ბრიტანულმა ტელეარხმა „სქაი ნიუსმა“ (Sky news) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სამხედრო ანალიტიკოსის შონ ბელის სტატია სათაურით „უკრაინა იბრძვის ომის მოსაგებად, რუსეთი უკან დაიხევს და ბრძოლებში ბევრს დაკარგავს. გაიზრდება ზეწოლა სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებისათვის“.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
დასავლეთმა ვალდებულება აიღო, რომ უკრაინას რუსეთის აგრესიის მოგერიებაში დაეხმაროს, მაგრამ რას უნდა ველოდოთ რეალურად უკრაინის არმიის მოახლოებული კონტრშეტევით? გააგრძელებს თუ არა დასავლეთი კიევისადმი მხარდაჭერას საბოლოო გამარჯვებამდე, თუ მოსალოდნელი შეტევა მხოლოდ მცდელობა იქნება ფრონტის ხაზის ისეთი სახით შესაცვლელად, რომელიც ბიძგს მისცემს ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, წლის ბოლომდე მაინც?
სამხედრო თვალსაზრისით, უკრაინის არმიის შეტევა შეიძლება სამი მიმართულებით განვითარდეს: ჩრდილოეთით – დონბასისკენ, სამხრეთით – ყირიმისკენ და ცენტრში – ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი „სახმელეთო დერეფნის – ხიდის შუაზე გასაჭრელად“. მაგრამ რომელია ამ სამი მიმართულებიდან კიევისათვის პრიორიტეტული, უკრაინის შეზღუდული რესურსების გათვალისწინებით? სად ელოდება უკრაინის სამხედრო სარდლობა ყველაზე მეტ პროგრესს?
დონბასი 2014 წლიდან სისხლისმღვრელი ბრძოლების კერას წარმოადგენს და თუ გავითვალისწინებთ მის გეოგრაფიულ მდებარეობას, რუსეთთან არსებულ უშუალო სახმელეთო საზღვარს, ამ რეგიონის ოკუპანტებისაგან გათავისუფლება უკრაინის არმიისათვის ძალიან ძვირადღირებული და შრომატევადი გამოცდა იქნება. უკრაინელებმა დონბასიდან რუსეთის არმიას უკან რომც დაახევინონ, ბევრი ადგილობრივი მცხოვრები ეროვნებით რუსია და ბუნებრივია, რუსეთის მხარდამჭერია, რაც საფუძველს ქმნის ანტიუკრაინული სეპარატისტული მოძრაობის ხანგრძლივად გაგრძელებისათვის.
ყირიმი საერთაშორისო დონეზე უკრაინის სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიად არის აღიარებული. ეს რეგიონი რუსეთს ჯერ კიდევ 1783 წლიდან ჰქონდა დაკავებული, ხოლო საბჭოთა პერიოდში, 1954 წელს, იმდროინდელი ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის ადმინისტრაციული გადაწყვეტილებით, უკრაინას გადაეცა. ყირიმი რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან აქტივად ითვლება, იქ ბევრი რუსი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს. ამ გარემოებების გათვალისწინებით, დასავლელი ანალიტიკოსები თვლიან, რომ ყირიმის გათავისუფლება უკიდურესად რთული ამოცანა იქნება.
ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი სახმელეთო დერეფნის „გასაჭრელად“ უკრაინის არმიას რუსეთის წინა ხაზის პოზიციების გადალახვა და აზოვის ზღვის ნაპირისაკენ შეტევის განვითარება დაჭირდება. ამ მიმართულებით კიევმა შეიძლება მართლაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს, მაგრამ არსებობს საბრძოლო მასალების დიდი ხარჯვისა და გამოფიტვის რისკი. საეჭვოა, დასავლეთი რამდენად დროულად მოახერხებს დიდი დანაკარგების სწრაფად შევსებას.
ვლადიმერ პუტინისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პირველ და მეორე მიმართულებას. რადგანაც ყირიმი კარგად არის დაცული, ამ მიმართულებით რაიმე დიდი საფრთხე მოსალოდნელი არ არის. დონბასი რუსეთისათვის ამჟამად „ბუფერული ზონის“ როლს ასრულებს და კრემლისათვის პრიორიტეტულია – იმის გამოც, რომ ნატოში უკრაინის სავარაუდო მიღების შემთხვევაში დონბასი ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი იქნება. რაც შეეხება ყირიმ-დონბასის დერეფანს: რასაკვირველია, მოსკოვისათვის ის მნიშვნელოვანია, მაგრამ არც მაინცდამაინც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. პირველი ორის შესანარჩუნებლად ვლადიმერ პუტინმა, უკიდურეს შემთხვევაში მესამე შეიძლება დათმოს.
ასე რომ, ყველაფერი მზადაა საზაფხულო შემტევი მოქმედებებისათვის, რომლებშიც ორივე მხარეს სხვადასხვა მიზნები აქვს. მოსალოდნელია, რომ ზაფხულის ბოლოს უკრაინისა და რუსეთის არმიები ძალაგამოცლილები დარჩებიან, მათ საბრძოლო მასალების მწვავე დეფიციტი ექნებათ და გარკვეული დრო დასჭირდებათ „სულის მოსათქმელად“, ანუ გაჩნდება პირობები და წინამძღვრები მოლაპარაკების დასაწყებად.
დონბასის დიდი ნაწილის გაკონტროლებით რუსეთს შეუძლია ეს ფაქტი თავის გამარჯვებად წარმოაჩინოს საკუთარი მოსახლეობის წინაშე – ასე ვთქვათ, „შიდა აუდიტორიისათვის“. კრემლს შეუძლია განაცხადოს, რომ „სპეცოპერაციის მიზანი ძირითადად მიღწეულია“. უფრო რთული ამოცანა დგას ვლადიმერ ზელენსკის წინაშე – იგი ტერიტორიის დათმობას უნდა შეეგუოს. სწორედ აქ უნდა გაიმარჯვოს ამერიკულ დიპლომატიამ.
წყარო