Home Blog Page 2226

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს, ვერ შეძლებენ ხალხის მობილიზებას”

მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება მიუღებელია საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მტკიცებულებების გარეშე ქართველი მოსამართლეების დასანქცირება არის სწორედ ის საკითხი, რაც საზოგადოებაში სათანადო რეაქციას იწვევს.

„კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ქუჩის არანაირი რესურსი არ აქვს. ვერანაირად ვერ შეძლებენ ქუჩაში ხალხის მობილიზებას, მით უმეტეს, ისეთ თემასთან დაკავშირებით, რაზეც სწორედ ხალხს აქვს სათანადო რეაქცია. როდესაც მტკიცებულებების გარეშე ასანქცირებენ ქართველ მოსამართლეებს, სწორედ ეს არის ის საკითხი, რაც იწვევს საზოგადოებაში სათანადო რეაქციას. რეაქცია, რომელიც უკავშირდება უკმაყოფილებას ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მტკიცებულებების გარეშე მოსამართლეების დასანქცირება არის მიუღებელი საზოგადოებისთვის და როდესაც „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, რომ პირიქით, ამ საკითხის გარშემო გამოიყვანოს ხალხი ქუჩაში, ბუნებრივია, მათ ამის არანაირი რესურსი არ აქვთ“,  – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5105 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5105 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5140 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7533 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7581 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„ქართული ოცნების“ ძირითადი ხარვეზი საკადრო პოლიტიკა და ცუდი პიარია“ – რამაზ საყვარელიძე

21 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წელი შესრულდა. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდის შედეგები შეაჯამა და პარტიის მთავარ მიღწევებზე ისაუბრა.

„2012 წლის 21 აპრილს, ბიძინა ივანიშვილმა პირველად წარადგინა ჩვენი პოლიტიკური გუნდი საზოგადოების წინაშე. ეს მოვლენა იქცა უმნიშვნელოვანესი პროცესების დასაწყისად ქართულ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. გავიხსენოთ, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში ეს იყო ურთულესი პერიოდი.

ეს იყო არსებითი გარდატეხა ჩვენი სახელმწიფოებრივი განვითარების გზაზე. დღევანდელი გადასახედიდან, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ამ საკვანძო გადაწყვეტილებით ჩვენი ქვეყანა სრულ განადგურებას გადაურჩა. დღეს, რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უდავოა, რომ სისხლიანი, ანტიეროვნული რეჟიმის პირობებში საქართველო მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სწორედ მმართველი გუნდის დამსახურებაა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე არსებული მიღწევები.

„მსურს განსაკუთრებით გამოვყო უდიდესი პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, ასოცირების ხელშეკრულებით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით, უვიზო მიმოსვლითა და ახლა უკვე, ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში ჩვენი გაწევრიანების პროცესმა შეუქცევადი სახე მიიღო“, – აღნიშნა პრემიერმა.

„ქართული ოცნების“ 11 -წლიანი მმართველობა, „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში, პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ შეაფასა. მან ყურადღება პარტიის მთავარ მიღწევებზე გაამახვილა. პოლიტოლოგის განმარტებით, მმართველი გუნდის მთავარი მიღწევა არჩევნებში გამარჯვება, ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებაა.

„ვფიქრობ, პარტია „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა არჩევნებში უმტკივნეულოდ გამარჯვება იყო. მოგეხსენებათ, ეს ძალიან რთული არჩევნები აღმოჩნდა, – ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული საქართველოს უახლეს ისტორიაში. საკითხი მართლაც მწვავედ იდგა – როგორ მოხდებოდა მმართველობის გადაბარება „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხის შემთხვევაში,-მშვიდობიანად თუ ძალისმიერი მეთოდებით. ის ფაქტი, რომ აღნიშნული პროცესების მოგვარება მშვიდობიანად მოხერხდა, უდავოდ, დიდი მიღწევაა.

პარტიის დამსახურებაა ასევე, როგორც თავად ამბობენ, ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაც. იმის გათვალისწინებით, რომ ბევრი ცდილობდა, საქართველო ომში ჩართულიყო, ამ მიმართულებით გადადგმული ბოლო ნაბიჯი, – სიფრთხილე უკრაინის საკითხში, – მართლაც პარტიის დიდ პლუსად ითვლება.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, საქართველო კიდევ უფრო მიუახლოვდა ევროპულ პროცესებს. როგორც პრემიერმა აღნიშნა, – „პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე“, მართლაც სწორი და წინგადადგმული ნაბიჯია“,- განაცხადა საყვარელიძემ.

პოლიტოლოგმა, “ჯორჯიან თაიმსთან”, პარტია „ქართული ოცნების“ ხარვეზებზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, პარტიის მთავარი ნაკლოვანება, გუნდში, საკადრო პოლიტიკის დაბალი ხარისხი და პიარის სისუსტეა.

„რაც შეეხება ხარვეზებს, ამ კონტექსტში ივანიშვილის პოზიცია მახსენდება. სალომე ზურაბიშვილის არჩევნების დროს, როდესაც სიტუაცია გართულდა, ივანიშვილი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გადადგამდა გარკვეულ ნაბიჯებს, ოღონდ, საზოგადოებას მობილიზაცია მოეხდინა და გრიგოლ ვაშაძე არჩევნებში დამარცხებული ყოფილიყო. ამ ფონზე, ის ხალხს დაჰპირდა, რომ თუ საზოგადოება მას დაუჯერებდა, ის პარტიაში, საკადრო პოლიტიკას გამოასწორებდა. ივანიშვილმა, სინამდვილეში ხომ ყველაზე კარგად იცის, თუ რა პრობლემები აქვს მის პარტიას?! ის დაგვპირდა, თუმცა, ეს პროცესი, დღემდე არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, საკადრო პოლიტიკაა პარტიის ყველაზე თვალსაჩინო პრობლემა. საკადრო პოლიტიკა არა მარტო საკადრო თანამდებობებზე, არამედ, ქვედა რგოლებშიც, სადაც, მოსახლეობის დიდი ნაწილი „ოცნებას“ იმაში საყვედურობს, რომ მუდმივად „ნაციონალების“ კადრებს აწინაურებენ.

პარტიის მეორე ხარვეზი – მმართველი გუნდის პიარის სისუსტეა, – ძალიან დაბალი ხარისხი, პარტიის მიღწევების რეკლამირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; ინფორმაციის გავრცელების დეფიციტი, როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე უცხოეთისთვისაც, რაც ხშირად ნელა და არაეფექტურად ხდება. ამას, მარტივად რომ ვთქვათ, პარტიის ცუდი პიარი ჰქვია“, – განაცხადა მან.

რამაზ საყვარელიძეს უჭირს გადაჭრით თქმა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს „ქართული ოცნების“ ბედი, გამომდინარე იქიდან, რომ მისი შეფასებით, გუნდში „არასტაბილური გარემოა“.

„მიჭირს იმის თქმა, თუ რა მომავალი შეიძლება ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, გამომდინარე იქიდან, რომ იქ ძალიან ქაოსური, არასტაბილური გარემოა.

ვფიქრობ, გაუდაბნოვდა პოლიტიკური ლანდშაფტი, სხვა პარტიები თითქმის აღარ ჩანან, ან ძალიან მცირე რეიტინგი აქვთ. ამ პირობებში, როგორ იმოქმედებს მთავარი პარტია, ძნელი სათქმელია. როგორც წესი, ასეთ დროს, დიდი პარტია იწყებს ხოლმე შიგნით გაყოფას. მაგალითად, ასე მოხდა ედუარდ შევარდნაძის დროს, როდესაც „მოქალაქეთა კავშირს“ გამოეყვნენ „რეფორმატორები“, რის შემდეგაც მოხდა ხელისუფლების შეცვლა. შესაძლოა, გაჩნდეს შიდაპარტიული ტიპის დინამიკა, – ვიცით, რომ უკვე გაჩნდა ელემენტი „ხალხის ძალა“. ასევე, შეიძლება მოხდეს ისიც, რომ გაჩნდეს ახალი პარტია. ამ შემთხვევაში, „ოცნებაში“ მობილიზება მოხდება და გუნდი შეიკვრება. ვგულისხმობ ახალ, ადამიანურ რესურსს, რომელიც ამ პარტიის შეკვრას და გაძლიერებას მოახერხებს“, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში.

/თამუნა დუღაშვილი/

ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით

ბრიტანული ჟურნალი „ნიუ სთეითსმენი“ (New Statesman) 21 აპრილის ნომერში აქვეყნებს ვრცელ ანალიტიკურ სტატიას სათაურით „ავტოკრატების ღერძი: მსოფლიო სი ძინპინისა და ვლადიმერ პუტინის თვალით // რუსეთი და ჩინეთი დასავლეთის წინააღმდეგ“ (ავტორი – ქეით სტალარდი).

გთავაზობთ ამონარიდებს პუბლიკაციიდან:

1949 წლის დეკემბერი. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა სულ ორი თვის წინ არის შექმნილი, მისი ლიდერი მაო ძედუნი კი უკვე მოსკოვში იმყოფება და საბჭოთა კოლეგასთან – იოსებ სტალინთან საუბრობს. მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ჩინეთის ლიდერისათვის, როგორც ძლევამოსილი კომუნისტი ამხანაგისათვის, კეთილი სიტყვები ეთქვა, სტალინმა მაო ძედუნს ლექცია ჩაუტარა, თუ როგორ უნდა ემართა თავისი ქვეყანა. შემდეგ იგი კიდევ 17 დღე ალოდინა მეორე აუდიენციისათვის. „მე იმდენად გაბრაზებული ვიყავი, რომ მაგიდას სულ მუშტებს ვურტყამდი“, – ასე ეუბნებოდა მოგვიანებით მაო საბჭოთა ელჩს პეკინში. ჩინეთის ლიდერმა დაიჩივლა, რომ ორთვიანი ვიზიტის განმავლობაში იგი მხოლოდ სამი ძირითადი მოქმედებით იყო დაკავებული: „ვჭამდი, მეძინა და ტუალეტში დავდიოდი“.

გავიდა თითქმის 70 წელი, ძალთა ბალანსი მკვეთრად შეიცვალა. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, ჩინეთი კი დღეს მსოფლიოს ერთ-ერთ ზესახელმწიფოს წარმოადგენს. რუსეთი, საბჭოური სახელმწიფოს მემკვიდრე, დღეს დახმარებას ჩინეთს სთხოვს, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის პირობებში. როცა ამას წინათ სი ძინპინი მოსკოვში იყო ჩასული, თავისი კოლეგა ვლადიმერ პუტინი მას გულმოდგინედ შემუშავებული ცერემონიით დახვდა – ისე, როგორც სტუმარ-იმპერატორს შეეფერება. რუსეთის პრეზიდენტი თავს ხრიდა ჩინელი ლიდერის წინაშე და ქება-დიდებას არ იშურებდა „ცისქვეშეთის“ მეთაურის საამებლად.

(…)
რუსეთ-ჩინეთის ამჟამინდელი დაახლოების ფესვები 1980-იან წლებში მიდის, როცა უკანასკნელი საბჭოთა ლიდერმა მიხეილ გორბაჩოვმა და მისმა ჩინელმა კოლეგამ დენ სიაოპინმა დაინტერესება გამოხატეს ურთიერთობის გაუმჯობესებით და სასაზღვრო დავის დასრულებით. 2001 წელს, როცა სამი წელი იყო გასული ვლადიმერ პუტინის პრეზიდენტობიდან და როცა იგი ჯერ კიდევ უხერხულად გრძნობდა თავს ახალ როლში, მან ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის შესახებ ჩინეთის იმდროინდელ ლიდერთან ძიან ძემინთან. 2005 წელს მოგვარდა საზღვრების საკითხიც – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად დაცული საზღვარი მთლიანად იქნა დემარკირებული და იმავდროულად, დემილიტარიზებულიც.

ექსპერტები წინააღმდეგობრივად აფასებენ მოსკოვ-პეკინის ერთმანეთთან დაახლოების ხასიათს. მაგალითად, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ისტორიკოსი, პროფესორი სერგეი რადჩენკო ამბობს, რომ „რუსეთი გახდა არა მხოლოდ ჩინეთის უმცროსი პარტნიორი, არამედ უფრო უარესი – მისი ვასალი“. ალექსანდრე გაბუევის, რუსეთში კარნეგის ცენტრის დირექტორის აზრით, ჩინეთსა და რუსეთს შორის არსებობს ეკონომიკური ურთიერთჩანაცვლება: რუსეთს აქვს უდიდესი ბუნებრივი რესურსები, მას ძალიან ჭირდება ტექნოლოგიები, ჩინეთს კი პირიქით – აქვს ტექნოლოგიები და აკლია ბუნებრივი რესურსები“. მისი თქმით, საყოველთაოდ ცნობილია ის ფაქტიც, რომ ჩინეთი და რუსეთი ავტორიტარული ქვეყნები და თანამოაზრენი არიან, ორივე გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები არიან და ორივე ებრძვის „ამერიკულ ჰეგემონიზმს“. მოსკოვი შთაგონებულია მანტრით – „ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია“. თავის მხრივ, პეკინიც გარკვეულწილად რუსეთის მხარში ამოდგომას ცდილობს: ჩინეთი მომავალზე ფიქრობს – ვაითუ პუტინის შემდეგ რუსეთის ისეთი ლიდერი მოვიდეს, რომელიც დასავლეთის მიმართ ლოიალური იქნება: „იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი დასავლეთისაკენ შებრუნდება, ეს ჩინეთისათვის სტრატეგიული კოშმარი იქნება“, – ამბობს ალექსანდრე გაბუევი.

(…)
პეკინი და მოსკოვი ცივი ომის დროინდელ თავიანთ ანტიკოლონიური განცხადებებს ეფუძნებიან და წინ სწევენ იდეას, რომლის თანახმად, რუსეთი და ჩინეთი „გლობალური სამხრეთის“ ჭეშმარიტ მეგობრებს წარმოადგენენ – ისეთ მეგობრებს, რომლებსაც აქვთ ის ყველაფერი, რაც მათ სჭირდებათ – ბუნებრივი რესურსები, სურსათი, ტექნოლოგიები და… იდეები. პეკინი და მოსკოვი „გლობალურ სამხრეთს“ სთავაზობენ სამართლიანი მსოფლიო წესრიგის დამყარების იდეას, რომელიც მხოლოდ აშშ-ის ბატონობის დამხობით განხორციელდება.

რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ყველაფერში ერთმანეთს ეთანხმებიან, თუ როგორ უნდა იყოს ახალი მსოფლიო წესრიგი. ჩინეთის ეკონომიკურ წინსვლას ხელი შეუწყო მსოფლიო ბაზრებში ინტეგრირებამ და მეტ-ნაკლებად ლიბერალურმა საგარეო პოლიტიკამ, რუსეთის საგარეო პოლიტიკა კი მე-19 საუკუნის წარმოდგენებს ეფუძნება და უპირატესობას ხისტ ძალას ანიჭებს. პეკინს სურს, რომ მსოფლიოში ამჟამად არსებული სისტემა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და არა მთლიანად „დაწვას და დაანგრიოს“, როგორც ეს რუსეთს სურს.
ჩინეთსა და რუსეთს შორის ერთ-ერთ გაურკვეველ საკითხს წარმოადგენს ის, თუ რამდენად ისარგებლებენ ჩინელები რუსეთის ხარჯზე. მაგალითად, არქტიკასთან მიმართებით. თავის დროზე მოსკოვი ეჭვის თვალით უყურებდა პეკინის მტკიცებას, რომ ჩინეთი „არქტიკასთან ახლოს მდებარე სახელმწიფოს წარმოადგენს და მას იქ ინტერესები აქვს“. ბოლო დროს ჩინეთმა თავისი გავლენა გააძლიერა ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, რომლებიც რუსეთისათვის ყოველთვის „უკანა ეზოს“ წარმოადგენდნენ. ჩინურ პროექტში – „ერთი გზა- ერთი სარტყლის“ ინიციატივაში ცენტრალური აზიის სახელმწიფოების ჩინეთთან ინტეგრირებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თუმცა, რასაკვირველია, პეკინისა და მოსკოვის უთანხმოება მძაფრი არ არის, ჯერ-ჯერობით ორივე კონსენსუსით მოქმედებს, ორივეს სურს, რომ რეგიონი სტაბილური იყოს და არ მოხდეს პრობლემების გავრცელება – ტერორიზმის, დასავლური დემოკრატიისა და „ფერადი რევოლუციების“ იმპორტი.

ორივე მხარე დაინტერესებულია იმით, რომ უთანხმოება გარკვეულ საზღვრებში იყოს მოქცეული და საჯაროდ მათზე არ ილაპარაკონ. მოსკოვსა და პეკინს შორის ერთგვარი გარიგება არსებობს, რომ ჩინეთმა ისეთი მოქმედება არ განახორციელოს, რომელიც რუსეთის ავტორიტეტს და პრესტიჟს შელახავს. გარე სამყარომ არ უნდა იცოდეს, არ უნდა დაინახოს ის, რომ ჩინეთი რუსეთს რაიმეში ავიწროებს. პრობლემები მაშინ დაიწყება, თუ „ცისქვეშეთი“ ყველას დაანახებს თავის უპირატესობას რუსეთზე და თუ პუტინის რეჟიმს იძულებულს გახდის დამამცირებელ დათმობებზე წავიდეს.

მაგალითად, ჩინეთი არ აღიარებს ყირიმის ანექსიას რუსეთის მიერ და დამატებით კიდევ ოთხი ოლქის მიერთებას, მაგრამ, ვლადიმერ პუტინის ამბიციების დასაკმაყოფილებლად, ამაზე „ხმამაღლა არ გაჰყვირის“ და კრემლს რაიმე სანქციებს არ უცხადებს, დასავლეთისაგან განსხვავებით. სი ძინპინი საჯაროდ არ ახმიანებს იმას, რომ ჩინური კომპანიები რუსეთთან ტექნოლოგიებით ვაჭრობას აგრძელებენ. მას არ სურს, რომ ვლადიმერ პუტინი დამარცხდეს, რადგან რუსეთის კრახით ჩინეთიც დასუსტდება. მაგრამ იმავდროულად პეკინი მზად არ არის თავისი ეკონომიკა რუსეთის ინტერესებს შესწიროს – არ აძლევს კრემლს იარაღს, რადგან იცის – სამხედრო დახმარებას დასავლეთის სანქციები მოჰყვება.

დასავლელი პოლიტიკოსებისათვის ყოველთვის არ იყო ცნობილი ორი დიდი მეზობლის უთანხმოება-წყენანი, დაწყებული მაო ძედუნისა და იოსებ სტალინის დროიდან. ცივი ომის პირველ ათწლეულში ამერიკელი პოლიტიკოსები ორივე სახელმწიფოს ერთ დიდ კომუნისტურ კოლოსად ხედავდნენ. მოგვიანებით აშშ-მა გარკვეული ნაბიჯები გადადგა ჩინეთთან დაახლოებისათვის, მაგრამ საბოლოოდ ვაშინგტონმა ყველაფერი მხოლოდ საბჭოთა კავშირის კრახის შემდეგ გაიგო. დღეს მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა იგივე შეცდომა არ დაუშვას და „უსაზღვრო მეგობრობაზე“ ჩინეთ-რუსეთის ერთობლივი განცხადებები ბოლომდე არ დაიჯეროს – მე-19 საუკუნის 60-იანი წლების ბრიტანელი პრემიერ-მინისტრის ლორდ ჰენრი პალმერსტონის გამონათქვამის მიხედვით, „არცერთ სახელმწიფოს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, მაგრამ აქვს მუდმივი ინტერესები“.

და მაინც, ბოლო ოთხი ათეული წლის განმავლობაში ჩინეთმა და რუსეთმა – როგორც მეზობლებმა – ისწავლეს ერთმანეთის დაფასება და უთანხმოების შედეგად წარმოქმნილი რისკების გაცნობიერება. ახლა, როცა ორივე საერთო საგარეო „მტრის“ წინაშე აღმოჩნდნენ, თვლიან, რომ მათ ინტერესში უთანხმოების წარმოჩენა კი არ არის, არამედ მათი დარეგულირება და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის განმტკიცება. „ამჟამად პეკინისა და მოსკოვის ურთიერთობებში გარკვეული მემკვიდრეობითობა შეინიშნება. ვლადიმერ პუტინი რომც მოკვდეს და სი ძინპინი გაქრეს, არა მგონია, რომ რუსი და ჩინელი ლიდერების მომდევნო თაობა კურსს შეცვლის“, – ამბობს სერგეი რადჩენკო.

წყარო

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ   დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 17 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული დიმიტრი მამაგულაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

მამაგულაშვილის დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა როგორც „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად განაგრძობს აქტიურ მუშაობას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

“ადამიანი აკეთებს გზას, არემონტებს, ცუდს გარდაქმნის კარგად…” – ზურაბ ქადაგიძე წერეთლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით

„ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ნინა კობახიძის „ფეისბუქ“ სტატუსს აზიარებს, სადაც ის წერეთლის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც ქადაგიძე წერს, სამარცხვინოა, როდესაც აყვები ფაშისტურ – ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას უსაბუთოდ და უმისამართოდ.

„სამარცხვინოა, როდესაც აყვები ფაშისტურ – ლიბერალურ ბაბლს და იწყებ ლანძღვას და კრიტიკას უსაბუთოდ და უმისამართოდ. ადამიანი აკეთებს გზას, არემონტებს, ცუდს გარდაქმნის კარგად, გაფუჭებულს აკეთებს…

როგორ შეიძლება ამხელა ღვარძლი და ნეგატივი დააფრქვიო, როცა ზუსტად იცი, რომ დისკომფორტი ემსახურება განახლებას? კახა კალაძე, მიაწექი ბოლომდე და გაალამაზე თბილისი“- წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

https://www.facebook.com/photo/?fbid=187148524172717&set=a.107184288835808

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერმა თანამდებობა დატოვა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი ბულინგში ბრალდებების გამო თანამდებობა დატოვა, თუმცა ბრალდებებს არ ეთანხმება.

როგორც Euronews-ი  წერს  რააბმა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც დამოუკიდებელმა გამოძიებამ მართებულად მიიჩნია ორი სახელმწიფო მოხელის განცხადებები, რომლებიც დომინიკ რააბს ბულინგში ადანაშაულებდნენ და აცხადებდნენ, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობის პერიოდში რააბი აგრესიულად იქცეოდა, თანამშრომლების დაშინებას ცდილობდა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა მათ მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ.

ბრიტანულ მედიაში გავრცელდა რამდენიმე ბრალდება, რომელთა მიხედვითაც, რააბმა სხვადასხვა სამთავრობო დეპარტამენტში შიშის კულტურა შექმნა და თანამშრომლებს თავისი სალათიდან პომიდვრებს ესროდა.

რააბის განცხადებით, ასეთი გამოძიებები სახიფათო პრეცედენტს ქმნის, ვინაიდან, როგორც რააბი აცხადებს, „მინისტრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააკრიტიკონ საკადრო ჩინოსნების მუშაობა“. რააბის თქმით, მომავალში უკმაყოფილო მოხელეები შეძლებენ, მოიშორონ მათთვის არასასურველი მინისტრები ბულინგის შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებებით.

ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – Voice of America

აშშ-ის რადიოსადგური „ამერიკის ხმა“ (Voice of America) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ამერიკის ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია“, რომელშიც განხილულია აშშ-ის ხელისუფლების უკრაინისადმი მხარდაჭერისა და დახმარების მომენტები: რამდენად მტკიცეა ამჟამად ამერიკის პოლიტიკური წრეების სოლიდარობა – როგორც მმართველი დემოკრატიული, ასევე ოპოზიციური რესპუბლიკური პარტიისაგან, რა იქნება მომავალში და ა.შ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში, ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, ამერიკამ უკრაინას 35,1 მილიარდი დოლარის ოდენობის უსაფრთხოების დახმარება გადასცა, რაც შეიარაღებას და სამხედრო აღჭურვილობას მოიცავს. თუმცა, მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ, შეერთებულ შტატებში გამოქვეყნდა ცნობები, საიდუმლო მასალების გაჟონვის თაობაზე, გაჩნდა შეკითხვები იმასთან დაკავშირებითაც, იქონიებს თუ არა ეს გავლენას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობებზე და შესაბამისად უკრაინისადმი დასავლურ დახმარებაზე.

ონლაინ-რეჟიმში გავრცელებულ საიდუმლო დოკუმენტებში საუბარია, მათ შორის, უკრაინის მიერ გაზაფხულზე დაგეგმილი კონტრშეტევის, დასავლური ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ. თუმცა, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დერეკ ჰოგანი ამბობს, რომ მომხდარი არაფერს ცვლის პარტნიორებს შორის.

„ჩვენს შორის არსებული ურთიერთობების სიმწიფის გამო, როგორც უკრაინასთან, ისე სხვა პარტნიორებთან, ძალიან კმაყოფილები ვიყავით იმით, რომ მათ ძალიან კარგად გაიგეს, რომ ეს იყო არაავტორიზებული, კრიმინალური ქმედება… რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა, მაგრამ ჩვენი რწმენა უკრაინის შესაძლებლობაში, რომ განახორციელოს წარმატებული კონტრშეტევა არ შეცვლილა და ჩვენ გავაგრძელებთ ყველაფრის გაკეთებას იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, ისინი შეძლებენ ფრონტის ხაზზე დასახული მიზნების მიღწევას“, – თქვა დერეკ ჰოგანმა.

როგორ ეხმარება აშშ და ევროპა უკრაინას

სამხედრო დახმარების გარდა, ამერიკა უკრაინას, როგორც ჰუმანიტარულ, ასევე ეკონომიკურ დახმარებასაც უწევს. 2022 წლის გვიან შემოდგომაზე, როდესაც რუსეთმა მიზანში უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა ამოიღო, სხვა ქვეყნების მსგავსად, შეერთებულმა შტატებმა ენერგო ბლოკების შეკეთებისა, თუ მათი დაცვისთვის კიევს დახმარება გამოუყო.

„როდესაც რუსეთმა ზამთრის იარაღად ქცევა დაიწყო და ეცადა, რომ გაენადგურებინა [უკრაინის] ენერგო ქსელი, უკრაინისადმი ჩვენი დახმარება მაშინვე ფოკუსირდა იმ ნაწილზე, რომელიც ქსელის მუშაობას უზრუნველყოფდა“,- ამბობს დერეკ ჰოგანი. მისი თქმით, ეს კარგი მაგალითია იმისა თუ რამდენად ეფექტურია ამერიკის დახმარება ომში მყოფი ქვეყნისადმი.

გარდა ამისა, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას 18 მილიარდი დოლარი გამოუყო, არსებულ ფინანსურ გამოწვევებთან გასამკლავებლად და მიმდინარე ფისკალურ წელს, კიევი დამატებით 4,7 მილიარდ დოლარს მიიღებს. ამის პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატები, მსოფლიოს მასშტაბით, მის პარტნიორებთან მუშაობს, უკრაინისთვის დახმარების მოსაძიებლად.

ევროპულმა სახელმწიფოებმა ამ დროისთვის უკრაინას 18 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გაუწიეს, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდი მომავალი 4 წლის განმავლობაში, კიევს 4.7 მილიარდ დოლარს გამოუყოფს.

დახმარების მომავალი

ამერიკის უკრაინისადმი დახმარებას, შეერთებული შტატების კონგრესში ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, თუმცა რესპუბლიკელები სულ უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ვაშინგტონმა, უკრაინის მიმართ დახმარებას უნდა გადახედოს. მიმომხილველთა ნაწილი მოელის, რომ საკითხზე დისკუსია, ფისკალური წლის მოახლოებასთან ერთად და კონგრესის მიერ ბიუჯეტის დამტკიცების პროცესის მიმდინარეობისას, კიდევ უფრო გამწვავდება.

მიუხედავად ამისა, ჰოგანი ამბობს, რომ ის დარწმუნებულია, რომ კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერა უკრაინისადმი შენარჩუნდება.

„ორპარტიული მხარდაჭერა უკრაინისადმი არაჩვეულებრივი იყო და დარწმუნებული ვარ ასეც გაგრძელდება, ვინაიდან ფსონები ძალიან მაღალია. ეს მხოლოდ რუსეთს არ ეხება, ეს რუსეთსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ კავშირსაც ეხება. ჩინეთი გაკვეთილებს სწავლობს იმისგან, რაც ახლა ხდება, როგორ ვუმკლავდებით კრიზისს ევროპაში და ეს არავის არ რჩება ყურადღების მიღმა, ამას ნამდვილად იაზრებენ კონგრესში. ასე რომ ამის და კიდევ ბევრი სხვა მიზეზის გამო, მხარდაჭერა [კონგრესში] გაგრძელდება”, – ამბობს ის.

დასავლეთის მხრიდან, უკრაინისადმი მხარდაჭერა რომ მტკიცეა, ამას ადასტურებს რამშტაინის ბაზაზე ბოლო შეხვედრა, სადაც ვაშინგტონმა მოკავშირეები, მათ შორის გერმანია დაარწმუნა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო ტანკები გადაეცათ.

უკრაინა ფრონტზე, ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებს “პატრიოტს”, ამერიკული წარმოების “აბრამსებს”და კიდევ სხვა ტიპის სამხედრო აღჭურვილობა იყენებს. თუმცა, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობაში ამბობენ, რომ მათ უფრო დიდი რაოდენობის და დამატებითი შეიარაღება სჭირდებათ.

ახლა უკრაინის მხარე ვაშინგტონისგან საბრძოლო თვითმფრინავებს ითხოვს. კიევი ცდილობს თეთრი სახლის დარწმუნებას, რომ მას F-16-ის ტიპის მოიერიშეები გადასცეს. ჟურნალისტებთან საუბრისას, ერთი თვის წინ, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ამერიკა ამ ეტაპზე არ განიხილავს უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემას.

შეკითხვაზე რამდენად საკმარისია დახმარება, რომელიც ვაშინგტონმა კიევს გადასცა, დერეკ ჰოგანი ამბობს, რომ ის უკრაინის მოთხოვნებს შეესაბამება.

„ჩვენ მუდმივად გვაქვს კავშირი და საუბრები უკრაინელ ოფიციალურ პირებთან და სამხედროებთან. ჩვენმა სამხედრო ექსპერტებმა შეაფასეს, რომ სამხედრო დახმარება, რომელსაც უკრაინას ვაწვდით, შესაბამისია ამჟამინდელი მომენტისთვის, ომის ამ ფაზისთვის“, – თქვა მან.

რამდენიმე დღეში ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი შვედეთსა და გერმანიაში ჩავა ოფიციალური ვიზიტით. გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე ოსტინი მოკავშირეებს შეხვდება, რათა უკრაინაში მიმდინარე ომი განიხილოს. შეხვედრაზე შესაძლოა უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გამოცხადების შესახებაც გააკეთონ განცხადება, თუმცა იქნება თუ არა F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები ამ პაკეტში, ჯერ უცნობია.

წყარო

სუდანში შეტაკებების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 400-ს გადააჭარბა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, სუდანში, არმიასა და “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის მიმდინარე დაპირისპირების შედეგად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 3 500 დაშავდა.

„413 ადამიანი დაიღუპა და 3 551 დაშავდა”, – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერმა მარგარეტ ჰარისმა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციით, დაღუპულთა შორის სულ მცირე ცხრა ბავშვია, დაშავებული ბავშვების რაოდენობა კი 50-ს აჭარბებს.

სუდანის არმიასა და “სწრაფი მხარდაჭერის ძალებს” შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.

“მინდა რომ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები მოხმარდეს აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების ჯანმრთელობას”

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს სოლიდარობას უცხადებს.

„ჩემი სოლიდარობა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედებს, რომლებიც ასე მამაცურად და თავგანწირვით იბრძვიან საკუთარი შვილების გადასარჩენად! როგორც ერთ მოქალაქეს, მინდა რომ ჩემ მიერ გადახდილი გადასახადები მოხმარდეს ამ ბავშვების ცხოვრების და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას“, – წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის სამინისტროსგან მათი შვილებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრეპარატის, Voxzogo-ს (გენერიკული დასახელებით „ვოსორიტიდი“) დაფინანსებას ითხოვენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.

გარდა ამისა, ისინი შეხვედრას ითხოვენ მთავრობის მეთაურ ირაკლი ღარიბაშვილთან.

“დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო”

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას, რომ ოთხი ადამიანის დაცვა, რომლებზეც არის სანდო ინფორმაცია კორუფციულ ქმედებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, არ არის სოლიდარობა პროფესიონალი მოსამართლეების მიმართ.

სარჯველაძის თქმით, დასანანია, თუ მმართველი გუნდის პოზიცია აშშ-ს ელჩმა არასწორად გაიგო.

„შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლო სისტემა და საქართველოს სასამართლო სისტემა ცოტა განსხვავებული იყოს. შეერთებული შტატები საერთო სამართლის ქვეყნებს განეკუთვნება, კონტინენტური ევროპის სამართლებრივი სივრცის ნაწილია ქართული სასამართლო ხელისუფლება. შეიძლება, ასე მარტივი შესაფასებელი არ იყოს ელჩის გადმოსახედიდან, მაგრამ ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სასამართლო ხელისუფლება სხვა რაღაცას ნიშნავს და ინდივიდუალური მოსამართლის მიმართ სიმპათიის დაფიქსირება ან სოლიდარობა სხვა რამეს. ეს ყველას კარგად მოეხსენება. დასანანია, თუკი არასწორად იყო გაგებული ჩვენი პოზიცია ელჩის მიერ, მაგრამ შევეცდები ეს ყველაფერი ავხსნა. ჩვენ მხარს ვუჭერთ და სოლიდარობას ვუცხადებთ არა რომელიმე ცალკე აღებულ მოსამართლეს, არამედ ზოგადად, სასამართლო ხელისუფლებას. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პატივისცემა სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა უპირველესად პოლიტიკოსების თავშეკავებულობას, რომ მათ არ აიღონ საკუთარ თავზე სასამართლოსთან მიმართებით იმაზე მეტის უფლება, ვიდრე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია იძლევა. პირადად ვთვლი, რომ სასამართლო ხელისუფლებაში კონკრეტულ პირთა ავკარგიანობის სამართლებრივი შეფასება და ამაზე რეაგირება, რაც არის საგამოძიებო კომისიის ფუნქცია, ძირს გამოუთხრის სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სამომავლოდ შეიქმნება ძალიან მანკიერი პრეცედენტი, სასამართლოს ხელისუფლების და თითოეული მოსამართლის თავზე ჩამოკიდებული იქნება დამოკლეს მახვილი. ეს არ იქნება კარგი სასამართლო ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კელი დეგნანის მიერ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, სარჯველაძემ აღნიშნა, რომ „ეს საკითხი ზედმიწევნით სამართლებრივ შეფასებას საჭიროებს“.

„იურიდიულად თუ ვიმსჯელებთ, ამას აქვს ბევრი განზომილება, მათ შორის, სისხლის სამართლის საქმეს, რაც იყო იყო „ბიბისის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში. საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას და საგამოძიებო სტრუქტურებს ამ მიმართულებით ამ დრომდეც ბევრი საქმე აქვთ გაკეთებული. ბუნებრივია, რომ ამ საქმის გაგრძელება მოსალოდნელია. ეს საკითხები ზედმიწევნით რეგულირდება. ამისთვის მათ შორის გამოიყენება თანამშრომლობის საერთაშორისო სამართლებრივი ფორმატები. არ მგონია, ვინმეს სასაყვედურო ჰქონდეს პოლიციასთან ან პროკურატურასთან“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„თიბისი“ და პოლივიმი დედამიწის საერთაშორისო დღეს თანამშრომლობას იწყებენ

„თიბისის“ ინფორმაციით, დედამიწის დღის აღსანიშნავად, „თიბისი“ და კომპანია „პოლივიმი“ გრძელვადიან თანამშრომლობას იწყებენ.

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. „თიბისისთვის“ გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, დედამიწის მსოფლიო დღეს „თიბისი“ ყოველწლიურად ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივით აღნიშნავს.

პარტნიორობის ფარგლებში, „თიბისი“ მომხმარებელთა და თანამშრომელთა ჩართულობით შეაგროვებს პლასტმასის ნარჩენებს და შემდგომი გადამუშავებისთვის გადასცემს კომპანიას „პოლივიმი“. საწყის ეტაპზე, თიბისის 21 ფილიალში განთავსდება პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად სპეციალური ურნები თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში. შემდგომ ეტაპზე ურნები განთავსდება თიბისის ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით.

პოლივიმის დაფუძნების მთავარი მიზანია, შეამციროს პლასტმასის ნარჩენი, შექმნას დამატებითი ღირებულების პროდუქტი და ხელი შეუწყოს ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას საქართველოში. პოლივიმი აგროვებს, ახარისხებს და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ამუშავებს გამოყენებულ პლასტმასის ნარჩენებს. კომპანია აგროვებს ოთხი ტიპის პლასტმასის ნარჩენებს: 1. PET, 2. HDPE, 4. LDPE, 5. PP და PET ბოთლებს გარდაქმნის PET ფანტელებად. PET ფანტელების რამდენიმე ეტაპიანი გადამუშავების შედეგად მიიღება მაღალი ხარისხის ბოჭკოვანი ქსოვილი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სხვადასხვა ინდუსტრიებში, როგორიცაა, მაგალითად, სამოსის შეკერვა და ნივთების დამზადება. გამოყენებული პლასტმასის ნარჩენებით ახალი ნივთების დამზადება წრიული ეკონომიკის ერთ-ერთი კარგი მაგალითია.

წრიული ეკონომიკის კონცეფცია რამდენიმე მთავარ პრინციპს ეფუძნება: ნარჩენების შემცირებას, ხელახალ გამოყენებას და გადამუშავებას. წრიული ეკონომიკის მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტის ხელახალი გამოყენება და წარმოებაში ჩაშვება დანაკარგების გარეშე, რაც თავის მხრივ ამცირებს რესურსების მოხმარებას. წარმოებული ნარჩენები გარემოში აღარ ხვდება, მცირდება პროდუქტების შექმნის დროს წარმოქმნილი გამოფრქვევები, საბოლოო ჯამში კი ყველაფერი ერთად დადებითად აისახება გარემოსა და ადამიანების ჯანმრთელობაზე.

„თიბისი“, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საფინანსო ინსტიტუცია, მწვანე ინიციატივების განხორციელებით ხელს უწყობს ჯანსაღი გარემოს შექმნას და კომპანიების ბიზნესსაქმიანობების გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად წარმართვას.

„თიბისი“ ისწრაფვის, რომ 2025 წლისთვის ჩვენი პირდაპირი ზემოქმედება გარემოზე ნეტო-ნულოვანი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი აქტივობებით დავაკომპენსირებთ საქმიანობისთვის საჭირო გამოფრქვევებს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი ვგეგმავთ, ჩვენი ზეგავლენა გავზომოთ პარიზის შეთანხმების მიზნობრივი მაჩვენებლების შესაბამისად, რომლებიც დედამიწაზე საშუალო ტემპერატურის მატების შესამცირებლად დაწესებული და საერთაშორისოდ აღიარებული მიზნებია. თიბისიში გვაქვს შიდა გარემოსდაცვითი მართვის სისტემა, რომლითაც გარემოზე ჩვენს პირდაპირ და ირიბ ზემოქმედებას განვსაზღვრავთ. ცნობიერების ამაღლების კამპანიებთან ერთად, ჩვენ ვითვლით სათბური აირების ემისიებს, ვაგროვებთ ინფორმაციას საწვავის, ელექტრო ენერგიის, წყლისა და ქაღალდის რესურსების მოხმარებაზე, გვაქვს ნარჩენების მართვის პოლიტიკა და 2015 წლიდან ქაღალდის გადამუშავებასაც ვახდენთ. საყურადღებოა, რომ საქართველოში მავნე გამოფრქვევების დაახლოებით 9% ნარჩენებზე მოდის, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, შევამციროთ ნარჩენები, რაც პირველ რიგში, მათი დახარისხებით, შეგროვებითა და შემდგომი გადამუშავებით შეგვიძლია. პოლივიმთან თანამშრომლობა ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის აუცილებელი ცვლილების ხელშემწყობი ინიციატივაა, რომლის ფარგლებში ამჯერად პლასტმასის ნარჩენების გადამუშავებას ვიწყებთ“ – განაცხადა „თიბისის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორმა მაკა ბოჭორიშვილმა.

„იმისთვის, რომ ცირკულარული ეკონომიკა საქართველოშიც დაინერგოს, საჭიროა ყველა ორგანიზაციის, მათ შორის, კერძო სექტორის და ისეთი მნიშვნელოვანი ფინანსური ინსტიტუტების ერთობლივი მუშაობა, როგორიცაა „თიბისი“. მტკიცედ გვჯერა, რომ მდგრადობისკენ მზარდი ნაბიჯების ხელშეწყობით, ჩვენ შევძლებთ საქართველოს მომავალი თაობებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას“. – განაცხადა „პოლივიმის“ კომერციულმა მენეჯერმა ბექა ფონჯავიძემ.

„პლასტმასის მასიური წარმოების ისტორია მხოლოდ 1952 წლიდან იწყება, ამის მიუხედავად, მისი საზიანო გავლენა გარემოზე და ადამიანებზე უკვე თვალსაჩინოა. მსოფლიოში, წლის განმავლობაში 300 მილიონი ტონა პლასტმასის ნარჩენი წარმოიქმნება, აქედან 180 მილიონი ტონა პლასტმასა ბუნებრივ გარემოში ან ნაგავსაყრელებზე გაიბნევა, 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასა ოკეანეებში. კვლევების თანახმად, ყოველი კვირის განმავლობაში 5 გრამი პლასტმასა ადამიანის ორგანიზმში ხვდება. ადამიანთა ერთობლივი ჩართულობითა და ცნობიერების ამაღლებით შესაძლებელია არსებული ზიანის შემცირება და ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ისეთი ინიციატივების დანერგვა, რომლებიც თავიდან აგვაცილებს პლასტმასის ნეგატიურ ზეგავლენას გარემოსა და ადამიანებზე“-ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)