Home Blog Page 2250

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მიცვალებულთა მოხსენიების დღეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ჯუანშერ ბურჭულაძემ დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო და მათი ოჯახის წევრებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

„დღევანდელ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, პატივს მივაგებთ მათ სულებს. ასევე, გვაქვს საშუალება, კიდევ ერთხელ ვნახოთ მათი ოჯახის წევრები, მათ დედებს მოვეფეროთ, მოვეფეროთ მათ შვილებს და ჩვენი სამსახურით მათ აღვუთქვათ გვერდში დგომა. ჩვენ არცერთი შემთხვევა არ გვაქვს, როდესაც გულთან ახლოს არ მიგვაქვს მათი პრობლემები, მათი სურვილები და ყოველთვის გვერდში ვუდგავართ მათ“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილეები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

“შენს ადგილზე ახალ პარტიას დავარქმევდი – „ენმ – პერპეტუუმ მობილე” – დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით ქართველიშვილი ნიკა მელიას მიერ ახალი პარტიის დაარსებასა და მის სახელწოდებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას მიმოიხილავს.

„რაღაც გამომრჩა, როგორც ჩანს: ნიკანორ მელიას „ახალი“ პარტიის „ახალი“ სახელწოდება დაუანონსებია – „ენმ – ახალი ხედვა“. ქართულ ენაში უამრავი სხვა სიტყვაა, რაღა ეგენი აირჩია. როდესაც შენი პარტიის საკვანძო სიტყვას „მოძრაობა“ წარმოადგენს, რატომ უნდა ისესხო დანარჩენი ორი სიტყვა ცნობილი კლინიკა „ახალი ხედვიდან“, რომელიც სწორედ რომ მოძრაობის პათოლოგიას კურნავს და სთავაზობს პაციენტებს ტერფისა და ძვლოვანი სისტემის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას.

ისედაც კოჭლობით მოხვედით დღევანდელ დღემდე, ნიკანორ – რა საჭირო იყო ამ დეფექტის თაობაზე სამედიცინო ყურადღების გამახვილება? თანაც, კლინიკამ სახელწოდების გამო საავტორო უფლებების შელახვა შეიძლება გაგისაჩივროს. შენს ადგილზე, ახალ პარტიას დავარქმევდი ასე: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – პერპეტუუმ მობილე“. ამით ხაბესაც დასცხებდი „მიშას ნეკნებში“, რომელმაც „ქურქუმალ ვაითი“ კი იცის რა არის, მაგრამ აი, შენი „პერპეტუუმი“ მის თავის ქალაში ყურებს შორის დაჭიმულ სიმს უეჭველი გაწყვეტდა,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება

თურქეთი შავი ზღვის საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის პირველი მიწოდებისთვის ემზადება, – ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

საქმე ეხება საქარიას საბადოს, საიდანაც ბუნებრივი აირის მიწოდების დაწყება 14 მაისს დაგეგმილ არჩევნებამდე იგეგმება.

როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ წერს, თურქეთი საჭირო ბუნებრივი აირის დიდ ნაწილს უცხოეთიდან იღებს. თურქეთის მთავრობას იმედი აქვს, რომ „საქარიას“ საბადოდან ბუნებრივი აირის მიღება მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორს.

თურქეთის ნავთობის და გაზის სახელმწიფო კომპანია „თურქიშ პეტროლიუმის“ აღმასრულებელი დირექტორის, მელიჰ ჰან ბილგინის თქმით, ამ კვირაში კომპანია შავ ზღვაში მდებარე საბადოს სამი ჭაბურღილიდან დაიწყებს გაზის მიწოდებას. თურქეთი საქარიას საბადოს განვითარებაზე ამერიკულ და ბრიტანულ კომპანიებთან ერთად მუშაობს.

ბილგინის თქმით, სექტემბრიდან, როდესაც საბადოს შვიდივე ჭაბურღილი ამუშავდება, დღე-ღამეში 10 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მოპოვება იქნება შესაძლებელია. ეს თურქეთის მიერ მოხმარებული აირის დაახლოებით 7 პროცენტს შეადგენს.

ამასთან, თურქეთის მთავრობა აღნიშნული საბადოდან მოპოვებული გაზის ნაწილის ექსპორტზე გატანას აპირებს.

„თურქით პეტროლიუმმა“ პროექტ „საქარიაზე“ 1,8 მილიარდი დოლარი უკვე დახარჯა. კომპანიაში იმედი აქვთ, რომ უახლოეს წლებში საბადოდან მოპოვებული ბუნებრივი აირის დღიური მოცულობა გაიზრდება და 40 მილიონ კუბურ მეტრს მიაღწევს.

“თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა”

მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ – თუ ვინმეს თავისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა, მისი კონსტიტუციური უფლებაა , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ქვეყნის მტერი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია და არა თავად ლევან ხაბეიშვილი.

„თუ რაიმე ოფისებს იღებენ, მათ შეუძლიათ ჰქონდეთ საკუთარი პარტია და საკუთარი პოლიტიკა განსაზღვრული. მე მოუწოდებ ყველას ერთობისკენ. ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენი ქვეყნის მტერი. ლევან ხაბეიშვილი ვერ იქნება ამ ქვეყნის მტერი და ლევან ხაბეიშვილთან ბრძოლა ვერ შეიძლება იყოს ქართველი ხალხისთვის რაიმე პრიორიტეტი. არ ჩაითვლება ეს სერიოზულ მოქმედებად არავისთვის. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას – ძალა ერთობაშია, ყველას შეუძლია, რომ პარტიაში მოვიდეს და ვისაც ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ უნდა ბრძოლა, იბრძოლოს და შესაბამისად, თუ ვინმეს მისი პარტია სურს, ეს მისი საქმეა. ეს არ არის ჩემი საქმე. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“ , – განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და მისმა მხარდამჭერებმა ოფისი გახსნეს.

“ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ყოფილი ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა, ამის გაგრძელება არის ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრების გაძარცვა. ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა გვერდში დავუდგეთ სამართალდამცველებს, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა.

„სხვას ვერაფერს დავარქმევ და შევაფასებ, ეს იყო ყოფილი ხელისუფლების მიერ ორგანიზებულად სახელმწიფოს ძარცვა. ამ ძარცვით არ დასრულდა ეს ისტორია, ამის გაგრძელება არის ის, რომ შემდეგ ძარცვავდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების პენსიონრებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან დასანანია და ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებთ, რათა სამართალდამცველებს გვერდში დავუდგეთ, რომ ასეთი სქემები აღარ მუშაობდეს ევროპაში და არც საქართველოში.

ჩვენმა სამართალდამცველებმა მჭიდროდ ითანამშრომლეს პარტნიორ ქვეყნებთან, საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდათ გამოძიების თვალსაზრისით. ისიც გასარკვევია, სამართლებრივად როგორ უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო მოქმედებები ჩვენთან, სხვა ქვეყანაში, თუ ერთობლივად“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ

„ბიბისიმ“ რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიების მასალები, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.

“სოფლელი” ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა”

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე აღდგომის დღეებში დაცლილი დედაქალაქის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

„რა კარგია ცარიელი ქუჩები, რა კარგია ცოტა ხალხი, რა კარგია სიწყნარე“ – ყველამ, ვინც ამას ამბობს, უნდა გააცნობიეროს, რომ დროა, გადასახლდეს სოფელში და დაგვასვენოს, ვინც ჯერ კიდევ ვახერხებთ ხმაურში ცხოვრებას.

ქალაქი ნიშნავს ბუღს და დუღილს, ჭრელ ხალხს, მილიონობით სტუმარს, ხმაურს, საცობებს და ათას სხვა სიხარულს, რაც ხალხმრავლობას მოაქვს.

ასე რომ, „სოფლელი“ ის კი არაა, ვისაც სოფლად სახლი აქვს, არამედ ის, ვისაც სიწყნარე უნდა. მე ვარ პოტენციური სოფლელი, მაგრამ ეს დრო რომ დამიდგება, თქვენ კი არ გეტყვით, ხმაური მომბეზრდა და გადასახლდითმეთქი, მე წავალ სიწყნარეში, მე.“ – წერს ფსიქოლოგი.

“თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან”

თურქეთში საქართველოს საელჩო კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სუდანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადეს.

საქართველოს საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით.

„თურქეთში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია აღნიშნული ფაქტის შესახებ და კონტაქტზეა როგორც სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათი ოჯახის წევრებთან. საელჩო  მუშაობს ყველა მიმართულებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეტაკებები გრძელდება. როგორც საერთაშორისო მედია წერს, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 59 ადამიანი. 600-ზე მეტი დაშავებულია.

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა

სუდანში გასამხედროებულ დაჯგუფებასა და ქვეყნის არმიას შორის შეტაკებებს ასამდე ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია ათასზე მეტი. არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ვერ თანხმდებიან, თუ როგორ უნდა გადავიდეს ქვეყანა სამოქალაქო მმართველობაზე.

სუდანს სამხედრო გენერლები მას შემდეგ მართავენ, რაც 2019 წელს, სამხედრო გადატრიალების შედეგად, პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დაამხეს.

“დიდმა შვიდეულმა“ ვლადიმერ პუტინს უნდა დაუმტკიცოს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების განხორციელებას”

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, „დიდმა შვიდეულმა“ უნდა დაუმტკიცოს ვლადიმერ პუტინს, რომ ის ვერ შეძლებს უკრაინაში საკუთარი გეგმების ხორცშესხმას.

ამის შესახებ განცხადება ანალენა ბერბოკმა იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრასთან დაკავშირებით გერმანულ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინამ ზამთარში რუსული შეტევა და ენერგეტიკული კრიზისი სწორედ „დიდი შვიდეულის“ მხარდაჭერით გადაიტანა და აუცილებელია, რომ ეს დახმარება გაგრძელდეს, პუტინმა გააცნობიეროს, რომ ომის გამო დაღლილობისა და გამოფიტვის მიუხედავად, უკრაინაში მისი მიზნები არ შესრულდება.

“ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა” – გიული ალასანია სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ჩონჩხად გადაიქცა“.

როგორც მან კლინიკა „ვივამედში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი საკვებს იღებს, მაგრამ ორგანიზმი ვერ იღებს.

„ადამიანი ჩონჩხად გადაიქცა და რომ დგება, ეს ხერხემალი სრულიად გადაღუნულია, 100 წლის ადამიანივით ძლივს მიჩოჩავს დაყრდნობილი. საკვებს იღებს, ისე არ არის, რომ სულ არაფერს იღებდეს. პრობლემა ისაა, რომ საკვებს იღებს, მაგრამ როგორც ჩანს, ვერ იწოვს ორგანიზმი“,– განაცხადა ალასანიამ.

გარდა ამისა, მან სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნაზეც ისაუბრა.

გიული ალასანიამ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მაგალითიც მოიყვანა.

„იქ ასე არის მითითებული, რომ გონივრულ ვადაში მოხდეს, მაგრამ რომელია ეს გონივრული ვადა, არ ვიცი მართალი გითხრათ. ნავალნის შემთხვევაში, თუ არ ვცდები 3 კვირა დასჭირდა და არ ვიცი ჩვენს შემთხვევაში როგორ იქნება. საუბარია იმაზე, რომ შუალედში მიეცეს თავისუფლება და შესაძლებლობა, ჯანმრთელობა აღიდგინოს“, – განაცხადა ალასანიამ.

მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია საფლავთა კურთხევის დღეს აღნიშნავს. დღეს მორწმუნეები საფლავებზე გადიან, სადაც პასქა და წითელი კვერცხები მიაქვთ, რაც აღდგომის დღესასწაულის სიმბოლოა. ძმათა სასაფლაოებზე კი დაღუპულ გმირებს გაიხსენებენ.

თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები მოძრაობენ.

პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. დემონსტრანტებმა მთავრობის გადადგომა და უკრაინის ომის დასრულება მოითხოვეს.

პრაღაში ანტისამთავრობო დემონსტრაცია „ჩეხეთი სიღარიბის წინააღმდეგ“ ორგანიზებული იყო არასაპარლამენტო პოპულისტური პოლიტიკური პარტიის, „უფლება, პატივისცემა, პროფესიონალიზმის“ მიერ.

დემონსტრანტებმა მაღალი ინფლაცია და ენერგეტიკის ფასები გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ ბანერები წარწერებით: „როცა უსამართლობა კანონი ხდება, წინააღმდეგობა მოვალეობად იქცევა“, „ხალხს არ უნდა ეშინოდეს თავისი ხელისუფლების, ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს თავისი ხალხის“, „საერთო გაფიცვა“, „მიეცით მშვიდობას შანსი“, „არავითარი ომი“, „გამოდით ნატო-დან“, „ცრუ ხელისუფლება და მედია“.

„ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვინდა ომი, ჩვენ გვინდა, დავიცვათ მშვიდობიანი გადაწყვეტა ჩვენს კონტინენტზე. მსოფლიო ძალები ჭადრაკს თამაშობენ, უკრაინა მხოლოდ ერთი უჯრედია და ყველაზე ბოლო, რაც მათ აინტერესებთ, არის ჩვეულებრივი უკრაინელებისა და რუსების ცხოვრება, რომლებიც ყოველდღე კვდებიან“, – თქვა ოპოზიციური პარტიის ლიდერმა, იინდრჟიხ რაიხლმა.