Home Blog Page 2245

19 აპრილს სასწაულთმოქმედი ხატის„მსწრაფლშემსმენელის“ დღესასწაულია

19 აპრილს ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატის„მსწრაფლშემსმენელის“ დღესასწაულია.
ეს ხატი იმყოფება ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერში და მის შესახებ შემდეგი გადმოცემა არსებობს:
მონასტრის საძმოს სატრაპეზოს წინ, კედელზე, ნიშში, ძველი დროიდან დაწერილი იყო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც ღირსი მამები, ამ სავანის დამაარსებლის წმიდა ნეოფიტეს დროინდელად მიიჩნევენ. იგი კი მე-10 ს-ში ცხოვრობდა. შეხედავ თუ არა ხატს, ირწმუნებ, რომ იგი ჭეშმარიტად სასწაულთმოქმედია და წარმოშობით საკმაოდ დაცილებული ჩვენს ხანას. მის ფერებს თითქოს დაუკარგავს თავდაპირველი კოლორიტი, მაგრამ არც თუ მთლად. გარკვეულ წილად ამაში ჩანს განგება ღვთისა: საუკუნეების მანძილზე იგი შემონახულია უვნებლად, სწორედ იმიტომ, რომ აღასრულოს სასწაულები და კურნებანი სადიდებელად ღვთისა.
თავისი სასწაულთმოქმედი ძალა ამ ხატმა პირველად 1664 წ. გამოავლინა:
ხატის წინ იყო გასასვლელი, რომლითაც მონასტრის მამები სატრაპეზოში დადიოდნენ. ტრაპეზარს ხშირად უხდებოდა აქ გავლა-გამოვლა არა მარტო დღისით, არამედ ღამითაც. ღამით იგი ანთებული კვარით ხელში დადიოდა-ხოლმე. ერთხელაც, ტრაპეზარმა ბერმა ნილოსმა, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ჩაუარა ხატს და შემოესმა ხმა: „აწ ნუღარ გაივლი აქ ანთებული კვარით და ნუ სჭვარტლავ ჩემს სახეს“.
უჟამო ჟამს ცარიელ სატრაპეზოში ადამიანის ხმის გაგონებამ ჯერ შეაკრთო ბერი, მაგრამ შემდეგ იფიქრა, რომელიმე ძმა იქნებოდაო და განაგრძო გზა; არც ანთებული კვარით სიარულისათვის დაუნებებია თავი. გამოხდა ხანი და ნილოსმა კვლავ გაიგონა ხმა: „ბერო! უღირსო! კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?“ და ამ სიტყვებზე ტრაპეზარს თვალთ დაუბნელდა და სინათლე დაჰკარგა. ახლა კი გაახსენდა უწინ გაგონილი სიტყვები, იგრძნო თავისი ცოდვის მთელი სიმძიმე და მიხვდა, რომ ღირსი იყო სასჯელისა ღვთისმშობლის ხატისადმი უგულისყურობისა და დაუდევრობის გამო. ნილოსი, სრულიად დაბრმავებული, საშინელი ტკივილებით იტანჯებოდა: ეგდო ხატის წინ დამხობილი, სანამ არ დადგა დღე.
შეშინებული ბერები მოწიწებითა და კრძალვით დაემხნენ სასწაულთმოქმედი ხატის წინ, აანთეს მის წინ კანდელი, ხოლო ახალ ტრაპეზარს დაავალეს მის წინ ეკმია საკმეველი. ნილოსმა გადაწყვიტა მანამდე დარჩენილიყო ხატთან, სანამ ცოდვა არ მიეტევებოდა და სიბრმავისაგან არ განიკურნებოდა. დღე და ღამე დამხობილი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის წინ გოდებდა და შეწყალებას ევედრებოდა. ჭეშმარიტი სინანულის ცრემლებით ითხოვდა შენდობას, რომ ყური არ ათხოვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიტყვებს.
ყოველთა მონანულთა შემწემ არ უგულებელჰყო უსინათლო მლოცველის ღაღადისი და ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ბერი ცრემლებით ლოცულობდა ხატის წინ, ესმა ხმა მისგან: „ნილოს, შესმენილ იქნა შენი ვედრება, შენ მიგეტევა ცოდვა და დაგიბრუნდება თვალისჩინი. აუწყე ძმებს, რომ მე ვარ საფარველი, მფარველი და მეოხი თქვენი სავანისა. დე, მათ და მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა მომმართონ მე გასაჭირის ჟამს, და არავის დავტოვებ შეუსმენელს: ყოველთა ჩემდამი სასოებით მოლტოლვილთა ვექმნები შუამდგომელად და მათ თხოვნას ჩემი ოხით შეისმენს ძე და ღმერთი ჩემი. დღეიდან ეს ხატი წოდებულ იქნება „მსწრაფლშემსმენელად“, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას მსწრაფლ შევისმენ“.
ამ საოცარი სიტყვების შემდეგ ნილოსს თვალები აეხილა.
ამ სასწაულის შესახებ ხმა სწრაფად გავრცელდა წმიდა მთაზე და მრავალი ბერი, მსურველი სასწაულის ხილვისა, მოაწყდა დოქიარის სავანეს. ისინი მოწიწებით თაყვანს სცემდნენ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატებას და გაოცებულნი შესცქეროდნენ მოულოდნელი სიბრმავით დასჯილ და კვლავ შეწყალებულ ტრაპეზარს.
ამასობაში, ძმებმა ზღუდით გამოჰყვეს ეს ადგილი და რამდენადაც ხატი დასავლეთის კედელზე იყო დაწერილი, სატრაპეზოს შესასვლელისგან მოპირდაპირე მხარეს, მოაწყვეს მშვენიერი ტაძარი მისი სახელობისა. ამ დღიდან მოყოლებული, გამოარჩევენ ხოლმე ერთ-ერთს მღვდელმონაზვნებიდან ყველაზე უფრო ღვთისმოშიშსა და გამოცდილს, რომ მუდმივად იმყოფებოდეს ხატთან და მის წინ დილას და საღამოს აღასრულებდეს პარაკლისს. გარდა ამისა, ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ მორიგე მსახური მღვდელი იწყებს გალობას შუა ტაძარში და იმავე წამს მამები და ძმები უდიდესი მოკრძალებით გამოდიან ტაძრიდან, მიემართებიან ამ ხატთან და მის წინაშე აღასრულებენ ღვთისმშობლის პარაკლისს და იხსენებენ ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს და ლოცულობენ მსოფლიო მშვიდობისათვის.
მსახურ მღვდელს ევალება თვალყური ადევნოს სისუფთავის დაცვას. „მსწაფლშემსმენელის“ სამლოცველოში კვირაში ორჯერ აღესრულება საღმრთო ლიტურგია. მანვე უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ ხატის წინ მუდმივად ენთოს კანდელი. მათი რიცხვი 20-ს აღწევს, ამათგან ექვსი მუდმივად ანთია. ყველა ეს კანდელი ღვთისმოსავი ქრისტიანების შემოწირულობას წარმოადგენს ხატის მიერ აღსრულებული სასწაულების სამადლობელად. ამ კანდელების ზეთიც შემოწირულია.
ღვთაებრივი „მსწარაფლშემსმენელის“ ხატის მადლით მრავალ უსინათლოს აეხილა თვალი, კოჭლებმა იწყეს სიარული, დაუძლურებულნი განმტკიცდნენ, ბევრჯერ ჩაძირვას გადაურჩნენ გემები, გათავისუფლდნენ ტყვები და მრავალი სხვა. დღემდე იგი ეხმარება ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს, ვინც მას მიმართავს რწმენით, მოწიწებით და შემუსრვილი გულით.
1873 წ. მოსკოვში რუსმა ქველისმოქმედებმა მას ვერცხლის პერანგი გაუკეთეს. ამ ხატის დღესასწაული იზეიმება 9 ნოემბერს (ახ. სტ. 22 ნოემბერს), დოქიარის მონასტერს, რომელშიც იმყოფება ეს ხატი, აქვს საკათედრო ტაძარი მთავარანგელოზის სახელობისა, რომლის დღესასწაულიც 8 ნოემბერს (ახ. სტ. 21 ნოამბერს) აღინიშნება. მეორე დღეს აღესრულება წირვა ამ ხატის სახელზე.
1877 წლიდან ამ ხატის ასლი იმყოფება მოსკოვში, წმიდა პანტელეიმონის ტაძარში, ერთ-ერთი ასლი კი საქართველოს საპატრიარქოშია დაცული.
ლოცვა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის „მსწრაფლშემსმენელის“ მიმართ
ევედრებიან მრავალთა უძლურებათა – სიბრმავის, კოჭლობის, სისუსტის ჟამს, ასევე ტყვეობისა და გემის დაღუპვისას
ტროპარი, ხმა 4
ღუთისმშობელისა მომართ მოვილტვით ჭირსა შინა მყოფნი და შეუვრდებით წმიდასა ხატსა მისსა. სიღრმით სულისაჲთ მხმობელნი სარწმუნოებითა, ესრეთ: მსწრაფლ ისმინე ლოცუა ჩუენი, ქალწულო, რომელი მსწრაფლშემსმენელად იწოდები, რამეთუ მარადის მზა ხარ შენ მონათა შენთა შეწევნად.
ლოცვა
ჰოი, ყოვლადწმიდაო ქალწულო, დედაო ღუთისა მაღლისაო, მსწარფლშემსმენელო მეოხო ყოველთა შენდა მოლტოლვილთაო, ზეციურისა დიდებისა შენისაგან გარდამოიხილე ჩემ ზედა – უხმარისა, რომელ ხატსა შენსა შევრდომილ ვარ, მსწრაფლ ისმინე მდაბალი ლოცუანი ცოდუილისა ამისანი და შესწირენ ძესა შენსა. მას ევედრე, რაჲთა განანათლოს დაბნელებული სული ჩემი მადლითა ღუთაებისა მისისათა და განწმიდოს გონებაჲ ჩემი ზრახუათაგან ამაოთა. მოამდოვროს აღძრული გული ჩემი და განკურნნეს წყლულებანი მისნი და დანერგნეს მას შინა საქმენი კეთილნი და შიშითა მოზღუდოს ყოველნი ღუაწნი ჩემნი, შემინდვეს ყოველნი ბოროტებანი ჩემ მიერ ქმნილნი, განმათავისუფლოს მე სატანჯუელისაგან საუკუნოჲსა და ნუ მომაკლებს ზეციურსა სასუფეველსა თვისსა, ჰოი, უფროსადკურთხეულო ღუთისმშობელო, მსწრაფლშემსმენელად სახელ-სდევ ხატსა შენსა და ყოველთა მოუწოდებ ხმობად შენდა სარწმუნოებითა: ნუ უგულებელს-მყოფ მწუხარესა ამას, რაჲთა არა დავინთქა სიღრმესა შინა მწუხარებათა ჩემთა, რამეთუ შენ ხარ სასო ჩემი და მომნიჭებელ ცხოვნებისა და შენსა საფარველსა და მეოხებასა შევვედრებ თავსა ჩემსა საუკუნოდ, ამინ.

გივი მაჭარაშვილი ევროპის ჩემპიონია

ზაგრებში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ქართველმა ფინალში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე მოგამედხან მაგომედოვი დაძაბულ ბრძოლაში 4:3 დაამარცხა.

ცოტა ხნით ადრე ტურნირზე მესამე ადგილისთვის დაპირისპირებაში ედემი ბოლქვაძემ (65 კგ) რუმინელი სპორტსმენი სტეფან კომანი დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა.

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს, ყველას მოხიბვლას შეძლებთ. შანსი გაქვთ, ახალი ისტორია დაწეროთ. საუცხოო შანსები გამოჩნდება ყველა მიმართულებით. კარიერაშიც წარმატებებია, დღეს, შეძლებთ, გარშემომყოფებს აჩვენოთ, რისი უნარიც გაქვთ.

კურო

დღეს, არ გადაიტვირთოთ. უმჯობესია, გააკეთოთ ის, რაც კარგად იცით, ამ მიმართულებით წარმატებას მიაღწევთ. ისწავლეთ სხვის შეცდომებზე.

ტყუპები 

დღეს, უჩვეულო სიტუაციებში მოხვდებით, გამოჩნდებიან საინტერესო ადამიანები. ყველას არ ენდოთ!  შესაძლოა, ზოგიერთმა არაკეთილსინდისიერი თამაში დაიწყოს და თქვენი მოტყუება სცადოს. ტყუპებს ჰოროსკოპი ურჩევს,  ახალი იდეები სამომავლოდ გადადოს.

კირჩხიბი

დღეს თქვენით მანიპულირებას მოინდომებენ. არავის მისცეთ საშუალება, რომ გამოგიყენონ. იყავით საკუთარი თავის იმედად. ნურავის გშურდეთ, სჯობს, მეტი იმუშაოთ და მაგარ შედეგებს მიაღწევთ.

ლომი

დღეს, ლომებს შეუძლიათ, ისარგებლონ წარსულში სწორი გადაწყვეტილებების შედეგით. თქვენ ყველაფერს სწორად აკეთებთ. რაღაც მნიშვნელოვანი მოხდება თქვენს კარიერაშიც – შესაძლოა, ახალ სამსახური იპოვოთ . ნებისმიერ შემთხვევაში, ეს დღე მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

ქალწული

დღეს ქალწულის შავი ზოლი თეთრით შეიცვლება. მნიშვნელოვანი ხალხი გაგიცნობთ და მატება იქნება ფინანსებში.  ამ დღეს, უნდა იყოთ ოპტიმისტი, მაშინაც კი, თუ რაღაც არ მიდის გეგმის მიხედვით. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ, არ დაიწყოთ ახალი პროექტები – ისინი მხოლოდ ახალ პრობლემებს მოიტანენ.

სასწორი

დღეს, სასწორებს სხვა ადამიანების პრობლემების მოგვარება მოუწევთ, მაგრამ ეს გააძლიერებს თქვენს კარმას და მომავალში დახმარებას მიიღებთ რთულ მომენტში. მხოლოდ გუნდური მუშაობა მოგიტანთ კარგ შედეგებს.

მორიელი

დღეს, მორიელებს დიდი შანსი ექნებათ, რაღაცას წერტილი დაუსვან. მოგიწევთ კომფორტის ზონის დატოვება, თუმცა, ეს კიდევ კარგია – ახალი გამოცდილება ახალ შესაძლებლობებს მოგცემთ. საღამო ახლობელ ადამიანთან გაატარეთ.

მშვილდოსანი

დღეს, მშვილდოსნებს გაუმართლებთ ისეთ საქმეებში, რაზედაც ძალიან დიდი ხანია მუშაობენ. ახლა თქვენ  ნებისმიერ პრობლემას მოაგვარებთ. ისარგებლეთ მომენტით – დაიწყეთ ნებისმიერი საქმე. გაუშვით წყენა და აპატიეთ იმ ადამიანებს, ვინც ძალიან ძვირფასია თქვენთვის. სერიოზული თანხის დახარჯვა მოგიწევთ, მაგრამ არ ინერვიულოთ, ფული მალე დაგიბრუნდებათ.

თხის რქა

დღეს, მარტივი არ იქნება, შეეცადეთ შეცდომა არ დაუშვათ, რათა არ დაკარგოთ ავტორიტეტი სახლსა, თუ სამსახურში. გააკონტროლეთ სიტყვები და ქმედებები. დაუღალავად უნდა იმუშაოთ. გადაჭერით მხოლოდ მნიშვნელოვანი საკითხები.

მერწყული

დღეს, ყველაფერი გამოგივათ, თუ ოპტიმისტურად შეხედავთ ცხოვრებას. სჯობს, იგნორირება გაუკეთოთ უარყოფითს. ვარსკვლავები გირჩევთ, წვეულების მოწყობას, მიუხედავად, შუა სამუშაო კვირისა. უბრალოდ, ფრთხილად იყავით ალკოჰოლთან – ხვალ ისევ სამუშაო დღეა.

თევზები

დღეს, თევზებს გაუმართლებთ ფულში, არის ალბათობა, ისეთი ფული მიიღოთ, რასაც არ ელოდით. მაგრამ არ დახარჯოთ ყველაფერი ერთდროულად – ამ პერიოდში განსაკუთრებით გჭირდებათ ფინანსური დანაზოგი. თევზების ნიშნის ქვეშ დაბადებულებს, დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ საქმიანი საუბრების წარმართვას – ისინი წარმატებით დასრულდება.

სუდანში ჩარჩენილ ქართველებთან და საკუთარ თანამშრომლებთან დაკავშირებით ავიაკომპანია Myway Airlines განცხადებას ავრცელებს

სუდანში ჩარჩენილ ქართველებთან და საკუთარ თანამშრომლებთან დაკავშირებით ავიაკომპანია Myway Airlines განცხადებას ავრცელებს. წერს, რომ მათი უსაფრთხო ევაკუაცია ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ვერ ხერხდება. თუმცა, მათივე ცნობით, კომპანიამ თანამშრომლებისთვის წყლისა და სურსათის მიწოდება შეძლო.

გატყობინებთ ჩვენს ხელთ არსებულ ბოლო სიახლეებს სუდანში მყოფი ჩვენი თანამშრომლების შესახებ. დღეს მოხერხდა მათთვის სურსათისა და წყლის მიწოდება და ამ დროისათვის, მათ აქვთ გარკვეული მარაგები.

შეგახსენებთ, რომ სუდანში სამსახურებრივი მივლინებით იმყოფება მაივეი ეარლაინსის 13 თანამშრომელი. შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება მათი უსაფრთხო ევაკუაცია. ისინი კვლავ რჩებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილას და თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისაგან. მათი საცხოვრებელი უბანი ამჟამად წარმოადგენს შედარებით უსაფრთხო ზონას და სამხედრო მოქმედებები აღნიშნულ ტერიტორიაზე არ მიმდინარეობს.

ჩვენ განვაგრძობთ მუდმივ კონტაქტზე ყოფნას თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და კონსულთან, ასევე, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან. დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთობლივი ძალისხმევით დროულად და უსაფრთხოდ შევძლებთ ჩვენი თანამშრომლების გამოყვანას კონფლიქტის ზონიდან, – წერს ავიაკომპანია. 

გერმანიამ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა გადასცა

გერმანიამ უკრაინას „პეტრიოტის“ ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემა გადასცა. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეა აღნიშნული, უკრაინას ასევე გადაეცა „პეტრიოტის“ სისტემის რაკეტები, თუმცა რა რაოდენობით, ბერლინში არ აკონკრეტებენ.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „პეტრიოტის“ სისტემების უკრაინისთვის მიწოდების ვადა და კომპლექტაციის დეტალები მის დანიშნულების ადგილზე ჩატანამდე უსაფრთხოების მიზნით არ ხმაურდებოდა.

გერმანიამ 2022 წლის დასაწყისიდან 2023 წლის აპრილამდე უკრაინისთვის ორ მილიარდ 750 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღების მიწოდების ლიცენზია გასცა. ამჟამად, აშშ-ში უკრაინელ სამხედროებს „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის ოპერირებას სწავლობენ, რის შემდეგაც უკრაინას „პეტრიოტის“ კომპლექსების ორ ბატარეას გადასცემენ. მათი უკრაინაში ამოქმედება აპრილის ბოლოს ან მაისის დასაწყისში გახდება შესაძლებელი.

,,ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი” – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდში აქვთ ინფორმაცია, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შემცვლელს ეძებენ.

კობახიძის თქმით, რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უკეთესი იქნება „ქართული ოცნებისთვის“.

„ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ იძებნება ხაბეიშვილის შემცვლელი. ეს სხვადასხვა წყარომ დაადასტურა. ეს მათი შიდა საქმეა, ბუნებრივია, ჩვენთვის საინტერესო არ არის. „ნაციონალური მოძრაობა“ რაც უფრო მეტად დასუსტდება და დაიშლება, მით უკეთესი იქნება ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. შესაბამისად, სჯობს, ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა კობახიძემ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის თანამდებობაზე ლევან ხაბეიშვილის ლეგიტიმაცია ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ორად გაყოფილ პარტიაში ახალი თავმჯდომარის საქმიანობით უკმაყოფილო მელიას გუნდი ღიად მიანიშნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი საარჩევნოდ გაცემულ დაპირებებს ვერ ასრულებს, რაც შესაძლოა პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების საფუძველი გახდეს.

,,კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის” მაჭარაშვილი

„წაგიკითხავთ მუხლს რეგლამენტიდან, თუ რის გამო იქმნება დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისია. 61-ე მუხლის მე-3 პუნქტი- „დროებითი საგამოძიებო კომისია იქმნება მხოლოდ კონკრეტული საკითხის შესასწავლად და უქმდება რეგლამენტით დადგენილი წესით საკითხის შესწავლისთანავე,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მაჭარაშვილმა პარლამენტში საგამოძიებო კომისიის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის.

მან ასევე, დეპუტატებს შეახსენა რეგლამენტის 61-ე მუხლი და განაცხადა, რომ ასეთ შემთხვევაში კომისია ვერ შეიქმნება.

„დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვამბობდით, რომ ამ კომისიის შექმნა ოპოზიციას არ უნდა არანაირი გამოძიებისთვის იმიტომ, რომ ამ ტრიბუნასთან მდგომმა მომხსენებელმა, ხათუნა სამნიძემ, არც ძირითად და არც დამაზუსტებელ კითხვებს არ უპასუხა. მისი ერთადერთი პასუხი იყო, რომ ეს თქვა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა. დამოუკიდებელი ქვეყნის პარლამენტის წევრი ტრიბუნასთან რომ დგახარ და პარტნიორი ქვეყნის ელჩის განცხადებაზე – „მაქვს მტკიცებულება მაგრამ არ გეტყვით და არ ვითანამშრომლებ არავითარ უწყებასთან“, კითხვა არ გიჩნდება თუ სად არის ეს მტკიცებულება და უბრალოდ ამბობ, რომ უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი კომისია, [უბრალოდ სირცხვილია]. ჩვენ კარგად გვახსოვს, სახელმწიფო დეპარტამენტმა რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. იქ არ იყო მითითებული, რეფორმები არ ჩაატარა ამ მოსამართლემ და იმიტომ ვუწესებთ სანქციებსო, პირდაპირ წერია, რომ კორუფციაში ედებოდა ბრალი ამ ოთხ მოსამართლეს და კონკრეტული ამ ბრალდების გამო დაუწესეს სავიზო სანქციები.

ფაქტი ის არის, რომ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას ეს კომისია და ამასთან დაკავშირებით, ერთი, რომ მტკიცებულებები არ არსებობს საჯარო სივრცეში, მეორე, რომ ელჩი არ აპირებს თანამშრომლობას და მესამე, რომ მომხსენებელს ტრიბუნიდან არაფერი კონკრეტული არ უთქვამს კორუფციასთან დაკავშირებით ამ კონკრეტულ მოსამართლეებთან მიმართებაში. მაშინ კითხვა ისმის, თუ არც ელჩს იბარებთ, არც ის იცით ვინ უნდა დაკითხოთ და არც ის იცით მტკიცებულებები საიდან უნდა მოიპოვოთ, აბა, კომისია რისთვის იქმნება?! ჩახედეთ 61-ე მუხლს და ნახავთ, რომ ასეთ შემთხვევაში კომისია ვერ შეიქმნება. მე მინდა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყოს ამა და ამ სახელისა და გვარის არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი – ამის გამო კომისიები არ იქმნება,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,პარტიის ახალი მენეჯმენტი ბრძოლის ტემპებით კმაყოფილი არ ვარ” – ნაყოფია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, პარტიის ახალი მენეჯმენტი ბრძოლის ტემპებით კმაყოფილი არ არის.

„პოლიტიკური ოფისში შეკრებილები თავს ენმ-ის წევრებად ასაღებენ და ამავდროულად ესხმიან მას“ – „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„პირდაპირ გეტყვით, რომ კმაყოფილი არ ვარ და არა მგონია ვინმე იყოს კმაყოფილი, რადგან ჩვენ გვახსოვს წინასაარჩევნო დაპირებები, თუნდაც, პარტიის აქტივობები რეგიონებსა და დედაქალაქში და ერთი დაპირება ისიც იყო, რომ ახალი თავმჯდომარე მოახდენდა მთელი ძალების კონსოლიდაციას და მოახერხებდა, რომ პარტიიდან არავინ არ წასულიყო. ჯერჯერობით ამ მხრივ დიდ წარმატებებზე საუბარი ზედმეტია“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ TV პირველის ეთერში.

კობა ნაყოფიას თქმით, ნიკა მელიას და მისი მომხრეების მიერ ცალკე ოფისის გახსნის გამო, არავინ არ უნდა იქნეს გარიცხული.

„ეს იქნება ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილება, თუ ოფისის გახსნის გამო, პარტიიდან ვიღაცას გარიცხავენ. არა მგონია, ასე მოხდდეს. იმის გამო, რომ ის ოფისს ხსნის, დააბრალო, რომ არის სეპარატისტი ან სუს-ის აგენტი, არასერიოზულია. მე ვაპირებ იმ ოფისში მისვლას, ნიკა მელიასთან შეხვედრას“, – განაცხადა კობა ნაყოფიამ. 

როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში – პროგნოზი ქალაქების მიხედვით

თბილისი – ღამით 12°, დღისით +22°

ბათუმი – ღამით +9°, დღისით +13°

ფოთი – ღამით +12°, დღისით +25°

ზუგდიდი – ღამით +12°, დღისით კი +29°

ქუთაისი – ღამით +13°, დღისით +29°

მესტია – ღამით +4°, დღისით +14° დღის მეორე ნახევარში წვიმა.

გორი – ღამით  +10°, დღისით +22°

ბორჯომი – ღამით +9°, დღისით კი +22°, მოსალოდნელია წვიმა.

ახალციხე – ღამით +8°, დღისით კი +22°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

ცხინვალი – ღამით +2°, დღისით +14°, დღის მეორე ნახევარში წვიმა.

რუსთავი – ღამით +12°, დღისით +22°

თელავი – ღამით +11°, დღისით კი +22°

ლაგოდეხი – ღამით +10°, დღისით +16°

სიღნაღი – ღამით +10°, დღისით კი +24°

,,ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ” – კობახიძე

ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ, ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს იმას, რომ სასამართლოზე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი თუნდაც მინიმალური დოზით აღდგეს. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“ , – განაცხადა კობახიძემ.

სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრისთვის კვორუმი არ შედგა.

მძიმე ავარიას სკოლის მოსწავლე ემსხვერპლა

ვარკეთილში, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ავარიის შედეგად დაღუპულია სკოლის მოსწავლე.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ჯერ ხეს შეეჯახა, შემდეგ კი არასრულწლოვანს.

ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებულნი.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

,,გუშინდელი დღე გაიხსენეთ საკუთარი ბიოგრაფიიდან”- მდინარაძე

„ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა გონებას მოუხმოს და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან,“ – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ისეთი აქტივობები განახორციელონ, რაც საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელს შეუშლის.

„მართლა რომ იყოს მტკიცებულება და ნიშანი იმისა, რომ ობიექტურად დაედო ვიღაცას სანქცია, ამ შემთხვევაში კი სავიზო შეზღუდვა, რეკომენდაციების შესრულების პროცესში ამაზე უნდა ჩუმდებოდეთ, რომ სახელმწიფოს არ მიადგეს ზიანი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. თქვენ, ამ დროს მავნებლობთ მაინცდამაინც და ამ დროს გინდათ ისეთი რაღაცის გაკეთება, რაშიც შემდეგ, შეიძლება თეორიაში, თქვენს ოცნებებში გამოძერწოთ ის პრობლემა, რომელიც ხელს შეუშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი ამ დონის მავნებლები ბრძანდებით „ნაცმოძრაობის“ მთელი კლასტერი და ეს არის სიმართლე, რომელიც ძალიან გტკივათ და ძალიან გწყინთ. აღარ გავაგრძელებ, აქ რაღაც ეპითეტებით რას კადრულობს ზოგიერთი თქვენგანი. კაცობა უნდა გააჩნდეს ჯერ და მერე იკადროს და არც კაცობა გააჩნია, ათას პარტიაზე რომ გადახტნენ ვიღაც-ვიღაცები და ახლა რაღაცებს ლაპარაკობენ, ამ ხალხს ვურჩევ, ცოტა მოუხმოს გონებას და მათ შორის, გუშინდელი დღე გაიხსენოს საკუთარი ბიოგრაფიიდან,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.