Home Blog Page 221

თიბისი, როგორც საუკეთესო დამსაქმებელი 2024 წელს აჯამებს

თიბისის ყველა წარმატებისა და ისტორიის უკან, თითოეული თიბისელი დგას.

2024 წელს, თიბისის არაერთი საჭირო და სასარგებლო შიდა აქტივობა ჰქონდა:

  • თიბისის 1000-მდე ახალი თანამშრომელი შემოუერთდა;
  • ლოკალურ და საერთაშორისო კონფერენციებს დაესწრო, საზღვარგარეთ სწავლა დაუფინანსდა  და ლიდერშიპის პროგრამაში ჩაერთო  თიბისის 400-მდე მენეჯერი;
  • ტრენინგებით კვალიფიკაცია აიმაღლა 2100-ზე მეტმა თიბისელმა;
  • თიბისი აკადემიაში შიდა სასწავლო კურსები გაიარა 1270-მდე თიბისელმა;
  • თიბისელების მენტალური ჯანმრთელობის პროგრამის აქტივობებში ჩაერთო 500-მდე თანამშრომელი;
  • ფონდი „თიბისელების“ დახმარებით, 688 თიბისელი ბენეფიციარის ჯანმრთელობისთვის 3 001 159 ლარი გამოიყო;
  • ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შეიქმნა ცხელი ხაზი და თიბისიმ აიღო პასუხისმგებლობა თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სამედიცინო/იურიდიულ დახმარებაზე;

„2024 წელს, ბევრი გამოწვევის წინაშე დავდექით. კიდევ უფრო კარგად გავაცნობიერეთ და ერთად დავამტკიცეთ თუ რამდენად გვეხმარება გუნდურობა დიდი შედეგების მიღწევაში, რაც დადებითად აისახება ქვეყანასა და საზოგადოებაზე.

თიბისი 2025 წელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობით იდგება თითოეული მომხმარებლის, თანამშრომლისა და ქვეყნის გვერდით. გვჯერა, ერთად შევქმნით ახალ შესაძლებლობებს და წარმატების ახალ ისტორიებს“ – გვანცა მურღვლიანი, ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის უფროსი.

თუ გსურს გახდე ისეთი გუნდის წევრი, სადაც ერთმანეთის მხარდაჭერა კულტურის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია, შემოუერთდი თიბისის – გახდი თიბისელი.

(R)

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

7 თებერვალს ქუთაისში +10 გრადუსი და წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2. ბათუმში დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა ფოთშიც. დღისით +9 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა +9 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი სოხუმში. 9 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში მზიანი დღეა ნავარაუდები. დღისით +4 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში დღეს ჰაერი +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

ჭიათურაში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +9 გრადუსი, ღამით კი 1 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლია ნავარაუდევი ახალციხეში, სადაც, დღისით ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც თოვს, +7 იქნება დღისით, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია თოვლი.

გორში დღისით +11 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც თოვს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება, ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ითოვებს. დღის განმავლობაში +0 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -7 გრადუსი იქნება. ომალოშიც თოვს. დღისით -2, ღამით კი -7 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიანი ამინდია. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +10 გრადუსი იქნება, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +2 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანში დღისით +11 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ვარაუდობენ მზიან ამინდს. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდია და +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი დღის განმავლობაში.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +11 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია ნალექი თოვლისა და წვიმის სახით.

 ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განადგურდა და არანაირი სარგებელი არ მიუღია, არის უკრაინა, ასჯერ მეტად შეიძლებოდა, გაწირულიყო საქართველო, ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია, გადავრჩეთ-მამუკა მდინარაძე

პატარა ქვეყანა ვართ და საქართველოს სულ სჭირდებოდა, ყველა დროში, რომ თავი გადაერჩინა. ცოტა წინ რომ წავიდეთ, თუ ვინმე ამბობს, რომ ომი არ უნდოდა [საქართველოში], სისულელეს ლაპარაკობს, რადგან დასავლეთის ქვეყნებს რუსეთის დასუსტების ინტერესი ყოველთვის ჰქონდათ და ომი რომ არ ნდომოდა ვიღაცას, ეს იქნებოდა გასაკვირი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ამ გარემოების გარდა, საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი რომ რეალური იყო, ამას ალექსეი დანილოვის განცხადებაც ადასტურებდა, რომელიც ამბობდა, რომ ქართველების საომარ მოქმედებებში ჩართვა უკრაინას დაეხმარებოდა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მართალია, საქართველოში ომი უკრაინას დაეხმარებოდა, თუმცა თავად ქართული სახელმწიფო ვერ გადარჩებოდა.

„რატომაც არა, მე თუ რომელიღაც ქვეყნის ზედმეტი აქტიურობის ხარჯზე დავასუსტებ რუსეთს, როცა მე მას დასავლეთიდან ვებრძვი, საქართველო რაში მაინტერესებს? იმ [დასავლეთის] გადასახედიდან, რატომ არ უნდა იბრძოლოს საქართველომ და რატომ არ მიღირს, რომ 50-60 ათასი ჯარისკაცი დავაკავო საქართველოში? ისევე როგორც პირდაპირ, გაჭრილად თქვა დანილოვმა, ეს წამოცდენა ხომ არ იყო და შემთხვევითი კაცი ხომ არ იყო, თუ ქართველები დაკავდებიან ამ საქმით, ძალიან დაგვეხმარებაო. მართალი თქვა იმ კაცმა, ძალიან დაეხმარებოდა, უბრალოდ, ჩვენ ვერ გადავრჩებოდით, იმიტომ, რომ 10-ჯერ ნაკლები ქვეყანა ვართ ყველა გაგებით – ტერიტორიულად, მოსახლეობით და რუსეთს დასჭირდებოდა 10-ჯერ ნაკლები ძალისხმევა საქართველოს გასანადგურებლად, სამწუხაროდ“ – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში ზოგმა ქვეყანამ რაღაც მოიგო, ზოგმა კი – წააგო, თუმცა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც იოტისოდენა სარგებელიც კი ვერ ნახა, ეს სწორედ უკრაინაა, რომელიც განადგურდა.

საქართველო, მდინარაძის თქმით, შესაძლოა, ასჯერ მეტად გაწირულიყო.

„რაც არ უნდა ვიკამათოთ, ვის აწყობდა, ვის არ აწყობდა – გასაგებია, იქითა მხრიდან ხელშეწყობა ჰქონდათ უკრაინელებს საიმისოდ, რომ რუსეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. საბოლოო ჯამში, ეს რუსეთის იძულებითი სვლა იქნებოდა თუ არ იქნებოდა იძულებითი სვლა, კიდევ რომ ვინმემ რაღაც არ დაგვაბრალოს და პრორუსობაზე არ ილაპარაკოს, რუსეთმა, დღეის სამწუხარო მდგომარეობით, ნატო-ს ქვეყნებსა და თავის ქვეყანას შორის გარკვეული ბუფერი გაიკეთა უკრაინის ხარჯზე. უკრაინა განადგურდა. იმ ადამიანებმა, იმ პოლიტიკურმა თუ გავლენიანმა ჯგუფებმა დასავლეთიდან, ვინც უკრაინის ქმედებებს ხელს უწყობდა, ტრამპის დღევანდელი ნარატივის საწინააღმდეგოდ მოქმედებდა და აქეზებდა, გახსოვთ, თურქეთში ფაქტობრივად შემდგარი მოლაპარაკებების ჩაშლა ბრიტანელების, ჯონსონის მხრიდან. სიტუაცია შუაში არის გაჭედილი, ვიღაცამ რაღაც მოიგო, ვიღაცამ რაღაც წააგო და ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც აპრიორი ვერაფერი მოიგო საერთოდ – რაც უნდა ვიკამათოთ, რუსეთმა რა მოიგო, რა წააგო, დასავლეთის, ნატო-ს ქვეყნებმა რა მოიგეს ან წააგეს – ბოლოს, ფინალი ეს არის, რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც განადგურდა და არანაირი სარგებელი იოტისოდენა არ მიუღია, ეს არის უკრაინა. ასჯერ მეტად შეიძლებოდა, გაწირულიყო საქართველო. ჩვენი ბუნებრივი რეფლექსია, რომ გადავრჩეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა, გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება -ირაკლი კობახიძე

2030 წლისთვის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მიღწევადია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ევრონიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს.

პრემიერი ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესში ბრიუსელის მეტი მოქნილობის საჭიროებაზე საუბრობს.

როგორც ირაკლი კობახიძე ინტერვიუში აღნიშნავს, ბურთი ახლა ბრიუსელის მოედანზეა და გაერთიანებას ახალი წევრებისადმი მიდგომებში მეტი მოქნილობა სჭირდება. მისივე თქმით, საქართველოს ევროპულ ბიუროკრატიასთან აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ის საკმაოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი, რომ ქვეყანა 2030 წელს ევროკავშირის წევრი გახდება.

„ჩვენ განუხრელად ვივლით ამ მიზნისკენ და ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო წლებში საქართველოსადმი მიდგომა უფრო სამართლიანი იქნება”, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ჯანსაღი ურთიერთობები არ არის, ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ და თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება.

„ჩვენი ურთიერთობების ამჟამინდელი მდგომარეობა ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ დაინტერესებული ვართ ევროკავშირთან ჯანსაღი ურთიერთობებით, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვხედავთ. მაგრამ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიზეზია არა საქართველოს პოლიტიკა, არამედ ევროპული ბიუროკრატიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ასე რომ, თუკი ეს პოლიტიკა შეიცვლება, ყველაფერი გამოსწორდება“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

USAID-ის თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, 30 დღის განმავლობაში აშშ უკან დაბრუნებაში დაეხმარება, თუ ისინი ამას მოისურვებენ -მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, შეერთებული შტატები 30 დღის განმავლობაში დაეხმარება ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) თანამშრომლებს, რომლებიც საზღვარგარეთ მუშაობენ, უკან დაბრუნებაში.

ამის შესახებ რუბიომ დომინიკელთა რესპუბლიკაში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„ხალხს მიეცა 30 დღე და ჩვენ დავეხმარებით მათ სახლში დაბრუნებაში, თუ ისინი ამას მოისურვებენ ამ 30-დღიან პერიოდში. ამავდროულად, როგორც ვთქვი, თუ ვინმეს აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა ან რაიმე გარემოება, მზად ვართ, მოვუსმინოთ. ჩვენ არ ვცდილობთ ხალხის პირად ცხოვრებაში ჩარევას. ეს არ არის სადამსჯელო ღონისძიება. მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რითიც შევძელით USAID-თან თანამშრომლობის მიღწევა. მირჩევნია, არ გაგვეკეთებინა ეს ამ გზით“, – განაცხადა რუბიომ.

ამასთან, მარკო რუბიომ ისაუბრა საგარეო დახმარების პროგრამებზეც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისეთი პროგრამების არსებობა, რომლებიც, მაგალითად, მიმართულია ნარკოტიკებთან ბრძოლის წინააღმდეგ.

„ჩვენ ვგეგმავთ ამ პროგრამების გაფართოებას ახალი ტექნოლოგიების დანერგვით, რაც კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ეს არის მაგალითი იმ პროგრამებისა, რომლებიც ამერიკას უფრო უსაფრთხოსა და ძლიერს ხდის“,- აღნიშნა რუბიომ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განიხილა პანამის არხთან დაკავშირებული საკითხებიც.

„პანამასთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია. გვქონდა მოლაპარაკებები, რომლებიც მყარ პირველ ნაბიჯებად მიმაჩნია. ჩვენი მოლოდინები ნათლად გამოვხატეთ. პატივს ვცემ იმას, რომ პანამას აქვს თავისი პროცესები – ისინი დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა, აქვთ თავიანთი წესები და კანონები. თუმცა შეერთებულ შტატებს აქვს სახელშეკრულებო ვალდებულება, დაიცვას პანამის არხი თავდასხმის შემთხვევაში. აბსურდულად მიმაჩნია, რომ ჩვენ უნდა გადავიხადოთ გადასახადი იმ ზონაში გასავლელად, რომლის დაცვის ვალდებულებაც გვაქვს კონფლიქტის დროს“, – განაცხადა მარკო რუბიომ

7 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შეიძლება ვიღაცისთვის დახმარების გაწევა მოგიწიოთ. იმდენად ალტრუისტულად ხართ განწყობილი, დახმარება რომ არ გთხოვონ, თავად შესთავაზებთ. ეს დღე ადამიანებზე ზრუნვის და მფარველობის სურვილით აგავსებთ, ამასთან შესანიშნავ მსმენელად გაქცევთ. მშვენიერია, მაგრამ ეცადეთ, ზომიერება დაიცვათ და დახმარების სურვილი აკვიატებად არ გექცეთ.

კურო

ეს დღე თავდაჯერებულობასა და ქარიზმას მოგანიჭებთ, რაც საშუალებას მოგცემთ, ლიდერის თვისებები გამოავლინოთ და ცოტათი ადამიანებით მანიპულირება მოახდინოთ. საკუთარი პოზიციის სისწორეში ადამიანების დარწმუნება არ გიჭირთ. მშვენიერი დღეა ვინმეს გულის მოსაგებად ან კარიერაში წინსვლისთვის.

ტყუპები

ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე თაობებს შორის ურთიერთობებს მიუძღვნათ. მშობლები, შვილები, შვილიშვილები – რაც უფრო მეტი ახლობელი ადამიანი შეიკრიბება, მით უკეთესია! შესაძლოა, საყვარელი ადამიანებისგან მოულოდნელი დახმარება მიიღოთ. დროა მშვიდ და გულწრფელ ოჯახურ ატმოსფეროში მტკივნეული პრობლემების განხილვა დაიწყოთ.

კირჩხიბი

ეს დღე ძალით, მხნეობით და ენერგიით აგავსებთ. შესაძლოა, ეს ლოგინიდან ადგომისთანავე ვერ იგრძნოთ, მაგრამ საკმარისია ფინჯანი ყავა დალიოთ და კონტრასტული შხაპი მიიღოთ, რომ ენერგიით აივსებით. ჰოროსკოპის ვარსკვლავები გირჩევენ, სპორტისა და ფიზიკური აქტივობისთვის დრო გამონახოთ.

ლომი

ეს დღე სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. ნებისმიერ საქმეში წარმატება გელით, განსაკუთრებით ფინანსებთან და სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებულ საქმეებში. მოსალოდნელია ფინანსური მოგება, წარმატებული შენაძენი, საჩუქარი ან რომანტიკული შეხვედრა. ასე რომ, ოთხ კედელში ჯდომის დრო არ არის.

ქალწული

ქალწულში ლიდერის უნარები გაიღვიძებს! გადაწყვეტილების სწრაფად მიღების, მათზე პასუხისმგებლობის აღებისა და ორგანიზების უნარით გარშემო მყოფებს გააოცებთ. ადამიანები ყოველ წამოწყებაში სიამოვნებით გეხმარებიან. შეგიძლიათ ინიციატივა საკუთარ ხელში თამამად აიღოთ, რადგან თუ თქვენ არა, მაშინ ვინ?

სასწორები

ეცადეთ, გარშემო მყოფებისგან თავი შორს დაიჭიროთ და კისერზე დაჯდომის უფლება არ მისცეთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვენით მანიპულირება სცადოს ან გაუთავებელი თხოვნებით დაგღალოთ. ზოგჯერ თქვენი დამთმობი ხასიათით ადამიანები ზედმეტად სარგებლობენ! ეცადეთ, აბეზარი მთხოვნელები დიპლომატიურად მოიცილოთ.

მორიელი

შესანიშნავად გრძნობთ და აკონტროლებთ ყველაფერს, რაც თქვენ გარშემო ხდება. თქვენთვის რთული არ იქნება, საკუთარი თავის წარმოდგენა თანამოსაუბრის ადგილზე. ამის წყალობით, შესანიშნავი მსმენელი და არანაკლებ შესანიშნავი მთხრობელი ხართ. განვითარებული ინტუიცია, შემოქმედებითი უნარები და მდიდარი წარმოსახვა გარშემო მყოფებისგან გამოგარჩევთ, თუმცა ლოგიკური აზროვნებისა და ზუსტი გამოთვლების მიმართულებით ბევრი პრობლემა გაქვთ.

მშვილდოსანი

მშვენიერი დღეა, რომელიც ცხოვრების ფილოსოფიურად დანახვისკენ განგაწყობთ. ხშირად ეს ერთადერთი სწორი დამოკიდებულებაა იმ საკითხების მიმართ, რომლებსაც ვეღარ შეცვლით. ბევრ შემთხვევაში კი სიმშვიდე და იუმორის გრძნობა დაგეხმარებათ, სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ მოატრიალოთ.

თხის რქა

თხის რქისთვის ურთიერთობები და ინფორმაცია ჰაერივით აუცილებელია! რაც უფრო მეტი ადამიანია თქვენ გარშემო, მით უკეთესია და არ აქვს მნიშვნელობა, ისინი მეგობრები არიან, კოლეგები თუ უცნობი ადამიანები – თხის რქა ყველასთან საერთო ენას გამონახავს.

საკუთარი კომუნიკაბელურობის წყალობით, შეიძლება ძალიან საინტერესო ნაცნობობა გააბათ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ ანუ სასიამოვნო სასარგებლოს შეუთავსოთ, რაც ყოველთვის კარგად გამოგდით.

მერწყული

ეს დღე ადამიანებით მანიპულირებისკენ განგაწყობთ, თუმცა ისინი ისედაც მზად არიან თქვენს „დაკრულზე იცეკვონ“. დარწმუნებული ხართ, რომ ამას არა პირადი სარგებლობისთვის, არამედ საერთო მიზნებისთვის აკეთებთ – მაგალითად, სამსახურის ან ოჯახის საკეთილდღეოდ.

სასურველის მისაღწევად ასევე მზად ხართ, საკუთარი კავშირები, ჭორები და სხვა ბერკეტები გამოიყენოთ. შესანიშნავია, მაგრამ “ნაცრისფერი კარდინალის” თამაში ზედმეტად სერიოზულად არ გააჩაღოთ.

თევზები

ეს დღე ყველაფერში ზომიერებისკენ გიბიძგებთ – საქმეში, საუბარში, საჭმელში, სიყვარულში… თქვენი არჩევანი ოქროს შუალედია, სადავო საკითხებში კომპრომისი უნდა იპოვოთ.

 მზად ვარ მოლაპარაკებისთვის პუტინთან, თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი -ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იქნება იმის გაგება, როგორ დასრულდება ომი.

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

„რა თქმა უნდა, აშშ, პრეზიდენტი ტრამპი და ევროკავშირის ქვეყნები მიიჩნევენ, რომ დიპლომატია შეუძლებელია რუსეთისა და პუტინის გარეშე. ამიტომაც ვთქვი: მზად ვარ [მოლაპარაკებისთვის პუტინთან], თუ გვექნება გაგება, როგორ დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის მიერ გავრცელებულ განცხადებებს, რომელიც კიევის მიერ პუტინთან მოლაპარაკებების აკრძალვის ბრძანების გაუქმებას ეხება, „რუსული ნარატივი“ უწოდა.

„ისინი მუდმივად ეძებენ მიზეზს, რათა შეხვედრა არ შედგეს. და ეს პირდაპირ ვთქვი. ისინი ყოველთვის იპოვიან საბაბს. […] თუ ჩვენ ნამდვილად გვინდა ომის დასრულება, თუ ჩვენ მშვიდობა გვინდა, მიზეზები მეორეხარისხოვანი უნდა იყოს. დანარჩენი საკითხები მოგვარდება, დარწმუნებული ვარ. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ, ჩემი აზრით, პუტინს უბრალოდ ეშინია ჩემთან ომის დასრულებაზე საუბრის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მასკი შეშფოთებულია USAID-ის მიერ მსოფლიო მედიის დაფინანსების მასშტაბებით

J

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი და ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში აზიარებს პოსტს, სადაც წერია, რომ USAID-ი მსოფლიოს 30 ქვეყნის მასშტაბით, 700-ზე მეტ საინფორმაციო გამოცემას და 300-მდე მედია სექტორის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციას, ასევე 6200 ჟურნალისტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევდა.

პოსტის ავტორი წერს, რომ, შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ყველგან ერთნაირი ინფორმაცია შუქდება. ამ ინფორმაციაზე, ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შეშფოთებას გამოხატავს.

სულ მალე სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა -Welcome to Georgia FARA!-თამარ ჩიბურდანიძე

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ინიციატივას – პარლამენტმა ქართული გამჭვირვალობის კანონის ნაცვლად, ამერიკული FARA მიიღოს.

„ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას! ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ირიბად ქართული პოლიტიკის მართვით იყვნენ დაკავებულნი, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საქართველოში“- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ქართული გამჭვირვალობის კანონი მსუბუქი იყო იმისთვის, რომ მდიდარი ენჯეო სექტორისთვის პოლიტიკური პროცესების მართვა შეეზღუდა, ამერიკული FARA კი ამას ნამდვილად შეძლებს. თამარ ჩიბურდანიძემ აღნიშნა, რომ ვერავინ გაბედავს ამერიკულ FARA-ს რუსული კანონი უწოდოს, მათ შორის, ვერ აშშ-ს მოქმედი ელჩი საქართველოში ვერ მიბაძავს თავის წინამორბედს და ვერც მიაყენებს შეურაცხყოფას საკუთარ სახელმწიფოს.

“ორი წლის წინ, როდესაც “ხალხის ძალამ” წარადგინა კანონი გამჭვირვალობის შესახებ, მაშინვე იყო საუბარი, რომ ეს ძალიან მსუბუქი კანონია და შესაბამის შედეგს ვერ მოგვცემდა, რომელიც დაიცავდა სახელმწიფო უსაფრთხოებას უცხო ქვეყნის ფინანსების გავლენებისგან. თუმცა, ყველას კარგად გვახსოვს, თუ რა მოჰყვა იმ მსუბუქ კანონსაც და რამხელა ბულინგი წამოვიდა ჩვენზე, როგორ მოატყუეს საზოგადოება და გამოიყვანეს ქუჩაში.

მიუხედავად იმისა, რომ შარშან პარლამენტმა მაინც მიიღო “გამჭვირვალობის შესახებ კანონი”, ეს კანონი ვერ მოგვცემდა სათანადო შედეგს, რადგან იყო მსუბუქი და ნებაყოფლობითი. ჩვენს მილიონერ ენჯეო სექტორს, რომელიც უცხო ფულით ქართულ პოლიტიკას მართავდა, ეს მსუბუქი კანონი ვერ შეაჩერებდა.

ამიტომ, მივესალმებით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მიერ გაცხადებულ ინიციატივას ამერიკული FARA-ს ასლი კანონის მიღების თაობაზე. ეს არის ის, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას! ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სავარაუდოდ, საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც მთელი ამ წლების განმავლობაში ირიბად ქართული პოლიტიკის მართვით იყვნენ დაკავებულნი, ფუნქციონირებას შეწყვეტენ საქართველოში, რადგან მათ აღარ მიეცემათ ამის საშუალება.

აბა, ვინ გაბედავს დღეს და ეტყვის დონალდ ტრამპს, რომ ამერიკული კანონი რუსულია? აბა, ვინ ჩადგება რიგში კიდევ ერთხელ ჩვენი ბულინგისთვის? ვინ დააპირებს ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ახალგაზრდების გაბრიყვებას? აბა, გაბედოს ამერიკის ელჩმა და კელი დეგნანის მსგავსად, შეურაცხყოფა მიაყენოს საკუთარ ქვეყანას და “რუსულად” მონათლოს ამერიკული კანონი?! დღეს მსოფლიოში ახალი ეპოქა დაიწყო და ვინც ამ წესებს არ მიჰყვება, დროის მანქანა გადაუვლის.

ჩვენ კი, სულ მალე, სიხარულით ვიტყვით იმ სიტყვებს, რაც გვსურდა 2 წლის წინ გვეთქვა: -Welcome to Georgia FARA!“- წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

პარლამენტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პაკეტი მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მიიღო „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შესახებ კანონპროექტი, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას ამის შესახებ პარლამენტი ავრცელებს.

როგორც უწყება წერს, ცვლილებების თანახმად, იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები.

„ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებს ემატება ახალი გარემოებები; ზუსტდება ვადა, რომლის გასვლის შემდეგ პირი ითვლება ადმინისტრაციულ სახდელდაუდებლად; „ზუსტდება წვრილმანი ხულიგნობის ქმედების შემადგენლობა და სახდელთა ზომები; იცვლება ვანდალიზმთან დაკავშირებული სახდელთა ზომები; ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის, პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებული პირის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; ზუსტდება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზებისა და ჩატარების წესის დარღვევისათვის ქმედების შემადგენლობები და იცვლება მათთვის განსაზღვრული სახდელთა ზომები.

ამასთანავე: განისაზღვრება სპონტანური შეკრება/მანიფესტაციის ცნება; რეგულირდება დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის საკითხები; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება დახურულ სივრცეში/შენობაში, მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე; იკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება“, – ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პარლამენტმა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილების თანახმად, ზუსტდება საჯარო დაწესებულებაში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან, საჯარო დაწესებულებაში საქართველოს სახელმწიფო ენის ცოდნასთან და 18 წლის ასაკის ქონის მოთხოვნებთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები, – ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„საკითხი პლენარულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

მისი განმარტებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის მოქმედი ნორმების თანახმად, საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელსა და მის მოადგილესთან დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები წყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტისას. წარმოდგენილი კანონპროექტით კი ზუსტდება, რომ აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულებები შეწყდება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ ამ დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე განწესებული პირის უფლებამოსილების დაწყებისთანავე.

წარმოდგენილი ცვლილებებით, კანონში პირდაპირ მიეთითება, რომ ერთადერთი თანამდებობა, რომელზეც ქართული ენის ცოდნის მოთხოვნა პირდაპირ არ გავრცელდება, არიან მრჩევლები, გამომდინარე იქიდან, რომ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს ჰყავდეს უცხოენოვანი მრჩეველი.

გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს გარდამავალ დებულებას, რომლითაც წესრიგდება გარდამავალ პერიოდში არსებული რიგი სამართლებრივი ურთიერთობები“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.

როგორც ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში წერს, ქართველი მებრძოლები – დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია გუშინ დაიღუპნენ.

„ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ წინა ხაზიდან გამოეყვანათ წუხელ ღამე.

დიდება ბრძოლაში დაცემულ გმირებს“, – აღნიშნავს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ შესრულდება ყველა საჭირო პროცედურა.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.