Home Blog Page 2218

“ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა” – ბექა ბასილაია

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ ტექნიკურმა ხარვეზებმა, რაც კლინიკა „ვივამედიდან” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვისას ხდებოდა, სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს და კლინიკას ეკისრება.

„პენიტენციური სამსახურისგან დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალო, ფაქტობრივად, ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, ეს თავიდან ბოლომდე “ვივამედის” და პენიტენციური სამსახურის უპასუხისმგებლობაა.

ფაქტია, რომ “ვივამედის” და პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობაა, რომ კავშირი უხარვეზო იყოს. როცა ამდენი ხარვეზი ვნახეთ, ეს არანაირ ჯანსაღ ინტერესს არ ემსახურება და ეს პრობლემა მომდევნო პროცესზე არ უნდა დადგეს”, – განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა. ბასილაიას თქმით, აღნიშნული კადრებით სისტემური ძალადობა არ იკვეთება.

“ჩვენ მოწმეების ხელახლა დაკითხვას ვითხოვდით და ხელახლა გვაყურებინეს ვიდეოები. მარტივი პარალელები შეგვიძლია გავავლოთ, თუ ეს ბრალდების მხარეს დანაშაულად მიაჩნია, 20 ივნისთან დაკავშირებით ერთი პასუხისმგებელი პირი რატომ არაა დაკავებული? ჟურნალისტებს 5 ივლისს რაც მოუწყვეს, ამ სისასტიკის და დანაშაულების ჩამდენები თავისუფლები არიან და კადრებს გვაყურებინებენ, სადაც ბატონი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სასტიკად ნაცემია, პირდაპირ ეთერშია და ერთი დაზიანებაც არ აღენიშნება. ამ კადრებით ჩანს, რომ მიტინგის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა, საპოლიციო ძალებიც გამოყვანილი იყვნენ, შეიძლება, ერთეულ შემთხვევებში ვინმეს მხრიდან ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი, მაგრამ სისტემური ძალადობა არ იკვეთება, განსხვავებით 20 ივნისისა, როცა ადამიანებს თვალებს თხრიდნენ”, – განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა “ვივამედიდან” მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, მისი სიტყვით მიმართვა, რამდენჯერმე შეწყდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისის დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ

ისრაელში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, თბილისში, დიდ სინაგოგასთან მოქალაქეებს ყვავილები მიაქვთ.

მოქალაქეთა შორის არიან ისრაელის მოქალაქეებიც, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან.

როგორც ისრაელის ერთ-ერთმა მოქალაქემ, მიხაილ შიტინბურგმა განაცხადა, პატივს მიაგებს მათ, ვინც ისრაელის მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა.

„მე ისრაელიდან ვარ, ჩრდილოეთ ისრაელში ვცხოვრობ. მინდა, პატივი მივაგო მათ, ვინც ჩვენი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში დაიღუპა. ისრაელი მშვიდობიანი ქვეყანაა. გვინდა, მალე დავბრუნდეთ სამშობლოში, რათა ახლოს ვიყოთ ჩვენს ხალხთან და დავუჭიროთ მხარი ასეთ რთულ მომენტში“, – განაცხადა შიტინბურგმა.

ამასთან, გაბრიელა როსანსკმა, რომელიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფება, აღნიშნა, რომ „ჰამასის“ ისრაელზე თავდასხმა მეორე მსოფლიო ომს ახსენებს.

„ჩვენ ვსტუმრობთ თქვენს ულამაზეს ქალაქ თბილისს. ჩვენთვის ძალიან ემოციური იყო, რომ თბილისში სინაგოგამ სასტიკი თავდასხმის შედეგად დაღუპულ ისრაელელებს პატივი მიაგო. „ჰამასი“ ესვრის ქალებს, კაცებს, ბავშვებს, მოხუცებს. ეს ყველაფერი ჩვენ გვახსენებს მეორე მსოფლიო ომს. ვთხოვთ მსოფლიოს, წითელ ჯვარს, ყველა ინსტიტუციას, რომ დაგვეხმარონ, გავიგოთ, რა ემართებათ მძევლებს“, – განაცხადა გაბრიელა როსანსკმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6675 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6675 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6719 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0044 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8078 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8215 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0137 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით”

რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა მკაფიოდ განსაზღვრულია, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს, როგორ შეაფასებდა იმას, რომ თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილებაზე რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

„არ ვიცი, რა არის დაინიცირებული, მაგრამ უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკას მთავრობა ახორციელებს და მათ სრული ნდობა აქვთ. საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ამ პოლიტიკის შესაბამისად. მარგინალურ ოპოზიციონერებს რაიმე ჯანსაღი აზრი რომ ჰქონდეთ, ისინი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერასაც მიიღებდნენ. არ ვიცი, რა რეზოლუციაზე არის საუბარი, მაგრამ ამ რეზოლუციის მიღების საჭიროებას ვერ ვხედავ, რადგან ჩვენი პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არის მკაფიოდ განსაზღვრული, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეზოლუციებით. ეს პოლიტიკა მკაფიოა და ამ გეგმას მივყვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ” – ლაშა ჟვანია

არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით 5 რეისი შესრულდა და მომდევნო დღეებში, რეისები კვლავ განხორციელდება.

„მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. ხვალ და ზეგაც იქნება რეისები. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. როგორ წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, რომ ბავშვები ამ მდგომარეობას გამოარიდონ. ზოგადად, ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა,“ – აღნიშნა ჟვანიამ.

მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.

„სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თუნდაც თავშესაფრის, თუკი არ აქვს ღამის გასათენებელი, იგივე ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ,“ – აღნიშნა ჟვანიამ.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – სავარაუდოდ მხოლოდ მცირედით ნაკლები შერბილების საბაზო სცენარი

საქართველოს მაკროეკონომიკური დინამიკის მხრივ, აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში გამოქვეყნებული სექტემბრის ინფლაციის მაჩვენებლები ჩვენს მოლოდინებთან დიდწილად შესაბამისი იყო. პროგნოზის კუთხით, საყურადღებოა ბოლო პერიოდში ნავთობის ფასების უკვე დაღმავალი ტენდენცია, თუმცა, ისრაელში განვითარებული მოვლენები ნავთობის ფასების ზრდის ფაქტორია. სავალუტო შემოდინებების კუთხით, ისრაელი საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა ხვედრითი წილი უფრო ზომიერია. კერძოდ, ბოლო დაახლოებით ერთი წლის მონაცემებით, წილი ტურიზმში, მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 6.5%-ს, გზავნილებში კი 5.4%-ს შეადგენს. საქონლის ექსპორტში, იმპორტსა და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში ანალოგიური მაჩვენებლები მხოლოდ 0.5%-ის ფარგლებშია. მთლიანობაში, თიბისი კაპიტალის ინარჩუნებს შეფასებას სავალუტო შემოდინებების უფრო ნორმალიზების, ვიდრე გაუარესების კუთხით.

ასევე საყურადღებოა, რომ 2 ოქტომბრის მდგომარეობით, დეპოზიტების ვალუტების მიხედვით ყოველდღიურ დინამიკაში, რაც ხშირად ე.წ. სენტიმენტების საკმაოდ მნიშვნელოვანი საზომია, გაუარესება არ იკვეთება და როგორც ეს სებ-ის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ კვირაში აშშ დოლარის გაყიდვის მიმართულებითთითქმის 50 მილიონიანი ინტერვენცია ერთჯერად გარემოებებს უკავშირდებოდა. ამასთან, ნეგატივია, რომ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ამერიკის 10 წლიან სახაზინო ვალდებულებებზე საპროცენტო განაკვეთი, რომელიც საქართველოს მსგავს ქვეყნებში ინვესტიციების განხორციელების მხრივ მართალია არა ერთადერთი, თუმცა ანგარიშგასაწევი პარამეტრია. ისევე, როგორც საერთაშორისო ბაზრებზე სადღეისოდ არსებული მოლოდინები დოლარის განაკვეთების მაღალ დონეზე შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო ხანგრძლივი პერიოდით შენარჩუნებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი მცირედით დაკორექტირდა. საკუთრივ, თიბისი კაპიტალის აზრით, მიმდინარე წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მიმდინარე 10%-დან 9.5%-მდე შემცირება კვლავ რეალისტურია, თუმცა როგორც ჩანს, ახლა უკვე უფრო ნაკლებად შემცირების გარკვეულწილად მეტი ალბათობით. მომდევნო წელს კი, თიბისი კაპიტალის საპროგნოზო ჩარჩოს მიხედვით, 8%-იანი საბაზო სცენარი 0.25 პროცენტული პუნქტით იზრდება და 8.25%-ს შეადგენს.

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

“კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა” -არესტოვიჩი

შეხედეთ დასავლური პრესის პუბლიკაციებს უკრაინის შესახებ – კორუფცია, კორუფცია, კორუფცია. თუ ჩვენი ხელისუფლება ფიქრობს, რომ დასავლეთში არაფერი იციან ამის შესახებ, ძალიან ცდებიან, მათ ყველაფერი იციან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა უკრაინელ ჟურნალისტთან, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც არესტოვიჩი აცხადებს, „კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა“.

„რა თქმა უნდა, ქურდობის ბაკქანალიაა, რომელიც ჩვენთან ხდება, კორუფციის ასეთი დონე უკრაინაში არასდროს ყოფილა ქვეყნის ისტორიაში. განსაკუთრებით მძიმეა, როდესაც იპარავენ ამერიკულ ფულს… ანუ ამერიკელები გვეუბნებიან: თქვენ ჩვენ გვიყვებით სიცოცხლისთვის ბრძოლის შესახებ და ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი ამ ფულს იპარავთ. რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამერიკელებს ამაზე? ისინი გვიგზავნიან რეფორმების ჩამონათვალს, რომლებმაც უნდა გამოასწოროს ვითარება. ასევე, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ფრონტზე მომარაგების საკითხი პირდაპირ არის დაკავშირებული ანტიკორუფციულ ქმედებებთან. შიდა ამერიკული პოლიტიკური დაპირისპირებაც რომ არ ყოფილიყო, რაც დაკავშირებულია არჩევნებთან და აშშ-ში კი ახლა, პრაქტიკულად, იდეოლოგიური სამოქალაქო ომია. მათ ერთმანეთი ეზიზღებათ, ისინი დაყოფილები არიან. დაყოფილები არიან როგორც დემოკრატები, ისე რესპუბლიკელებიც. ღმერთმა უწყის, რა ხდება. ვგულისხმობ არა დაპირისპირებას ქუჩებში, არამედ პოლიტიკურ ასპარეზზე ბრძოლას. უკრაინა არის სამი მთავარი თემიდან ერთ-ერთი. მაგალითად, არსებობს ხალხი, რომელმაც გამოუცხადა იმპიჩმენტი პრეზიდენტ ბაიდენს და ამის მიღწევა სურთ. ეს ხალხი ავლებს ხაზს ავღანეთიდან უკრაინამდე და ამბობენ, რომ ავღანეთში სახსრების არეფექტურმა ხარჯვამ, როდესაც ფულს უბრალოდ იპარავდნენ და უნარი არ ჰქონდათ, განეხორციელებინათ რეფორმები ქვეყანაში, მიგვიყვანა, რომ აშშ-მა უზარმაზარი სახსრები დახარჯა ავღანეთში და შემდეგ სამარცხვინოდ მოგვიხდა ევაკუაცია, როდესაც ხალხი თვითმფრინავს ეკიდებოდა. ეს ხალხი ამბობს, რომ უკრაინაშიც იგივე ისტორიაა. ისინი იპარავენ უამრავ ფულს და არაეფექტურად ხარჯავენ, რადგანაც გვანახეთ მაშინ თქვენი კონტრშეტევის შედეგი, რომლისთვის ასე დიდხანს ვემზადებოდით.

გასაგებია, რომ ეს ყველაფერი, რასაც ისინი ამბობენ, გაზვიადებულია, განსაკუთრებით, კონტრშეტევის კუთხით, მაგრამ ამას დიდი გამოხმაურება აქვს ამერიკელებში, რომელთა ნაწილი ტრავმირებულია ერაყისა და ავღანეთის ისტორიების გამო. ამას გარდა, არსებობს „ბურისმას“ თემა. არსებობს ბრალდება ჰანთერ ბაიდენის და მისი ოჯახის მიმართ და ეს ხალხი ამ ორ ხაზს აერთიანებს ერთ მთავარ ნარატივად და ამას აქვს დიდი გამოხმაურება.

თან უნდა ითქვას, რომ ჯერ უკრაინაში კორუფციის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები არ ყოფილა, იყო მხოლოდ მინიშნებები. წარმოიდგინეთ, როცა სერიოზული პუბლიკაციები გაჩნდება. და ეს აუცილებლად მოხდება, რადგანაც ეს არის შიდა ამერიკული პოლიტიკური ბრძოლის ნაწილი. მერე გაჩნდება კითხვა: როგორ უნდა დავამტკიცოთ, რომ ეს ასე არ არის? რომ ჩვენ ეფექტურად ვებრძვით კორუფციას და რომ ჩვენი იარაღით მომარაგება უნდა გაგრძელდეს?“ – განაცხადა არესტოვიჩმა.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ცვლილებათა თანახმად, 2024-2025 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1 დეკემბრამდე შეუსრულდებათ.

ამასთან, 2025-2026 სასწავლო წლიდან დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა, მშობლის სურვილის შემთხვევაში, დამატებით მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, 2024-2025 სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე დაბადებულ პირებს უფლება ექნებათ, გააკეთონ არჩევანი − გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით ან დარეგისტრირდნენ პირველ კლასელებად. აღნიშნული მსგავსად გავრცელდება 2025-2026 სასწავლო წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებზე.

როგორც მთავრობის სხდომაზე აღინიშნა,  გადაწყვეტილების საფუძველი გახდა მოქალაქეთა არაერთი განცხადება, რომლებიც ითხოვენ საქართველოში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის მარეგულირებელი ნორმის გადახედვას.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია 9 წლის ბიჭს მოხვდა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, ფაქტი რამდენიმე საათის წინ იმ დროს მოხდა, როცა თანატოლები თამაშობდნენ.

ადგილობრივების თქმით, ერთ-ერთ მათგანს პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გაუვარდა და იქვე მყოფ ბავშვს მოხვდა.

მიღებული დაზიანებით სკოლის მოსწავლე ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე ის კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.

“პალესტინა უკრაინა არ არის -“ჰეზბოლა”

„ჰეზბოლა“ იმუქრება, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პოზიციებს დაარტყამს, თუკი ის უშუალოდ ჩაერევა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტში.

ინფორმაციას The Time of Israel-ი ავრცელებს.

“პალესტინა უკრაინა არ არის. თუ აშშ უშუალოდ ჩაერევა, რეგიონში შეერთებული შტატების ყველა პოზიცია გახდება წინააღმდეგობის ღერძის ლეგიტიმური სამიზნე და ჩვენი თავდასხმების წინაშე აღმოჩნდება“, – ნათქვამია დაჯგუფების განცხადებაში.

ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ხომალდები გადაჰყავს, რომელთა შორის ავიამზიდიცაა.

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ის არმია განათავსებს საზღვაო ხომალდებს და საბრძოლო თვითმფრინავებს, რათა ისრაელში მიმდინარე ბრძოლების ფონზე “გაამყაროს რეგიონული შეკავების მცდელობები“

“სრული მჭიდრო კავშირი უნდა გქონდეთ” – მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციას

სრული მჭიდრო კავშირი და კონტაქტები უნდა გქონდეთ, მე აქ ვარ თქვენთან ერთად, არც კი გაბედოთ ხელების ჩამოშვება და ამის გაფიქრებაც კი, – ასე მიმართა ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი სახით ასამართლებენ იმას, რომ საქართველოს პერსპექტივა არ ჰქონდეს.

„თქვენი იმედი მაქვს ძალიან დიდი. სოფო ჯაფარიძე, რომელიც ჩემი წარმომადგენელი და ლიდერია, ხსნის სააკაშვილის ოფისს. მე თქვენთან ერთად დავდგები. გაერთიანება არ არის მხოლოდ საკმარისი, ახლა საჭიროა განსაკუთრებული სიფხიზლე, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი დროა.

ფარცხალაძის გამოა დატყვევებული მთელი ჩემი ქვეყანა. სიფხიზლე, ერთიანობა, წინასწარ ცოდნა, რას ვაკეთებთ გადამწყვეტ მომენტში და ეს მომენტი ახლოვდება, მანამდე მუდმივი მოძრაობა.

არ გვაქვს უფლება რამენაირად ვიყოთ მოშვებულები, უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. მეგობრებო მთავარია, არაფერზე ჩამოვუშვათ ხელი და მომენტი არ გავუშვათ, ამას ვერ შეაჩერებს ვერანაირი ოლიგარქია, სუს-ი თუ „მუსი“, ვერაფერი ვერ შეცვლის მთავარ მოცემულობას. საქართველო აქედან აუცილებლად გამარჯვებული გამოვა. მე თქვენთან ერთად ვდგავარ, თქვენთან ერთად ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე“, – განაცხადა სააკაშვილმა.

“უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა თუ დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება.

ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა „ფორბსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპისთვის ეს ეგზისტენციალური ომია. ევროპელები ხვდებიან, რომ ეს მათაც ეხება. მათ არ შუძლიათ, საკუთარ თავს მისცენ უფლება, არ გაიმარჯვონ ამ ომში უკრაინასთან ერთად. თუ უკრაინა დამარცხდება, ეს ევროპის დასასრული იქნება“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.

კულებამ ასევე ისაუბრა აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებულ დროებით ბიუჯეტზე, სადაც უკრაინის დაფინანსება არ მოხვდა.

როგორც კულება ამბობს, რაც უფრო მეტად მოახლოვდება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები, უკრაინას მით მეტი სირთულე ელოდება.

„არჩევნებს საკუთარი ლოგიკა აქვს, პოლიტიკური ბრძოლა ინტენსიური გახდება, ხოლო აშშ-ში არსებობენ ძალები, რომელთაც სურთ, რომ უკრაინის საკითხი იყოს ერთ-ერთი მთავარი საარჩევნო კამპანიის პერიოდში“, – განაცხადა დმიტრო კულებამ.