Home Blog Page 2229

„დღეს რადიკალური ოპოზიციის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ხაზი…”- კობახიძე

გადაწყვეტილება, რომელიც გახმოვანდა სახელმწიფო დეპარტამენტის სახელით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, ბუნებრივია, უხეში ჩარევა იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის ხაზი და უნდათ, რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებისთვის.

„დღეს რადიკალური ოპოზიციის მიზანია კიდევ უფრო გააძლიეროს ეს ხაზი, დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის ხაზი და მათ შორის, მათ უნდათ რომ ეს ყველაფერი გამოიყენონ კანდიდატის სტატუსის მიღების შეფერხებისთვის. ეს არის მათი გეგმა და მიზანი. გარდა ამისა, როდესაც „ნაცმოძრაობა“ საუბრობს სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, ეს არის ამორალური. მათ არავითარი მორალური უფლება არ აქვთ, რომ სასამართლოს თემაზე შექმნან საგამოძიებო კომისია. ისინი არიან თავის დროზე სისხლიანი სასამართლო სისტემის ავტორები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მათ ჰქონდათ შავი სალაროები და სხვადასხვა ხალხი მართავდა ამ შავ სალაროებს”- ირაკლი რუხაძე

ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის კვირასთან“ „იმედისა“ და ბადრი პატარკაციშვილის ქონების მიტაცების საქმის ერთ ეპიზოდზე ისაუბრა, რომელიც ყოფილ თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილს უკავშირდებოდა.

 

რუხაძემ გაიხსენა 2008 წელს განხორციელებული მისი დაკითხვისა და ავტომობილის აფეთქების ფაქტი. რუხაძე აცხადებს, რომ მისი ავტომობილი კეზერაშვილთან შეხვედრიდან რამდენიმე საათში მის დასაშინებლად ააფეთქეს. მისივე თქმით, ვიდეოში ჩანს, თუ ვინ აფეთქებს მანქანას, თუმცა პოლიციას საქმე არ გამოუძიებია.

 

„ჩანს მშვენივრად ის ადამიანი, ვინც მივიდა და აფეთქებს მანქანას. ოფისის წინ კამერები იდგა და ჩვენ ჩანაწერები გადავეცით პროკურატურას, მაგრამ არავინ დაუჭერიათ და არ უთქვამთ ჩვენთვის, მანქანა ვინ ააფეთქა“, – განაცხადა რუხაძემ.

 

მისივე თქმით, დავით კეზერაშვილი მაშინ მას გიგი უგულავამ საკუთარ კაბინეტში გააცნო. რუხაძემ განაცხადა, რომ კეზერაშვილმა პირდაპირ დაასახელა თანხა, თუ რის სანაცვლოდ უნდა დაეთმო „ბორჯომი“ და მოსთხოვა, „ბორჯომი“ დავით იაკობაშვილისთვის გადაეფორმებინა.

 

„თანხა დაასახელა, ამდენ თანხას მოგცემთ თქვენ დავით იაკობაშვილი და თქვენ დავით იაკობაშვილს გადაუფორმეთ „ბორჯომი“. მე ვუთხარი, რომ ინას დაველაპარაკები „იმედზე“ მაგრად არა მგონია-თქო და „ბორჯომზე“ აგერ მე გეუბნებით, პირდაპირ უარს-თქო, იმიტომ რომ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი და ამ საუბრიდან მეორე თუ მესამე დღეს ჩემი მანქანა აფეთქდა.

 

მათ ჰქონდათ შავი სალაროები და სხვადასხვა ხალხი მართავდა ამ შავ სალაროებს. როდესაც კეზერაშვილი მეუბნებოდა, ამა და ამ კონკრეტულ ადამიანებზე: ჯოზეფ ქეის, დავით იაკობაშვილს გადაეცი ეს აქტივები, თავად იყო ამ შავი სალაროს მმართველი. მე რომ დავით იაკობაშვილს გადავცემდი „ბორჯომი“, შემდეგ მისი მფლობელი ასევე იქნებოდა ბატონი ბიზნესმენი კეზერაშვილი. რომელიც ასე ცდილობდა და მეორე დღეს რაღაცნაირად ჩემი მანქანა აფეთქდა“, – განაცხადა რუხაძემ.

„მოხერხდა მათი გამოყვანა ცხელი წერტილიდან“ – სუდანში მყოფი ქართველების შესახებ ახალი ცნობები ვრცელდება

საქართველოს მოქალაქეები – პილოტები, ბორტგამყოლები და ინჟინრები ამ დრომდე სუდანის ტერიტორიაზე რჩებიან. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, კონფლიქტის ზონაში ჩარჩენილი ქართველები დედაქალაქ ხარტუმის ყველაზე ცხელ წერტილს განარიდეს, მათი სრული ევაკუაციისთვის კი მუშაობა გრძელდება.

„სუდანში მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქ. ხარტუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიიდან მეტად უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, საიდანაც განხორციელდება მათი შემდგომი ევაკუაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და დამსაქმებელი კომპანიის ერთობლივი მუშაობით მოხერხდა ცხელი წერტილიდან, სადაც მუდმივი შეტაკებები მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა. ამჟამად, მოქალაქეები იმყოფებიან ქალაქის უსაფრთხო ნაწილში. უწყება აგრძელებს მუშაობას სუდანიდან მათი სრული ევაკუაციისთვის“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.

სუდანში ქართული ავიაკომპანიის თვითმფრინავი დაიწვა

სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

,,მას მერე ღაპაღუპით მცვივა ცრემლი…“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სოფიო ხორგუანი (ფოტოები)

უფლებადამცველი, სოფიო ხორგუანი სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში სამკურნალოდ ჩასულმა აფხაზმა ბიჭმა აფხაზეთში ჩამოსხმული ღვინო და იქვე დაფასოებული ყავა აჩუქა და ეს მისთვის ძალიან ემოციური იყო.

„აფხაზმა ბიჭმა მაჩუქა, სავარძელში ზის და აქ მკურნალობს. აფხაზეთში ჩამოსხმული ცქრიალა ღვინო და აფხაზეთში დაფასოებული თურქულად მოსახარში ყავა. ჰოდა, მასთან კი არ შევიმჩნიე, მაგრამ წამოვედი თუ არა, მას მერე ღაპაღუპით მცვივა ცრემლი. სახლში მინდა, აფხაზეთში! გესმის, ღმერთო?!“ – წერს ხორგუანი და ფოტოებს აქვეყნებს.

G7 შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას მოითხოვს

23 აპრილს დიდმა შვიდეულმა მარცვლეულის შეთანხმების “გაგრძელება, სრული განხორციელება და გაფართოება” მოითხოვა. G7-ის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა მიაძაკიში ორდღიანი შეხვედრის შემდეგ აღიარეს შეთანხმების მნიშვნელობა და თქვეს, რომ მხარს უჭერენ მარცვლეულის შეთანხმების გაგრძელებას და გაფართოებას.

შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივა გასული წლის ივლისში გაეროსა და თურქეთის შუამავლობით შემუშავდა. ის მიზნად ისახავდა გლობალური სასურსათო კრიზისის თავიდან აცილებას რუსეთის შემოჭრით ბლოკირებული უკრაინული მარცვლეულის სამი პორტიდან უსაფრთხო ექსპორტის გზით. გასული ივლისის შემდეგ, უკრაინიდან დაახლოებით 28 მილიონი ტონა მარცვლეული გავიდა, მათ შორის ისეთ ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც გლობალური სასურსათო კრიზისის წინაშე დგანან.

თუმცა რუსეთი შეთანხმებიდან გასვლით იმუქრება, თუ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. რუსეთმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ არ მოიხსნება დაბრკოლებები მარცვლეულისა და სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით, უკრაინას მოუწევს მარცვლეულის ექსპორტი ხმელეთის გამოყენებით, ხოლო მოსკოვი გაეროს შუამავლობით მიღწეული მარცვლეულის საექსპორტო შეთანხმების მიღმა იმუშავებს.

“ჩვენ ვგმობთ რუსეთის მცდელობებს გამოიყენოს საკვები, როგორც დესტაბილიზაციის საშუალება და როგორც გეოპოლიტიკური იძულება და მხარს ვუჭერთ მათ, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ საკვების იარაღად ქცევით.” – ნათქვამია G7-ის მინისტრების საერთო განცხადებაში.

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა კვირას Telegram-ზე დაწერა, რომ თუ G7 გადაწყვეტს რუსეთში ექსპორტის აკრძალვას, მოსკოვი შეწყვეტს მარცვლეულის შეთანხმებას. გავრცელებული ინფორმაციით, G7-ის ქვეყნები რუსეთში ექსპორტის თითქმის სრულ აკრძალვას განიხილავენ.

“მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა” – კულება

მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ მიისწრაფის მშვიდობისკენ ისე, როგორც უკრაინა, მაგრამ ასევე ვიცით, რომ ნამდვილი მშვიდობა უნდა იყოს სამართლიანი და გრძელვადიანი… ნამდვილი მშვიდობა არ იქნება არც უკრაინისთვის და არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, თუ რუსეთი არ აიღებს სრულ პასუხისმგებლობას ჩადენილ დანაშაულზე”

– ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ბოლო დროს გაკეთებულ მოწოდებებს.

,,როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და არ იცოდეს მმართველმა პარტიამ”-ჰერმან საბო

„ქართულ ოცნებას“ ძალიან კი უნდა, რომ „ქოლცენტრების“ საქმე მთლიანად კეზერაშვილს შეეწეროს, მაგრამ ფიზიკურად ეს შეუძლებელი მგონია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, წარმოუდგენელია, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ინფორმაცია სუს-ს არ ჰქონოდა.

„წარმოუდგენელია, საქართველოში 21-ე საუკუნეში, ათობით ათასი ადამიანი მუშაობდეს ქოლცენტრებში, მილიარდამდე დოლარის ბრუნვა იყოს და ეს ყველაფერი კეთდებოდეს სუს-ის ყურადღების მიღმა, სუს-ის ნებართვის მიღმა. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, წარმომადგენლებს ვურჩევ, დროზე დაიწყონ საუბარი, რა ხდება სინამდვილეში. ამით ისინი საკუთარ თავს მაინც გადაირჩენენ, რადგან როდესაც ეს მართლა გაირკვევა, ვინ როგორ იყო ჩართული, მერე უკვე გვიანი იქნება იმის თქმა, მე არ ვიცოდიო. როგორ შეიძლება, ამხელა შავი ფული ტრიალებდეს ქვეყანაში და ეს არ იცოდეს მმართველმა პარტიამ, შეუძლებელია“, – განაცხადა საბომ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სუდანში არსებული რთული და არაპროგნოზირებადი ვითარების გამო, ჯერ არ არის ცნობილი ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

საგარეო უწყებაში განმარტავენ, რომ მუდმივ კონტაქტზე რჩებიან სუდანში მყოფ ქართველებთან.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო, სხვადასხვა აქტორებთან ერთად, კვლავ აქტიურად მუშაობს სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანაზე, მაგრამ ვითარება არის უკიდურესად რთული და არაპროგნოზირებადი, გრძელდება შეტაკებები. შესაბამისად, ზუსტი დრო, როდის მოხდება საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა, არ არის ჯერ ცნობილი. ვრჩებით მუდმივ კონტაქტზე იქ მყოფ ქართველებთან“, – აღნიშნავენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სუდანში ქვეყნის არმიასა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილიდან მიმდინარეობს.

მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას

 

„მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან  და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო“- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიას თქმით, მედიკამენტმა დაადასტურა, რომ მას შეუძლია დადებითი ზეგავლენა ჰქონდეს ძვლის ზრდის ტემპზე და გარკვეული ზომიერი კლინიკური ეფექტი აქვს, რაც აღნიშნულია ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჯანმრთელობის ტექნოლოგიების შეფასების ანგარიშებში, თუმცა იქვე არის აღნიშნული, რომ გრძელვადიანი შედეგები არ არის დადგენილი, შესაბამისად ამ მიმართულებით კვლევები გრძელდება.

„ჩვენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ხშირად მივმართავთ სხვადასხვა შემთხვევებში. დღეს, იქიდან გამომდინარე, რომ ვოსორიდიტი ადრეული ეტაპის პრეპარატია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას  მასთან მიმართებაში ჯერჯერობით არ აქვს არც რეკომენდაცია და არც გაიდლაინი სტანდარტული სახით შეტანილი არ არის. სწორედ ამიტომ არის მეტი სამუშაო და მეტი დრო ჭირდება „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში დანერგვის ეტაპების დადგენას, ასევე მოლაპარაკებას მწარმოებელთან  და ჩვენ პარტნიორებთანაც, იმისთვის რომ ქვეყანაში პრეპარატის შემოტანა იყოს უსაფრთხო. ეს პროცესი დაიწყო უკვე რამდენიმე თვეა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამაზე და კიდევ გარკვეული ეტაპები უნდა გავიაროთ იმისთვის, რომ თამამად გადავდგათ „ვოსორიდიტის“ ქვეყანაში შემოტანის ნაბიჯი“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით „ვოსორიდიტი“ ინოვაციური და პირველი მედიკამენტია, რომელიც აქონდროპლაზიისთვის გაჩნდა. მისივე თქმით, ძალიან დიდი ინტერესია დღეს ამ მედიკამენტის გარშემო და სწორედ ამით იხსნება ის ფაქტი, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ „ვოსორიდიტს“ მიანიჭა დაჩქარებული წესით ავტორიზაცია. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ავტორიზაცია, ქვეყნების დონეზე, უპირობოდ მის აღიარებას არ ნიშნავს, რადგან თითოეული ქვეყანა კიდევ უფრო დეტალურად სწავლობს მედიკამენტის მოსალოდნელ ეფექტსა და გვერდით რეაქციებს.

ბადრიჯანი TasteAtlas-ის საუკეთესო ტრადიციულ ვეგანურ კერძებს შორის მე-5 ადგილზეა

TasteAtlas-ის მომხმარებლებმა მსოფლიოში საუკეთესო ტრადიციული ვეგანური კერძები გამოავლინეს. ჩამონათვალის პირველ ხუთეულში საქართველოც მოხვდა: აპრილის მონაცემებით, ბადრიჯანი მეხუთე ადგილს იკავებს.

ბადრიჯნის გარდა, საუკეთესო ტრადიციულ ვეგანურ კერძებს შორის ლობიოცაა, რომელიც სიაში 35-ე ადგილს იკავებს. ასეულში აჯაფსანდალიც კი მოხვდა.

TasteAtlas სამოგზაურო გზამკვლევია ტრადიციული კერძების შესახებ, სადაც მომხმარებლები სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს აფასებენ და თავიანთ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

ვებგვერდი დაახლოებით 10 000 კერძის შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, თუ რომელ ქვეყნებსა და რესტორნებში შეიძლება მათი დაგემოვნება. ვებგვერდზე ასევე ცნობილი ტრადიციული კერძების რეცეპტებსაც ნახავთ, რაც თქვენთვის გამორჩეულად გემრიელი კერძების მომზადებაში დაგეხმარებათ.

ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ კაპრალ ვახტანგ გზირიშვილს დღეს 35 წელი შეუსრულდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლაში დაღუპული სამხედროსა და მისი თანამებრძოლების სულის მოსახსენიებელი სამოქალაქო პანაშვიდი ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში გაიმართა.

” რელიგიურ ღვთისმსახურებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი ბუბუნაური, თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, ბრიგადის გენერალი კახა ტაბატაძე, უწყების სხვა ხელმძღვანელი პირები, კაპრალ ვახტანგ გზირიშვილის დედა – მარინა გზირიშვილი და გმირის თანამებრძოლები დაესწრნენ.

ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა. მას დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონია

ერევანში ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძე ატაცში ევროპის ჩემპიონი გახდა.

ლაშა ტალახაძემ 210,217, 222 კილოგრამის დაძლევით ოქროს მედალი მოიპოვა.