის პალიტრა”

წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ

წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:00 საათისთვის ჩამოაბრძანებენ.

წმინდა ცეცხლის გარდამოსვლას იერუსალიმში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში, დაელოდებიან მორწმუნეები საქართველოდანაც. ამ მიზნით იერუსალიმში ქართველ მომლოცველთა ჯგუფი იმყოფება.

სააღდგომო ლიტურგიის დროს კი წმინდა ცეცხლს მომლოცველები ყველა ტაძარში მიიტანენ და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.

უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის საფლავი ჯერ კიდევ უფლის აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.

,,არადა ეს „გამიჯნულები“ საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის”- ზურაბ ქადაგიძე

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ზურაბ ქადაგიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციის „გამიჯნული“ ნაწილი წლების განმავლობაში იღებდა ფულს კეზერაშვილისგან მიუხედავად მისი წარსულისა. ახლა კი, როდესაც BBC-ის გამოძიების საფუძველზე გამოაშკარავდა ამ პიროვნების თანამონაწილეობა ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში, გაემიჯნნენ და დამნაშავედ ცნეს, რასაც ზურაბ ქადაგიძე დიდ ანომალიად მიიჩნევს.

„ლიბერალიზმი ქართულად“

„TV ფორმულა“, მედია-აქტორები, სოც-პლატფორმები, პარტიები და ორგანიზაციები, რომლებიც იდიოტურად ცდილობენ, კეზერაშვილი „გაათეთრონ“, ცალკე ანომალიაა. თუმცა საზოგადოებამ მათი სინდისთან კომპრომისი ადრეც იცოდა და გასაკვირი არ აღმოჩნდა, რომ ლიმიტირებული მორალური სტანდარტი მათთვის იმ ზღვრამდე მოქმედებს, რომ „რასაც ფულით ვერ იყიდი, იყიდი უფრო დიდი ფულით“.

თუმცა ზემოხსენებულ „გამპრავებლებზე“ დიდი ანომალია და ნაძირალობა იმ ადამიანების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების განცხადებებია, რომლებიც მას შემდეგ აღშფოთდნენ კეზერაშვილის დანაშაულით, რაც BBC-ის სიუჟეტს საერთაშორისო რეზონანსი მოჰყვა.

არადა ეს „გამიჯნულები“ წლების განმავლობაში საზრდოობდნენ და ელოდებოდნენ კეზერაშვილის გადმოგდებულ ულუფას, ძალიან კარგად იცოდნენ საერთაშორისო თაღლითის წარსულიცა და აწმყოც, თუმცა მათი ანომალიური მორალისათვის წყალგამყოფი ევროპელი პენსიონერების ძარცვა გახდა.

ესე იგი ქართული ჯარის ძარცვით, ქართული ბიზნესის რეკეტითა და ქართული საზოგადოების შანტაჟით გამდიდრებული კეზერაშვილი „მოსულა“ და ევროპელი პენსიონერების ფულით მოსარგებლე – დამნაშავე აღმოჩნდა?!

„გამიჯნულებიცა“ და „გამპრავებლებიც“ ანომალიური, ქართული ფსევდო ლიბერალიზმის სოციალური პროდუქტია, რომელიც ნაც-რეჟიმმა შექმნა და წლებია, პარაზიტულად საზრდოობს საზოგადოებაში, ცხოვრობს და მახინჯი ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.

საბედნიეროდ, ქართველი ხალხი იმაზე მეტად ინფორმირებული და ბრძენია, ვიდრე ამ პარაზიტებს წარმოუდგენიათ.

ვერც „გაემიჯნებით“ და ვერც „გააპრავებთ“ თქვენს მამა-მარჩენალს, პარაზიტებო!“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

“ილაური, გილაური, მელია და “ინაური” – თაკო ჩარკვიანი

“ხომ გითხარით და მოგაწოდეთ ინფორმაცია ცხადია ფაქტებზე დაყრდნობით, პარტიის შექმნა სურთ–თქო,10 დღის წინ ვთქვი ტვ ეთერით, ჰოდა ატეხეს ერთი ამბავი “მელამ და კუდებმა” ამას რას გვაბრალებს თამარ ჩარკვიანიო, (თან უტიფრად რომ ცრუობდნენ ) ჰოდა …..პარტიას “ახალი ხედვა” კი არა “ახალი ბოკერია” უნდა დაარქვან ასე აჯობებდა.
ახალი კი “გათვლა” ვიცი, აი ბავშვობაში ხომ იყო: “აბენ კამენ კუმანე… ან -ენკი ბენკი სიკლისა”… ჰოდა ახლა ასე გავითვალოთ : “ ილაური, გილაური მელია და “ინაური”…
შეგახსენებთ, ტვ პირველის ინფორმაციით, თბილისის ცენტრში ნიკა მელიას ახალი ოფისი აქვს გახსნილი. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი თავმჯდომარე მის თანაგუნდელებთან ერთად სამუშაოდ სარაჯიშვილის ქუჩაზე გადავიდა.

„საქართველოში კი არა, ევროპასა და ამერიკაში უნდა იმატოს ამ კითხვებმა! ”- დავით ქართველიშვილი კეზერაშვილზე

„მოკლედ, როგორც რუსეთის მთავარ პროკურატურაში ამბობენ, „მთავარია, საგამოძიებო მოქმედებების დროს საკუთარ თავზე არ გახვიდეთ“, თორემ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმულ კითხვებს კი არ უნდა დაეძებდეთ, მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, BBC-ის გამოძიების ფონზე კითხვები არა საქართველოში, არამედ ევროპასა და ამერიკაში უნდა გაჩენილიყო, რადგან ქართველმა ხალხმა უკვე გასცა პასუხი კითხვებს იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი.

„საქართველოში კი არა, ევროპასა და ამერიკაში უნდა იმატოს ამ კითხვებმა! ჩვენ დიდი ხანია, ყველაფერი ვიცით. BBC-ის გამოძიების ფონზე კი კეზერაშვილი კვლავ რჩება ევროპარლამენტისთვის „დევნილ მედიამენეჯერად“, ვინაიდან მათი მხრიდან საწინააღმდეგო განცხადება არ მოგვისმენია.

BBC-ის გამოძიების ფონზე კეზერაშვილი, მის მიერ დაფინანსებული ტელევიზია, არასამთავრობო თუ პოლიტიკური ორგანიზაციები კვლავ ამერიკის სანქციების მიღმა რჩებიან. ვინაიდან მათ ასე უნდათ, რადგანაც BBC ხომ „სულ სხვა“ ღია წყაროა, ისეთი იდუმალი არა, როგორიდანაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ქართველი მოსამართლეების „კორუფციაზე“ შეიტყო.

BBC-ის გამოძიების ფონზე არც ის შეიმჩნიოთ, რომ კეზერაშვილის კრიმინალური ბანდის შტაბ-ბინა კიევში მდებარეობს. იმ კიევში, სადაც არც ანტიკორუფციული და არც უშიშროების უწყებების დონეზე აშშ-ის საელჩოს ყურადღების მიღმა „გაზაფხულის ბუზის“ გაფრენაც კი არ რჩება.

BBC-ის გამოძიების ფონზე არც იმით დაინტერესდეთ, თუ რაზე შედგა გასული წლის ივლისში ლონდონში კეზერაშვილის შეხვედრა უკრაინის უმსხვილესი სარკინიგზო გადამზიდი კომპანიის „BGS Rail-ის“ დირექტორთა საბჭოს მაკონტროლებელ წევრ კურტ ვოლკერთან. რა გაჰქონდათ უკრაინიდან ამისთანა და რა მიმართულებით, გაგანია ომის დროს, ამ ბიზნეს-პარტნიორებს? ის ხომ არა, რისი გამოძიების მიზნითაც ვიქტორია ნულანდმა კიევში საერთაშორისო აუდიტის ჯგუფი გაგზავნა?

მოკლედ, როგორც რუსეთის მთავარ პროკურატურაში ამბობენ, „მთავარია, საგამოძიებო მოქმედებების დროს საკუთარ თავზე არ გახვიდეთ“, თორემ რას წარმოადგენს კეზერაშვილი, ვინ არის ადეიშვილი და რატომ ზის ციხეში სააკაშვილი, ამის თაობაზე საქართველოში დასმულ კითხვებს კი არ უნდა დაეძებდეთ, მზა პასუხებით უნდა ინტერესდებოდეთ და შესაბამის ქმედებებზე გადადიოდეთ!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

,,სასაფლაოზე ჭამა ამ დღეს და ყოველთვის დანაშაულია”- მამა ლევან ჯიქური

სააღდგომო წესჩვეულებები:
☑️პასკა. არის იმ მთის სიმბოლო რომელზეც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. იგი ასევე გახლავთ აღდგომის სიხარულის და ქრისტიანთა ერთობის სიმბოლო.
☑️წითელი კვერცხი. უფალმა თავისი ხალხი სხვა და სხვა ადგილებში დაგზავნა მისი აღდგომის სახარებლად.
მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა, იმპერატორ ტიბერიუსთან შევიდა და უთხრა რომ ქრისტე აღდგა. იმერატორმა მკვდრის აღდგომა ისეთივე შეუძლებელია როგორც ეხლა აი ამ კვერცხების გაწითლებაო. დაამთავრა სიტყვები და კვერცხებიც გაწითლდა. მას შემდეგ ქრისტიანები წითელი კვერცხით ეგებებიან აღდგომას.
კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, რადგან მისგან ცოცხალი არსება იბადება, ქრისტემ კი სულიერი სიცოცხლე მოგვანიჭა.
წითელ ფერში კი იესოს სისხლი მოიაზრება, რადგან მისით მოხდა ჩვენი სიცოცხლის განწმენდა და კურთხევა. იღებება წითელ პარასკევს.
☑️ჯეჯილი. ბზობის კვირას ქრისტიანები ლანგარზე დებენ წყალში დასველებულ ბამბას, მასზე მუჭით მცირეოდენ ხორბალს მიმოფანტავენ. ამოსული მწვანე ჯეჯილი არის სიმბოლო ახალი ცხოვრებისა, რომელიც იესო ქრისტემ მოგვანიჭა თავისი აღდგომით. ჩვენც დაგვდებენ მიწაში, გავიხრწნებით, და მეორედ მოსვლისას აღვდგებით ასეთი აღმატებული სხეულით. მიცვალებულის თავთანაც ამიტომ დევს ხორბალი.
☑️ტაძრებში ღია აღსავლის კარები. აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში, ყველა მოქმედ ტაძარში ღიაა საკურთხევლის კარებები, რაც გვაუწყებს რომ სასუფეველი არასდროს არ არის ასე ახლოს ჩვენთან, როგორც ამ დღეებში. ამ დროს ჭეშმარიტი მორწმუნეებისთვის ჯოჯოხეთის კარი დახშულია.
☑️არტოსი. ქრისტემ დაგვიბარა ტკბილი სიტყვები “აჰა, ესერა მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა”.
ამაღლების შემდეგ, მოციქულები შეკრებებზე, ცოცხალი რწმენით ყოველთვის შეიგრძნობდნენ ქრისტეს სიახლოვეს. მაგრამ რადგან ხორციელი თვალით არ შეეძლოთ ეხილათ უფალი, მაგიდასთან იქ სადაც მაცხოვარი იჯდახოლმე, ადგილს ცარიელს ტოვებდნენ და იესოსთვის განკუთვნილ პურს დებდნენ. ტრაპეზის ბოლოს ამ პურს აამაღლებდნენ და ამბობდნენ ქრისტე აღსდგაა.
მას შემდეგ, ეკლესიებში აღდგომას ტრაპეზის წინ შუაგულში იდება და იკურთხება პური. რომელიც იმ პურს განასახიერებს. ერთი კვირის შემდეგ უნაწილდებათ მორწმუნეებს. ფიზიკური და სულიერი უძლურების დროს, ამბობენ ქრისტე აღდგა მკვდრეთით … და მიიღებენ უზმოზზე.
☑️სუფრა. სააღდგომოდ მნიშვნელობა არ აქვს სახლში ახალი მიცვალებული გვყავს თუ ძველი, ღმერთთან დრო არ არსებობს. მთელი წლის განმავლობაში ყველაზე საუკეთესო სუფრა კვირისთვის, ანუ აღდგომისთვის უნდა მომზადდეს, და არა მიცვალებულებისთვის. ცხვარი თუ ხბო, მამალი, მრავალშვილიანი, ამეებს არ აქვს მნიშვნელობა, რაც შენ შეგიძლია იმას ამზადებ.
აღდგომის მეორე დღეს, მოძღარს ჩვენი მიცვალებულებისთვის უნდა გადავახდევინოთ პანაშვიდი და ვაკურთხებინოთ საფლავები.
სასაფლაოზე შეგვიძლია ავიტანოთ სანთელი, წითელი კვერცხი, პასკა და ღვინო. უნდა ვახაროთ რომ ქრისტე აღდგა და ერთი ჭიქით შენდობა ვუთხრათ.
ქრისტე როცა ჯვარზე იყო გაკრული, სისხლმა ჩაჟონა მიწაში და შეეხო ადამის თავის ქალას, ცოდვებისგან ფიზიკურადაც განწმინდა. აქედან მოდის საფლავზე ღვინის დასხმა.
რომ შეიძლებოდეს დიდი ასოებით დავწერდი, რომ სასაფლაოზე ჭამა ამ დღესაც და ყოველთვის დანაშაულია, ხალხი იხრწნება და შენ იქ სუფრას შლი? სახლში უნდა მოეწყოს სუფრა. გაიცეს მოწყალება.”

მგონია,რომ უკრაინის პრეზიდენტი ფაქტებში ვერ ერკვევა” – სარჯველაძე

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილის შესახებ გააკეთა, გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ზელენსკი ფაქტებში ვერ ერკვევა.

“მე მგონია, რომ ფაქტებში ვერ ერკვევა უკრაინის პრეზიდენტი, როდესაც ამ საკითხებზე კომენტარს აკეთებს. არ ვიცი რამდენად განსწავლულია ის იურისპრუდენციაში, მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც ის იცლის ამ საკითხებზე, როგორც ჩანს ის მიიჩნევს ამას მისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მისი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად, მაგრამ უმჯობესია, რომ ასეთ დროს თვითონ გარემოებებშიც ჩახედვა მოხდეს. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ასე ემოციების დონეზე ან უბრალოდ პიარის შედეგად ჩამოყალიბებული ემპათიის გამო კეთდებოდეს ასეთი განცხადება, რომელიც ევფემიზმი რომ გამოვიყენოთ, მე ვფიქრობ, რომ გადაუმოწმებელია,” – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.