Home Blog Page 2224

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 77%-ს ჯარის საქმიანობა მოსწონს, საპატრიარქოს – 72%-ს, პოლიციის – 63%-ს

IRI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობას ყველაზე მეტად ჯარის საქმიანობა მოსწონს. შესაბამის რეიტინგში ჯარი 77 %-ით ლიდერობს, რომლის საქმიანობასაც დადებითად სწორედ გამოკითხულთა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებელი აფასებს.

რეიტინგში მეორე ადგილი უკავია საქართველოს საპატრიარქოს, რომელიც გამოკითხულთა 72 %-ს მოსწონს, მესამე კი 63 %-ით ქართულ პოლიციას. შემდეგ 62 %-ით მოდის მედია, 57%-ით ადგილობრივი ხელისუფლება. 48 %-ს განათლების სამინისტროს საქმიანობა მოსწონს, 43 %-ი დადებითად ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას აფასებს, 41 % – პრემიერ-მინიტრის ოფისს, 39 % – პრეზიდენტის ადმინისტრაციას, 39 % – სასამართლოებს, 36% – ეროვნულ ბანკს, 36% – პარლამენტს, 36% – პროკურატურას, 32 % კი – პოლიტიკურ პარტიებს.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

საქართველოს ეროვნული პავილიონი ვენეციის მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ ბიენალეზე თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით გაიხსნება

თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით მე-18 საერთაშორისო არქიტექტურულ გამოფენაზე – La  Biennale di Venezia, საქართველოს ეროვნული პავილიონი წარმოადგენს, დუშეთის რაიონში ხელოვნურად გარდაქმნილი დასახლების შესახებ, კვლევაზე დაფუძნებულ გამოფენას “იანვარი, თებერვალი, მარტი”.

პროექტი სიმბოლურად წყალსაცავებზე, მათ შექმნასა და იმ გავლენებზე ფოკუსირდება, რომლებსაც ისინი ეკოლოგიურ, ურბანულ და დემოგრაფიულ ცვლილებებზე სწრაფი პოლიტიკური ტრანსფორმაციებისა და კლიმატის ცვლილების პირობებში ახდენენ. პროექტი იკვლევს დროისა და ენერგიის დინების შორის არსებულ ურთიერთობას; ენერგიას, როგორც პირველყოფილ სასიცოცხლო ძალას და მოხმარების, განაწილებისა და შენახვის ადამიანურ მეთოდებს – ენერგოპოლიტიკას; მსგავსი პოლიტიკის დროებითობას ან მუდმივობას საერთო ისტორიული რეალობის ფარგლებში.

რამდენად  დროებითია  გარემოზე  ჩვენი  ნაკვალევი?  შეგვიძლია  გავაანალიზოთ წყალი,  როგორც წესრიგის განმსაზღვრელი? რა სახის დინებებზე ვსაუბრობთ, როდესაც ენერგიის, მიგრაციის და დროის დინებებს, ანდა თავად ლანდშაფტების გადინებას ვახსენებთ? რა არის წესრიგის დარღვევის ან ახალი წესრიგის დამყარების საფასური? ადამიანის სივრცით-პოლიტიკური განვითარების რა დონემდე შეიძლება ის ცვლილების მომტანი იყოს ბუნებისა და საზოგადოებისთვის და პირიქით? რა ფიზიკური და  კონცეპტუალური ფორმები ქრება ან რჩება მსგავსი გარდაქმნებისას? არის თუ არა ბუნებრივი ქმნილებები, მათი მეხსიერება, ისტორია და მათი წარსული ცხოვრების განმსაზღვრელი არტეფაქტები მუდმივი? რა დარჩება მსგავსი ადგილების განსაზღვრისგან და ყველაზე მეტად, გლობალური და ლოკალური კონტექსტის გათვალისწინებით, რა არის მათი მომავალი?

1985 წლისთვის, საქართველოში, დუშეთის რაიონში, ალევის, გუდამაყრისა და ქართლის ქედებს შორის ჰიდროელექტროსადგურის პირველი განყოფილება გაიხსნა. 11.5 კმ2 სიდიდის სადგური დღემდე მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის გამომუშავებისა და თბილისის წყლით მომარაგებისათვის. თუმცა, მისი მშენებლობის გამო, სოფელი ჟინვალი სრულად დაიტბორა, რამაც ადგილობრივ მოსახლეობას საცხოვრებლის შეცვლა აიძულა. დღეს, მდინარე არაგვის ადგილობრივი ეკოსისტემა აღარ არსებობს. წყალმა დაფარა ენეოლითური ხანის დასახლება და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნიმუშები. მათ შორის, XII საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსანის ეკლესია, რომელიც რამდენიმე თვე წყალქვეშაა და მხოლოდ წლის იმ მონაკვეთებში ჩნდება, როდესაც წყალი შრება. კლიმატური და სეზონური გავლენების გარდა, მთელი მიდამო იტბორება და შრება თბილისის წყლის მოხმარების მიხედვით. მოხმარების პიკი იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეებში დგება როდესაც დედაქალაქი ყველაზე მეტ წყალს მოიხმარს.

პავილიონი წარმოადგენს კვლევისას აღმოჩენილი ანტიკური ნარჩენებით შთაგონებულ ინსტალაციას, რომელიც ცდილობს აღადგინოს ამ მიდამოს სივრცითი მეხსიერება, მისი ერთ-ერთი პრიმიტიული არქეტიპის საშუალებით.

მდინარის ტალახიანი ნალექისგან შექმნილი მართკუთხა სამშენებლო ბლოკები თითქმის სრულად ფარავს საგამოფენო სივრცეს, რასაც მივყავართ ოთახის ცენტრში, რომელიც ჩაძირული ჯვარიპატიოსანის ბაზილიკის ინტერიერის ფორმას ქმნის და ამით ეკლესიის სურათს გვთავაზობს – სიცარიელე როგორც მასა. პავილიონის 4 ოთახი გააერთიანებს კვლევის დროს შემუშავებული პუბლიკაციის, ვიდეო და დოკუმენტური მასალის გამოფენას.

თბილისის არქიტექტურის ბიენალე დაარსდა 2017 წელს როგორც ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიონალების გამაერთიანებელი პლატფორმა. ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ის აორგანიზებს გამოფენებს, ინსტალაციებს, ვორქშოფებს, სიმპოზიუმებს და აქტუალური კრიტიკული საკითხების გარშემო აქტივობებს. 2022 წელს, თბილისის არქიტექტურის ბიენალე მესამედ გაიმართა და ურბანულ და სოციალურ კონტექსტებში არსებული დროებითობის საკითხზე ფოკუსირდა.

პროექტის ავტორები: გიგი შუკაკიძე, ოთარ ნემსაძე, თინათინ გურგენიძე.

პროექტის გუნდი: გიორგი ვარდიაშვილი, ალექსი სოსელია, სტეფანო ტორნიერი, ლადო ყანდაშვილი, გიორგი ქართველიშვილი, ელენე ფასური, თამარ ჯანაშია.

ვიდეო: ტატო კოტეტიშვილი, ნოდარ ნოზაძე, გიგი ბუთხუზი, ანდრო ბარბაქაძე, არსენ კურდღელაშვილი, გიორგი ყოლბაია, მარიამ ელენე გომელაური.

პუბლიკაცია: ალექსანდრა აროშვილი, ლელა რეხვიაშვილი, ნიკოლოზ წიქარიძე, თეონა რეხვიაშვილი, თეონა ცინცაძე, ირაკლი მაჭარაშვილი, მამუკა გვილავა, თიკუნა ადეიშვილი.

ფოტოს ავტორები: გიგი შუკაკიძე, ტობიას შმიტი.

კომისარი: მაგდა გურული.

პროექტი ხორციელდება საქართელოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, თბილისის მერიის, TBC კონცეპტის, ALL-P Group, ALL-P Metal-ის, შემოქმედებითი ევროპის და PolyForm.Lab-ის მხარდაჭერით.

გამოფენის თარიღები: 20 მაისი – 26 ნოემბერი, 2023

გამოფენის გახსნა: 19 მაისი, 17:00 – 22:00

R

“აგენტი მამაშენია”- დავით ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძეს

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში ჩივილით ემუქრება.

“ესე იგი ხალხის ძალამ რომ გაავრცელა ეს ბოდვა, ვიფიქრე, დავიკიდებ, რამდენი იდიოტი რამდენ სისულელეს იტყვის, ყველაფერს ხომ არ გამოვეკიდები მეთქი, მაგრამ როდესაც თვით მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დამდო პატივი და განაცხადა, ზუსტად ვიცით დავით ზურაბიშვილი უცხო ქვეყნის აგენტი რომააო, ამას ნამდვილად ვერ დავტოვებ რეაგირების გარეშე.

აქვე კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას, რის გამოც ასეთი პატივი დავიმსახურე: თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რუსეთის ინტერესების გამტარებელი რეგიონში და წინააღმდეგობას გაუწევს რუსეთის გვერდის ავლით ევროპაში ენერგორესურსების განხორციელების პროექტს, ნამდვილად არ გამოვრიცხავ, რომ როგორც პუტინზე გაიცა დაკავების ორდერი ჰააგის სასამართლოდან, იგივე მოხდეს მისი რეგიონული მოკავშირის მიმართაც.

ეს არის ელემენტარული ლოგიკა, გამომდინარე შექმნილი გეოპოლიტიკური რეალობიდან და თუ ვინმეს ხელისუფლებაში სერიოზულად გგონიათ, რომ ამას მე ამერიკის დაზვერვა თუ მასონთა ლოჟა მალაპარაკებს ბიძინას დაშანტაჟების მიზნით, ვაი თქვენს პატრონს უბედურს!
ბატონ კობახიძეს რაც შეეხება, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის ამ გამოხტომას რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებ. გავივლი კონსულტაციას იურისტებთან და აუცილებლად ვუჩივლებ მას სასამართლოში ცილისწამებისთვის.
აგენტიმამაშენია,”- წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

https://www.facebook.com/david.zurabishvili/posts/pfbid0J6LBAq1wdSnaMz92M6H374fDAEXbTyX8qjGWAhEN3U6qo9DczWf9RPPPT2H7MkRkl

“მომდევნო შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19% „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას” – IRI

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ის კვლევის მიხედვით, მომდევნო შაბათს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები რომ ტარდებოდეს, გამოკითხულთა 19 პროცენტი „ქართულ ოცნებას“ მისცემდა ხმას, 14 პროცენტი კი „ნაციონალურ მოძრაობას“.

კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები მომდევნო შაბათს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 19 პროცენტი აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“, 14 პროცენტი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, პარტია „საქართველოსთვის – გიორგი გახარიას“ ხმას მისცემდა სამი პროცენტი, „გირჩი – მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ სამი პროცენტი, „ლეიბორისტული პარტია“, შალვა ნათელაშვილი, „ლელო“, „გირჩი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ხალხისთვის- ანა დოლიძე“, „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“ – ხმას მიცემდა ორ-ორი პროცენტი. „კონსერვატიული მოძრაობა, ალტ-ინფო“, „დროა“, ელენე ხოშტარია, „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“- ერთი პროცენტი.

„პატრიოტთა ალიანსს“, „ხალხის ძალას“ და სხვას, ერთ პროცენტი ნაკლები დაუჭერდა მხარს.

გამოკითხულთა ხუთი პროცენტი კი აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებდა, კითხვაზე პასუხი არ იცის 20 პროცენტმა, პასუხზე უარი განაცხადა გამოკითხულთა შვიდმა პროცენტმა.

IRI-ის ინფორმაციით, კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

“ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც იტყვის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში სტატუსი არ გვჭირდება”- პაატა მანჯგალაძე

როცა გვარამიას გათავისუფლების რეკომენდაციას არ ასრულებ, სასამართლოს რეფორმას არ აკეთებ, საგამოძიებო კომისიის გეშინია, მიშელის დოკუმენტი გადახეული გაქვს, არავინ გენდობა – რა აზრი კობახიძის იქ ჩასვლას? კობახიძე დასავლეთში აღქმულია როგორც პოლიტიკური თაღლითი, – აცხადებს “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე.

მისი თქმით, სტატუსის მისაღებად რეფორმების განხორციელებაა საჭირო, თუმცა, 12- დან მხოლოდ ორია შესრულებული.

„თუ „ქართული ოცნება“ კანდიდატის სტატუსს ქვეყანას მოუტანს და ამ რეკომენდაციებს შეასრულებს, კარგია. ჩვენ არ ვართ ძალა, რომელიც იტყვის, რომ „ქართული ოცნების” პირობებში სტატუსი არ გვჭირდება, რადგან ეს არ უნდა იყოს რუსეთის მიერ აღქმული როგორც სიგნალი, რომ შეუძლია აგრესია განახორციელოს. თქვენ იცით, რომ როცა მაპ-ი არ მოგვცეს, 2008 წელს აგრესია განხორციელდა. რეფორმებს რაც შეეხება, 12- დან 2 მეტ- ნაკლებად შესრულებულია და დანარჩენზე მისაღებია გადაწყვეტილებები. კობახიძის, ივანიშვილის და პაპუაშვილის გამო ჩვენ სტატუსს არავინ მოგვცემს, პირიქით ამათ გამო შეიძლება უარი გვითხრან. ნიკა გვარამიას გათავისუფლების რეკომენდაციას რომ არ ასრულებ, სასამართლოს რეფორმას არ აკეთებ, გეშინია საგამოძიებო კომისიის, საარჩევნო რეფორმას არ ატარებ, შარლ მიშელის დოკუმენტი გადახეული გაქვს, არავინ გენდობა, რა აზრი კობახიძის იქ ჩასვლას? კობახიძე დასავლეთში აღქმული არის როგორც პოლიტიკური თაღლითი. მოლდოვას და უკრაინას უთხრეს, რომ მათაც სჭირდებათ რეფორმები, მაგრამ კანდიდატის სტატუსს მოგცემთ და ამის შემდეგ გააკეთეთო, “ქართულ ოცნებას” და კობახიძე- ღარიბაშვილს უთხრეს -ვინაიდან თქვენ გადამგდებები ხართ, ჯერ გააკეთეთ და მერე მოგცემთო, ახლა ამ თაღლითების ევროპაში სიარულს რა აზრი აქვს? მაგრამ გამოვიდეს (სტატუსის მიღება), მე გამიხარდება ნამდვილად,”- განაცხადა მანჯგალაძემ.

“საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს” – IRI

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მტკიცე მხარდაჭერა აქვს, ასევე გამოკითხულთა უმრავლესობა პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის ნაკლებობას გამოხატავს და უკმაყოფილოა ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნის გამო, – ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაშია აღნიშნული.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

„ცალსახა და ნათელია საქართველოს მოქალაქეების სურვილი, გახდნენ ევროკავშირის წევრები და განაგრძონ დასავლურ, დემოკრატიულ ინსტიტუციებში ინტეგრაცია. საქართველოს მოქალაქეების ნების აღსრულება მთავრობის და ქვეყნის ლიდერების პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის წარმომადგენლობის დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები არ უჭერენ მხარს ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ყოფნას.

„გამოკითხულთა 79% წინააღმდეგია რუსეთის მოქალაქეებს ბიზნესის რეგისტრაციის, ქონების შეძენის ან საქართველოში უვიზოდ შემოსვლის უფლება ჰქონდეთ.

„ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოქალაქეები უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში რუსების მასიურად შემოდინებით, საჭიროა რომ საქართველოს მთავრობამ მოაგვაროს არსებული პრობლემა და დროულად აირიდოს თავიდან დაძაბულობის გამძაფრება“, – განაცხადა სტივენ ნიქსმა.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის მაჩვენებელი დაბალია – გამოკითხულთა 42% აცხადებს რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

„საზოგადოებაში არსებული განწყობების გათვალისწინებით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) აგრძელებს მრავალპარტიული დემოკრატიის მხარდაჭერას საქართველოში. IRI მხედველობაში იღებს პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობის შემცირებას, ასევე საქართველოს მოქალაქეების სურვილს იხილოს მეტი ახალგაზრდა პოლიტიკაში და განაგრძობს მუშაობას როგორც მმართველ, ასევე ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან და დამწყებ პოლიტიკურ მოძრაობებთან იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ მრავალფეროვანი პოლიტიკური წარმომადგენლობა და არჩევანი, როგორც არჩევნების დღეს, ასევე მმართველობით დონეზე“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

“გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება”

გვაქვს მოლოდინი, რომ ზაფხულის სეზონის დაწყებამდე, რიკოთზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმი მოიხსენება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს.

„მიმდინარეობს კვლევა-ძიების სამუშაოები. რიკოთის 149-ე კილომეტრზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ საბოლოო საინჟინრო მოწყობის სამუშაოები ჩატარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ მალე გვექნება პროექტი და რაც შეიძლება მალე შევძლებთ პრობლემის მოგვარებას, სპეციალური რეჟიმის გარეშე მოძრაობის აღდგენას. მანამდე კი, ნებისმიერი ჩაკეტვა-გახსნა ან გადართვა დაფუძნებული იქნება გონივრულ და ექსპერტულ დასკვნებზე. გვაქვს ამოცანა, რომ ზაფხულის სეზონამდე შევძლოთ ყველა იმ სამუშაოს გატარება, რაც საჭირო იქნება გადაადგილების სპეციალური რეჟიმის მოსახსნელად“, – აღნიშნა ქარსელაძემ.

ამასთან, როგორც ქარსელაძემ სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მშენებარე ხიდის დაზიანებასთან დაკავშირებით განაცხადა, საჭიროა კვლევითი სამუშაოების ჩატარება. ქარსელაძის თქმით, საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად.

„ამ ეტაპზე დაიბურღა ოთხი ბურჯი. მიმდინარეობს სამუშაოები. მათ შორის ახლო პერიოდში დაგეგმილია ხიდის იმ ბურჯის დაბურღვა, რამაც გამოიწვია ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი მალის ნაშენის ჩამოშლა. სწორედ მისი ჩაბურღვა და სხვა კვლევითი სამუშაოებია ჩასატარებელი, რათა ობიექტური სურათი გვქონდეს, გავიგოთ მიზეზი და მივიღოთ გადაწყვეტილებები. ასევე, საგამოძიებო კუთხით იქნება სრული სურათი, რათა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცეს იმ მიზეზებიდან გამომდინარე, რაც დადგინდება. რეალურად, მაქსიმალურად სწრაფად კეთდება ყველაფერი, მაგრამ მდინარის წყალუხვობიდან გამომდინარე, არის შეღუდვები დროსთან დაკავშირებით. თუმცა საექსპერტო ორგანიზაცია მაქსიმალურს აკეთებს პროცესის დროულად დასასრულებლად“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

“იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს, მეტი სიკვდილი და ნგრევაა” – ენტონი ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, სუდანში, დაპირისპირების ეპიცენტრში „ვაგნერის“ დაჯგუფების წევრები იმყოფებიან.

მისი თქმით, „ვაგნერი“ კონფლიქტის პროვოცირებას ახდენს.

„ჩვენ ღრმა შეშფოთებით ვაკვირდებით პრიგოჟინის ჯგუფის ვაგნერის მონაწილეობას სუდანში. „ვაგნერის“ დაჯგუფება აქტიურობს მალიში და ცენტრალური აფრის რესპუბლიკაში ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან ამ დრომდე. იქ, სადაც „ვაგნერის“ დაჯგუფება მონაწილეობს მეტი სიკვდილი და მეტი ნგრევაა“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

შეგახსენებთ, სუდანის დედაქალაქში 15 აპრილის შემდეგ სწრაფი რეაგირების ძალებსა და ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

“საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრად” – „ბლუმბერგი“

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა „ბლუმბერგი“ საქართველოს ეკონომიკური წარმატებისა და პოზიტიური საინვესტიციო გარემოს შესახებ სტატიას სათაურით – „როგორ შეძლო საქართველომ დაეძლია გლობალური ეკონომიკური ვარდნის ტენდენციები“ აქვეყნებს.

ამის შესახებ ინფორმაციას „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტატიაში აღნიშნულია, საქართველოს წარმატება მსოფლიოში უდიდეს ტურისტულ გამოფენა ITB Berlin 2023-ზე, სადაც საქართველომ, როგორც ღონისძიების მასპინძელმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ გააცნო ქვეყანაში არსებული შესაძლებლობები გლობალურ ბიზნესსა და საერთაშორისო ინვესტორებს.

„სლოგანით „უსასრულო ქართული კულტურა: მევენახეობის საწყისებიდან თანამედროვე ავანგარდულ ხელოვნებამდე“, საქართველომ მსოფლიოს „თავი შეახსენა“, როგორც 21-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყანამ, დემოკრატიული ღირებულებებითა და უძველესი ტრადიციებით“, – ნათქვამია სტატიაში.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროპისა და აზიის კვეთაზე მდებარე საქართველოს ცალსახად აქვს სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით განპირობებული შესაძლებლობა, აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის კარიბჭის ფუნქცია შეასრულოს.

„საქართველოს სატრანსპორტო კავშირები მისი მომავალი ეკონომიკური ზრდის გასაღებია. ქვეყანა შუა დერეფნის სავაჭრო მარშრუტის შუაგულშია“, – წერს „ბლუმბერგი“.

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ საქართველოს როლი სულ უფრო იზრდება და გაიზრდება საერთაშორისო ენერგომომარაგების კუთხით.

სტატიაში საუბარი ასევე ეხება საქართველოს, როგორც წამყვან ადგილს ინვესტიციების მიმართულებით, სადაც ინვესტორებს საუკეთესო პირობებს უქმნიან.

„მზარდი ინფლაცია, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მიმდინარე კონფლიქტი, გამოწვევას წარმოადგენს მსოფლიოს ეკონომიკებისათვის. თუმცა, მყარი ეკონომიკური მაჩვენებლებით და ინვესტორების ჩართულობით, საქართველოს კარგი შესაძლებლობა აქვს დამკვიდრდეს გლობალურ ბიზნეს ცენტრი“, – წერს „ბლუმბერგი“.

წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, ცაბაძის ქუჩის ნაწილზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აკაკი წერეთლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, 25 აპრილის 23:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში, გიორგი ცაბაძის ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

“სამუშაოების ფარგლებში, მოძრაობა შესაძლებელი იქნება ცალმხრივად. კერძოდ, „დინამო არენას“ მიმდებარე ტერიტორიიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით – დიმიტრი ყიფიანის ქუჩისა და აღმაშენებლის გამზირის კვეთის გავლით, ხოლო საპირისპირო მიმართულებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროდან „დინამო არენასკენ“ გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!”– ნაქთვამია განცხადებაში.

PSP Pharma-ს თბილისსა და ქუთაისში მდებარე საწყობებმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის ნაციონალური და საერთაშორისო აუდიტები წარმატებით გაიარა

2022 წლის ივნისში PSP Pharma-მ, ერთ-ერთმა პირველმა, წარმატებით გაიარა ნაციონალური GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის აუდიტი, რითაც დასტურდება რომ სრულად აკმაყოფილებს საქართველოს ნაციონალურ სტანდარტად აღიარებული და ევროკომისიის მიერ განსაზღვრული კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის მოთხოვნებს.

ამასთან 2023 წლის მარტში, ნაციონალური საბითუმო დისტრიბუტორის GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი გაიცა PSP Pharma-ს დასავლეთ საქართველოს საწყობზეც.

ასევე წელს, GDP-ს (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკა) სტანდარტის შესაბამისობაზე აუდიტი განახორციელა გერმანულმა საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ Heacon Service GmbH და PSP Pharma-ს ცენტრალურ საწყობს GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატი გადასცა.

აუდიტი ჩაატარეს საერთაშორისო აუდიტორებმა დოქტორ სტეფან ლაკონიგმა (Dr. Stefan Lakonig-Deputy Head of pharma-audit GMP/GDP-Expert ,GMP/GDP-Lead-Auditor , pharma-audit Expert / Lead-Auditor for: EU GMP Part I+II) და დოქტორმა დიაბ ჰუსეინმა (Dr. Diab Husein (Audit-Manager at Heacon Service GmbH GxP-Auditor at Heacon Service GmbH,  pharma-audit Expert / Co-Auditor for: EU GMP Part I+II ICH Q7 ISO 9001 EU GDP). კომპანიის აუდიტის მონაცემთა ბაზაში შეტანილია ინფორმაცია PSP Phrama-ს აუდიტის შესახებ https://www.pharma-audit.de/.

HEACON ჯგუფი დაფუძნებულია ბერლინში და ჰყავს კვალიფიციური და გამოცდილი მსოფლიო აუდიტორების გუნდი. კომპანიას ფარმაცევტულ და ჯანდაცვის ინდუსტრიაში განხორციელებული აუდიტის 20 წლიანი გამოცდილება აქვს, მათ შორის ისეთი დიდი ფარმმწარმოებლების, როგორიცაა AstraZeneca Pharmaceuticals LP,  B. Braun Melsungen AG, EGIS Pharmaceuticals PLC, SANOFI CHIMIE და სხვ.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგად PSP Pharma-ს საწყობი ნაციონალურთან ერთად, უკვე GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის საერთაშორისო სერტიფიკატსაც ფლობს.

„PSP 1994 წლიდან ახორციელებს მედიკამენტების დისტრიბუციას მსოფლიოს 100-ზე მეტი წამყვანი მომწოდებლებისგან. PSP-ს მთავარი საზრუნავი მომხმარებლისთვის გარანტირებული ხარისხის მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქტების უწყვეტი მიწოდებაა. სწორედ დისტრიბუციის ხარისხის მართვის სტანდარტი განაპირობებს იმას, რომ ევროპაში წარმოებული გარანტირებული ხარისხის მედიკამენტი ზუსტად ასეთივე ხარისხით მიეწოდება მომხმარებელს PSP-ს სააფთიაქო წსელის და კონტრაქტორი ორგანიზაციების მეშვეობით“- აცხადებენ PSP-ში.

R

“რისი კულტივირებაც საქართველოში ხდება, დასავლური სამყაროს განვითარების თანმხლები გვერდითი ჭუჭყია”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი – დემურ გიორხელიძე

ზრდისა და განვითარების შესახებ კომისიის კვლევა მსოფლიო ბანკისათვის გაკეთდა თავის დროზე. ამ კომისიაში 19 ქვეყნის მაღალი პროფესიული დონის ხელმძღვანელი მონაწილეობდა, მათ შორის ორი ნობელის ლაურეატი ეკონომიკაში.

ეს კვლევა საკმაო ხანია, რაც ცნობილია!
საქართველოში, აშკარად არ იციან და არც უნდათ იცოდნენ ე.წ. “გადაწყვეტილების მიმღებ პირებს”.
რაიმე რომ სურდეთ, – ერთს ხომ მაინც გაითვალისწინებდნენ აქედან?
არადა, საუბარია, მაღალი სტაბილური ზრდის ფუნდამენტურ ფაქტორებზე!
რა არის უმთავრესი?

მხოლოდ ორს გამოვყოფ:
(ა)
ეს საერთოდ ყველაფრის ფუნდამენტია:
“გახსნილობა.
ცოდნის იმპორტი.
გლობალური მოთხოვნის ექსპლუატაცია”
(ანუ უნდა აკმაყოფილებდე და მუშაობდე გლობალურ მოთხოვნაზე, ან სხვა სიტყვებით, – მსოფლიოს მოცულობით ბაზრებზე უნდა გადიოდე და აქცენტი მისკენ გქონდეს – დ.გ.-ს შენ.)
(ბ) ეს კი გონიერებისა და პასუხისმგებლობის მაჩვენებელია:
“ორიენტაცია მომავალზე. ინვესტიციების მაღალი დონე. დაზოგვის მაღალი დონე.”
დანარჩენი სამი თავად ნახეთ. რა გვაქვს ამ 5 ფუნდამენტური ფაქტორიდან?! არაფერი!

ცოდნის იმპორტი და ცოდნის წარმოება, საქართველოს მოქალაქეების ინტელექტუალური დონის ზრდა?!
ნურას უკაცრავად!
ნაძირალების ხროვამ დასავლეთი ლგბტ-ორიენტაციად, გენდერულ თემატიკად, “შინ თახსირობად და ევროპისკენ ყალბ ორიენტაციაში” ჩაძირა! არადა, ყველაფერ იმას, რაც კულტივირებულია საქართველოში “დასავლური ორიენტაციის” ყალბი მიდრეკილების ნიშნით, – საერთოდ არაფერი აკავშირებს დასავლურ კულტურასთან! არაფერი!

რისი კულტივირებაც საქართველოში ხდება, – ეს არის დასავლური სამყაროს განვითარების თანმხლები გვერდითი ჭუჭყი. მხოლოდ!

ჩვენ დღემდე ვერ გაგვირკვევია მთავარი: დასავლური სამყარო განვითარების ცივილიზაციურ ეტაპზეა გადასული. საქართველო ჯერ განვითარების კულტურულ ეტაპზეა! კულტურული ეტაპიდან ცივილიზაციური ეტაპი ადეკვატურად ვერ და არ ფასდება.

ეს ძალზე რთული საკითხი დეტალურად გავარჩიე ზაფხულში ლექციების კურსში “არაწრფივი პოლიტიკური პროცესები”.

ეს ორი სხვადასხვა ეტაპია, პრინციპულად განსხვავებული და განსხვავებულ ფუძეებზე აგებული.

p.s.
რუსული თარგმანიდან ავიღე ეს სურათი მხოლოდ იმის გამო, რომ მკითხველთა საკმაო ნაწილისთვის გამეხადა ხელმისაწვდომი ენის პრობლემის გამო.