Home Blog Page 2207

ოკუპირებულ აფხაზეთში გეორგიევსკის ლენტებს არიგებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში დაიწყო აქცია „გეორგიევსკის ლენტი“, რომელიც 9 მაისამდე გაგრძელდება. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება.

„გასულ წელს აფხაზეთში 20 ათასი გეორგიევსკის ლენტი დავარიგეთ. წელსაც ამდენი იქნება. ამ სიმბოლოზე დიდი მოთხოვნილება არსებობს“, – განაცხადა ოკუპირებულ აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენელმა ევგენი პავლოვმა.

გეორგიევსკის ლენტებს აფხაზური მილიციის თანამშრომლები საგზაო ავტოინსპექციის საგუშაგოებზე დაარიგებენ.

გეორგიევსკის ლენტი რუსეთის იმპერიის მიერ წმინდა გიორგის ორდენთან ერთად 1769 წელს, რუსეთ-თურქეთის ომის დროს შეიქმნა. ორდენითა და ლენტით რუსეთის იმპერიისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და სიმამაცის გამო აჯილდოებდნენ.

,,ყველაფერს გააკეთებენ რათა ენმ – მ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას”- კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს ყველაფერი იმ კამპანიის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია აწარმოებს კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ისინი ღიად აწარმოებენ ამ კამპანიას და სასამართლოზე მორიგი შეტევაც ამის შემადგენელი ნაწილია“.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე საგამოძიებო კომისია არ შექმნას.

„რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კონსტიტუციისა და რეგლამენტის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ, კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ სასამართლოს თემაზე არ შექმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის ჩვენი პრინციპული პოზიცია და ამ პოზიციას გავიტანთ ბოლომდე,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,ჯეო სქაის“ – ეკიპაჟის სრული შემადგენლობა საქართველოში ბრუნდება

,,ჯეო სქაის“ განცხადებით, ავიაკომპანიამ საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით განახორციელა ეკიპაჟის წევრების მშვიდობიანი ევაკუაცია ეგვიპტის საზღვრამდე.

ავიაკომპანიის ცობით, ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

„ავიაკომპანია „ჯეო სქაის“ ეკიპაჟის 20 წევრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხარტუმში. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, თანამშრომელთა უსაფრთხოებისათვის გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენდა მათი უსაფრთხო დაბრუნება საქართველოში. ავიაკომპანია „ჯეო სქაიმ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით მოახდინა მათი მშვიდობიანი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტის საზღვრამდე, სადაც მათ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიხეილ თიგიშვილი დახვდათ. ეკიპაჟის სრული შემადგენლობა 27 აპრილს იქნება საქართველოში.

სუდანში 14 აპრილს დაწყებული სამხედრო დაპირისპირების დროს, ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრი იმყოფებოდა დედაქალაქ ხარტუმში. მას შემდეგ ავიაკომპანია „ჯეო სქაი“ უწყვეტ რეჟიმში იმყოფებოდა კომუნიკაციაში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მათი დახმარებითა და ჩართულობით ეკიპაჟის წევრები უვნებლები დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა

ჩეხეთმა რუსეთის პატრიარქ კირილს სანქციები დაუწესა. ინფორმაციას უკრაინული მედია ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ცნობილია, რომ პატრიარქი კირილი გახდა პირველი ადამიანი, რომელიც ჩეხეთმა სანქციების სიაში შეიტანა.

გადაწყვეტილების დასაბუთებაში ნათქვამია, რომ კირილი პუტინის დიდი ხნის მოკავშირეა და თავისი ქმედებებით უკრაინაში რუსეთის აგრესიას მხარს აქტიურად უჭერს.

„ის [კირილი] ისტორიული და რელიგიური თვალსაზრისით უკრაინის ტერიტორიას რუსეთის შემადგენლობაში თვლის. ამიტომ ყველას, ვინც რუსეთისა და უკრაინის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძვის, „ბოროტების ძალებს“ უწოდებს. მაშასადამე, პატრიარქი კირილი აცხადებს, რომ უკრაინაში აგრესია არის „მეტაფიზიკური განზომილების ბრძოლა“ „უკრაინის სულიერი წმენდისა“ და „კაცობრიობის გადარჩენისთვის“. ასევე, პატრიარქმა კირილმა არაერთხელ დალოცა რუსი ჯარისკაცები და ის მხარს უჭერს მათ ქმედებებს – არწმუნებს, რომ სწორი მიმართულებით მიდიან“, – ნათქვამია გადაწყვეტილებაში.

მასწავლებელთა პორტფოლიოს წარდგენის ვადა გახანგრძლივდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მედიასთან განაცხადა, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პორტფოლიოს წარდგენის ვადა გაახანგრძლივეს.

„ვინაიდან მასწავლებლის პორტფოლიო წარმოადგენს პედაგოგის ინდივიდუალური, პრაქტიკული საქმიანობის ამსახველ ინსტრუმენტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია რეალური სურათის დასანახად და მხოლოდ გამოცდის ფორმით შეუძლებელია მასწავლებლის პროფესიული საქმიანობის შეფასება, ჩვენი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, რომელიც სულ ერთი კვირის წინ შევქმენი, გადავწყვიტეთ, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადა, რომელიც განსაზღვრული იყო პირველ მაისამდე, გადავწიეთ კიდევ ერთი თვით და განვსაზღვრეთ პირველ ივნისამდე, ვინაიდან მასწავლებლებმა მშვიდად, წყნარად, გააგრძელონ მუშაობა აღნიშნულ საკითხზე და ეს არის სწორედ ის გონივრული ვადა, სადაც ისინი უპრობლემოდ შეძლებენ თავიანთი ე.წ. პრაქტიკული საქმიანობის დამამტკიცებელი სხვადასხვა მტკიცებულების წარმოდგენას კომისიისთვის, რომ განვსაზღვროთ მათი კვალიფიკაციის ხარისხი. მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ“, – განაცხადა განათლების მინისტრმა.

გიორგი ამილახვარის თქმით, ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ვადების გადაწევის გადაწყვეტილებას.

„ძალიან კარგი გამოხმაურება აქვს ამ გადაწყვეტილებას რაც აქამდე მე მომივიდა, ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მასწავლებელთა კორპუსში, ვინაიდან ყველა ინდივიდუალური თუ სხვა ჯგუფის ინტერესები გავითვალისწინეთ. ერთადერთი, რის კომპრომისზეც არ წავალთ, ეს არის ხარისხი. შესაბამისად, რაც სჭირდება ჩვენი შვილებისთვის უკეთესი განათლების შექმნას, ამის საფუძველზე იქნება ნებისმიერი გადაწყვეტილება მიღებული პირველ რიგში მასწავლებლების ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა მინისტრმა.

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურაბ ოდიშვილი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში კავკასიური ლეგიონის მეთაური ლადო გამსახურდია ავრცელებს. ქართველი გმირი სწორედ ამ ლეგიონის წევრი იყო.

უცნობია დაღუპვის მიზეზი და ადგილი. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. მეომრების თქმით,  ზურაბ ოდიშვილი არაერთ ქიმიურ დაბომბვაში მოყვა და შესაძლოა, გარდაცვალებაც სწორედ ამან გამოიწვია.

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველი გმირია, რომელიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას შეეწირა.

„ამ კვლევებით, საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ცდილობენ”- თამთა მეგრელიშვილი

კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, გამოქვეყნებული კვლევები სიმართლესთან ერთად ცრუ ინფორმაციასაც აპარებს ხალხს, რაც ემსახურება საზოგადოების აზრის ფორმირებას.

„კვლევებით, რომელთაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ. რა თქმა უნდა, ეს კვლევები ყოველ ჯერზე აცდენილია რეალობას. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და სხვა ორგანიზაციები მანიპულირებენ ისეთი მნიშვნელოვანი თემებით, როგორიცაა ეკლესია, საპატრიარქო, ჯარი, მყარი ინსტიტუციები და სიმართლესთან ერთად გვაწვდიან ცრუ ინფორმაციასაც, რათა ეს იყოს ადვილად დასაჯერებელი. მაგალითად, ავიღოთ პატრიარქის რეიტინგი, რომელიც არის 91%. თუ გავაანალიზებთ ხალხის განწყობასა და პატრიარქისადმი დამოკიდებულებას, შესაძლებელია, რომ ეს ციფრი ნამდვილი იყოს. ასევე, მაგალითად, ამბობენ, რომ ევროინტეგრაციის მომხრეთა რაოდენობამ 80% შეადგინა. რა თქმა უნდა, საზოგადოების განწყობებს თუ შევაფასებთ და გადავხედავთ, შესაძლებელია, რომ ეს მართალი იყოს, მაგრამ 15-იდან 13 პარტიას აქვს, როგორც ხედავთ, 1-დან 3%-მდე, ამ ფონზე კი „ნაციონალურ მოძრაობას“ რამდენიმე ერთეულით მეტი.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოცემულობებია, მაგრამ ამ ფონზე ძალიან საყურადღებოა, რომ კონფლიქტის თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში აინტერესებს 5%-ს. ეს დამაფიქრებელთან ერთად შეუძლებელიცაა, რადგან შეუძლებელია, საქართველოს მოქალაქეთა მხოლოდ 5% იყოს დაინტერესებული ამ პრობლემით. აქ საქმე გვაქვს იმასთან, რომ ისინი ცდილობენ, აზრის ფორმირება მოახდინონ საზოგადოებაში და ეს პრობლემა რატომღაც მივიწყებულ პრობლემათა რიგს მიაკუთვნონ, ანუ შეცვალონ, ან მიაძინონ ქართველი ხალხის მკაფიო პოზიცია და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით. ასევე შეუძლებელია, ხალხის 80%-ს სურდეს ევროინტეგრაცია, ამასთანავე მიიჩნევდეს, რომ სახელისუფლებო გუნდი, „ქართული ოცნება“, რუსეთისკენ მიაქანებს ქვეყანას და ამავდროულად ზედიზედ რამდენიმე ვადით ხელისუფლებაში მოჰყავდეს ეს პარტია.

დაისვა კითხვა: ახლა რომ ტარდებოდეს არჩევნები, ხმას ვის მისცემდითო? – შეუძლებელია, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდეს 19% და „ნაციონალურ მოძრაობას“ – 14%. ყველამ ვიცით, რომ ასეთი მცირე სხვაობა შეუძლებელი და აბსურდულია. საერთო ჯამში, კვლევა არის „ნაციონალური მოძრაობისა“ და ოპოზიციური ძალების პოლიტიკური დაკვეთა. ეს არ არის ის რეალობა, რომელსაც ქართულ საზოგადოებას უნდა სთავაზობდეს ავტორიტეტული კვლევა! როგორ შეიძლება, ბიძინა ივანიშვილსა და შალვა ნათელაშვილს ერთი და იგივე რეიტინგი ჰქონდეთ?! -ეს მოცემულობა უკვე ღიმილის მომგვრელია. ვის ეჯიბრებიან? – კაცს, მეცენატს, ქველმოქმედს.

აბსურდია, რომ მათ ერთნაირი რეიტინგი ჰქონდეთ. ეს პოლიტიკური დაკვეთაა, რომელიც, ალბათ, ჯეროვნადაც ვერ შესრულდა რეალურად. არ ვიცი, რა იყო გეგმაში, მაგრამ ცალსახად ნათელია, რომ დილეტანტმა, უბრალო მოქალაქემ, რომელიც კვლევების დიდი მცოდნე არ არის, რომ გადაავლოს თვალი, თავისთავად მიხვდება ყველაფერს. კვლევას აქვს თავისი ტექნიკა, როგორ უნდა აწარმოო იგი იმისათვის, რომ იყოს სრულყოფილი და პროდუქტიული, იმ შედეგის მომცემი, რა მიზნითაც ეს კვლევა კეთდება. ცალსახად ნათელია, რომ ეს არის აბსურდული, პარტიის ოფისში დაწერილი შედეგები, რომელიც დიაგრამით ასახეს და „ავტორიტეტულმა“ ორგანიზაციამ სააშკარაოზე გამოიტანა,“ – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

რუსეთში თამარ გვერდწითელისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას ითხოვენ

ორგანიზაცია „რუსეთის მამები“ ითხოვენ, რომ რუსეთის სახალხო არტისტს თამარ გვერდწითელს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჩამოერთვას. ამის შესახებ ტელეგრამ არხი „მეში“ იტყობინება.

ამავე ინფორმაციით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო კომიტეტს და მთავარ პროკურატურას.

„რუსეთის მამების“ აქტივისტი ანდრეი ზგონიკოვი ამბობს, რომ „რუსული საზოგადოების საყვარელი ვარსკვლავი „ლამაზად არ იქცევა“.

მისივე თქმით, უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შემდეგ გვერდწითელმა რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი კონცერტები გააუქმა.

ინფორმაციისთვის, „რუსეთის მამები“ რუსეთის ხელისუფლების მხარდამჭერი ორგანიზაციაა.

 

“მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია” -სილვიუ დომენტე

შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ აქონდროპლაზიასა და მედიკამენტ „ვოსორიტიდის” თაობაზე საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღევანდელი შეხვედრა კონკრეტულად აქონდროპლაზიას და საქართველოში ამ დაავადების მქონე ბავშვების მედიკამენტებზე წვდომას დაეთმო. საქმე იშვიათ დაავადებასა და მედიკამენტებს ეხება, რომლებიც იშვიათი დაავადებების მკურნალობისთვის გამოიყენება.

შეხვედრამ კვლავ აჩვენა რამდენად კომპლექსური საკითხია და რამდენი კითხვა არსებობს. ამავდროულად, მსოფლიოს მასშტაბით ამ მედიკამენტის სამედიცინო მონაცემები ძალიან მწირია.

რამდენიმე პროცესის მიმდინარეობს. პირველია, საქართველოში ამ მედიკამენტის გამოყენების დამტკიცება და, როგორც წესი, ეს ექსპერტებისა და მრავალდისციპლინარული გუნდის მიერ ხდება ხოლმე სამედიცინო მონაცემებსა და კლინიკურ ცდებზე დაყრდნობით. ზოგიერთ ქვეყანაში ეს ფარმა-ეკონომიკურ ანალიზსა და ხარჯების ეფექტურობაზე დაყრდნობით ხდება”, – განაცხადა დომენტემ.

ამასთან, მისივე თქმით, მედიკამენტის გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია, ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ იგი ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება.

„ვინაიდან საქმე იშვიათ დაავადებას ეხება, ძალიან ცოტა პაციენტი არსებობს ამგვარი მკურნალობის ქვეშ. ასე რომ, კლინიკური მონაცემები ძალიან მწირია და ბევრ ქვეყანაში [მედიკამენტის] გამოყენებისთვის დამტკიცების პროცესს საკმაოდ დიდი დრო მიაქვს.

მაგრამ გამოყენებისთვის დამტკიცება მხოლოდ პირველი ეტაპია. ეს არ ნიშნავს, რომ დამტკიცების შემდეგ ეს მედიკამენტები ავტომატურად ხელმისაწვდომი იქნება მკურნალობისთვის. შემდეგი ეტაპია სახელმწიფოს მიერ მისი კომპენსაციის დამტკიცება და კომპენსაციის ბევრი სქემა არსებობს, ამიტომ უნდა გადაწყდეს როგორ მოხდება ამ მედიკამენტის დაფარვა – სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ალტერნატიული წყაროებიდან თუ შერეული წყაროებიდან. ასე რომ, გარკვეული დრო ამასაც მიაქვს და დამოკიდებულია ქვეყნების ჯანდაცვის სისტემაზე, საბიუჯეტო მონაცემებზე და ბევრ სხვა ფაქტორზე“, – განაცხადა დომენტემ.

“ვოსორიტიდთან” დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება, არ მინდა, ცრუ მოლოდინები შევქმნა”

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით ქართულ პროტოკოლში, რომელიც ერთი თვის განმავლობაში უნდა შეიქმნას, განსაზღვრული იქნება მედიკამენტის გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს.

მისივე თქმით, მედიკამენტთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი გრძელდება.

„სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქონდროპლაზიის პროტოკოლზე მუშაობს, ესწრებოდა საბჭოს შეხვედრას. მათ გამოთქვეს თავიანთი პოზიციები და აღნიშნეს, რომ მზად არიან, პროტოკოლი ერთი თვის ვადაში ჩამოაყალიბონ. პროტოკოლი იქნება ბევრი მიმართულებით – ჩამოყალიბებული იქნება სრულყოფილი მართვის სქემა, მათ შორის განისაზღვრება მედიკამენტის ადგილი და გამოყენების პირობები იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რაც დღეს არსებობს. შემდეგ საბჭო და სამუშაო ჯგუფი მიიღებს გადაწყვეტილებას უშუალოდ მედიკამენტის ადმინისტრირების შესახებ. პროცესი მიმდინარეობს და, ვფიქრობთ, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ექსპერტებთან ერთად ჩვენც მეტი სიცხადე გვექნება, რა გზას მივმართოთ უშუალოდ მედიკამენტთან დაკავშირებით. ამავე დროს, აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ მრავლობითი საჭიროებები, რაც ბავშვებს შეიძლება ჰქონდეთ, უნდა შეფასდეს დღესვე და მოხდეს ამ საჭიროებების დაკმაყოფილება, იქნება ეს ჩვენს ქვეყანაში თუ უცხოეთში. შეხვედრა დათმობილი იყო პროფესიული წრეებისთვის და ტექნიკური საკითხები იყო განხილული, მათ შორის მედიკამენტის ანაზღაურების მექანიზმები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ამასთან, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფის შემდეგ შეხვედრაზე დასწრების საშუალება ექნებათ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებსაც.

„ზოგადად, მშობლების წარმომადგენელი არის სამუშაო ჯგუფში. მშობლებს მონაწილეობის მიღების საშუალება სამუშაო ჯგუფის შემდეგ სხდომაზე ექნებათ. როგორც მოგეხსენებათ, ორი ჯგუფი მუშაობს – იშვიათი დაავადებების საბჭო, რომელსაც ფართო პროფილი აქვს, სადაც მხოლოდ აქონდროპლაზიაზე არ არის მსჯელობა და მეორე – სამუშაო ჯგუფი, რომელიც უშუალოდ აქონდროპლაზიის პროტოკოლის მიმართულებით მუშაობს. პრეპარატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას გარკვეული დრო დასჭირდება. არ მინდა, ცრუ მოლოდინები შევქმნა. კონსულტაციები გრძელდება, სამუშაო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ვფიქრობთ, ერთი თვე, ასევე ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება იქნება გადამწყვეტი გადაწყვეტილების მიღებისთვის“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადდა 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადდა 2023 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსი „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“.

სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის – „მეცნიერება იწყება სკოლიდან – კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“ მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეთა განათლების ხარისხის ამაღლება, განათლებისა და კვლევების დაახლოება, კვლევების ინტეგრირება სწავლის პროცესში; კვლევების პოპულარიზაციის გზით სკოლის მოსწავლეთა დაინტერესება მეცნიერებით; მოსწავლეთა შორის კვლევითი უნარების გამომუშავების ხელშეწყობა; მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება  მოსწავლეთა კვლევებში ჩასართავად;  მეცნიერთა, მათ შორის, ახალგაზრდა მეცნიერთა (მაგისტრანტთა და დოქტორანტთა), ინტერესის გაზრდა სასკოლო პროცესში მონაწილეობისათვის;  სასწავლო პროცესში ისეთი სიახლეების დანერგვა, რომლებიც ხელს შეუწყობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას, დაეხმარება მოსწავლეს, გაიაზროს ამა თუ იმ საგნის მნიშვნელობა, რაც გაზრდის მის დაინტერესებას მეცნიერებისადმი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ ბმულზე:

 https://bit.ly/41AWAHF