Home Blog Page 2228

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება ცეცხლის 72 საათით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანის არმია და გასამხედროებული დაჯგუფება „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72-საათიან ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყურბან ბაირამის დასრულებამდე იმოქმედებს, – ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში გაიხსნება ჰუმანიტარული დერეფნები, რომლის საშუალებითაც მოქალაქეების ევაკუაცია მოხდება.

სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.

„ბიბისის“ ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.

თიბისისთან პარტნიორობით კომპანია „ბიოპარკმა“ ქართულ ბაზარზე აგროქსოვილის რეალიზაცია გაზარდა

აგროქსოვილი, იგივე მულჩის ფირი, სოფლის მეურნეობაში ფართოდ გამოყენებადი და ხანდახან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტია, რომელიც მცენარეს სარეველა ბალახისგან იცავს. კომპანია „ბიოპარკის“ დამფუძნებელი, მამული სალაყაია, რომელმაც თიბისის მხარდაჭერით აგროქსოვილის საქართველოში შემოტანა 2020 წლიდან დაიწყო, ბიზნესის წარმატების ისტორიას გვიყვება:

„რა არის აგროქსოვილი?

ეს არის შავი ფერის კეთილთვისებიანი ცელოფნის ფენა, რომლითაც მცენარის ფესვებს ფარავენ. ის მზის სხივებს არ ატარებს, ამით სარევალა ბალახისთვის ფოტოსინთეზს აფერხებს, სამაგიეროდ,  წყლის და ჰაერის გამტარია, შესაბამისად, მცენარის ფესვებს საკვები ნივთიერებები შეუფერხებლად მიეწოდება. დასავლეთ საქართველოში სარეველასთან ბრძოლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა, ამიტომ, ვისაც ამ პროცესთან შეხება ჰქონია, ყველამ იცის აგროქსოვილის მნიშვნელობა და სარგებელი. მას იყენებენ ინტენსიურ ბაღებშიც. ასევე მოცვის, მარწყვის, ჟოლოს მეურნეობებში და ბიო ვენახშიც. შესაბამისად, აგროქსოვილი ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადი პროდუქტია.

როგორ მივედი ამ ბიზნესიდეამდე?

ზოგადად, ბიზნესის დაწყების იდეა პანდემიის პერიოდში გაჩნდა, როცა შემოსავლის გარეშე დარჩენის საფრთხე ყველასთვის რეალური გახდა. ამ დროს დავიწყე ფიქრი იმ კაპიტალზე, რომელიც 4 ჰა მიწის სახით მქონდა სოფელ ურბნისში. სიმინდის მოყვანის შემდეგ არჩევანი ლურჯი მოცვის მოყვანაზე შევაჩერე და ნერგების მოსაძიებლად დასავლეთ საქართველოში ჩავედი. მოცვის მწარმოებელი ფერმერები, სხვა პრობლემებთან ერთად, ბაზარზე აგროქსოვილის დეფიციტს უჩიოდნენ, რომელიც ლურჯი მოცვისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრიდუქტია. სწორედ იქ გამიჩნდა იდეა, აგროქსოვილი თავად მეწარმოებინა და ადგილობრივ ბაზარზე გამეყიდა. ფერმერებს ფასზე ადგილზევე გავურიგდი და საქმეს შევუდექი.

აგროქსოვილის წარმოებისთვის საჭირო მასალა – პოლიპროპილენი – საზღვარგარეთიდან შემოვიტანე, საჭირო მანქანა-დანადგარები ვიქირავე და პროდუქცია ადგილზე დავამზადე. თუმცა, ბევრი ცდის მიუხედავად, სასურველი ხარისხს ვერ მივაღწიე. ამიტომ საზღვარგარეთიდან იმპორტზე ფიქრი დავიწყე.

2020 წელს აგროქსოვილი სასურველ ქვეყანაში, სასურველ  ფასად შევიძინე, კონტეინერი დავტვირთე და საქართველოში ჩამოვიტანე. ფასმაც და ხარისხმაც გაამართლა. მალევე მივხვდი, რომ საქმე საკმაოდ მომგებიანი იყო და თიბისის მხარდაჭერით, იგივე ქვეყნიდან კიდევ რამდენიმე კონტეინერი შემოვიტანე.

2020 წლიდან დღემდე ქართულ ბაზარზე 3 მილიონ კვ.მ-ზე მეტი აგროქსოვილი გვაქვს გაყიდული. ჩვენი ძირითადი მომხმარებლები ქართველი ფერმერები არიან. ომმა ბიზნესი რამდენიმე თვით შეაფერხა, თუმცა დღეისათვის სიტუაცია დასტაბილურდა და შეიძლება ითქვას, მოთხოვნა გაიზარდა კიდეც.

ბაზარზე ჩვენი კომპანიის უპირატესობა  ხარისხი და ფასია. ამ მხრივ უალტერნატივოები ვართ. თიბისი ჩვენი მუდმივი პარტნიორია და მისი მხარდამჭერითვე ვგეგმავთ ახალ მიმართულებას – ტვირთის შესაფუთი ცელოფნის იმპორტსაც. ეს არის ჭიმვადი, ელასტიური შესაფუთი მასალა, რომლითაც პადონებზე მოთავსებული ტვირთი იფუთება და რომლის გარეშეც ტვირთის ტრანსპორტირება შეუძლებელია.“

 

(R)

რუსულმა თვითმფრინავმა ბომბი შემთხვევით ბელგოროდში ჩამოაგდო

რუსულმა „სუ-34“ ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა რუსეთის ქალაქ ბელგოროდში ბომბი შემთხვევით ჩამოაგდო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით დაახლოებით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების „სუ-34“ თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის გაუთვალისწინებელი გაშვება, რის შედეგადაც დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ უწყებაში.

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე 20-მეტრიანი რადიუსის კრატერი დარჩა.

მისივე თქმით, დაშავებულია ორი ადამიანი.

“იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!”- ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ-უკრაინის ომის 422-ე დღე

უკრაინის დედაქალაქ კიევში, კიევის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ვინიცის, ლვოვის, ტერნოპოლის, ხმელნიცკის, სუმისა და პოლტავის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კიევის რეგიონულმა სამხედრო ადმინისტრაციამ მოსახლეობა „კამიკაძე“ დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

“კიევის ოლქი! მტრის დრონებით თავდასხმის საფრთხე. მოვუწოდებთ მოსახლეობას, დარჩნენ უსაფრთხო ადგილებში საჰაერო თავდასხმის სიგნალის დასრულებამდე. იზრუნეთ საკუთარ თავსა და ახლობლებზე!” – აცხადებენ კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრიი ერმაკმა, ასევე მოუწოდა მოსახლეობას, საჰაერო განგაში არ უგულებელყონ. მისი თქმით კიევის ოლქში საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობს.

შეგახსენებთ, 19 აპრილის რუსებმა უკრაინის მასშტაბით „შაჰიდ 136/131“ ტიპის 11 ირანული „კამიკაძე“ დრონი გაუშვეს. უკრაინელებმა 10 მათგანის განადგურება შეძლეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ეს მოქმედებები გარდაუვალია.

“უკრაინის დაცვა – ეს არის ის, რასაც მიეძღვნა მოლაპარაკებები ნატო-ს ხელმძღვანელთან იენს სტოლტენბერგთან. მთელი საერთაშორისო წესრიგის დაცვა წესების საფუძველზე. სიცოცხლის დაცვა. ჩვენ ვემზადებით „რამშტაინის“ შეხვედრისთვის და ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ვემზადებით აქტიური მოქმედებებისთვის ფრონტზე: ისინი გარდაუვალია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა ემზადება ვილნიუსში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის, რომელიც ზაფხულში გაიმართება.

“ვერც უკრაინელების უმრავლესობა, ვერც ევროპელების უმრავლესობა და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ვის აქვს ჩვენს მეომრებზე უფრო დიდი წვლილი შეტანილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით. მადლობელი ვარ ყველა პარტნიორის, ვინც ამ საქმეში გვეხმარება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

სლოვენია უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივი შესყიდვის პროექტს შეუერთდება. სლოვენიის თავდაცვის მინისტრმა, მარიან სარეჩმა ინიციატივაში მონაწილეობის შესახებ შესაბამის შეთანხმებას ხელი ევროპის თავდაცვის სააგენტოსთან უნდა მოაწეროს.

სლოვენიის თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ ეს შეთანხმება აყალიბებს პროექტის წევრი ქვეყნების მონაწილეობის ჩარჩოებს და შეიცავს დებულებებს მიზნებთან, ფინანსებთან, ადმინისტრირებასთან, კონტრაქტებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. იგი ასევე განსაზღვრავს სენსიტიური მონაცემების დაცვას, ახალი წევრების შეერთებას და ა.შ.

ამ დროისთვის, ამ პროექტის მონაწილეა ევროკავშირის 23 წევრი ქვეყანა და ასევე ნორვეგია.

ავსტრიამ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, თითქმის 2 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, მაგნუს ბრუნერმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილესთან, ბრაიან ნელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“დღეს ვენაში შევხვდი აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლაში, ბრაიან ნელსონს. სტრატეგიულ ღერძს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის, განსაკუთრებით უკრაინის ომის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს”, – დაწერა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა „ტვიტერზე“.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ეფექტური გამოყენება ავსტრიის, ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესებშია.

„მხარს ვუჭერთ დასავლეთის სანქციებს აგრესორის წინააღმდეგ და ომის დაწყების შემდეგ თითქმის 2 მილიარდი ევროს ღირებულების ფინანსური აქტივები გავყინეთ“, – აღნიშნა მაგნუს ბრუნერმა.

“ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს” – „ხალხის ძალა“

სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს – ამერიკის ელჩი მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე განცხადებით, საქართველოში ამერიკის ელჩ კელი დეგნანისთვის ქართველ მოსამართლეებზე უდანაშაულობის პრეზუმფცია არ ვრცელდება, მაგრამ „ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი“ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს.

„ხალხის ძალის“ განცხადებითვე, ელჩის უხეში ქმედებების მიზანია, რომ „საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს“.

„მერაბ კოსტავას ეკუთვნის სიტყვები – „საქართველო თავისუფალი გახდება. მაგრამ იცოდეთ, თუ მაშინაც, დამოუკიდებელ ქვეყანაში, თავისუფლებისთვის შეწყვეტთ ბრძოლას, ამ თავისუფლებას დაკარგავთ თქვენც და ქვეყანაც“.

საქართველომ 32 წლის წინ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. თუმცა, 32-წლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება.

სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით, კორუფციაში დებ ბრალს და „ნაცმოძრაობის“ კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ.

სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. თუმცა, ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა.

ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო. ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმაც ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა.

აქვე შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ არის დამნაშავედ ცნობილი და განაჩენის გასაჩივრება სტრასბურგის სასამართლოში მან ვერც კი გაბედა. გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ მიმალვაში სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმყოფება, უდანაშაულობის პრეზუმფციის აბსოლუტური პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი.

ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს.

სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და ვაღიაროთ, რომ ამერიკის ელჩი ამას სრულად შემდგარ სახელმწიფოს ვერ გაუბედავდა, გაბედვის შემთხვევაში კი, სრულად შემდგარი სახელმწიფო ასეთ ელჩს პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა. თუმცა, აშკარაა, რომ ჩვენს სახელმწიფოს დღეს ამის რესურსი ჯერ კიდევ არ აქვს.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ელჩის ასეთი დამოკიდებულება უფრო მეტად პრობლემის შედეგია და არა მიზეზი. საქმე ისაა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, საქართველომ საკუთარ თავს ყველა უბედურება დააწია, რაც კი შესაძლებელი იყო. ამას წინ უძღოდა 70-წლიანი საბჭოთა ავტორიტარული მმართველობა, რომლის ფონზეც სახელმწიფოებრიობას ჩვენი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი და გამოუცდელი შეხვდა. სწორედ ამ გამოუცდელობის შედეგად, 90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, რამაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა.

ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელ-ნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ელჩის ამგვარი მოქმედება არის პრობლემის – ჯერ კიდევ სუსტი სუვერენიტეტის – შედეგი და არა მისი მიზეზი. ამასთან, ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს.

ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში, საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს,“ – აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.

“ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადან ბაირამს”

ჩვენს თანამოქალაქე თითოეულ მუსლიმს ვულოცავ რამადან ბაირამს, ისლამური სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს დღესასწაულს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ზურაბიშვილის თქმით, დღეს დასრულდა მარხვის წმინდა თვე და მორწმუნე მუსლიმებს შერიგების, ერთიანობისა და მოწყალების ზეიმი აქვთ.

„ეს ღირებულებები საერთოა საქართველოს მრავალფეროვანი საზოგადოებისათვის და ჩვენი ქვეყნის ტოლერანტობისა და ურთიერთპატივისცემის საამაყო მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მთავარი საფუძველია.

გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, სიკეთესა და კეთილდღეობას, სიხარული არ მოჰკლებოდეს თქვენს ოჯახებს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

“აღარავის უნდა ურდოსთვის დახმარების ხელის გაწოდება”

ალექსი პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:

“გუშღამ ისევ იყო შაჰიდური შეტევები. კიევის თავზე 6 შაჰიდი დრონი ჩამოაგდეს;

გუშღამ ურდოსულ სუ-34-ს ბელგოროდის თავზე ფრენისას უნებლიედ ბომბი გაძვრა. ბელგოროდელების ბედი, რომ დეტონაცია მიწისქვეშ მოხდა;

“პეტრე დიდს” დახერხავენ და ჯართში ჩააბარებენ – დიახ, ერთ დროს ჩრდილოეთის ფლოტის ფლაგმან ყველაზე მსხვილ წყალზედა ბირთვულ კრეისერს ვეღარ არემონტებენ უფულობის გამო, ამიტომ წავიდა პეტრე დიდიიი ჯართშიიიი.

ბიუჯეტში მართლა მაგარი გარღვევა აქვთ: პირველი კვარტლის მონაცემებით დაახლოებით 25 მილიარდი დოლარის დეფიციტი აქვთ; რასაც ესენი ნავთს და გაზს ყიდიან და მაინც ამხელა ხვრელი აქვთ ურდოსტანის ბიუჯეტში.

აღარავის უნდა ურდოსთვის დახმარების ხელის გაწოდება. აგერ კუხარკა პრიგოჟინი თურმე ჩინეთთან მათხოვრობდა შეიარაღებას, მარა მიიღო ბიშტი; ეგ კიდევ რა არის, დიდი შვიდეული განიხილავს რუსეთში ექსპორტზე ტოტალური ემბარგოს დაწესებას, ანუ თუ შეთანხმდნენ, მაშინ მედიკამენტების და სურსათის გარდა, ვერაფერს შეიტანენ ურდოსტანში; ევროკავშირი რას იზამს, ამას დიდი მნიშვნელობა ექნება. ისე გუშინ “გაანათა” უნგრელი ორბანის კანცელარიამ, რუსეთი ჩვენი მეგობარი არაა, ჩვენი პარტნიორიაო. ჩვენი მეგობრები ჩვენი მოკავშირეები არიან, მოკავშირეები კი ნატოში აშშ და ევროპის ქვეყნები არიანო. რა ხთეფაააა?

აი, ეგ მოკავშირეები და კიდო სხვები დღეს რამშტაინში იქნებიან. ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა დღეს გამოვაცხადებთ ახალ პაკეტსო; დანიამ და ნიდერლანდებმა ერთობლივად გადავცემთ უკრაინას ლეოპარდ 2 ა4 ტიპის 14 ტანკსო; ესტონელებმა, დამატებით ჭურვებს გამოვალთ ჩვენ მილიონი ჭურვის პროგრამის ფარგლებშიო;

პოდოლიაკი აცხადებს, რომ ძირითადი ლაპარაკი წავა 100 და მეტ კილომეტრ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადმოცემაზე;

გუშინ მოულოდნელად კიევის ქუჩებში ნატო-ს გენ.მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოჩნდა; მერე ზელენსკის შეხვდა; საუბარი უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის გრძელვადიანი მხარდაჭერას შეეხებოდა, მაგრამ სტოლტენბერგმა უმაგრესი გზავნილები გააჟღერა: ნატოს წევრების უმრავლესობა თანხმდება, რომ უკრაინის კანონიერი და დამსახურებული ადგილი ნატოშიაო. ვნახოთ ეს განცხადება ვილნიუსის ივლისის სამიტზე რაში გადაითარგმნება. ზელენსკი ძალიან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ითხოვს ნატოსგან ივლისში; ასევე უნდა, რომ უკრაინისთვის ნატოში გაწევრებამდე უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე შეთანხმდნენ ნატოში;

ვიდრე უკრაინა ემზადება გენერალური კონტრიერიშისთვის და ელოდება ამინდების გაუმჯობესებას (ჩვენც მათთან ერთად), ფრონტის ხაზებზე ფართო სურათში ვითარება უცვლელია; რა თქმა უნდა, ყველაზე კრიტიკული ვითარება ბახმუტშია; ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რკინიგზის ხაზის გაყოლებაზე ურდომ აიღო კონტროლი ხელში; ჩრდილოეთით ხრომოვოზე და სამხრეთით სტუპოჩკებზე ასევე მაგრად გვაწვებიან, რომ გადაგვიკეტონ მომარაგების მთავარი არტერიები ო 0506 ჩრდილოეთით და ტ0504 სამხრეთით. მიუხედავად ძალიან მძიმე ბრძოლებისა, ბახმუტის მომარაგება ჩვენების მიერ კვლავ გრძელდება.

ავდეევკის მიმართულებაზე შეინიშნებოდა გააქტიურება ურდოს მხრიდან; მარიინკას ხომ ვერა და ვერ იღებენ; ამ სამივე მიმართულებაზე ურდო ახლა ცდილობს რომ შემოუაროს თავდაცვის ზღუდეებს და ალყაში მოაქციოს ჩვენები, მაგრამ ჯერჯერობით არაფერი გამოსდით. მოიერიშე ჯგუფებს ანადგურებენ ჩვენები ხმელეთზე და გუშინ გაუნადგურეს მოიერიშე ვერტმფერენი მი-24 ჰაერში!

ხერსონის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე არტუ.დუელები მიმდინარეობდა!

უკრაინა გაიმარჯვებს 2023-ში! საქართველო უნდა გამოერკვეს 2023-ში! პუტლერის ბოროტების იმპერია ჩამოინგრევა გრუხუნით 2023-ში!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!” – წერს ალექსი პეტრიაშვილი.

“დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან” – ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს 11 წელი შესრულდა „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” წერს.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი.

“2012 წლის 21 აპრილს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა  ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი. ანტიეროვნულმა, თავისი შინაარსით ანტისახელმწიფოებრივმა და ანტიევროპულმა რეჟიმმა პოლიტიკის უმთავრეს იარაღად აქცია შიში, ტერორი, ჩაგვრა და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობა. საფრთხის ქვეშ დადგა არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, არამედ თითოეული ადამიანის სიცოცხლე, ღირსება და თავისუფლება. საკუთარი ხალხის მოღალატე რეჟიმი ესწრაფოდა ძალაუფლების შენარჩუნებას – თუნდაც ქვეყნის განადგურების ხარჯზე. უნდა ვაღიაროთ – ბევრი ვერ ხედავდა მაშინ გამოსავალს ამ ვითარებიდან”, – აღნიშნავს პრემიერი.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა.

“სწორედ ამ პირობებში შეიქმნა ბატონი ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”. ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის მხარდაჭერით, ჩვენ მშვიდობიანად შევცვალეთ ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დავიწყეთ ეროვნული პოლიტიკის გატარება – სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობისა და სტაბილურობის, მოქალაქეთა თავისუფლების უზრუნველყოფა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს არის ერთადერთი უწყვეტი  მშვიდობის პერიოდი, რაც საშუალებას გვაძლევს მთელი ძალისხმევა მივმართოთ ყველა სფეროს განვითარებისათვის. დღეს სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა ყველა – კეთილდღეობის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიის მიმართულებებით.

მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, – ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და, ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო.

ყველა ეს მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა „ქართული ოცნების” თითოეული წევრისა და მხარდამჭერის ერთგულებისა და შრომისმოყვარეობის გარეშე. მადლობას ვუხდი ყველა მათგანს.

განვლილი წლების შეჯამებისას ჩვენი მოტივაცია იგივეა – კიდევ უფრო მეტი შემართებით უნდა გავაგრძელოთ ეროვნული პოლიტიკის გატარება, ზრუნვა ყველაფერზე, რაც ჩვენი თვითმყოფადობისა და ძლიერების საფუძველია, – ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცება, მშვიდობის უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღორძინება, ჩვენი კულტურის, სარწმუნოების, ტრადიციების დაცვა და განვითარება, ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით – წინსვლა თითოეული ქართველის უმთავრესი ოცნებისა და მიზნისაკენ – ერთიანი, თავისუფალი და ძლიერი საქართველოსკენ”, – აღნიშნავს მთავრობის მეთაური.

„რესპუბლიკელი“ სენატორებისა და კონგრესმენების ჯგუფი ბაიდენს მოუწოდებს, შეწყვიტოს უკრაინის დახმარება

რესპუბლიკელმა სენატორებმა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს წერილით მიმართეს, არსებულ ფორმატში უკრაინისადმი დახმარება შეაჩეროს.

წერილს ხელს აწერს 20 კონგრესმენი.

„ომის მეორე წელი დაიწყო, მაგრამ დასასრულის პროგნოზირება შეუძლებელია. მარიონეტული ომი რუსეთთან უკრაინაში არ შედის შეერთებული შტატების ინტერესებში და ესკალაციის საფრთხეს ქმნის, რომელიც შეიძლება, უკონტროლო გახდეს“, – ნათქვამია წერილში.

სენატორებისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრების აზრით, ბაიდენის ადმინისტრაციის არსებული სტრატეგია – მუდმივი დახმარება და სანქციები – მეტ ესკალაციას, ძალადობას უწყობს ხელს და ზრდის რუსეთთან პირდაპირი დაპირისპირების საფრთხეს. მათ ასევე გააკრიტიკეს „ჰაიმარსების“ უკრაინაში გაგზავნის გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას სერიოზულ პროვოკაციად აღიქვამენ.

როგორც წერილის ხელმომწერები აღნიშნავენ, ნატო-სთან „მარიონეტული ომის წარმოებისას“ მოსკოვის მოთმინება, შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში ამოიწუროს, ხოლო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა იმის აშკარა მტკიცებულებაა, რომ პუტინი მზადაა ძალის გამოყენებისთვის.

ხელმომწერები ასევე აცხადებენ, რომ შეერთებული შტატები ძალიან დიდ ფულს ხარჯავს უკრაინის ინტერესებისთვის, რომლის მთავრობაც „ისტორიულად ჩაფლულია კორუფციაში“ იმ ფონზე, როდესაც შეერთებულ შტატებს საკმარისი შიდა პრობლემები აქვს. გარდა ამისა, სენატორები და წარმომადგენლობითი პალატის წევრები ამტკიცებენ, რომ ასეთი მასშტაბური დახმარება ზიანს აყენებს ამერიკული არმიის საბრძოლო მზადყოფნას. მათ ასევე მიაჩნიათ, რომ უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერა ხელს უწყობს რუსეთისა და ჩინეთის დაახლოებას, რაც დამატებითი საფრთხეა.

ბელგოროდის ცენტრალურ ქუჩაზე ძლიერი აფეთქება მოხდა

რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ბელგოროდში, გუბკინისა და ვატუტინის ქუჩების კვეთაზე, ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია. ბელგოროდის ოლქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.

როგორც უკრაინული ტელეგრამ არხები წერენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ აფეთქების ადგილზე უზარმაზარი, 20 მეტრის დიამერტის ორმო გაჩნდა.

დაზიანდა ახლოს მდებარე მრავასართულიანი სახლის ნაწილი.

აფეთქების ადგილიდან ერთ კილომეტრში კი ელექტროსადგურია განთავსებული. როგორც რუსეთის პროპაგანდისტული მედია აცხადებს, სამიზნე შესაძლოა აღნიშნული ელექტროსადგური იყო.

ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა შუშები ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში და დაზიანდა ავტომობილები. მისივე განცხადებით, აფეთქებამ  20 მეტრის რადიუსის ღრმული დატოვა.

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

გირჩევთ ეს დღე ძველი საქმეების დასრულების და ახლის დაწყებისთვის გამოიყენოთ. ნებისმიერ საქმეში იღბალი ფეხდაფეხ დაგყვებათ და მიზნის მიღწევაში გეხმარებათ. შესაძლოა, მოულოდნელმა შემთხვევამ შეხედულებების ან ღირებულებების შეცვლა გაიძულოთ. გირჩევთ, დახმარების თხოვნაზე უარი არავის უთხრათ.

კურო

ამ დღეს ყველაზე კარგად რთულ დავალებებს უმკლავდებით. თქვენს თვალს უმცირესი წვრილმანიც კი არ გამოეპარება. ცოდნა და გამოცდილება მიზნის მიღწევისთვის უმოკლესი გზის პოვნაში დაგეხმარებათ. მოერიდეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობას და ეცადეთ, საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

საინტერესო დღე გელით. სირთულეები დაბრკოლებები მოსალოდნელი არაა, ამიტომ შეგიძლიათ ჩანაფიქრის განხორციელებას დილიდან შეუდგეთ. თამამი პროექტის დასრულებაში ერთგული მეგობრები დაგეხმარებიან. ეცადეთ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ.

კირჩხიბი

შესაძლოა, საინტერესო იდეა გეწვიოთ, რომელიც მომავალში დიდ შემოსავალს მოგიტანთ. იდეა რომ არ დაგავიწყდეთ, კალამი და ქაღალდი მუდმივად თან ატარეთ. შესაძლოა, ახლობელმა ადამიანმა მოგებიანი წინადადება შემოგთავაზოთ. ხელსაყრელი დღეა შერიგებისთვის – თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, გირჩევთ პატარა ოჯახურ წვეულებაზე მიიწვიოთ და გაუგებრობას წერტილი დაუსვათ.

ლომი

ხელსყრელი დღეა უჩვეულო იდეების განხორციელებისთვის. დროა, მუშაობის ძველი სტილი დაივიწყოთ და პრობლემის გადაჭრის ინოვაციური ხერხი მოსინჯოთ. თუ გონივრულად იმოქმედებთ, მენეჯმენტი თქვენს წარმატებას და გამომგონებლობას შენიშნავს. უმჯობესია, საღამო ხალხმრავალი ადგილის ნაცვლად მყუდრო, ოჯახურ გარემოში გაატაროთ.

ქალწული

ამ დღეს სასურველია, მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები დღის პირველ ნახევარში დანიშნოთ – დღის ამ მონაკვეთში გარემოებათა ხელსაყრელი განვითარება ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. ძველი, თითქოს უიმედო საქმე შემოსავალს მოგიტანთ. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებს მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. დილიდან სამუშაო განწყობაზე ხართ, ამიტომ ბევრი საქმის დაწყებას და დასრულებას შეძლებთ. პრობლემა, რომელიც ბოლოს დროს ძალიან გაღელვებთ თქვენს სასარგებლოდ მოგვარდება. შესაძლოა, რაღაც საქმის ან მოვლენის მიმართ დამოკიდებულება შეცვალოთ.

მორიელი

რთული და დაძაბული დღეა. თქვენი დახმარება, რჩევა ან ყურადღება ერთდროულად უამრვ ადამიანს დასჭირდება. იძულებული ხართ სხვა ადამიანების პრობლემებს გაუმკლავდეთ და მოულოდნელად წამოჭრილი საკითხები მოაგვაროთ. შუადღის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. არსებობს ახალი ურთიერთობის დაწყების შანსი.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი იდეებისა და ექსპერიმენტებისთვის. დროა გატკეპნილ ბილიკზე სიარული შეწყვიტოთ და ახლებურად ცხოვრება დაიწყოთ. ადამიანს, რომელმაც რთულ დროს არ მიგატოვათ, თქვენი დახმარება სჭირდება.

თხის რქა

ეს დღე ნერვიულობისთვის უამრავ მიზეზს მოგცემთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პრობლემებს სხვა მხრიდან შეხედოთ. თუ ყურადღებით დააკვირდებით, რამდენიმე დადებით ასპექტს შენიშნავთ, რომელიც დროთა განმავლობაში გაიზრდება. საღამოს სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

მერწყული

მოჭარბებული ენერგია მიმდინარე საქმეებში წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. ადამიანების დარწმუნება კარგად გეხერხებათ, ამიტომ მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნა არ გიჭირთ. მარტოხელა მერწყულებს ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ელით, დაოჯახებულებს კი ოჯახის წევრებთან ერთად მყუდრო და სასიამოვნო საღამო.

თევზები

ეცადეთ მშვიდი განწყობა შეინარჩუნოთ და დღის განმავლობაში თქვენთვის მოწყობილ პროვოკაციებს არ აჰყვეთ. მიმდინარე მოვლენებს გვერდიდან შეხედეთ – ეს დაგეხმარებათ იმედგაცრუება და ზედმეტი განცდები თავიდან აიცილოთ. საღამოს რთული საქმის დასრულებას შეძლებთ და შესაძლოა, მიიღოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი თითქმის ორი წელია არ მინახავს – შალვა პაპუაშვილი

ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე, მოთხოვნის მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, – ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას, რომელმაც აღნიშნა, რომ „უმრავლესობის თითოეული წარმომადგენელი, რომელიც ასრულებს დირექტივას, რომ არ გაიაროს რეგისტრაცია, არღვევს კონსტიტუციას და საქართველოს პარლამენტი მესამე დღეა, პარალიზებულია, რადგან უმრავლესობა ბოიკოტის რეჟიმშია“.

თინა ბოკუჩავამ შალვა პაპუაშვილს თხოვნით მიმართა, კიდევ ერთხელ გამოეცხადებინა კენჭისყრა და რეგისტრაცია, გაეთავისებინა თავისი როლი, როგორც ამ ინსტიტუციის თავმჯდომარეს და მოეწოდებინა უმრავლესობისთვის, სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მიეღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის ხელიდან მანდატები გადაყრილი იყო და თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება.

„პარალიზებაზე რა გითხრათ, მგონი, ასეთი ცოცხალი და მრავალრიცხოვანი პარლამენტი, არის ორ წელზე მეტი, და იშვიათად მინახავს. მეორე – ოპოზიციის წარმომადგენლებს შეგახსენებთ, ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენ დღეს აქ სხედხართ, არის ის, რომ თავის დროზე „ქართულმა ოცნებამ“ მანდატები არ შეგიწყვიტათ, მიუხედავად იმისა, რომ ამას ითხოვდით. სწორედ ამით შედგა ეს პარლამენტი და დემოკრატია. მაშინ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება და არ დააკმაყოფილა თქვენი მომართვა, ზუსტადაც ამიტომ არის თქვენი ამომრჩეველი ამ პარლამენტში დღეს წარმოდგენილი. ერთადერთი მიზეზი, რატომაც თქვენი ამომრჩეველი დღეს არის წარმოდგენილი ამ პარლამენტში, არის „ქართული ოცნება“, თქვენი ხელიდან ეს მანდატები იყო გადაყრილი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კენჭისყრისთვის რეგისტრაცია გამოცხადდა, თუმცა კვორუმი კვლავ ვერ შედგა. პარლამენტის 52-მა წევრმა გაიარა რეგისტრაცია, შესაბამისად, კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ ჩატარდა.