Home Blog Page 223

 “დიფ სთეითი”, რომელსაც ჩვენ დავარქვით გლობალური ომის პარტია, დაინტერესებული იყო, დიდხანს გაგრძელებულიყო ომი, რასაც ვამბობდით, ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს -მიხეილ ყაველაშვილი

ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, იარაღის გაგზავნას, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა აზერბაიჯანული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, რაზეც ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ საუბრობდა, ახლა ტრამპის ადმინისტრაცია ერთი ერთში იმეორებს.

„რეალობით, რაც დღეს გლობალური თვალსაზრისით არის, მხედველობაში მაქვს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, გამოიკვეთა კონკრეტული ძალები, რომლებიც დაინტერესებული არიან ომით. ჩვენ მუდმივად გვაქვს საუბარი „დიფ სთეითზე“, ჩვენ ამას დავარქვით გლობალური ომის პარტია, რომლის ინტერესიც იყო, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს ომი. ჩვენ თავიდანვე ვსაუბრობდით ამ თემაზე და ახლა ამაზე საუბრობს ტრამპის ადმინისტრაცია. ჩვენს ქვეყანას მოუწოდებდნენ, მეტი აქტიურობა გამოეჩინა ომზე, გვთხოვდნენ სანქციებთან შეერთებას, მოხალისეების, პირდაპირ იარაღის გაგზავნას, რაც კავშირში იყო, რომ საქართველოს ჩართულიყო ომში. წინა ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ამ ზეწოლის გზას იმეორებდნენ. დღეს ტრამპის შეხედულებებზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ მკაფიოდ არის ხაზი გავლებული, რასაც ჩვენ, ხელისუფლება და „ხალხის ძალა“ ვამბობდით, ერთი ერთში იმეორებს ტრამპის ადმინისტრაცია“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია -დავით მათიკაშვილი

საქართველოში დასავლური განწყობის შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის ჩინოვნიკების ჩართულობა საქართველოს შიდა საქმეებში ორ მხარეს შორის ურთიერთობას აფუჭებს.

„ჯეფრი საქსის შეფასებები, შეგვიძლია, გამორჩეულად ადეკვატურად მივიჩნიოთ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით. ეს პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი ცდილობს, სწორად შეაფასოს და სწორი პასუხები გასცეს იმ პრობლემებს, რაც ჩვენს ქვეყანაშია. ცხადია, რომ ევროკავშირის კონკრეტული ჩინოვნიკები, ევროპარლამენტარები თუ რომელიმე ევროპული სახელმწიფოს თანამდებობის პირები, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მონაწილეობენ ანტისახელისუფლებო მიტინგებში, იღებენ მონაწილეობას გარკვეულ ტრენინგებზე, სადაც პირდაპირ დესტრუქციაზე და რადიკალიზმზეა საუბარი, ეს ჩართულობა ურთიერთობას აფუჭებს. საქართველოში დასავლური განწყობის გაფუჭება და შერყევა თუ რამეს შეუძლია, ეს ამ ჩინოვნიკების უპასუხისმგებლო და მტრული ქცევებია. ჩვენი ხელისუფლება ამას ყოველთვის ადეკვატურად აფასებდა და, როგორც ხედავთ, ევროპის მაღალი ტრიბუნებიდანაც ისმის შესაბამისი შეფასებები, რომლებიც აბსოლუტურად სწორია“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ამერიკელმა პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართულ ღონისძიებაზე სახელწოდებით – „მშვიდობის გეოპოლიტიკა“ განაცხადა, რომ „ევროპარლამენტარები და ევროპელი პოლიტიკოსები რომ ჩადიან საქართველოში, ეს ანგრევს საქართველოს“.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. მისი ხსოვნის პატივსაცემად მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, გენერალური შტაბის მთავარი სერჟანტი კობა ოშხერელი, პირველი ბრიგადის მე-12 ბატალიონის სამხედროები და ოჯახის წევრები შეიკრიბნენ და არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

მუხათგვერდიდან სამხედრო მოსამსახურეებმა წილკანის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

შვიდი წლის წინ, 2018 წლის 22 თებერვალს არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა ახალგორში უკანონოდ დააკავეს. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. სამხედროს ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები დაისჯებიან -ირაკლი ჩიქოვანი

დღეს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან შვიდი წელი გავიდა. არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი, რომლის ტრაგედიამ შეძრა და, ამასთან, გააერთიანა სრულიად საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ჩიქოვანი სოციალურ ქსელში წერს.

„დარწმუნებული ვარ, ჩვენი სახელმწიფოს ძალისხმევით აუცილებლად დადგება მართლმსაჯულება და ამ სასტიკ დანაშაულში მონაწილე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან“, – წერს ჩიქოვანი.

არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ ის მოკლეს. უმცროსი სერჟანტი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა. ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს-გიორგი ვოლსკი ჯეფრი საქსზე

როდესაც ასეთი მაღალი ტრიბუნიდან, ასეთი კომპეტენციის ადამიანის შეფასება გაისმის, რასაკვირველია, ეს ბევრისთვის საყურადღებო უნდა იყოს, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ამერიკელი პროფესორის, ჯეფრი საქსის ევროპარლამენტში გაკეთებული განცხადების შეფასებისას.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თქმით, საქართველოში ჩამოდიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის ქვეყანაში არ არიან პოპულარულები და მოწინავე პოლიტიკურ პოზიციებზე მყოფი ადამიანები.

„აქ სურთ, რომ ახალგაზრდებს ტვინი აურიონ და უკარნახებენ იმას, რომ მეიდნის სცენარია ყველაზე მისაღები ქვეყნისთვის, თავისი ინტერესი გააჩნიათ და უნდათ, რომ ჩვენს ქვეყანაში მათი ინტერესის რეალიზაცია ასეთი ბოროტი გზით მოხდეს. ამაზე საუბრობს ჯეფრი საქსი – გამოჩენილი მეცნიერი და პოლიტოლოგი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკელმა პროფესორმა, ჯეფრი საქსმა ევროპარლამენტში გამართული დისკუსიების ფარგლებში საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზეც ისაუბრა.

„თქვენი ევროპარლამენტარები, ევროპელი პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოში ჩადიან, ეს ანადგურებს საქართველოს, ეს არ იცავს საქართველოს“, – აღნიშნა ამერიკელმა პროფესორმა.

როდესაც “დიფ სთეითისთვის” მტერია ბატონი ტრამპი, რადიკალური ოპოზიციისთვისაც ავტომატურად, ტრამპი მტერი გამოდის და “დიფ სთეითისგან” იღებენ დავალებებს, რომ საქართველოშიც ეს ნარატივი დათესონ -ლევან მაჭავარიანი

„რადიკალური ოპოზიცია „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშაა, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.

მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, რადიკალური ოპოზიცია „დიფ სთეითისგან“ იღებენ დავალებებს, რომ საქართველოშიც დათესოს ნარატივი და უხეში სიტყვებით შეამკონ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.

„რადიკალური ოპოზიცია „დიფ სთეითის“ კონტროლის ქვეშაა. ატარებენ მათ პოლიტიკას, ემსახურებიან მათ დავალებებს და ასე შემდეგ. შესაბამისად, როდესაც „დიფ სთეითისთვის“ მტერია ბატონი ტრამპი, რა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიციისთვისაც ავტომატურად, ბატონი ტრამპი მტერი გამოდის და „დიფ სთეითისგან“ იღებენ დავალებებს, რომ საქართველოშიც დათესონ ეს ნარატივი და უხეში სიტყვებით შეამკონ აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი.

რაღაც ეტაპზე ევროკავშირზეც გადავა და ევროკავშირიც დაიწყებს ბრძოლას „დიფ სთეითის“ წინააღმდეგ და უკვე საბოლოო ჯამში, რადიკალური ოპოზიცია დარჩება თავისი გარე მფარველების, პატრონების გარეშე“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

 Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის

სააგენტო Associated Press-ი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას სასამართლოში უჩივის, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო უჩივის, რომ თეთრმა სახლმა სააგენტოს ჟურნალისტებს პრეზიდენტთან წვდომა შეუზღუდა.

თეთრი სახლის ცნობით, Associated Press-ის ჟურნალისტებს ოვალურ კაბინეტსა და პრეზიდენტის თვითმფრინავზე Air Force One-ზე იმის გამო არ უშვებენ, რომ სააგენტო „ამერიკის ყურის“ ნაცვლად კვლავ „მექსიკის ყურეს“ იყენებს.

„აშშ-ში პრესასა და ყველა ადამიანს საკუთარი სიტყვების არჩევის უფლება აქვს, ისე რომ ხელისუფლების მხრიდან შურისძიების მსხვერპლი არ გახდეს. კონსტიტუცია ხელისუფლებას სიტყვის თავისუფლების კონტროლის უფლებას არ აძლევს და ხელისუფლების მიერ მსგავსი კონტროლი და საპასუხო რეპრესიები ყველა ამერიკელის თავისუფლებას საფრთხეს უქმნის“, – ნათქვამია Associated Press-ის სარჩელში.

გასულ თვეში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც „მექსიკის ყურეს“ სახელი „ამერიკის ყურით“ შეუცვალა.

 უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს -The Wall Street Journal

უკრაინასა და აშშ-ს შორის სასარგებლო წიაღისეულზე შეთანხმება, შესაძლოა, დღეს გაფორმდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „უოლ სთრით ჯორნალი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხელშეკრულება ჯერ მზად არ არის.

სტატიის თანახმად, უკრაინის მთავრობასთან ახლოს მყოფმა წყარომ განაცხადა, რომ უკრაინის და რუსეთის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, კიტ კელოგმა „დიდი როლი“ შეასრულა ხელშეკრულების პირობების კოორდინაციაში, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და სხვა უკრაინელი ოფიციალური პირების ნდობა გააძლიერა კიევში სამდღიანი ვიზიტის დროს.

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს  -მარკო რუბიო

ორშაბათს, რუსეთ-უკრაინის ომიდან სამი წლის შემდეგ, აშშ გაერო-ში ისტორიულ რეზოლუციას წარადგენს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ავრცელებს.

„პრეზიდენტ ტრამპს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და მზად არის გადაწყვეტისთვის, რომელიც ხანგრძლივ მშვიდობას გამოიწვევს და არა დროებით პაუზას. ორშაბათს, 24 თებერვალს, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამი წელი გადის. ეს ომი დიდხანს და რუსეთისა და უკრაინისთვის საშინელ ფასად გაგრძელდა“, – ნათქვამია მარკო რუბიოს განცხადებაში.

მისი თქმით, გაერო თავის ფუნდამენტურ დანიშნულებას უნდა დაუბრუნდეს, რომელიც გაერო-ს ქარტიაშია დაფიქსირებული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებას, მათ შორის, დავების მშვიდობიანი გზით მოგვარებას ითვალისწინებს.

„აშშ-მა გაერო-ში მარტივი, ისტორიული რეზოლუცია წარადგინა და ჩვენ წევრ სახელმწიფოებს მოვუწოდებთ, რომ მშვიდობისკენ მიმავალ გზას მხარი დაუჭირონ. ამ რეზოლუციის მხარდაჭერით ვადასტურებთ, რომ ეს კონფლიქტი საშინელებაა და გაერო-ს მის დასრულებაში წვლილის შეტანა შეუძლია“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა-ალექსეი არესტოვიჩი

x

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა, რომ გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა.

„გლობალური USAID-ი ცდილობდა უკრაინისგან ახალი „ჰამასი“ შეექმნა. რეცეპტი უბრალოა – თქვენ მსხვერპლი ხართ, მსხვერპლისთვის კი ყველაფერი შეიძლება, ჩვენ ფულს მოგცემთ. საბედნიეროდ, ვერ მოასწრო, მაგრამ ძალიან ახლოს იყო [USAID]“, – განაცხადა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, თუ უკრაინას სურს იყოს, როგორც ისრაელი და არა როგორც „ჰამასი“, ერთადერთი, რაც უნდა ახსოვდეს არის ის, რომ სუბიექტურობა ნიშნავს პასუხისმგებლობას და არა თვითნებობას.

ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობის შესახებ სიცრუე იყო და მის რეალურ მდგომარეობას მალავდნენ -თეთრი სახლის პრესმდივანი

ინფორმაცია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის შრომისუნარიანობის შესახებ სიცრუე იყო და მის რეალურ მდგომარეობას მალავდნენ, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში თეთრი სახლის პრესმდივანმა, კაროლინ ლევიტმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მედიამ ყველაფერი იცოდა, აგრძელებდა არასწორი ინფორმაციის გავრცელებას.

„ჟურნალისტები კამერებს მიღმა გეტყვიან, რომ მათ იცოდნენ ბაიდენის არაკომპეტენტურობის შესახებ, რომ თეთრი სახლის თანამშრომლები შუა დღემდე არ ჩნდებოდნენ. არანაირი სამუშაო არ მიდიოდა“, – განაცხადა ლევიტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯო ბაიდენს საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა გაუუქმა. ტრამპმა ასევე გაიხსენა სპეციალური პროკურორის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბაიდენს „მეხსიერების პრობლემები“ აქვს.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„საქართველოს ისტორიაში პირველად კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მოპოვებისთვის, მსოფლიოს 16 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვედრისა და კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე მეექვსედ ასპარეზობის შესაძლებლობისთვის პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ღირსების ორდენზე წარადგინეს.

სახელმწიფო ჯილდო გადაეცემა საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობას – მიხეილ ბერიშვილს, დუდა სანაძეს, რატი ანდრონიკაშვილს, გოგა ბითაძეს, ალექსანდრე მამუკელაშვილს, კახაბერ ჯინჭარაძეს, ბექა ბექაურს, ლუკა ლიკლიკაძეს, გიორგი ტურძილაძეს, დავით კაკუშაძეს, ბექა ბურჯანაძეს, გიორგი ცინცაძეს, თადუს მაქფადენს, გიორგი კორსანტიას, ალექსანდრე ფევაძეს, ლუკა მაზიაშვილს, მათე ხატიაშვილს, კამარ ბოლდუინს, გიორგი ოჩხიკიძეს, ოთარ ფხაკაძეს, ნიკოლოზ გაფრინდაშვილს, რევაზ როგავას, ჯოზეფ თომასონს;

ღირსების ორდენზე ასევე წარდგენილია საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი – ილიას ზუროსი, ალექსანდარ ჯიკიჩი, მანუჩარ მარკოიშვილი, ანატოლი ბოისა, გეორგიოს ლიმნიატისი, დავიდ დუფორი, ფილიპ მიჰაილოვიჩი, მარკო ესპოსიტო, ირაკლი შიოშვილი, ნიკოლოზ ცინცაძე;

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა – ფედერაციის პრეზიდენტი – ვიქტორ სანიკიძე; ფედერაციის გენერალური მდივანი – ლაშა გამყრელიძე; ფედერაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი – დავით საყვარელიძე და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები – ნიკოლოზ ცქიტიშვილი და ვლადიმერ ბოისა.

სპორტის დარგში გამორჩეული მიღწევისა და გაწეული ღვაწლისთვის სახელმწიფო ჯილდოზე – ბრწყინვალების ორდენზე წარდგენილნი არიან საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრები: ორგზის ევროლიგის გამარჯვებული და ორგზის ესპანეთის ჩემპიონატის სეზონის საუკეთესო მოთამაშე – გიორგი შერმადინი; 2019-2020 წლების კალათბურთში ესპანეთის ჩემპიონატის გამარჯვებული – თორნიკე შენგელია.

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული სამსახურისთვის ღირსების მედლით დაჯილდოების მიზნით პრეზიდენტს წარუდგინეს საქართველოს ვაჟ-კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების პერსონალი.

ირაკლი კობახიძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივი წარდგინება საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს გაეგზავნა“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.